ხმა ჭყონდიდის ეპარქიიდან
მამა სერაფიმე (დანელია) სალხინოს დადიანების კარის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში მსახურობს. ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. მამა სერაფიმეს მეუფე გიორგის (შალამბერიძის) რჩევით ვეწვიეთ და ჭყონდიდის ეპარქიის დღევანდელობაზე ვესაუბრეთ.
- ეპარქიის აღორძინება 1988 წლიდან დაიწყო. ათეული წლების განმავლობაში დედაეკლესიამდე ხალხის მიყვანა უმძიმესი საქმე იყო. ქედს ვიხრი იმ მამების წინაშე, რომელთა ზურგზეც გადაიარა იმ წლების სიმძიმემ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანის) ღვაწლი, რომელმაც ურთულეს პირობებში შეძლო მარტვილში სულიერი ცხოვრების აღორძინება. მისი ძალისხმევით გადაიხურა მონასტერი, გაუქმდა ამავე ტერიტორიაზე აშენებული რესტორანი და აბანო.
ეპარქიის დღევანდელი დღე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის გიორგის (შალამბერიძის) მოღვაწეობას (1990 წლიდან) უკავშირდება. ამჟამად ეპარქია მარტვილისა და აბაშის რაიონებს მოიცავს. მოქმედებს 17 ეკლესია. მათ შორის აღსანიშნავია მარტვილის საკათედრო ტაძარი, აბაშის, სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დადიანების კარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია სალხინოში, სოფელ ნაჯახაოს მთავარანგელოზის ეკლესია, სადაც უხსოვარი დროიდან შვილიერებისათვის ლოცულობენ (სახალხო დღესასწაული "წაჩხურობა" აღესრულება აღდგომის ხუთშაბათს). ასევე ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია და სხვა.
- რამდენი სასულიერო პირი მსახურობს ჭყონდიდში?
- ეპარქიაში ათი მღვდელმსახურია, რომელთა შორის მინდა მადლიერებით მოვიხსენიო ჩვენი ეპარქიის ერთ-ერთი პირველი მოძღვარი, მარტვილის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გოჩა.
- მამაო, სამონასტრო ცხოვრება თუ არის თქვენთან?
- ეპარქიაში ახლახან გაიხსნა დედათა მონასტერი. აღდგა და გამშვენდა მრავალი ტაძარი. აშენდა ოთხი ეკლესია. ბევრიც გასაკეთებელია. ჩვენ უპირველეს საქმედ სამონასტრო და სასულიერო-საგანმანათლებლო ცხოვრების აღდგენა უნდა ვაქციოთ.
- მამაო, უპრობლემოდ არავინ ცხოვრობს. პრობლემები თუ გაქვთ ეპარქიაში?
- რა თქმა უნდა, გვაქვს, განსაცდელებიც, მაგრამ, მადლობა უფალს, მათი დათმენის გარეშე ხომ არც გამოცდილება გვექნება, არც ცოდვათა მოტევება და არც გვირგვინი.
- როგორ გახდით მოძღვარი?
- დავიბადე მარტვილში, პედაგოგის ოჯახში. აღვიზარდე ათეისტურ გარემოში. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. ასპირანტი ვიყავი, როდესაც, ცხოვრებისეული დაბრკოლებების ჟამს, პირველად წავიკითხე სახარება. ეს სასწაული იყო. იმ ერთი კვირის განმავლობაში, არ მახსოვს, საერთოდ თუ მეძინა ან საკვებს თუ ვიღებდი. მაშინ მე ყველაფერი ერთად განვიცადე: გამუდმებით, მთელი სიცხადით ვგრძნობდი ჩემთან უფლის მყოფობას, მის უსაზღვრო, უპირობო სიყვარულს და საკუთარ ცოდვილობას. ვგრძნობდი იმას, რასაც მამის მკლავებში მოქცეული ძე შეცდომილი განიცდიდა. დიდება უფალს იმ დღეებისთვის. მერე დიდი მარხვის ბოლო დღეები გავატარე მარტვილის მონასტერში, სადაც ჩემი მოძღვარი მონასტრის ტიბიკონით აღასრულებდა ვნების კვირის ლოცვებს და მეტანიებს.
დავტოვე თბილისი, ასპირანტურა და დავუბრუნდი მარტვილს. ერთ წელიწადში, ჩემთვის მოულოდნელად, მაკურთხეს დიაკვნად, მცირე ხანში - მღვდლად.
მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა აღადგინოს, აღამაღლოს და გაამთლიანოს ჩვენი საქართველო, ამინ!