გზა მონასტრისკენ
"ჯვარი, რომელიც მე ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს, - ამბობს ერთგან მამა სერაფიმ როუზი, - მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს".
ბერობის მთელი ღვაწლი სიყვარულია. ადამიანი ამ გზას ირჩევს უფლის სიყვარულის გამო, რომელიც თავის თავში მოყვასის სიყვარულსაც მოიცავს. "თავის შეწირვა ღვთისა და ერის სამსახურისთვის" - ასე უწოდებს ბერობას ზედაზნის მონასტრის მღვდელმონაზონი იოანე (სვანიძე), რომელიც დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ.
- მამაო იოანე, როგორ შემოვიდა თქვენში ჭეშმარიტი სარწმუნოება?
- ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც უფალი შეაღებს მისი გულის კარს.
ბავშვობაში მორწმუნე არ ვყოფილვარ; სტუდენტობაში მოვექეცი და დავადექი ამ გზას. დარწმუნებული ვარ, არჩევანის გაკეთებაში წინაპრების მადლი (ჩვენი ნათესავები დედის მხრიდან - მონაზვნები, სამღვდელო პირები - მღვიმის მონასტერში მოღვაწეობდნენ) და დედის ლოცვა შემეწია.
დედა ძალიან განიცდიდა ჩემს ურწმუნოებას (მახსოვს, დილაობით, სანთელს რომ აანთებდა ღვთისმშობლის ხატთან და ლოცულობდა, მე ვბუზღუნებდი). მისი ლოცვის მეოხებით უფალმა მოწყალე თვალით გადმომხედა და მოვექეცი, ეკლესიური ცხოვრება ავირჩიე.
- დედის ლოცვას მართლაც უდიდესი ძალა აქვს...
- ხშირად მაგონდება ხოლმე ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები, დედაზე რომ ამბობს: "შენ ზეცით ჩამომიწოდე ხელი და ამ უკუნეთიდან "აიტაცე ჩემი სული"; როცა საბრალო დედაჩემი, შენი ერთგული მხევალი, უფრო მწარედ დამტიროდა შენს წინაშე, ვიდრე მკვდარ შვილებს დასტირიან სვეგამწარებული დედები, რადგან თავისი რწმენისა და შენგან ნაბოძები სულის წყალობით თვალნათლივ ხედავდა ჩემს სიკვდილს. და შენ შეისმინე მისი გოდება, უფალო, შეისმინე და ზიზღით არ დახედე მის ცრემლებს, ღაპაღუპით რომ აფრქვევდა და უხვად რწყავდა მიწას ყოველგან, სადაც მუხლმოყრილი ლოცულობდა და შეწევნას გევედრებოდა". ეპისკოპოსს დაუმშვიდებია ქალი: შვილზე ასე გადამკვდარი დედის ძე არ წარწყმდებაო. დედას შვილისთვის უთქვამს: ეს რომ გავიგონე, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხმა ზეციდან ჩამომესმაო. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია დედის ლოცვას.
- ეკლესიურად ცხოვრება როგორ დაიწყეთ?
- ეკლესიასთან ჩემი პირველი შეხება სამთავროს დედათა მონასტერში მოხდა. პირველ წირვას იქ დავესწარი. გალობა, მონასტრის გარემო, სიმშვიდე - ყოველივე ამან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ამავსო და ეს ყველაფერი დღემდე მომყვება.
- ამის გამო აირჩიეთ მონაზვნის გზა?
- თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. რამდენიმე ჩემი თანაკურსელი სასულიერო პირი გახდა. პირველი ნინო ირემაშვილი იყო (ის ახლა გურიაშია, დედათა მონასტერში). მასთან მივედი, რათა ეკლესიაში ქცევის ელემენტარული წესები მესწავლა. ასე დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება: კვირაობით სამთავროს მონასტერში დავდიოდი წირვაზე, შემდეგ სტიქაროსნად ვმსახურობდი. ბერობა რომ გადავწყვიტე, ამაში სამთავროს მონასტერში არსებული გარემოც დამეხმარა... დავრჩი სვეტიცხოველში მორჩილად. ეს პერიოდი დაუვიწყარი გახლავთ ჩემთვის, მას დღემდე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებ.
- როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება ერისკაცობის დროს შეძენილი მეგობრების მიმართ?
- ყველა მეგობარი უფალში ხელახლა შევიძინე. თითქმის ყველა მათგანი ეკლესიურად ცხოვრობს.
- რაში მდგომარეობს ბერობის ღვაწლი?
- ბერული ცხოვრება ტკბილი და რთულია, ამიტომაც ადამიანი ამ გზას თვითონ ირჩევს. რასაკვირველია, მოძღვრის გარეშე ამ ნაბიჯს ვერ გადადგამ, მაგრამ არჩევანს პიროვნება თავად აკეთებს. ბერობა ღვთისა და ერის სამსახურისთვის თავის შეწირვაა.
ბერი პაისი ათონელი წერს: არიან ბერ-მონაზვნები, რომლებიც ადამიანებს უფრო მეტად ეხმარებიან, ვიდრე მთელი სამყარო დაეხმარებოდა... ღმერთს სურს, ბერებმა, თავიანთი პირადი გამოცდილებით ხალხს ნათელი მისცენ და ამგვარად წარუძღვნენ მარადიული ცხოვრებისაკენ. ბერ-მონაზონი ერს შორდება არა იმიტომ, რომ სძულს ეს სოფელი, არამედ იმიტომ, რომ უყვარს იგი. სოფლისგან მოშორებით მცხოვრები ბერი თავისი ლოცვით მას ისე ეხმარება, როგორც ვერასდროს შეძლებდა, როგორი დახმარებაც მხოლოდ და მხოლოდ საღვთო ჩარევითაა შესაძლებელი. ბერი ისე უნდა იღვწოდეს, რომ მისი ღვთისადმი მიძღვნილი სული მისი ახლობლების ცხონებასაც შეეწეოდეს.
- ზედაზნის მონასტერში როდის მოხვედით?
- აქ უკვე სამი წელია ვმოღვაწეობ.
- როგორი მოღვაწეობაა ზედაზნის სავანეში?
- ვცხოვრობთ ჩვეულებრივი მონასტრული ცხოვრებით. ლოცვა იწყება ღამის 3 საათზე, იკითხება ცისკრის ჟამნი. დღის განმავლობაში სხვადასხვა მორჩილება სრულდება. ყოველდღე, 3 საათზე, წმინდა იოანე ზედაზნელის საფლავთან ტარდება პარაკლისი.
ზედაზნის მონასტრის სასწაულები
- გვიამბეთ წმინდა იოანე ზედაზნელისა და ზედაზნის მონასტრის ისტორია.- წმინდა იოანეს, იმთავითვე სათნოებით გამორჩეულს, სიყრმიდანვე სურდა დაყუდებული ცხოვრება. უფალმაც შეისმინა მისი მხურვალე ლოცვა-ვედრება. იოანე აღივსო მადლითა და ძალით, კურნავდა ბრმებს, სნეულებს, ეშმაკისგან ძლეულებს. ყოველი მხრიდან მიდიოდნენ მასთან კურთხევის მისაღებად. მთელს ასურეთს მოედო მისი ამბავი.
ღვთის ნებით, წმინდა იოანეს სურვილი დაებადა, უცხო ქვეყანაში წასულიყო და იქ დამკვიდრებულიყო. ეს წადილი თავის მოწაფეებსაც გაუმხილა. მოწაფეებმა თან წაყოლის ნებართვა სთხოვეს და თანხმობაც მიიღეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნებით წმინდა იოანე მოწაფეებითურთ საქართველოში, მცხეთაში ჩამობრძანდა. წმინდა მამა უფალს შეევედრა, ეჩვენებინა მისთვის ადგილი, სადაც დამკვიდრდებოდა და აღასრულებდა თავის ღვაწლს. უფალმა მას მცხეთის ჩრდილოეთით, მთისკენ მიმავალი გზა უჩვენა. წმინდა იოანეს მოეწონა ეს ადგილი, რადგან ის სავსებით შესაფერისი იყო დაყუდებული ცხოვრებისთვის და იქ დასახლდა.
იოანე მეტისმეტად მკაცრ პირობებში ცხოვრობდა. იქ, სადაც წმინდა მამა დაემკვიდრა, ადრე საკერპო იყო. იქ ჯერ კიდევ ქართლის მეფე ფარნავაზმა აღმართა კერპი, წმინდა ნინოს ქადაგებისა და წარმართულ სამლოცველოთა დამხობის შემდეგ კი ამ მთაზე მცირე ეკლესია აიგო. აი, სწორედ ეს ეკლესია განაახლა წმინდა იოანემ მცირე სენაკებით.
წმინდა იოანემ თავისი ქვეყნიდან წამოღებული წმინდა მოწამეთა ნაწილები თავის მოწაფეებს დაურიგა, რათა მათი შემწეობით დაემარცხებინათ ყოველგვარი ბოროტება.
მთაზე იოანე ერთ მოწაფესთან, ღირს ილია დიაკონთან ერთად დამკვიდრდა. მათთან უამრავი ბოროტისაგან ცდუნებული მიდიოდა, ემუქრებოდა და მთის დატოვებას აიძულებდა, მაგრამ წმინდა მამა მტკიცედ იდგა და გულმხურვალედ ლოცულობდა. მისი ლოცვა შეისმინა უფალმა, დაამარცხა ბოროტი და ბნელი ნათელმა შეცვალა. გახარებული ხალხი მადლობას სწირავდა უფალს.
ღირსი ილია დიაკონი ზურგით ეზიდებოდა წყალს არაგვიდან. უმძიმესი იყო მისი შრომა. წმინდა ბერი კვლავ შეევედრა უფალს. ამჯერადაც შეისმინა ღმერთმა მისი მხურვალე ლოცვა და მთაზე, ეკლესიის სამხრეთით, წყარო აღმოცენდა. უამრავი ხალხი მოაწყდა ამ ადგილს: სნეულნი წყალს დაეწაფებოდნენ თუ არა, იკურნებოდნენ.
- გვიამბეთ იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც ზედაზნის მონასტერში აღესრულებოდა.
- ერთ დღეს იოანე ზედაზნელის ერთ-ერთ მოწაფეს წყაროზე დათვი დახვდა. შეშინებულმა ბერმა წმინდა მამას მიაშურა და ეს ამბავი აუწყა. წმინდა მამამ მშვიდად მიმართა დათვს: მოიკალი წყურვილი, ოღონდ ამ მთაზე ამოსულებს ზიანს ნუ მიაყენებო. დათვმა წყალი დალია და მორჩილად გაეცალა იქაურობას.
ერთხელ წმინდა მთაზე ბოროტით შეპყრობილი ცოცხალ-მკვდარი მამაკაცი აიყვანეს და წმინდა მამას სთხოვეს, უფლის წინაშე მისი განკურნებისთვის ელოცა. წმინდა იოანეს ლოცვის მეოხებით სნეული ფეხზე დადგა.
ნუ გიკვირთ, ძმებო! მე კი არა ვარ მკურნალი, არამედ უფალი ჩვენი იესო ქრისტეო, - ეუბნებოდა ღირსი მამა მისი სასწაულებით განცვიფრებულ ხალხს.
და აი, სულიწმინდამ აუწყა წმინდა იოანეს, რომ მისი აღსასრული მოახლოებული იყო. წმინდა მამამ მოწაფეებს უხმო და სთხოვა, აქვე დაეკრძალათ, მაგრამ მოწაფეებმა ეს ადგილი წმინდა მამისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და მისი ცხედარი სხვა მონასტერში დაკრძალეს. როცა იოანეს დანაბარები კათოლიკოსმა შეიტყო, მღვდლების თანხლებით აღიღო წმინდა მოწამის ნეშტი და იქ დაასვენა, სადაც თავად წმინდა მამამ ისურვა.
არც გარდაცვალების შემდეგ მოჰკლებია მადლი წმინდა იოანეს სახელს. მის ნეშტთან შეხებამ მრავალი განკურნა.
საფლავი მონასტრის ეზოში
- ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხევლის ახლოს, დაკრძალულია იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე), რომელიც 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა და ექვთიმე აღმსარებელი უწოდა. გვიამბეთ მისი ღვაწლის შესახებ.- წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ესტატე კერესელიძე) 1865 წელს რაჭაში, კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელთა ღვაწლითაც მოხდა ათასობით ქართული საგალობლისა და ძირითად მსახურებათა აღნუსხვა და ნოტებზე გადატანა. ეს ფასდაუდებელი წვლილი გახლავთ ეროვნული საუნჯის დაცვისა და გადარჩენის თვალსაზრისით. სწორედ წმინდა ექვთიმეს მოღვაწეობის შედეგია იმ რამდენიმე ათასი საგალობლის ნუსხა, რომლებიც ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. ისინი გადაწერილი და გაწყობილია ღვთისმსახურების სხვადასხვა განგების მიხედვით და შემკულია ავტორისეული შენიშვნებით.
ესტატე კერესელიძეს ექვთიმე თაყაიშვილისთვის ერთხელ ასეთი რამ უთქვამს: "ყველა ეს წიგნები და საგალობლები ფილიმონ ქორიძემ დაწერა, ესენი კიდევ მოუთავებელია, ჯერ კიდევ ბევრი ხარჯი და შრომა სჭირდება, რომ მოთავდეს, და სწორედ, როცა მოთავდება, ყველასთვის დიდად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება! და მეც ამისი მსურველი ვარ, რომ ასე მოთავებულად მუზეუმში დავაწყო დასაცავად, ჩვენი მომავალი თაობის სასარგებლოდ. ამისთვის მე თვითონ სულითა და გულით ვზრუნავ, ვშრომობ, ხარჯს ვეწევი, ვათეთრებ, ვაწყობ და რაც აკლია, ვაწერინებ სამ ხმაზე გამშვენებით. მე ჩემს შეძლებასა და ფულს მაგ კეთილი საქმისთვის არა ვზოგავ და სხვის შეწევნასა და დახმარებას არავისა ვსთხოვ".
მონაზვნობის ღვაწლისთვის ესტატე კერესელიძე სიყრმიდანვე ემზადებოდა. მას სულიერად მოძღვრავდა ღირსი მამა ალექსი შუშანია.
1912 წლიდან ესტატე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში და ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე აქვე აღიკვეცა ბერად. 1913 წელს იგი იეროდიაკონი გახდა. მამა ექვთიმე ოთხი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მთავარდიაკვნად მონასტრის კრებულს. ამ ხნის განმავლობაში იგი ერთადერთი დიაკონი იყო მონასტერში და მსახურება თითქმის ყოველდღე უხდებოდა. ამავე დროს იგი დაკავებული იყო ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებითა და გადათეთრებით.
1917 წელს მამა ექვთიმეს მღვდლად დაასხეს ხელი.
ავადსახსენებელ 1921 წელს, კომუნისტურ-ათეისტური დიქტატურის დამყარებისთანავე, მამა ექვთიმე დააპატიმრეს, როგორც ახალი რეჟიმისთვის არასაიმედო პიროვნება, მაგრამ ბრალდების უქონლობის გამო რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მღვდელმონაზონი ექვთიმე დევნის პერიოდშიც განაგრძობდა საგალობელთა კრებულებზე მუშაობას. იგი წერდა: "მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი. მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ".
1923 წელს ათეისტურმა მთავრობამ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოაცხადა. მამა ექვთიმემ, იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერებიც არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში, საიმედო ოჯახში გადამალა.
1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაარბიეს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი. იმავე წელს უღმრთოებმა დახვრიტეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მისი ერთგული სასულიერო პირნი.
მამა ექვთიმე იძულებული გახდა, დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გაეხიზნა. მან მარტოდმარტომ მოახერხა ერთი ურემი ხელნაწერის მცხეთაში გადატანა. ამავე პერიოდში განაწესეს მღვდელმონაზონი ექვთიმე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი საუნჯე.
1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეში იყო დატყვევებული, ხოლო ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური დევნას განიცდიდა, ღვთის განგებით, მამა ექვთიმე კვლავაც ახერხებდა საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. იმ ხანებში იგი სულიერ მოძღვრობას უწევდა სამთავროს დედათა მონასტერს.
1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა იქ აიტანა საგალობელთა ჩანაწერები და რაკი მონასტერი ყოველ წუთს შეიძლებოდა აეკლოთ, დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ შენახული მიწაში დაფლა. მაგრამ რა ბედი ეწეოდა კრებულებს მისი გარდაცვალების შემდეგ? - ამ მძიმე სულიერ ტვირთს უკვე მოხუცებული მამა ექვთიმე წლების მანძილზე ატარებდა.
XX საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში რეპრესიები გამძაფრდა. ღვთის განგებით, სწორედ ამ დროს გამოჩნდა საშველი: თბილისის მეტეხის მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დავით დავითაშვილმა, ფარულმა ქრისტიანმა, ბეთანიელ ბერებთან, არქიმანდრიტებთან იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას, მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც შეიტყო, ეს ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში, იღუმენ ექვთიმესთან ინახებოდა, იმ დღესვე მონასტრისაკენ გაეშურა.
მამა ექვთიმე ეჭვით შეხვდა უცხოს, მაგრამ როდესაც მისი გულწრფელი სიხარული დაინახა, მიენდო და თბილისში გამოჰყვა. 1935 წელს მან სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომლებშიც 5532 საგალობელი და სასულიერო შინაარსის რამდენიმე ხელნაწერი იყო თავმოყრილი.
მეორე მსოფლიო ომის დროს მონასტრების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიხეილი (მანდარია), რომელსაც ბერებისთვის სანოვაგე მიჰქონდა, კომენდანტის საათის დარღვევისთვის საგურამოს გზაზე მოკლეს. ახალგაზრდა ბერი პართენი (აფციაური) ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს, მოხუცი მწირ-ბერი საბა (ფულარიანი) გარდაიცვალა. მამა ექვთიმე მონასტერში მარტოდმარტო დარჩა. მოხუც მოძღვარზე მისი სულიერი შვილები, სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნები ზრუნავდნენ.
1944 წლის ზამთარში მოძღვრის მოსანახულებლად ასულ მონაზონ ზოილეს (დვალიშვილს) მამა ექვთიმე სარეცელზე მიჯაჭვული დახვდა. ღირსმა მამამ მშვიდობით მიაბარა სული უფალს.
- მამაო იოანე, რას უსურვებთ მათ, ვისაც ბერობის გზაზე შედგომა სურს?
- მორჩილების მსურველთ შევახსენებ წმინდა ალექსი შუშანიას სიტყვებს, რომლებიც, ვფიქრობ, საუკეთესო დარიგებაა მათთვის, ვისაც სურს, ამ გზას დაადგეს: "ხოლო სრულიად ქალწულება და ღვთის სათნოდ ცხოვრება ანგელოზთა სწორებაა და სუფევაცაა მისი უსანატრელეს. გარნა არ იქმს, რომ ვინმემ უცებ აჩქარებით აღიტაცოთ ფიქრით მარტო და გადაწყვიტოთ მონაზონება, არამედ კარგად განიკითხეთ თავი თქვენი და ისე გონიერად შეუდექით ქრისტეს ძლიერებას".
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
- ღმერთმა დაგლოცოთ, გისურვებთ წარმატებებს.