3 დეკემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 10, 25-37)
"25 და (მას ჟამსა შინა) აჰა ესერა სჯულისმეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაი ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?
26. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ?
27. ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. და მოყვასი შენი - ვითარცა თავი თვისი.
28. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე. მაგას იქმოდე და სცხონდე.
29. ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თვისი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?
30. მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალიმით იერიქოდ. და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცვეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი.
31. ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰხდა.
32. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰხდა.
33. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა. მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა.
34. და მოვიდა მისა და შეუხვივა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღვინოი და აღსუა იგი კარაულსა თვისსა და მიიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.
35. და ხვალისაგან გამო-რაი-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღვაწესა და ჰრქუა: იღუაწე ეგე და სხვაი თუ რაიმე წარაგო უმეტესი, მო-რაი-ვიდე, მიგცე შენ.
36. ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ?
37. ხოლო მან თქვა: რომელმან ყო წყალობაი მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე".
"მოძღუარ, რაი ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?" - ეკითხება მწიგნობარი უფალს. ეს შეკითხვა მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენც საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ მასზე... მაგრამ ვინ მოგვცემს პასუხს ამ მარადიულ კითხვაზე? ყველაზე საიმედოა, იმ სიტყვებს მივაპყროთ ყურადღება, რასაც თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება.
პირველ ყოვლისა, იგი რწმენას მოითხოვს. აკი უთხრა კიდეც ნიკოდიმოსს: "ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გველი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი, რაითა ყოველსა, რომელა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი" (იოანე 3:15-16). გარდა ამისა, აუცილებლად მიიჩნევს ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს, ისევე როგორც ყველა საღმრთო მცნების აღსრულებას (გავიხსენოთ, რა მიუგო მდიდარ ჭაბუკს შეკითხვაზე, როგორ მოვიქცე, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო). ყოველივე ამასთან ერთად, იესო ქრისტე, დამადგინებელი ახალი აღთქმისა, განგვიწესებს, რომ საუკუნო ცხოვრებას მიიღებს ყველა, ვინც ღირსეულად ეზიარება მის წმინდა ხორცსა და სისხლს: "მე ვარ პური ცხოველი, რომელი გარდამოვხედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე... რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი" (იოანე 6:51,54). ეს ყოველივე უნდა აღვასრულოთ, თუკი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება გვსურს: უნდა გვწამდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შევისმენდეთ მის მოძღვრებას; გვქონდეს ჭეშმარიტი სინანული ჩვენი ცოდვიანი ცხოვრების გამო და მისი სწავლების შესაბამისად ცხოვრებას ვცდილობდეთ - კეთილ საქმეებს ვიქმოდეთ და აღმოვფხვრიდეთ საკუთარი არსებიდან ყველა უჯერო მიდრეკილებასა და ბოროტ სურვილს; ღირსეულად ვეზიარებოდეთ წმინდა საიდუმლოთ და უფლის ერთგულნი ვრჩებოდეთ სიკვდილამდე.
სახარება გვასწავლის უფლის სრულყოფილ და ჭეშმარიტ სიყვარულს. ასეთი სიყვარული უნდა ჰქონდეს ადამიანს ღვთისადმი, უნდა უყვარდეს იგი, როგორც ქმნილებას - თავისი შემოქმედი, როგორც სიკეთის მიმღებს - კეთილისმოქმედი. უფალმა გამოგვისყიდა სიკვდილისა და ცოდვის ტყვეობისგან, განგვამართლა, თავის თანად აღგვადგინა მკვდრეთით და განგვადიდა, ამიტომ ჩვენც თავი ჩვენი სიყვარულის მეშვეობით უნდა მივუძღვნათ მას. სხვაგვარად ჩვენზე აღსრულდება პავლე მოციქულის სიტყვები: "რომელსა არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავნ შეჩვენებულ!" (I კორინთ. 16:22). რამეთუ როგორც სხეულს არ შეუძლია სულის გარეშე ყოფნა, ასევე სულს არ ძალუძს ყოფნა ღმერთის გარეშე.
ადამიანმა ყოველივეზე მეტად უნდა შეიყვაროს ღმერთი, არავინ და არაფერი ამჯობინოს მის სიყვარულს, უყვარდეს ღმერთი და ყოველივე, რაც კი სუფევს მასში და მის მიერ, რაც მის დიდებას ემსახურება; მისი გულისთვის კეთილს უყოფდეს მეგობრებსაც და მტრებსაც, დაითმენდეს წყენას თუ სასჯელს, რამეთუ ყოველივე ეს ღმრთისგან არის, მისი ნებითა და დაშვებით აღესრულება.
ნუ იფიქრებ, რომ შენი მოყვასი მხოლოდ შენი ახლობელი და მეგობარია, ნათესავი და ამხანაგი; უწყოდე, რომ შენი მოყვასია უკლებლივ ყველა ადამიანი, როგორც ამბობს ნეტარი ავგუსტინე. შენი მოყვასია ყველა, ვინც შეწევნასა თუ რჩევა-დარიგებას ელის შენგან: სულ ერთია, ნათესავი იქნება თუ მტერი, კეთილი თუ ბოროტი, ნაცნობი თუ უცნობი... ამის კვალობაზე, მდიდრის მოყვასი ღარიბია, ბრძენისა - უბირი, ჯანმრთელისა - სნეული, თავისუფალისა - ტყვედ მყოფი, ბედნიერისა - უბედური, - როცა ერთს დახმარება სჭირდება, მეორეს კი ძალი შესწევს, შემწეობა აღმოუჩინოს მას. რამეთუ ჩვენ ადამიანის ზნეს კი არ უნდა ვუყურებდეთ, არამედ მის გაჭირვებას, და უნდა შევეწეოდეთ არა კერძოდ რომელიმე ადამიანს, არამედ უბედურ ადამიანურ ხვედრს.
10 დეკემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 12, 16-21)
"16. და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაი ვისიმე მდიდრისაი ნაყოფიერ იყო აგარაკი.17. და განიზრახვიდა გულსა შინა თვისსა და თქუა: რაი-მე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი?
18. და თქუა: ესე ვყო: დავარღვივნე საუნჯენი ჩემნი და უფროისნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი.
19. და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ.
20. ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე, ვისა იყოს?
21. ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თვისისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრებოდის".
ეს იგავი ცხადად გვიჩვენებს, რაოდენ მანკიერია სიმდიდრის სიყვარული, რამეთუ ქვეყნიურ სიმდიდრეს მიჯაჭვული სული ადამიანისა გამალებით მიისწრაფვის მანკიერებებისკენ. ვხედავთ, როგორია მდიდრის ბოლო: ის "ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი" (ფსალმ. 38:7). და აი, ბოლოს მასაც ეწევა სიკვდილის ცელი და ამ მძიმე დღეს ტანჯვით და კაეშნით აივსება, რადგან როცა სიმდიდრეს ეთხოვება, თავისი სხეულისა და სულის სიშიშვლეს შეიგრძნობს. ასეთ წუთებში მას ვერავითარი სიმდიდრე ვერ უშველის. აბა, რა სარგებლობა გექნება, თუნდაც მთელი მსოფლიოს საუნჯე მოიპოვო, სული კი დაკარგო და წარიწყმიდო?
ამავე იგავიდან ვხედავთ, რა ახლოს არის ადამიანთან ანაზდეული სიკვდილის საფრთხე. მდიდარი არ ელოდა სიკვდილს, პირიქით, ოცნებობდა, კიდევ დიდხანს ეცხოვრა თავის ნებისად, სიკვდილი კი თურმე ზურგს უკან ედგა... აი, გაკვეთილი, რომელიც ყველას უნდა ახსოვდეს, რათა მუდამ მზად იყოს სიკვდილისა და ღვთის სამსჯავროსთვის. ღმერთმა დაგიფაროს მოულოდნელი სიკვდილისგან ცოდვილი ოცნების წუთებში! რა მძიმე ხვედრი ელის იმ სულს, რომელიც ოდენ ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარულით არის განმსჭვალული და სულ არ ფიქრობს ღმერთზე, ცხონებაზე, განკითხვის დღეზე, როცა იგი ანაზდად იმ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც არ არის ამგვარ სიკეთეთა ადგილი, არ არის შესაძლებლობა განცხრომისა, ჭამა-სმისა და მხიარულებისა, და სადაც ჰკითხავენ, ზრუნავდა თუ არა იგი ხორციელი ცხოვრების ჟამს სულზე, ემზადებოდა თუ არა საიქიო ცხოვრებისათვის, უხრწნელ საუნჯეთა მოსაპოვებლად ცათა შინა.
რას ნიშნავს სიტყვები: "უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან. ეგე, რომელ მოიმზადე, ვისა იყოს?"
ამ სიტყვებით უფალი მიგვახვედრებს, რომ სიმდიდრე იმისთვის როდი გვეძლევა, ჩვენს გულისთქმებსა და ამაო სურვილებს დავახარჯოთ, არამედ იმისთვის, რომ ღარიბ-გლახაკებს მოვახმაროთ, რამეთუ სიმდიდრე შენი როდია, - იგი სხვისიცაა; მას ღმერთი ვალად გაძლევს, იმისთვის კი არა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის გაფლანგო, არამედ იმისთვის, რომ მოწყალება გასცე, გლახაკებს შეეწიო. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ღმერთმა იმისთვის დაუშვა ფული შენს მფლობელობაში, რომ საზრდოს აძლევდე უქონელთ გაჭირვების ჟამს". ხოლო თუკი უფლის ნაბოძებ დოვლათს შენთვის შეინახავ და ღარიბ-გლახაკთ არ დაურიგებ, მაშინ უფლის მეორედ მოსვლის ჟამს თვითონაც წყალობის გარეშე დარჩები.
უფლის ამ იგავში მღვდელი და ლევიტელი იმ ადამიანებს განასახიერებენ, რომლებიც საქმიანობისას თუ პირად ცხოვრებაში ქრისტიანული სიყვარულით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ ოდენ ანგარებით, გარნა სხვათა წინაშე თავს კეთილმსახურებად და მოყვასის მოყვარულებად წარმოაჩენენ.