ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
ეს სწავლებები უფალმა ფერისცვალების შემდგომ, კაპერნაუმში მისცა მოციქულებს, მათი სახით კი მთელ კაცობრიობას...
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
ტაძრის ხარკის სასწაულებრივი გადახდა:
ფერისცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად მიადგა კაპერნაუმს. პეტრესთან მივიდნენ დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას? მან მიუგო: დიახ. როდესაც სახლში შევიდნენ, იესომ დაასწრო და ჰკითხა: როგორ გგონია სიმონ, ვისგან კრებენ მიწიერი მეფენი ხარკს და ბეგარას: თავიანთი შვილებისგან თუ უცხოთაგან? პეტრემ მიუგო: უცხოთაგან. ხოლო იესომ უთხრა მას: ასე რომ, შვილები თავისუფალნი არიან. მაგრამ რათა არ ვაცდუნოთ ისინი, წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი და შიგ ჰპოვებ სტატისრს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი სახელით (მათე 17, 24-27)
- იმ პერიოდში დადგენილი იყო სამეფო გადასახადი, - დიდ ქალაქებში შესულთ სამეფო გადასახადს ახდევინებდნენ. როდესაც მაცხოვარი და მისი მოწაფეები კაპერნაუმში შევიდნენ, პეტრესთან მივიდა გადასახადების ამკრები და უთხრა: თქვენ არ მოგვცემთ ხარკს? თქვენი მოძღვარი არ გადაგვიხდის გადასახადსო? პეტრე მაშინვე დაეთანხმა, ისე რომ მაცხოვარს არ ჰკითხა, არ გამოუძევია, ეკუთვნოდათ თუ არა გადასახადის გადახდა. როდესაც ქრისტე და მისი მოწაფეები სახლში შევიდნენ, ვიდრე პეტრე რაიმეს ეტყოდა, მაცხოვარმა დაასწრო და ჰკითხა: პეტრე ვისგან კრებენ ამ ქვეყნის მთავრები ხარკს, - შვილებისგან თუ უცხოთაგანო? უცხოთაგანო მიუგო პეტრემ. მაცხოვარი მიუგებს, - ე.ი. შვილები თავისუფალნი არიან, მაგრამ რომ არ დავაბრკოლოთ, წადი, ანკესი გადააგდე ზღვაში, პირველად რომელ თევზსაც დაიჭერ, პირი გაუღე, მასში ფულს იპოვი, ამოიღე და გადაუხადეო. მაცხოვარმა ამით კიდევ ერთხელ დაანახა მოციქულებს, თუ ვინ იყო მათი მოძღვარი, - არა უბრალოდ კაცი, არამედ განკაცებული ღმერთი, ამას გარდა პეტრეს მიანიშნა, რომ არ შეიძლება სხვების, მით უფრო იმის ნაცვლად, ვისაც მოძღვარს ვუწოდებთ, ვინც ჩვენს ცხოვრებას წარმართავს, რაღაცებს შევპირდეთ სხვებს. უფალი პეტრეს ეუბნება, - ამა ქვეყნის მთავარნი უცხოთაგან კრებენ ხარკსო, - ანუ ჩვენ მათთვის უცხო ვართ, კი ისინი მიწიერად ბევრი ადამიანისგან კრებენ გადასახადს, მაგრამ ისინი ისეთი უცხოები არ არიან მათთვის, როგორც ჩვენ, ჩვენ ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი სწავლებით ვართ უცხო, გაუცხოებულნი ვართ მიწისგანო. ვიცით, რომ რაც უფრო მეტად არის ადამიანი მიახლებული უფალთან, მით მეტად განშორებულია მიწიერებას, ხოლო რაც უფრო მეტად უახლოვდება მიწიერებას, მით უფრო სცილდება უფალს, თუ გვინდა რომ უფალთან დავიმკვიდროთ, უცხონი უნდა გავხდეთ ამ ქვეყნისათვის, მიწიერებას გავუუცხოვდეთ. ამ სწავლებას სწორედ ამიტომ გვაძლევს უფალი. პეტრე კი გაგზავნა სათევზაოდ, რათა როგორც გამოცდილ მეთევზეს ენახა ეს სასწაული, - მას ხომ უამრავი თევზი ჰყავდა დაჭერილი სიცოცხლეში, მაგრამ აროდეს ყოფილა, რომ მის მიერ დაჭერილ თევზთა შორის, რომელიმეს ოქროს ფული ჰქონოდა პირში. აქ კი გადააგდო თუ არა ანკესი, პირველივე დაჭერლ თევზს ჰქონდა, ამ სასწაულით უნდა მიმხვდარიყო და დარწმუნებულიყო პეტრე, რომ მათი მოძღვარი იყო არა ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ ადამიანზე გაცილებით მეტი.
რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მოციქულები სრულად ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდნენ, ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათი იესო იყო განკაცებული ღმერთი, ეს სრულად მაცხოვრის აღდგომის შემდეგ შეიმეცნეს, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ხვდებოდნენ, რომ მათი მოძღვარი ჩვეულებრივ, თუნდ ყველაზე წმინდა და ყველაზე სასწაულმოქმედ ადამიანზე დიდი იყო.
- მოციქულები იმ პერიოდში სრულად ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი მოძღვარი იყო განკაცებული ღმერთი, თუმცა განუშორებლად ახლდნენ მაცხოვარს, მაინც სრულად იყვნენ მინდობილნი უფალს...
- მათი გული მინდობილი იყო უფალს, მიუხედავად იმისა, მათ არ იცოდნენ, რომ იესო ქრისტე იყო განკაცებული ღმერთი, უკვე სწამდათ - მოძღვარს შეეძლო მათი ხსნა, სწორედ ამის გამო არ განეშორებოდნენ. ბოლოს, უმაღლესი ღვთისმეტყველების ცოდნის ღირსნი შეიქნენ, რაც კი შეიძლებოდა ადამიანს ჰქონდეს, ადამიანმა შეიმეცნოს.
ცათა სასუფეველში უპირატესობის შესახებ:
კაპერნაუმში ყოფნის ჟამს მოციქულები გზაში ბჭობდნენ - ვინ იყო უპირატესი მათ შორის. სახლში მისულნი უფალმა იხმო: რაზე ბჭობდით გზაშიო. მოციქულები დუმდნენ. მაშინ იესო დაჯდა მათ შორის და უთხრა: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. მოიყვანა ყრმა, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში; ვინც შეიწყნარებს ერთ ამათთაგანს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს. მაშინ იოანემ მიუგო მაცხოვარს: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვყვება; ხოლო იესომ უთხრა: ნუ აუკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს; რადგან ვინც ჩემი წინააღმდეგი არაა, ჩვენს მხარესაა; იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური; და ვინც აცდუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს, წისქვილის დოლაბი დაიკიდოს ყელზე და ზღვაში დაინთქას; თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი; თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში; ხოლო თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმერთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში (მათე 18, 1-9; მარკოზი 9, 37-48; ლუკა 9, 46-48)
- კაპერნაუმში ხდება ასეთი რამ: როდესაც მოციქულები გზაში მიდიოდნენ, სახარებიდან ჩანს, რომ ერთმანეთში ცილობდნენ - რომელია ჩვენს შორის უპირატესიო. მოციქულთა შორის ასეთი აზრის ჩამოყალიბება შეიძლება იმით იყო გამოწვეული, რომ სწორედ ამ პერიოდამდე რამდენიმე ხნით ადრე, მაცხოვარმა მხოლოდ სამი მოციქული წაიყვანა თაბორის მთაზე ფერისცვალების სახილველად. რადგან არ იყვნენ ჯერ მოციქულები სულიერების მაღალ საფეხურებზე ასული, ამან წარმოქმნა მათში აზრი, რომ ვიღაც შეიძლება ყოფილიყო უპირატესი მოციქულთა შორის, ვიღაცა მათზე დაქვემდებარებული. როდესაც სახლში მისულთ უფალმა ჰკითხა: რაზე ცილობდით გზაში, რაზე კამათობდითო, თუმცა პასუხისთვის არ დაუცდია, ამხილა ისინი: ვისაც გსურთ, რომ სხვებზე უპირატესი იყოთ, სხვების მსახურნი იყავით. მიწიერი გაგებით როგორც შეიძლება ადამიანებს შორის უპირატესობის მოპოვება, ღვთის წინაშე ასე არ ხდება, - თუ ადამიანი ცდილობს, სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე მოიპოვოს უპირატესობა, ის ღვთის წინაშე ყველაზე დამდაბლებული იქნება, ხოლო ვისაც უნდა ღვთის წინაშე იყოს წარმატებული, მან უდიდესი სიყვარული უნდა გამოხატოს ადამიანებისადმი, ადამიანების მსახური უნდა გახდეს და ამით მოიპოვებს უფალთან უპირატესობას.
ამის შემდეგ მაცხოვარმა მოიყვანა ყრმა, დააყენა მათ შორის და მოციქულებს ეუბნება: "ამინ გეტყვ თქვენ, უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა". ყრმა მიიყვანა, რათა მოციქულებისთვის ეჩვენებინა - აი, ყრმა, რომელიც არც იმას ფიქრობს, რომ სხვებზე უპირატესი იყოს, არც იმისათვის ზრუნავს, რომ რაღაც წარმატება მოიპოვოს, სხვა დაჩაგროს; უფროსის ნათქვამს ყოველთვის თავმდაბლად ღებულობს. სწორედ ყრმის მსგავსნი უნდა იყოთ - არ იყოთ შურიანები, გულწრფელი იყოს თქვენი აზრები, თქვენი ფიქრები, იყოთ უმანკონი, ცოდვის მიუღებელნი, თუ ასეთი არ იქნებით, არა თუ ერთმანეთს შორის უპირატესნი ვერ იქნებით, არამედ საერთოდაც ვერ დაიმკვიდრებთ ღვთის სასუფეველსო. ეკლესიის გადმოცემით, ეს ყრმა იყო წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი, რომელიც შემდეგ ანტიოქიის ეპისკოპოსი შეიქმნა და ბოლოს, ქრისტეს სარწმუნოებისთვის მოწამებრივად აღესრულა რომში.
ამის შემდეგ უფალი ამბობს: "რომელმა შეიწყნაროს ერთი ყრმაი ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს; და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილივით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა" - ვინც ჩემკენ მომავალი ადამიანი დააბრკოლოს, ჯობდა წისქვილის ქვა აიკიდოს ზურგზე და ზღვაში დაინთქას. წისქვილის ქვა აიკოდოს ზურგზე და ზღვაში დაინთქას, ეს თვითმკვლელობას ნიშნავს, - თუ ჩვენ ვინმეს დავაბრკოლებთ ღვთისკენ მიმავალ გზაზე, თვითმკვლელობაზე დიდ ცოდვას ჩავდივართ.
შემდეგ უფალი ბრძანებს: უამრავი საცდურია ამ სოფელში და ესეც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამ საცდურებს აჰყვეს ადამიანი, მაგრამ ვაი იმ კაცს, რომლისგანაც მოდის საცდური, ე.ი. იმდენი საცდურია ამ სოფელში, რომ ადამიანი თავისთავადაც ვარდება საცდურში, მაგრამ თუ ვინმე კიდევ ხელს შეუწყობს ადამიანს საცდურში ჩავარდნაში, ეს საშინელებაა, ამ კაცისთვის ჯობდა, რომ საერთოდაც არ დაბადებულიყო.
"უკეთუ ხელი შენი ან ფეხი შენი გაცდუნებდეს, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაი ცხორებასა მკელობელისა გინა უხელოისა, ვიდრე ორნი ხელი და ორნი ფერხნი თუ გესხენ და შტაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა..." - აქ საუბარია სხეულის ნაწილებზე, მაგრამ ეს სიტყვები არამც და არამც არ შეიძლება ვიგულისხმოთ პირდაპირი მნიშვნელობით, პირიქით, თუ ადამიანი თავის თავს ფიზიკურად ავნებს, ეს ცოდვაა და არა სარგებლის მომტანი მისი სულისთვის, აქ იგულისხმება შედეგი, - როგორი სათნოც არ უნდა იყოს ჩვენთვის რაიმე მოვლენა, ან როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ადამიანი, თუ ჩვენ ეს მოვლენა ან ადამიანი სასუფევლის გზაზე გვაბრკოლებს, უნდა განვაგდოთ და მოვიკვეთოთ ჩვენგან, რათა სასუფევლის გარეთ არ დავრჩეთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი