ჩვენი რუბრიკის სტუმარია დეკანოზი მიქაელი (ხიხაძე):
- დავიბადე 1948 წელს სოფელ გურჯაანში, გლეხის ოჯახში. ჩვენი სახლის ახლოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ნანგრევები იყო და უბანსაც ასე ეძახდნენ - ნათლისმცემლის უბანი, თუმცა მღვდელი თვალითაც არ მენახა. კარგად მახსოვს, მამაჩემი, შალვა ხიხაძე, ყოველ დილით, პირის დაბანამდე, აუცილებლად პირჯვარს გადაიწერდა ხოლმე.
რწმენა და ეკლესია ჩემი ბავშვობის მოგონებებში სააღდგომო წითელ კვერცხებს უკავშირდება. აღდგომის მოახლოებისას სკოლაში იწყებოდა მკაცრი დარიგებები - ბავშვებო, ახლა თქვენი დედები და ბებიები კვერცხების შესაღებად ემზადებიან. აბა, თქვენ იცით, არ შეაღებინოთ. აუხსენით, რომ ეს დიდი სისულელეა! მასწავლებლებს დიდ პატივს ვცემდი, ეს დარიგება კი მაოცებდა და შინაგანად ვეწინააღმდეგებოდი - ჩვენ ხომ სიხარულით ველოდით ამ დღესასწაულს. ახლაც თვალწინ მიდგას - ბებია კვერცხებს შეღებავდა, გვესტუმრებოდა მამიდა, დედა კალათაში ჩაალაგებდა კვერცხებს და ტკბილეულს და მივდიოდით ნათლისმცემელში. საოცარი გრძნობა მეუფლებოდა: საათობით შემეძლო იქ დგომა და ანთებული სანთლების ცქერა, მაგრამ ათეიზმი ბატონობდა და ყველა ცდილობდა, ტაძარში ვინმეს თვალში არ მოხვედროდა, ამიტომ უფროსები დიდხანს იქ თითქმის არასოდეს გვაჩერებდნენ.
ბავშვობიდან კარგად ვხატავდი. ჩემს იმდროინდელ ნახატებზე ყოველთვის ჩანს პატარა ეკლესია. ტაძარი მიმაჩნდა ჩვენი ბუნების განუყოფელ ნაწილად.
რომ წამოვიზარდე, ათასში ერთხელ თუ სადმე თვალს მოვკრავდი გზად მიმავალ მღვდელს, მოწიწება მეუფლებოდა, მასში ღვთის კაცს ვხედავდი, ჩვეულებრივი ადამიანი არც მეგონა და რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე მღვდლობის ღირსი გავხდებოდი.
***
მამა მიქაელის მასწავლებელი ქ-ნი ლამარა იაკობაშვილი იხსენებს: - ვერ ვიტყვი, რომ ფიზიკას ბრწყინვალედ სწავლობდა, მაგრამ ისეთი წყნარი, წესიერი და თავაზიანი იყო, რომ ყველა მასწავლებლის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. კარგად ხატავდა და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა თხოვნასა და დავალებას. სკოლაში მისი ხელი ეტყობოდა საორგანიზაციო კუთხეს, კედლის გაზეთს, აფიშას, განცხადებას... ერთხელ მორიდებით მითხრა: - ლამარა მასწავლებელო, კაბინეტისთვის საჩუქარი მოგიმზადეთო - და გადმომცა მშვენივრად დახატული ლომონოსოვის პორტრეტი. მენდელეევის პორტრეტი აჩუქა ქიმიის კაბინეტს. ათეული წლები ეკიდა ეს პორტრეტები კედლებზე, ქაღალდი გაყვითლდა, ფანქარი გაიცრიცა და როცა გამოსახულება თითქმის აღარ ჩანდა, გულდაწყვეტილმა ჩამოვხსენი...
***
მამა მიქაელი:- ახალი დაბრუნებული ვიყავი ჯარიდან. ერთ დილას ძილში რადიოდან საოცარი ხმები ჩამესმა - ეს იყო ღვთისმშობლის საგალობელი "შენ ხარ ვენახი". ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა, ვხედავდი ღვთისმშობლის ფრესკას, რომელიც თითქოს მიღიმოდა. იმ დღიდან გამიჩნდა სურვილი, რომელიც ოცი წელი ისე ვატარე, საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელდი - სურვილი ღვთისმშობლის ხატის დაწერისა. იმავე ზაფხულს ჩავაბარე მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა მღებავად. ვარემონტებდი სახლებს, ვამუშავებდი მიწას და თავისუფალ დროს ვხატავდი. ასე გავიდა წლები.
***
1988 წელს სოფელში დაიწყო მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის აღდგენა. ერთ საღამოს გავბედე და "შევიარე". იქ დამხვდა მამა გიორგი (გეთიაშვილი) - ნიჩბით ხელში, გაჯისა და ცემენტის მტვრით დაფარული. ნიჩაბი გვერდზე გადადო და დიდხანს მესაუბრა, თან მთხოვა - ტაძრისთვის ხატები არ გვაქვს და იქნებ წმინდა გიორგის ხატი დაგვიწეროო. დიდხანს ვიფიქრე. ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი წმინდა გიორგი თეთრი ცხენით და პირდაღებული გველეშაპით ჩემთვისაც ისეთი ახლობელი იყო, რომ გავბედე და დავთანხმდი. რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში ათონის მთიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს, იმავე საღამოს ტელევიზორში ვუყურე რეპორტაჟს აეროპორტიდან. გამაოცა ხალხის სიმრავლემ და ჩემთვის სრულიად უცხო საერთო სულიერმა აღფრთოვანებამ, გამაოცა თვით ხატმაც და ოცი წლის წინანდელმა სურვილმა მოსვენება დამიკარგა. მეორე დღესვე წავედი თბილისში ხატის სანახავად. ვერ გადმოგცემთ, ხატის წინ მდგარი რას ვფიქრობდი, რას განვიცდიდი. ვერ გავიგე, ისე გავიდა რამდენიმე საათი. მივხვდი, იმ დღიდან სხვა ცხოვრება უნდა დამეწყო და ის გრძნობა, რომელიც მთელი სიცოცხლე თან დამყვებოდა და უჩვეულოდ მაფორიაქებდა, უფლისადმი ლტოლვა იყო. შინ დაბრუნებულმა მამა გიორგისგან კურთხევა ავიღე და შევუდექი ხატვას. მალე ხუცური ანბანიც ვიშოვე და მამა გიორგის დახმარებით მედავითნეობის სწავლაც დავიწყე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამა გიორგიმ იმხელა ამაგი დამდო, იმდენი რამ გამიკეთა, ვერც კი ვპოულობ სიტყვებს მადლიერების გამოსახატავად. მალე ტაძარში მსახურება დაიწყო. ვიყავით მხოლოდ მამა გიორგი და მე. არც გუნდი, არც სტიქაროსანი... ტაძარში კანტიკუნტად თუ შემოვიდოდა ვინმე სანთლის ასანთებად. ჩვენ თან ვაშენებდით, თან ვალაგებდით, თან ვსწავლობდით.
1990 წელს წმინდა ნინოს გზაზე, მოსალოცად მამა არჩილი (მინდიაშვილი) ჩამოვიდა მრევლთან და მგალობლებთან ერთად. ჩატარდა დიდი ნათლობა ალაზანზე. მამა არჩილის გულმხურვალე ქადაგებამ დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. უფალმა ჩვენი ლოცვა ისმინა და ტაძარში მგალობლებიც გამოჩნდნენ, მესანთლეც და მრევლმაც იმატა.
ცოტა ხანში მამა გიორგი მეუფე ათანასეს ესაუბრა ჩემი ხელდასხმის შესახებ. 1994 წელს, 1 ივნისს, ნინოობას, ბოდბეში, მამა გიორგიმ წარმადგინა პატრიარქთან. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა უწმინდესთან და მისი თბილი, მოსიყვარულე ღიმილი დღემდე მამხნევებს და მეფერება. იმავე წელს, ამაღლების დღესასწაულზე, დიაკვნად დამასხეს ხელი, ორიოდე თვეში კი მღვდლობის მადლიც მივიღე.
***
მღვდლობა იყო დიდი პატივი და ტვირთი და ძალზე მოულოდნელად დამაწვა მხრებზე. ნოემბერში მამა გიორგი ბათუმში გადავიდა და მე, სრულიად გამოუცდელი, მარტო დავრჩი ამ მძიმე ტვირთით. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია - დიდი სიმძიმით და სიყვარულით სავსე. მარტოს ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ოჯახის წევრებივით ამომიდგნენ მხარში ტაძრის მომსახურენი - მედავითნეები, მგალობლები - ერთად ვკითხულობდით, ვსწავლობდით. ხშირად მოდიოდა მამა გრიგოლი (მთვარელიშვილი) ვაზისუბნიდან, განსაკუთრებით - დღესასწაულების წინ, მასწავლიდა და მამხნევებდა. ყველა ცდილობდა, რითაც შეეძლო, შეემსუბუქებინა ჩემთვის ტვირთი. ყოველთვის თბილად ვიგონებ იმ წლებს - სიძნელეები დავძლიეთ და დაგვავიწყდა, ის სითბო და თანაგრძნობა კი ყოველთვის თან მახლავს.***
1997 წელს გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი უმოძღვროდ დარჩა და პარალელურად იქაც ვასრულებდი მსახურებას. 1998 წელს ეპარქიის მღვდელმთავრად იკურთხა მეუფე ანდრია (გვაზავა). მისი კურთხევით დავიწყე ხატწერის შესწავლა სასულიერო აკადემიაში. ხატწერაში ბევრი რამ ახალი აღმოვაჩინე, ხატვისგან სრულიად განსხვავებული. მანამდე ვხატავდი ჩემი განწყობის მიხედვით, ჩემს ნახატებში ხან სიხარული ჩანდა, ხან მწუხარება ან სევდა. ხატწერისთვის კი ჯერ სულიერად უნდა მოემზადო, ლოცვით, მარხვით მოიპოვო სიმშვიდე და შემდეგ საერთო კანონის მიხედვით შეუდგე ხატის წერას.
ღვთის შეწევნით მოვხატე ღვთისმშობლის მიძინების, კარდენახის საბაწმინდის და საგარეჯოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების კანკელები. ვწერდი ცალკეულ ხატებსაც. შემდეგ ესკიზები გავამზადეთ და შევუდექი ჩვენი ტაძრის მოხატვას.
ფინანსების სიმცირის გამო ტაძრის შებათქაშება ვერ მოვახერხეთ, აღვადგინეთ ძველი ბათქაში და დავიწყეთ ფრესკებზე მუშაობა. სამუშაო ცოტა გაგვიგრძელდა, რადგან ქალაქში სხვა მღვდელი არ არის, მრევლიც დიდია. ყველას უნდა მოუსმინო, რჩევა მისცე, სითბო გაუნაწილო; ხან წესია ასაგები, ხან ნათლობა შესასრულებელი, წირვა, ლოცვა, აღსარება - მე კი ხარაჩოზე ვმუშაობდი. ყმაწვილი აღარ ვარ და ჩემს ასაკში ხარაჩოზე ასვლა-ჩამოსვლა ადვილი არ არის, მაგრამ უფალმა შემაძლებინა. საკურთხევლის ზედა რეგისტრის მოხატვა დავასრულეთ და ვემზადებით ქვედა რეგისტრის მოსახატად. გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ტაძრის ეზოში დაწყებული გვაქვს სამრეკლოს და სატრაპეზოს მშენებლობა, რომელიც უსახსრობის გამო დროებით შეჩერებულია; მაგრამ, რაც უფრო მეტს ვცდილობთ, უფრო მეტ ძალას გვაძლევს უფალი.
მე ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ. ჩემს ახალგაზრდობაში დიდი სიმამაცე იყო პირჯვრის გადაწერაც კი, სასულიერო ლიტერატურის არსებობის შესახებ ხომ არაფერი ვიცოდით. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეკლესია განიცდის ისეთ აღმშენებლობას, როგორიც ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს - ამდენი მოქმედი ტაძარი, მოძღვრები და ღვთის სიტყვას მოწყურებული მრევლი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მრევლი დავაპუროთ, თავი არ დავზოგოთ - უფალი ყველაფერს შეგვაძლებინებს. თუმცა მომრავლდა საცდურიც. ღმერთმა ყველას გაუნათოს გონება ჭეშმარიტებისა და სიცრუის გასარჩევად.
***
ფუტკარივით გამრჯე, სიკეთით სავსე მოძღვარი ყოველთვის მზად არის, პატარა ბავშვივით ესმახუროს ყველას.მოამზადა
ირინე იაკობიშვილმა
ირინე იაკობიშვილმა