ჩვენი სტუმარი გახლავთ თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი (უგრეხელიძე). მამა გიორგიმ ერისკაცობიდან მღვდლობამდე საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრების გზა განვლო. იგი იმ თაობის წარმომადგენელია, რომლის მხრებზეც გადაიარა 9 აპრილმა, აფხაზეთის ომმა...
თაობისა, რომელმაც იცის ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების ფასი. მამა გიორგი ეროვნული მოძრაობიდან მოვიდა ეკლესიაში, თუმცა, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: უფალი დედის მუცლითგან ირჩევს ადამიანს იმ ამაღლებული და საპასუხისმგებლო მისიის აღსასრულებლად, რასაც მღვდლობა ჰქვია. მამა გიორგის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ ღვთისგან, ვიდრე ვითხოვთ და უფალი უფრო მოწყალეა, ვიდრე გვგონია".
- მამაო, გვიამბეთ, როდის და როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები სარწმუნოებისკენ, ეკლესიისკენ?
- ადამიანი, როგორც ღვთის ჭურჭელი, იმთავითვე გამორჩეულია ღვთისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად. 1971 წელი იყო, როდესაც შინაგანი ხმის კარნახით ავიჩემე, - უნდა მოვინათლო-მეთქი. მომნათლეს. დაახლოებით 8-9 წლისა ვიქნებოდი, როდესაც პირველად ვიხილე მღვდელი ახლოს. კომუნისტური აგიტაციის გავლენით, მღვდლობა რაღაცნაირი სასჯელია-მეთქი, ვფიქრობდი, მეგონა, მღვდელი აუცილებლად ასაკოვანი, თეთრწვერა უნდა ყოფილიყო, მე კი დავინახე ახალგაზრდა, წარმოსადეგი მოძღვარი. დავინტერესდი, - რატომ გახდა მღვდელი-მეთქი. იქ მყოფმა ბიჭებმა მიპასუხეს, - ხშირად ესიზმრებოდა, მღვდელი უნდა გახდეო და გახდა კიდეცო. ვინატრე, ნეტა მეც დამესიზმროს-მეთქი. ეს იყო სიცოცხლეში ჩემი პირველი ნატვრა. ამის მერე, რომ გითხრათ, განსაკუთრებულად მიველტვოდი ეკლესიას-მეთქი, არ იქნება მართალი, რადგან საშინელი დიქტატურის პერიოდში ძალით გვახვევდნენ თავს პიონერიასაც და კომკავშირსაც. თუმცა მე კომკავშირში ჩემი ნებით არ შევსულვარ, ჩემს ნათესავს, იმჟამინდელ კომკავშირის კომიტეტის მდივანს, შევუყვანივარ.
IV კლასში ვიქნებოდი, როდესაც დაიწყო ჩემი ურთიერთობა ჯიხეთის დედათა მონასტერთან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე მთელი რაიონი იყრიდა თავს აქ. სხვა დროს არავის ახსოვდა ეს ეკლესია. მოგეხსენებათ, ჯიხეთში გახლავთ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომლისგანაც ბევრი სასწაული და კურნება აღესრულება. მაშინ ბავშვთა ოთახის ინსპექტორები განაგებდნენ ახალგაზრდობის საქმეებს და როდესაც იქ დამინახეს, მცემეს კიდეც: მონასტერში რა გინდოდაო. ამ სისასტიკემ უფრო გამიმძაფრა ეკლესიისკენ ლტოლვა... გავიდა წლები. დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომელშიც აქტიურად ჩავერთე. შევედი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, ვმონაწილეობდი ყველა აქციაში - შიმშილობა იყო თუ გამაფრთხილებელი, მჯდომარე აქციები. უფრო მეტად დავუახლოვდი ეკლესიას, 1988 წლიდან - არქიმანდრიტ ანდრიას, რომელმაც ჩემი მომავალი განსაზღვრა. მამა ანდრია დიდად მოღვაწე ბერია, მისნაირები ალბათ ცოტანი გვყავს. ამ პერიოდს დაემთხვა უწმინდესის მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. ჩვენთან, ლანჩხუთშიც, მობრძანდა. ეს იყო 1989 წლის 19 სექტემბერი. ჯიხეთის მონასტერში პატრიარქმა იღუმენის ხარისხში აიყვანა მამა ანდრია. მეორე დილით მამა ანდრიამ უწმინდესთან წარმადგინა. ძალიან ძვირფასი იყო ის 15-20 წუთი, რაც მე უწმინდესთან დავყავი. ჯერ ხომ ფეხები უკან მრჩებოდა და ცხონებული გოგი შიოლაშვილი (უწმინდესის ძმისწული) მამხნევებდა: - მიდი, ნუ გეშინიაო. მანამდე მხოლოდ სურათით ვიცნობდი კათოლიკოს-პატრიარქს. მასთან შემიძღვნენ დღევანდელი ამბა ალავერდელი მიტროპილიტი მეუფე დავითი (მაშინ - მამა ირაკლი მახარაძე) და მამა ანდრია და უწმინდესს უთხრეს: - ეს არის დღეს ერთადერთი პიროვნება რაიონში, რომელიც მონასტერს გვერდით უდგას. მორწმუნეა, აღმსარებელი და როგორ აკურთხებთო. მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობა იყო და მოძღვრები ჭირდა. უწმინდესს ნათქვამი ჰქონდა, რომ რაიონებში მოენახათ ადგილობრივი კადრები. მამა ანდრიამ უთხრა, - როგორ მოვიქცეთ, აქ დავტოვოთ და მონასტერში მოვამზადოთ, თუ თბილისში, სემინარიაში ისწავლოსო. უწმინდესმა იკითხა: - თვითონ როგორ უნდაო. იმ ერთ წამში, ვიდრე უპასუხებდნენ, ჩემთვის ალბათ მთელმა საუკუნემ გაიარა. მამა ანდრიამ მიუგო: - როგორც თქვენ ბრძანებთო. ეს უფრო მძიმე იყო, თუ რას გადაწყვეტდა უწმინდესი. როდესაც ბრძანა, წამოვიდეს თბილისში და ისწავლოსო, ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო. შემდეგ კიდევ ერთი სასწაული მოხდა: სრულიად მოუმზადებელი ვიყავი. გამოცდებამდე სულ სამი დღე იყო დარჩენილი. მონასტერში ჩავიკეტე და სამ დღეში უფალმა შემაძლებინა იმდენი, რომ ჩავაბარე სემინარიაში.
9 აპრილი ახალი მომხდარი იყო, ეროვნული მოძრაობა - აზვირთებული და ამ დროს მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი გავხდი!
- ეკლესიურ მადლთან შეხების შედეგად როგორ შეიცვალა თქვენი მსოფლმხედველობა და ცხოვრება?
- ჩემი მსოფლმხედველობა მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული იყო უფრო ეროვნული, პატრიოტული კუთხით. ეკლესია კი სულ სხვა რამეა. ეკლესია მოიცავს ეროვნულობასაც და სულიერებასაც. მე კი გული საბრძოლველად მერჩოდა. ეკლესიამ 180 გრადუსით შეცვალა ჩემი ცნობიერება და დამაფიქრა იმაზე, რომ ღვთის უნებურად ვერაფერს შეცვლი ვერც თოფ-იარაღით და ვერც ვერაფრით. და თუ ღვთის ნება იქნება, უიარაღოდაც გაკეთდება საქმე. მივხვდი, რაოდენ უმეცარი და სუსტი ვიყავი, როცა მეგონა, რომ თუ იქ, სადღაც, მდინარეზე, წავიდოდი, აფხაზებს დავამარცხებდი. თურმე უპირატესი, უფლის ნების აღსასრულებლად, მის წინაშე ტაძარში ლოცვაა. ჩემი აზრით, აი, რამ დაგვაკარგვინა ჩვენი მიწა-წყალი, რა თქმა უნდა, დროებით. კონსტანტინოპოლი რატომ დაეცა? როცა კონსტანტინოპოლს ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმედი და წმინდა მარიამის ხატი ქალაქს გარშემო ლიტანიით შემოატარეს, გადარჩა, ხოლო ჯვაროსნების მოიმედე - დაეცა. ასე რომ, შენი ძალის და იარაღის იმედი კი არ უნდა გქონდეს, არამედ უფლის მადლისა და უფალი თვითონ მოაგვარებს ყველაფერს.
- თქვენი სასულიერო პირად კურთხევაც სასწაულს ხომ არ უკავშირდება?
- ერთი პატარა სასწაული მართლაც მოხდა. იმ დღეს შეუძლოდ ვიყავი და არ ვაპირებდი ტაძარში წასვლას. მეორე დღე 26 მაისი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. შინ დარჩენას ბოლოს მაინც მადლთან ახლოს ყოფნა ვამჯობინე. მაშინ სიონის სტიქაროსანი გახლდით, მეორე კურსის სტუდენტი. წავედი ტაძარში, საკურთხეველში შევედი და ფსალმუნების კითხვა დავიწყე. ისეთი გაოგნებული ვიყავი, რომ ვერც კი გავიგე, როგორ შემოვიდა უწმინდესი ლოცვაზე, როგორ განიმოსა მანტია, როგორ მივიდა ტახტთან... უცებ თითქოს რაღაცამ შემაჯანჯღარა - მამა გიორგი დორეული (მაშინ სტიქაროსანი იყო) მომიახლოვდა, - უწმინდესი გეძახისო. მივედი და უწმინდესმა მკითხა: - ხვალ უნდა გაკურთხონ და მზად თუ ხარ ამისთვისო. უცებ დავიბენი. რომ მეთქვა, მზად ვარ-მეთქი, არ ვიცოდი, რითი უნდა მოვმზადებულიყავი. არა ვარ-მეთქი და - შემდეგ როდის დამიძახებდნენ საკურთხებლად! უწმინდესმა გამიმეორა: - მზად თუ ხარ, კაბა თუ გაქვსო. არა-მეთქი. დაუძახა მამა გიორგის - ჩემი კაბა მოუტანეთო. ასე მაკურთხა უწმინდესმა დიაკვნად თავის კაბაში. ის დღე სულთმოფენობას დაემთხვა (1991 წლის 26 მაისი). კურთხევის შემდეგ უწმინდესმა დამლოცა, მომეფერა: - შვილო, ღმერთს ჰყვარებიხარ, რადგან რამდენიმე წელია, ამ დღეს არავინ მიკურთხებიაო. ჯერ სულთმოფენობის დღესასწაული რამხელა მადლია - სულიწმინდის მადლი ისედაც გარდამოდის მიწაზე და ამასთანავე, შენს თავზე. ცალკე იკითხება სულიწმინდის მოწვევის ლოცვა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. უწმინდესი ამ სიტყვებს რომ კითხულობდა, ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი. საოცარი რიტუალია - შეჰყავხარ საკურთხეველში აღსავლის კარით, სამჯერ უვლი ტრაპეზს და სამჯერ ემთხვევი უწმინდესს. თითქოს ზარები რეკდნენ ყურებში და მეგონა, რაღაც უზარმაზარი, შინაგანი სიმხურვალე აგერ-აგერ ამოხეთქავს-მეთქი. ამის გადმოცემა ძნელია. ხუთი თვე ვიყავი სიონის ტაძრის დიაკვანი. 27 ოქტომბერს უწმინდესმა მღვდლად მაკურთხა და იმ დღესვე დამნიშნა კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრად, რომელიც 70 წლის დაკეტილი იყო და ჩვენ გავხსენით. ჩემი სამოძღვრო მოღვაწეობის მანძილზე მრავალ ტაძარში ვიმსახურე: საგარეჯოში, ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში, წმინდა სამების ეკლესიის (ნუცუბიძის პლატოზე) წინამძღვარიც ვიყავი. სადაც უწმინდესი გამამწესებს, მეც იქ მივდივარ.
- თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ. როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?
- მყავს მეუღლე, ნანა ელერდაშვილი, რომელიც წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის პედაგოგია და სამი ქალიშვილი. ჩემი მეუღლე, სხვათა შორის, იმ ტაძარში გავიცანი, რომელშიც პირველად დამნიშნეს წინამძღვრად. ამ ტაძრის აღდგენა რომ მიმდინარეობდა, სკოლის მოსწავლეები მოდიოდნენ, გვეხმარებოდნენ. მათ შორის ნანაც იყო. საოცარი ის არის, რომ ჩემი მეუღლე 27 ოქტომბერს გავიცანი და ზუსტად ერთი წლის თავზე სწორედ იმ ტაძარში დამნიშნეს წინამძღვრად, სადაც ეს მოხდა. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ასეთი საოცრებები ყოველთვის იყო, რისთვისაც მე უმორჩილესად ვმადლობ უფალს. ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ ღვთისგან, ვიდრე ვითხოვთ და უფრო მოწყალეა უფალი, ვიდრე ჩვენ გვგონია.
თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი, ამაზე ყველაზე კარგად პავლე მოციქული პასუხობს: ყოველი ქრისტიანის ოჯახი უნდა იყოს მცირე ეკლესია ანუ წოდებული ქრისტესთვის. ოჯახში არიან ბავშვები. თავს იჩენს ასაკობრივი პრობლემები. კი, მოძღვრის შვილია, ეკლესიურ გარემოში იზრდება, სასულიერო გიმნაზიაში სწავლობს, მაგრამ მაინც ბავშვია. ხან გაუბრაზდები შვილს, მაგრამ ეს უნდა იყოს სიყვარულით, სითბოთი. ეს გაბრაზებაც მოფერებას უნდა გულისხმობდეს.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ სულიერ შვილებთან?
- როგორც ღვიძლ შვილებს, ისე უნდა მიუდგე მრევლის ყველა წევრს, რადგან მიკერძოება არ შეიძლება. მრევლი უკვე შენი სხეულის, შენი სისხლისა და ხორცის ნაწილია. ეს არის ცხვარი, რომელიც ღმერთმა მოგაბარა და უნდა დამწყსო, მიიყვანო ნავსაყუდლამდე. სამღვდელო მსახურების დროს მოძღვარს გულზე ჰკიდია ოლარი, რომელსაც ბოლოში ფოჩები აქვს. ერთ-ერთი მოძღვარი ასე განმარტავდა, რომ ოლარი საღვთო მადლია და ფოჩები კი - მრევლი, რომელიც ამ მადლზე ჰკიდია და ამით უნდა მიიყვანო მშვიდობიან ნაპირამდეო. მადლობა ღმერთს, მრევლში მყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც 14 წლის მანძილზე, რაც მოძღვარი ვარ, განუშორებლად ჩემს გვერდით დგანან. არიან ახლებიც, რა თქმა უნდა, რომლებიც მოდიან და მათ ვიღებთ. რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია, სითბოს მაქსიმალურად გავცემთ. მრევლისთვის როგორი ვარ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩემთვის ყველანი ერთნაირად ძვირფასნი არიან.
- ყველაზე მეტად რა აწუხებს დღეს მრევლს, საზოგადოებას?
- ადრე კანტიკუნტად თუ დადიოდა ხალხი ტაძარში. ახლა, მადლობა უფალს, მოვძლიერდით. მე რომ მღვდლად მაკურთხეს, აბსოლუტურად ყველა სასულიერო პირს ვიცნობდი. დღეს კი ყველა მღვდელმთავარსაც კი არ ვიცნობ. ეკლესია იზრდება და ჩვენც ვძლიერდებით - ჩვენს საპირისპიროდ ბოროტიც აძლიერებს წინააღმდეგობას. მრევლს სხვადასხვანაირი საწუხარი აქვს. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით ნამდვილ ქრისტიანებად; ამის საპასუხოდ სახარებიდან უამრავი მაგალითი მახსენდება. ვთქვათ, ადამიანი კარგა ხანს არ გამოჩენილა ტაძარში. როცა მოვა და ჰკითხავ, რატომ არ ჩანხარო, უცებ მოუსვლელობის მიზეზს გვეტყვის, თავს იმართლებს, იმას კი არა - შემინდე, მამაო, ჩემი უძლურების, სისუსტის, უდებების ბრალიაო. მიზეზის მოხმობა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ რითი ამართლებ მას? ღმერთმა ქვეყნიერებაზე შვიდი დღე შექმნა და ექვსი შენ გაჩუქა, შენ კი იმ მეშვიდესაც ართმევ. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: ვინც უმიზეზოდ აცდენს წირვას, იგი მპარავიაო. მპარავობა მოყვასისა საშინელებაა, მით უმეტეს, ღვთისა. სოციალური პრობლემებიც მოქმედებს ადამიანებზე. ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ დღეს ჩვენი ეკლესია ვერ არის ისე მოღონიერებული, რომ საჭიროებისამებრ გასცემდეს მოწყალებას, ხალხს - ქვრივ-ობლებსა და ხელმოკლეთ ეხმარებოდეს. მრევლში უამრავი შეჭირვებული ადამიანია. სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ტაძრები. მადლობა ღმერთს, ასეთი აღმშენებლობა არც ერთ საუკუნეში არ ყოფილა, მაგრამ მაინც ბევრ ტაძარს სჭირდება სერიოზული მიხედვა. დღეს რამდენიმე ტაძარი ხელს უმართავს გაჭირვებულთ, უფასო ტრაპეზებს აწყობს, მაგრამ ყველგან არ არის ამის საშუალება. პრობლემა ბევრია. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესიც გასათვალისწინებელია. საშინლად დაჩქარდა ცხოვრების ტემპი. რიტმს ფეხი უნდა აუწყო, რადგან დღეს ადამიანი უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე ერთი და ორი საუკუნის წინ.
- ხშირად აღნიშნავენ, ეკლესიებისა და მრევლის ზრდის მიუხედავად, ადამიანებში სულიერებამ მოიკლოო...
- ეს ინერციის ბრალიცაა. ჩვენი ერი იმკის იმ ნგრევის შედეგებს, რასაც განიცდიდა რუსი ეგზარქოსების, შემდეგ კი კომუნისტური მმართველობის პერიოდში. მწამს, რასაც ვაკეთებთ დღეს, შედეგს აუცილებლად გამოიღებს ხვალ, იმ თაობაში, რომელიც ტაძარში დადის, ეზიარება. ეს ის პოტენციალია, რომელიც ხვალ ფეხზე დადგება და ძალას დაგვანახებს. ასე რომ, კი არ მოიკლო სულიერებამ, არამედ უფრო გაიზარდა და მოღონიერდა.
- მამაო, რას უსურვებდით საქართველოს ეკლესიის მრევლს, ქართველ ხალხს, ჩვენი ჟურნალის მკითხველს?
- ყველა ქრისტიანის სანუკვარი სურვილი ის არის, რომ ცხონდეს. მიწიერებაში ჩემი დიდი ოცნება და ნატვრაა ერის გამთლიანება, გაერთიანება. ჟურნალის მკითხველს, საქართველოს მრევლს, ვუსურვებ ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების აღდგენას, გადარჩენას, განმტკიცებას. ქართველისთვის უცხო იყო საყურიანი მამაკაცი და, უკაცრავად, თამამად შემოსილი ქალბატონი. გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ, - ესაა მთავარი. სხვანაირად ვერ გადარჩები. დღეს გვიმტკიცებენ, თითქოს ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს გვარის შეცვლა. ამან შეიძლება გამოიწვიოს საშინელი აღრევა. ეს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ერის დაშლას, გათითოკაცებას. უნდა გვახსოვდეს: ტრადიციებმა გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. ჩვენს ხალხს ვუსურვებ ეკლესიურობას, სულიერებაში გაძლიერებას და სულის ცხონებას. ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე", რომელიც ამ კეთილი საქმის განხორციელებაში ერთ ნაბიჯს დგამს წინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი