"კარიბჭის" მკითხველს, ვფიქრობთ, შეუყვარდა ჩვენი ჟურნალის რუბრიკა "ერისკაცობიდან - მღვდლობამდე". ეკლესიის მამების ახლოს გაცნობა ალბათ ბევრს დაეხმარება თავის გულის მოძღვრის მოძებნაში. ერისკაცობიდან მღვდლობამდე განვლილი გზის მოთხრობა ამჯერად წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძრის მოძღვარს მღვდელ გიორგის (პაპიაშვილი) ვთხოვეთ.
- მამა გიორგი, თქვენი გვარი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. სადაური პაპიაშვილი ხართ?
- წარმოშობით ქართლიდან ვარ, მაგრამ პაპიაშვილები ხევიდან წამოსულან - პაპია ღუდუშაური სნოდან ქართლში ჩამოსახლებულა და მისგან წამოსულა ჩვენი გვარი. ხაშურის რაიონში, კოდა-ვარდისუბანში სახლობს ძირითადად ეგ შტო.
- ბავშვობა იქ გაატარეთ?
- დავიბადე 1952 წლის 21 იანვარს, წმინდა აბო თბილელის ხსენების დღეს. ჩემამდე ჩემს მშობლებს შვილები ზოგი მკვდარი ებადებოდათ, ზოგიც მალევე კვდებოდა. ურჩევიათ მათთვის, "უცხო" სახლი დაარქვით და შეგრჩებათო. ამის გამო დამარქვეს გივი, სანათესაოში არავინ მყავს ამ სახელის მქონე. მოხისში ვცხოვრობდით. ექვსი წლის ვიყავი, ტაშისკარში რომ გადმოვსახლდით. სკოლაშიც იქ მიმიყვანეს, ექვსი კლასი იქ დავამთავრე. შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ერთი წელი 21-ე სკოლაში ვისწავლე, შემდეგ კი 42-ე მათემატიკური სკოლა დავამთავრე.
- იმ ათეისტურ გარემოში თქვენში რწმენის მარცვალი როდის ჩაისახა?
- მამაჩემს ხშირად დავყავდით ხოლმე სალოცავებში: ტაშისკარში, ფლევში, სადგერის წმინდა გიორგის ტაძარსაც მოვილოცავდით ხოლმე. მივდიოდით ღამისთევით ნათესავებთან ერთად. მანდედან უფრო წამოვიდა ჩემი ეკლესიურობა. ალბათ ბებიისა და პაპის ღვთისნიერობამაც იმოქმედა. მმარხველი კაცი იყო პაპაჩემი ბაგრატი. ერთხელ, მარხვისას, უფროს შვილიშვილს სთხოვა თურმე, წყალი მომიტანეო. ბავშვს ქონიანი ხელები ჰქონია. ეს რომ პაპას დაუნახავს, შეშინებია - ქონი არ შემყვესო და ბავშვისთვის უთქვამს: არ გინდა, შვილო, მე თვითონ მოვიტანო. მეცხვარე კაცი იყო, პატიოსანი. ყაჩაღები რომ გადაუდგებოდნენ, იქით შეაშინებდა ხოლმე. ეტყოდა: წართმევით ვერ წამართმევთ ცხვარს. ისე, რამდენი გინდათ, თქვით, თორემ თქვენი შესაშინებელი ვინ არისო. ბებიას, როგორც ძველ ქართველ ქალებს სჩვეოდათ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი რომ არის ხატებზე გამოსახული, ისე ჰქონდა თავსაფრის შიგნით ხილაბანდი წაკრული. ლოგინშიც კი არ იხსნიდა. კვირაძალი არ გამორჩებოდა, სანთელი არ დაენთო, პირჯვარი არ გადაეწერა და თავისი სიტყვებით არ შევედრებოდა ღმერთს. კომუნისტების პერიოდში მღვდელი არ იყო სოფელში და რა ცოდნაც შემორჩათ წინაპრებისგან, იმას ასრულებდნენ.
- გავყვეთ ისევ თქვენს გზას...
- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1974 წელს დავამთავრე. გამამწესეს მარტყოფში, ღამის სკოლაში. მერე დღის სკოლაშიც მომცა დირექტორმა 36 საათი, ანუ ორი განაკვეთი. ძალზე დატვირთული ვიყავი.
- მაშინ ოჯახი არ გყავდათ?
- როგორ არა. ცოლი 1972 წელს მოვიყვანე და შვილი რომ მეყოლა, სტუდენტი ვიყავი. პირველ წელს მარტყოფში მარტო დავდიოდი, შემდეგ ბინა ვიქირავე და ცოლ-შვილიც წავიყვანე.
- მარტყოფის ღვთაების მონასტერს თუ მოინახულებდით ხოლმე?
- მაშინ იქ მონასტერი არ იყო. მონასტრის ტერიტორია ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნოდა და დასასვენებლად ჰქონდათ მოწყობილი. მარტყოფის ეკლესია კლუბად იყო გადაკეთებული. ჩემი დიასახლისის ქმარი ყოფილა ამის მოთავე. ერთ-ერთი სეანსის დროს "კლუბის" ჭერის ნაწილი ჩამონგრეულა, მარტო ამ კაცს დასცემია და მოუკლავს. შემდეგ კლუბად აღარ გამოუყენებიათ. ეკლესიის კედლებს გარშემო მაღაზიები და სახელოსნოები მიაშენეს. მარტყოფში იყო ტაძარი, სადაც ყველის ქარხანა ჰქონდათ გახსნილი.
- მარტყოფში დიდხანს დაჰყავით?
- სამ წელზე მეტხანს ვიმუშავე. ცოტა ხანს პარალელურად თბილისის 23-ე სკოლაშიც ვასწავლიდი. ხშირად მთხოვდნენ ნიშნის წამატებას. ტყუილად ხომ არ დავწერდი ნიშნებს და ამიტომ ამ პრესტიჟულ სკოლას თავი დავანებე. 1977 წელს წამოვედი მარტყოფიდან და სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, თუმცა ისევ დავუბრუნდი 1981 წელს მარტყოფს და კიდევ სამი წელი ვიმასწავლებლე. 1986 წელს უნივერსიტეტის საღამოს განყოფილებაზე, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე... ამასობაში დადგა 1988 წელი. დავესწარი იპოდრომზე ეროვნული ძალების მიტინგს. გადავწყვიტე, მათ შევერთებოდი. გავიგე, რომ სიონში იკრიბებოდნენ ხოლმე კვირაობით. დავიწყე მეც სიონის ტაძარში სიარული. იქ გავიცანი გოჩა აბულაძე (ახლა - მამა გრიგოლი, ზესტაფონში მოღვაწეობს). ის იყო მოთავე, დავყვებოდით მას. დავდიოდით იმ ეკლესიებში, სადაც კომუნისტებს სხვა რამ ჰქონდათ გახსნილი, გახსოვთ ალბათ: მეტეხის ტაძარში თეატრი იყო, ნაძალადევში, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში - აბანო, ლურჯ მონასტერში - სამედიცინო მუზეუმი, გველები ჰყავდათ საკურთხეველში გამოფენილი; ხოლო ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის საკურთხეველში ხანჯლებით ცეკვავდნენ. ჰოდა, დავდიოდით ამ ტაძრებში, ვლოცულობდით, აქციებს ვმართავდით, მოვითხოვდით მათ ეკლესიისთვის დაბრუნებას.
- კომუნისტები თუ გდევნიდნენ ამის გამო?
- არ ვეპუებოდით. რელიგიის საქმეთა კომიტეტშიც, მინისტრთა საბჭოს შენობაშიც შევდიოდით მოთხოვნებით და იქვე ვიხდიდით პარაკლისებს. ამის გარდა, დავდიოდით სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც გოჩა ქადაგებდა ხოლმე. ჩვენთან ერთად იყვნენ მამა თეოდორე გიგნაძე, მამა ტარიელ ჟღენტი და სხვები. მაშინ ისინი ერისკაცები იყვნენ. 1989 წლის 9 აპრილს მეც მთავრობის სახლის წინ ვიყავი. დაგეგმილი გვქონდა, ორ საათზე ქაშვეთში გოჩას თაოსნობით პარაკლისი გადაგვეხადა მიტინგის მშვიდობიანი დასასრულისთვის, მაგრამ ვინ დაგვაცალა! შემოვიდა რუსის ჯარი. მაშინ მთავრობის სახლის მხარეს ვიდექი. აირია ყველაფერი, ხალხის ტალღამ ისე წამიღო, რომ ახლაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ქაშუეთის ეზოში. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ის გამხეცებული ჯარისკაცები ეკლესიის ეზოში არ თუ ვერ შემოსულან. არადა ეზოს კარი ღია იყო. ვილოცეთ ქაშუეთში და გათენებისას, შედარებით რომ მიწყნარდა სიტუაცია, შინ წავედი. მეორე დღეს გავიგე, რომ მსხვერპლი ყოფილა. მივაკითხე ისევ სიონის ტაძარს. მარცხენა ფრთაში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამწირველოში, ბევრი ხალხი დავინახე. რომელიღაც მოძღვარი ქადაგებდა. რა ვიცოდი, თურმე მამა არჩილი იყო. ქადაგება დიდხანს გაგრძელდა. მაშინ ვთქვი გულში: აი, ვინ უნდა იყოს ჩემი მოძღვარი-მეთქი. მანამდე გოჩა გვეუბნებოდა ხოლმე: მოძღვრები უნდა გყავდეთ, აღსარება უნდა თქვათ, მერე თქვენც მოძღვრები უნდა გახდეთ, თქვენისთანა ხალხი ეკლესიისთვის საჭიროაო. მამა არჩილმა ქადაგება დაასრულა. თქვა, რომ წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში მოღვაწეობდა. ტაძარში ივლისში ავედი. მამა არჩილთან უამრავი ხალხი დამხვდა. ყველა რომ წავიდა, მერეღა შევბედე: მამაო, 9 აპრილის შემდეგ სიონში მოგისმინეთ და გადავწყვიტე, რომ ჩემი მოძღვარი იყოთ-მეთქი. მერე სადა ხარ აქამდეო. ჯერ ვერაფერს გეტყვი, იარე ტაძარში და მერე ვნახოთო. ასე დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება. 1990 წელს სასულიერო აკადემიაშიც ჩავაბარე.
- არ გიჭირდათ ოჯახის გაძღოლა, ორ სასწავლებელში ერთდროულად სწავლა?
- ვმუშაობდი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში, ასე რომ, ჯგუფელებიც კი სარგებლობდნენ ჩემი შემოსავლით.
- მღვდლობის სურვილი როდის დაგებადათ?
- გოჩას შეგონებით მეც ვფიქრობდი მღვდლობას, მაგრამ ვერიდებოდი. ჩემზე იმოქმედა მამაჩემის გარდაცვალებამ. მღვდლებს როგორ არ ვიცნობდი, არც ის გამიჭირდებოდა, მეთხოვა მათთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ თვითონ რომ ილოცებ საკუთარი მამისთვის, დილა იქნება თუ შუაღამე, წირვისას კვეთაში მოიხსენიებ, შეკვეთილ წირვას დააყენებ, ამას რა სჯობს-მეთქი და გადავწყვიტე, თუ შემომთავაზებდნენ მღვდლობას, უარი აღარ მეთქვა. მამა არჩილსაც ასე ვუპასუხე. კარგი, ვთხოვ პატრიარქსო, - მითხრა. გავიდა ერთი წელი. მამა არჩილმა კვლავ მკითხა, რას აპირებო. ვუთხარი, თუ მაკურთხებენ, უარს არ ვიტყვი-მეთქი. ამის შემდეგ სარეკომენდაციო წერილი გამატანა მეუფე იობთან. მეუფემ ბრძანა: ტაშისკარში ტაძარი უნდა ვაკურთხოთ, ჩამობრძანდით, დაესწარით, მერე ვნახოთო. ტაძრის კურთხევის შემდეგ მამა ტარიელს (ჟღენტს) მიმაბარა მოსამზადებლად. ერთი სიტყვით, ურბნისში მაკურთხა იპოდიაკვნად, მეორე დღეს რუისში - დიაკვნად, იმავე წელს, 7 ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, ხაშურის საკათედრო ტაძარში მღვდლად მაკურთხა. ეს იყო 2001 წელს.
- წმინდა ტრაპეზს რომ შემოგატარეს მღვდლად კურთხევისას, რა ინატრეთ ან რას ფიქრობდით?
- კეთილად შემასრულებინე მოვალეობა, რომ ღვთისთვის სათნო იყოს ჩემი მღვდლობა-მეთქი. ვცდილობ და რა გამოდის, არ ვიცი. უფალმა უკეთ უწყის. ერთი კია - ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი რომ ვიყავი, მამა გრიგოლმა (გოჩა აბულაძემ) სხალთაში წამიყვანა. მაშინ იქ მოღვაწეობდა და ჩემი, როგორც ეკონომისტის, დახმარება დასჭირდა. ერთი კვირა დავყავი იქ. ვდგებოდით ყოველდღე დილის 4 საათზე, ვილოცებდით ცისკარს, შემდეგ მამა გრიგოლი სწირავდა. საღამოს მწუხრს ვატარებდით. მთელი დღე დაღლას ვერ ვგრძნობდი. როცა სოფელში ვმსახურობდი, მინდოდა ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ ერში ვერ გამოვიდა. იქნებ ბერობაში გამოვიყვანო. მეუღლესთან შეთანხმებული ვარ, მაგრამ დედაჩემია სოფელში მისახედი და ამის გამო ჯერჯერობით ერში ვარ. მსურს ბერობა, მაგრამ არ გამოვა მშობლის მიტოვება.
- დედაქალაქში როდის დაბრუნდით, ახლა როგორც მღვდელი?
- თბილისში გადმოსვლა ოჯახური პირობების გამო მომიხდა. ვაჟმა ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად ცალკე გავიდა. დარჩნენ ქალები, ცოლი და ქალიშვილი, მარტონი. იმ პერიოდში ავადმყოფობდნენ. ვიფიქრე, როგორ მივატოვო ამ მდგომარეობაში-მეთქი. ვთხოვე მეუფეს და გადმოვედი თბილისში. ოთხი თვე არსად არ ვიყავი გამწესებული. შემდეგ საბურთალოს ძმათა სასაფლაოს წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრად უნდა დავენიშნე. ამ დროს მცხეთაში ჩავედი მაყვლოვანის სამთავროს ტაძრის და მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად. შევევედრე წმინდა ნინოსაც და მამა გაბრიელსაც, შემწეობა ვთხოვე და მოხდა ისე, რომ ბრძანება წმინდა გიორგის ტაძარში ჩემი დანიშვნისა, პატრიარქთან რომ მიდიოდა ხელმოსაწერად, გაუქმდა. დაიწერა ახალი ბრძანება და დავინიშნე ვაჟა-ფშაველაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში. ტაძრის ეზოში წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაა. საგულისხმოა, რომ აქვეა მეორე ტაძარიც, რომელიც წმინდა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის სახელობისაა. ახლა კი ჩემი მშობლიური, თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძრის მღვდელი ვარ.
საუბრისას მამა გიორგის წამოსცდა, რომ ყოველდღე პანაშვიდებს იხდის მიცვალებულთა სულის საოხად. შეეწიოს მას განმართლებულთა ლოცვა და კეთილად წარუმართოს გზა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი