მე ვიყავი მეასე სამღვდელო პირი მთელ საქართველოში
"სიბრძნე სოლომონისაში" ვკითხულობთ: "ღმერთმა მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყება და სტიქიათა მოქმედება" (7,17).
ცოდნას რწმენა ანიჭებს ძალას და მორწმუნე ღვთისაგან განიბრძნობა.ჩვენი სტუმარია თბილისის წმინდა სამების სახელობის ტაძრის დეკანოზი ზაქარია (ძინძიბაძე). მამა ზაქარია 1989 წელს გახდა მღვდელი. იმ დროს საქართველოში საეკლესიო ცხოვრება იღვიძებდა. ერისკაცობაში იგი ფიზიკოსი გახლდათ. ფიზიკის კანონებისა და ბუნების მოვლენების ღრმა წვდომამ მას ადამიანის გულში ჩაწერილი კანონები აღმოაჩენინა. საბოლოოდ კი ყოველივე ამის შემოქმედის შემეცნების გზას დაადგა. "ფიზიკამ მორწმუნე გამხადაო", - ამბობს მამა ზაქარია, რომელსაც ჩვენი თანამედროვეობის, მრევლის ყველა სატკივარი გულთან მიაქვს და მუდამ გამოსავალს ეძებს; მიიჩნევს, რომ მოძღვარი უფლის სიტყვაა ამ ქვეყანაზე და მან მრევლის ნებისმიერ კითხვას უნდა უპასუხოს.
- მამა ზაქარია, თქვენს თაობას კომუნისტურ ეპოქაში მოუხდა ცხოვრება. როგორ დაადექით ეკლესიის გზას?
- სკოლა ისე დავამთავრე, რომ ჩემს თაობას ქრისტეზე არავითარი წარმოდგენა არ გვქონდა. პროფესიად ფიზიკოსობა ავირჩიე. ბუნებასთან მიახლება შეუძლებელია, თუ მის ჭეშმარიტ კანონებს არ ჩასწვდი. დავინახე, რომ ფიზიკის კანონები და ბუნების მოვლენები ემორჩილება ვიღაცას, რომელმაც ყველაფერი ეს შექმნა; მისით აიხსნება ის ჰარმონია და წესრიგი, რომელიც ამ სამყაროში სუფევს. ამის შემდეგ დავიწყე ღმერთზე ფიქრი და მის შესახებ ინფორმაციის მოგროვება. გავიაზრე და აღმოვაჩინე, რომ მატერიის თვისება არ არის სიცოცხლე (მაშინ ყველა მატერია ცოცხალი უნდა იყოს), მატერიას იყენებს სიცოცხლე გარკვეულ პირობებში თავის წარმოსაჩენად. დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. 15 წლის შემდეგ მაკურთხეს მღვდლად. მაშინ მე ვიყავი მეასე სამღვდელო პირი მთელ საქართველოში. წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე გზა განვლო საქართველოს ეკლესიამ. მცხეთიდან ქუთაისამდე მხოლოდ ხაშურში მოქმედებდა ეკლესია. ხაშურში გავიზარდე, ჩემს მეზობლად იყო ეს ეკლესია და მისი ფუნქცია არ ვიცოდი. სამწუხაროდ, დღესაც ბევრს არ ესმის ეკლესიის დანიშნულება, რომელიც სულის გადარჩენაა.
- მის უწმინდესობასთან ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მოგიხდათ ურთიერთობა...
- სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა უნივერსიტეტში ჩამოვაყალიბეთ ხალხური მედიცინის შემსწავლელი ჯგუფი. იმ რთულ პერიოდში ეროვნული თვითშეგნების გასაღვივებლად ერთ-ერთი შენაკადის - ხალხური მედიცინის წინ წამოწევა გახლდათ საჭირო. საჭირო იყო ასევე ძეგლების რესტავრაციის დაწყება, რაც გათითოკაცებულ ქართველებს რაღაცნაირად დაგვაკავშირებდა ერთმანეთთან. 1980 წელს შევხვდით პატრიარქს, მან დაგვლოცა და გვთხოვა, ერთიანი ძალისხმევით მივყოლოდით ხალხური მედიცინის შესწავლას. მაშინ უწმინდესს ფირსაკრავი ჰქონდა გაფუჭებული და მე, როგორც ფიზიკოსს, მთხოვეს მისი შეკეთება. შემდეგ საპატრიარქოში ხშირად დავდიოდი. რახან ავეჯზე მუშაობა შემეძლო, პატრიარქმა მთხოვა ერეკლე II-ისეული სავარძლის აღდგენა. ასე თანდათანობით დავუახლოვდი უწმინდესს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ფიზიკის, მეცნიერების, იმდროინდელ პრობლემატურ საკითხებზე. ღმერთმა ჩემზე წყალობა მოიღო და ისეთ შეხვედრებს დავესწარი, სადაც ბევრი საინტერესო საკითხი წყდებოდა. მიუხედავად ყოველივე ამისა, მღვდლობაზე არ მიფიქრია. ეს გადაწყდა 1989 წლის ნოემბერში, მთავარანგელოზობის დღეს. 8 თებერვალს მაკურთხეს დიაკვნად, 18 თებერვალს კი - მღვდლად.
- რა განცდა დაგეუფლათ იმ წუთებში, როდესაც მღვდლად გაკურთხეს?
- ეს იმდენად შინაგანია, რომ მისი გამოთქმაც კი შეუძლებელია. ეს იყო ჩემთვის დიდი სიხარული, ახალ და საოცარ სამყაროში შესვლა. მოძღვარი ყოველ წუთს დგას იმ დიდი ცეცხლის წინაშე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ წამს დაწვას იგი არასწორი მოქმედების გამო.
მღვდლობა არის ნებაყოფლობით წასვლა სამუდამო "პატიმრობაში". ოღონდ, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. იქ, სადაც მიდიხარ, ძნელია, მაგრამ სახარებაში წერია: "ვინაც დაითმინოს სრულიად, ცხონდეს". ქრისტიანები სულის ცხონებისთვის ვიბრძვით. სიცოცხლე პრობლემების ერთობლიობაა, მაგრამ პრობლემები უნდა გადავჭრათ მხოლოდ იმ წესებითა და კანონებით, რომელთაც უფალი გვასწავლის. მღვდლები თითქოს მიკროსკოპის ქვეშ ვართ. ყველა გვიყურებს. ზოგჯერ მრევლმა ჩვენს შესახებ ჩვენზე მეტი იცის. არ უნდა გვეშინოდეს მრევლის სიმკაცრისა. ზოგჯერ სამღვდელოება ერიდება მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას. ეს მართებულად არ მიმაჩნია. განა შეიძლება, უფალმა რომელიმე შეკითხვაზე პასუხი ვერ გაგვცეს?! რადგან ჩვენ უფლის მოწაფეები ვართ ამ ქვეყანაზე, ნებისმიერ კითხვას უნდა ვუპასუხოთ, რანაირი მწარე და მამხილებელიც არ უნდა იყოს. ადამიანებს წაყრუება გვახასიათებს, მაგრამ პრობლემის მიჩქმალვა პრობლემის გადაწყვეტას არ ნიშნავს.
- თქვენ მრავალრიცხოვანი მრევლი გყავთ. რა არის ყველაზე მთავარი მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაში?
- მე კრიტიკულად ვუყურებ ჩემს პირად მოღვაწეობას, მრევლთან ურთიერთობას და მიმაჩნია, რომ მთავარი ადამიანებს შორის გულწრფელი დამოკიდებულებაა. ბოლო ხანს დავინახე, რომ ერთმანეთის მიმართ არა ვართ გულწრფელნი. მრევლის დიდი ნაწილი აღსარებაში ხშირად ამბობს, რომ ეკლესიაში სხვანაირი ვარ და ეკლესიის გარეთ - სხვანაირიო. გარემოს ზეგავლენა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დიდია.
- როგორ გესახებათ საქართველოში ეკლესიისა და მეცნიერების დაახლოების პროცესი?
- დღეს მეცნიერება ძალიან გაიჭრა წინ. პავლე მოციქული გვეუბნება: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელსაც ნებავს ყოველთა კაცთა ჭეშმარიტებითა და მეცნიერებით მისვლა". ე.ი. ღმერთი გვეუბნება, ყველაფერი შევიმეცნოთ. პატრიარქი მოგვიწოდებს, რომ საჭიროა მეცნიერებისა და ეკლესიის დაახლოება; მაგრამ დღესდღეობით რეალურად ჯერ კიდევ დიდი ზღუდეა მათ შორის აღმართული. საჭიროა ამ ზღუდის დარღვევა. მე თავს კვლავ მეცნიერად მივიჩნევ და ვხედავ, რომ დღეს არის, მაგალითად, სამყაროს აგებულების ფიზიკური მოდელი, მაგრამ მეცნიერებმა არ იციან სამყაროს აგებულების ეკლესიური მოდელი. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, მაგრამ სკოლაში ისევ დარვინის თეორიას ასწავლიან. მე შევისწავლე ბიბლია, როგორც ფიზიკოსმა. მოგახსენებთ, რომ ფარდობითობის თეორია აინშტაინმა 1905 წელს დაწერა, მაგრამ ეკლესიაში ეს დიდი ხანია არსებობს. ოთხგანზომილებიანი სივრცე-დრო, შავი ხვრელები, მემბრანული თეორია, დაკვანტვის პრინციპი - ეს ყველაფერი ბიბლიაში წერია. ასე რომ, ღმერთმა სამყაროს შესახებ გამზადებული ცოდნა მოგვცა.
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს ზღუდე მოიხსნას ეკლესიასა და მეცნიერებას შორის?
- სერიოზული მუშაობა! ეს მსოფლიო ეკლესიის პრობლემაა. საჭიროა ეკლესიურად და მეცნიერულად განსწავლული ადამიანები. ჩვენ უნდა შევძლოთ მეცნიერებთან ურთიერთობა. ყველა წმინდა მამა, რომელთაც ჩვენ ვახსენებთ, უგანათლებულესი ადამიანი იყო. დღესდღეობითაც გვყავს ძალიან სერიოზული და განათლებული სამღვდელოება. მეცნიერებას დაფინანსება სჭირდება, მღვდელ მეცნიერს - სერიოზული მუშაობა და დაფინანსება. თანამედროვე მოქალაქის ინტერესების სფერო ფართოა. ეს საკითხი მრავალწახნაგოვანია.
- ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. მან თავად უნდა გააკეთოს არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ხშირად უგუნურად ვიყენებთ ღვთის ბოძებულ უნარს. როგორ ესმის ეკლესიას ამ ტერმინის ნამდვილი შინაარსი?
- ეკლესიურად თავისუფლება შემდეგს ნიშნავს: იცი თუ არა შენი უფლებები; რისი უფლება მოგცა ღმერთმა და რისი - არა. თავისუფლება მოვალეობას, ვალდებულებას ნიშნავს. ზნეობრივი თავისუფლება განისაზღვრება ვალდებულებით ღვთის, საკუთარი თავისა და მოყვასის წინაშე. თუ მოვალეობებისაგან გათავისუფლდები, დაემსგავსები ფსიქიკურ ავადმყოფს, რომელიც თავის თავს ვერ მართავს. ვალდებული ხარ, "იყო სოფელში და სოფლისთვის იზრუნო". საჭიროა გაირკვეს, ვის მცნებებზე, როგორ თავისუფლებაზე ვაგებთ პოლიტიკურ მიმართულებებს. ევროპული დემოკრატიის იდეალი თავისუფლებაა, მაგრამ იგი ხომ ქრისტიანობის საფუძველზეა აგებული. რომ გამოვაცალოთ ქრისტიანობა, რა დარჩება? სექსის თავისუფლება და ა.შ. კაცობრიობას მრავალი ერი და ცივილიზაცია ახსოვს, მაგრამ ვინც ღვთაებრივი კანონებიდან გავიდა, გაქრა და გადაშენდა. ჩვენც გადავშენდებით, თუკი ეშმაკის მიერ მონიჭებულ თავისუფლებას მოვისურვებთ. ქართველი ერი აქამდე ქრისტიანობამ, ღმერთთან ურთიერთობამ მოიყვანა. ამ გარემოდან გასვლა გარდაუვალი დაღუპვის მაჩვენებელი იქნება. ხომ არ შეიძლება, თევზი წყლიდან ამოიყვანო და მინდორში გაუშვა? არ ვამბობ, გარემო არ შევცვალოთ-მეთქი. წყალშიც შეიძლება რაღაცების შეცვლა. ჩვენ უნდა მოვერგოთ დროს, გამოვიყენოთ ცივილიზაციის ყოველი მონაპოვარი და მიღწევა, მაგრამ წარსულთან კავშირი ხელაღებით არ უნდა გავწყვიტოთ.
- როგორ მიგაჩნიათ, საჭიროა თუ არა ეკლესიაში რეფორმების შეტანა?
- ეკლესიაში რეფორმები კი არ არის საჭირო, არამედ საჭიროა იმ კანონების შესრულება, რაც ღმერთმა დაგვიწერა და ამ კანონების საფუძველზე გადავჭრათ ის ამოცანა, რომელიც თანამედროვე ცხოვრებამ დაგვისახა. ამაზე კარგი კანონები და კონსტიტუცია არც შექმნილა და არც შეიქმნება. დღეს მსოფლიო კანონის უზენაესობას მოითხოვს. კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის უზნეო კანონი ვერასოდეს გახდება კანონიერი. ნუ მივიღებთ უზნეო კანონებს. ერის და ბერის გაყოფა არ შეიძლება, ისევე როგორც სულისა და სხეულისა. სხეული სულის გარეშე მკვდარია, ასევეა სახელმწიფო ეკლესიის გარეშე. ეკლესიაში არის დაუნჯებული უდიდესი სიბრძნე, რომელიც, თუკი გამოიყენებს საზოგადოება და ხელისუფლება, გაცილებით ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება ყველასთვის. ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი მოერევა. კომუნისტები სამღვდელოებას ანადგურებდნენ. გადარჩენა ყოველთვის ძნელი იყო. ვისაც არ უნდა, ვერ ცხონდება. თუ სწორად არ იღვაწე, ვერ გადარჩები.
- თანამედროვე ადამიანი უამრავი პრობლემით არის გარემოცული. რომელი მიგაჩნიათ ყველაზე აქტუალურად და სად ხედავთ გამოსავალს?
- ყველაზე აქტუალურად მიმაჩნია ჩვილი ბავშვების სანაგვეზე გადაყრა. ეს უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ვინ მიიყვანა დედა ამ მდგომარეობამდე? როდესაც ახალგაზრდას უთხრეს, - თავისუფალია სექსუალური ურთიერთობა და რაც გინდა, ის ქენიო, გამოუცდელმა და უჭკუო ბავშვმა ჩაიდინა სისულელე, შეცდა. აღმოჩნდა ფაქტის წინაშე. რა ქნას, სად წავიდეს? სამსახური არა აქვს. დაიბნა ეს გამოუცდელი, მშიერი და უმუშევარი ადამიანი, ერთ ცოდვას მეორე მიაყოლა, მეორეს - მესამე და ა.შ. ცოტა ხნის წინ სკოლაში სექსუალური სწავლების შემოტანას ცდილობდნენ. ეს არის გარყვნის დასაწყისი. როგორ შეიძლება კურდღელს ფოთლის ღეჭვა ასწავლო? რაც სასწავლებელია, ის ვასწავლოთ ბავშვებს. ვასწავლოთ თანამედროვე მეცნიერთა მიღწევები.
მშობლები გვეუბნებიან, ბავშვები ღამით იღვიძებენ, ტირიან, წუხანო და ა.შ. იმიტომ, რომ ტელევიზორში უყურებენ ისეთ ნახატ ფილმებს, რომლებიც დიდს აფრთხობს, არათუ პატარას. ტელევიზიაში არც ერთი საბავშვო გადაცემა აღარ არის, აღარც გემოვნება გვაქვს. როგორ შეიძლება მოგწონდეს ის, რაც განგრევს?! სხვადასხვა ასაკის ადამიანს სხვადასხვანაირი ინტერესი აქვს და ბევრი კარგი გადაცემის მომზადება შეიძლება. ქართველებს საოცარი რაღაცები გვაქვს, რასაც ვერ ვიყენებთ.
- საქართველოდან უცხოეთში უამრავი ადამიანი წავიდა, ზოგი - დროებით, ზოგიც - სამუდამოდ...
- ძირითადად წავიდა აქტიური, მშრომელი ხალხი, რომელთაც არსებობა უნდათ, შრომა უნდათ, აქ კი ამის საშუალება არ აქვთ. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩემთვისაც უთქვამს ბევრს, წასვლა მინდაო. მე წასვლის ნებას ვაძლევ. ბევრმა ოჯახიც შექმნა იქ. რა ვქნა, ძალიან მტკივა გული, მაგრამ რა ქნას იმ პატიოსანმა, თავმოყვარე კაცმა, როდემდე შეიძლება ვიღაცას ხელებში შეჰყურებდე?! ითმენდა, რაც ჰქონდა, ყველაფერი გაყიდა, მაგრამ ხომ არ შეიძლება, დედა ან შვილი გაყიდო! არ ვამტყუნებ მათ, რომლებიც მიდიან. ღმერთი ყველგან არის და მასთან ურთიერთობა ყველგან შეიძლება.
- მამა ზაქარია, თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ. ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ყველაზე მეტად რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება?
- სამი ქალიშვილი მყავს: ეკატერინე, ანა და ნინო. ჩემი მეუღლე - ლალი პროფესიით ფარმაცევტია. ჩემს გოგონებს ვუთხარი, სიძეები მღვდლები უნდა იყვნენ-მეთქი. მართლაც, უფროსი სიძე მღვდელია, ნორიოში მოღვაწეობს. მათ უკვე ხუთი შვილი ჰყავთ. მეორე ქალიშვილის მეუღლე სემინარიის სტუდენტია. მათ ორი შვილი ჰყავთ. მესამე ქალიშვილი სტუდენტია, წელს ამთავრებს სამედიცინო ინსტიტუტს. დაოჯახების მსურველებს ვურჩევ ხოლმე, რომ თანამგზავრად მორწმუნე ადამიანი აირჩიონ. ნამდვილი მორწმუნე ყველა დაბრკოლებას დაძლევს. უპრობლემოდ ცხოვრება კი არ არსებობს.
- დაბოლოს, რას უსურვებდით "კარიბჭის" მკითხველს?
- მაპატიოს მკითხველმა, ამ საუბრით შეიძლება სული დავუმძიმე, მაგრამ მწარე სიმართლე სჯობს ლამაზ ტყუილს. ნუ მოვიტყუებთ თავს და ნურც ერთმანეთის მოტყუებას ვეცდებით. არ არის საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება. ვეცადოთ, ისეთი რამ არ ვთქვათ, რისაც ჩვენვე არ გვჯერა.
ღმერთმა დალოცოს ყველა კეთილი მორწმუნე და ყველა ადამიანი, რომელსაც კეთილად უძგერს გული. მას ახსოვს, რომ ღმერთი მასთან არის!