1 ივლისს საკითხავი სახარება (მათე 8,28-34; 9,1)
8,28. და (მას ჟამსა შინა) ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხვივნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ხელ-ეწიფებოდა წარსლვად მიერ გზით.
29. და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაი ძეს ჩვენი და შენი, იესუ, ძეო ღვთისაო? რამეთუ მოხვედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენდა.
30. და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაი მძოვარი.
31. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩვენ, მიბრძანე ჩვენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა.
32. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღვისასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა.
33. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ეშმაკეულთა მათთვის.
34. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესუისა და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.
9,1. და შევიდა ნავსა და წიაღხდა და მოვიდა თვისად ქალაქად.
რას გვასწავლის დღეს წაკითხული სახარება?
იგი, უპირველეს ყოვლისა, შეგვაგონებს, რომ ბოროტი სულები ნამდვილად არსებობენ (მუხლი 28), რამეთუ ბოროტი სულით შეპყრობილთ თავისით არ შეეძლოთ იესო ქრისტესთვის ღმერთის ძე ეწოდებინათ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ იცოდნენ იგი, უმთავრესად კი თვით ამგვარი სიტყვის არაბუნებრიობის გამო: განა შეჰგავს და ბუნებრივია იესო ქრისტეს პირველად მნახველი ადამიანებისთვის, რომელთაც მასზე არანაირი წარმოდგენა არა აქვთ, თქვან, რომ იგი უწინარეს ჟამისა მოვიდა მათ სატანჯველად? ამრიგად, უბედურ ეშაკეულთა პირით, ცხადია, თვით ბოროტი სულები მეტყველებდნენ, რომელთა ადამიანებზე ხელმწიფების დასარღვევადაც მოვიდა კიდეც ამქვეყნად ჩვენი მაცხოვარი. მაგრამ თავისი ურწმუნოებითა და შეცოდებებით ქრისტიანიც აძლევს ბოროტ სულებს ხელმწიფებას საკუთარ თავზე, და ისინიც ამჯერად უფრო მეტი დახელოვნებითა და მზაკვრობით მოქმედებენ, ვიდრე ამას ქრისტიანობამდე იქმოდნენ. თუმცა ისინი მაშინდელზე უძლურნი არიან, მაინც ძალუძთ დიდი ზიანი მიაყენონ მორწმუნეს.
დღევანდელი სახარება იმ ჭეშმარიტებას გვასწავლის, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ყოვლადძლიერი შემოქმედი და მეუფე ყოველთა ქმნილებათა, ხილულთაც და არახილულთაც, ანგელოზთაც და კაცთაც, და თვით ეშმაკთაც, დემონებისაც, ანუ ბოროტი სულებისაც (მუხლი 29).
დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ ღმერთის დაშვების გარეშე ბოროტი სულები ვერც ერთ ქმნილებას ვერას დააკლებენ (მუხლი 31). და თუკი ღმერთი მიუშვებს მათ ადამიანთა სატანჯველად, ეს ხდება ცოდვილთა დასასჯელად და შესაგონებლად, მოსაქცევად, მათ გამოსასწორებლად, რაც კარგად ჩანს თვით უფლისმიერი დამოძღვრიდან განკურნებული ეშმაკეულისა, როგორც ამას მახარებელი ლუკა გადმოგვცემს (თ.8).
დღევანდელი სახარება იმ ჭეშმარიტებას გვასწავლის, რომ იქნება საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და უფლის საშინელი სამსჯავრო ყოველთა ადამიანთა - მკვდართა (ურწმუნოთა) და ცოცხალთათვის (მორწმუნეთათვის) და ყოველთა ბოროტთა სულთათვის (მუხლი 29), როცა ყველას დამსახურებულად მიეგება ღირსეული საზღაური: ბოროტ სულებს - საუკუნო ცეცხლი, შესაბამისი მათი სულიერი, უხორცო ბუნებისა, ისევე როგორც ყველა შეუნანებელ ცოდვილს, ხოლო მართალ და ჭეშმარიტად მომნანიებელ ადამიანებს - საუკუნო ნეტარი ცხოვრება ცათა სასუფეველში.
მეხუთედ, აწინდელი სახარება იმას გვასწავლის, რომ ნებისმიერი სუნთქვის, ნებისმიერი სიცოცხლის ხელმწიფება ღმერთს უპყრია და უფლის ნებაა - ვისაც სურს, მიანიჭოს სიცოცხლე, და ვისაც სურს - წაართვას. შეპყრობილნი შეიძლებოდა ერთ წუთში დაღუპულიყვნენ ბოროტ სულთა განძვინებისაგან, მაგრამ უფალმა არ დაუშვა, რომ დემონებს დაეღუპათ ისინი, არამედ მხოლოდ მათი ტანჯვის, ქენჯნის ნება მისცა შეგონებისა და გამოსწორებისათვის; ხოლო ღორების კოლტის დაღუპვა ეშმაკთა მიერ დაუშვა შესაძლოა იმისათვის, რომ ღადარინელთა მხარის ურწმუნო ადამიანები დაესაჯა, როგორც ახლაც, ჩვენს დროში, უფალი ზოგჯერ დაუშვებს პირუტყვის დაცემას, ამოწყვეტას, რათა ამგვარი სასჯელით შეაგონოს ადამიანები და სინანულად მოიყვანოს.
ეშმაკეულთა საკვირველი განკურნების ამბავი იმასაც ცხადად გვიჩვენებს, რომ არაწმინდად მცხოვრები ცოდვილი ადამიანები ყოველთვის განმზადებული სამკვიდრებელნი იყვნენ და არიან ღმერთის მტერთათვის, ბოროტ ღორთა კოლტს მიემსგავსებიან, რომელში შესვლაც დემონებმა ისურვეს და შევიდნენ კიდეც მათ წარსაწყმედად (მუხლი 32).
ბოროტეშმაკეულთა განკურნების ეს სახარებისეული ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ ჩვენი ცოდვები განგვაშორებენ ღმერთისაგან და თითქოს ზღუდეს, წინაღობას წარმოქმნიან ჩვენსა და ღმერთს შორის. რამეთუ ჩვენი სულის მეტ-ნაკლები შთაფლვისაგან ცოდვათა და შეცთომილებათა წყვდიადში ჩვენ უკეთურ გერგესეველთა მსგავსად აღარ შეგვეძლება ყოვლადწმინდა ღმერთის ყოფნის ატანა ჩვენს გვერდით და მზად ვიქნებით პირდაპირაც შევღაღადოთ მას: განგვეშორე ჩვენ, რადგან არ გვსურს ვუწყოდეთ გზანი შენნიო.
8 ივლისს საკითხავი სახარება (მათე 9,1-8)
1. და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) ნავსა და წიაღხდა და მოვიდა თვისად ქალაქად. 2. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაი მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
3. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქვეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს.
4. იცოდნა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაისა თქვენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქვენთა?
5. რაი უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?
6. ხოლო რაითა უწყოდეთ, რამეთუ ხელმწიფებაი აქუს ძესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!
7. და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თვისა. იხილა რაი ესე ერმან მან, დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ხელმწიფებაი კაცთა.
რა შეიძლება გავიგოთ წაკითხული სახარებიდან?
პირველ ყოვლისა და უმთავრესად იგი გვაუწყებს იმ ჭეშმარიტებას, რომ სწორედ ცოდვაა ამქვეყნად ყველა სნეულების მიზეზი (მუხლი 2); რამეთუ რა იყო განრღვეულის უბედურების მიზეზი? - სხვა არაფერი, გარდა ცოდვისა, რადგან მაცხოვარმა პირდაპირვე კი არ განკურნა იგი, არამედ მანამდე ცოდვები მიუტევა. მართლაც, საიდანაა ყოველგვარი უბედურება ამქვეყნად? საიდანაა სიგლახაკე და სიდუხჭირე? - ცოდვისაგან: ადამიანის მიერ ცოდვით დაცემამდე ყოველივეში კმაყოფა იყო. საიდან არის სირცხვილი უპატიოყოფისა? - ცოდვისაგან, რამეთუ შესცოდეს პირველმა ადამიანებმა და შერცხვათ კიდეც. როგორი იყო ადამიანი შეცოდებამდე? - იგი იყო მშვიდი, ჯანმრთელი, მხიარული, ბედნიერი, ცხოვრობდა ყოველივეთი აღსავსე, ყოველგვარი მწუხარების გარეშე. მაგრამ შესცოდა მან და მივიღეთ დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი.
აწინდელი საკითხავი სახარებისა იმასაც გვასწავლის, რომ ჩვენც, განრღვეულის მაგალითისაებრ, მივისწრაფოდეთ სულიერი სამკურნალო სახლისაკენ, ეკლესიისკენ, სადაც სულის კურნება - ცოდვათაგან მისი განწმენდა აღესრულება (მუხლი 2). განრღვეულის მაგალითი საკვირველად გვარწმუნებს ყველას, რომ იესო ქრისტეს, ყოვლადძლიერ უფალს, აქვს ხელმწიფება იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს ანიჭებდეს ცოდვათა მოტევებას. ეს ხელმწიფება მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მან მოციქულებს გადასცა (იოანე 20,22-23), მათ კი - თავიანთ მემკვიდრეებს - ეპისკოპოსებს, რომელნიც თავის მხრივ მღვდლებს გადასცემენ მას. დიდიცაა და მაცხოვნებელიც ის განსაკუთრებული მადლმოსილი ძალა, რომელიც ეპისკოპოსისა თუ ხუცესის მეშვეობით მოქმედებს სინანულის საღმრთო საიდუმლოში და ცოდვათა შენდობას ანიჭებს ადამიანებს, და მხოლოდ გარეგანი სახით როდი მიუტევებს ცოდვებს - იგი გვანიჭებს მთლიან, სრულყოფილ, შინაგან განწმენდას ცოდვებისაგან ჩვენ, ყველას, ვინც კი რწმენითა და წრფელი გულშემუსვრილობით მიმართავს თავის სულიერ მამას ცოდვათაგან განწმენდის მიზნით.
კვალად, განრღვეულის განკურნების ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ ცოდვათა მიტევების მისაღებად აუცილებელია, გულწრფელად და მთელი შეგნებით გვწამდეს ქრისტე მაცხოვარი, მისი ყოვლისგანმკურნავი საღმრთო ძალა და მტკიცე სასოებაც გვქონდეს მისი მოწყალებისა (მუხლი 2). იესო ქრისტე სწორედ იმისათვის მოვიდა ამქვეყნად და იმისთვის განკაცდა, რომ ცოდვილნი ეხსნა და მარადის მოწყალე ყოფილიყო მათ მიმართ, მარადის მოენიჭებინა მათთვის ცოდვათა მოტევება, თუკი ისინი გულწრფელად მოინანიებდნენ მათ, შეიცნობდნენ და შეიგრძნობდნენ ცოდვათა მთელ სიმძიმეს.
სამოძღვრებოა ჩვენთვის ისიც, რომ იესო ქრისტე ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ განრღვეულის რწმენას, არამედ მისი ახლობლების რწმენასაც, რომელთაც იგი საკაცით მიიყვანეს იესოსთან (მუხლი 2). სწორედ მათმა რწმენამ განაწყო მაცხოვარი იმისთვის, რომ თავისი საკვირველმოქმედი წყალობა აღმოეჩინა ტანჯულისათვის. ამის მსგავსად ჩვენც, თავად აღსავსენი უფალ იესო ქრისტეს რწმენით, შეძლებისდაგვარად უნდა ვზრუნავდეთ იმისთვის, რომ ახლობლებიც ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნენი გვყავდეს.
განრღვეული, რომელსაც არ შეეძლო თავისით მოძრაობა და ნახევრად მკვდარი იწვა სარეცელზე, არის ზუსტი გამოხატულება ცოდვილის სულისა, ვისაც, მართალია, აქვს სხეულებრივი ცხოვრება, მაგრამ სულიერი ცხოვრებისათვის, ჭეშმარიტი კეთილმსახურებისათვის, სათნოებისა და სიწმინდისათვის, რაც ქრისტიანს ახასიათებს, არა აქვს არც ძალა და არც მხნეობა. ვნებებისა და ცოდვების სიკვდილის მატარებელი ძალა შეაშფოთებს მასში ჭეშმარიტი ცხოვრების თესლს, დათესილს მის გულში სულიწმინდის მადლით ნათლისღების ემბაზში.
განრღვეული, დასტურად იმისა, რომ მას მიეტევა ცოდვები და განეკურნა სულიცა და სხეულიც უფლის სიტყვისაებრ, უმალვე წამოდგა, აღიღო ცხედარი თვისი და შინ წავიდა (მუხლი 7).