დიღმის ბავშვთა II საავადმყოფოში შესვლისას სევდა გეუფლება, რადგან საავადმყოფო (მით უფრო, თუ ეს ბავშვს უკავშირდება) კიდევ ერთხელ, მკაცრად შეგვახსენებს წუთისოფლის ამაოებას და დაუნდობლობას.
აქ არსებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია უზარმაზარ ნუგეშად ევლინება სასოწარკვეთილ მშობლებს. მათი მხურვალე ლოცვის შემხედვარეს, უნებურად გახსენდება ფსალმუნის სიტყვები: "განკფდეს ყოველნი ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე, რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი, უფალო" (ფს. 31). სხვაგვარადი გრძნობით აღიქვამენ ისინი აქ მოღვაწე მღვდელმსახურთა მხრიდან თანადგომასაც. სწორედ ამ ტაძრის მღვდელმსახურია ჩვენი სტუმარი. მამა შალვა (როსტიაშვილი) ახალგაზრდა თაობის მღვდელია, რომელიც თავდაუზოგავი ენერგიითა და დიდი სიყვარულით ემსახურება მრევლს.
- მამა შალვა, როგორ მოხვდით ეკლესიაში?
- უფლისა და დედაეკლესიის პატივისცემას პატარაობიდანვე მინერგავდნენ მშობლები. მამაჩემს, მიხეილს, ყოველთვის დავყავდით საგვარეულო ეკლესიის მოსალოცად. მაშინ, 70-80-იან წლებში, ჯერ კიდევ მძვინვარებდა ათეიზმი. დედაჩემის, მედეა ტაბიძის, მამა სასულიერო პირების შთამომავალი იყო. ამიტომ ჯერ კიდევ 14 წლისას მკითხა დედამ, სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ხომ არ ჩააბარებო. 18 წლამდე ეკლესიური ცხოვრება ჩემთვის უცხო იყო, ამიტომ მღვდლობაზე ფიქრი წარმოუდგენელი გახლდათ, თუმცა ყოველივე ზემოთ აღნიშნული დამეხმარა ამ მძიმე და საპასუხისმგებლო გზის არჩევაში.
1991 წელს განსაკუთრებული დღე გათენდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ერთი მეგობარი აბარებდა უნივერსიტეტში და მთხოვა, სანთლის ასანთებად სიონის საკათედრო ტაძარში წამყევიო. მივედით ეკლესიაში. აღმოჩნდა, რომ იმ დღეს ღვთისმშობლის პარაკლისს იხდიდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. ლოცვას ბოლომდე დავესწარი და იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ ერთი კვირის შემდეგ კიდევ მივედი ტაძარში. გავიცანი ორი მორწმუნე, რომელთაც ეკლესიაში მოქცევის წესები მასწავლეს.
- ეკლესიაში მისვლის შემდეგ თქვენი ცხოვრება შეიცვალა?
- ეკლესიური ცხოვრების დაწყება ნიშნავს ღვთის მცნებების სწავლას, ამავე დროს შევიცნობთ მათი დარღვევის მძიმე შედეგებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეიცვალა ჩემი ცხოვრება. თუ ადამიანი გაიგებს, რა არის ამპარტავნება, თუ მოინდომებს ამ საშინელი ცოდვის დამღუპველი შედეგების დანახვას, აუცილებლად შეიცვლება. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ფასეულობების გადაფასება. ეკლესიური ცხოვრების დაწყებამ გამომაღვიძა, თვალი ამიხილა, დამანახვა ჭეშმარიტი რეალობა.
- როგორ შექმენით ოჯახი და საერთოდ, რითი უნდა იყოს გამორჩეული ქრისტიანული ოჯახი?
- ვიცით, რომ სულის გადასარჩენად ორი ძირითადი გზა არსებობს: ბერმონაზვნობა და დაოჯახება. მე ავირჩიე დაოჯახება. 24 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი მარინე მეტრეველი. იგი ღვთისმოშიში და კეთილშობილი ადამიანია. 1998 წლის 8 თებერვალს ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩემმა მოძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრიმ (სუხიტაშვილმა), დაგვწერა ჯვარი და ამ დღიდან სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო. დღესდღეობით გვყავს ორი ქალიშვილი.
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა იმაზე, თუ რა შეცდომებს უშვებენ ოჯახურ ცხოვრებაში ახალგაზრდები. პირველი და დიდი შეცდომაა, როდესაც შეყვარებულები დაოჯახებამდე ერთმანეთის მხოლოდ კარგი თვისებების დანახვას ცდილობენ. ჩემი აზრით, რაც უფრო რეალური შეხედულება ექნება ადამიანს მომავალ მეუღლეზე, მით ნაკლებად ელის იმედგაცრუება. რეალობას მოწყვეტილი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რეალობასთან შეჯახების შემდეგ ოჯახური ცხოვრება უჭირთ ხოლმე. რეალურად უნდა აფასებდე ადამიანს და ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის სინამდვილეში. ვფიქრობ, მაშინ უფრო მშვიდი და ურთიერთპატივისცემით აღსავსე ურთიერთობა ექნებათ მეუღლეებს.
- სამწუხაროდ, არის შემთხვევები ოჯახური კონფლიქტებისა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და სად არის გამოსავალი?
- შეცდომაა, როდესაც ქმარი ფიქრობს ქრისტიანისთვის მიუღებელი მეთოდებით ცოლის ვითომდა მოთვინიერებას, რადგან რაც მეტია ქმრის მხრიდან აგრესია, მით უფრო იღვიძებს ცოლში თავდაცვის ინსტინქტი. ამ ვითარებაში ახლოვდება საშიშროება ოჯახის დანგრევისა. ეშმაკი იმასაც აქტიურად ახერხებს, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთისგან მტრის ხატი შექმნას. გამოსავალი, რა თქმა უნდა, ქრისტიანულ აზროვნებაში და, შესაბამისად, ცხოვრების წესშია. ქრისტიანობა ერთმანეთის ნაკლის სიყვარულით და მოთმინებით ტვირთვაა. მოციქული პავლე ხომ გვმოძღვრავს: "იტვირთეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესი". ასევე საჭიროა, რომ ცოლიც და ქმარიც სულიერი მოძღვრის მორჩილებაში იყვნენ და მისი რჩევით წარმართონ სწორი ურთიერთდამოკიდებულება. მაგრამ რა უნდა ვქნათ, როდესაც ეკლესიური ცხოვრების წესი საერთოდ არ უნდათ ან უნდათ მოძღვრის მორჩილების გარეშე? ასეთ შემთხვევაში იმაზე მაინც დავფიქრდეთ, რომ მთელ ცხოვრებას ვიუბედურებთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედ-მამის კონფლიქტები მძიმე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს შვილებზე. ვინც მდგომარეობის გამოსწორებას მოინდომებს, გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. შიგადაშიგ მაინც ხდება ხოლმე წვრილმანი უთანხმოებები. ამიტომ სულიერი მამის რჩევა-დარიგება ყველას წამალივით გვჭირდება.
- ოჯახის შექმნის შემდეგ სასულიერო პირი გახდით?
- 1998 წლის 24 მარტს სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მაკურთხა დიაკვნად და იმავე წლის 14 ივნისს საგარეჯოსა და გურჯაანის მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა (ამჟამად დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტმა) სოფელ პატარძეულის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში მაკურთხა მღვდლად, სადაც 6 წელი ვმსახურობდი.
- რა ძალა აქვს მღვდლობის საიდუმლოს?
- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავაცნობიეროთ მნიშვნელობა იმ საიდუმლოებათა, რომელთაც მღვდელი აღასრულებს. შვიდ საიდუმლოთაგან (მღვდლობა, ზიარება, აღსარება, ნათლისღება, მირონცხება, ზეთის კურთხევა, ჯვრისწერა) მღვდელი არ აღასრულებს მხოლოდ ერთს - მღვდლობას. მადლობა ღმერთს, რომ მღვდლობის ღირსი გამხადა.
- რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ მღვდლობის ხარისხი?
- მძიმე და საპასუხისმგებლოა მღვდლობის ჯვარი. გარდა იმისა, რომ მრევლის ყოველ წარმომადგენელს სწორი რჩევა-დარიგება უნდა მივცე და სხვადასხვა მძიმე პრობლემიდან გამოსავალი დავანახო, არის კიდევ ერთი უცნაური სიტუაცია: არაეკლესიური ადამიანების მეტისმეტად მომთხოვნი დამოკიდებულება. მაგალითად, მოდის ნასვამი ადამიანი და გისვამს კითხვას. ვალდებული ხარ, უპასუხო. მას კი დროის შეგრძნება დაკარგული აქვს და სულ არ აინტერესებს, მღვდელს ეჩქარება თუ არა. ამის მოთმენაც შეიძლება, თუკი საუბრის სასარგებლო შედეგს ხედავ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნასვამი ადამიანი ხანგრძლივი საუბრის შემდეგ იმავე კითხვას უბრუნდება, რომლითაც დაიწყო. ეს კი, დამეთანხმებით, ძნელი მოსათმენია, მაგრამ უნდა მოითმინო.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოგეხსენებათ, ბევრი მათხოვარი დადის და თუკი ფული იმ დროისთვის არ აღმომაჩნდა და ვერ დავეხმარე, იწყებენ ჩემს განკითხვას, რასაც სხვების მიმართ არ აკეთებენ. კიდევ ერთ შემთხვევას მოვყვები: ამ ორიოდე წლის წინათ ზაფხულში უჩვეულოდ ცხელოდა, რაც მღვდლის შესამოსელში უფრო მეტად იგრძნობოდა. მყუდრო ადგილას დავჯექი და ნაყინით ვცადე თავის გაგრილება. ამ დროს ერთი ქალბატონი მოვიდა და დამიწყო ძაგება: შენ რა მღვდელი ხარ, ნაყინს რომ ჭამო. რა გითხრათ, ზოგჯერ მართლაც ზედმეტად მომთხოვნი არიან მღვდლის მიმართ არაეკლესიური ადამიანები. ამის გამო ძნელია სასულიერო პირის ოჯახის წევრობაც. კერძოდ, რასაც სხვებს პატიობენ, იმას ვერ პატიობენ ჩემი ოჯახის წევრს, ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ შემახსენებს ამ საპატიო მოვალეობის სერიოზულობასა და სიწმინდეს.
- მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა მხოლოდ აღსარებით შემოიფარგლება?
- რადგან მოძღვარი ებრძვის არა მხოლოდ ცოდვას, არამედ ცოდვის მიზეზებსაც, მხოლოდ ლოცვის დროს აღსარების თქმა არ არის საკმარისი. ჩვენ ვიბარებთ სადაგ დღეებში მრევლს და ვესაუბრებით. მოძღვარმა უნდა იცოდეს, რა უჭირს მის მრევლს, რა მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა მის ცხოვრებაში და რას აპირებს უახლოეს მომავალში. თუ ადამიანი გახდა ეკლესიის მრევლი, აუცილებლად უნდა გადაამოწმოს სულიერ მოძღვართან ყველა თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
- წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დიდი ხანია მოღვაწეობთ?
- უკვე ცხრა თვეა, რაც აქ ვასრულებ მღვდელმსახურებას. ჩვენი ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ტარიელი (კერესელიძე), რომელმაც ძმობის ხელი გამომიწოდა.
- რა დანიშნულება და დატვირთვა აქვს საავადმყოფოში არსებულ ეკლესიას?
- გარდა იმისა, რომ ჩვენი ეკლესია ასრულებს ისეთსავე ფუნქციას, რასაც დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიები, საავადმყოფოში არსებული ეკლესიის დანიშნულება შეუცვლელია, რადგან ჩვენთან ხდება სნეული ბავშვების ხშირი ზიარება, ზეთის ცხება, რეანიმაციაში მყოფთა მონათვლა და უარეს შემთხვევაში - წესის აგება. უნუგეშოდ დარჩენილი მშობლებისთვის ასევე შეუცვლელია ეკლესიის თანადგომა. ხშირად იმედგადაწურულნი უფრო მეტად ეჯაჭვებიან ღვთაებრივი შემწეობის იმედს. ბერი სილუანი ამბობდა: "როდესაც ყოველგვარი ადამიანური იმედი ქრება, მაშინ განსაკუთრებული სიცხადით იღვიძებს იმედი ღვთისაო". აქ ეკლესიის მადლის მოქმედებით ადამიანები განსაკუთრებით გრძნობენ იმ სიტყვის ძალას, რომელსაც "კათარზისი" ჰქვია.
- რას ურჩევდით თქვენს მრევლს?
- სხვადასხვა ასაკისა და მდგომარეობის ადამიანებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ, მაგრამ რადგან ჩვენი მრევლის უმეტესობა ახალგაზრდაა, ყურადღებას გავამახვილებდი თანამედროვე მოდაზე. მინდა ვთხოვო მშობლებს: ნუ შეეგუებით და ნუ შეუწყობთ ხელს იმ აზრს, რომ გამომწვევი ჩაცმულობა არაფერს აფუჭებს. სიყმაწვილე ხშირად გონიერი აზროვნების დეფიციტს განიცდის და ერთადერთი, რაც ზოგიერთ ახალგაზრდას აინტერესებს, არის სურვილი, იყოს რაღაცით გამორჩეული და მიიპყროს თანატოლების ყურადღება. ასეთი წამხედურობა კარგს არაფერს მოიტანს. არ უნდა შევეგუოთ ჩვენი ბავშვების, მოზარდების ზნეობრივ დაცემას. უპირველესად ოჯახი უნდა ეცადოს მათ დაცვას.
ხშირად თანამედროვე ახალგაზრდობამ არ იცის, რას ნიშნავს იყო თავისუფალი. ჰგონიათ, რაც უფრო თვითნებურად და ულოგიკოდ იმოქმედებენ, მით მეტად დაამტკიცებენ, რომ თავისუფალნი არიან. ჭეშმარიტი თავისუფლება კი შემზღუდველია, რადგან ყოველთვის არსებობს ისეთი არჩევანი, რომელზეც კაცს უარის თქმა მოუწევს, ანუ ყოველი არჩევანი სხვა არჩევანზე უარის თქმას ნიშნავს - თუ აირჩევ უგუნურებას, უნდა დაფიქრდე: ღირს კი ჭკვიანურ, გონიერ საქციელზე უარის თქმა. თავისუფლება ის არის, რომ შეგეძლოს შენი სულისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენის გულწრფელ აღიარებას და მისდამი მორჩილებას შეუძლია ჩვენი განთავისუფლება.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი