ღირსი პახომი დიდი (+348) - 15 მაისი (28 მაისი)
ღირსი პახომი დიდი (+348) - 15 მაისი (28 მაისი)
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ. პახომიმ ქრისტიანები მოგვიანებით გაიცნო, როდესაც მცირე ხნით ჯარში მსახურობდა. წმინდა ცხოვრებისადმი მიდრეკილება კი ძალიან ადრე, ქრისტეს სჯულის აღიარებამდე ემჩნეოდა.

ერთხელ მშობლებმა უთხრეს, მუშებთან ქვაბით ხორცი წაეღო. ღამე იქვე გაათია და პირველ საცდურს სწორედ იქ გადაეყარა - მასპინძლის ერთ-ერთი ქალიშვილი, რომელიც მეტად ლამაზი იყო, შეეცადა, როგორმე ეცდუნებინა. გონიერმა ჭაბუკმა მკაცრად უთხრა: "ამ საშინელ საქმეს არ გავაკეთებ. განა ძაღლი ვარ, რომ ჩემს დასთან შევცოდო?" და დაუყოვნებლივ დაბრუნდა შინ.

მოგვიანებით ამ ამბავს ბერებს უყვებოდა და ურჩევდა, რომ არ წამოგებოდნენ საცდურებს.

წმინდა პახომი რომ წიგნიერი კაცი იყო, ამას მისი საქმიანობაც ადასტურებს. მისი მშობლები შეძლებულები იყვნენ. ეგვიპტელები დიდად აფასებდნენ განათლებას და შვილებს ხუთი წლის ასაკიდან გზავნიდნენ სკოლაში, სადაც წერა-კითხვას და ეთიკის ნორმებს ასწავლიდნენ.

20 წლის პახომი არმიაში გაიწვიეს. იმ დროს იმპერატორ კონსტანტინეს ომი ჰქონდა ვინმე "ტირანთან", ალბათ მაქცენსიუსთან. 315 წელს პახომი ახალწვეულებთან ერთად გზას გაუდგა. საღამო ხანს რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად საპყრობილის მცველად დააყენეს. მალე მათთან ქრისტიანები მივიდნენ და ძალების აღსადგენად საჭმელი შესთავაზეს. პახომი დაინტერესდა და ჰკითხა მათ, რატომ ზრუნავთ ასე უცხო ადამიანებზეო. უპასუხეს, - ჩვენ ქრისტიანები ვართ და ასე ღვთის გულისთვის ვიქცევითო. ამ სიტყვებმა ძლიერი გავლენა მოახდინა ჭაბუკზე.

მეორე დღეს პახომი სხვებთან ერთად კვლავ გზას გაუდგა. ქალაქ ანტინოეში შეჩერდნენ, სადაც მრავალი ახალგაზრდა ჯარისკაცი განცხრომას და გართობას მიეცა. პახომის აყოლიებაც სცადეს, მაგრამ ჭაბუკი ცდუნებას არ აჰყვა და თავი დააღწია მათ.

იმპერატორმა კონსტანტინემ მტერი დაამარცხა და მისი ბრძანებით ჯარისკაცები დაითხოვეს. დადგა დრო, რომ ღვთის ნებით პახომი ქრისტიანი გამხდარიყო. მას დიდი სურვილი ჰქონდა უფლის სამსახურში ჩამდგარიყო, სულისა და ხორცის სიწმინდე შეენარჩუნებინა და კეთილი საქმეები ეკეთებინა.

არმიიდან მიყრუებულ სოფელ შენესიტისკენ გაემართა. სწორედ იქ ეზიარა ქრისტეს სჯულს და იქაურ ეკლესიაში მოინათლა. სოფლის მახლობლად ძველ, მიტოვებულ სალოცავში დასახლდა და იქ კარგა ხანს ცხოვრობდა. უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობის გავრცელების შედეგად მრავალი წარმართული ტაძარი დაცარიელდა. საკვებს დიდი შრომის შედეგად მოიპოვებდა, მოჰყავდა ბოსტნეული. ეს ბოსტნეული და პალმის ნაყოფი იყო საკვები იმათთვისაც, ვინც მასთან მივიდოდა სტუმრად, სარჩოს აგრეთვე შენესიტის გლახაკებსაც უნაწილებდა. პახომის სიბრძნე, კეთილშობილება, მოყვასისადმი სიყვარული ბევრ ადამიანს იზიდავდა მასთან მუდმივ საცხოვრებლად. იმხანად უფლის ნებით მრავალს უჩნდებოდა სურვილი, დაეტოვებინა ხმაურიანი ქალაქები და თუ სადმე განდეგილი გამოჩნდებოდა, მის გარშემო ერთიანდებოდნენ. სულიერი მოძღვრის ძიება თავად პახომიმაც დაიწყო. იქნებ სწორედ იმის გამო, რომ თავად ხელმძღვანელობდა მასთან მისულ ადამიანებს, მასაც გაუჩნდა სურვილი, მოძღვარი ჰყოლოდა. შენესიტის შემოგარენში მცხოვრები პახომი ყველაფერში ეხმარებოდა სოფლელებს. როდესაც სოფელში რაიმე გადამდები სენი გავრცელდებოდა და მრავალი ადამიანი იღუპებოდა, პახომი ავადმყოფებს უვლიდა და ადგილობრივების სახლებში დიდი რაოდენობით აკაციის ყვავილი მიჰქონდათ, რათა დაეწვათ და ჰაერი გაეწმინდათ.

ბერობის პირველ წელს პახომი კარგად ვერც განასხვავებდა მართლმადიდებლურ სწავლებას ერეტიკოსთა აზროვნებისგან. ვერ ხვდებოდა, სად იყო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია. მის გადაბირებას ერეტიკოსები ცდილობდნენ. პახომიმ იცოდა, რომ არსებობდა სწავლებები, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა ერთმანეთისგან განესხვავებინა მართლმადიდებლობა და ერეტიკოსობა. გაორებული ცხარე ცრემლებით ევედრებოდა უფალს, ეჩვენებინა მისთვის, თუ სად იყო ჭეშმარიტება. მას ხმა ჩაესმოდა, რომ ჭეშმარიტება სწორედ იმ ეკლესიაში იყო, რომელსაც ალექსანდრიის ეპისკოპოსი ალექსანდრე ხელმძღვანელობდა.

იმდენად დიდი იყო პახომის სურვილი, სულიერი მოძღვარი ჰყოლოდა, გადაწყვიტა, თავისი საცხოვრებელი დაეტოვებინა. წასვლამდე ერთ მოხუც ბერს სთხოვა, მის ნაცვლად მოეყვანა ბოსტნეული და ხილი სოფლის გლახაკებისა და მომლოცველებისთვის.

პახომიმ იმ ადგილის ძებნა დაიწყო, სადაც მდებარეობდა უდიდესი ღვაწლით ცნობილი ბერი პალამონი. ბერი დასახლებული ადგილებიდან მოშორებით ცხოვრობდა და მთელ ქვეყანაში დიდი პატივით სარგებლობდა. მის გარშემო სხვა ბერებიც სახლობდნენ, რომლებიც მისი ცხოვრების წესს ჰბაძავდნენ და მისი რჩევებით ხელმძღვანელობდნენ. ბევრი მალე ტოვებდა იქაურობას და სხვაგან მიდიოდა, რადგან წმინდა ბერის ცხოვრების მკაცრი წესი მათ ძალებს აღემატებოდა. როდესაც პახომიმ აბბა პალამონის კარზე დააკაკუნა, ბერმა იკითხა:

- რატომ აკაკუნებ?

პახომიმ უპასუხა, რომ ბერად გახდომა სურდა.

წმინდა ბერი არწმუნებდა, უკან დაბრუნებულიყო, რათა ჯერ თავი გამოეცადა, შეეძლო თუ არა ისე ეცხოვრა, როგორც პალამონის მოწაფეები ცხოვრობდნენ. ამბობდა:

- უნდა გაგაფრთხილო, თუ რამდენად რთულია ბერული ცხოვრება. ღამე ვფხიზლობთ და ღვთის სიტყვაზე ვფიქრობთ. შემდეგ მთელი დღე ფიზიკურად ვშრომობთ, თოკებს ვგრეხთ, რომ ძილს ვებრძოლოთ და ამავე დროს, მოვიპოვოთ ის, რაც არსებობისთვის არის აუცილებელი. რაც არ გვჭირდება, გლახაკებს ვურიგებთ. რაც შეეხება იმას, რომ ვჭამოთ მოხარშული, ზეთიანი, დავლიოთ ღვინო, ასეთი რამ არც ვიცით, რას ნიშნავს. ყოველდღე ვმსახურობთ ზაფხულში, ზამთარში კი ორი-სამი დღე გადაბმულად. ლოცვის წესი ასეთია: დღისით ვლოცულობთ სამოცდაათჯერ და ღამითაც სამოცდაათჯერ. იმ ლოცვების გარდა, რომელსაც ყველა წამში ვამბობთ და რომლის სათვალავიც კი არ ვიცით.

აბბა პალამონი არწმუნებდა, ჯერ გამოეცადა თავი და შემდეგ მისულიყო მათთან.

პახომიმ გადაჭრით უთხრა ბერს:

- დიდი ხნის განმავლობაში ვცდიდი ჩემს თავს, სანამ აქ მოვიდოდი.

მაშინ პალამონმა კარი გახსნა, პახომის გადაეხვია და აუხსნა, რომ რაც მანამდე უთხრა, მისსავე საკეთილდღეოდ იყო თქმული და არა პატივმოყვარეობის გამო. თუმცა აბბამ კვლავ გამოთქვა სურვილი, რომ პახომი სახლში დაბრუნებულიყო და თავი გამოეცადა.

პახომი შეეწინააღმდეგა:

- მე გამოვცადე ჩემი სული და დარწმუნებული ვარ, რომ უფლის დახმარებითა და შენი ლოცვების შეწევნით, ჩემთან დაკავშირებით მშვიდად იქნები.

ბერმა უპასუხა:

- ძალიან კარგი.

პახომი მაშინვე მიიღეს. აბბა პალამონი რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა, რათა გამოეცადა ლოცვაში, მარხვასა და სიფხიზლეში. სამთვიანი გამოცდის შემდეგ, აბბა პალამონმა პახომი ბერის შესამოსლით შემოსა, სარტყელი შეაბა და ორივე მთელი ღამე ლოცულობდა. პალამონი განსაკუთრებით ცდილობდა პახომი ღამის ლოცვისთვის მიეჩვია. საღამოს ხელით შრომისთვის საჭირო მასალას ამზადებდნენ, შემდეგ დიდხანს გულმოდგინედ ლოცულობდნენ, ბოლოს მუშაობას იწყებდნენ, თან ცდილობდნენ ლოცვის განწყობა არ დაეკარგათ და ძილს არ დამორჩილებოდნენ.

აღდგომის წმინდა დღესასწაული რომ მოახლოვდა, პალამონმა პახომის უთხრა, რომ იმ დღეს ორჯერ შეჭამდა საჭმელს. საჭმელში პახომიმ ცოტა ზეთი გაურია, მაგრამ პალამონს ასეთ დიდ დღესასწაულზეც არ სურდა მარხვის შესუსტება. ის დიდი მწუხარებით ამბობდა: "ჩემი ღმერთი ჩემ გამო ჯვარზე გააკრეს, მე კი ზეთიანი საკვები უნდა ვჭამო სხეულის გასაძლიერებლად".

მას სურდა, მეორე დღემდე არაფერი ეჭამა. ბერი მხოლოდ მაშინ დათანხმდა საკვების მიღებაზე, როცა პახომიმ ნაცარშერეული მარილი მიაწოდა. პახომიმ დიდი მორჩილებით ითხოვა პატიება. რა თქმა უნდა, ორივემ პური და მარილი შეჭამეს. ცრემლები სდიოდა მოძღვარს და მის მოწაფესაც, რომელიც ცდილობდა, მიებაძა თავისი მასწავლებლისთვის.

პახომი ხშირად განმარტოვდებოდა მთებში და იქ მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. ყურადღებას არ აქცევდა, რომ ფეხები ეკალ-ბარდებით ეჩხვლიტებოდა. რა წინააღმდეგობაც უნდა შეხვედროდა უდაბნოში, ყველაფერს მოთმინებითა და მორჩილებით იტანდა და მუდამ იხსენებდა იმ ტანჯვას, რაც ჩვენი გადარჩენისთვის მოითმინა იესო ქრისტემ.

საკუთარი თავისადმი მეტად მკაცრნი, არ ითხოვდნენ უფლისგან რაიმე ნიშანს, არ იყვნენ საკუთარი სიმართლით დაიმედებულნი. აბბა პალამონის სიცოცხლის ბოლო წლებიდან, ასეთი შემთხვევა არის ცნობილი, რაც ადასტურებს თუ რამდენად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სახელისა და ღვაწლისგან ძლიერ დასუსტებული იყო.

ერთხელ პალამონი მძიმედ გახდა ავად. ბერებმა გამოცდილი ექიმი მიიწვიეს, რომელმაც უარი განაცხადა ბერდიდის მკურნალობაზე, სანამ არ გამოსწორდებოდა მისი კვება. ძმებმა დარწმუნება დაუწყეს წმინდა მამას, დაეჯერებინა ექიმისთვის. ისიც დათანხმდა საკვების მიღებაზე. ამის შემდეგაც რომ არ გამოჯანმრთელდა, ის ბერებს ეუბნებოდა:

- ნუ გგონიათ, რომ ჯანმრთელობა ფუჭებად საკვებზეა დამოკიდებული. ძალა და კურნება ქრისტესგან მოდის. წამებულებს სხეულის ნაწილებს აჭრიდნენ, ცეცხლსა და უამრავ ტანჯვას უძლებდნენ, სანამ ბოლოს თავს არ მოჰკვეთდნენ. მე კი... მე უბრალო ავადმყოფობისთვის ვერ გამიძლია და ექიმს ვთხოვ დახმარებას. წამლებსაც ვსვამდი, მაგრამ არანაირი შედეგი არ ყოფილა. მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია - კვლავ გავაგრძელო ჩემი ღვაწლი, რამეთუ ეს საუკეთესო წამალია.

აბბა პალამონი კვლავ ბერის მოღვაწეობას შეუდგა და ყოველგვარი მოთხოვნილებები შეზღუდა. გულმოწყალე ღმერთმა გარკვეული დროის განმავლობაში აღუდგინა ჯანმრთელობა.

ერთხელ პახომი უდაბნოში დაიარებოდა. ბოლოს სოფელ ტავენისის ნანგრევებს მიუახლოვდა. მოულოდნელად ხმა შემოესმა: "პახომი, პახომი. დასახლდი ამ ადგილას. აიშენე სამყოფელი და დიდძალი ბერი მოვა შენთან, რათა შენ გვერდით იღვაწონ სულის ცხონებისთვის".

პახომი მაშინვე აბბა პალამონისკენ გაეშურა და ყველაფერი უამბო. მაშინ ორივე გაემგზავრა, რათა ტავენისის ნასოფლარზე ბერის სამყოფელი აეშენებინათ. პალამონი შემდეგ კვლავ თავის სენაკს დაუბრუნდა. მან წინასწარ განსაზღვრა თავისი გარდაცვალების დღე და იხილა პახომის მონასტრის მომავალი დიდება. უხუცესი საყვარელ მოწაფეს არწმუნებდა, რომ უფალი აუცილებლად აღავსებდა მას ძალითა და მოთმინებით, რათა ეხელმძღვანელა მრავალრიცხოვანი ბერებისთვის. ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. პახომის თან გაჰყვა რამდენიმე მოწაფე, რომლებიც მოძღვრის სანახავად იყვნენ მისულები.

აბბა პალამონი მძიმედ გახდა ავად. მისმა მოწაფეებმა პახომის მოსაყვანად კაცი გაგზავნეს. ნეტარი მამა სასწრაფოდ გაეშურა მოძღვრის სანახავად, რათა მის გვერდით ყოფილიყო სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. მამა პალამონი რომ გარდაიცვალა, ბერებმა მთელი ღამე ლოცვასა და ფსალმუნების გალობაში გაატარეს. დილით ჩვეულებრივ აღავლინეს ლოცვა, შემდეგ მისი წმინდა სხეული სენაკთან ახლომდებარე მთაზე წაასვენეს და იქ დაკრძალეს. ბერები ლოცვით შესთხოვდნენ უფალს, რომ ღირსი მამისთვის სასუფეველი დაემკვიდრებინა წმინდანთა შორის. დიდად დამწუხრებულები იყვნენ, რადგან ბერდიდის დარიგებებისა და ნუგეშისცემის გარეშე დარჩნენ, რის გამოც თავს ობლად გრძნობდნენ. პახომი ტავენისში თავის კელიაში დაბრუნდა და ძლიერ დარდობდა მოძღვრის დაკარგვის გამო. მან ღვაწლი გააძლიერა და მალე მრავალი ბერის მოძღვარი გახდა.

ტავენისში ცხოვრებისას, მასთან მისი უფროსი ძმა, იოანე მივიდა. პახომიმ დიდი სიყვარულით მიიღო ძმა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში არ ენახა. ძმასთან საუბარმა შთამაგონებლად იმოქმედა იოანეზე და ისიც სამუდამოდ ტავენისში დარჩა.

მას შემდეგ ორივე ძმა ერთობლივად იღვწოდა ხალხის დასახმარებლად. ისინი მეტად მკაცრ ცხოვრებას მისდევდნენ. ტანზე უხეშად ნაქსოვი შალის კაბა ეცვათ, ლოცვისას ისეთ ადგილას დგებოდნენ, სადაც ძალიან ცხელოდა და მუხლჩაუხრელად, ხელებაპყრობილი შეჰღაღადებდნენ უფალს. ამგვარ პირობებში ლოცვას ხშირად აღავლენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები დაღლილობისგან უსივდებოდათ, ხელები კი მოსკიტების ნაკბენებისგან უსისხლიანდებოდათ. თუ თვალებზე რული მოაწვებოდათ, იქვე ჩამოსხდებოდნენ, მაგრამ არაფერს არ ეყრდნობოდნენ. დღის განმავლობაში იმდენს შრომობდნენ, სანამ გვალვა და მწველი მზის სხივები აუტანელი არ გახდებოდა.

პახომიმ იმ ადგილის შემოღობვა დაიწყო, სადაც ძმასთან ერთად მოღვაწეობდა, რადგან მომავალში მრავალი ბერის შემომატებას ვარაუდობდა. იოანეს კი ეგონა, რომ ყოველთვის ორნი იქნებოდნენ და ამრეზით უყურებდა ძმის შრომას. ამოყვანილ კედელს უფუჭებდა კიდეც. ერთხელ პახომიმ ამასთან დაკავშირებით უთხრა: "გეყოფა სიგიჟე!"

იოანე ამის გამო გაბრაზდა და დიდხანს არ მშვიდდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პახომიმ პატიება სთხოვა.

იმ დღესვე პახომი კედლიდან ჩამოვიდა და დიდხანს ლოცულობდა. ამ დროს უფრო მეტად იგრძნო დანაშაული ძმისადმი და კვლავ პატიება ითხოვა მისგან. ძმებს ამის შემდეგ კიდევ უფრო შეუყვარდათ ერთმანეთი და შერიგდნენ. იოანე თავის ღვაწლს უფრო და უფრო აძლიერებდა. სულიერ სრულყოფილებას რომ მიაღწია, სული უფალს მიაბარა და ძმამ მწარედ დაიტირა.

იმ დროისთვის პახომი სრულყოფილი განდეგილი იყო. ამის გამო უამრავი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ თავისი ლოცვისა და მოთმინების წყალობით, ეშმაკის ყველაზე საშიშ ხრიკებსაც კი უძლებდა.

ერთხელ აი, რა შეემთხვა. ხანდახან, როდესაც მუხლის მოყრა უნდოდა ლოცვის დროს, მის წინაშე ეშმაკის ძალით ორმო ჩნდებოდა. პახომი მაინც უშიშრად ლოცულობდა. ხანაც გზად მიმავალს დემონები საპატიო ყარაულივით მიჰყვებოდნენ და თან ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: "გზა გაუთავისუფლეთ ღვთის კაცს!" ეშმაკს სურდა, მისთვის სიამაყე ჩაენერგა, მაგრამ წმინდა მამა მეტად გულგრილი იყო ამ ცოდვის მიმართ. ხანდახან ბოროტის ძალით, მისი სენაკი ისე შეტორტმანდებოდა, ლამის იყო თავზე დაქცეოდა ღირს მამას. პახომი ოდნავადაც არ შფოთდებოდა ამის გამო და მშვიდად იმეორებდა ფსალმუნის სიტყვებს: "ღმერთია ჩვენი მფარველი ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად, ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ" (ფს. 45:2-3).

ერთხელ მასთან დემონები ხელოსნების სახით მივიდნენ და გულმოდგინედ ცდილობდნენ, დიდი ლოდის გადაგორებას, თუმცა უშედეგოდ. პახომის ლოცვის წყალობით მალე უკვალოდ გაქრნენ. ხშირად, როდესაც ღირსი მამა მწირი საკვების საჭმელად ჩამოჯდებოდა, ეშმაკები შიშველი ქალების სახით ეცხადებოდნენ. ბერი თვალებს ხუჭავდა და კვლავ ლოცვით ებრძოდა განსაცდელს. ჯოჯოხეთის ბნელ ძალებთან ბრძოლა ნეტარ მამას დიდ ძალას ართმევდა, ხანდახან კი არაქათს აცლიდა. ერთხელ ღმერთმა დამხმარედ ბერი აპოლონი გაუგზავნა, რომელიც განდეგილად მივიდა და გაამხნევა:

- გამაგრდი, პახომი. არ შეუშინდე ავსულების არანაირ ქმედებას, რამეთუ უფლის ძალით მუდამ გაიმარჯვებ მათზე.

ბერი პახომისთან დარჩა, თუმცა მალევე გარდაიცვალა. ერთხელ ღირსი მამა ლერწამს აგროვებდა ხელსაქმისთვის, როცა უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "პახომი, პახომი, პახომი! ღმერთმა ინება, რომ ადამიანთა მოდგმას ემსახურო და ხალხს შეუერთდე!"

ანგელოზი როცა გაუჩინარდა, ბერმა თქვა: "ეს უფლის ნება არ არის", - ლერწამი შეაგროვა და სენაკში დაბრუნდა.

ანგელოზის ხილვიდან მალე, პახომისთან სამი კაცი მივიდა პშენტაისი, სურუსი და პშოი, რომლებმაც უთხრეს: "ბერობა გვსურს და შენ გვერდით გვინდა ვემსახუროთ უფალს".

მათ გულწრფელობაში რომ დარწმუნდა, პახომიმ სიყვარულითა და სიხარულით მიიღო ისინი და ბერის სამოსით შემოსა.

შემდგომში ეს სამი ბერი ყველაზე რთულ ღვაწლს აღასრულებდა თავიანთი მოძღვრის მაგალითით. ისინი განცვიფრებულები იყვნენ წმინდანის შრომისმოყვარეობით. აბბა პახომი ყველაფერზე ზრუნავდა. რწყავდა ბაღს, მომსვლელებს კარს თავად უღებდა და ესაუბრებოდა, მზრუნველობით უვლიდა სნეულებს. ახალგაზრდა ბერებზე ამბობდა: "ისინი ნორჩი მცენარეები არიან, რომელთაც სათანადო სიმაღლისთვის არ მიუღწევიათ, სხვებს რომ ემსახურონ".

ახალაღკვეცილ ბერებს შთაუნერგავდა, რომ გულმოდგინედ ეკეთებინათ საქმე, რაც მათ გულის განწმენდაში და ნებისყოფის გაძლიერებაში დაეხმარებოდა. მათთვის ერთგვარი წესებიც კი შეიმუშავა. ავალდებულებდა, რომ ყველას ერთნაირი სამოსი ჩაეცვა და საკვებიც ერთნაირად მიეღოთ.

წმინდა პახომის ღვთისმოშიშება და სიბრძნე მალე მთელი ეგვიპტისთვის გახდა ცნობილი. მასთან მიდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ უმაღლესი ღვაწლის გაღება. ხანდახან განდეგილებიც სტუმრობდნენ, რომლებსაც სულიერი სიმაღლისთვის უკვე მიეღწიათ. მათ სურდათ წმინდანის ხელმძღვანელობის ქვეშ გაეგრძელებინათ ღვაწლი. ასე მივიდა მასთან ხუთი ცნობილი განდეგილი: აბბა პეჩოში (ანუ პეკუსი), აბბა კორნელი, აბბა პავლე, აბბა პახომი და აბბა იოანე. წმინდანმა ყველა დიდი სიხარულით მიიღო. არცთუ იშვიათად მასთან მიდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც ცუდი თვისებები ჰქონდათ. პახომი ხედავდა, რომ მათ ცუდი გავლენა ექნებოდათ დანარჩენ ბერებზე და სავანიდან უშვებდა.

მოყვასის სიყვარულით აღსავსე წმინდა პახომიმ სხვა ბერების დახმარებით ახლომდებარე სოფელში ეკლესია ააშენა, რათა ადამიანებს საშუალება ჰქონოდათ, ხშირად მიეღოთ ზიარება და მოესმინათ ღვთის სიტყვა. სოფლის მცხოვრებთა სიღარიბის გამო, წმინდა პახომიმ თავის თავზე აიღო ყველა ვალდებულება ევქარისტიის აღსასრულებლად და ძმებთან ერთად კითხულობდა. ხუცესი რომ ვერ მოძებნეს, პახომი თავად მიდიოდა ეკლესიაში და ღვთის სიტყვას ქადაგებდა. წმინდა ბერები ისე გულმოდგინედ მსახურობდნენ, რომ ეკლესიაში მიმსვლელები ცოდვებს ინანიებდნენ და სულის განწმენდაზე იწყებდნენ ზრუნვას. აბბა პახომის როგორც ადამიანს არ უყურებდნენ, წმინდანი მათთვის ანგელოზი იყო.

ტავენისის სავანეში მამათა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა. ერთხელაც აუცილებელი გახდა კიდევ ერთი ეკლესიის აშენება. ეკლესია რომ ააშენეს, ძმები, როგორც ადრე, შაბათობით სოფლის ეკლესიაში მიდიოდნენ მსახურების აღსასრულებლად, კვირაობით კი მონასტერში ხუცესი ატარებდა საღვთო ლიტურგიას. მოგვიანებით ძმებმა შეწყვიტეს შაბათ დღეს ლიტურგიაში მონაწილეობა.

მონასტრის ძმებს შორის არავის ჰქონდა ხუცესის ჩინი. წმინდა პახომისაც არ სურდა ამ ჩინის მიღება. ის ხშირად ეუბნებოდა ძმებს: "არ არის საჭირო ამ ჩინის მინიჭება, რადგან ბერებს შორის უფლის ნების საწინააღმდეგოდ შუღლი და დაპირისპირება არ წარმოიშვას. თუ ხანძარს მაშინვე არ ჩააქრობ, ყველაფერს გაანადგურებს. იგივე შედეგები აქვს პატივმოყვარეობის ჩასახვას ადამიანის გულში. უკეთესი იქნება, თუ უფლის ეკლესიას მშვიდად და მტკიცედ ვემსახურებით".

ღირს პახომისთან ხუცესებიც მიდიოდნენ, რომლებსაც სურდათ ბერად აღკვეცილიყვნენ. წმინდა აბბა უარს არ ეუბნებოდა მათ მონასტერში მიღებაზე. რა თქმა უნდა, ისინი ვალდებულნი იყვნენ უსიტყვოდ დამორჩილებულიყვნენ სავანის წეს-ჩვეულებებს.

ცნობილია მისი ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევა. ერთხელ ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი წმინდა ათანასე თავის სამწყსოს ათვალიერებდა. ყველგან დიდი პატივით ხვდებოდნენ. მის შესახვედრად გამოდიოდნენ ეპისკოპოსები, ხუცესები და ხალხი. მის პატივსაცემად წმინდა პახომიც მივიდა ბერებთან ერთად. ისინი ფსალმუნებს გალობდნენ, არქიეპისკოპოსის გამოჩენამდე. ამ დროს ეპისკოპოსი სერაპიონი არქიეპისკოპოსს ხელზე ემთხვია და უთხრა:

- გთხოვ, აბბა პახომი, ბერების მამა, მღვდლად აკურთხო, რათა მთელი ოლქის ბერებს უწინამძღვროს.

ამის გაგონებაზე, მამა პახომი იმ ადგილიდან გაუჩინარდა. არქიეპისკოპოსს უამრავი ხალხი შემოეხვია და მან ხალხის ბრბოდან ეპისკოპოსს გამოსძახა:

- მეც ბევრი მსმენია მის შესახებ ჯერ კიდევ ალექსანდრიაში ყოფნისას, ჩემს კურთხევამდე.

შემდეგ წმინდა ათანასე ადგა, ლოცვა აღავლინა და პახომის მოწაფეებს უთხრა:

- თქვენს წინამძღვარს ჩემგან მოკითხვა გადაეცით და უთხარით: შენ გაექეცი იმას, რომ არ აღგეძრა შური სხვებში. შენ სათნოება არჩიე, რაც ქრისტესთან დაგაახლოებს. ღმერთმა მოგცეს ის, რაც გსურს.

ღირსი პახომის მორჩილება სავანის ძმებისთვის კეთილი მაგალითი იყო. წინამძღვრის მსგავსად არც ისინი ცდილობდნენ დაწინაურებას. არც ბერძენი და არც კოპტი ისტორიკოსები არ მიუთითებენ, რომ მათ შორის ხუცესები იყვნენ.

ბერები მეტად მომრავლდნენ და თავად ღირსი პახომი, მათი მოძღვარი და მომრიგებელი, ყველასთვის ნათელი მაგალითი იყო.

აბბა პახომი ყველაზე თანაბრად ზრუნავდა. ის გამუდმებით შეახსენებდა ბერებს, რომ არ შეესუსტებინათ ლოცვა, თან მუდამ უფლისთვის ეხმოთ, რათა ლოცვა სატანის მიერ არ გაცამტვერებულიყო. წმინდა პახომი ხელსაყრელ მომენტს არ უშვებდა ხელიდან და ამა თუ იმ ძმას მოძღვრავდა. კერძო საუბრების გარდა, ის კვირაში სამჯერ საერთო საუბრებს ატარებდა. ის მოითხოვდა, რომ მონასტრის წინამძღვარს მომავალშიც ექადაგა კვირაში სამჯერ. ამას გარდა, აუცილებელი იყო ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვის დაცვა.

ბერები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ სულიერი საუბრების გასამართად, ამასთანავე დიდი სიხარულით უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, რასაც წმინდა წიგნების კითხვისას იღებდნენ. მათ უყვარდათ წმინდა წერილის განმარტება და ბიბლიის შესახებ მსჯელობა. სავანეში ბევრი სახლი იყო. თითოეულ სახლს თავისი უფროსი ჰყავდა, რომელსაც მოადგილე ცვლიდა, მისი ავადმყოფობის ან არყოფნის შემთხვევაში.

წმინდა პახომიმ იმაზეც იზრუნა, რომ ახალმიღებულ ბერს გამორჩეულად გონიერი და კეთილშობილი ბერები შეხვედროდნენ, რომლებიც ეგებებოდნენ ახალ ძმას, დამკვიდრებაში ეხმარებოდნენ და სამი წლის განმავლობაში თვალ-ყურს ადევნებდნენ, მოძღვრავდნენ, იფარავდნენ სხვადასხვა განსაცდელისგან. ამის გამო ტავენისის სავანეში მრავალი გამოცდილი მოძღვარი იყო. წმინდა პახომიც ყურადღებას არ აკლებდა ახალმიღებულ ბერებს. უხაროდა ახალგაზრდა ბერების გულმოდგინება და წარმატება. ასეთივე ყურადღებიანი იყო, როდესაც რომელიმე ძმას გაუჭირდებოდა. ყოველგვარი ცდუნებისგან და განსაცდელისგან იცავდა და გვერდით ედგა.

თუ რომელიმე ძმა ავად გახდებოდა, მზრუნველობით ექცეოდნენ და უვლიდნენ. მათ მოვლა-პატრონობაში ღირსი პახომიც მონაწილეობდა.

ძმებს ტრაპეზის დროს საგანგებოდ შერჩეული ბერები ემსახურებოდნენ, რომლებიც ყოველ სამ კვირაში იცვლებოდნენ. მათ მოეთხოვებოდათ მუდამ მზად ყოფილიყვნენ სამსახურისთვის, რადგან ძმები სხვადასხვა დროს იღებდნენ საკვებს. ბერები, რომლებიც ტრაპეზს ემსახურებოდნენ, ამზადებდნენ და ანაწილებდნენ პურს, ბოსტნეულს, ზეთის ხილს. როდესაც დასაშვები იყო, ამატებდნენ ყველს, კვერცხს, მოხარშულ ბოსტნეულს. თითოეული ძმა დღეში ერთხელ მაშინ წაიხემსებდა, როცა ამის სურვილი ჰქონდა და თავის წილ საკვებს იღებდა. ზოგიერთი ბერი მეტად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ და ორ დღეში ერთხელ ჭამდა. ნეტარი პახომი მხოლოდ დაახლოებულ ბერებს მოუწოდებდა, ოთხშაბათობით და პარასკეობით უარი ეთქვათ საკვებზე. ბევრი ბერი თავად უწესებდა გაძლიერებულ მარხვას საკუთარ თავს.

მონასტერში ბერების მრავალრიცხოვნების გამო ბევრი ისეთი საქმე იყო, რისი შესრულებაც განსაკუთრებით რთული იყო. ყველა მორჩილებაში მყოფი განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდა. მათ სწამდათ, თუ ძმების სასარგებლოდ იშრომებდნენ, უფლის მადლს მიიღებდნენ. წმინდა პახომის აზრით, ყოველგვარი მორჩილება, თუ ბერი ბეჯითად ასრულებს მას, ისევე დაჯილდოვდება უფლისგან, როგორც ბერი, რომელიც დღენიადაგ ფხიზლობს, ლოცულობს და მარხულობს. ღირს პახომის სურდა, რომ გულმოდგინე მუშაკებს ღვაწლის შემდეგ თუნდაც ცოტა ხნით მაინც დაესვენათ. მაგრამ ძმები უხალისოდ თანხმდებოდნენ დასვენებაზე. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვინც იქ შრომობდა, იმქვეყნიურ სასუფეველს დაიმკვიდრებდა.

ყველა ბერს, რა მოვალეობაც უნდა ჰქონოდა მონასტერში დაკისრებული, მოეთხოვებოდა, უხმოდ და უპირობოდ დამორჩილებოდა წინამძღვარს და ზუსტად შეესრულებინა წეს-ჩვეულებები. სრული მორჩილება სულიერი სრულყოფილების საფუძველი იყო. უფროსის მითითების ან წესდების დარღვევა, იწვევდა სხვა ბერების უკმაყოფილებას, რაც შემდგომში უთანხმოებისა და აურზაურის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. ამიტომ ღირსი პახომი მკაცრად სჯიდა მორჩილების დამრღვევებს და თავის მართლების საშუალებას არ აძლევდა. ტავენისის სავანეში ასეთი შემთხვევებიც ხდებოდა, თუმცა ძალიან იშვიათად.

აუცილებელი ნივთების საყიდლად და მონასტერში დამზადებული ნაკეთობების გასაყიდად არჩევდნენ განსაკუთრებით სანდო, მაღალზნეობრიობით გამორჩეულ ბერებს. ამავე დროს, დიდი ყურადღება ექცეოდა იმასაც, რომ ბერები არ ყოფილიყვნენ მომხვეჭელობით გატაცებულნი, თუნდაც ამ მომხვეჭელობით სარგებლობის მოტანა შეძლებოდათ მონასტრისთვის.

მონასტერში ბერების რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა. ამის გამო, შესაბამისად, უნდა გაზრდილიყო მორჩილთა რიცხვიც, რომლებიც მონასტრისთვის აუცილებელ სხვადასხვა საქმეს შეასრულებდნენ. პურის საცხობებში ბერები მდუმარედ მუშაობდნენ. ერთმანეთს ერთ სიტყვასაც არ ეტყოდნენ. წყალს ან ფქვილსაც არ ითხოვდნენ, დაკაკუნებით იპყრობდნენ ყურადღებას. მუშაობის დროსაც ღვთის სიტყვას იმეორებდნენ გონებაში.

ერთდროულად ტავენისის სავანეში თხუთმეტი მკერავი, შვიდი მჭედელი, ოთხი დურგალი, თხუთმეტი მღებავი, თორმეტი მექარავნე, ოცი მებაღე, თხუთმეტი მეწაღე, ათი ღამის დარაჯი, ათიც გადამწერი მოღვაწეობდა. ბერები თავიანთი შრომით ამზადებდნენ სავანისთვის ყველაფერ აუცილებელს. ცოტა რამეს ყიდულობდნენ ქალაქში. თავადაც ყიდდნენ თავიანთ ნაკეთობებს, რადგან ფული მონასტრისთვისაც აუცილებელი იყო. განსაკუთრებით კარგად იყიდებოდა ბერების ნაქსოვი ჭილოფები.

ფულს ინახავდნენ პახომის მიერ მითითებულ ადგილას, იკონომოსის განკარგულებაში, რომელიც განსაკუთრებული აუცილებლობისთვის იყენებდა მას. ბერებისთვის აკრძალული იყო, საკუთარი ფული ჰქონოდათ. ძმებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვობიდანვე მონასტერში იყვნენ მშობლებთან ერთად. იქვე გაზრდილებს ოქროსა და ვერცხლის გარჩევაც არ შეეძლოთ და სრულიად გულგრილები იყვნენ ფულისადმი.

ძმებს ძალიან ცოტა რამ სჭირდებოდათ. ყველას თითო ხელი სამოსი ჰქონდა, გადასაფარებლად კი თხის ტყავს იყენებდნენ. თუ ტანსაცმელი გაიხეოდა, ბერი, რომელიც ამ საქმისთვის იყო გამოყოფილი, ამოგლეჯილ ადგილს ამოკემსავდა, გარეცხავდა და საწყობში ინახავდა. როდესაც რომელიმე ბერი თავისი სამოსის გარეცხვას გადაწყვეტდა, საწყობიდან იღებდა სხვა ტანსაცმელს, შემდეგ კი, როცა საკუთარს გარეცხავდა, ისევ დააბრუნებდა. სავანეში ბევრი გადამწერი იყო. გამოცდილი მწერლები გულმოდგინედ გადაწერდნენ იმ წიგნებს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო იყო ბერებისთვის. დიდი წარმატებით შრომობდნენ, რის შედეგადაც მონასტრის წიგნების საცავი დღითი დღე ივსებოდა ახალი ნაშრომებით და ყველას შეეძლო სულიერი საზრდოს პოვნა.

ბერები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ მონასტრის გარეთ ყოფნისას. გზაში იმეორებდნენ ცნობილ ადგილებს წმინდა წერილიდან და იაზრებდნენ ნათქვამს. სამგზავროდ ყოველთვის რამდენიმე ბერი მიდიოდა ერთად. თუ გზად ქალი შემოხვდებოდათ, რომელიც მათთან საუბარს მოისურვებდა, უფროსი ბერი მიუახლოვდებოდა, თვალებს დახრიდა და დიდი მოკრძალებით გასცემდა პასუხს.

მონასტრის გარეთ, სხვის სახლში საჭმელს არ ჭამდნენ. უკიდურეს შემთხვევაში გემოს იმას გაუსინჯავდნენ, რაც მათი წესდებით იყო დაშვებული.

სამყაროს ცუდი გავლენა რომ არ მოეხდინა ბერებზე, წერილებს ჯერ მონასტრის ზედამხედველი კითხულობდა და თუ ნახავდა, რომ კეთილი აზრები იყო მასში გადმოცემული, მაშინ გადასცემდა ადრესატს. არავის შეეძლო იმის მოყოლა, თუ რა ნახა, ან რა მოისმინა მონასტრის გარეთ. საერთოდაც ბერები სიტყვაძუნწები იყვნენ ერთმანეთის მიმართაც.

მომლოცველებს ცალკე გამოყოფილ შენობაში აბინავებდნენ. არც ერთ ძმას არ ჰქონდა საკუთარ სენაკში მათი მიღების უფლება, თუნდაც ახლობელი და ნათესავი ყოფილიყო. მგზავრებს გულთბილად იღებდნენ. ქალებს და მამაკაცებს ცალ-ცალკე შენობები ჰქონდათ. უცხო ბერებსაც კი არ აბინავებდა წმინდა პახომი თავის ბერებთან, საერთო ტრაპეზზეც არ უშვებდა, თუმცა ძმური სიყვარულის ნიშნად მათ უფლება ჰქონდათ, ეკლესიაში ლოცვას დასწრებოდნენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მართლმადიდებლები იყვნენ და არა ერეტიკოსები.

წმინდა პახომის სახელი მთელ ეგვიპტეში გავრცელდა. მის უდიდეს ღვაწლზე მისმა დამ - მარიამმაც შეიტყო, რომელიც მართლმადიდებლური წესით იყო მონათლული და ქალწულად რჩებოდა. ძალიან უნდოდა ძმის ნახვა, ამიტომ ტავენისში გაემგზავრა. მისი ჩასვლის შესახებ პახომის რომ მოახსენეს, რადგან წმინდანს ყოველგვარი კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი, უარი თქვა დასთან შეხვედრაზე, თუმცა ბერის საშუალებით ახალი ცხოვრების გზა განუსაზღვრა. შეუთვალა, რომ ჭეშმარიტი ცხოვრება მხოლოდ საუკუნო ცხოვრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია, მონასტრული ცხოვრება კი გადარჩენის საშუალება. პახომი დას შეჰპირდა, რომ მისთვის ბერები განმარტოებულ საცხოვრებელს ააშენებდნენ, თუკი ის მონასტრულ ცხოვრებას გადაწყვეტდა. მაშინ მასთან ერთად ის ქალებიც, ვინც მის გვერდით დასახლდნენ, შეძლებდნენ სულიერი სრულყოფისთვის მიეღწიათ. როდესაც მარიამმა შეიტყო, რომ ძმას მასთან საუბარი არ სურდა, ატირდა, თუმცა მისმა დანაბარებმა მაინც დაამშვიდა. ის დათანხმდა იმაზე, რისკენაც პახომი მოუწოდებდა. მაშინ ღირსმა მამამ ბერები გაგზავნა, რათა დისთვის სოფლის ახლოს, მაგრამ მამათა მონასტრიდან მოშორებით, ნილოსის მეორე ნაპირზე, აეშენებინათ საცხოვრებელი.

ცოტა ხანში მარიამთან ბევრი ქალი მივიდა, რომლებსაც მასთან დარჩენა სურდათ. მარიამი მათთვის დედასავით იყო და მათი სულების გადასარჩენად სიკვდილამდე იბრძოდა.

აბბა პახომი დიდი ძალისხმევით ზრუნავდა თავის მონასტერზე. დედათა სავანის სულიერ მოძღვრად ბერი პეტრე გაამწესა. ასევე შეადგინა წესები, რასაც დედები უნდა დამორჩილებოდნენ.

თუ რომელიმე მონაზონი გარდაიცვლებოდა, აბბა პეტრე ამის შესახებ ღირს პახომის შეატყობინებდა. წმინდანი ბერებს, რომლებიც განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩეოდნენ, დედათა მონასტერში გზავნიდა. ისინი სამლოცველოს შესასვლელთან შეჩერდებოდნენ და იქ ასრულებდნენ საგალობლებს. შემდეგ გარდაცვლილს სასაფლაომდე აცილებდნენ მონაზვნები, ბერდიდი კი უკან მიჰყვებოდათ. დაკრძალვის შემდეგ ბოლო ლოცვას აღავლენდნენ. იშვიათად მონაზვნებს მონასტერშიც კი ასაფლავებდნენ.

ტავენისელი ბერები დედათა მონასტრის ბინადართ მაშინაც ეხმარებოდნენ, თუ რაიმე შენობის აშენება ან შეკეთება იყო საჭირო. პახომი მაშინაც მაღალი ზნეობითა და თავშეკავებულობით გამორჩეულ ბერებს აგზავნიდა, რომლებსაც თვალს არ აშორებდა უხუცესი პეტრე. ბერები დედათა მონასტერში საჭმელსაც არ ჭამდნენ და იმავე დღესვე ბრუნდებოდნენ სავანეში.

დედათა მონასტერში მალე მონაზონთა რიცხვი ოთხასამდე გაიზარდა. დედები დილიდან საღამომდე შრომობდნენ. ისინი ბერებისთვისაც ირჯებოდნენ და მათთვის შალის სამოსს კერავდნენ. სანაცვლოდ მამათა სავანიდან აუცილებელ ნივთებსა და სურსათს იღებდნენ.

ცნობილია ერთი ამბავი დედათა მონასტრის ცხოვრებიდან. ერთი მონაზონი მონასტრის გარეთ ვიღაც მკერავს შეხვდა და გაოცებულმა მისვლის მიზეზი ჰკითხა. უცნობმა უპასუხა, - სამუშაოს ვეძებო. მონაზონმა უთხრა, რომ საკუთარი მკერავები ჰყავდათ და ამის გაგონებაზე უცნობი მაშინვე წავიდა. ამ საუბრის მოწმე ერთი მონაზონი იყო, რომელიც ერთხელაც იმ მონაზონს წაეჩხუბა და წამოაძახა მკერავთან გასაუბრება, თან რაღაც ჭორებიც დაუმატა. ახალგაზრდა მონაზონი აღელდა ცრუ ბრალდების გამო და მწარედ ატირდა. თავს შეურაცხყოფილად თვლიდა და მდინარეში დაიხრჩო თავი. ეს რომ მონაზონმა გაიგო, ვისი მიზეზითაც მოხდა ეს უბედურება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და თავი ჩამოიხრჩო.

ეს ღირსმა პახომიმაც შეიტყო და ძლიერ დამწუხრდა. უხუცესმა აკრძალა მათი მოხსენიება ლოცვებში, პანაშვიდის გადახდა და მოწყალების გაღება მათი სახელით. ის მკაცრად მოექცა დანარჩენ დებსაც, რომლებმაც ვერ შეძლეს მოშუღართა შერიგება, ან იქნებ დაიჯერეს კიდეც ცილისწამება და შვიდი წლის განმავლობაში წმინდა ზიარების მიღება აუკრძალა.

მრავალი ადამიანი მიდიოდა წმინდანთან. ბერების რაოდენობა დიდად გაიზარდა. უფლის შთაგონებით წმინდანი ახალი ადგილის ძებნას შეუდგა მონასტრის ასაშენებლად. პებოას მახლობლად იპოვა შესაფერი ადგილი და იქვე ააშენეს უფრო დიდი მონასტერი. ახლა უკვე შესაძლებელი იყო ყველა მსურველის მიღება და დაბინავება. ძველი მონასტრიდან წმინდანმა ბევრი ბერი გადაიყვანა, ისეთები, რომლებიც კარგად იცნობდნენ სამონასტრო ცხოვრებას და კარგი მაგალითის მიმცემები იქნებოდნენ ახალგაზრდა ბერებისთვის. ახალ მონასტერშიც დაინიშნა ზედამხედველი, ეკონომოსი და ძმებს საქმეები გაუნაწილდათ. ყველა ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მონასტრის წეს-ჩვეულებებს.

დროთა განმავლობაში ორი მონასტერიც არ აღმოჩნდა საკმარისი, იმდენად დიდი იყო იქ ცხოვრების მსურველთა რიცხვი. ამიტომ კიდევ შვიდი მონასტერი ააშენეს და ბერების რიცხვმა შვიდი ათასს მიაღწია. წმინდა პახომი ხშირად სტუმრობდა ყველა მონასტერს. თავად პებოაში ცხოვრობდა, საიდანაც მართავდა ყველა სავანეს. მისი მონასტერი ყველაზე ხალხმრავალი იყო. იქიდან მარაგდებოდა ყველა სხვა სავანე აუცილებელი ნივთებით, წელიწადში ორჯერ ყველა მონასტრიდან პებოაში იკრიბებოდნენ ლოცვებში სამონაწილეოდ და ღირსი მამისგან კურთხევის მისაღებად. ბერებს შორის ცხოვრობდნენ ისეთებიც, რომლებიც ჯერ არ მონათლულიყვნენ, თუმცა ამისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. პებოაში მიჰყავდათ მოსანათლად ისინი, რადგან სწორედ იქ იყვნენ მღვდლები, სხვა მონასტრებისგან განსხვავებით. პებოაში ბერები საკუთარი თვალით ხედავდნენ წმინდა პახომის ცხოვრებას და ისმენდნენ მის ქადაგებებს. წმინდანი ბერებისთვის ცოცხალი მაგალითი იყო.

ღირსი პახომი ხშირად სტუმრობდა ტავენისს. ამ დროსაც არ ანებებდა თავს საქმის კეთებას. აბბა თეოდორეს განკარგულებით, განსაკუთრებული წესით ამზადებდნენ ჭილოფებს: თოკებს მაგრად არ ჭიმავდნენ, რის გამოც ჭილოფი უფრო რბილი გამოდიოდა. როდესაც ღირსი პახომი ჭილოფს ამზადებდა, მასთან მონასტერში მცხოვრები ერთი ბიჭი მივიდა და ნახა, რომ წმინდანი ისე არ წნავდა ჭილოფს, როგორც აბბა თეოდორე ბრძანებდა და შენიშვნა მისცა. წმინდანმა სიხარულით მოუსმინა მას და სთხოვა, ესწავლებინა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა.

ბიჭმა უჩვენა, როგორ ამზადებდნენ მონასტერში ჭილოფს და მამა პახომიმაც ზუსტად მისი მითითების თანახმად განაგრძო მუშაობა.

დიდი საშიშროება შეუქმნეს ტავენისის მკვიდრთ ახლოს მცხოვრებმა ბარბაროსებმა, რომლებიც თავს ესხმოდნენ სოფელს და მონასტერს - ძარცვავდნენ, ადამიანებს იტაცებდნენ. ტყვეებში ან გამოსასყიდს იღებდნენ ან მონებად ყიდდნენ. ჩრდილოეთით მდებარე მონასტრებიდან ბერობა დაიფანტა. იმისთვის, რომ სავანეები არ გაპარტახებულიყო, ღირსმა მამამ მრავალი ბერი გაგზავნა იქ. თავად პებოას მონასტერში დარჩა. ბერებთან ერთად მისი საყვარელი მოწაფე თეოდორეც წავიდა, რომელმაც ბევრი წიგნი წაიღო ბერებისთვის წასაკითხად. პახომიმ აღთქმა დადო, თუ ბარბაროსებს განდევნიდნენ, ურჯულოების მიერ განადგურებულ ეკლესიებში წიგნებს, ხორბალს და მრავალ საჭირო ნივთს გაგზავნიდა. მალე ბარბაროსები სრულიად გაანადგურეს იმპერატორის ჯარებმა, ვინც კი გადარჩა, იქაურობას მოშორდა.

სანამ ბარბაროსები დამარცხდებოდნენ, ერთ განდეგილს მიაგნეს, რომელსაც უბრძანეს, მათთვის ღვინო დაელევინებინა. ბერმა ღვინის დასხმა რომ გადაწყვიტა, ველურებმა მოსთხოვეს, ჯერ მათი ღმერთისთვის მსხვერპლი შეეწირა. ბერმა ამაზე უარი რომ განაცხადა, სიკვდილით დაემუქრნენ. უბედურ განდეგილს იმის გამბედაობა არ აღმოაჩნდა, წინ აღდგომოდა მათ და მსხვერპლშეწირვა აღასრულა. ამის შემდეგ კი ღვინით დაათრო ისინი. მთვრალებს რომ ჩაეძინათ, ბერმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მისი გული იმდენად დათრგუნვილი იყო, ლოცვასაც ვეღარ ახერხებდა. წმინდა პახომის სიბრძნე და გულმოწყალება გაახსენდა და გადაწყვიტა, მის მიერ გამოტანილ სასჯელს დამორჩილებოდა. მან უდიდესი მწუხარებით უთხრა ღირს მამას, რომ ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვით უღალატა ქრისტეს და უფლება აღარ ჰქონდა მონანიებისა და ცოდვის გამოსყიდვის. ამიტომ უკვე მთელი თვე იყო, აღარ ელოცა. წმინდანმა მამასავით დატუქსა და უთხრა, რომ მან თავისივე ხელით ჩააგდო ცეცხლში ის გვირგვინი, რომელიც ანგელოზებს მის თავზე დასადგმელად ჰქონდათ გამზადებული. შემდეგ ბერის გულწრფელი სინანული რომ დაინახა, ურჩია, რაც შეიძლება ბევრი ელოცა, არაფერი ეჭამა მოხარშული, თუ ავად გახდებოდა, იმ შემთხვევების გარდა. მხოლოდ ასე შეეძლო ღვთის თვალში მადლი დაებრუნებინა და კვლავ გამხდარიყო ქრისტეს მონა. წმინდა მამის რწმენამ გაამხნევა ბერი და უფლის წყალობის იმედით ცოდვა მოინანია.

დიდი ხნის განმავლობაში ტავენისის მონასტერში კოპტები ცხოვრობდნენ. წმინდა პახომის დიდებამ ბერძნებისა და რომაელების ყურამდეც მიაღწია. ბევრი მათგანი გაეშურა მონასტრისკენ და წმინდანის ხელმძღვანელობით ბერად აღიკვეცნენ. ღირსი მამა ყურადღებას არ აკლებდა მათ, რომლებიც მისთვის კოპტებზე ნაკლებ ძვირფასი არ იყვნენ.

ერთგვარი შემაფერხებელი იყო წმინდანისთვის, რომ ბერძნული არ იცოდა. ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. მანამდე კი ბერძნებთან ურთიერთობაში მისი მოწაფე თეოდორე ეხმარებოდა.

წმინდა პახომი ბერებს სიტყვით და თავისი მაგალითითაც ასწავლიდა. სიტყვას გაცილებით დიდი ძალა იმიტომ ჰქონდა, რომ ღირსი ბერი, თავისი ცხოვრებით, ნათელ მაგალითს წარმოადგენდა. წმინდანის მორჩილება, საკუთარი თავისადმი სიმკაცრე, მუდმივი ლოცვა, მოყვასისადმი სიყვარული, მისი სიბრძნე - დიდად აღაფრთოვანებდა ძმებს და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მის მითითებებსა და რჩევებს.

ღირსი მამის მოთმინებას საზღვარი არ ჰქონდა. ის სხვებს ფიქრებშიც კი არ განიკითხავდა. ბერებს არ უყვებოდა არც იმ ხილვების შესახებ, რაც ჰქონდა, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებდა, თუ ხილვას მორალური სარგებლობის მოტანა შეეძლო ბერებისთვის.

ერთხელ ძმებმა სთხოვეს, მათთვის რომელიმე ხილვა ეამბნა. წმინდა პახომიმ უთხრა მათ: "ის, ვინც ცოდვილია, მას მომადლებული არა აქვს სულიერი ხილვები. მაგრამ თუ გსურთ მშვენიერი ხილვები გქონდეთ, ერთ-ერთზე ახლავე მიგანიშნებთ: როდესაც მორწმუნეს ხედავთ, მოკრძალებული და სუფთა გულით - იცოდეთ, რომ ეს არის უმშვენიერესი სახილავი - შენ ხედავ უხილავ ღმერთს ამ ხილულ ადამიანში. ამიტომ ნუ ითხოვთ სხვა ხილვას, რომელიც ამაზე მნიშვნელოვანი იქნება".

წმინდანს არ სურდა, რაიმით აღმატებული ყოფილიყო ძმებზე. ის ჭეშმარიტად სამართლიანს იმ ბერს უწოდებდა, რომელიც ტრაპეზის დროს სხვაზე მეტ საკვებს არ იხმევდა, სხვების მსგავსად შრომობდა და არავის აძლევდა იმის უფლებას, მისთვის შრომა შეემსუბუქებინა.

ერთხელ აბბა ძმებთან ერთად სამუშაოდ მიდიოდა. თითოეულს გარკვეული რაოდენობის პური უნდა წაეღო. პახომის ტვირთის წაღება ერთმა ბერმა დააპირა, მაგრამ წმინდანმა არ მისცა ამის უფლება და უთხრა, რომ ხელმძღვანელი ისევე უნდა შრომობდეს, როგორც სხვა ბერები.

წმინდანს მეტად გაცრეცილი და ძველი კაბა ეცვა. იმ სამოსით ხვდებოდა ის მღვდლებსა და ბერებს.

ერთმა ძმამ, სახელად ათანასემ, რომელიც მონასტრის ბინადრების ტანსაცმელს განაგებდა, წმინდა თეოდორეს სთხოვა, როცა ღირსი პახომი კაბას გაიხდის, მომიტანე და უკეთესი სამოსით შევუცვლიო.

თეოდორე ასეც მოიქცა და ტანსაცმელი შეცვალეს. წმინდა პახომიმ თავისი სამოსის ძებნა რომ დაიწყო, თეოდორემ ახალ კაბაზე მიუთითა. წმინდანმა მოითხოვა, ძველი ტანსაცმელი დაებრუნებინათ მისთვის, რაზეც მოწაფემ უპასუხა, - ეს უკვე შეუძლებელიაო. ღირსი თეოდორე შემდეგ ძალიან ნანობდა, რომ მან უხუცესს მისთვის ძვირფასი კაბა წაართვა, ამაზე ბევრჯერ უტირია კიდეც. ღირსი პახომიც არ თვლიდა თავს მართლად. ის დიდხანს ევედრებოდა ღმერთს პატიებას იმისთვის, რომ სხვებს მორჩილებისკენ მოუწოდებდა, თავად კი მას არ დაემორჩილა, ვინც მონასტერში ტანსაცმელს განაგებდა. ამდენად დიდი იყო მისი მორჩილება.

ერთხელ პახომი ავად გახდა და თეოდორემ იქ მიიყვანა, სადაც სნეული ბერები სადილობდნენ. მისთვის განსაკუთრებული კერძი მოამზადეს. პახომის ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და თქვა:

- არ გცოდნია კერძების მომზადება, ცოტა წყალი მომაწოდე.

და წყალი საჭმელში ჩაასხა. როდესაც თეოდორემ სადილამდე ხელები დააბანინა, პახომიმ თავის მხრივ ფეხებზე დაასხა წყალი.

ტრაპეზის შემდეგ თეოდორემ ჰკითხა, თეფშში წყალი რატომ ჩაასხიო, უპასუხა:

- ჩემთვის განსაკუთრებული გულმოდგინებით მომზადდა კერძი. ასეთი გულმოდგინება კი დიდხანს არ გაგრძელდება. გავიფიქრე: ახლა ეს რომ შევჭამო, ხვალაც ავად რომ გავხდე, იმის მოლოდინი მექნება, კარგ საკვებს მომცემენ-მეთქი და ამის გამო მუდამ უხერხულობაში ვიქნები. კერძი ამიტომაც გავაფუჭე.

შემდეგ თეოდორემ ჰკითხა, თუ რატომ დაასხა ფეხებზე წყალი. ამაზეც შესანიშნავი პასუხი გასცა პახომიმ:

- ასე იმიტომ მოვიქეცი, როცა იმ ქვეყნად მეტყვიან, თეოდორემ ხელებზე წყალი დაგასხაო, ვუპასუხებ: - მე კი ფეხები დავბანე.

წმინდანი განსაკუთრებული სიყვარულით ავადმყოფ ბერებს ეპყრობოდა. ის ზრუნავდა, რომ მათი სული არ დასნეულებულიყო. მათ არწმუნებდა, რომ ღმერთისთვის მადლობა ეთქვათ, პატიება ეთხოვათ მისთვის და უფლის იმედით მომავალს მხნედ დახვედროდნენ. სნეული ძმის სხეულზეც ზრუნავდა. მათ არასოდეს სთხოვდა, გაძლიერებულად ემარხულათ, თუ ხედავდა, რომ მარხვა ასუსტებდა მათ და ძალას აცლიდა.

საავადმყოფოში მომვლელ ბერებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც უარს ამბობდნენ ავადმყოფების ისეთი თხოვნა შეესრულებინათ, რაც არ იყო მისაღები ბერებისთვის. ამას პახომი სულ სხვაგვარად უყურებდა. ის მზად იყო, ავადმყოფისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა.

ერთხელ თავად წმინდანი გახდა ავად. საავადმყოფოში შესთავაზეს, მოხარშული ბოსტნეული ეჭამა. ამ დროს იქვე მძიმე ავადმყოფი ბერი იწვა, რომელიც ძვალი და ტყავიღა იყო დარჩენილი. იმ ბერმა ითხოვა, მისთვის ცოტა ხორცი მიეცათ, მაგრამ უარი უთხრეს. მაშინ ავადმყოფმა ღირს მამას სთხოვა დახმარება. წმინდანი შეძრწუნდა ბერის უძლურებით და მომვლელების უსულგულობის გამო მკაცრად თქვა: "უგუნურნო, ღვთის შიში აღარ გაქვთ? განა არ გსმენიათ უფლის სიტყვები: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ჩვენი ძმა სიკვდილის პირას არის. რატომ არ აძლევთ იმას, რასაც ითხოვს? დაავადებებს შორისაც არის განსხვავება და რომელიღაც სენი მეორეზე საშინელია".

ბერები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას. მაშინვე გაგზავნეს კაცი თხის საყიდლად და ბერს ხორციანი კერძი მოუმზადეს. საკვებმა ძალა შეჰმატა მას და გააძლიერა მიმქრალი სული.

ერთხელ მონასტერში ხორბალი გამოელიათ. ამის გამო ბერები მეტად დანაღვლიანდნენ. წმინდა პახომიმ მათ ორი ლამაზი ხალიჩა აჩვენა, რომელიც კეთილ კაცს შეეწირა მონასტრისთვის. შესთავაზა, ხალიჩები გაეყიდათ და აღებული ფულით ხორბალი ეყიდათ.

მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა წმინდანი.

მეორე დღეს, დილაუთენია მონასტრის ჭიშკარს ერთი ქალაქის თავი მოადგა. დარაჯმა კარი რომ გაუღო, კაცმა უთხრა, რომ აღთქმა ჰქონდა დადებული, გაჭირვებულებისთვის ხორბალი დაერიგებინა. მას სიზმრად ეუწყა, რომ ამ მონასტრის ბერებს ხორბალი გამოლეოდათ. შემდეგ ითხოვა, მის მიერ მოტანილი ხორბალი ვინმეს მიეღო. წმინდა პახომის ძლიერ გაუხარდა, ეს რომ გაიგო და სტუმარს უთხრა, რომ მათ მართლაც ძალიან სჭირდებოდათ ხორბალი, მაგრამ რადგან ფული არ ჰქონდათ, დრო ესაჭიროებოდა, სანამ ხორბლის საფასურს გაისტუმრებდა. კეთილმა ქრისტიანმა უპასუხა: "ფულის ასაღებად არ მოვსულვარ. იმისთვის მოვედი, რომ ღვთის ხალხი ხართ. ძმები გამოგზავნე, რომ ხორბალი შემოზიდონ".

პახომიმ მადლობა გადაუხადა მას, გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი რომ გამოუწოდა და მონასტერი დალოცა და თან ბოსტნეული მისცა. ქალაქის თავმა სიხარულით მიიღო საჩუქარი და კმაყოფილი წავიდა, რომ ღვთის ადამიანს დაეხმარა. ბერები დიდად გაოცდნენ ამ ამბის გამო.

წმინდა პახომის ეშინოდა, რომ ბერები ამქვეყნიურ ამაოებას არ დაეტყვევებინა. ის იმაზეც შიშობდა, რომ ეკლესიის სიდიადესა და სილამაზეს არ მოენუსხა ისინი. გულმოდგინედ იცავდა მათ პატივმოყვარეობისგან. ბერებს არწმუნებდა, რომ უფლისთვის გაწეული ღვაწლი დაფარული უნდა ყოფილიყო და არა სხვებისთვის დასანახი. აგრეთვე ურჩევდა, გარეგნულად სხვა ძმებისგან არ გამორჩეულიყვნენ.

ერთმა ბერმა მრავალი ღამე ლოცვაში გაატარა და წინასწარ ტკბებოდა, რომ ხალხისგან ამის გამო განსაკუთრებულ პატივისცემას დაიმსახურებდა. პახომი არწმუნებდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. ეუბნებოდა სატრაპეზოდ მაშინ მისულიყო, როცა იქ სხვა ბერები იმყოფებოდნენ და მათთან ერთად მიეღო საკვები. აგრეთვე იმდენი ელოცა, რაც დაწესებული იყო, სენაკიდან გამოსული კი ყველას მიმართ თავაზიანი ყოფილიყო. ამისთვის არ იყო საჭირო, თავის ღვაწლზე ეთქვა უარი. ღმერთისთვის ისე უნდა ემსახურა, რომ გულში ეშმაკისთვის ადგილი არ დაეტოვებინა. ბერმა მაინც თავის ნებაზე გააგრძელა ცხოვრება და წმინდანმა კვლავ ურჩია, ღვაწლი შეემსუბუქებინა. ბევრჯერ შეახსენა პატივმოყვარე ბერს თავისი რჩევები, ბოლოს კი უთხრა, რომ თავისი სიჯიუტით შეიძლება ჭკუიდან შეშლილიყო, რადგან გარეგნული ღვაწლით სურდა, სხვებისგან პატივისცემა დაემსახურებინა. ბერი სულ უფრო და უფრო ივსებოდა სიამაყით თავისი ღვაწლის გამო და მართლაც შეშლილობის ზღვრამდე მივიდა. როდესაც აბბამ თეოდორე გაგზავნა მასთან, რომ შეეწყვიტა უფლისთვის უსარგებლო ლოცვე¬ბი, ბერი მზად იყო, მოეკლა თეოდორე. მისკენ ხის გადანაჭერით რომ გაიწია, საბედნიეროდ, ხელები გაუშეშდა და მხოლოდ უყვიროდა, რომ ღმერთის მტერი იყო. საცოდავი დიდხანს იყო ასე. ბოლოს უფლის წყალობით განიკურნა პატივმოყვარეობისგან, რომელიც სიგიჟეში გადასდიოდა.

ერთხელ წმინდა პახომი იჯდა და ბერებს ღვთის სიტყვებს განუმარტავდა. ამ დროს ერთი ძმა თავისი სენაკის წინ ჭილოფს ამზადებდა. ის განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდა იმ დღეს და ორი ჭილოფის დაწვნა შეძლო. ბერი აბბა პახომისგან ამის გამო შექებას ელოდა. მისი სულიერი მდგომარეობა რომ დაინახა, წმინდანი ბერებს მიუბრუნდა: "ხედავთ ამ უბედურ ძმას? დღევანდელი შრომა სულ წყალში ჩაყარა, რადგან უფლის მადლზე მაღლა ხალხის შექება შეიყვარა. მან საკუთარი თავი დაქანცა, სული კი გააღატაკა".

წმინდანმა ბერი იხმო და თავისი აზრებისთვის დატუქსა. შემდეგ უბრძანა, ის ჭილოფები მოეტანა და როდესაც ბერები შეიკრიბებოდნენ, მათთვის პატიება ეთხოვა. იგივე გაემეორებინა სატრაპეზოშიც სადილობისას. მისი სული რომ საბოლოოდ განეკურნა, უბრძანა, სენაკიდან გაუსვლელად, ყოველდღე ერთის ნაცვლად, ორი ჭილოფი დაემზადებინა. ეჭამა მხოლოდ პური და მარილი, არავის დალაპარაკებოდა, ერთი ძმის გარდა, რომელიც მას საკვებს მიაწვდიდა და თან მხურვალედ ეთხოვა პატიება ღმერთისთვის. ყველაფერ ამას ბერი პატივმოყვარეობისგან უნდა გაეთავისუფლებინა და მის გულში სინანული გაეღვივებინა.

ერთხელ წმინდა პახომის მოუხდა იმ მონასტერში შესულიყო, სადაც ბერები ერეტიკოსების მსოფლმხედველობას იზიარებდნენ. იქაურმა ბერებმა პახომის მოწაფეს უთხრეს, რომ მათი წინამძღვარი პახომს სთავაზობდა, ერთად გადასულიყვნენ მდინარის ზედაპირზე, რათა ენახათ, რომელს უფრო სწყალობდა ღმერთი და ვინ იყო მათ შორის მართალი. როდესაც მოწაფეებმა დანაბარები გადასცეს, პახომი მეტად დანაღვლიანდა. ის შეწუხდა, რომ ბერებმა ეს ყველაფერი მოისმინეს და შემდეგ პახომს მოახსენეს. მან მკაცრად უთხრა მათ: უფლის დაშვებითა და სატანის დახმარებით ერეტიკოსს შეუძლია წყლის ზედაპირზე სიარული, რათა თავადაც ირწმუნოს და სხვებსაც არწმუნებინოს არაჭეშმარიტება. ახლა წადით და იმ ხალხს გადაეცით: "უფლის მსახური პახომი ამბობს: ჩემი გარჯის მიზანი არ არის, რომ მდინარის ზედაპირზე ვიარო, იმისთვის ვიღვწი, რომ უფლის სასჯელი ავირიდო და ის ცეცხლოვანი მდინარე გადავიარო, რომელიც ჩვენ, ადამიანებმა უნდა გადავლახოთ უფლის წინაშე რომ წარვდგეთ. მეტიც. წმინდა წერილი გვასწავლის: "ნუ გამოსცდი უფალს!"

წმინდანი ერეტიკოსების შემოთავაზებაში სატანის მზაკვრობას ხედავდა, რომელსაც სურდა, უჩვეულო მოვლენით ბერების რწმენა შეერყია.

ერთხელ წმინდა პახომიმ სხვა მონასტრები მოინახულა და თავის სავანეში დაბრუნდა. ძმები მის შესახვედრად გამოვიდნენ. ერთ-ერთმა შესჩივლა, რომ მისი წასვლის შემდეგ, მარცვლეულისა და ბოსტნეულის საკვები არ დაემზადებინათ. წმინდანმა მოკლედ უპასუხა:

- ნუ დარდობ, ამიერიდან მე ვიზრუნებ თქვენს კვებაზე.

შემდეგ მონასტერში შევიდა და ლოცვა აღავლინა. იქიდან პირდაპირ სამზარეულოში შეიარა. მზარეულები ისხდნენ და ჭილოფებს წნავდნენ. წმინდანმა მთავარს ჰკითხა:

- რატომ აღარ აკეთებთ მარცვლეულის ფაფას ძმებისთვის? როგორც გავიგე, უკვე ორი წელია, არ გაგიკეთებია. რატომ მოიქეცი ასე? წესის მიხედვით, ბერებისთვის შაბათ-კვირას ფაფა უნდა მოგემზადებინა.

ბერმა უპასუხა, - ძმები ღვაწლის გამო აღარ ეკარებიან ფაფას, მხოლოდ ცოტაოდენი ბოსტნეულითა და ზეთით იკვებებიან. რამდენჯერაც გავაკეთე, გადაღვარეს. ამიტომ ერთ ძმას დაევალა ბოსტნეულის, ზეთისხილის და ძმრის ჩამორიგება, თავად კი დანარჩენ მზარეულებთან ერთად ჭილოფებს ვწნავ. უკვე ხუთასი ჭილოფი დავწანიო.

წმინდანი დიდად დამწუხრდა ბერის თვითნებობით. ბრძანა, თვითნებურად მოქსოვილი ჭილოფები დაეწვათ, მზარეულების უფროსს კი უთხრა, რომ წესებს დამორჩილებოდა. თუ ბერები თავს იკავებდნენ საკვების მიღებაზე, ეს მათი არჩევანი იყო და არა აუცილებლობით გამოწვეული. როდესაც საკვებს არ ამზადებდნენ, აღარავის ჰქონდა იმის შესაძლებლობა, თავისი გულმოდგინება გამოემჟღავნებინა და იძულებით მარხულობდნენ.

- მე, - ამბობდა წმინდანი, - სხვადასხვანაირ კერძს მოვამზადებდი და ძმებს შევთავაზებდი, რათა მათი სურვილისამებრ, ნებაყოფლობით ღვაწლის გამო უარი ეთქვათ საკვებზე და შეძლებოდათ დიდი საქმის გაკეთება ღვთის წინაშე. როდესაც ტრაპეზზე არ არის წესდების მიხედვით დასაშვები საკვები, შედარებით სუსტი ბერები ძალებს ვერ აღიდგენენ, კიდევ უფრო სუსტდებიან და ღვაწლს ვეღარ აღასრულებენ. მათთვის განსაკუთრებით რთულია, როცა შაბათს, კვირას და დღესასწაულებზე მოხარშულ საკვებს არ სთავაზობენ, რადგან ასეთი მკაცრი ცხოვრების გამო შეიძლება ნაღველი დაეუფლოთ.

წმინდა პახომიმ კარგად იცოდა, რომ გადამეტებულ სიმკაცრეს შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩაეგდო ზოგიერთი ბერი. გამოუცდელ ბერებს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით ექცეოდა. მათ ნერგებს ადარებდა, რომლებსაც მოვლა და მზრუნველობა სჭირდებათ. ის ხშირად საყვედურობდა თავის საყვარელ მოწაფეს, თეოდორეს, რომელიც სიმკაცრეს იჩენდა ბერი პაფნუტის მიმართ. მხოლოდ პახომის სიყვარულმა და სიბრძნემ გააჩერა პაფნუტი მონასტერში.

ტავენისის მახლობლად პატარა მონასტერი იყო, რომლის წინამძღვარიც ხშირად მიდიოდა წმინდა პახომის ბრძნული ქადაგებების მოსასმენად, შემდეგ კი თავის ბერებს უყვებოდა. იმ მონასტრის ერთ-ერთი ბერი ჯიუტად ითხოვდა რომელიღაც თანამდებობას. მოძღვარმა ერთხელ უთხრა, რომ პახომის აზრით ის არ იმსახურებდა იმ ადგილს. სინამდვილეში წმინდანს მსგავსი არაფერი უთქვამს. ბერი გაბრაზდა და თითქმის ძალით წაიყვანა თავისი აბბა პახომისთან საქმის გასარკვევად. წინამძღვარი მეტად დაბნეული მიჰყვებოდა უკან განრისხებულ ბერს.

ადგილზე რომ მივიდნენ, წმინდანი მონასტრის ღობეს აკეთებდა. ბერმა რისხვით შესძახა:

- ახლავე აქ მოდი და მითხარი, რა შევცოდე, შე მატყუარა.

უდიდესი მოთმინებით აღსავსე წმინდანმა პასუხი არ გასცა უხეშ ბერს, რომელიც მის ლანძღვას აგრძელებდა. პახომი მიხვდა, თუ რა სულიერ მდგომარეობაში იყო იმ წუთას და მშვიდად უპასუხა:

- მაპატიე, შევცოდე. შენ არასოდეს შეგიცოდავს?

ბერის რისხვა დაცხრა. შემდეგ წმინდანმა წინამძღვარი განზე გაიხმო და მისგან გაიგო, რაშიც იყო საქმე.

აბბამ ურჩია:

- დამიჯერე და მისი მოთხოვნა დააკმაყოფილე, რომ მისი სული მტრის ხელიდან ვიხსნათ.

წინამძღვარმა მართლაც შეასრულა მისი მითითება. რამდენიმე დღის შემდეგ ბერმა მოინანია თავისი საქციელი და წმინდა პახომთან პატიების სათხოვნელად მივიდა. "ღმერთმა იცის, შენ რომ დიდსულოვნება არ გამოგეჩინა და ერთი უხეში სიტყვა მაინც გეთქვა, მე, ცოდვილი, მონასტრიდან წავიდოდი. ღმერთმა დაგლოცოს, რადგან შენი დახმარებით უფალმა კვლავ გამაცოცხლა".

ერთხელ წმინდანმა თეოდორესთან ერთად სასაფლაოს გვერდით ჩაიარა. ნახა, რომ რამდენიმე ქალი უნუგეშოდ ტიროდა. ღირსმა მამამ თავის მოწაფეს უთხრა:

- ხედავ, ეს ქალები ცრემლებს მკვდრების გამო ღვრიან, რომლებსაც მკვდრეთით ვერ აღადგენენ. მით უმეტეს ჩვენ, ბერები უნდა ვტიროდეთ, რომ ჩვენი ცოდვების გამო სული მოვკალით, რომელსაც კაცთმოყვარე ქრისტე მკვდრეთით აღადგენს.

ერთხელ ღირს პახომს უთხრეს, რომ ეგვიპტეში დიდი შიმ¬შილობა იყო, რასაც დაემატა არანაკლები უბედურება - შავი ჭირი. ორი დღე პახომი საჭმელს არ გაკარებია. მან ისე ცხოვლად იგრძნო სხვათა შიმშილი, რომ მესამე დღესაც არ მიიღო საკვები. თან სინანულით ამბობდა: "არ შემიძლია პირში ლუკმა ჩავიდო, როცა ჩემი თანამემამულენი მშივრები არიან".
მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ეგვიპტეში შიმშილი გრძელდებოდა, წმინდანი დიდ მწუხარებაში იყო, მკაცრ მარხვას იცავდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, რომ უბედურება შეწყვეტილიყო.

ღრმად თანაუგრძნობდა ყველა ადამიანს და განსაკუთრებით ბერებს. ღირსი მამა ყველასთვის ლოცულობდა, რომ ღმერთს იმის ძალა მიეცა მათთვის, თითოეულს თავისი აღთქმა შეესრულებინა. ადამიანებისთვის რომ ლოცულობდა, უფალს უპირველესად იმათ შეავედრებდა, ვინც სიკეთეს თესავდა. ღირსი აბბა იმათი სულების გადასარჩენადაც ლოცულობდა, ვინც ცოდვას სჩადიოდა, ღმერთს შესთხოვდა, რომ მათთვის სინანულის გრძნობა მიემადლებინა. ლოცულობდა მეფეთათვის, რომ მათ ღვთის სიყვარულით ეცხოვრათ და სამართლიანად ემართათ ქვეყანა, უფლის ნება აღესრულებინათ მეფე დავითის მსგავსად.

წმინდა პახომი ყველას ეხმარებოდა, როცა ამის საშუალება იყო. ბევრი ადამიანი მისი წინამძღვრობით გადარჩა სულიერად. ამას გარდა, წმინდანი, უფლის შეწევნით, ადამიანებს ფიზიკური დაუძლურებისგან კურნავდა.

ერთხელ ვინმე ხუცესმა დიონისემ სავანის კარიბჭესთან ერთი ქალი მიიყვანა, რომელიც სისხლდენით იტანჯებოდა. ვერც ერთმა მკურნალმა ვერ შეძლო მისი განკურნება. მხოლოდ წმინდა პახომის ტანსაცმელზე შეხებით გათავისუფლდა საშინელი დაავადებისგან. ერთმა კაცმა ღირს მამასთან თავისი ვაჟი მიიყვანა, რომელიც ბოროტისგან იყო შეპყრობილი. ჭაბუკიც განიკურნა.

წმინდა პახომი ერთხელ ლოცულობდა იმ შეპყრობილი ადამიანის გასათავისუფლებლად. უეცრად ხმა ჩაესმა, რომ მისთვის ლოცვა შეეწყვიტა, რადგან ეს უბედურება მისი სულისთვის საკეთილდღეოდ დაემართა. მართალია, უფალი წმინდანის ხელით მრავალ სასწაულს ახდენდა, მაგრამ ნეტარი მამა ყველაზე აუცილებლად თვლიდა სულის გათავისუფლებას კერპების თაყვანისცემისგან, სიცრუისა და საერთოდ ყოველგვარი ცოდვისგან.

მეტად დიდი შედეგები ჰქონდა წმინდა პახომის მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობით უმაღლეს სრულყოფილებას აღწევდნენ. მათ შორის კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა საკმაოდ რთულია. ამიტომაც განდეგილთაგან რამდენიმე სახელმა მოაღწია ჩვენამდე.
შრომისმოყვარეობის, მოთმინების საუკეთესო მაგალითდა მის ნაყოფს. დაძენძილი სამოსი ეცვა, სიშიშვლეს ძლივს რომ უფარავდა. უხეში შალის ტანსაცმელს მხოლოდ ზიარების დროს იცვამდა, შემდეგ სასწრაფოდ იხდიდა. არასოდეს ჭამდა ცეცხლზე მომზადებულ საკვებს. მხოლოდ პურითა და ძმრით იკვებებოდა. არასოდეს ისვენებდა, ავადმყოფობის დროს, როცა სიკვდილთან ახლოს იყო, საავადმყოფოში წასვლაზე ვერაფრით დაითანხმეს, რადგან მისთვის მიუღებელი იყო, რომ სხვა ადამიანი მომსახურებოდა. მთელი დღე ბაღ¬ში მზის გულზე მუშაობდა. ღამით თავის სენაკში ბრუნდებოდა, სკამზე ჩამოჯდებოდა და გვიან ობამდე თოკებს გრეხდა, თან ღმერთს ადიდებდა. ცოტა ხნით სკამზევე ჩაიძინებდა და მალევე დგებოდა, რათა ელოცა და ისევ ბაღში წასულიყო სამუშაოდ. ღამით მუშაობისას სანთელსაც არ ანთებდა.

სკამზე მჯდომარე გარდაიცვალა, ხელებში კი თოკი ეჭირა. ბერებმა ვერაფრით შეძლეს მისი ხელების და ფეხების გასწორება, სამოსიც ვერ გახადეს, რომ შალის ტანსაცმლით შეემოსათ. იმავე მდგომარეობაში დამარხეს, როგორც გარდაიცვალა.

წმინდა პახომის სავანეში ერთი ბერი ცხოვრობდა, აფინოდოსი, კეთროვანი. ის იშვიათი მაგალითი იყო მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის. სხვებისგან მოშორებით ცხოვრობდა. მხოლოდ პურითა და მარილით იკვებებოდა, ისიც ორ დღეში ერთხელ. მოთმინებით იტანდა მძიმე დაავადებას. წმინდანი მას ხშირად აგზავნიდა სხვადასხვა მონასტერში, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მისი შესახედაობა ბევრს აღუძრავდა ღვთისმოსავ გულმოდგინებას. ერთხელ მასთან ერთი ბერი შევიდა და არწმუნებდა, შეეწყვიტა ჭილოფების ქსოვა, რადგან ამის შედეგად ხელები სულ უსისხლიანდებოდა. ის ამბობდა, რომ მის ნაცვლად ყველა ბერი სიხარულით, შეუწუხებლად იშრომებდა. მორჩილმა აფინოდოსმა, შრომის აუცილებლობაში დარწმუნებულმა, უპასუხა, რომ მისთვის შეუძლებელი იყო, საქმე შეეწყვიტა. მაშინ ბერმა ურჩია, ხელები ზეთით მაინც დაეზილა, რათა დარბილებოდა და არ დახეთქოდა. აფინოდოსმა მისი რჩევა გაითვალისწინა. ხელები ზეთით შეიზილა და მართლაც დაურბილდა, თუმცა მუშაობისას კიდევ უფრო ძლიერ ტკივილს გრძნობდა. პახომიმ უსაყვედურა, რომ ის ზეთის იმედად კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ მთლიანად მინდობოდა უფალს. აფინოდოსმა თავი დამნაშავედ ცნო და წმინდანს შენდობა სთხოვა. შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ამ ცოდვის გამო დარდობდა. ასეთი მკაცრი წესები იყო წმინდა პახომის სავანეში.

ერთხელ ღირს მამასთან ორი ჭაბუკი მივიდა. მათ ბერობა სურდათ. ერთ-ერთი, სახელად სილვანი, სოფელში ხორციელ ვნებებს ეძლეოდა. წმინდანმა ორივე მიიღო, თან გაიფიქრა:
"აღვკვეცავ მათ ბერებად, მაგრამ ერთი ჭაბუკი, რომელიც სცოდავდა, მოინანიებს, დავტოვებ სავანეში, თუ არ აღიარებს ცოდვას, მონასტრიდან გავაგდებ".

პახომი ცალკე დაელაპარაკა სილვანს და მანაც გულახდილად უამბო თავისი ცოდვების შესახებ. შემდეგ პირობა დადო, რომ მეტად აღარ შესცოდებდა. გავიდა გარკვეული ხანი და სილვანი კვლავ ძველ გზას დაადგა. წმინდა პახომს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გაეძევებინა მონასტრიდან, რადგან მისი მაგალითი შეიძლება გადამდები ყოფილიყო სხვებზე.

მეორე დღეს აპირებდა ჭაბუკისთვის განეცხადებინა სავანიდან გაძევების შესახებ. უფლის შეწევნით სწორედ იმ დღეს ვაჟმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თავისი ცხოვრების წესი შეეცვალა. ღამით ადგა, ერთ-ერთი ბერი გააღვიძა, მის წინ დაჯდა და მწარედ ატირდა, თან ამბობდა: "იმიტომ ვტირი, რომ აქამდე უფლის არ მეშინოდა. ღვთის შიში რომ მქონოდა, წმინდა პახომის სიტყვას არ გადავიდოდი".

კეთილმა ბერმა მისი დამშვიდება დააპირა და ურჩია: "დღევანდელ დღემდე ცხოვრობდი ღმერთის შიშის გარეშე, მაგრამ ახლა შენს სულს უბრძანე და ღვთისმოშიშებით აღივსები".

დილით იმ მონასტერში წმინდა პახომი ორი ბერის თანხლებით მივიდა. მან საიდუმლოდ იხმო სილვანი, დილიდან საღამოს შვიდ საათამდე ესაუბრა მას. საუბრისას დაანახვა მისი სულიერი მდგომარეობა, აუხსნა, თუ რაში გამოიხატებოდა მისი დანაშაული და გამოუცხადა, რომ მონასტერში ვეღარ დარჩებოდა. ჭაბუკი შეძრწუნდა ამ სიტყვების მოსმენაზე. ის ცხარედ ატირდა, წმინდანს ფეხებში ჩაუვარდა, პატიებას სთხოვდა და ეუბნებოდა: "ვინანიებ და შევასრულებ, რასაც კი მიბრძანებ, მხოლოდ შენ გამო კი არა, არამედ უფლის გამო, რომლისგანაც გეუწყა ჩემი ცოდვების შესახებ".
მან შესთხოვა, მონასტრიდან არ გაეძევებინა და მეტად აღარ დაარღვევდა თავის პირობას. მისმა გულწრფელმა სინანულმა ყველა შეძრა. პახომი ცოტა ხნით განმარტოვდა და ლოცულობდა, რომ უფალს მისთვის ძლიერი ნებისყოფა მიენიჭებინა. შემდეგ ერთ-ერთი ღვთისმოსავი ბერი მოიხმო და სილვანზე მზრუნველობა დაავალა, თან გააფრთხილა, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა ამისათვის. კეთილმა განდეგილმა თანხმობა განუცხადა და შეჰპირდა, რომ ახალგაზრდა ბერის სულიერ განვითარებაზე იზრუნებდა. წმინდანმა შემდეგ განკარგულება გასცა, რომ ეს ორი ბერი ერთმანეთისგან არავითარ შემთხვევაში არ დაეცილებინათ და სილვანის ცოდვები არ გაემჟღავნებინათ. გახარებული და იმედმოცემული ჭაბუკი, მზად იყო ნებისმიერი მწუხარება და შეურაცხყოფა მოეთმინა, რადგან იმსახურებდა და თან აღთქმა დადო, რომ მუდამ ფხიზლად იქნებოდა და გულისთქმას არ აჰყვებოდა. სილვანმა მართლაც შეასრულა თავისი პირობა. ის უფრო და უფრო აძლიერებდა თავის ღვაწლს. დღეში ერთხელ იღებდა მცირე ულუფას, წყალს კი ისე სვამდა, წყურვილს არ იკლავდა. მხურვალედ ლოცულობდა მთელი დღის განმავლობაში, ღამის დიდ ნაწილსაც ლოცვაში ატარებდა და როდესაც ძილი მოაწვებოდა, მხოლოდ ჩაიმუხლებდა და ისე ჩაიძინებდა. ცოტა ხანში სილვანმა სულიერი სიწმინდის სრულყოფილებას მიაღწია. პახომიც ხა¬რობდა ახალგაზრდა განდეგილის სულიერი განვითარებით.

ერთხელ იმ მონასტრის ბერები, სადაც სილვანი ცხოვრობდა, ლერწამს აგროვებდნენ, პახომიც მათთან ერთად იყო და ღვთის სიტყვას ასწავლიდა. ბოლოს თქვა:

- მინდა იმ სასწაულის შესახებ გაუწყოთ, რაც უფლის ნებით თქვენ შორის მოხდა. ერთი ბერი თავიდან იშვა, რადგან სულიერ სრულყოფილებას მიაღწია.

ბერები გაოცდნენ, როდესაც გაიგეს, რომ წმინდანი სილვანზე ლაპარაკობდა. ყველა ძმამ უდიდესი პატივისცემა გამოუცხადა და ცდილობდნენ ახლოს ყოფილიყვნენ მასთან, რათა მისი ქადაგებები მოესმინათ. თან აბბა სილვანს ეძახდნენ. ბერი მოკრძალებით ამბობდა: "განა მე თქვენი აბბა ვარ?"

სილვანი თავდაუზოგავად შრომობდა, რათა სულიერი სიმაღლე არ დაეკარგა. იმ ამბის შემდეგ დიდი ხანი არ უცოცხლია და უფლის წინაშე სუფთა სინდისით წარდგა.

წმინდა პახომი უფლის შეწევნით ბერების მომავალს განსაზღვრავდა. ერთხელ ძმები მასთან ერთად ლერწმის მოსაჭრელად წავიდნენ. ზოგიერთი ბერი აცილებდა მათ, რომელთა შორის იყო წმინდანის საყვარელი მოწაფე თეოდორე. სანამ ნაპირს მოშორდებოდნენ, ღირსმა მამამ დაუძახა: "ჩქარა ჩაჯექი ნავში".

თეოდორეს მიზეზი არ უკითხავს, ისე შეასრულა მისი ბრძანება. ის გახარებული იყო, რომ ღირსმა მამამ უფლება მისცა, მორჩილება გამოემჟღავნებინა აბრაამის მსგავსად, რომელიც უფლის ნებით თავისი მიწიდან გამოვიდა და არ უკითხავს, საით უნდა წასულიყო. ნავი ლერწმით რომ დატვირთეს, პახომიმ მეტად საშიში რამ იხილა. მან წარმოიდგინა ზოგიერთი ბერი ლომის ხახაში მოქცეული, ზოგი ნიანგის ყბაში, სხვები ცეცხლის ალში გახვეულნი, ზოგიც ზღვის ტალღებს გაურბოდა და მთაზე ასვლას ცდილობდა, მაგრამ ვერ ასწრებდნენ და ზღვაში ინთქმებოდნენ. ყველა უფალს შეჰღაღადებდა და გაჰყვიროდა: "ღმერთო, გვიხსენი!"

ასეთი ხილვის შემდეგ წმინდანმა მხრებიდან ლერწმის შეკვრა მოიხსნა და მიწაზე დააგდო. ხელები ცისკენ აღაპყრო და ხმამაღლა დაიწყო ლოცვა. უფალს შესთხოვდა, იმ უბედური ადამიანების გადარჩენას. ამის დანახვაზე ბერებმაც დაყარეს თავიანთი ტვირთი და ლოცვად დავარდნენ. ბერების მხურვალე ლოცვა ღამემდე გაგრძელდა. პახომიმ იხილა ის, რაც მისი სიკვდილის შემდეგ უნდა მომხდარიყო. იმ დღეს ლუკმა არ ჩაუდია პირში.

წმინდა პახომს კიდევ სხვა ხილვა ჰქონდა, რაც ბერების ბედს შეეხებოდა. ერთხელ თავის სენაკში გვიან ღამემდე ლოცულობდა. უეცრად მისი კელია სხივმა გაანათა. მან იხილა, თუ როგორ გაფართოვდებოდა და გაძლიერდებოდა მონასტერი. მაგრამ აღტაცებაში მოსულმა წმინდანმა დაინახა ღრმა, მრგვალი და ბნელი თხრილი, სადაც ურიცხვი რაოდენობის ბერი დააბიჯებდა. ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ და მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ იქიდან ამოსვლას. ზოგი ნახევრამდე ახერხებდა ასვლას, მაგრამ შემდეგ უკან თავდაყირა ვარდებოდა. ისმოდა საშინელი ვაება და გოდება. ზოგიერთი ახერხებდა უფსკრულიდან ამოსვლას და ღმერთს მადლობას შეჰღაღადებდა. გონს რომ მოვიდა, პახომი მიხვდა, რომ იმ ბერების სულების მომავალი იხილა, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ თავისი გაუფრთხილებლობით ან ვინმეს ხელმძღვანელობით. წმინდანმა დიდი მწუხარებით უხმო უფალს და მონასტრისა და ბერებისთვის მოწყალება შესთხოვა. პასუხად ხმა მოესმა: "პახომი, არ დაგავიწყდეს, რომ შენ ადამიანი ხარ; ყველაფერი ჩემს გულმოწყალებაზეა დამოკიდებული".

ნეტარი მამა ღმერთს ევედრებოდა მოწყალება გაეღო და შეებრალებინა ბერები. მაშინ მისი გულის საოხად თავად მაცხოვარი იესო ქრისტე გამოეცხადა ახალგაზრდა კაცის სახით, აღუწერელი სილამაზის მქონე, თავზე გვირგვინით. ქრისტემ ამცნო, რომ მისი მოწაფეები ისე შეხედავდნენ, როგორც მანათობელს: ყველა წესის დაცვით იცხოვრებენ. მათი შინაგანი სამყარო სუფთა იქნება. სხვა ბერებიც მათ მიბაძავენ. მაგრამ დადგება დრო, როდესაც რწმენა შესუსტდება და მანკიერებები და სულიერი სიბნელე გაძლიერდება. ამქვეყნიური სიამისთვის ერთმანეთში ბრძოლას დაიწყებენ. ჭეშმარიტი განდეგილების რიცხვი მეტისმეტად შემცირდება. მათ არ ეყოლებათ წინამძღვარი. თავად მოუწევთ ბოროტისა და კეთილის ერთმანეთისგან გარჩევა. მათ ღვაწლს ნაკლები ფასი ექნება წინამორბედი ბერების ღვაწლთან შედარებით. თუმცა ჯილდოს მაინც მათ მსგავსად მიიღებენ, რადგან ბევრი განსაცდელის გადატანა მოუხდებათ. წმინდანი გახარებული იყო, როდესაც ეს ყველაფერი იხილა.
მრავალი დღე საკვებს არ გაკარებია. მეორე დღეს, როდესაც ძმები ლოცვაზე შეიკრიბნენ, აბბა მათთან ერთად წავიდა ეკლესიაში. ლოცვის შემდეგ შეკრებილ ბერებს ესაუბრა. "ცხოვრება მალე გადის, - ამბობდა, - სიკვდილი გვიახლოვდება და შეიძლება ისეთ დროს მოგვადგეს, როცა მზად არ ვიქნებით. ამიტომ ადამიანმა ყოველთვის გულმოდგინედ უნდა დაიცვას უფლის მცნებები. მუდამ უნდა ვიფიქროთ მართალთა ნეტარებაზე და ცოდვილთა ტანჯვაზე. ჩვენი ძმების საფლავების დანახვაზე არ შეიძლება, აზრი არ გაგვიჩნდეს იმის შესახებ, რომ ადამიანი წარმავალია და ცხოვრება არ შეიძლება შეიცავდეს ისეთ რამეს, რითაც უნდა იამაყო".

წმინდანმა ბერები გააფრთხილა, რომ სწორედ ისინი, ვინც ზურგი აქცია სამყაროს, უფრო მეტად დაისჯებოდნენ, თუ ღმერთის ნაცვლად ეშმაკს მოემსახურებოდნენ. აბბა თავის მოწაფეებს მოუწოდებდა სულის გადასარჩენად ყველაფერი გაეკეთებინათ და ღმერთის თვალში მადლი მოეპოვებინათ. ღვაწლისგან დაუძლურებული წმინდა პახომი აღდგომის შემდეგ მძიმედ დაავადდა. სწორედ იმ დაავადებით მანამდე ბევრი ბერი დაიღუპა. როდესაც რომელიმე ბერი დაავადდებოდა, წმინდანი გრძნობდა, სახეზე ფერი ეცვლებოდა და ხუთვა ეწყებოდა. ყოველდღე მონასტერში ერთიმეორეზე მიყოლებით იღუპებოდნენ ბერები. უფრო მეტი კი - ავად იყო. როდესაც წმინდანი დაავადდა, თეოდორე შვილივით ემსახურებოდა მას. ღირსი მამის ავადმყოფობა დიდხანს გაგრძელდა. ის თანდათანობით სუსტდებოდა, სიცხით იწვოდა, საკვებს და წყალს სამი დღის განმავლობაში არ იღებდა, თუმცა ძმებთან საუბარს მაინც აგრძელებდა. ორმოცი დღე საავადმყოფოში იწვა. იმდენად დასუსტებული იყო, რომ გადასაფარებელიც კი ამძიმებდა. ამიტომ მან თეოდორეს სთხოვა, რამე მსუბუქი გადაეფარებინა. თეოდორე მაშინვე წავიდა და მსუბუქი, ახალი გადასაფარებელი მოუტანა. წმინდანმა შენიშნა, რომ ეს მის პატივსაცემად იყო გაკეთებული და უსამართლობად ჩათვალა. მას ეშინოდა, რომ ამის გამო რომელიმე ბერი შეიძლება ცდუნებაში ჩავარდნილიყო. მაშინ თეოდორემ გადასაფარებელი აიღო და ისეთივე ზეწარი გადააფარა, როგორიც სხვა ბერებს ჰქონდათ. წმინდა პახომი გარდაიცვალა 348 წელს, 53 წლის ასაკში. მას თვალები თეოდორემ დაუხუჭა. ბერები ატირებულები მივიდნენ და წმინდანს ხელზე ეამბორნენ. ისინი მთელი დღე და ღამე ლოცულობდნენ მისი სულის საცხონებლად. დილით გალობით წაიყვანეს მთისკენ და წესისამებრ დაკრძალეს. მონასტერში დაბრუნებული ძმები ერთმანეთს მწუხარებით ეუბნებოდნენ: "ჭეშმარიტად დღეს დავობლდით".

კონდაკი
მნათობად ბრწყინვალედ გამოსჩნდი კიდეთა შორის ქუეყანისათა და უდაბნონი ქალაქ-ჰყუენ მონაზონთა სიმრავლითა, და ჯუარს აცუ თავი თვისი, და ჯუარი შენი ბეჭთა ზედა იტვირთე, და მარხვითა ხორცი განკაფენ, მამაო პახომი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

აქვე წაიკითხეთ:

ღირსი პახუმი დიდი (348) - ხსენება 15 (28) მაისს

წმინდა პახუმი დიდი ბოლო ჟამის ქრისტიანობაზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
21.08.2008
რუბრიკის სტუმარია დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხანთაძე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat