ძმა-ენები
ძმა-ენები
ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი
1. ნაირგვარობა - სიმდიდრე
უფალმაო, რუსთაველი ბრძანებს, "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა", ანუ უფალმა დაგვამდიდრა.
დაგვამდიდრა, საერთოდ, კაცნი, განსაკუთრებით - ქართველები. კონკრეტულად მაინც რითიო, თუ მკითხავთ, მოგახსენებთ:

საქართველო ტერიტორიულად პატარაა, ენობრივად - დიდი. მე აქ იმდენად ქართული ენის სიდიადეს არ ვგულისხმობ, რამდენადაც - ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედ ენათა, დიალექტთა ნაირგვარობასა და სიმრავლეს.

სწორედ ეს სიმდიდრე გვიწყალობა შემოქმედმა.

ზოგადადაც თუ ვიტყვით, ერთგვარობა სიმწირეა, ნაირგვარობა - სიმდიდრე... ოღონდ - მოწესრიგებული ნაირგვარობა.

სიმდიდრეა ჩვენი მეგრული და სვანური ენები... სიმდიდრეა ჭანური, ანუ - ლაზური ენაც, ვაგლახ, სხვაგან განფენილი და ჩვენში ამჟამად მხოლოდ სარფშიღა შემორჩენილი; სიმდიდრეა ჩვენი ნაირგვარი კილოები.

მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უფრო უნდა მოაწესრიგოს ამ ღვთივბოძებული სიმდიდრის არა მარტო დაცვისა და სარგოდ გამოყენების, არამედ მისადმი მართებული სახელმწიფოებრივი მიდგომის საკითხიც.

დედაენის გადასარჩენად ჩვენ ზოგჯერ გვჭირდებოდა - და, იქნებ, ახლაც არ იყოს ზედმეტი - ხაზგასმა, რომ ეროვნება და "ენოვნება" განუყოფელია (ქართველთათვის ეს ასეცაა!), მაგრამ ამის საფუძველზე სწორხაზოვანი მსჯელობით თუ იმას გამოვიყვანთ, რომ ენა უდრის ეროვნებას, მაშინ სწორედ ეროვნული თვალსაზრისით გაგვიჩნდება პრობლემები.

ახლა ბევრს ლაპარაკობენ "ევროპულ ქარტიაზე", რომლის მიხედვით ევროპულმა სახელმწიფოებმა ეროვნულ უმცირესობათა ენების უფლებები უნდა დაიცვან. ჩვენში ამ საკითხს რატომღაც დაუკავშირეს მეგრული და სვანური ენები... არადა, მეგრულ-სვანური აქ მოსატანი არ გახლავთ - არც ერთი ქართველური ენა საქართველოს ტერიტორიაზე არავითარ "უმცირესობის ენას" არ წარმოადგენს! ქართული კუთხეებისა და ტომების ყოველი წარმომადგენელი, მათ შორის მეგრელიცა და სვანიც, სწორედ ის "უმრავლესობა" გახლავთ, რომელსაც "ქართველი" ჰქვია საქართველოში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ქარტიაში" ლაპარაკია არა უმცირესობის, არამედ "მცირე" ენებზე ანუ "შინაურულ", "შინ სახმარ" არასახელმწიფო ენაზე, მაშინ მეგრულისა და სვანურის ამ კატეგორიის ენებად მიჩნევისასაც ზოგი რამ გასათვალისწინებელი ჩანს; კერძოდ:

რეალობაა, რომ მეგრული და სვანური ენებია, ოღონდ - შინაურობაში სახმარი; ამავე დროს მეგრელებისა და სვანების დედაენა იყო და არის ქართული, რომელსაც დანარჩენი სხვა ქართული ტომები ასევე ძველთაგანვე იყენებდნენ სახელმწიფო ენად; შინაურობაში კი ეს ტომებიც, ცხადია, თავ-თავიანთ დიალექტებზე უქცევდნენ.

ასე იყო ძველად, ასეა ახლაც - მიუხედავად იმისა, რომ მასმედიის ეპოქაში კილოები სალიტერატურო ენასთან ნიველირდება.

მაგრამ სვანური და მეგრულ-ჭანური, ერთი მხრივ, და სხვა ქართული დიალექტები, მეორე მხრივ, დიდად სხვაობენ თავიანთი ისტორიითაც და თავიანთი წვლილითაც ქართულის სახელმწიფო ენად ფორმირებაში. დღეს არსებული დიალექტური ფორმები, ჩვეულებრივ, ძველი სამწერლობო ქართულის ნორმათა კონტროლიდან გამოსვლისა და "თავისუფალი" განვითარების შედეგია, აქედან გამომდინარე - შედარებით ახალი. სვანურისა და მეგრულ-ჭანურის ენობრივი ფორმები კი უშუალოდ ქართულიდან კი არა, ქართულთან საერთო წინაპარი ენიდან გამოიყვანება, რომელსაც ქართველურ ფუძეენას ვეძახით და რომლის სავარაუდო სახე ქართული, სვანური და მეგრულ-ჭანური ენების ურთიერთშედარება-შეპირისპირებით აღდგება. დიალექტები ქართული ენის შვილები არიან, სვანური და მეგრულ-ჭანური კი - ქართული ენის ძმები. მშობლის, ქართველური ენის, იერ-სახე ზოგჯერ ქართულმა უკეთ შემოგვინახა, ზოგჯერ - სვანურმა და ზოგჯერაც - მეგრულ-ჭანურმა.

მაგალითად, ავტორიტეტული ენათმეცნიერების აზრით, ჩვენი წინარე ფუძეენის ხმოვანთა სისტემა უფრო ქართულმა შეინარჩუნა, თანხმოვანთა სისტემა კი - მეგრულ-ჭანურმა: მათი ვარაუდით, ქართული კაც და მეგრულ-ჭანური კოჩ ძირების შეპირისპირებით ქართველურ ენაში "ადამიანის" აღმნიშვნელად აღდგება ძირი, რომელიც სამი ათასწლეულის წინ, ვიდრე ეს ფუძეენა დაიშლებოდა ქართულ, სვანურ და მეგრულ-ჭანურ ენებად, მიახლოებულად ასე ჟღერდა - კაჩ.

სწორედ ერთ-ერთს ამ ძმა-ენათაგან, ქართულს, გარკვეულ ისტორიულ-კულტურულ ვითარებათა გამო, მოუწია ძირითადი როლი ეტვირთა ქართველთა ყველა ტომისათვის საერთო სახელმწიფო ენის ფორმირებაში... ძირითადი - მაგრამ არა ერთადერთი; მისი ტვირთი მართლაც რომ ძმურად გადაინაწილეს ეგროსიანელთა ენებმა: სვანურმა და მეგრულ-ჭანურმა. საერთოდაც, ლეონტი მროველს თუ ვერწმუნებით, ქართველ ტომთა ეთნარქები ანუ მესაფუძვლენი ქართლოსი და ეგროსი ღვიძლი ძმები იყვნენ.

ასე რომ, საერთო-ქართული სახელმწიფო ენა მარტო ძველი ქართულიდან კი არა, სვანურ-მეგრულ-ლაზური წიაღიდანაც იშვა.

ამიტომაც არა ჰქონიათ ჩვენს ეგრისელ წინაპრებს ქართულის მიმართ გაუცხოების განცდა... მით უმეტეს არა აქვთ იგი მათს დღევანდელ შთამომავლებს - სვანებსა და მეგრელებს. მაგრამ დანარჩენი საქართველოც არ უნდა უყურებდეს ალმაცერად სვანურსა და მეგრულს და არც "გაფუჭებულ" ქართულად უნდა აღიქვამდეს ამ ენებს.

რა უნდა მოვიმოქმედოთ საამისოდ?

ადრეც დამიწერია და ახლაც გავიმეორებ: სკოლაშივე უნდა შევუქმნათ ბავშვს ქართველურ ენებსა და ქართულის დიალექტებზე მართებული წარმოდგენა, უკვე დაწყებით კლასებში უნდა "გავუხედნოთ" ყური მეგრული და სვანური ფოლკლორის ნიმუშებით: წარმოიდგინეთ ბარისახოელი პატარა ხევსური, დიდის ეშხით რომ ამბობს: "ბჟა დიდა რე ჩქიმი" ("მზე დედა არი ჩემი")... მერე და მერე ისეთი ლექსიკური მასალაც უნდა ვუჩვენოთ და შევასწავლოთ, ქართულ-სვანურ-მეგრულის საერთო წარმომავლობასა და ერთიანობაზე რომ მეტყველებს.

მოკლედ, ბავშვს სკოლაშივე უნდა გავაცნოთ და შევასწავლოთ სვანურისა და მეგრულის ელემენტები.

ნურავინ დამწამებს ენობრივი სეპარატიზმის ქადაგებას: სკოლაში სვანურისა და მეგრულის ელემენტების სწავლება სხვაა და სვანურად და მეგრულად სწავლება სკოლაში - სულ სხვა, "შუა უზის დიდი მზღვარი".

ისე, რუსეთის იმპერიამ, ცარისტულმაც და კომუნისტურმაც, ქართველთა გარუსების სტრატეგიულ გეგმას ლეღვის ფოთლად მეგრელ გლეხკაცზე "ზრუნვა" ააფარა: აქაოდა, უბირ ხალხს ქართული არ ესმის, სამეგრელოში სწავლება მეგრულ ენაზე უნდა გადავიყვანოთო.

პირველ ჯერზე, XIX საუკუნეში, ეს არ გამოუვიდათ - იაკობი და ძმანი მისნი აღუდგნენ წინ იანოვსკი-ვოსტორგოვის მზაკვრულ გეგმას.

მეორე ჯერზე, XX საუკუნის ოცდაათიან წლებში, კომუნისტ-"მაფალუისტებს" სამეგრელოს მხარიდან გამოსულმა ინტელიგენციამ ჩააკმედინა ხმა: თედო სახოკიამ, შალვა დადიანმა, კონსტანტინე გამსახურდიამ...

იმპერია ქართულ ენას მარტო სკოლიდან კი არა - ეკლესიიდანაც უპირებდა გამოძევებას: მისი გეგმით, სამეგრელოში ღვთისმსახურების ენად ქართულს მეგრული უნდა ჩანაცვლებოდა. აქ კი ხმა სამეგრელოს სამღვდელოებამ აღიმაღლა და მერე როგორ!

ოთხმოციანი წლების დასაწყისში ბატონმა არნოლდ ჩიქობავამ, უკვე ლოგინად ჩავარდნილმა, თავის ბიბლიოთეკაში საგულდაგულოდ გადანახული მასალა მომაძებნინა - შინ წაიღეთ, წაიკითხეთ და დამიბრუნეთო. XIX საუკუნის გაყვითლებული ფოლიანტები აღმოჩნდა - 1895 წლის მარტ-ივნისის ნომრები ეგზარქატის რუსულენოვანი გამოცემისა "Журнал"... ეგზარქოსს დაუვალებია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის მეუფე გრიგოლისათვის (ერისკაცობაში - გრიგოლ დადიანი) კომპეტენტური კომისიისათვის გაეცნო მეგრულ ენაზე თარგმნილი რამდენიმე ნიმუში ლოცვებისა და გაერკვია, როგორ ზემოქმედებას მოახდენდა მრევლზე მღვდელმსახურების დროს მათი გამოყენება.

გრიგოლს მოუწვევია კომისია - სამეგრელოს სამღვდელოება, აგრეთვე განსწავლული საერო პირები ნიკო ტარიელის ძე და დავით გიორგის ძე დადიანები - და მოუსმენია მათი მოსაზრებანი...

სწორედ ეს მასალა დაიბეჭდა ზემოაღნიშნულ "Журнал"-ში.

წანაკითხმა გამაოგნა: "რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი"-ო, სამეგრელოს სამღვდელოებაზე აღმოჩნდა ზედგამოჭრილი. ასეთი სიღრმითა და სიმართლით ამ საკითხზე დაწერილი არაფერი წამეკითხა... არ ვაჭარბებ, წმინდა ენათმეცნიერული თვალსაზრისითაც დღეს დაწერილი გეგონებოდათ - აღარაფერს ვამბობ მოქალაქეობრივ პოზიციაზე. ცხადია, მეგრული ენის დიალექტად მიჩნევამ მაშინვე შემაცბუნა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამასაც სარჩულად სასულიერო პირთა პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა სდებია. ისე, სიტყვამ მოიტანა და, თავის ნაშრომებში არც პავლე ინგოროყვა მოიხსენიებდა მეგრულსა და სვანურს ენებად - ამ დიდ ეროვნულ კაცს, ჩვენი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ეს პოლიტიკურად სახიფათოდ მიაჩნდა.

თუმცა, სჯობს თავად შენ დაიგემოვნო, მკითხველო, ეს მასალა, რომელსაც იმ პიროვნების ხოტბას წარვუმძღვარებ, ვისი "გორისანიც" სამეგრელოს ეს უსახელო მღვდლები იყვნენ.

2. ქუჯი და მისი "გორისანი"
უძალო კაცს რომ პოლიტიკურ პირველობას დაათმობინებენ, ეს იძულების აქტია.

ძალმოსილი კაცი რომ თვითონ დათმობს პირველობას - ეს ზნეობრივი აქტი გახლავთ.

ქუჯიმ, ეგრისის ერისმთავარმა, ამგვარი ზნეობრივი, მე ვიტყოდი, ქრისტიანული ქმედების მაგალითი გვიჩვენა ქრისტეს მოვლინებამდე სამსაუკუნენახევრის წინ.

როცა ფარნავაზი, ქართლოსის ჩამომავალი, და ქუჯი, ეგროსის ჩამომავალი, შეითქვნენ აზონის, ბერძენთა დასმული მმართველის, წინააღმდეგ, იმ მომენტში რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ძალას ქუჯი, თუ მეტს არა, ფარნავაზზე ნაკლებს არ ფლობდა.

მაგრამ ქუჯი ათასწლეულებით აზროვნებდა და არა - მომენტებით ან, თუნდაც, წლებით: გარდასული ჟამით იგი მომავალს ჭვრეტდა... აკი ქართლოსი უფროსი ძმა იყო ეგროსისა. არ ეგებოდა მისი პირველობა და ასე შესთავაზა ქუჯიმ ფარნავაზს, მცხეთის სახელისუფლო სახლის შვილს: ვძლიოთ აზონს და მთელ ქართველთა მოდგმას შენ უმეფებ, მე კი შენს თანამდგომად მიგულე აწ და მარადისო.

ხელმწიფობაზე უარის თქმა მხოლოდ სახელმწიფო კაცს შეუძლია.

ასე აზროვნებდა და მოქმედებდა დიდი ქუჯი...

ანუ - ასეთია ქუჯური მენტალიტეტი.

სწორედ ამ ქუჯურ მენტალიტეტზე გვმართებს ქართველობას ორიენტირება და არა ქუჩურ მენტალიტეტზე.

მაგრამ საქართველოს მარტო ქუჯი არ ჰყოლია - ჰყავდა თადა აშორდიაც, ვისაც უმაღლესი ხელისუფლება თვალს უხუჭავდა ყალბისმქნელობაზე, ანგარებაზე, აფერისტობაზე... ამას, ყველაფერს, მთავრობა წვრილმანად მიიჩნევდა იმ მსხვილი შეკვეთის შესრულებასთან შედარებით, რასაც ერქვა "ტუზემცების" ხელითვე ქართული "ენოვნებისათვის" საფუძვლის შერყევა, ქართველთა გარუსება.

ქუჯი უკვდავია - მას კვალში ლეგიონები უდგანან... მაგრამ, ვაი, რომ უკვდავია თადაც: ლეგიონები - არა, მაგრამ თითო-ოროლა აშორდია საქართველოს ყოველთვის ჰყავდა... და - დღესაცა ჰყავს: საზოგადოება ხედავს, რომ ჩოხოსან თადას ჰალსტუხიანი აშორდიები შეენაცვლნენ და "გრუს" პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.

დღევანდელ პრესაში მკითხველს უფრო ისინი ეჩხირებიან თვალში, ვიდრე ქუჯის "გორისანი", ამიტომაც გთავაზობთ ზემოხსენებული პუბლიკაციიდან გამოკრებილ გამონათქვამებს ქუჯის კვალში ჩამდგარი სასულიერო პირებისას.

სამეგრელოში ღვთისმსახურების ენის შესახებ
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი)
კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველი საიდუმლო მრჩეველი იანოვსკი სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლებას ასე ასაბუთებდა: მეგრული ქართულთან ისეთსავე მიმართებაშია, როგორც - პოლონური ან ჩეხური რუსულ ენასთან, მათ კი სწავლებაც და ღვთისმსახურებაც თავ-თავიანთ ენებზე აქვთო. ეს მეუფე გრიგოლს მცდარ ანალოგიად მიაჩნია.

"სლავური ჯგუფის ეს სამი მონათესავე ენა საუკუნეთა მანძილზე დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა სამწერლობო ენებად და ამ ენებზე შექმნილი ლიტერატურით გამოხატავენ თავ-თავიანთ ეროვნულ თვითშეგნებას. განსხვავებული ვითარებაა ქართულსა და მეგრულს შორის: აქ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ გამოხატული დაქვემდებარება, სლავურ ენებში კი - სრულიად დამოუკიდებელი პარალელური განვითარება. უსამართლობა იქნებოდა ვინმემ ამ საკითხებში არაკომპეტენტურობა დამწამოს, ძირძველი მეგრელი გახლავართ და ქართულიცა და მეგრულიც კარგად ვიცი: მეგრელები უკვე 15 საუკუნეა ქართულ ენაზე ლოცულობენ და ევედრებიან უფალს; მე, როგორც მათი მღვდელმთავარი, ვადასტურებ, რომ ისინი კარგი ქრისტიანები არიან და სათანადოდ შეიმეცნებენ საღმრთო გამოცხადებას. მეგრელებმა სხვა ქართველებთან თანადროულად დაიწყეს ქართულად წერა-კითხვა და, ქართული საეკლესიო ტრადიციით, მათ, იმიერქართველებმა, ამიერქართველებზე ადრეც კი განადიდეს ქართულ ენაზე ჭეშმარიტი შემოქმედი".

მღვდელი კაპიტონ გაწერელია
"წმინდა წერილისა და ლოცვათა თარგმნა - ეს წმიდათაწმიდა საქმე - მოითხოვს ღვთაებრივ ზეშთაგონებას ზემოდან, უფლისაგან... სწორედ ასეთ მოწოდებას აღასრულებდნენ ძველად წმინდა წიგნების მთარგმნელები, ამიტომაც შემოგვრჩა მათი ტექსტი შეურყვნელად ჩვენცა და სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებსაც... გარდა ამისა, მარტო ლიტერატურული ტრადიციებიც კი საკმარისი ვერ იქნება საღვთისმსახურო წიგნების სათარგმნად - თვითონ ენას უნდა ახასიათებდეს ეგრეთ წოდებული "ეკლესიურობა". მეგრული, გასაგები მიზეზების გამო, ყოველივე ამას მოკლებულია.

არც წინათ და არც ახლა მეგრულად მღვდელმსახურების აღსრულება არ გვჭირდება, ვინაიდან ქართული და მეგრული ფაქტობრივად ერთი ენაა და მათს ლექსიკონებში უამრავი საერთო ძირის მქონე სიტყვებია. მეგრელს წირვა-ლოცვის ტრადიციული ენა კარგად ესმის და, თუ აქ გაგებინების თვალსაზრისით რაიმე სირთულე იჩენს თავს, ამის მიზეზი ის კი არ გახლავთ, რომ მეგრელს ქართული ცუდად ესმოდეს, - საეკლესიო ტექსტებს ასევე ძნელად აღიქვამს არამეგრელი სხვა ქართველობაც, მათ შორის, განათლებული ხალხიც, - თავიდათავი პრობლემისა ამ საეკლესიო ენის არქაულობაშია... აგრეთვე - ღვთისმსახურების დროს წმინდა ტექსტის სწრაფად ჩათავება-"მიფუჩეჩების" სამწუხარო ტრადიციაში... ამიტომაც ეს საკითხი ქართული მოსახლეობის - მეგრელებისაც და არამეგრელებისაც - ცოდნა-განათლების ამაღლებით გადაიჭრება და არა - ღვთისმსახურებისთვის მეგრული კილოს გამოყენებით. სხვა ხალხებსაც აქვს განსხვავებული დიალექტები, მაგრამ საღვთისმსახუროდ ყველას როდი იყენებენ: მაგალითად, მალოროსიული არანაკლებ განსხვავდება რუსული ენისგან, ვიდრე მეგრული ქართულისგან, მაგრამ მღვდელმსახურება მალოროსიულად კი არ აღესრულება, არამედ საეკლესიო-სლავურ ენაზე... მეგრელებს არასოდეს გვქონია დამწერლობა მეგრულ ენაზე იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ ყოფილა: სამეგრელოს ხალხს ქართული დამწერლობაცა და ქართული ენაც თავის ღვიძლ ანბანად და თავის დედაენად მიაჩნია და ამავე ენაზე აღავლენდა და აღავლენს უფლისადმი ხოტბას".

მღვდელი კლიმენტი ჭანტურია
"ქართულს და მეგრულს იმდენი რამ აქვთ საერთო, რომ მეგრელი ქართულს თავის დედაენად (родной язык) მიიჩნევს. მეგრული ენა ქართული ენის საგანძურად ითვლება: ბევრმა სიტყვამ ქართულში დაკარგა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა, მეგრულში კი ისინი ძველებურად შეურყვნელი სახით შემოგვრჩნენ. ამრიგად, მეგრული და ქართული ორ განუყრელ ძმად გვესახება. ეს განცდა მარადიულია, დანარჩენ საქართველოსთან თავის ენობრივ ერთობას სამეგრელო ყოველთვის გრძნობდა, ქართულს ყოველთვის დედაენად თვლიდა, მას მიიჩნევდა სახელმწიფო ენად, მიიჩნევდა მწერლობის ენად - ამ ენაზე ლაპარაკობდნენ და წერდნენ მეგრელთა წინაპრებიც... მეგრელები ქართულად განადიდებდნენ უფალს; ამ ენაზე ლოცულობდნენ მათი მამა-პაპანი. შესაბამისად, სამეგრელო ქართულად მოლაპარაკე დაიბადა და ღვთის წინაშეც ამ ენაზე მოლაპარაკე წარსდგება...

საკუთარი გამოცდილებიდან მოგახსენებთ: ერთხელ მეც ვცადე ეკლესიაში მეგრულად მექადაგა. მრევლმა მომთხოვა, ისევ ქართულად იქადაგეთ, თორემ ეკლესიაში აღარ ვივლითო. ასეთი შემთხვევაც ყოფილა - სახარების რამდენიმე ადგილი მეგრულად თარგმნეს და, როცა ეკლესიაში წაიკითხეს, აღშფოთებულმა მრევლმა წყევლა-კრულვით დატოვა საყდარი... ევროპაშიც არის ქვეყნები, სადაც ორი ენაა: ერთი - სახელმწიფო, სალიტერატურო და საღვთისმსახურო, მეორე - შინაურობაში სახმარი, რომელსაც დამწერლობა არა აქვს. იქ აზრადაც არ მოსვლიათ, შინაურული ენა საღვთისმეტყველოდ ექციათ და რაღა ჩვენ, მეგრელებს, გვახვევენ თავს ლოცვისათვის ამ ჩვენს შინაურულ ენას?"

მღვდელი ნესტორ ალშიბაია
"ხალხი არ თანაუგრძნობს ლოცვათა გადმოთარგმნას ქართულიდან მეგრულად; იგი ოდითგან მოწიწებით უყურებს ქართულ საეკლესიო ენას, როგორც ამაღლებულსა და საღვთოს. საეკლესიო-ქართული ღვთაებრივი დიდებულების ნიშანს ატარებს და, თუ ლოცვათა სიტყვებს მეგრულად ვთარგმნით, კურიოზულ-სამასხარაო ეფექტს მივიღებთ. მეგრულს ჩვენ ვთვლით ჩვენს შინაურ, ოჯახში სახმარ ენად, რომელიც გამოუსადეგარია საღვთისმსახუროდ. უბირ ხალხშიც კი თავმოსაჭრელია უცოდინრობა ქართულის, როგორც ღვთისმსახურების ენისა, რომელსაც მეგრელი უხსოვარი დროიდან მოწიწებით ეთაყვანება; ასე რომ, ღვთისმსახურების დროს ქართულად აღვლენილ ყველა ლოცვას უბრალო ხალხი ჩინებულად გებულობს".

თავადი დავით გიორგის ძე დადიანი
მეგრულად ნათარგმნი ლოცვების დეტალური ანალიზის შემდეგ, ამ უაზრო და მავნებლური წამოწყების აღსაკვეთად დავით დადიანი რიტორიკული გზნებით შესთხოვს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს:

"ყოვლადმოწყალე მწყემსმთავარო, მართლმადიდებელი კოლხიდელების, ახლანდელი მეგრელების, თვალში რათა ფეხქვეშ არ გაითელოს უწმინდესი რელიგია იესო ქრისტესი, ძისა ღვთისა, მაცხოვრისა ჩვენისა, და ამით მისი ხალხი არ მოვექცეთ დაუშრეტელი გეჰენიის კირთების ქვეშე, გევედრებით, ბრძანოთ - შორს ჩვენგან ამგვარი სულისწამწყმედი წამოწყება, და ჩვენ, სულიერად მუხლმოყრილნი თქვენ წინაშე, ერთხმად დაგიდასტურებთ - ამინ!"

მართლაც, ამინ, ანუ - ჭეშმარიტად!

***
როგორც ვნახეთ, ჩვენმა წინაპრებმა უპატრონეს ჩვენს სახელმწიფო ენას, ახლა ჯერი ჩვენზეა. მარტო სალიტერატურო ქართულს კი არა, ასევე უნდა მოვუაროთ და ველოლიაოთ სხვა ქართველურ ენებსა და ქართულის დიალექტებს... ველოლიაოთ და არა - ვაღადაოთ: კაცს ხომ თავისი მეტყველების გამასხარავება უფრო სწყინს, ვიდრე - თავისი გარეგნობისა!

ცხადია, საჯარო გამოსვლისას ადამიანი უნდა ცდილობდეს სალიტერატურო ქართულით ილაპარაკოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივი მეტყველება: ბუნებრიობასა და უშუალობას კი ხშირად სწორედ კილოური ფორმები ანიჭებს მეტყველებას. სხვათა შორის, ზომიერად და გემოვნებით გამოყენებული ეს დიალექტიზმები თვით კლასიკოსთა ნაწერებსაც თავისებურ კოლორიტსა სძენს. საერთოდაც, დიალექტიზმების გარეშე ლიტერატურა თავის ფერ-ხორცს დაკარგავდა. თუ წარმოგიდგენია, მკითხველო, სალიტერატურო ქართულით მეტყველი ლელთ ღუნია ან კირილე მიმინაშვილი? მეტყვით, ესენი ხომ პერსონაჟები არიანო. აგრეა, მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ დიდ მწერალს, რომელიც ავტორისეულ მეტყველებაშიც არ იყენებდეს დიალექტიზმებს... მეტ-ნაკლებად, ცხადია.

მეტყველების შეფასებისას გადამწყვეტია, რას ამბობს კაცი... არანაკლებ - როგორ ამბობს... და კიდევ უფრო მეტად - ვინ ამბობს.

როცა ვაჟა "ყვავილის" ნაცვლად, "ყოილიო", იტყვის, ან "მოვიდას" ნაცვლად - "მოიდას", ამას, ყველაფერს, თავისი ემოციური დატვირთვა ახლავს.

სხვათა შორის, არა მხოლოდ პოეტურ ტექსტში.

და - არა მხოლოდ ვაჟას მიერ ამოთქმულს.

3. ფეხშიშველა
"ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!"
გალაკტიონი

რასაც ახლა გეტყვით, ვიცი, რომ მარტო ჩემეული განცდა და აღქმა არ გახლავთ იმ მოვლენისა, რასაც ილია მეორე ჰქვია.

მოვლენა-მეთქი, არც წამცდენია და არც ენობრივ ალღოს უღალატია, ამჯერად, ჩემთვის: პატრიარქი თავისი დიდი მოსახელის ილია-მართლის დარად ხორციელი კაციდან მოვლენად იქცა. მისგან იღვრება ის, რაც ერთ სიტყვად ძნელად გამოითქმის - სიმშვიდეც, სათნოებაც, სითბოც, ძალაც... მოკლედ, იღვრება და ჩვენზე გადმოდის მადლი, თანაც - ცხადლივ, ლამის ხელშესახებად.

ამის ერთ-ერთი მიზეზი, იქნებ, პატრიარქის მეტყველებაც იყოს - დარბაისლური, სულიერებით გაჯერებული, სადა, ამაღლებული და... თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან, ჩვენი მთის კილოების არაჩვეულებრივი სურნელით შენელებული. როცა პირად საუბარში პატრიარქი - "მოიდაო" - ვაჟასებურად მოუქცევს, ლამის გული ამომიბრუნდეს: თითქოსდა რაღაც უცნაური თბილ-ტკბილი ნათელი "მოიდა" და ჩამეღვარა სულში.

მარტო ადამიანები როდი ვგრძნობთ ამ მადლს: მახსოვს, დიდი ხნის წინათ, მარტყოფში მიმიპატიჟა, თავის რეზიდენციაში. ვეახელი, ვსაუბრობთ... განვიწმინდე, გავმსუბუქდი, გავთავისუფლდი, ავმაღლდი... მოკლედ, ის დამემართა, რაც ყოველ თქვენგანს მოსდის მასთან საუბრისას.

მორჩილი შემოვიდა და მორიდებულად რაღაც უჩურჩულა.

- ჯოყოლა? - გაიკვირვა პატრიარქმა, - ახლავე შემომიყვანე!

ვინმე მონატრებული მოხევე თუ არის-მეთქი თავისი მშობლიური კუთხიდან, გავიფიქრე და - დარბაზში უზარმაზარი მეცხვარის ძაღლი მოვარდა ისეთი ღოჯებით, რელსს რომ გადაღრღნიდა.

- ჯოყოლა მოიდა, ჩემი ჯოყოლა, - მიეალერსა პატრიარქი, მაგრამ ალერსი და გადარევა თქვენ ნაგაზისა უნდა გენახათ: შეჰღმუთუნა, მიეფოფინა, ხელები აულოკა - მომეჩვენა, ხელზე ემთხვია-მეთქი. თურმე ლეკვი ყოფილა, როცა მოუპარავთ და ახლა, ერთი წლის თავზე, დააბრუნეს. გაიხარა პატრიარქმა, გავიხარეთ ყველამ, მაგრამ ჩვენი სიხარული რა მოსატანია ჯოყოლას სიხარულთან, რომელმაც უტყუარი ძაღლური გეშით იგუმანა, რომ ღვთისკაცს დაუბრუნდა.

პატრიარქმა მერე გომურები მანახა, სადაც დარჩეული საქონელი ეყენა... ელაპარაკა, ეალერსა მათაც...

...დროთა სამანი თითქოს მომერღვა და ცხადლივ დავინახე, გერგეტის სამებისაკენ მიმავალმა, როგორ გაიხადა ფეხზე და ანაფორიანმა გატოპა სნოსწყალი... და ყოველი კენჭი, ყოველი შხეფი - ირაკლი, ირაკლიო, - შესჩხრიალებდა პატრიარქს.

ვიხილე, პალესტინის გაუსაძლის ხვატში როგორ შეუდგა ოთხიათასსაფეხურიან ქვის გავარვარებულ კიბეს სინას მთის წმინდა მწვერვალისაკენ პატრიარქი უხამლოდ, ფეხშიშველა...

და მე მივხვდი, რომ ეს კაცი - თუნდაც ფეხშემოსილი - მაინც მარადიულად ფეხშიშველაა და მისი მზირალი ტერფები მუდამ ხედავენ და გრძნობენ იმ სიმძიმეს, რასაც მიწა ჰქვია...

რასაც - მამული ჰქვია...

რასაც - დედამიწა ჰქვია...

სიმძიმე იგი ამ კაცს მაღლა ეზიდება - ცისაკენ!

თამაზ კვაჭანტირაძე
ბეჭდვაელფოსტა
16.04. 2018
კოლხი
ეს საასიმილციო პოლიტიკა განწირულია კრახისთვის! ძირს ასიმილაცია!
24.09. 2015
გმადლობთ
იმდენი რამის თქმა მინდა მადლობის ნიშნად ბატონო თამაზ რომ აზრს თავი ვერ მოვუყარე და ისევ მადლობას გეტყვით და გავჩუმდები
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler