ჩვენი სტუმარია სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ამირანი (ამირანაშვილი). მამა ამირანმა ერისკაცობიდან მღვდლობამდე ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი ცხოვრების გზა გაიარა. მას, თავისი მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, ამქვეყნიური დიდება და პატივი არ მოკლებია ხელოვნების თაყვანისმცემლებისაგან.
ძალიან უყვარდა თავისი პროფესია, რომელსაც ოცი წელი ემსახურებოდა. ეს იყო ქართული თეატრი. "მრავალი სასცენო გმირი, მრავალი მეგობარი უნდა დამეთმო და ერთადერთი უფლისთვის მიმენდო და შემეწირა ჩემი თავიო", - ამბობს მამა ამირანი. ღვთის სამსახურში ჩადგომაზე იგი ხუთი წელი ფიქრობდა და, როგორც ამბობს, "უარყო თავი თვისი, აღიღო ჯვარი და შეუდგა ქრისტეს გზას".
- მამა ამირან, როგორი ბავშვობა გქონდათ, რამ განსაზღვრა თქვენი მღვდლობა, როგორი ღირებულებების გარემოში იზრდებოდით?
- ყველა ადამიანს თავისი ბიოგრაფიიდან აქვს რაიმე სამახსოვრო. "ჩემი რწმენის პირველი ჩანასახი სწორედ ადრეული ბავშვობიდანვე იწყება. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გარემოში ვიზრდებოდი, ვინ მზრდიდა, ვინ იყო ჩემი წინაპარი. გვიან, როდესაც მე თვითონვე შევეხე სასულიერო სფეროს, აღმოვაჩინე, რომ თურმე ცოცხალი მონაზონი შინ მყოლია და არც ვიცოდი. მამაჩემი გაზარდა უშვილო ბიძა-ბიცოლამ. ეს უკანასკნელი მღვდლის ქალიშვილი ყოფილა. სწორედ ის იყო ჩვენი გამზრდელი ბებია, ხორციელი ბებია კი არც მახსოვს. მე თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში ვიზრდებოდი, ექვსშვილიან ოჯახში მეხუთე გახლდით. მოგეხსენებათ, სოფელში ძნელია მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება, მით უმეტეს, თუ იქ სიღარიბის სუნი ტრიალებს, მაგრამ ჩვენი ოჯახი ამ მხრივ საოცარი იყო. ოჯახის გაძღოლა ბებიაჩემს ჰქონდა ნაკისრი. დედაჩემი იყო მომმარაგებელი, როგორც იკონომოსი ეკლესია-მონასტერში. მამაჩემიც შრომობდა - კოლმეურნეობაში ეკონომიკური საქმეები ებარა, რადგან ომიდან სულიერად გატეხილი დაბრუნდა და ფიზიკური შრომა აღარ შეეძლო.
პირველსავე სიტყვას მოვიდეთ: ბებიაჩემი ლოცვის გარეშე ბავშვებს არასდროს დაგვაძინებდა. ეს ჩვენ ცხოვრების ჩვეულებრივ წესად მიგვაჩნდა. ზოგჯერ, როდესაც ნათესავებთან ვრჩებოდით, გვიკვირდა, რატომ არ ლოცულობენ ძილის წინო. როდესაც რომელიმე ბავშვი ავად გახდებოდა, ბებია იწყებდა ლოცვას და უფალს ჩვენს გამოჯანმრთელებას შესთხოვდა. აქვე მინდა გითხრათ, რომ წარმართული ჩვეულების გადმონაშთსაც პატივს სცემდნენ. მაგალითად, "ბატონების" დროს აცხობდნენ ჩიტის, ბატკნის, ირმის და სხვა ცხოველების ფორმის ნამცხვრებს და წითლად ღებავდნენ, რაც ბავშვს უხაროდა. ამას ყველაფერს ხონჩაზე აწყობდნენ და "ბატონების" გადაბრძანების შემდეგ გადაჰქონდათ სიმღერით. ამ რიტუალში შერწყმული იყო წარმართული და ქრისტიანული ელემენტები.
ჩემს ირგვლივ შექმნილი კარგი გარემო და თავაზიანობა, სიტყვა-პასუხი სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მაგალითად, ბავშვებს არასდროს გვინახავს, როდის იბანდა ბებიაჩემი თავს; ეს კი არა, ბებიაჩემის თმაც კი არასდროს დაგვინახავს - სულ თავსაფარი ჰქონდა წაკრული და თანაც მონაზონივით. ქვედა კაბიდან ფეხის წვერიც არ უჩანდა. დღესასწაულებზე კოპლებიან ბლუზებს იცვამდა ხოლმე და იმავე ქსოვილის თავსაფარს დაიხურავდა. თავისი ხელით გვიკერავდა ყველაფერს, გვიქსოვდა წინდებს. მისი ბაგეებიდან ერთი წყევლაც კი არავის ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ბავშვები მთელ ეზოს ვიკლებდით თამაშით და რაღაცას ან გავტეხდით, ან დავაზიანებდით ხოლმე. წყევლას სხვებსაც უშლიდა, მხოლოდ დალოცვა შეეძლო. ბებია მარიამი მთელი უბნისა და კუთხის ბებიაც იყო. ყველა ბავშვი ერთნაირად სთხოვდა, მაგალითად, ტანსაცმლის შეკერვა-შეკეთებას და ა.შ. იგი მთელ სოფელს უანგაროდ ემსახურებოდა და ყველას ეგონა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.
ასეთი იყო ის გარემო, რომელშიც მე ვიზრდებოდი და მზრდიდა მღვდლის ქალიშვილი მარიამ გამცემლიძე.
- მამა ამირან, ერისკაცობაში თქვენ საინტერესო ცხოვრება გქონდათ. როგორ გადაწყვიტეთ, სასულიერო პირი გამხდარიყავით?
- კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გამოცხადდა კონკურსი მგალობელთა გუნდის შესადგენად. მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ახლა ვაჟთა გუნდის რეგენტია, მოვედით. 1979 წლის შემოდგომაზე უკვე ვგალობდი. 1982 წლის 26 იანვარს (ძველი სტილით), მეფე დავითის ხსენების დღეს, სიონის საკათედრო ტაძრის ამბიონზე მე და ჩემმა ნათლულმა წმინდა დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" წავიკითხეთ. სიონი ხალხით იყო გაჭედილი, დარიგდა სანთლები. ვაჟთა გუნდმა, რომელშიც ჩვენც ვგალობდით, დაიწყო საგალობელი "შენ ხარ ვენახი". უწმინდესი ილია II სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად მუხლებზე დაეშვა, დავიწყეთ კითხვა: საოცარი მადლით იყო მოსილი დიდი მეფის აღსარება, რომელმაც არა მარტო მსმენელნი, არამედ წამკითხველნიც ძლიერ აგვაღელვა. იმ დღემ გადაწყვიტა ჩემი მომავალი. უწმინდესმა საკურთხეველში მიხმო, მომეფერა, დამლოცა და პროტოდიაკვნობა შემომთავაზა. ხუთი წელი ვფიქრობდი - თითქოს ვემშვიდობებოდი ამქვეყნიურ მიწიერ ცხოვრებას, პირადულის უარყოფას. მე ხომ ოცი წელი მივუძღვენი ჩემს უსაყვარლეს პროფესიას, მსახიობობას. გამიჭირდა ჩემს გმირებთან განშორება (ოპერა "დაისში" უცვლელად ცანგალას პარტიას ვმღეროდი; მუსიკალური თეატრის სპექტაკლებიდან გამოვყოფდი "დონ კიხოტ ლამანჩელს", "სასტუმროს დიასახლისს", "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს").
ვმღეროდი ტელევიზიის პირველ ვაჟთა ვოკალურ გუნდში კომპოზიტორ მამია ხატელიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენი ანსამბლის რამდენიმე წევრი, წარმოშობით ებრაელი, ახლა იერუსალიმში ცხოვრობს.
ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობდი - ეკლესიაში მოსვლის შემდეგაც პარალელურად თითქმის ათ უმაღლეს სასწავლებელში მიწევდა მუშაობა, ხოლო შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვა-ლოცვაზე ვიდექი. არც ერთი წუთი უქმად არ გამიტარებია - ან ვსწავლობდი, ან ვასწავლიდი. სამი უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული: თეატრალური ინსტიტუტი, კონსერვატორია და სასულიერო აკადემია. მიხარია, რომ ზოგი ჩემი ჯგუფელი უკვე ეპისკოპოსია, ზოგიც - წარჩინებული მოძღვარი. მაშინ სასულიერო ლიტერატურით განებივრებულნი არ ვიყავით. პატრიარქთან ერთად საზღვარგარეთ ყოფნისას ვყიდულობდი წიგნებს. ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იყო აკადემიის სტუდენტებისათვის. მეც შინ კარგი ბიბლიოთეკა მაქვს.
- ეკლესიაში მსახურების მანძილზე გული ხომ არ დაგწყვეტიათ წარსულ ცხოვრებაზე?
- იმ ხუთი წლის მანძილზე, როცა პატრიარქის წინადადებაზე ვფიქრობდი, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩემი პროფესია არ მომნატრებოდა. ახლა წარსული თავს ხანდახან მხოლოდ სიზმარში მახსენებს. დღეს ხელოვნების კეთილშემფასებელთა და კეთილთაყვანისმცემელთა რიცხვს მივეკუთვნები. ვლოცულობ ჩემი მეგობრებისა და ძმების გამო, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოში მოღვაწეობენ. მათი წარმატებები ძალიან მახარებს. ჩემთვის უდიდესი პატივია ის, რომ კონსერვატორიაში მე და პაატა ბურჭულაძე ერთ როლზეც კი ვინიშნებოდით. ერთ პატარა სახუმარო ამბავს გავიხსენებ. პაატას ოჯახი შეძლებული გახლდათ. ერთხელ, როდესაც პაატა მღეროდა, მამამისმა მთელი დარბაზის ბილეთები იყიდა და სტუდენტებს აღარ გვიშვებდნენ საოპერო სტუდიის დარბაზში. და რადგან პრემიერა ყველას გვაინტერესებდა, ავდექი, გავაღე კარი და შევიყვანე ყველა სტუდენტი. მოდით და ნახეთ, აფიშაზე პირველი მე, ამირან ამირანაშვილი, ვწერივარ-მეთქი. პაატას მამამ კათედრის გამგეს უსაყვედურა: რას ჰქვია, ჩემი შვილი მღერის და ვიღაც ამირანაშვილი პირველ ადგილზე წერია, ჩემი შვილი კი მეორეზეო. კათედრის გამგე გაცხარებით უხსნიდა - ეს ანბანის გამოა და არა იმიტომ, რომ ამირანი სჯობს პაატასო. პატრიარქი ხუმრობით მეტყოდა ხოლმე: "ან პაატა ბურჭულაძე, ან შენ უნდა გახდე პროტოდიაკვანიო". დიახ, უფალმა ინება, რომ ჩემი საყვარელი მეგობარი მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალი გახდა და მე კი 1987 წლის 9 ნოემბრიდან უფალს ვემსახურები და თუ უფლის მიერ რაიმე ნიჭი მქონდა ბოძებული, ისევ უფლის სამსახურში მინდა დავხარჯო.
- ეკლესიაში თუ გამოგადგათ ძველი პროფესიიდან შეძენილი რომელიმე თვისება ან ხომ არ გაგჭირვებიათ რომელიმე ჩვევის დათმობა?
- ასკეტური ცხოვრების ელემენტებს უკვე შეგუებული ვიყავი. სიცოცხლეში ღერი სიგარეტიც კი არ მომიწევია. ამას ითხოვდა ჩემი ხელობა! ასკეტური ცხოვრება მსახიობსაც მოეთხოვება. გარკვეულ რეჟიმს ყოველთვის ვიცავდი. ყურადღებას ვაქცევდი სხეულის ფორმას. იმ კვირაში, როდესაც დონ კიხოტი უნდა მეთამაშა, დღეში ერთხელ გეახლებოდით, ხორცს საერთოდ არ ვჭამდი, რათა გმირების შესაფერისად სულიერადაც მოვმზადებულიყავი. ეს ძალიან გამომადგა. მარხვა ჩემთვის ჩვეულებრივი რამ არის. მარხვაში ძალიან მსუბუქად ვგრძნობ თავს. ოღონდ ვცდილობ, ეს ფარულად გავაკეთო. რატომღაც ჰგონიათ, რომ ვარ მომლხენი, თამადა... ცდებიან. თვრამეტი წელია, რაც სასულიერო პირი ვარ და ვინმეს თუ უნახავს, მამა ამირანს ან სიტყვა შეშლოდეს, ან სიარული? სიცოცხლეში არასოდეს დავმთვრალვარ. ხუთი წელი ბათუმში ვიყავი მოძღვრად. დღესაც ხშირად მირეკავენ ბათუმიდან და დიდი სიყვარულით შვილების ქორწილში თამადობას მთხოვენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც შვიდასკაციან ქორწილში ანაფორით შემოსილი მოძღვარი ადგება და სადღეგრძელოს იტყვის. თანაც, ჩვენი ყოველი სადღეგრძელო ხომ ქადაგებაა. ასე რომ, მიპატიჟებას არ გავურბივარ.
- მამაო ამირან, თქვენ უცხოეთში ჯერ კიდევ საოპერო თეატრში მუშაობისას მოგზაურობდით, ურთიერთობა გქონდათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან. შემდეგ კი, როდესაც პროტოდიაკვანი იყავით, პატრიარქს ახლდით ხოლმე საზღვარგარეთ. იყავით "უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების" თავმჯდომარე. უფრო დაწვრილებით ხომ არ გვიამბობთ თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობაზე?
- თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. იქ ვარჩევდით ახალგაზრდობას და დედასამშობლოში სასწავლებლად ჩამოგვყავდა. ბევრი დაოჯახდა თბილისში, ბევრი მოინათლა, ბევრი თავის საქმიანობას განაგრძობს თავის ქვეყანაში, ბევრმა ძველი გვარი მოძებნა და ახლა ამ გვარებით ცხოვრობს.
თურქეთში მივდიოდით იმ დაბა-ქალაქებში, სადაც უმეტესობა ქართველი ცხოვრობს. ისინი ხვდებოდნენ პატრიარქს და "დიდ ბაბას" ეძახდნენ, მიუხედავად განსხვავებული მრწამსისა. ოფიციალურად ხვდებოდნენ ქართული სათვისტომოები პატრიარქს. იყო საჩუქრების გაცვლა. გულში იკრავდნენ და ეფერებოდნენ გოგებაშვილისეულ "დედა ენას". ითხოვდნენ ქართველ მღვდელს და მრავალი წლის შემდეგ ეს მღვდელი მე აღმოვჩნდი. 1994 წლის შემოდგომაზე, ორი პატრიარქის თანხმობით, ჩავედი ბატონ სვიმონ ზაზაძესთან, რომელიც სტამბოლში წმინდა ნინოს ქართულ ტაძარს პატრონობს. მან გაჭირვებით მიმიღო, თურქული ჩაი შემომთავაზა და საუბრისას შემომაპარა, რომ კარდინალი გველოდა და თუ ხელდასხმას კათოლიკურად მივიღებდი, მაშინ ტაძარს გადმომცემდა. მანამდე ამბობდა, აქაური ქართველების მოსაქცევად მართლმადიდებელი მღვდელი მჭირდებაო, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, უარყო. დავიბენი, არ ვიცოდი, რა მექნა. როგორც ყოველთვის, უფალმა გონება გამიხსნა. მაშინვე დავუკავშირდი მსოფლიო პატრიარქს. მან სიხარულით მიმიღო და თავისთან მსახურება შემომთავაზა. რამდენიმე თვის შემდეგ გამამწესა პარიზში, მაგრამ მოხდა საოცრება - პარიზის ქართველებმა არ მიმიღეს. ორი კრება გამიმართეს მეუფე იერემიასთან და დისიდენტობა შემომთავაზეს. მე ჩავედი ხელში სახარებითა და გოგებაშვილის "დედა ენით" და ვფიქრობდი, გაუხარდებათ, შევქმნი საკვირაო სკოლას პატარა ქართველებისათვის, ვასწავლი ქართულ სიმღერებს, წერა-კითხვას და ქართულ ლოცვას-მეთქი... მაგრამ მათი დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში და დედა-ეკლესიაში დამაბრუნეს.
- მამაო, როდის შექმენით ოჯახი?
- ოჯახი მოგვიანებით შევქმენი. სწავლამ, პროფესიების შეძენამ ძალიან დიდი დრო წაიღო. ჩემი ოჯახი ღვთის ნებით შეიქმნა. დასასვენებლად წავედი სოხუმში, სადაც კონსერვატორიაში სწავლობდა ჩემი მომავალი მეუღლე თამარ გველესიანი. იქ შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, იყო მოწონება. ჯერ ხუმრობით, მერე სერიოზულად ვუთხარი, დროა, ოჯახი შევქმნათ-მეთქი. და მართლაც, ეს რამდენიმე დღეში მოხდა. შევქმენით ოჯახი. გვყავს ორი შვილი: თეონა ეკონომისტია, უკვე მუშაობს, უნივერსიტეტთან ერთად დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი ფორტეპიანოს განხრით. ხოლო ჩემმა ვაჟმა, გრიგოლმა, მიატოვა უნივერსიტეტი, მესამე კურსიდან გადავიდა სასულიერო სემინარიაში და, როგორც მისი მეგობრები მეუბნებიან, არ არის ცუდი სტუდენტი.
- თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს მუსიკა პიროვნების ჩამოყალიბებაში?
- ვფიქრობ, ნამდვილი მუსიკის სფეროში აღზრდილი პიროვნება ყოველთვის იქნება აღჭურვილი იმ თვისებებით, რასაც მოითხოვს ქრისტიანობა: მიტევება, სათნოება, ლმობიერება, "არა კაც კლა", "არა იმრუშო" და ა.შ. ეს თვისებები ჭარბობდა ყველგან, სადაც მისწავლია და მიმუშავია.
აქვე ვიტყოდი, რომ მუსიკის როლი უდიდესია ტაძარში, სასულიერო სამყაროში გალობა თვითონ არის სულის გამოძახილი, ადამიანის სული თვითონ ითხოვს ამას. ვინც ტაძარში მოდის, ვინც გალობს, ყველა კეთილშობილ ადამიანად მიმაჩნია. ბედნიერი ვარ, რომ ეს მოთხოვნილება ყოველთვის მქონდა და სწორედ გალობამ გადაწყვიტა ჩემი ბედი. გალობას მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ დღესაც და მიხარია, რომ ქართული ეკლესია უბრუნდება ძველ, ტრადიციულ სამგალობლო სკოლას, იქმნება სანოტო სისტემები. ამაზე მუშაობს ახალგაზრდობა, მათ შორის - ჩემი ვაჟიც. მშვენიერი ხმაც აქვს. გალობს მამა დავითისა და ახალგახსნილი სამების წმინდა ნიკოლოზის ტაძრებში. მიხარია, რომ დღევანდელი ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი ამ სულისკვეთებით იზრდება. ეს ყველაფერი ხომ შორს არის ბოროტებისაგან, საეშმაკო საქმისგან. მადლობა უფალს, რომ ასეთი ოჯახი მაჩუქა...
- როგორი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან?
- მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაზე, მიმაჩნია, რომ პირდაპირ არის მითითებული სახარებაში, როდესაც უფალი თავის მოწაფეებს მოუწოდებს: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ასწავებდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა". ეს ნიშნავს, რომ ვისაც დაიმოწაფებ, მას უნდა ასწავლო. სულიერ შვილთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ აღსარების თქმით და ზიარების მიღებით არ შემოიფარგლება. ამით მართლაც ბედნიერი ვარ. სხვათა შორის, ბევრი სულიერი შვილი ისე მანებივრებს და ისეთ სითბოს იჩენს ჩემს მიმართ, რომ ზოგჯერ ბავშვივით ავტირდები ხოლმე. მეც ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გულთან ახლოს მივიტანო მათი გასაჭირი. ბევრი ჩემი სულიერი შვილის დანგრევის პირას მისული ოჯახი გადამირჩენია. ბათუმში იყო ასეთი შემთხვევა: საქმე განქორწინებამდე იყო მისული, მეორე დღეს სასამართლო უნდა ჰქონოდათ. საღამოს მოვიდნენ, სამი-ოთხი საათი ვისაუბრეთ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოჯახი შეერთდა და განმტკიცდა. როდესაც ჩემთან მოდის რაიმე მიზეზით გამწარებული გოგონა ან ვაჟი, ცალ-ცალკე ვაამბობინებ თავიანთ გასაჭირზე და ამის შემდეგ ვიწყებ მათთან მუშაობას.
ყველამ ვიცით, თუ რა საშინელი სენია ნარკომანია. ბათუმში ოთხი ახალგაზრდა დავუბრუნე ცხოვრებას. ისინი საზღვაო სასწავლებელში სწავლობდნენ. ხუთნი იყვნენ. ერთი მათგანი გარდაიცვალა, რადგან, სამწუხაროდ, არ დამიჯერა. დანარჩენები ხომალდებზე მუშაობენ, დაოჯახდნენ კიდეც და შვილებიც მოვუნათლე. კიდევ ერთ ასეთ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. ის ყმაწვილი ასლან აბაშიძის დაცვის თანამშრომელი გახლდათ. დღეს ჩემს სახელს იფიცებს, რაზეც მამამისი ეჭვიანობს კიდეც... ასე რომ, ვიღაცის საფიცარი მე ვარ, მაგრამ ბევრი საფიცარი მეც მყავს ჩემს სულიერ შვილებში. მათ შორის არიან სტუდენტები, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც კონსულტაციებსაც ვუწევ ხოლმე. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წარმატებას და თუ ჩემს მიერ ნასწავლიდან ერთს მაინც განახორციელებს მათგან ვინმე, ბედნიერი მასწავლებელი ვიქნები. არ მიყვარს მეტისმეტი ჭკუის დარიგება, მაგრამ თუ ვინმე შემეკითხება, მოვეფერები და დავარიგებ. ზოგადად კი ჩემს ქადაგებებში არ არის ვინმეს განკითხვა.
მინდა სასულიერო პირები იყვნენ დახვეწილნი, პატრიოტები. დღეს, ერისკაცი იქნება თუ სასულიერო პირი, ყველა მოწოდების სიმაღლეზე უნდა დადგეს. ბერმა ბერული ცხოვრებით უნდა იცხოვროს, თეთრი სამღვდელოება კი თავის მრევლს ჩაუდგეს სათავეში და მწყემსობა გასწიოს. ყველა ჩვენგანმა, ვისაც საიდან შეგვიძლია, თითო ქვა უნდა მოვიტანოთ, თითო აგური უნდა დავდოთ და ისე ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა.
- დღეს ხალხს უჭირს როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად. სად ხედავთ გამოსავალს?
- გასაჭირს რა გამოლევს. ცოდვილს ყოველთვის ექნება დაბრკოლება. თუ კაცს განსაცდელიდან თავის დაღწევა სურს, ამისთვის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა ეკლესიური ცხოვრებაა. ყველაფრის ეპოქაზე გადაბრალება და თავის იმით გამართლება, რომ პირობებია შესაფერისი და ჩვენც შესაფერისად ვიცხოვროთ: ვიმრუშოთ, ვიქურდოთ, ვიყაჩაღოთ, - არ მიმაჩნია სწორად. ამაზე დიდი გაჭირვებაც გვქონია და გვიშენებია კიდეც, მტკიცე ოჯახებიც გვქონია, თორმეტი და თხუთმეტი შვილიც გვყავდა, იმიტომ რომ ღმერთი გვწამდა. უფალს უნდა მივენდოთ, მან უკეთ იცის, რა გვეკუთვნის და რისი ღირსნი ვართ. ჩვენ თვალწინ უზნეობა იფურჩქნება და დაცემული საზოგადოება აღზევებულია. ამა სოფლის მთავრის განდიდებას ემსახურება ამდენი კაზინო, საუნა და ა.შ. ჩვენ ქრისტეს მხედრიონს გვეძახიან. მხედრიონი ფხიზლად უნდა იყოს, მებრძოლი უნდა იყოს. მთავარანგელოზებს შუბით და ფარით გამოხატავენ. ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ. თუკი გულხელი დავიკრიფეთ, მხედრები კი არა, ლაჩრები ვყოფილვართ. ლაჩრული ცხოვრება კი ქრისტიანული ცხოვრება არ არის. გააქტიურდა ყველა სფერო: პოლიტიკა, ტექნიკა, მეცნიერება. ჩვენ კი ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსი. ხშირად ვსაყვედურობ ჩემს თავს, რადგან ვფიქრობ, როგორც მოძღვარმა, მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე ის, რაც ცხოვრებამ და სასულიერო აკადემიამ მასწავლა. ჩვენ უნდა ვვითარდებოდეთ შიგნიდან და არა მხოლოდ გარეგნული ფორმით. უნდა განვავითაროთ, უპირველესად, ჩვენი სული. მარტო მორთულ-მოკაზმული მონასტრები არაფერს არ ნიშნავს, თუ ისინი არ აღივსო სულიწმინდის მატარებელი ადამიანებით ანუ ჭეშმარიტი ღვთისმსახურებით.
- მამა ამირან, რას უსურვებდით საქართველოს ეკლესიის მრევლს?
- ყველა ქართველს ვუსურვებ, რომ არ მოსწყდნენ მშობლიურ ფესვებს. თითქოსდა ქვეყანაში გაჭირვების საბაბით ტოვებენ ოჯახებს და უმისამართოდ მიდიან უცხოეთში. ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ნამდვილად არცხვენს ჩვენს ქვეყანას, ქვეყანას, რომელიც ასე ელოდება თავის უძღებ შვილებს. მათ პირაქეთ სვლას ვუსურვებდი. ყოველი ქართველი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, უდარაჯოს ქვეყანას და იზრუნოს მასზე. წმინდა სამების ტაძარი, რომელიც სრულიად საქართველომ ააგო ამ შეჭირვების ჟამს, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ გვიჭირს, მაგრამ უფალი ჩვენთან არის და ამ სასწაულს მთელი მსოფლიო ხედავს.
დავლოცავ ქართველ ხალხს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, პირად ბედნიერებას.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.
- ღმერთმა დალოცოს ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველნი და თანამშრომელნი, გისურვებთ წარმატებებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი