ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე გადავურჩებოდი 37 წელს
ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე გადავურჩებოდი 37 წელს
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს და ვიცე-პრეზიდენტს, ქართული ჟურნალისტიკის მკვლევარს, 21 წიგნის ავტორს და მრავალი გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრს, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირისა და სხვა მრავალი პრემიის ლაურეატს, გამოჩენილ მეცნიერს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს პროფესორ ნოდარ ტაბიძეს ახლახან 80 წელი შეუსრულდა.

ბატონმა ნოდარმა ჟურნალისტთა არაერთი თაობა აღზარდა. მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ იგი ღირსეულ შთამომავლობას უზრდის თავის სამშობლოს - გიორგი, ანა, ლევან და საბა ტაბიძეებს, რომლებიც დიდი გალაკტიონის გვარისა და გენის გამგრძელებლები და პირდაპირი მემკვიდრეები არიან.

ვინაიდან მიმდინარე წელი გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო წლად გამოცხადდა, პოეტის დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით ბატონმა ნოდარმა საგანგებოდ გვთხოვა, გვესაუბრა მხოლოდ გალაკტიონზე და არა მის პირად დამსახურებაზე.

ბატონ ნოდარს გალაკტიონთან გაუხუნარი მოგონებები აკავშირებს. მეცნიერმა ხუთი წიგნი მიუძღვნა თავის დიდ წინაპარს.

- "მე დავიბადე ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში, - წერს გალაკტიონი თავის დღიურებში, - მამაჩემი გარდაიცვალა ძლიერ ახალგაზრდა, 23 წლისა. მე არ მახსოვს ის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დავიბადე მამის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ. მან დაგვიტოვა ჩვენ სახლი მდინარე რიონის პირად, "მეფის ჭალა" მდინარე რიონის გაღმა (იმერეთის მეფის სოლომონ II-ის ღრამატით მიცემული ჩემი წინაპრებისთვის ერთგულების გამო, მეფის ჭალიდან დაწყებული ვიდრე სურამის მთებამდე).

მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშვობა..."

ბავშვობის წლები სამუდამოდ აღიბეჭდა გალაკტიონის ცნობიერებასა და შემოქმედებაში. "არაფერი ჩემი ბავშვობის დღეებიდან მე ისე არ მახსოვს, როგორც შორითშორს მყოფი ცისფერი სახლი", - წერს იგი.

"აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა,
სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით".

- დავიწყოთ იმით, რომ გალაკტიონი საგანგებო ინტერესს იჩენდა წინაპრებისა და თავისი გვარის მიმართ. მას ჩემთვის უთქვამს: "ტაბიძეები მესხეთიდან ვართ წამოსული და შემდეგ დავმკვიდრებულვართ იმერეთში, ხონის ახლოს მდებარე სოფელ ივანდიდშიო". იმერეთის მეფეს, წმინდა სოლომონ მეორეს ივანდიდელი ტაბიძეებისთვის დამსახურების გამო ჭყვიშის მიდამოები უჩუქებია. უწინ ეს მივიწყებული ადგილი ყოფილა და საკმაოდ ჩამოშორებული ცენტრს, მაგრამ აი, დამკვიდრდნენ ტაბიძეები და ცხოვრებაც ახალ კალაპოტში ჩადგა.

დიდხანს იწერებოდა, რომ გალაკტიონი 1892 წელს არის დაბადებული. ეს მცდარია, საარქივო მასალები, საეკლესიო ჩანაწერები სხვაგვარ ინფორმაციას გვაწვდიან. იგი დაიბადა 1891 წლის 17 აგვისტოს.

გალაკტიონს მართლაც საინტერესო ჩანაწერები აქვს ჭყვიშთან დაკავშირებით. ჩემზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს წერილი ოლია ოკუჯავასადმი: "მე და ტიტე მთელ დღეს რიონის პირას ვატარებთ ხვილიფში. ხვილიფი - ეს კუნძულია, დაახლოებით, ალბათ, სამი კვადრატული კილომეტრი იქნება. ტყეც არის ამ კუნძულზე, უდაბნოც, ქვიშაც, ყველაფერი. ჩამოვსხდებით დიდი ვერხვის ფესვებზე და ვიწყებთ ამბების მოყოლას. ტიტე მოსკოვის ამბებს იგონებს, მე - ქუთაისისას და ზოგჯერ გამოდის, რომ ქუთაისის ამბები უფრო საინტერესოა. ეს იმიტომ, რომ მე უფრო ბევრ ტყუილს ვამბობ. ტიტე ამაზე ბრაზობს და ცოტა უხერხულ სიტუაციაში ვვარდებით".

გალაკტიონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩემში სამი სისხლია: აფხაზური - შერვაშიძეების, იმერული და გურული - დიდედა ჰყავდა გურული. გალაკტიონის დედა მაკრინე, წარმოშობით სოფელ საპაიჭაოდან იყო, რომელიც 8-10 კილომეტრზეა სოფელ ჭყვიშიდან. ახლა ამ სოფელს ყუმურს ეძახიან.

გალაკტიონი ძალიან დავალებულია სოფელ ჭყვიშით, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მის შემოქმედებაში და ეს ლოგიკურიცაა, ის თრთოლა და მიმზიდველობა, რაც ჭყვიშის ბუნებას აქვს, მძლავრობს გალაკტიონის შემოქმედებაში: გაზაფხული საოცრად ლამაზი და მშვენიერია. ახლა ნახეთ შემოდგომა: გაბმული წვიმა, სევდა აწვება გულს, გაქცევა გინდა, გაქცევა გინდა, მონტე ვიდეო, მაგრამ სად არის. სევდიანი მოტივიც არცთუ იშვიათია მის პოეზიაში, იმიტომ, რომ სოფელია ასეთი. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წვიმა სხვა არის ქართლში, სხვა - კახეთში; მოვა წვიმა, შეისრუტავს მას მიწა და გაქრება. ჭყვიშში წვეთი წვეთს ემატება და გუბეები დგება. ტიციანი იგონებს: გამოაფენდნენ ქვეშაგებელს ყოველდღე, რომ მზეს მიფიცხებოდა. ნესტი, ნესტი, ნესტი. მაგრამ აქვს კიდევ სხვა სილამაზე ჭყვიშს... რიონი სხვაგვარ ფერსა და განცდას აძლევს ამ სოფელს. გალაკტიონი არცთუ იშვიათად დაჯდებოდა რიონის ნაპირას და მდინარეს უცქერდა. უკვე მეცნიერებმაც დაადგინეს, რომ მდინარეს მახსოვრობა აქვს და მას საუბარი შეუძლია. გალაკტიონი თვითონ საუბრობდა მდინარესთან. ჩამოაქვს რიონს დიდი ხეები, ნაფოტები, მორები. გალაკტიონი უცქერის მას და ტკბება. იქით, ქუთაისის ზემოთ, ხვამლის უზარმაზარი კლდეა, რომელიც კიდევ უფრო აფერადებს და აღრმავებს წარმოსახვას, ასე რომ, გალაკტიონი ჭყვიშის ატომებითაა სავსე.

მას აქვს არაჩვეულებრივი პოეტური ჩანახატი მამაზე. მამა უმძიმეს მდგომარეობაშია, კვდება. მეუღლეს, მაკრინეს ეუბნება, - მე ვეღარ გადავრჩები, მაკრინე. შეშფოთებული ქალი პასუხობს: - მაშინ, რად მინდოდა ეს მეორე შვილი?

- როგორ, ფეხმძიმედ ხარ?! მომიტანეთ ახლავე ღვინო, - მიუტანენ, იტყვის სადღეგრძელოს: - გაუმარჯოს იმ ბიჭს, რომელიც დაიბადება!

და ეს ბიჭი იყო გალაკტიონი... კარგა ხნის წინათ ჩავიწერე ჩვენს სოფელში გალაკტიონის მომსწრეთა საუბრები. როგორი ბავშვი იყო გალაკტიონი? - ვეკთხებოდი მათ. პასუხი ასეთი იყო: "მოძრავი, ცოცხალი, საინტერესო, ყველგან პირველობა უნდოდა. თუ თამაშის დროს ზოგჯერ დამარცხდებოდა, დატოვებდა თამაშს და წავიდოდა". როგორც ჩანს, მისი ბუნება, ხასიათი იყო ასეთი.

- ბატონო ნოდარ, როგორი დამოკიდებულება იყო გალაკტიონსა და ტიციანს შორის?

- ტიციანი და გალაკტიონი გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ჭყვიშში. მე დავწერე კიდეც მათზე და დაახლოებით ასეთი ფრაზა გამოვიყენე: "XX საუკუნის ქართული პოეზიის მერიდიანი ჭყვიშზე გადის - გალაკტიონი და ტიციანი, ძმათა შვილები - ბიძაშვილები, საოცრად დიდი ერთიც და მეორეც". მე რომ მკითხოთ, 1937 წელს მეორე პოეტი საქართველოში ტიციანი იყო. ვალერიან გაფრინდაშვილიც დიდი იყო ძალიან. 1937 წელს პოეტი გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი არ ჩანდნენ რატომღაც, ისინი შემდეგ წამოვიდნენ.

დავუბრუნდეთ ისევ გალაკტიონს და ტიციანს, საოცარი მეგობრობა და პოეტური ქიშპიც ჰქონდათ ბიძაშვილებს.

- თუმცა ტიციანი იყო პირველი შემფასებელი გალაკტიონის პოეტური კრებულისა. 1914 წელს, როცა გალაკტიონმა პირველი წიგნი გამოსცა, ტიციანი მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ. მან დაწერა ბრწყინვალე წერილი ამ წიგნზე - "მარტოობის ორდენის კავალერი"...

KARIBCHE- დიახ, ეს იყო საუცხოო რეცენზია. ჯერ სათაურს დაუკვირდით: "მარტოობის ორდენის კავალერი", რა პოეტურია. ტიციანმა ძალიან კარგად იგრძნო, ვინ იყო გალაკტიონი. ჭყვიშში, ჩვენს საოჯახო არქივში, ინახება ტიციანის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილი წერილები - სთხოვდა გალაკტიონს, - ჩამოდი, გალაკტიონ, გაგაცნობ ალექსანდრე ბლოკს, რუს მწერლებს, მათთან ურთიერთობით აღტაცებული დარჩებიო, მაგრამ უსახსრობის გამო გალაკტიონი ვერ ახერხებდა მოსკოვში ჩასვლას. და კიდევ, ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო ბიძაშვილთა ურთიერთობიდან. ტიციანი ცისფერყანწელთა ორდენში დარჩა, გალაკტიონი იმთავითვე გაემიჯნა ამ ორდენს. წერს: "მე მათთან არაფერი მაკავშირებს, ისინი რომ იძახიან, - მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ ჩვენო, ასე არ არის". გარკვეულ პერიოდში საკმაოდ არასასურველი ურთიერთობაც არსებობდა გალაკტიონსა და ტიციანს შორის, ახლა არ ღირს ყველაფრის გახსენება, მხოლოდ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. 1928 წელია, ტიციანის და ცოლად გაჰყვა შესანიშნავ პიროვნებას, ისტორიკოს აბელ კიკვიძეს. მოახლოვდა ქორწილი, ეტყობა, სისხლმა იყივლა და ტიციანმა სთხოვა გალაკტიონს: "გალაკტიონ, არ შეიძლება უშენოდ". გალაკტიონი წავიდა და ქორწილით კმაყოფილი დარჩა, იგი წერილს სწერს დედას: "რა ბედნიერი ვარ, დედა, ტიციანმა შენი სადღეგრძელო საგანგებოდ დალია და ამ დროს ყველანი ფეხზე წამოვდექით". ისეთი ემოციური წერილია, ცრემლები მოგივა.

არ შეიძლება გალაკტიონზე ვისაუბროთ პოეზიის გარეშე. გავიხსენოთ მისი რამდენიმე პოეტური შედევრი:

ბავშვობის დღეები
გაფრინდა ბავშვობის დღეები -
მინდვრები, ჭალები, ტყეები.
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან,
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა.
ბალახი, მდინარე, ხეები,
დღეები, ბავშვობის დღეები!

შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან შანდალი
და ძველი ფოთლები ყვითელი...
რომანზე ისვენებს შანდალი
რომანში - შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა
"უმანკო ჩასახვის" სავანეს,
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ მგნდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!
დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები...
წმიდაო, წმიდაო მაცხოვარ.
გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები...
თებერვალს უხმობენ, თებერვალს
სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
და ვიცი ღელვათა საგანი,
როდესაც ღამეა უკუნი,
და ჩემი მდუმარე საკანი,
და ცეცხლის მფრქვეველი გუგუნი.
ერთგვარად მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გაზელებს - მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს - სასახლის მდივანი.
***
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მოურიდენ,
სული მოავლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც მშვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

- ბატონო ნოდარ, ხომ არ გაიხსენებდით რაიმეს პირადად თქვენი და გალაკტიონის ურთიერთობიდან?

- გასახსენებელი ბევრია. ჩვენ მარჯანიშვილის 4 ნომერში, თეატრის გვერდით ვცხოვრობდით. იქ დღეს გალაკტიონის მუზეუმია. ადრე ერთადერთი ტრანსპორტი ტრამვაი იყო თბილისში. რუსთაველიდან ტრამვაი იმ ხიდზე გამოივლიდა, დღეს რომ გალაკტიონის ხიდს უწოდებენ, და მარჯანიშვილით გადიოდა პლეხანოვის პროსპექტზე. ერთხელ გალაკტიონი მომიყვა: "1937 წლის ღამეა. მოვდივარ ტრამვაით შინ დაღლილი. გაჩერებაზე გადმოვედი. ვხედავ, ჩემს სადარბაზოსთან ოთხი კაცი დგას. მათ სახეზე შევხედე და იმწუთას მივხვდი, ვინც იყვნენ. ვფიქრობ, როგორ მოვიქცე. რომ გავიქცე, აზრი არა აქვს, მაინც დამეწევიან და დამიჭერენ, გაჩერებაზედაც დიდხანს ვერ დავდგები. ამ ფიქრებში რომ ვარ, მოპირდაპირე მხარეზე პლეხანოვიდან ტრამვაიმ ამოიარა. როდესაც გაჩერდა და ხალხმა ტრანსპორტიდან გადმოსვლა დაიწყო, დავიწყე ყვირილი: - ხალხო, საქართველოს სახალხო პოეტს, გალაკტიონ ტაბიძეს სასიკვდილოდ დასდევენ. მიშველეთ!.. გადმოხტნენ ლომივით ბიჭები ვაგონებიდან. ყველა ჩემს საშველად გამოემართა. ამ გაწამაწიაში ის ოთხი კაცი ისე აორთქლდა, თვალიც ვერ მოვკარი, როდის გაიქცნენ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე გადავურჩებოდი 37 წელს".

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.09.2020
რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი...
08.08.2020
ჩვენში და რუსეთში ჯერაც არ გამოლეულა იმისთანა განათლებული, შავს რომ თეთრს უწოდებს და თეთრად მიაჩნია და თეთრი – შავად. საკვირველია ეს ჩემთვის, ვგონებ რომ – შენთვისაც, ჩემო კარგო, მაგრამ არც კი უნდა გვიკვირდეს,
08.08.2020
ჩვენში და რუსეთში ჯერაც არ გამოლეულა იმისთანა განათლებული, შავს რომ თეთრს უწოდებს და თეთრად მიაჩნია და თეთრი – შავად. საკვირველია ეს ჩემთვის, ვგონებ რომ – შენთვისაც, ჩემო კარგო, მაგრამ არც კი უნდა გვიკვირდეს,
26.07.2020
ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა, ქალბატონმა ნინო სურგულაძემ თავის ფეისბუქის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და გვსურს იგი თქვენც გაგაცნოთ:
10.07.2020
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBС ავრცელებს.
18.06.2020
ცოტამ თუ იცის წყნეთში მდებარე მოხუცთა სახლის არსებობის შესახებ, იმ სახლის, სადაც ყველაზე დიდი სითბო, სიყვარული და ერთმანეთის თანადგომაა.
18.06.2020
აბასთუანი IX-X საუკუნეებში  ოძრახედ მოიხსენიებდნენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა ოცხე, XIX საუკუნიდან კი აბასთუმანი.
27.05.2020
ღირსი პახუმი დიდი (+348) ანტონი დიდთან (ხს. 17 იანვარს), მაკარი დიდთან (ხს. 19 იანვარს) და ექვთიმე დიდთან (ხს. 20 იანვარს) ერთად ითვლება მეუდაბნოობისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში.
26.05.2020
რარიგ ტკბილია სულიერი მამაშვილობა, როცა საყვარელი მოძღვრის კალთას შეფარებული გაინაბები და საკუთარ გულისცემას უსმენ, როცა ამა სოფლის ღუმელში მომწყვდეულს ვითარცა უფლის ანგელოზი გვერდში გიდგას სულიერი მამა
20.05.2020
პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმინდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდგომ მისი ვაჟი კონსტანცი გამეფდა, რომელიც ფრიად თანაუგრძნობდა არიოზს. სწორედ ჭეშმარიტების დასამოწმებლად გამოჩნდა წმინდა ქალაქის თავზე 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე უზარმაზარი ჯვარი, რომელიც საკვირველად ბრწყინავდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.