მაშინ ერთბაშად ბევრი რამის ნიჭი და უნარი მომეცა
ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე:
- მამაჩემი (შემდგომში - მარგვეთის მიტროპოლიტი კონსტანტინე) თავიდანვე მორწმუნე გახლდათ. მეთვალყურეები ჰყავდა მიჩენილი, მაგრამ ყველაფერს დიდი მოთმინებით იტანდა, ყურადღებასაც კი არ აქცევდა მათ. ცხოვრებაში ყოველთვის სახარებისეულ სიბრძნეს ესესხებოდა.
სანამ მღვდელმსახური გახდებოდა, საპატიო თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ უმუშევარი დარჩა. კომუნისტები კარგ სამსახურს სთავაზობდნენ, ოღონდ იმ პირობით, თუ ეკლესიაში სიარულს თავს დაანებებდა, მაგრამ მამა მათ ასეთი პასუხით ისტუმრებდა: "უმჯობესია ღვთის მსახურება, ვიდრე ამა ქვეყნის მთავართაო". სარწმუნოებას, ღვთისმოშიშებას გვინერგავდა. როცა ის ლოცულობდა, შვილებიც ვლოცულობდით. გვიზიდავდა მისი დამოძღვრა, ქადაგება, სწავლება... ამიტომაცაა, რომ ყველანი მორწმუნეები ვართ. ჩემი მომდევნო ძმა - ნიკოლოზი მოძღვარია, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მსახურობს.
მღვდლობა არ მქონია მიზნად დასახული. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდგომ საერო სამსახურს უნდა შევდგომოდი, მაგრამ ამ დროს ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა და მიზნებიც მთლიანად შემეცვალა.
ჩემი ეკლესიაში მოსვლა პატრიარქის დამსახურებაა. კარგად მახსოვს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საქართველოს საკათალიკოსო ტახტზე აღსაყდრების დღე. მახსოვს მისი ნათელი სახით შემობრძანება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. გაოგნებული შევყურებდი და ვფიქრობდი, რომ ის ჭეშმარიტად ზეციური პიროვნება იყო. უწმინდესმა უაღრესად დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე - დავიწყე ეკლესიაში სიარული, მარხვა, ლოცვა... პატრიარქის ყოველ ქადაგებას ვესწრებოდი. თავისი ქადაგებებით ის ყველა ჩემს შეკითხვას პასუხობდა. ამის მერე უფრო მეტად დავუახლოვდი მას.
უწმინდესმა მაკურთხა, მედავითნეობა მესწავლა. მედავითნეობის ჯეროვნად შესწავლას ზოგჯერ მთელ ცხოვრებას ანდომებენ, მე კი საოცრად სწრაფად - თვე-ნახევარში ავითვისე და უკვე დამოუკიდებლად მიმყავდა ღვთისმსახურება. მაშინ ერთბაშად ბევრი რამის ნიჭი და უნარი მომეცა. დიდი რწმენა და შემართება მქონდა, დაუძინებლად ვლოცულობდი. არაფერი მეზარებოდა. 300-400 მეტანიას ვასრულებდი... ახლაც შევნატრი იმ დროს...
მერე ყველაფერი ღვთის წყალობით წარიმართა. სიონის ტაძრის მედავითნეობას მნათედ და საკურთხევლის მეთვალყურედ მსახურებას ვუთავსებდი. შემდგომ უწმინდესმა განაგო, რომ ჩემი დიაკვნად კურთხევა შეიძლებოდა. ძალზე სწრაფად მოხდა ყველაფერი. ჩემი კურთხევა უწმინდესმა მამაჩემს - მიტროპოლიტ კონსტანტინეს დაავალა. დიაკვნად ხაშურში მაკურთხეს, მღვდლად კი იტრიაში დამასხეს ხელი.
მღვდელმსახური 1982 წლის მარიამობას გავხდი. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გამაგზავნეს, რომლის მიტროპოლიტიც დავით ჭკადუა გახლდათ. მიტროპოლიტ დავითთან აფხაზეთის ომის დაწყებამდე ვმსახურობდი, მერე კი სასულიერო პირებმა იძულებით დავტოვეთ იქაურობა.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ერთი წელი სიონის ტაძარში ვიმსახურე. 1994 წლიდან დღემდე კი მეტეხის ტაძარში ვმოღვაწეობ.
* * *
სოხუმში, სამწუხაროდ, ქართველთა შორის იშვიათად შეხვდებოდით მორწმუნეს, კანტიკუნტად დადიოდნენ ეკლესიაში, ბერძენი და რუსი მრევლი კი ტაძარს ავსებდა. ღვთისმსახურება წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ვმადლობდი უფალს, ამ ადგილას ღვთის დიდება დაუბრკოლებლად რომ აღევლინებოდა. სადაც ეკლესია მოქმედებს, მორწმუნეები მრავლად არიან, იქ იგრძნობა ძალა ღვთისა და ზეწოლას აღარ განიცდი, უფრო მხნედ გრძნობ თავს.ქართველები, როგორც მოგახსენეთ, ვერ ხვდებოდნენ, ეკლესიაში რომ უნდა ევლოთ და წირვა-ლოცვებს დასწრებოდნენ, თუმცა ბავშვებს კი ნათლავდნენ, მიცვალებულსაც წესს უგებდნენ... თავს დამტყდარმა უბედურებამ და გაჭირვებამ ბევრს აუხილა თვალი, გამოაფხიზლა და ეკლესიაში მოიყვანა.
ღვთისმსახურებას სლავურად, ბერძნულად და თვით აფხაზურადაც კი ვატარებდით, ოღონდ ხალხი ეკლესიაში მოსულიყო.
იმხანად ტაძრის გარშემო რადიკალურად განწყობილი ადამიანები იკრიბებოდნენ. მართავდნენ მიტინგებს, ეკლესიაში კი არ შემოდიოდნენ. ეკლესია ძველებურად მოქმედებდა - სრულდებოდა ღვთისმსახურება, რომელიც ომის პერიოდშიც არ შეწყვეტილა.
ერთი წელი გაგრძელა ომი. თითქმის ბოლომდე იქ ვიყავი. ქალაქიდანაც იმიტომ გამოვედი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის მშვიდობიანობის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო...
ომის დროს ოჯახი თბილისში მყავდა. ჩემი თბილისში ჩამოსვლა და სოხუმის დაცემა ერთი იყო.
* * *
საკმაოდ მძიმეა მღვდლის მეუღლის ხვედრი. სასურველია, იგი ნამდვილი მორწმუნე იყოს და დიდი გულისხმიერებით ეკიდებოდეს შვილების სარწმუნოებრივად აღზრდის საქმეს. დღეს, როცა ურწმუნოება ასე მოგვეძალა, მას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მართებს. მღვდლის მეუღლე თითქმის არ ჩანს, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია - ის დამხმარე ძალაა მეუღლისა. ჩემმა მეუღლემ შესანიშნავად გაართვა თავი ამ მოვალეობებს. მისი თანადგომის ძალას მუდამ ვგრძნობ.შვილების აღზრდის ძალას მშობლებს ღმერთი აძლევს. მათ კი უნდა იზრუნონ, რომ პატარები ჩვილობიდანვე მიიყვანონ ეკლესიაში, აზიარონ, მორწმუნეებად გაზარდონ. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვდგებოდით სალოცავად. შვილებმაც მოგვბაძეს. არც მარხვის დაცვა დაგვიძალებია, - ესეც თვითონ მოიწადინეს. თავიანთი სურვილით დაადგნენ რწმენის გზას, რადგანაც თავიდანვე ლოცვით იზრდებოდნენ, ღვთისმსახურებას ხშირად ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ...
* * *
მეტეხის ტაძარში დიდი ხანია ვკითხულობ ლოცვას, რომლის სრული სახელწოდებაც გახლავთ: "შერისხვა და განდევნა ბოროტ სულთა კვეთებულსა ზედა".ბოროტი სულით მოცულია თითქმის მთელი კაცობრიობა, ყოველი ადამიანი, თუმცა მეტ-ნაკლებად. ღრმად მორწმუნე ხშირად ეზიარება და გულმოდგინედ აღასრულებს საღვთო სჯულს. ამიტომ მასზე ნაკლებად არის კვეთებულება ანუ ბოროტი სულის ზემოქმედება. მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ვერ საზღვრავს, რისთვის სჭირდება სარწმუნოება, ეკლესია. ზოგიერთი მოდის ეკლესიაში და არც კი იცის, რას მისცემს სარწმუნოება. ასეთს გონება დაბინდული აქვს. შესაძლოა კიდეც უქადაგო, ასწავლო, დამოძღვრო, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგოს. ვინც მოძღვარს დაუჯერა, აღსარება თქვა, გამოერკვა და გონებაც გაუნათდა. ასეთებმა თავიანთი სულიერი მდგომარეობის გაანალიზება იწყეს, იგრძნეს, რა ყოფილა რეალური ცხოვრება.
კვეთებულის ლოცვას სწორედ ის დანიშნულება აქვს, რომ ადამიანს გონება გაუნათოს. ოღონდ ამავდროულად ეკლესიაში უნდა დადიოდეს, აღსარებას ამბობდეს. მაშინ ბოროტ სულთა განდევნა იოლად მოხდება. კვეთებულის ლოცვის მეშვეობით მორწმუნის სულიდან, გულიდან, გონებიდან განიდევნება უხილავი, მაგრამ რეალური არსება - ბოროტი სული, რომელსაც ეშმაკი ჰქვია. ბოროტი სულით მოცული, შეჭირვებული კაცი კი ეშმაკეულად (ეშმაკის გავლენის ქვეშ მყოფად) იწოდება.
ადამიანის სულსა და გულში ჩაბუდებულმა ბოროტმა ძალამ შესაძლოა ფიზიკური დაავადებაც კი გამოიწვიოს. უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ სამედიცინო მკურნალობა ასეთ დროს საკმარისი არ არის, სრული განკურნება მხოლოდ ბოროტი ძალის განდევნით მიიღწევა. აღსარებაც და ზიარებაც სწორედ ამას ემსახურება. მათი მეშვეობით ცოდვებისგან ვთავისუფლდებით, ამ დროს ბოროტიც სუსტდება და გადის. აღსარება და ზიარება ბოროტი ძალის წინააღმდეგ მიმართული მძლავრი იარაღია. უფალმა განგვათავისუფლა იმ საშინელი სატანჯველისაგან, კაცობრიობას რომ ელოდა, შემუსრა ჯოჯოხეთი, დათრგუნა სიკვდილი, აღსდგა მკვდრეთით. რადგან ქრისტეს მადლით, ძალითა და სახელით ნათელვიღეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალნი ვართ და თუკი ქრისტეს შევუდგებით, აღსარების, სინანულის, ზიარების მადლით აღჭურვილნი, უფალი დაგვიცავს და ეშმაკის ტყვეობისგან გაგვათავისუფლებს. თუკი ადამიანი მორწმუნეა, ეკლესიის მკვიდრია, მასზე ვერავითარი ეშმაკისეული ძალა ვერ იმოქმედებს და ვერ დააზიანებს.
* * *
ხშირად ადამიანი მძიმე ცოდვის ჩადენის შემდეგ იმედს კარგავს, მეტისმეტად წუხს. ესეც კვეთებულებაა. ბოროტი შთააგონებს: "შენ ისეთი რამ ჩაიდინე, ღმერთი არ შეგინდობსო". ასე აგდებს სასოწარკვეთილებაში, რაც საშინელი და მძიმე ცოდვაა. სასოწარკვეთილების ცოდვა ღვთის მოწყალების უარყოფაა და თითქმის უტოლდება თვითმკვლელობას. ეს ბოროტის ერთგვარი მეთოდია, ხრიკია, რათა დაიპყროს სული და მარადიულ სატანჯველში ამყოფოს.როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? უნდა მივიდეთ მოძღვართან, ვევედროთ ღმერთს და უფალიც გაგვათავისუფლებს ტანჯვისგან. კაცმა ძალისხმევით უნდა გადაძლიოს უძლურება.
აღსარების შემდგომ ადამიანს მონანიებული ცოდვის მტანჯველი გახსენება შორდება, თუმცა ცოდვილობის შეგნება რჩება. აღსარების მეშვეობით ცოდვა კი მოგვეტევება, მაგრამ მისგან სრულიად როდი ვთავისუფლდებით. უცოდველი ხომ მხოლოდ უფალი ბრძანდება, რომელმაც მიიღო უცოდველი ადამიანური სხეული და განაღმრთო ჩვენი ბუნება. ჩვენ კი სინანულის მეშვეობით უცოდველობის მადლით ვუერთდებით ქრისტეს. უცოდველობის მადლი ქრისტეს დამსახურებაა და არა ჩვენი. ცოდვებს ვინანიებთ, მაგრამ სიმდაბლისთვის გვრჩება შეგნება იმისა, რომ ადამიანური ბუნების უძლურების გამო ცოდვილნი ვართ და ხშირ აღსარებას, სინანულს ვსაჭიროებთ. მოუნანიებელ ცოდვებს ღმერთი მოგვკითხავს. ადამიანი ცოდვისთვის კი არა, სინანულის უქონლობის გამო ისჯება.
* * *
ზოგჯერ კაცი საკუთარ თავს ვერ აპატიებს ხოლმე შეცოდებას. გარკვეულწილად, ესეც თვითნებობაა, ბოროტის ხრიკებია, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომლის შენდობაც უფალს არ ძალუძდეს, თუკი ადამიანს სინანული აქვს. მოძღვარი და აღსარების საიდუმლოც იმისთვის არსებობს, რომ ყველა ცოდვა მოძღვარს გავანდოთ. "მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე" - უფალს ხელეწიფება, თოვლივით განასპეტაკოს ჩვენი სული.არსებობს მეორე უკიდურესობაც - ადამიანი ძალზე იოლად პატიობს საკუთარ თავს. ეს კი მოძღვრის უფლებაა. თუკი ის შეგვინდობს, მოგვეტევება ცათა შინა. თუ არადა, მოძღვარი აღმსარებელს სინანულის კანონს მისცემს, რომლის მიზანიც სულში უფრო მეტი სინანულის აღძვრაა. თუკი მორწმუნე ამ კანონს აღასრულებს, მოძღვარი განხსნის ლოცვას წაუკითხავს, შეუნდობს ცოდვას და ზიარებაზე დაუშვებს.
* * *
თანამედროვე საზოგადოებას უსინანულობა სჭირს. "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა", - ქადაგებდა იოანე ნათლისმცემელი. ეს სიტყვები მუდამ აქტუალური იყო და დღესაც ასეა. ადამიანები ეკლესიას უნდა დაუბრუნდნენ, ჩაუღრმავდნენ თავიანთ სულიერ მდგომარეობას და სულიერი ცხოვრება დაიწყონ. საყოველთაო სინანულია საჭირო. შეუნანებლობის შედეგად ადამიანები მხოლოდ სხეულებრივად არსებობენ, სული კი ჩაკლული აქვთ. ასეთნი ცოცხალი მკვდრები არიან. ეს გახლავთ ყველაფრის თავიც და ბოლოც. ამიტომაც ღვთისგან სწორედ ის დაიშვება, რაც ჩვენს გამოსაფხიზლებლად, მოსაქცევად არის საჭირო. თუკი შევინანებთ, უფალი ალაგმავს იმ დაძაბულობასა და უკეთურებას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ბატონობს და ღვთის განგება დამკვიდრდება.* * *
სამწუხაროდ, ხშირად ჩვენს ცოდვებს ვერ ვხედავთ და სხვებს ვაკრიტიკებთ, - ეს ხომ უფრო იოლია. უფალი კი შეგვაგონებს: "შენს თვალში დვირეს ვერ ამჩნევ, სხვის თვალში კი ბეწვსაც ხედავ. უკეთურო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დვირე და მერე უთხარი მოყვასს: მაცალე, ძმაო, ბეწვი ამოგიღოო".ზოგჯერ კაცი სხვას აბრალებს იმ მანკიერებას, რაც თვითონ სჭირს. ეს არის სწორედ ნიშანი სინანულის, ღვთის შიშის უქონლობისა. ასეთნი შორს დგანან ჭეშმარიტებისგან.
* * *
ღმერთი ახვედრებს და აერთებს მრევლსა და მოძღვარს. ამიტომ უფლება არ გვაქვს, უფლის გამოგზავნილ ადამიანს ხელი ვკრათ.მოძღვარი უფლის წინაშე დგას, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს ხედავს. მას შემოქმედმა სულიერი ჭვრეტის უნარი მიანიჭა და ისიც დიდი სიყვარულით იღებს მრევლს. თუმცა მოძღვარიც ისეთივე ადამიანია, როგორიც ნებისმიერი მრევლის წევრი და მასაც იგივე განცდა აქვს ცოდვებისა. წმინდა ეფრემ ასური წერს: "მომეც მე, უფალო, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". მოძღვარმა ბევრი უნდა იღვაწოს, იშრომოს, ჩაუღრმავდეს თავის ცოდვებს, მოინანიოს ისინი, ხოლო თვალიდან დვირეს რომ ამოიღებს, შეიძენს გამოცდილებას და ამის მერე მიეცემა ხედვა იმისა, თუ როგორ შეეწიოს, დაეხმაროს სულიერ შვილს.
სულიერი მამა ბრალმდებელი არ უნდა იყოს; ის სიმდაბლით, სიყვარულით, სათუთად უნდა მიუდგეს აღმსარებელს, რათა მან თავისი ცოდვის სიმძიმეც იგრძნოს და იმავდროულად დაუბრკოლებლად გაანდოს მოძღვარს.
მოძღვარი ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს სულიერი შვილების ტკივილს. დახელოვნებული მკურნალის დარად უნდა უწამლოს ნებისმიერ ჭრილობას.
მოძღვრობის ხელოვნებას თანდათანობით ვსწავლობ. სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება წლებს მოაქვს. ჩნდება სიბერის თანმხლები უძლურების განცდაც. გადახედავ განვლილ ცხოვრებას, ჩაუფიქრდები შენს შეცდომებს და სინანულიც მეტ ძალას იძენს. უფრო მიმტევებელი ხდები. გეხსნება სულიერი ხედვის უნარი, რომლის წყალობითაც უნდა უხელმძღვანელო სულიერ შვილებს, რათა დროულად შენიშნონ საფრთხე და მცდარ გზას არ დაადგნენ. მოძღვარი მრევლს სამეუფო გზის პოვნაში ეხმარება და სასუფევლისკენ მიუძღვის.
თუკი ადამიანი ცხოვრებას რწმენითა და სიყვარულით აღასრულებს, სიბერეში კეთილ ნაყოფს მოიმკის, უფრო მეტ სიახლოვეს იგრძნობს უფლის სასუფეველთან და დიდი სიხარულით აღივსება. მისთვის გარდაცვალება საშინელება კი არა, დიდი სიხარული და ზეიმია. ყოველი მორწმუნე უნდა ფიქრობდეს, რომ ჩვენი ამქვეყნიური დროებითი არსებობა მზადებაა მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის, რათა განვმართლდეთ და დავმკვიდრდეთ უფლის სასუფეველში, მის ნათელსა და ბრწყინვალებაში.
* * *
თქვენს ჟურნალს ვუსურვებ, ყოფილიყოს სარწმუნოების კარიბჭე და სულ უფრო მეტი მკითხველი შემოეყვანოს და დაემკვიდრებინოს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!