მთავარია, ადამიანმა მოინდომოს საკუთარი თავის, სულის სარკეში დანახვა და გამოსწორებაზე ზრუნვა დაიწყოს
მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი სულიერ მოძღვრებს მიმართავს:
"მწყემსო, მხიარული გულით შეკრიბე ცხოვარნი, მოუწოდე ჩამორჩენილთ, აღმოიყვანე ორმოებში ჩაჩეხილნი, უმკურნალე ავადმყოფთა და დაჭრილთ, შეეწიე დამაშვრალთ. უთხარი, ესაუბრე მათ, აუხსენი, სთხოვე, უწამლე რბილად და ალერსიანად, მოთმინებით და მიეჩვევიან შენს ხმას, გიცნობენ და უშენოდ არ შეუდგებიან გზას... განდგომილთა და ურჩთ ნუ დასჯი წყევლით, არამედ ეცადე, გააგებინო, რომ ელი მათ და მწუხარებ, ხოლო უკუეთუ დაბრუნდებიან - მოექეცი ისე, როგორც ძე შეცდომილის შესახებაა ნათქვამი. ყოველ წვრილმანს ყურადღებით მოეკიდე, თვით ყველაზე უმნიშვნელო კითხვასაც კი ნუ დატოვებ უპასუხოდ. თუკი თავად არ გეცოდინება, უფალს მიმართე და უფალი განგაბრძნობს და შენს ბაგეებს საჭირო სიტყვას აღმოათქმევინებს... აღმსარებლებმა ზოგჯერ არ იციან, რა ითვლება ცოდვად, რადგან ცუდად იცნობენ სჯულს. თავიდან ასწავლეთ ცხოვართ, დაწვრილებით განუმარტეთ, ხოლო თქვენი ცხოვრებით უჩვენეთ მაგალითი. ასწავლეთ ფაქიზად და რბილად, მოთმინებითა და სიმდაბლით, ნუ განრისხდებით და ნუ იქნებით ხმამაღალნი..."ეს სიტყვები ცხადყოფს, რა მძიმეა მოძღვრის ჯვარი და რა დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მას ღვთისა და მრევლის წინაშე. გვესაუბრება სვანეთის უბანში მდებარე წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მალხაზ ყიფიანი.
- მამაო, რამ შეუწყო ხელი ეკლესიაში თქვენს მოსვლას?
- წარმოშობით საჩხერელი ვარ. ეკლესიაში ჩემი მოსვლა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრისა და გორიჯვრის წმინდა სალოცავის მადლია. როგორც უფალი ბრძანებს სახარებაში: "თითოეული ხე თავისი ნაყოფისგან საცნაურ იქმნების, რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში, არცა კუალად ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი". ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანის სასულიერო პირად ხელდასხმა შემთხვევით არ ხდება. თურმე ჩემს დიდ ბებიას სალოცავიდან ფოთოლიც რომ ჩამოჰყოლოდა, მის დასაბრუნებლად უკან 7-8 კილომეტრის ბილიკებით გავლას არ დაზარდებოდა. დიდ ბაბუას ვაზი ისე უყვარდა, მთვარის შუქზე დაჩოქილი ახვევდა, სხლავდა, ფურჩქნიდა. ჩემი მშობლები კი ყოველივე ამას განამტკიცებდნენ ჩემში.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ეკლესიაში მოსვლის, პირველი აღსარებისა და ზიარების შემდეგ?
- ჩემი მოსვლა ეკლესიაში დიდი სულიერი ბრძოლების გადატანის შედეგად მოხდა. ამის მიზეზი არ იყო რაიმე მძიმე ცოდვები ან ისეთი ცხოვრების წესი, რომელთან განშორება მიჭირდა. უბრალოდ, მაკლდა არსებითი და მნიშვნელოვანი რამ - ეკლესიური აზროვნება, სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობა. პირველი აღსარება 22 წლისამ ვთქვი, თუმცა მოწაფეობისასაც ვიცავდი მარხვებს და წირვა-ლოცვებზეც დავდიოდი. აღსარება ცოტა გვიან ვთქვი. ეს იყო 1995 წლის აპრილი, როდესაც უფალმა თავისი საიდუმლო განგებულებით მიმიყვანა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში, სადაც დავრჩი კიდევაც ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ვახტანგ ასათიანის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სასწავლებელში ჩაბარებამდე ამ ტაძარში ვმუშაობდი. მუშებს ტრაპეზს ვუმზადებდი, ვსტიქაროსნობდი და ვმეცადინეობდი. წელიწადზე მეტხანს ტაძრის ტერიტორიიდან გასვლის სურვილიც არ მქონია. ვინც მენატრებოდა და ვისაც ვენატრებოდი, თვითონ მოდიოდა სანახავად. პირველი აღსარებისა და ზიარების შემდეგ ჩემმა სულმა პოვა ის ადგილი, სადაც სიმშვიდე და უზომო სიყვარული სუფევდა.
2000 წელს, III კურსზე ვიყავი, როდესაც სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაშინდელმა რექტორმა, მეუფე აბრაამმა მკითხა: სასულიერო პირი ხომ არ გახდებიო. ამაში ღვთის ნება დავინახე და მალე სიონის საპატრიარქო ტაძარში, მეუფე აბრაამის რეკომენდაციით, ბარბარობის დღესასწაულზე, უწმინდესმა მღვდლად დამასხა ხელი. 2001 წლის ბზობას მეუფე აბრაამმა მაკურთხა სოფელ ჭორვილის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში. ის შინაგანი განცდა, რაც სასულიერო პირად ხელდასხმას სდევს თან, ენით ვერ გამოითქმება. რასაც ამ საიდუმლოების აღსრულების პროცესში განიცდი, შენი ცხოვრებითა და პირადი მაგალითით უნდა განახორციელო.
მღვდლობა არის ღვთისგან დადგენილი მადლმოსილი მსახურება. საეკლესიო კანონიკურ სამართალში წერია, რომ უფლებამოსილება, რომელსაც თავს იდებენ სასულიერო პირები, არ არის ნივთიერი, მატერიალური, ამსოფლიური, არამედ სულიერი, უფალმა განუზომელი ძალა მიანიჭა სასულიერო იერარქიას და ამასთან ერთად, დიდად პასუხისმგებლოც. რადგან ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრიც მოეკითხება. მღვდლის ჯვარი საკმაოდ მძიმეა. ღმერთმა ინებოს, რომ მაცხოვრის წინაშე წარდგომილ სასულიერო პირებს გვეთქვას: "აჰა, უფალო, მე და ეს ცხოვარნი, რომელნიც მომეცი შენ, როგორც მწყემსმან და მე არ დაგიკარგე".
მღვდელმსახურს სჭირდება ზრუნვა როგორც საკუთარი ოჯახის, ასევე მრევლის სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაზე. როდესაც მღვდელს ჰგონია, რომ თავისი სასულიერო ღირსებით ყოველგვარ ქვეყნიურ სიკეთეს იმსახურებს, უჩნდება მისწრაფება მატერიალური კომფორტისადმი, გამდიდრებისადმი, რაც იწვევს სხვა ადამიანების მიმართ თანადგომის გრძნობის გაქრობას, ეს კი საძრახისია. უწმინდესი ხშირად ამბობს ხოლმე, როდესაც სასულიერო პირი საქადაგებლად, მისიონერული მოღვაწეობისთვის მიდის სხვა მხარეში და ხედავს ამ ხალხის ცხოვრების წესს, პირველ რიგში მათ დანა-ჩანგლის ხმარებას ასწავლის და შემდეგ იწყებს ქადაგებას მაღალ ზნეობრივ იდეალებსა და ღირებულებებზე. ჩვენ, მოძღვრები, ჩვენი ქვეყნის მისიონერები ვართ ჩვენივე ხალხისთვის და თუ ხალხი ვერ ხედავს ჩვენში იმას, რასაც ვუქადაგებთ და ვასწავლით, ეს არათუ ეკლესიის გარეთ მყოფთათვის, არამედ ეკლესიურთათვისაც ხშირად დაბრკოლების მიზეზი ხდება.
- თვალშისაცემი და აშკარაა, რომ მრევლი გაიზარდა, ტაძრები ხალხს ვეღარ იტევს, მაგრამ ისიც შესამჩნევია, რომ მაინცდამაინც არ ვცდილობთ სახარებისეული ელემენტების ცხოვრებაში გატარებას. თითქოსდა გვინდა, ქრისტიანობა მოვარგოთ ამსოფლიურ მშფოთვარე სულს, მიწიერი ლოგიკა ბატონობს ჩვენზე.
- რა თქმა უნდა, ადამიანთა გარკვეული ნაწილი, როგორც ქრისტეს დროს, დღესაც მხოლოდ გარეგნული წესების აღსრულებით შემოიფარგლება. მაგრამ დასაწყისში ეს ალბათ დასაშვებია, თუმცა როდესაც ეს ოდენ გარეგნული წეს-ჩვეულებები ყოველდღიური ნორმად იქცევა, უკვე საშიში და დამღუპველია. მთავარია, ადამიანმა მოინდომოს საკუთარი თავის, სულის სარკეში დანახვა და გამოსწორებაზე ზრუნვა დაიწყოს. ჩვენ გვსმენია, რომ კომუნისტების დროს ეკლესიაში უშიშროების წარმომადგენლები დადიოდნენ სასულიერო თუ საერო პირთა სათვალთვალოდ. ამას დიდი როლი უთამაშია შემდგომ მათ რელიგიურ გრძნობებზე, ბევრი მოქცეულა კიდეც და გულწრფელადაც შეუნანებია წარსული.
- უწმინდესი ხშირად აღნიშნავს, რომ ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. "მაღალი სიჩქარეებისა და დაბალი მორალის ეპოქაში" (როს მაკდონალდი) ყოფით საზრუნავებს გადაგებულებს სულისთვის აღარ გვცალია...
- ის მასობრივი საშუალებები და მდარე ღირებულების ტელეპროდუქცია, რაც საყოველთაო თავაშვებულობასა და უზნეობას უქადაგებს ჩვენს ახალგაზრდობას, რასაკვირველია, ქრისტიანულ სულს ართმევს და ზნეობას ურყევს ადამიანს. სამწუხაროდ, ჩვენში არ არის ის "სულიერი ფილტრი", რომელიც შეგვაძლებინებდა ავ-კარგის გარჩევას და ამიტომ ვხვდებით მანკიერებისა და ვნების ტყვეობაში, რაც იწვევს ადამიანში სულიერი ფასეულობის დაკარგვას, დეგრადაციას და ვიწყებთ ხორცსა და ხორციელ მოთხოვნილებებზე ზრუნვას, ვერ ვამჩნევთ აუცილებელს, სულისთვის საჭიროს.
- რას ნიშნავს თქვენი სიტყვა და რჩევა-დარიგება მრევლისთვის? მათზე ზრუნვა რამდენად ეხმარება თქვენს სულიერ განვითარებას?
მამა მალხაზი ოჯახთან ერთად
- ჩვენს ტაძარში ძირითადი ნაწილი მრევლისა სვანეთისუბნელია, რადგან ტაძარიც, როგორც მოგეხსენებათ, ამ უბანშია. დიდი მადლობა ამ უბნის მკვიდრს, ღირსეულ ადამიანს, ბატონ ვახტანგ ნაბახტეველს, რომლის თაოსნობითაც აშენდა ტაძარი. მან უბნის ახალგაზრდობა გააერთიანა და ერთი მიზნისკენ წარმართა. ისინი დღესაც აქტიურად გვიდგანან მხარში. ტაძარი სულ ერთი წელია, რაც იკურთხა, მაგრამ მრევლი მაინც მრავალრიცხოვანია. მანამდე ვმსახურობდი წმინდა ნინოს ეკლესიაში, ცოტა უფრო ადრე - ნაძალადევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. გარკვეული ნაწილი ჩვენი ტაძრის მრევლისა ამ ტაძრებიდანაც გამომყვა, რაც კიდევ უფრო სასიხარულოს ხდის ჩემს სამღვდელო მსახურებას. რაც შეეხება ჩემს რჩევა-დარიგებას, ეს ალბათ თვით მრევლს უნდა ვკითხოთ, მათი პასუხები ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და ყურადსაღები იქნებოდა, როგორც სამღვდელო მსახურების არცთუ ისე დიდი გამოცდილების მქონე პირისთვის.
- მაინც რა მიგაჩნიათ ჩვენი დროის, საზოგადოებისა და მრევლის უმთავრეს პრობლემად და სად არის ხსნის გზა?
- ჩვენი საზოგადოებისა და მრევლის პრობლემა მრავალგვარი და მრავალსახაა. მინდა შევეხო იმ საერთო პრობლემას, რასაც ოჯახური უთანხმოებანი ჰქვია. ის იმ მატერიალური და სულიერი სიღატაკის შედეგია, რომელსაც თანამედროვე ადამიანი განიცდის. სამწუხაროდ, არ გვაქვს ის სიმდაბლე და მოთმინება, რომელიც ამ პრობლემებისგან გაგვათავისუფლებდა. დავკარგეთ შენდობის მადლი. ქედმაღლობა და ამპარტავნება ხშირად მძიმე განსაცდელში გვაგდებს. ძალიან მიკვირს, როდესაც ვისმენ, რომ დედა უშლის ქალიშვილს ეკლესიაში სიარულს ანდა ქმარს აქვს კონფლიქტი ცოლთან იმის გამო, რომ მორწმუნეობა არაა ცივილიზებული. მაინცდამაინც უნდა გადაჯიშდე, სხვას უნდა მიბაძო, უზნეო ხასიათის გადაცემებს უნდა უყურო, ცხვირზე საყურე გეკეთოს, რომ ცივილიზებული გერქვას?! ჩვენ სხვაგან ვეძებთ ავტორიტეტებს, მართლა ღირსეული ავტორიტეტებისა კი არ გვჯერა. ესაა ჩვენი ნაკლი. მხოლოდ ეკლესია განგვსწავლის ჩვენ და გვაჩვენებს იმ გზებს, რომლითაც ადამიანმა უნდა მიაღწიოს მაღალ ზნეობასა და პატიოსნებას.
- მამაო, წმინდა დემეტრე თავდადებულის მაგალითი რას ასწავლის ჩვენს ერს, რისკენ მოუწოდებს ჩვენს ხელისუფალთ?
- წმინდა დემეტრე მეფის თავდადებამ მაშინდელი ქართველები საყოველთაო გადაგვარებას გადაარჩინა. დღესაც, როგორც არასდროს, თითოეულ ქართველს, ხელისუფალი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, წმინდა დემეტრე მეფის ღვაწლი შთაგვაგონებს ეკლესიის და მამულის ერთგულებას.
- საქართველოში დღეს შედარებით ნაკლებად იქმნება ოჯახები. რამდენად ემუქრება ჩვენს ერს დემოგრაფიული კატასტროფა?
- ოჯახი რომ ქვეყნის საიმედო მომავალია, ამაში ყველა დამეთანხმება. მტკიცე ოჯახი ნიშნავს ქრისტიანულ პრინციპებზე აგებულ წყობას, რომელიც, თავის მხრივ, მტკიცე, ჰარმონიული, ჯანსაღი სახელმწიფოებრივი წყობის გარანტიაა. ჩვენს ქვეყანას სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები აქვს და ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.
რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე - თამარ პაპიძე და სამი შვილი: 8 წლის ვახტანგი, 7 წლის დავითი და 4 წლის მარიამი. ჩემი მეუღლე უცხო ენების პედაგოგია. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პედაგოგის შრომა დაფასებულია, 3-შვილიანი ოჯახიც მრავალშვილიან ოჯახთა კატეგორიას განეკუთვნება. ჩვენს ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, ის სამოწყალო ხუთი ლარიც ენანებათ, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახები თითოეულ შვილზე იღებენ. მოკლედ, საყოველთაო გაჭირვება ხელს უშლის ქართული ოჯახების შექმნას.
ოჯახური სიმყუდროვე და სიმშვიდე სასულიერო პირისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან თუ ოჯახში ქაოსი და კონფლიქტია, თუ მისი თითოეული წევრი ამ მტკიცე ინსტიტუტისადმი სათანადო პასუხისმგებლობის გრძნობით არ არის განმსჭვალული, მაშინ ასეთი ოჯახის თავი, მით უმეტეს, თუ ის სასულიერო პირია, ვერც სხვას არგებს. ჩემთვის ოჯახი ნავსაყუდელია, საკმარისია შვილების ხმის გაგონება და ახალი ძალით ვივსები.
- მოზარდებში ბოლო დროს გახშირებული დანაშაულობების შესახებ რას იტყოდით? როგორც ვიცი, თქვენ ერთ-ერთ საპატიმროში დადიხართ. ანუგეშებს პატიმარს მოძღვართან ურთიერთობა?
- მე სისტემატური ურთიერთობა მაქვს ორთაჭალის მეხუთე საპყრობილის მსჯავრდადებულებთან. ვარ ამ საპყრობილესთან არსებული მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და მეტ-ნაკლებად შეხება მაქვს იმ მრავალგვარ პრობლემატურ საკითხთან, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიან შეშფოთებას იწვევს. როგორც გითხაროთ, ძალიან ცუდ როლს თამაშობენ ამ მხრივ ის სატელევიზიო არხები, რომელთა ეკრანებზე ძალადობის და აგრესიის, სექსუალური აღვირახსნილობის თავისუფლებას ქადაგებენ. ერთმა გამიმხილა, ეკლესიასთან და სასულიერო პირებთან შეხება რომ მქონოდა, ასეთ საბედისწერო შეცდომას არ დავუშვებდიო. მეორემ - დაპატიმრებამდე "საპატრიარქოს უწყებანის" და რადიო "ივერიის" არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, ახლა კი მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენიაო... რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად ჩანს, როდესაც ვიღაცას კაცისმკვლელის სახელი ჰქვია, მაგრამ ამ ადამიანთა აღსარებით ვხვდები, რომ ისინი დამნაშავეებად არ დაბადებულან და მათში იგრძნობა ის ღრმა სინანული და გულწრფელი ბრალეულობის განცდა, რაც უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც საპატიმროში მყოფი და შემდგომ იქიდან გამოსული ადამიანები ეკლესიის ერთგული შვილები გამხდარან და მრევლის ღირსეულ წევრებადაც ითვლებიან.
მადლობელი ვარ, რომ მომეცით საშუალება, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მეთქვა ის, რაც შეიძლება აქამდე ბევრისთვის არც მითქვამს. თუ ვინმე სარგებელს ნახავს ჩემი ნათქვამით, მადლობელი ვიქნები ღვთისა.
ღმერთმა გაკურთხოთ, მშვიდობა და კეთილდღეობა ნუ მოგიშალოთ თქვენ და თქვენს მკითხველს.