არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
იგავი დაკარგულ ცხვარზე
- რა თქმა უნდა, წარწყმედულების ცხონებად მოვიდა უფალი, - ადამიდან დაწყებული ქრისტეს მოსვლამდე, მაცხოვრის ჯვარცმამდე, არ არსებობდა არც ერთი სული, რომელსაც შეეძლო, სასუფეველი დაემკვიდრებინა, თუ არა მაცხოვრის გამომხსნელი სისხლი, ადამიანებს არ შეეძლოთ სასუფეველში, უფალთან დაბრუნება. სწორედ მაცხოვრის გამომხსნელმა მსხვერპლმა გამოგვიხსნა ჩვენ და გახსნა ის გზა, რომლითაც პირველი ავაზაკი შევიდა სასუფეველში, შემდეგ უკვე მილიონობით ადამიანი შევიდა და შევა. ერთადერთი, რამაც შესძლო ადამიანები დაებრუნებინა უფალთან, სამოთხეში, არის ქრისტეს გამომხსნელი და ცხოველსმყოფელი სისხლი.
აქ ასევე საუბარია ღვთისმოსავ ადამიანებზე, რომლებიც წრფელი გულით არიან უფალთან, ასეთ ადამიანებს ნუ შეურაცხყოფთ, რამეთუ მათი ანგელოზები სულ უფალთან არიანო. ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფა უფლამდე მიდის და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, მით უფრო დიდი ცოდვაა ღვთისმოსაობის გამო ადამიანის შეურაცხყოფა, სწორედ ამას ამბობს უფალი, შემდეგ ბრძანებს, - ძე კაცისაი მოვიდა ცხორებად წარწყმედულისაო, ანუ წარწყმედულების, ცოდვაში ჩავარდნილების ცხონებად მოვიდაო. ცხადია, თავისთავად, საკუთარი ძალისხმევით არავის შეუძლია ცხონდეს, თუ არა ღვთს შეწევნით, მაგრამ აქ იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს ცოდვილებად მიიჩნევენ, ვინც თვლის რომ თვითონ, ღვთის შეწევნის გარეშე ცხონება არ შეუძლია, ვინც თვლის, რომ მართალია, მათთვის არ მოსულა უფალი. უფალი რომ შეგვეწიოს, უწინარესად საკუთარი ცოდვები უნდა შევიგრძნოთ. თუ ადამიანი თავის ცოდვებს არ გრძნობს და თვლის, რომ მართალია, უფალი ასეთებზე ამბობს, ეგრევითართათვის არ მოვსულვარო. მაცხოვარი ამ სწავლებას მოაყოლებს დაკარგული ცხვრის იგავს, იგავი გვეუბნება, - თუ იპოვა კაცმა დაკარგული ცხვარი, მას მეტად შეჰხარის, ვიდრე დანარჩენ ოთხმოცდაცხრამეტს, ასევე მეტად ახარებს უფალს დაკარგული, უფლის წიაღს მოწყვეტილი ადამიანის პოვნა და მასთან დაბრუნება, გაცილებით დიდი სიხარული და ზეიმია უფლისთვის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტისთვის. რეალობაშიც ასე ხდება, როდესაც ადამიანი რაიმეს დაკარგავს და შემდეგ პოულობს, მეტად იგებს მის ფასს. უფალმა ყველა ადამიანის სულის ფასი იცის და ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაგრამ ზეცაში მეტი სიხარულია მათთვის, ვინც შესცოდა და შემდეგ უფალს დაუბრუნდა, ანგელოზები მეტად განადიდებენ უფალს მისი მრავალმოწყალების გამო, რომ თავად წარწყმედულთაც კი არ დაუტევებს და ნებისმიერი ცოდვიდან ცდილობს მათ გამოყვანას. თუნდაც იუდას მაგალითი ავიღოთ, უფალი იუდას აღსასრულამდე არ დამცხრალა, რათა მისი სული გადაერჩინა, თავისკენ მოებრუნებინა და კვლავ ღვთის მოწაფეებს შეერთებოდა.
შემცოდეთა შენდობისშესახებ
- ეს არის სახარებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი, მონაკვეთი, ქრისტიანული სწავლების ქვაკუთხედი. ამ სწავლების მოცემით უფალი გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ შევძლოთ რომ ადამიანებს ადვილად მივუტევოთ და ასევე ხელი შევუწყოთ მათ გამოსწორებას. უფალი ბრძანებს, - თუ შენმა ძმამ შესცოდოს, მიდი და როდესაც მარტო იქნება, მაშინ უთხარიო. ადამიანური ბუნება დაცემულია, რომ არა ქრისტეს გამომხსნელი სისხლი, ჩვენ არ შეგვეძლო დაცემული ბუნების განწმენდა, მაგრამ სანამ მატერიალურ, ხრწნად ხორცში ვიმყოფებით, ჩვენი ბუნება მიდრეკილია ცოდვისკენ, ერთ-ერთი უდიდესი ცოდვა პატივმოყვარეობა და ამპარტავნებაა, ამიტომაც გვეუბნება უფალი, შემცოდე ძმასთან, მოყვასთან მაშინ მიდი, როდესაც მარტო იქნება, მარტო უთხარი, ანუ როდესაც ყველაზე ნაკლებად მოქმედებს ადამიანზე პატივმოყვარეობის ცოდვა, თუ არ მობრუნდება, არ ჩამოვარდება მშვიდობა თქვენს შორის, მაშინ უკვე ერთი ან ორი პირი მიიყვანე და ისე ამხილე. უფალი აქ კიდევ და კიდევ გვასწავლის, როგორ ვიზრუნოთ ძმაზე, თუ ვიცით, რომ ძმამ შესცოდა, ჩვენს მიმართ ცოდვით დაეცა, ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ მის გამოსწორებაზე, არა იმისთვის, რომ ჩვენ შეგვირიგდეს, არამედ ჩვენთან შერიგებით უფალს შეურიგდეს, თუ ერთ ან ორ კაცთან ერთად მისვლის შემდეგაც არ ისმინოს, მაშინ კრებულს უთხარით და თუ აქაც არ ისმინოს დაანებე თავი და იყოს ის ვითარცა მეზვერე და წარმართი შენთვისო. ვიცით, რომ იუდეველები მეზვერეებს და წარმართებს არც კი ესალმებოდნენ. უფალი იმას კი არ გვეუბნება, - მიდი და სცემე, ან შეურაცხყავიო, არამედ განეშორე, მასთან ურთიერთობა ნუ გექნებაო, რადგან ჩვენც არ ჩავვარდეთ ცოდვაში და მას არ დავემსგავსოთ.
- ამ სწავლების შემდეგ მაცხოვარი ამბობს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც შეკრავთ მიწაზე, კრულ იყოს ცათა შინა, და რასაც დახსნით მიწაზე, ხსნილ იყოს ცათა შინა... როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა?
- ეს სიტყვები მიმართულია მოციქულების და მათი მემკვიდრეების, - სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც ღვთისგან მიცემული აქვთ ადამიანის შეკვრისა და გახსნის უფლება. შეკვრასა და გახსნაში არ იგულისხმება წყევლა ან რაიმე ამდაგვარი, არამედ ის, რომ სწორედ სასულიერო პირებს აქვთ ადამიანის ცოდვათაგან გახსნის, ცოდვათა შენდობის უფლება. თუ ადამიანი სინანულშია, ის მიდის სასულიერო პირთან, აბარებს აღსარებას და ღვთისმსახური მას გახსნის ამ ცოდვისგან. აღსარების საფუძველი ცხადია, უნდა იყოს სინანული, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოგვეტევება უფლისგან ჩვენი შეცოდებანი, მთელი ჩვენი ცოდვებიც რომ ჩამოვთვალოთ, როგორი გულახდილიც არ უნდა ვიყოთ, თუ ჩვენს ცოდვებზე სინანული არ გვაქვს, არ მოგვეტევება, არა თავად მხოლოდ აღსარება განწმენდს ადამიანს ცოდვებისგან, არამედ სინანულით ნათქვამი აღსარება. აღსარება არის სინანულის გამოხატულება, ხოლო თუ აღსარება სინანულის გარეშეა ნათქვამი, მას არავითარი ფასი არა აქვს ღვთის წინაშე.
შემდეგ უფალი საუბრობს ლოცვის შესახებ და ბრძანებს: ორი ადამიანიც თუ შეიკრიბოს ჩემი სახელით, მე თქვენთან ვარო. ამით უფალი განაძლიერებს თავის მოწაფეებს და გვაძლევს იმედს, სასოება მასზე დავამყაროთ, უფალი არასოდეს დაგვივიწყებს, ასევე იმის იმედს, რომ ეკლესია არასოდეს იქნება განადგურებული, - ორი ადამიანიც რომ დარჩეს ღვთისმოსავი, უფალი მათთან იქნება.