- ჩვენ ყველა ათეისტურ ეპოქაში გავიზარდეთ და ტაძარში სხვადასხვა გზით მოვედით. თქვენ როგორ გაიხსენებთ ბავშვობას? როგორი ცხოვრება განვლეთ, სანამ სასულიერო პირი გახდებოდით?
- თავადაც იცით, როგორი დრო იყო - სკოლაში გვასწავლიდნენ, თქვენი დედა პარტიაა, მამა - ლენინი, წინაპარი კი მაიმუნიო. თუმცა შინაგანად არასოდეს მიმიღია ეს სწავლება; ოცნება მიყვარდა, სულ ცას ავყურებდი, მაინტერესებდა, რა იყო იმის იქით. ვფიქრობდი, შეუძლებელია, ეს ყოველივე თავისთავად შექმნილიყო-მეთქი.
ასე კი ვფიქრობდი, მაგრამ ჭეშმარიტებისთვის ვერ მიმეგნო - თუ არავინ გაგიძღვა წინ, ძნელად თუ მიხვდები ამას.
- შინ როგორ ეკიდებოდნენ თქვენს ასეთ განწყობას?
- მამა მორწმუნე გახლდათ, ოღონდ თავისებურად - პირჯვარს იწერდა, ჩვენს ოჯახში მუდამ მზადდებოდა საკურთხი მიცვალებულებისთვის, ქრისტეს აღდგომას დიდი სიხარულით ვხვდებოდით... მაგრამ ამ ყველაფერს მაინცდამაინც არ ვუღრმავდებოდი და არც თვითონ იცოდა იმდენი, ჩემთვის ესწავლებინა - ჩვენთან, ზესტაფონში, არც ეკლესია იყო, არც სასულიერო პირი. თუმცა კი ეროვნული სულისკვეთებით მზრდიდა, მაყვარებდა ეკლესიებს, მონასტრებს, საზოგადოდ, ჩვენს ისტორიას, დავყავდი წმინდა ადგილებზე.
- ამის გამო სკოლაში პრობლემა არ შეგქმნიათ?
- როგორ არა, მერვე კლასიდან თითქმის ყველა ჩემს მეგობართან ერთად სკოლიდან გამომაძევეს. განსაკუთრებულს არაფერს ჩავდიოდით, - არც კი გვესმოდა, რა უნდა გვეკეთებინა, - უბრალოდ, თავისუფლებაზე ვლაპარაკობდით. როგორც ჩანს, დავალება მიიღეს, რომ ერთად არ დავეტოვებინეთ. მე მითხრეს, ან წახვალ, ან კლასში ჩარჩებიო. საგანგებოდ მოვემზადეთ და გამოცდა ჩავაბარეთ, მაგრამ სკოლის დატოვება მაინც მოგვიხდა.
ჩემდა საბედნიეროდ, სპორტს მივდევდი და თბილისში, სპორტულ სკოლაში, განვაგრძე სწავლა, მაგრამ ჩემი სული უფრო ხელოვნებისკენ მიისწრაფოდა, ამიტომ გამოვიპარე და ზესტაფონში დავბრუნდი, ოღონდ სხვა სკოლაში.
- მაგრამ პიროვნულად ხომ ვერ შეიცვლებოდით?
- რა თქმა უნდა, პრობლემები არც იქ მომკლებია. მოგვიანებით ერთმა მასწავლებელმა მითხრა, გულში თქვენს მხარეს ვიყავით, მაგრამ ისეთი დრო იყო, ცრემლს ვერ გამოვაჩენდითო.
იმხანად რელიგიასთან არაფერი გვაკავშირებდა. მოგვიანებით რაიონულ გაზეთში დაწერეს ჩემზე, შავი მანტია აქვს მოსხმული - ნაფეხურებში არ იგრძნობოდა მისი რელიგიურობა, 30 წლის ასაკში კი უეცრად სასულიერო პირად მოგვევლინაო.
...უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს რომ ვაბარებდი, ზოგად განათლებაში გასაუბრება კარგად გავიარე. რექტორმა (გამოცდას ესწრებოდა) მითხრა, სტუდენტი რომ გახდები, უთუოდ დავმეგობრდებითო. უკვე ოთახიდან გამოვდიოდი, რომ კიდევ ერთი რამ მკითხეს - რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი, საით მიისწრაფვითო? ჩემდა საუბედუროდ, ალალად ვუპასუხე, ჩემი ცხოვრების მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობაა-მეთქი. ამას რა მოჰყვა, ალბათ, თვითონაც მიხვდებით.
- არ მიგიღეს?
- არც მაშინ და არც მერე.
- არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში?
- არც ერთში. ბოლოს სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე.
- როდის და როგორ დაინახეთ, რომ ის, რასაც მთელი სიცოცხლე ეძებდით, ღმერთი იყო?
- მე ხომ მუდამ ვეძებდი ღმერთს; ვფიქრობდი: ვთქვათ, მიაღწიე, რაც გინდოდა, გახდი ცნობილი პიროვნება, პოლიტიკოსი (სხვათა შორის, პოლიტიკური მიდრეკილებებიც მქონდა), მერე რა? ბოლოს რა იქნება?.. გამუდმებით დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მქონდა... ადამიანები პატარა არსებები ვართ - რამეს რომ მივაღწევთ, უფრო მეტი გვინდება და ასე უსასრულოდ.
მამის გარდაცვალებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს არსებაში; მომეკვეთა ადამიანი, ვისგანაც უამრავს ვსწავლობდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა, თვითმკვლელობასაც კი შთამაგონებდა ეშმაკი, მაგრამ ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ამ აზრს არ დავემორჩილე. მამაჩემს რომ ვასაფლავებდით, ჩავძახე - მამა, ეგებ იქიდან მაინც მითხრა, ჭეშმარიტება სად არის-მეთქი. უფალმა თუ გაიგონა ეს სიტყვები - სწორედ იმ დღიდან დაიწყო ღვთისკენ ჩემი შემობრუნება. 40 დღე ყოველღამ მეჩვენებიდა მამა და ილოცეო, მეუბნებოდა. შემდეგ კი ერთი საოცარი ამბავი მოხდა: სახარება ჩამივარდა ხელში.
მეგობართან ერთად ყირიმში ვიყავი. ქუჩაში ერთმა მოხუცმა შემაჩერა და მითხრა, მორწმუნეს ჰგავხარო. რა თქმა უნდა-მეთქი, ამპარტავნულად მივუგე და მამაჩემის ნაჩუქარი ჯვარი ვაჩვენე. ეგ არ არის მთავარიო, - მითხრა ქალმა, - მთავარი ისაა, როგორ ცხოვრობ, გაქვს თუ არა რწმენა, გულით ატარებ თუ არა ჯვარსო. მისი ნათქვამი ცოტა არ იყოს, ფილოსოფიური მომეჩვენა. მაშინ მან თავისთან წაგვიყვანა და გვესაუბრა. ზუსტად არ მახსოვს, რაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც ახალი შემოდიოდა ჩემში. საუბარი რომ დაამთავრა, ორი ბიბლია გამოიტანა, ერთი ჩემს ახლობელს მისცა, მეორე - მე და მითხრა, მღვდელი გახდები, ეს წიგნი კარგად შეისწავლეო.
- მაშინ ამას შესაძლებლად მიიჩნევდით?
- სკოლა რომ დავამთავრე, მამაჩემმა პირველად შემომთავაზა, სემინარიაში ჩააბარეო. მოგვიანებით კიდევ ერთხელ სცადა დავერწმუნებინე - იქნებ სასულიერო პირი გახდეო. თუ ოდესმე კიდევ მეტყვი ამას, საერთოდ დავიკარგები-მეთქი, მივუგე. მე ხომ მაშინ სულ სხვა აზრები, სულ სხვა მისწრაფებები მქონდა, სხვაგვარად მესახებოდა საკუთარი მომავალი, სხვაგვარად მესახებოდა საქართველოს ხსნა... მართლაც აღარაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, იმ ქვეყნიდან შემეწია მისი მადლი.
ამ მოხუცი ქალის ნათქვამმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მორჩილად დავბრუნდი ზესტაფონში. შევიტყვე, რომ ჩვენს მახლობლად ეპისკოპოსს ეყიდა ბინა. დედამ ჩამოსვლისთანავე გამაცნო. რომ მივედით, კარებში გამოდიოდა, მაგრამ შეყოვნდა და მიქადაგა. იმ დღიდან ეკლესიაში ყოფნის სურვილი არ დამიკარგავს. დღეს ის ეპისკოპოსი მცდარი სწავლების გამო დაყენებულია მღვდელმთავრობიდან. ძალიან მწყინს, რადგან მან დიდი როლი შეასრულა ჩემს მოქცევაში. მაგრამ ეკლესიაში ხომ ადამიანისთვის კი არა, ღვთისთვის მოვდივართ, პავლე მოციქული კი ბრძანებს - ანგელოზიც რომ იყოს, თუ იმას არ გასწავლის, რაც სახარებაში წერია, შეჩვენდესო.
ჩემი პირველი მოძღვარი დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი გახლდათ. იმხანად მისი ქადაგებები უკვე მოსმენილი მქონდა. ერთ დღეს მეგობრებთან ერთად წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძარში წავედი. რომ შევედით, მამა არჩილი ახალგაზრდებს ჯვარს სწერდა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ კურთხევა იყო საჭირო, ამიტომ პირდაპირ გალობა დავიწყეთ. მამა არჩილმა გამოგვხედა, მაგრამ ხელი არ შეგვიშალა. ჯვრისწერა რომ დაასრულა, ჩვენთან მოვიდა და შეგვაქო - კარგად იგალობეთო; თუმცა კურთხევის გარეშე, მაგრამ არა უშავსო. უფალს ვევედრებოდი, მგალობელ ვაჟთა გუნდი მყოლოდაო... და - ჩემთან თუ დარჩებით მგალობლებადო, გვკითხა. თვითონაც ხომ უფალს ვეძებდი... ვუპასუხე, სადღა წავალ, თუკი ღმერთს აქ ვუნდივარ-მეთქი. დავრჩით...
დიდი ამაგი აქვს ჩემზე დეკანოზ გრიგოლ აბულაძესაც.
მოგეხსენებათ, მაშინ ეკლესიას მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატი აკონტროლებდა. თუ ეს საბჭო საბუთს არ მოგცემდა, მღვდლად ვერ გაკურთხებდნენ. წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმე ჯვარი იქნებოდა პატრიარქობა, ეპისკოპოსობა, მღვდლობა... დღეს დროდადრო აუგად ახსენებენ ჩვენს პატრიარქს; აბა, იმაზე დაფიქრდნენ, რა განსაცდელში გამოატარა ეკლესია და ფეხზე დააყენა!
იმას გიყვებოდით - სემინარიაში რომ ვაბარებდი, შემოვიდა გამოცდაზე რწმუნებულის მოადგილე, დიდი საქაღალდით ხელში. უეცრად ჩემი გვარი მომესმა, მაგრამ ვიფიქრე, გრიგოლ ფერაძეზე თუ ლაპარაკობენ-მეთქი (ჯერ წმინდანად არ იყო შერაცხული). პატრიარქმა დამიძახა. მივედი. მიუბრუნდა იმ კაცს და, ჩვეულებისამებრ, მშვიდი და თბილი ხმით ჰკითხა: რა გნებავთო? მან საქაღალდე გადაშალა და ჩამოთვალა, ესა და ეს გააფუჭაო. ვიფიქრე, არ მიწერია-მეთქი სემინარიაში ყოფნა... საოცარია უწმიდესი - რაღაც შეცდომა იქნება, ეს არ არის მაგის გამკეთებელიო, - მომხვია ხელი და გულში ჩამიკრა. ეს ჩემთვის უზარმაზარი ნუგეში იყო.
- ვინ და როდის დაგასხათ ხელი მღვდლად?
- 1991 წელს ბათუმში ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა ადამიანმა, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძემ). იგი უფლისმიერი სიმშვიდისა და სიყვარულის მაგალითი გახლდათ.
ჯერ ხარაგაულში გამამწესეს მღვდლად, შემდეგ - ხულოში, სადაც სასულიერო სასწავლებელშიც ვმოღვაწეობდი, ბოლოს კი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს (ამჟამად მთავარეპისკოპოს) დიმიტრის (შიოლაშვილის) ლოცვა-კურთხევით მისი რექტორიც ვიყავი. დღეს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კვიპროსზე ვმსახურობ.
- ვიცი, რომ თქვენს ოჯახში ექვსი თუ შვიდი ობოლი ბავშვი იზრდებოდა...
- მაშინ უკვე მღვდელი გახლდით. მძიმე დრო იყო, ხალხი შიმშილობდა, განსაკუთრებით - რაიონებში. ამის შემხედვარეებმა გადავწყვიტეთ, ბავშვთა სახლი დაგვეარსებინა. ამოვარჩიეთ სასწავლებლის შენობა, პრეზიდენტი გამსახურდიაც შეგვპირდა დახმარებას... შემდეგ კი ყველასთვის ცნობილი მოვლენები განვითარდა, მდგომარეობა შეიცვალა და... ამ ბავშვებიდან ზოგი ჩვენთან დარჩა - მე და ჩემი მეუღლე ქეთევანი საკუთარი შვილებივით ვზრდიდით. ზოგიერთი უკვე სასულიერო პირიცაა: ის ორი დიაკვანი, რომლებიც კვიპროსზე მყავს - მამა ანდრია და მამა დავითი, თბილისში - მღვდელი ილია (მაღლაფერიძე).
ასე რომ, უფალი თავის შვილებს უნუგეშოდ არ ტოვებს.
- უღრმესი მადლობა, მამა ზაქარია, საინტერესო საუბრისთვის.
- ღმერთმა დაგლოცოთ.
ესაუბრა
ხათუნა რაქვიაშვილი
ხათუნა რაქვიაშვილი