ჭერემი, ვახტანგ გორგასლის დროინდელი ნაქალაქარი და შუა საუკუნეების მძლავრი საეპისკოპოსო ცენტრი, დღეს ხალხისგან თითქმის დაცლილი მაღალმთიანი სოფელია ვაზისუბნიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელში, სადაც რამდენიმე ოჯახიღა ცხოვრობს (ისიც - შემოდგომიდან გაზაფხულამდე) და სადაც უკვე დიდი ხანია, დენი თვალით აღარ უნახავთ, ტექნიკის მიღწევებს მოწყვეტილი, თითქოს ბუნების ნაწილი ხდები და უფრო მეტად უახლოვდები უფალს.
ია, მამა გრიგოლის მეუღლე, ძალიან ღელავდა - ბავშვები პატარები არიან, არ ვიცი, როგორ შეძლებენ უჩემოდ ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრებასო.
შემთხვევით ვისარგებლეთ და მამა გრიგოლის დედას, ქალბატონ გულოს გავესაუბრეთ.
- გრიგოლი ნაბოლარა მყავდა, მესამე. დაიბადა 1970 წლის 20 იანვარს. ძალიან ცოცხალი და მოძრავი ბავშვი იყო, არც სწავლა ეზარებოდა, არც მუშაობა. სულ პატარას ხელჩაკიდებულს რომ ჩავატარებდი გზაზე, სოფლის ეკლესიასთან ენამოჩლექით იტყოდა ხოლმე - ამ ტაძარს ჯვარი მე უნდა გავუკეთოო. მაშინ მის ნათქვამზე გვეღიმებოდა.
ძალიან უყვარდა სასკოლო თეატრში თამაში. რომ წამოიზარდა, გამოაცხადა, სემინარიაში უნდა ჩავაბაროო. მაშინ ასეთი სურვილის გამო ადამიანი შეიძლებოდა სულელადაც ჩაეთვალათ... დაიწყო გაუთავებელი დარიგებები, მუქარა. მოეშვი მაგ ცრურწმენებსო, უჩიჩინებდა სკოლის დირექტორი, ისტორიის მასწავლებელმა კი დაიფიცა, ხელები მომტყდეს, თუ ნიშანი გაღირსოო. ვერ გადაათქმევინეს...
***
ორიოდე კვირის შემდეგ კვლავ ვესტუმრეთ მამა გრიგოლს. ამჯერად მთელი ოჯახი შინ დაგვხვდა. როგორ მოგეწონათ-მეთქი ჭერემი, - ვკითხე ბავშვებს. "დილით ადრე ვდგებოდით, - ერთმანეთს არ აცდიდნენ ბიჭები, - ლოცვის შემდეგ ტყეში მივდიოდით, ვახტანგ გორგასლის სასახლის ნანგრევებიც ვნახეთ, ეპისკოპოსისაც და უამრავი ტაძარიც. საღამოს მამა სახარების განმარტებებსა და წმინდანთა ცხოვრებას გვიკითხავდა".მამა გრიგოლიც კმაყოფილი იყო:
- მე თვითონ ბავშვობიდანვე მიყვარდა ტაძრები და მღვდლები. მშობლებს ხშირად დავყავდით ალავერდსა და თეთრ გიორგიში. მახსოვს, სულ ვცდილობდი, მღვდელთან ახლოს მივსულიყავი. თუ შემთხვევით სოფელში წესის ასაგებად მოიყვანდნენ ვინმეს, სულ მის გარშემო ვტრიალებდი, ყველაფერი მაინტერესებდა, ვეკითხებოდი კიდევაც და ვცდილობდი, რაიმე მესწავლა.
ჩვენს სოფელში მოქმედი ტაძარი არ იყო, - ან კი სად იყო?! - და ეკლესიურ ცხოვრებაზე არავითარი წარმოდგენა არ მქონდა. ვხვდებოდი, რომ სემინარიამდე დიდი გზა მქონდა გასავლელი და რომ თბილისში უფრო გამიიოლდებოდა ამ გზის პოვნა. ამიტომ მოუთმენლად ველოდი სკოლის დამთავრებას. მშობლებს არ უნდოდათ ჩემი თბილისში გაშვება, მაგრამ მე თვითონ მოვაგროვე გზის ფული და 13 მანეთით წავედი ქალაქში. ღვთის ნებით, დედაჩემის ახლობლებთან, მორწმუნე, ეკლესიურ ადამიანებთან ვცხოვრობდი.
მინდოდა, საბუთები პედაგოგიურ ინსტიტუტში შემეტანა, მაგრამ იქ სკოლის რეკომენდაცია მთხოვეს, რაზეც მე ოცნებაც არ შემეძლო, ამიტომ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე. ყურმოკვრით გამეგონა მარხვის შესახებ და დავიწყე მარხვა, ყოველდღე მივდიოდი სიონში და უფალს ვევედრებოდი, ხელი მომიმართე-მეთქი. ოჯახში, სადაც ვცხოვრობდი, ძალიან შეწუხდნენ, ამიხსნეს, რომ მარხვისთვის ეკლესიის მიერ დაწესებული დღეები არსებობდა და რომ ხსნილში ასე თვითნებურად მარხვა არ შეიძლებოდა. მიმიყვანეს სიონში, მამა ვახტანგთან (მეუფე გიორგი შალამბერიძესთან). მან ყურადღებით მომისმინა, რამდენიმეჯერ დამიბარა სასაუბროდ და წმიდა პანტელეიმონის ხსენების დღეს, 9 აგვისტოს, მაზიარა.
ქართულში ორიანი მივიღე, მაგრამ უფლის იმედი არ დამიკარგავს. ნიშანი გავასაჩივრე. იმავე დღეს თბილისის ყველა მოქმედი ტაძარი მოვიარე, გულმხურვალედ ვლოცულობდი, ვხვდებოდი, უკვე ვეღარ შევძლებდი სოფელში უეკლესიოდ ცხოვრებას. უფალმა მისმინა და ჩემი ნაწერი დადებითად შეაფასეს.
მერე მეორად ფაკულტეტზე - სამსახიობოზეც ჩავაბარე. ინსტიტუტის თეატრში ვთამაშობდი.
პირველ კურსზე ვიყავი, ძმა რომ გარდამეცვალა. ამან გარდატეხა მოახდინა ჩემს სულიერ ცხოვრებაში. უფრო სერიოზულად დავფიქრდი საიქიოზე, სწავლაზე გული ამიცრუვდა, რაღაც უფრო და უფრო მეტად მეწეოდა ეკლესიისკენ.
მალე ჯარშიც გამიწვიეს. იქიდან დაბრუნებულმა სწავლა განვაგრძე, მაგრამ ძალიან უხალისოდ. თან ტექნიკური ქიმიის კათედრასა და ტელევიზიაში ვმუშაობდი. მალე მამა იოაკიმეს (ასათიანს) შევხვდი და გადავწყვიტე, მარტვილში გავყოლოდი. დიდხანს ვფიქრობდი, მშობლებისთვის როგორ გამემხილა ჩემი განზრახვა.
სოფელში გავემგზავრე და როგორც იქნა, მამას გამოვუტყდი.
"შვილოო, - მითხრა, - ღვთის სამსახურს რა სჯობია, მაგრამ იქნებ ჯერ სწავლა დაგემთავრებინაო". მაგრამ მე უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა.
რამდენიმე თვე ისე ვიცხოვრე მონასტერში, - ხან მარტვილში, ხან ყაზბეგში, - რომ დედამ არაფერი იცოდა. ბოლოს გაიგო. მანაც ის მთხოვა, სწავლა დამემთავრებინა. მამა იოაკიმესთან წავიყვანე. დიდხანს ისაუბრეს და როგორც იქნა, მისი თანხმობაც მივიღე.
სემინარიაში 1990 წელს ჩავაბარე. დროის უდიდეს ნაწილს მონასტერში ვატარებდი, იქ ვსწავლობდი, როგორ დამენახა უფალი ყოველდღიურ, ყოფით წვრილმანებშიც კი. მახსოვს, ერთხელ მამა იოაკიმე ხის ჯვარს აკეთებდა. დიდხანს იწვალა, ზომა, ზომა, მაგრამ ლურსმანი საჭირო ადგილზე ვერ გაატარა, - წვერი სულ სხვაგან გადიოდა. ბოლოს, გაბრაზებულმა, საზომი გადააგდო და ლოცვა დაიწყო. გულიანად გამეცინა - საზომი გადააგდო და ღმერთი რას უშველის-მეთქი. მამაომ ლოცვა დაამთავრა, ლურსმანს ჯვარი გადასახა და ერთი დარტყმით დააჭედა საჭირო ადგილას. ეს ჩემთვის გაკვეთილი გახლდათ.
1992 წელს უწმიდესმა სიონის ტაძრის იკონომოსად დამნიშნა. ვიუარე, მეშინოდა - იქ დიდ თანხებთან მექნებოდა საქმე. პატრიარქმა მითხრა: შვილო, ღვთის წინაშე იყავი მართალი და კაცნი რას იტყვიან მართალ კაცზე, უფლისთვის სულერთიაო. ეს სიტყვები დღემდე მახსოვს.
მალე მამა იოაკიმე მარტყოფში გადაიყვანეს და მეც რამდენიმე თვე იქ გავატარე. სემინარიის დასრულებისას არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მამა იოაკიმემ დაქორწინება მირჩია. 1993 წელს ოჯახი შევქმენი. ჩემი მეუღლე გულმოდგინედ ცდილობს, შემიმსუბუქოს ღვთისმსახურის მძიმე ტვირთი.
1994 წლის 27 იანვარს, ნინოობას, მღვდლად მაკურთხეს. ვმსახურობდი სოფელ ველისციხეში, რადგან ჩვენი სოფლის ტაძარში წირვის დაყენება შეუძლებელი იყო. სოფელი მხარში ამომიდგა. ნელ-ნელა, წვალებ-წვალებით ტაძარი შევაკეთეთ, გავასუფთავეთ და ჯვარიც აღვმართეთ - ავისრულე ბავშვობის ოცნება.
არასდროს დამავიწყდება პირველი წირვა ამ დიდებულ ტაძარში - 1996 წლის შობა. აღვასრულეთ ღამისთევის მსახურება. ლიტანიობის დროს დაიწყო თოვა. მსხვილი, ულამაზესი ფანტელები პატარა ანგელოზებივით დაგვტრიალებდნენ თავს და თითქოს ჩვენთან ერთად ზეიმობდნენ.
უკვე მეათე წელია, ჩემს სოფელს ვემსახურები. დროებით ჩვენს სამრევლოშია სხვა სოფლებიც. რწმენას მოწყურებული ხალხი მოუთმენლად ელის კვირის იმ დღეებს, როდესაც მსახურებას აღვასრულებთ. ჩემი მასწავლებლები, რომელთაც ჩემი სურვილი ძალიან აშფოთებდათ, დღეს ჩემი სულიერი შვილები არიან.
***
უფალი გვაძლიერებს, გვასწავლის, გვამხნევებს, შეცდომებისგან გვიფარავს, ყოველ წუთს ჩვენთანაა.ერთხელ, - ახალი ნაკურთხი ვიყავი, - ახლობელმა ავადმყოფი მამის ზიარება მთხოვა. ავადმყოფი ძალიან მძიმედ არ იყო, ამიტომ მისი ზიარება ერთი დღით გადავდე, მერე - კიდევ ერთი დღით. მესამე ღამეს მესიზმრა - მივედი საზიარებლად და ავადმყოფი გარდაცვლილი დამხვდა. გარშემო საშინელი შესახედაობის კაცები ედგნენ. ჩემს დანახვაზე სიცილი დაიწყეს - ხომ წაგართვით, ხომ წაგართვითო. გამომეღვიძა. მაშინვე ავდექი, ვილოცე და ირიჟრაჟა თუ არა, ავადმყოფის საზიარებლად წავედი. თან ვლოცულობდი, რომ ცოცხალი დამხვედროდა. ისე ადრე მივედი, ყველას ეძინა. აღსარება ჩავიბარე და ვაზიარე.
მადლობა უფალს, დღესაც ცოცხალია.
***
ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ დედა შეძლებისდაგვარად ყოველთვის მარხულობდა და ლოცულობდა. თვითონ ცდილობდა, მკაცრად ემარხულა, ჩვენ კი გვთხოვდა, ასე მკაცრად ნუ მარხულობთ, თქვენ ახალგაზრდები ხართ, მე თქვენს მაგივრადაც ვიმარხულებო. უკვე კარგა ხნის მღვდელი ვიყავი, როცა მეც შემიჩნდა ფიქრი - რა აუცილებელია პეტრეპავლობის მარხვის შენახვა-მეთქი. თან თავის დასარწმუნებლად არგუმენტებიც მოვძებნე - ეს ხომ უფლის დაწესებული მარხვა არ არის, თანაც ახლა ზაფხულია, მამას უამრავი საქმე აქვს და მეც უნდა მივეხმარო-მეთქი... მოკლედ, გავტეხე მარხვა. დედა დილით აიღებდა სახარებას, პურსა და წყალს და მთელი დღით თავის ოთახში იკეტებოდა.მარხვის მესამე დღეს უფროსი ბავშვი ავად გახდა. დედაჩემი თავისი ოთახიდან გამოვიდა და მრისხანედ შემომიტია - რას ჰგავს შენი საქციელი, შენ სხვას რა უნდა ასწავლო ან როგორ უნდა გაბედო სხვისთვის რამის სწავლება, როცა საკუთარი თავისთვის ვერ გისწავლებია; არ გრცხვენია, მღვდელი რომ არ მარხულობო? გაოცებული ვუცქერდი.
ბოლოს დამშვიდდა და გვიამბო: სახარებას ვკითხულობდი, თითქოს ჩამთვლიმა. ოთახში ორი კაცი შემოვიდა და მრისხანედ მითხრა: "რაო, შენი ბედოვლათი შვილი, როცა მარხულობდა, მოკვდა?" მერე ბავშვს ხელი წაავლეს, რაღაც ქვევრისმაგვარში ჩასვეს და სახურავს ახურავდნენ, მაგრამ მე მუხლებში ჩავუვარდი, ვტიროდი და ვეხვეწებოდი, ბავშვი დამიტოვეთ-მეთქი. ამ დროს ნათლით მოსილი კაცი გამოჩნდა და თქვა, რა ბავშვის ბრალია, თუ მამა ბედოვლათი ჰყავსო, - ქვევრიდან ამოიყვანა და გადმომცა.
ამ ამბის შემდეგ დედას არასოდეს უთქვამს, მკაცრად ნუ მარხულობთო და მეც აღარასოდეს მიძებნია საბაბი მარხვის გასატეხად.
***
ჩვენ ისეთ დროში ვიზრდებოდით, როცა არც ეკლესიური ცხოვრება შეიძლებოდა და არც ცოდნის მიღება. დღემდე ცხადად მახსოვს ის იშვიათი დღეები, როცა ტაძარში შესვლისა და მღვდელთან ახლოს მისვლის საშუალება მეძლეოდა, მახსოვს ჩემი დიდი სურვილი იქ ყოფნისა და დიდი უმეცრება. მინდა, ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ღვთისმოშიში, განათლებული, თავმდაბალი და მორჩილი, ეს კი ეკლესიის გარეთ ვერ მიიღწევა. ვუსურვებ ჩვენს ბავშვებს, ეცხოვროთ ისეთ საქართველოში, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, კვლავ ახმიანებულიყოს ყველა სოფლის დიდი თუ პატარა ტაძრის ზარები.ესაუბრა
ირინე იაკობიშვილი
ირინე იაკობიშვილი