საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: "ადამიანი ღვთის მადლითა და ძალით შექმნილია თავისუფალი ნების მქონედ. უფალმა მისცა მას არჩევანი და ადამიანმა უნდა აირჩიოს და განასხვაოს კეთილი და ბოროტი...
არიან ადამიანები, რომელთაც ეძლევათ ძალიან მცირე ჯვარი, იმიტომ რომ მათ მეტის ტვირთვა არ შეუძლიათ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ეძლევათ არა მარტო პირადი, არამედ ერის ჯვარიც, ჯვარი ქვეყნისა". სწორედ ასეთი გამორჩეული ადამიანი გახლავთ ჩვენი სტუმარი, თბილისის წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანტონი (ბეჟანიშვილი), რომელიც თავის სასულიერო პირად გახდომას "ღვთიური მოწოდებით", "ღვთის განგებულებით" ხსნის.
- მამაო ანტონ, რამ მოახდინა გავლენა თქვენს მიერ ჭეშმარიტი გზის არჩევაზე?
- ბავშვობაში სიმშვიდე მომწონდა, ყოველთვის მინდოდა, მარტო ვყოფილიყავი. ალბათ ღმერთი თავიდანვე მამზადებდა ამ დიდი, მეტად მძიმე და ამასთან საპატიო მსახურებისთვის...
მისი უწმინდესობა ახალი არჩეული იყო კათოლიკოს-პატრიარქად. ღვთის განგებით, საზაფხულო რეზიდენციად აირჩია სოფელი მარტყოფი (საიდანაც ვარ წარმოშობით). ამ რეზიდენციის მეზობლად ცხოვრობდა ჩემი უფროსი და. იქ ხშირად ვიმყოფებოდი და ცნობისწადილით ვუყურებდი, როგორ დასტრიალებდა თავს თბილისიდან ჩამოსული პატრიარქი ახალი რეზიდენციის მშენებლობას. მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. თანდათან იმ აზრზე დავდექი, რომ გავმხდარიყავი სასულიერო პირი. გავიდა წლები. ღვთის განგებით და მოწოდებით ჩავაბარე თბილისის ახალგახსნილ სასულიერო აკადემია-სემინარიაში, რომლის პირველი კურსდამთავრებულიც გავხდი. ასე რომ, ჩემი სასულიერო პირად გახდომა ღვთიური მოწოდება იყო.
- ჭეშმარიტი სარწმუნოების შეცნობის შედეგად როგორ შეიცვალა თქვენი მსოფლმხედველობა, თქვენი დამოკიდებულება გარე სამყაროს, საკუთარი თავის, ადამიანების მიმართ. და, საერთოდ, რა განსხვავებაა ურწმუნოსა და მორწმუნის სულიერ მდგომარეობას შორის?
- საგნებისა და მოვლენებისადმი დამოკიდებულება ბავშვობიდანვე გარკვეული მქონდა. ყველას და ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი. სხვა ადამიანების ცხოვრებისეული თვალსაზრისი კი არ ეთანხმებოდა ჩემს მსოფლმხედველობას, ჩემს ყოველდღიურობას. ჩვენ, ადამიანებს, მორწმუნეთაც და ურწმუნოთაც, ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა სახის ურთიერთობა ერთმანეთთან სიტყვების საშუალებით, გარკვეული ქმედებით თუ უმოქმედობით, ფიქრით. ასევე გვიწევს შეხება გარემომცველ სამყაროსთან: ნივთებთან, ბუნებასთან, ცხოველებთან; მაგრამ მთავარი, ყველა დანარჩენის განმსაზღვრელი, მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში არის ურთიერთობა უზენაესთან - ღმერთთან. ამ ურთიერთობას ეწოდება ლოცვა. ფართო გაგებით, მორწმუნე ადამიანის მთელი ცხოვრება, მისი ყოველი სიტყვა, საქმე თუ ფიქრი არის ლოცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცოდავს ან თავისუფალი ნებით არღვევს კავშირს.
საუბედუროდ, ურწმუნო სულ სხვაგვარად აღიქვამს ყოველივეს. ის, თავისი ამპარტავანი და ურწმუნო ბუნებიდან გამომდინარე, თავის თავს აქცევს კერპად და უპირატესად მას ემსახურება. ასევე ჩაფლულია მომხვეჭელობის კერპის სამსახურში. მას ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე ლოცვაზე ფიქრიც არ შეუძლია. უფალი სახარებაში ბრძანებს: "სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე არის გული თქვენიო".
- და მაინც, არის თუ არა ადამიანი აბსოლუტურად (ბოლომდე) თავისუფალი თავის არჩევანში? შეიძლება თუ არა შეიცვალოს მისი თანდაყოლილი ბუნება და ხასიათი ეკლესიური მადლის ზემოქმედებით?
- ცნობილია, რომ ცოდვით დაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის თავისუფალ ნებას ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა მამათა საღვთისმეტყველო ტრადიცია, კერძოდ, მაქსიმე აღმსარებელი, ნების ორ მხარეს, ორ სახეს არჩევს. ესენია: ბუნებრივი ნება და არჩევითი ნება. ადამს ცოდვით დაცემამდე ბუნებრივი ნება ანუ ნების თავისუფლება გააჩნდა, მაგრამ არ ჰქონდა არჩევანის თავისუფლება. თავისუფლად ყოფნა არ ნიშნავს ნებისმიერი მოაზრებული შესაძლებლობის რეალიზებისთვის მზადყოფნას, არამედ ეს ნიშნავს საკუთარი ბუნების არსის შესაბამის მოქმედებას და არა ყოველგვარი გარეგანი იმპულსის აყოლას, გარეგანი, წარმავალი სტიქიის სათამაშოდ ქცევას. ადამიანს თავისი, გარკვეული ბუნება გააჩნია, რის გამოც მისი თავისუფლება არ არის უბრალო ავტონომიურობა გარეგანი მოქმედებისგან, არამედ იგი არის ღიაობა, მზაობა ყოველივე იმის მისაღებად, რაც მის ჭეშმარიტ ბუნებას შეესაბამება. ადამიანის თავისუფლება არ დაიყვანება მხოლოდ უარყოფით "დამოუკიდებლობაზე". პირიქით, იგი არის უნარი საკუთარი თავის შემოქმედებითი სრულყოფისა. "ნება", როგორც ასეთი, არ არსებობს, არსებობს "მნებებელი" ანუ ის, ვისაც ნებავს. ნება ჩემი ქმედებაა, ამიტომ იგი ცარიელი ფორმა კი არ არის, რომლისთვისაც სულერთია, რით აივსება და რისკენ მიიდრიკება, არამედ იგი არის სრულიად გარკვეული მისწრაფება, მოქმედება, მოვლენა. მორწმუნეს არ სჭირდება იმის გარკვევა, რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე.
ქრისტემ უჩვენა ადამიანს გზა ხსნისა და თავისი მიწიერი ცხოვრებით სიყვარულის მაგალითი მისცა. მან დააარსა ეკლესია, რომელიც მისავე "სხეულად" და "უფლის სძლად" იწოდება, რომლის წიაღშიც ხდება ადამიანის სულიერი ფერისცვალება და რომლის გარეშეც არ არსებობს სულის ცხონება.
- ბრძანეთ, რომ თქვენი სასულიერო პირად გახდომა ღვთის განგებულება იყო. უფალმა დაგაკისრათ ეს მძიმე ჯვარი, მაგრამ უფალივე გაძლევთ ძალას, ღირსეულად ატაროთ იგი. რას მოითხოვს მღვდლობის ხარისხი თქვენგან?
- სასულიერო სემინარიის დამთავრებამდე უწმინდესის კურთხევით და ღვთის განგებულებით მოხდა ჩემი დიაკვნად კურთხევა, რაც მოულოდნელი იყო ჩემთვის. ორი წლის შემდეგ აყვანილ ვიქმენ მღვდლის ხარისხში. მღვდლობის ხარისხი, თავისთავად, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შენ ხომ უამრავ ადამიანზე ზრუნავ, უამრავი ადამიანი შემოგცქერის თვალებში, დიდი თუ პატარა შენგან ელის ამომწურავ პასუხს ყველა შეკითხვაზე. როგორც მოძღვარმა, იცი მათი გასაჭირი და შეძლებისდაგვარად მოძღვრავ მათ. მღვდლის ჯვარი მძიმეც არის და მსუბუქიც, მღვდლობის მადლი კი მეხმარება მძიმე ჯვრის ზიდვაში. მღვდლობა ხომ ერთ-ერთია შვიდ საიდუმლოთაგან და რადგანაც საიდუმლოა, ვფიქრობ, საიდუმლოდ მეხმარება ქრისტიანული სრულყოფილების გზაზე.
- თქვენ მოღვაწეობთ წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესიაში, რომლის აშენებაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით. როგორია თქვენი დამოკიდებულება ხსენებული წმინდანის მიმართ?
- წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელი არ არის ფართოდ ცნობილი ქრისტიანთათვის. ეს შედეგია სამოცდაათწლიანი უღმერთო ცხოვრებისა. მაგრამ აბა გადავხედოთ ჩვენს წარსულს. მარტო ის რად ღირს, რომ წმინდა ანტონ მარტყოფელმა ჩამოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრისა (თიხაზე აღბეჭდილი), რომლის წინაშეც ლოცულობდნენ ჩვენი დიდებული წინაპრები. მარტყოფის წმინდა ანტონ მარტყოფელის მონასტრის დამსახურება დიდია ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური ერთიანობის საქმეში. მოვუსმინოთ, რას წერდა ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი: "წმიდა ანტონ მარტყოფელის მონასტერი იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე უწინ იბადებოდა ქრისტიანული ქვეყნის მტერთა უღლისგან განთავისუფლების აზრი და სადაც, ჩვეულებრივ, აღიმართებოდა ხოლმე უეჭველი გამარჯვების დროშა, რომელიც წმინდა ანტონის სავანეში ინახებოდა..."
უეჭველია, რადგან მე სწორედ ამ წმინდანის სახელს ვატარებ, ჩემით ინება მან, რომ სწორედ აქ, ქალაქის ცენტრში, აგებულიყო მისი სახელობის ეკლესია. სწორედ წმინდა ანტონის დიდი მეოხებით და ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა ამ ტაძრის მშენებლობა და მისივე ლოცვით კეთილად განსრულდა. ვფიქრობ და ეს ასეც არის ალბათ, რომ დღეს თბილისელთა უმეტესობამ უკვე იცის, ვინ იყო და რა ღვაწლი მიუძღვის წმინდა ანტონ მარტყოფელს ჩვენი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში.
- ჩვენი დრო მრავალი პრობლემით გამოირჩევა. რა აწუხებს კონკრეტულად თქვენს მრევლს და რაში ხედავთ გამოსავალს?
- დღეს ეკლესიის ყოველდღიური ყოფა, ეკლესიურობა უფრო დამოკიდებულია მათ სულიერ და მატერიალურ სიდუხჭირეზე. უჭირს ადამიანს დღევანდელი მძიმე ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე. ეკლესია არის ადგილი, სადაც "ტვირთმძიმენი და მაშვრალნი" ჰპოვებენ განსვენებას. მოძღვარი არის პიროვნება, შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის, მრევლს სჯერა მოძღვრის, სწორედ ამით აიხსნება დღეს ჩვენს ტაძრებში მრევლის სიმრავლე. ქართველობა უბრუნდება თავის სულიერ საწყისებს და ეს მხოლოდ დასაწყისია. "კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!"
- დაბოლოს, ტრადიციული შეკითხვა: რას უსურვებთ ჟურნალ "კარიბჭეს"?
- ვუსურვებ, არ მოკლებოდეს მკითხველი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შინაარსიანი გამხდარიყოს მისი ყოველი გვერდი და სულიერად დაეპურებინოს ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი