განზოგადებული ბიოგრაფია არისტოკრატი ქალისა
განზოგადებული ბიოგრაფია არისტოკრატი ქალისა
ბაბო დადიანის "მოგონებათა დღიურს" (ორიოდ წლის წინ გამოსცა "პეგასმა") ერთვის რედაქტორის (ქალბატონი ნინო ხოფერია) მეტად შთამბეჭდავი შესავალი, სადაც ვკითხულობთ: "აქ პიროვნების თითქოსდა ხელშეუხებელი, გამოკეტილი სივრცეა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე ათეული წლის მერე იყოს ან იქნებ არც იყოს ვინმესთვის მისაწვდომი და განსაკუთრებულად ფასეული. "მოგონებათა დღიური" განზოგადებული ბიოგრაფიაა იმ ეპოქის არისტოკრატი ქალისა, რომელმაც მისივე წრის დაუწერელი კანონების თანახმად, გაუგებარ, გაუსაძლის დროებაშიც შეძლო საკუთარი ცხოვრების წესის და ოდინდელი ღირსების შენარჩუნება. ადამიანები, რომელთაც ქალბატონი ბაბო განსაკუთრებული სიყვარულითა და მადლიერებით მოიხსენიებს, თვით ყველაზე დამთრგუნველ ატმოსფეროშიც კი ინარჩუნებდნენ საკუთარი ღირსებისა და სახელების ბრწყინვალებას და თავიანთ გარშემო ამაღლებულ, კეთილშობილ გარემოს ქმნიდნენ. ბაბო დადიანის სუბიექტური აზრები ამა თუ იმ პიროვნებასა თუ მოვლენაზე გულწრფელობის ნიშნითაა განსაკუთრებულად ღირებული. ეს ის შემთხვევაა, როცა ქაღალდზე გადატანილი ემოციები დროთა განმავლობაში ეპოქის დოკუმენტებად იქცევა, ხოლო ავტორი წარსულიდან ჩვენსკენ მომავალ იმ ძვირფას სილუეტთა შორის აღიქმება, ცნობიერებაში სამუდამოდ რომ რჩებიან აღბეჭდილნი..."

ქალბატონი ბაბო დადიანი 1904 წელს დაიბადა და 2000 წელს გარდაიცვალა. ამიტომაც ხშირად უწოდებენ მას "საუკუნის მანდილოსანს". გამოსათხოვარ წერილში ქალბატონი თამარ ჯავახიშვილი წერს: "გიორგობისთვის მიწურულს, დიდი სიონის ტაძრის თაღებქვეშ ყვავილებში ჩაძირული ესვენა საუკუნის მანდილოსანი, დიდებული ქალბატონი ბაბო დადიანი, ძვირფასი დეიდა ბაბო, უსაყვარლესი ბაბლი... ის, ვინც თითქმის საუკუნესთან ერთად დაიბადა და მის დამლევს აღესრულა; ის, ვინც იგემა მეოცე საუკუნის საქართველოს ტკბილ-მწარე ხვედრი და იყო ჩვენს სამშობლოსავით ლამაზი, ტანჯული და გაუტეხელი. მოწამებრივი ცხოვრება წინაპართაგან დაებედა დიდი მიხეილ შარვაშიძის შვილთაშვილს. ჩეკისტებმა მოუკლეს ახალგაზრდა მეუღლე ალიოშა მასხარაშვილი, არაერთხელ აჰყარეს და მთელი ოჯახით გადაასახლეს; მაგრამ ბამბის კრეფაში ნატკენი თითებით ის მაინც პირჯვარს იწერდა, ღვთის სიყვარული და სასოება ასულდგმულებდა, არასოდეს დაუკარგავს სულიერი მთლიანობა, არასოდეს შერყეულა არანაირი არჩევანის წინაშე. მან მხოლოდ ერთხელ აირჩია - ძველი ქართველი მორწმუნე მანდილოსნების დარად. ამ არჩევანმა მიანიჭა ძალაც და გამძლეობაც. ასე მივიდა სიცოცხლის ბოლომდე სულით და ხორცით მშვენიერი, დიდებული და ღირსეული. ცხოვრების წესად ლოცვა, თავმდაბლობა და სისადავე ჰქონდა. ურწმუნო დროში რწმენისა და სიმართლის მაგალითი იყო ეკლესიაში ფრთხილად და კანტიკუნტად მავალ ადამიანთათვის... სწორედ ურყევი რწმენისა და უმწიკვლო ცხოვრებისათვის დააჯილდოვა იგი წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით".

ქალბატონმა ბაბომ უდიდესი რისკისა და გმირობის ფასად გადაარჩინა თავის წინაპართა - ქართველ დიდგვაროვანთა სურათები, რომლებიც ახლა მისი სახლის კედლებს ამშვენებენ. ამ ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანთა ულამაზესი სახეები მეტყველებენ ქართული ჯიშისა და გენის სიდიადეზე. მათი თვალებიდან უხვად მოედინება სიწმინდე, "ქართული პატიოსნება" და კეთილ სულთა მეტყველება. სამწუხაროდ, ახლა სულ უფრო იშვიათად ვხვდებით ამგვარ გამომეტყველებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს საშინელ ეპოქაში მოუხდათ ცხოვრება, სამართლიანობის, სიყვარულისა და სათნოების ეპიზოდები მაინც იმდენად უხვად გვხვდება ქალბატონი ბაბოს მოგონებებში, რომ მოულოდნელად თვით იმ უმძიმეს ეპოქაზეც უჩნდება მკითხველს ნოსტალგია ერთგულების წრეში მოქცეული ადამიანების განუმეორებელი ურთიერთობების გამო. კითხულობ ქალბატონი ბაბოს მოგონებებს და გაოცება გიპყრობს. იმ უმძიმეს დროშიც რჩებოდა სიკეთის, ურთიერთდანდობის, ერთგულების მშვენიერი მაგალითები.

ქალბატონი ბაბო უფალმა ტკბილი სიბერითა და მშვიდი, უშფოთველი აღსასრულით დააჯილდოვა. იგი ულამაზესი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების სიყვარულით გარემოცული გავიდა ამ ქვეყნიდან. უკანასკნელ წლებში ძლიერ წუხდა, რომ სიარული და საყვარელ ეკლესიებში მისვლა აღარ შეეძლო. გარდაცვალების წინ ეზიარა. მამა პეტრე (ახლა უკვე მეუფე პეტრე) ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობით იხსენებს უაღრესად ღირსეულ და კდემამოსილ ბანოვანს, რომელმაც უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, გაქათქათებული ტანსაცმელი ჩაიცვა და ფეხზე მდგომი ეზიარა, რადგან არ სურდა ამ უდიდეს საიდუმლოს მწოლიარე ზიარებოდა. ქალბატონი ბაბო თავის "მოგონებების დღიურს" ამ სიტყვებით ამთავრებს: "ვგრძნობ უდიდეს შინაგან ძალას. ცრემლებამდე მადლობელი ვარ. დილით ვეზიარე კიდეც. ვფიქრობ ყველაფერზე, რაც იყო, რაც არის და მინდა ვთქვა: ყველას ეპატიოს დანაშაული ნებსითი თუ უნებლიე. უფალმა ყველა დაიცვას. საქართველო, ქართველი ხალხის გულუხვობით, ჩვენს ეკლესიებში აღვლენილი ლოცვებით, მუდამ აყვავებული ყოფილიყოს. იმათაც, ვინც მე გამწირა და გაუსაძლისი ტკივილები მომაყენა, ღმერთმა ყველაფერი აპატიოს".

"თქვენ ბრძანდებით ჩვენი მრევლის მზრუნველი დედა", - ასეთი შესანიშნავი სიტყვები უძღვნა ქალბატონ ბაბოს მეუფე ანანიამ. ქალბატონი თამარ ჯავახიშვილი იხსენებს, რომ იმ წუთებში, როდესაც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ქალბატონი ბაბოს სულის საოხად ლოცვებს აღავლენდა, "რაღაც დიდი და იდუმალი მადლი ყველა იქ მყოფს აღამაღლებდა. იმ წუთებში ასე მეგონა, მან ყველაფერი იცოდა და ყველაფერს ხედავდა".

სანამ ბაბო დადიანის ქალიშვილის, ქალბატონი თათული მასხარაშვილის სახლის კარს შევაღებდი ფალიაშვილის ქუჩაზე, სადარბაზოს შესასვლელთან შემხვდა მემორიალური დაფა, რომელმაც მაუწყა, რომ ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი. ბატონი თენგიზი ბაბო დადიანის უსაყვარლესი სიძე, ქალბატონი თათულის მეუღლე გახლდათ. ეს ჭეშმარიტად რაინდული ბუნების ადამიანი ჩეკისტებს არ შეუშინდა, გადასახლებაში ეახლა ბაბო დადიანს და ქალიშვილის ხელი სთხოვა მოკრძალებით. მათი სიყვარულის ამბავზე მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ თბილისში. ქალბატონი თათულის ტკივილი იმ თაობის სევდის გამოხატულებაა, "ხალხის მტრების შვილების" სახელდებით რომ დამკვიდრნენ. მათ გადაიტანეს მშობელთა, ახლობელთა დაპატიმრებები, გადასახლება, საშინელი სიტყვები: "ბეზ პრავა პერეპისკი". დედის შესახებ ქალბატონი თათული იხსენებს:

- მახსოვს, ერთხელ შევედი ოთახში და დავინახე: დედას რვეული წინ ედო და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები... ზოგიერთ ფურცელს ახლაც ამჩნევია იმ ცრემლების კვალი... ჩვენს ოჯახს ბედი მუდამ რაღაც განსაცდელს უმზადებდა... არ ვიცი, დედას რა აძლევდა ძალას, მაგრამ იმედი არასოდეს დაუკარგავს... 1937 წელს მამა უკანასკნელად დააპატიმრეს... ისევ რიგები ციხის სარკმელთან მისასვლელად... ისევ სირბილი აფორიაქებული ჭირისუფლების...

დედა საღამოს წავიდა დილისთვის რიგის დასაჭერად... აღარ მობრუნდა. ღამე არ მოვიდა, აღარც მეორე დღეს... მე და გიორგი (ძმა), ბავშვები, შევშინდით და დედის საძებნელად წავედით... ძერჟინსკის ქუჩიდან ორთაჭალამდე ფეხით ვიარეთ... ციხის კარებთან ხალხი ჩაჭედილიყო... "წყალი, წყალი!" - ყვიროდნენ ქალები. პეშვით ვაწვდიდით წყალს... ისინი დღე და ღამე იქ იდგნენ...

ბოლოს დედამ ფანჯარასთან მიაღწია. იქ უთხრეს, - გადასახლებულიაო! სასოწარკვეთილები ერთად წამოვედით. მოდიოდა დედა, უკვე ძალიან დაღლილი, დასიებული ფეხებით. ფეხსაცმელებს ვეღარ იკრავდა... ერთი ღამე და ორი დღე ხომ უძილოდ, ციხის ეზოში გაატარა...

დაღამებისას გაიქცა ნავთლუღში, რადგან უთხრეს, იქ გეტყვიან, სად გადაასახლესო. გაიგო: ეშელონი როსტოვის მიმართულებით წავიდაო.

დედა რომ როსტოვიდან ჩამოვიდა, მეზობლებმა გააფრთხილეს, - მოგაკითხესო... უნდა დამალულიყო, თორემ დაიჭერდნენ... დედა იმ პერიოდში სულ სადღაც იმალებოდა. მე და გიორგი ფაქტობრივად მარტონი ვიყავით... ხანდახან ახლობლები გვაკითხავდნენ... მედეა ჯაფარიძე მოვიდა ერთხელ... მაშინ მე 12 წლის ვიყავი, მედეა - 17-ის... რაჭიდან გამოგზავნილი ლორი და ჭადი მოგვიტანა... ვეღარ მოვითმინეთ, არ დაველოდეთ მედეას წასვლას და იქვე სასწრაფოდ დავიწყეთ ჭამა... მედეა დიდხანს მდუმარედ და ნაღვლიანად გვიმზერდა. მალე მე და გიორგი, როგორც მავნებლის და ხალხის მტრის შვილები, მე-14 სკოლიდან გაგვრიცხეს... კოშმარული გასახსენებელია ჩემთვის აბასთუმანი. იქ ბიძაჩემმა წაგვიყვანა. დედა იმალებოდა, დაჭერის ეშინოდა... 36-ში დაიწყო თანამდებობის პირების დაჭერა. მახსოვს, მამაჩემმა თქვა: "მგონი, ჩვენ მოგვეშვნენ და თავის თავის დაჭერა დაიწყესო"... მაგრამ არ მოგვეშვნენ, მამა კიდევ დააპატიმრეს. 37-ის ივლისში წაიყვანეს, 1938-ის თებერვალში დახვრიტეს.

რამდენადაც დიდი იყო ტრაგედია ჩემი და ჩვენი თაობის ახალგაზრდებისთვის, იმდენად უფრო ღრმაა ჭრილობა ამ ასაკში, რადგან ეს ჭრილობა არასდროს შუშდება... შვილებს გვაშორებდნენ მშობლებს ისე, რომ საფლავიც არ გვაქვს მათი. მეგობრების მშობლების პანაშვიდზე როცა მივდიოდი და შვილი ტიროდა მამას, ვფიქრობდი, რომ ეს დიდი უპირატესობა იყო... მას ხომ საკუთარი მამის საფლავი ექნებოდა... არ ვიცი, როგორ გადავრჩით. ახლაც, როცა დედა აღარ არის, მგონია, რომ ისევ მისი ლოცვა გვშველის და მეჩვენება, რომ მაინც ერთად ვართ.

- ბაბო დადიანის "მოგონებათა დღიურის" წაკითხვისას უჩვეულო განცდა გდევს თან. ქალბატონმა ბაბომ შეძლო, და თანაც არაერთგზის, თავიდან მოეკრიბა სასიცოცხლო ძალები, ზუსტად ხუთჯერ ნულოვანი და განადგურებული მდგომარეობიდან დაეწყო ცხოვრება. დღიურში ხშირად გვხვდება მისივე საოცარი სიტყვები: "ისევ ბედნიერად ვიგრძენი თავი"...

- ერთხელ 1960 წელს სოციოლოგიური გამოკვლევის კითხვაზე: "რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა ღირსება?" - დედამ ასე უპასუხა: "ღირსება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. მასში ვგულისხმობ რწმენას, პატიოსნებას, კაცთმოყვარეობას, თავმდაბლობას". შემდეგ ჰკითხეს: "როგორ წარმოგიდგენიათ ღირსების მოპოვების გზა?" დედამ სულ რამდენიმე სიტყვით განმარტა: "ძალიან უბრალოდ - იარო მართალი და სწორი გზით". დედას ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია. მახსოვს, ერთხელ დარკვეთიდან ჩამოვედით. აღარაფერი გაგვაჩნდა; არც ბინა, არც სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. დედამ სერვიზი გაყიდა, ჩემთვის ჩექმები რომ ეყიდა. მე ქიქოძეებთან მტოვებდა, ჩემს ძმას - თავის დეიდაშვილთან. თვითონ კი, ფანჯრიდან ვუყურებდი, გავიდოდა ქუჩაში, იდგა და დიდხანს ფიქრობდა, თუ სად წასულიყო ღამის გასათევად. სულ ცრემლები, ცრემლები... ორჯერ მამის დაჭერა მახსოვს, აყრა, ბარგის ჩალაგება... ყველაფერ ამას თან სდევდა შიში, რომ დედასაც დაიჭერდნენ. იგი არ იყო თბილისში. მეზობელი დახვდა სადგურში და გააფრთხილა, არ ჩამოხვიდე, ჩეკისტებმა მოგაკითხესო. ამას წინათ ჩემი ბავშვობის მეგობრები შევიკრიბეთ და გავიხსენეთ ის დრო. გაკვეთილზე რომ ვიყავი, მასწავლებელს კი არ ვუსმენდი, ვფიქრობდი: ახლა შინ რომ მივალ, ვაითუ ბინა აყრილი და გაჩხრეკილი დამხვდეს-მეთქი. მუდამ თან მდევდა შიში - დედა არ წაეყვანათ. მაგრამ იგი ვაჟკაცურად იმალებოდა. ჩეკისტებს კი დროც აღარ ჰქონდათ ძებნის, იმდენი ხალხი ჰყავდათ დასაჭერი...

- ქალბატონ ბაბოს იმ დათრგუნულ გარემოშიც არ დაუკარგავს სილამაზის გრძნობა. მისი თითოეული სტრიქონიდან საოცარი სიფაქიზე გამოკრთის. დღიურების წაკითხვისას რწმუნდები, რომ მასში არაჩვეულებრივად შერწყმული იყო ერთმანეთთან სინაზე, მშვენიერება და ამავდროულად მტკიცე, ვაჟკაცური ბუნება. საოცრად ერთგული დედა, მეუღლე და მეოჯახე იყო...

- დღიურების დასაწყისში დედა წერს: "ოჯახი ადამიანის გამომჩენია, მისი კარგის მაჩვენებელია. სახლის გარეგნობაც კი თვალსაჩინოდ ჰყოფს იქ მცხოვრების ვინაობას. ჩემთვის საკმარისია თვალი გადავავლო სახლის გარეგნობას და მაშინვე მოგახსენებთ, რა თვისების კაცია მისი პატრონი: მუყაითი, მშრომელი, მოყვარული თავისი ოჯახისა თუ უქნარა, მცონარა და გამფლანგავი.

რა არის ოჯახი, ბინა? ოჯახი კაცისთვის ის პატარა ქვეყანაა, რომელსაც სავსებით მფლობელობს. თითოეულ საგანს აზის დაღი პატრონის ავკარგიანობისა, მისი შრომისა და მზრუნველობის.

არა მარტო ჩემი ღირსების დასაცავად, არამედ ჩემივე სიამოვნებისთვისაც, განუწყვეტლივ უნდა ვცდილობდე, რომ ბინა სუფთა, შნოიანი და ოჯახი მყუდრო იყოს.

როგორც ყოველთვის ყოფილა საქართველოში, უწინ ქალი აფაქიზებდა გარემოს. მამაკაცთა ზნეობრივ მხარეში რაიმე მიუღებელს ფესვებშივე აქრობდა ისე, როგორც ქვეყნისთვის მავნებლურ უთანხმოებას... რადგან უთანხმოება ოჯახში ნიშნავს უთანხმოებას ქვეყანაში. ღირსება ოჯახში ნიშნავს ქვეყნის ღირსებას".

დედას ჰქონდა საოცარი უნარი, ყოველი დღე დღესასწაულად ექცია და თავის გარშემო იდილია და მყუდროება შეექმნა. როდესაც შუა აზიაში გადაგვასახლეს, მიწურში დავიდეთ ბინა. კეთილმა ადამიანებმა ბამბები მოგვიტანეს, რათა ძირს დაგვეგო. ქვეშაგების წაღების უფლება კი გვქონდა. მახსოვს, დედამ სახელდახელოდ ჩითის ნაჭრისგან ფარდა შეკერა, ნაჭრის ნაწილი მაგიდას გადააფარა. იქით პატარა ლარნაკი დადგა. იმ მიწურშიც რომ შემოსულიყავით, იგრძნობდით, რომ იქ ქალი ცხოვრობდა. შინაგან სიფაქიზესთან ერთად პრინციპულობა და სიმკაცრეც სჩვეოდა. თუ ვინმესგან რამე არ მოეწონებოდა, შენიშვნას მისცემდა, არ მოერიდებოდა. თან ეტყოდა; ჩემგან არ გეწყინოსო. ასეთი ძლიერი ბუნება გენეტიკურადაც მოსდგამდა. საოცარი ქალი იყო მისი გამზრდელი ბებია - თამარ შარვაშიძე, რომელმაც დედას ბევრი კარგი რამ შთააგონა.

დედას ძალიან უყვარდა ყვავილები. ზამთარ-ზაფხულ ჩვენს სახლში ცოცხალი ყვავილები ეწყო ლარნაკში. ბაზარში რომ წავიდოდა, ჯერ ყვავილებს იყიდდა, ვაითუ მერე ფული აღარ დამრჩესო. დედა რელიკვიად აქცევდა ყველაფერს, მაგალითად, მარტვილის ეკლესიაში მოწყვეტილ ყვავილს, რომელიც დღიურის ფურცლებშია ჩაკრული, წარწერით: "მოწყვეტილია მარტვილის ეზოში". ოჯახში შემონახული გვაქვს ყაზახეთის პლანტაციებში მოკრეფილი ბამბის მცენარე.

საოცრად უყვარდა ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები. უყვარდა თეატრი. ძალიან უყვარდა სტუმარი. უშურველად უმასპინძლდებოდა ყველას. მამაჩემიც საოცრად სტუმართმოყვარე კაცი იყო. ჩვენს ოჯახში ხშირად იშლებოდა სუფრა. ამ მხრივ და ბევრი სხვა თვისებებითაც დედას ხშირად აგონებდა მამაჩემს ჩემი მეუღლე. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა სიძესთანაც და რძალთანაც.

ქველმოქმედი იყო დედა. ომის პერიოდში, გაჭირვების წლებში სამეგრელოდან გასაზრდელად წამოიყვანა თავისი ძიძიშვილი - 5 წლის ლუდა სართანია. თავიდან ქართულიც კი არ იცოდა, მხოლოდ მეგრულად ლაპარაკობდა. ერთ წელიწადში კი უკვე რუსულადაც დაიწყო ლაპარაკი. შუა აზიაშიც წამოგვყვა. პუშკინზე ისეთი მოხსენება დაწერა სკოლაში, რომ მასწავლებელი აღფრთოვანებული დარჩა. უნიჭიერესი ადამიანი იყო. წლების მანძილზე უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის თანამშრომელი გახლდათ. ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სიკეთის უხვად გამცემი ადამიანი იყო. საოცარი სითბოთი და სიყვარულით იგონებენ მას თანამშრომლები. ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძალიან უყვარდათ. უნივერსიტეტში 50 წლის იუბილე რომ გადაუხადეს, უწმიდესმა დიდი ოქროს ჯვარი აჩუქა და უთხრა: "სადაც თქვენ შედიხართ, ყველგან შეგაქვთ შუქი ნათელი". აი, ასეთად გაზარდა დედამ თავისი ძიძიშვილი.

შუა აზიაში ერთი რაჭველი ბიჭიც აიყვანა დედამ, ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ლუკმაპურს ვიყოფდით. თავიდან გადასახლებაში ბინები საკმარისად არ იყო და სკოლის დერეფანში ვათევდით ღამეს. ქალები და კაცები - ყველანი ერთად იყვნენ მოთავსებულნი. ჩვენ შეგვიკედლა ჩემი მეგობრის ძმამ. ინჟინრად მუშაობდა და ორი ოთახი ჰქონდა. იმ საერთო დერეფანში იყო ქეთინო ზალდასტანიშვილი. სულ რაღაც ორი კვირის გათხოვილი იყო, ქმარს მოსწყვიტეს და შუა აზიაში გადმოასახლეს ჩვენთან ერთად. დედას ვერ გაუძლო გულმა, ქეთინო რომ დაინახა ამ საერთო შუშაბანდში და უთხრა: - წამოდი ჩვენთან და აქ გიორგი დაწვებაო.

- რა ფასად დაუჯდა ბაბო დადიანს თავის წინაპართა სურათების გადარჩენა?

- ჩემს მეგობართა უმეტესობა რეპრესირებული ოჯახებიდან არიან. მათ ალბომებიდან ამოჭრილი ჰქონდათ თავიანთი წინაპრების სურათები. ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე ხშირად იხსენებს, როდესაც ბაბო დადიანის მიერ გადარჩენილი სურათების გამოფენა ვნახე, დედას შევჩივლე: - შენ რატომ გაანადგურე ჩვენი წინაპრების სურათებიო. დედას უპასუხია: - რა ვქნა, შვილო, ის გმირია, მე კი არაო.

- თქვენს წინაპართა შორის ალბათ სასულიერო პირებიც იყვნენ...

- დიახ, ბაბუაჩემის ბიძა, გრიგოლ დადიანი გახლდათ მარტვილის ეპისკოპოსი. დედას ბავშვობიდანვე საოცარი სწრაფვა ჰქონდა ეკლესიისკენ. იცავდა მარხვას და არ მახსოვს, ოდესმე დაერღვიოს. 90-იან წლებში, როცა საოცრად ჭირდა, სითბოც არ გვქონდა, დედას ვთხოვე: დედი, მთელი შენი ცხოვრება წვალობდი, ამდენი გაჭირვება გამოიარე, იქნებ უწმიდესს სთხოვო ლოცვა-კურთხევა, რომ აღარ იმარხულო-მეთქი. ძალიან გამიჯავრდა, - მეორედ აღარ გამიმეორო, თუ მე გაწუხებ ჩემი მარხვით, თვითონ მივხედავ ჩემს თავსო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სიმწარე და მუხანათობა იგემა, არ მახსოვს, ვინმეზე ან რამეზე გაბოროტებულიყოს. აქცენტს უფრო კარგზე აკეთებდა, ვიდრე ცუდზე.

ბოლო წლებში მოტყდა. ლუდიკოს ინსულტი მოუვიდა და ამას ძალიან განიცდიდა. მაინც არასდროს იტყოდა: ცუდად ვარო. 24 სექტემბერს წყნეთში დაბადების დღე გადავუხადეთ და როდესაც წამოვედით, მოტრიალდა და თქვა: რა გითხრა, წყნეთო, მშვიდობით თუ ნახვამდისო? ვუთხარი: ათი წელია, დედა, რაც მაგას ამბობ. ნახვამდის უთხარი და გაისად ისევ ამოგიყვანთ-მეთქი. მაგრამ გულზე კი მომხვდა მისი ნათქვამი - უკვე აღარ იყო კარგად. ნოემბერში გარდაიცვალა. დიდხანს არ უწვალია.

- სამწუხაროდ, ბაბო დადიანი თავისი საყვარელი მეუღლის გვერდით ვერ დაიკრძალა, რადგან მისი საფლავიც კი არავინ იცის. რაღაც საოცარი სიყვარული ჰქონდათ თქვენს მშობლებს. ამაზე რას გვეტყვით?

- მათ სიყვარულზე მეტყველებს წერილი, რომელიც მამამ დედას მეტეხის ციხიდან გამოუგზავნა: "ჩემო სულიერად და ხორციელად ლამაზო და კარგო, სიხარულო და სიამაყევ, შენ, რომელიც უკიდურეს და სასოწარკვეთილ მომენტშიაც, როდესაც სული სიკვდილთან შერიგებული იყო და ამ წუთისოფლის სიცოცხლეს განვლილად სთვლიდა, მაშინაც თვალწინ მედექი, როგორც წმინდა ანგელოზი, აფაქიზებდი და აკეთილშობილებდი საზიზღარ, ბინძურ ატმოსფეროს, რაშიც მე ვიმყოფებოდი. არასოდეს წარმომედგინა, რადგან არასოდეს არ წამიკითხავს ისეთი ნაწერი ტრაგედია, რომელიც თავისი სიღრმით შეედრებოდეს იმ განცდებს, რადგანაც ალბათ არასოდეს გამოუანგარიშებიათ და შეუსწავლიათ ის მეთოდები წამების, რომლის საშუალებით კაცის მთელი არსება ყოველმხრივ გაეწამებინათ. იცოდე, ჩემო სიამაყევ, ყოველივე საშუალება წამების, რომელიც აქვს ამ საშინელ მანქანას, ჩემზე ნახმარი იყო, მაგრამ ყოველივე სიმწარე სიტკბოებად აქციე შენ.

გთხოვ, ამ წუთსაც არ გექნეს ეჭვი, მაშინ, როდესაც მე ცივ, საშინელ სიმყრალეში ვიჯექი და სიკვდილს ველოდებოდი, კაცს რომ ეთქვა ჩემთვის, რა გირჩევნია, რომ არასოდეს საქართველოში არ ჩამოსულიყავი, ახლა სადმე ტაიტის კუნძულებზე იყო, სადაც მუდამ გაზაფხულია და სილამაზე და ქონებით, ფუფუნებით იცხოვრებდიო, შეურაცხყოფილად ჩავთვლიდი ჩემს გრძნობებს, რადგან იმდენ ბედნიერებას და ნეტარებას ვერსად ვნახავდი, რამდენიც მე შენ მომანიჭე. ოჰ, ცუცნა, როგორ მიყვარხარ, შენ რომ იცოდე, როგორ პატივს გცემ, როგორ გაფასებ, როგორ მინდა მოვესწრო იმ სანატრელ მომენტს, როდესაც მე შენ ისევ მოგივლი, გეალერსები, სიყვარულით დაგკოცნი...

მე მინდა, როგორც შენ გეკადრება, ისე გაგრძნობინო, რომ თუმცა ეს ცხოვრება უკუღმართია, სიკეთე, სისპეტაკე ყოველთვის ტანჯვით არ ჯილდოვდება, არამედ ბნელ ღამეს მოჰყვება ნათელი დილა და ცივ ზამთარს თბილი და ლამაზი გაზაფხული..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler