იყავით გულისხმიერნი, კარგი მლოცველნი და მმარხველნი, მაშინვე შეამჩნევს ამას არაეკლესიური საზოგადოება და უამრავი ცოდვილი მოაშურებს ეკლესიას
ჩვენი სტუმარია ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.
მამა გიორგი ასევე გახლავთ საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში პატიმართა რიცხვი გაიზარდა, ამიტომ ამ განყოფილებასთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული პატიმართა ახლობლები აქ ელიან ნუგეშს, დალოცვას... ქვიშის მარცვალივით პატარაა, მაგრამ აუწონელი იმ დედის ცრემლი, რომელსაც ოცი წლის ბიჭი ციხეში ჰყავს. თვითონ შევესწარი, ხმის კანკალით როგორ ელაპარაკებოდა მამა გიორგის, რომელიც ლმობიერი მზერით, თბილი ხმით ანუგეშებდა, ლოცავდა სასომიხდილ ქალს. სხვათა შორის, სულხან-საბას მიხედვით, იმედი - გულის დადებას, მინდობას ნიშნავს. მოძღვრის მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი ხომ სწორედ რწმენისა და იმედის გაღვიძებაა. - მამაო, თქვენს ჩამოყალიბებაში რა როლი შეასრულეს მშობლებმა, გარემომ, წიგნებმა?..
- ჩემს თაობას, ბუნებრივია, სკოლაში ღმერთზე არავინ გვესაუბრებოდა. მაგრამ სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ამის ბედნიერება ჩემს ოჯახში ნამდვილად მქონდა. მამაჩემი, ღვთისო თევდორაშვილი, ნაკითხი და განსწავლული პიროვნება გახლავთ. თითქმის ზეპირად იცის "ვეფხისტყაოსანი". ხშირად გვიკითხავდა, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს სულიერ ჩამოყალიბებაზე. ვფიქრობ, ეს დიდებული პოემა მეორე წმინდა წერილია ქართველებისთვის. მისი კითხვა მომავალმა თაობამ პატარაობიდანვე უნდა დაიწყოს. წმინდა წერილის შემდეგ იგი უნდა იყოს ჩვენი განათლების წყარო.
ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, რომ შვილები მიაჩვიონ წიგნთან ურთიერთობას, სხვაგვარად ბავშვი აზროვნებას ვერ ისწავლის.
- თქვენი სიყმაწვილე დაემთხვა ისეთ მწვავე მოვლენებს, როგორიცაა საბჭოთა კავშირის ნგრევა, 9 აპრილი, სამოქალაქო, შემდეგ აფხაზეთის ომები... არ შეიძლებოდა ამას კვალი არ დაეჩნია თქვენს სულზე... თანაც ამ პერიოდში დაიწყო საეკლესიო ცხოვრების გამოღვიძება-გაძლიერება...
- 18 წლისას ურალში მიკრეს თავი საბჭოთა მამულიშვილური ვალის მოსახდელად. ასე რომ, მღვდლობამდე ტანკისტი ვიყავი - "დიდი სერგო ორჯონიკიძის" სახელობის სატანკო დივიზიაში ვმსახურობდი. 9 აპრილს ქართველ ჯარისკაცებს გვითხრეს, უბრალო შეტაკება მოხდა, მსხვერპლი არ ყოფილაო. მოგვიანებით ოჯახებმა შეგვატყობინეს, რაც მოხდა. ვაპირებდით გაფიცვას, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა.
საბჭოთა არმიაში მსახურებისას ერთი სასიამოვნო შემთხვევა მოხდა. დილის ვარჯიშზე ჯარისკაცები წელს ზევით შიშვლები გამოვდიოდით. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ მაჰმადიან ჯარისკაცებს გულზე ეკიდათ ნახევარმთვარე, ტყავის შავი სამკუთხედები. ისინი ამ გამოსახულებებს დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ. პირველად დავფიქრდი და ვკითხე საკუთარ თავს: რატომ მე (ქართველი ქრისტიანი) არ ვატარებ ჯვარს ისეთივე სიამაყით და კრძალულებით, როგორც ის მუსლიმანი ჯარისკაცები-მეთქი. სასწრაფოდ შევიძინე საკმაოდ დიდი ზომის ჯვარი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ჩვენს ოფიცრებს. ბატალიონის უფროსმა ირონიული ღიმილით მკითხა, - რაო, ამხანაგო თევდორაშვილო, დიდი ქრისტიანი ხარ? ამაყად ვუპასუხე: - დიახ, ამხანაგო მაიორო-მეთქი. ატყდა სიცილი... თუმცა არ ვნანობ, რომ ასე ვაღიარე ჩემი სარწმუნოება საბჭოთა არმიის რიგებში, რომლის დაშლაც ის-ის იყო იწყებოდა.
არმიიდან დაბრუნებულს ქვეყანა შეცვლილი დამხვდა. განსაკუთრებით მრავალპარტიულობამ ამირია თავგზა. ახლაც ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ამდენი უმაქნისი პარტია. სწორედ ამ არეულ-დარეულობამ იქონია ჩემზე დიდი ზეგავლენა და მივაშურე ჩემი რაიონის მთავარანგელოზის ეკლესიას. ძალიან ბევრი კითხვა მაწუხებდა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით. სახარების კითხვა დავიწყე. რაც მეტს ვკითხულობდი, მეტი წუხილი და დარდი მიჩნდებოდა. ერთმა პატიოსანმა მოძღვარმა მირჩია: - წადი, შვილო, ისწავლე სემინარიაში, მოძღვარი გახდი და ბევრ კითხვაზე მიიღებ პასუხსო. მოძღვრის რჩევა უფლის ნებად მივიღე და მაშინვე მივაშურე თბილისის სასულიერო სემინარიას. ამ დიდებულ სასწავლებელში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, პედაგოგი თუ სტუდენტი. მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო გიორგი ზვიადაძე (ამჟამად სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი, დეკანოზი). მან დიდი როლი ითამაშა ჩემს სულიერ ჩამოყალიბებასა და განსწავლაში. იგი თავადაც დაუღალავად შრომობდა და მეც მაძლევდა სათანადო დარიგებებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ჩემი სულიერი მოძღვარი გახლდათ თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი. შეიძლება ითქვას, ამ დიდებული მოძღვრის ქადაგებით გავიზარდე, მისგან ახლაც ბევრის სწავლა შეიძლება.
როგორც კი დავიწყე ფიქრი სასულიერო პირობაზე, მოსვენებაც დავკარგე, დამეწყო ბრძოლები. ვხვდებოდი, რომ რაღაც დიდ საქმეს ვეჭიდებოდი, რომელიც ჩემს ძალას აღემატებოდა. როდესაც ჩემი სურვილი მამა გიორგი ზვიადაძეს გავუმხილე, მომიწონა და მირჩია, უფრო მეტი მემუშავა საკუთარ თავზე, რასაც დღესაც გულმოდგინედ ვასრულებ და ასევე ვურჩევ ყველას, ვინც ფიქრობს მღვდლობაზე: სანამ სასულიერო პირები გახდებიან, მანამდე საფუძვლიანად უნდა გაეცნონ "სამოძღვრო ღვთისმეტყველებას" - რას ნიშნავს ცნება მოძღვრობისა. მოძღვარი უნდა იყოს ყოველმხრივ განათლებული ადამიანი, ღრმად ჰქონდეს შემეცნებული ქრისტეს მოძღვრება და კარგად ჰქონდეს შესწავლილი ფსიქოლოგია, რათა ყოველი ადამიანის განათლება, დარიგება და სულიერ ცხოვრებაში ჭეშმარიტ გზაზე დაყენება შეძლოს.
განათლება და ცოდნა პირველი განძია, რაც მოძღვარს ქადაგებაში ეხმარება. განათლება დაუღალავი მეცადინეობის ნაყოფია. ზარმაცი ქრისტიანი ვერაფერს მიაღწევს. ბუნებრივია, ვერც მოძღვარი. ასეთ მოძღვრებს კი უფალი შეაგონებს წინასწარმეტყველის პირით: "რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღვდლობდე ჩემდამო, ვინაითგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი" (ოსია 4,6). ამ მკაცრ განაჩენთან ერთად მინდა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები გაგახსენოთ: "რომელთაც არ იციან, რა უნდა თქვან, და არც ის, რა უნდა გაკეთდეს, უკეთესია ისწავლონ, ვიდრე უცოდინარნი სხვას ასწავლიდნენ". აუცილებელია შემდეგი გარემოების გათვალისწინებაც. განათლებას, რომელსაც ჩვენ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში დავეუფლეთ, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს; იგი ბოროტების, სიკეთისა და საერთოდ სამყაროს შესახებ ადამიანის წარმოდგენებს აფართოებს. მასში იმალება აგრეთვე საშიშროება რეალური ცოდნის განყენებულით შეცვლისა. ეკლესიის ჭეშმარიტებათა განყენებული ცოდნით ბევრმა გადაღობა შესასვლელი ცათა სასუფევლისა და სხვებსაც შეუშალა ხელი მასში შესვლაში. ვეზიარებით რა მოძღვარნი (ბუნებრივია, მომავალი მოძღვარნიც) უღრმეს ჭეშმარიტებებს, ისინი არა მხოლოდ გონებით, გულითაც უნდა შევითვისოთ. წმინდა წერილი გვასწავლის: "შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (ფს. 1,2). წმინდა წერილის კითხვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, - ამბობს ერთი საეკლესიო მამა, - რამდენ რამეს შეიცავს იგი. ადამიანის სულის ცხოვრების რამდენ კანონს ხსნის. ადამიანს, რომელსაც სულიერი განახლება სურს, აქედან რამდენი მითითების ამოკრეფა შეუძლია იმისთვის, რომ ბოროტიდან კეთილად გარდაიქმნეს. უცოდინარი მოძღვარი მაგონებს უსათხევლო მესათხევლეს, რომელსაც ცარიელი ხელებით უწევს თევზის ჭერა, რაც, ბუნებრივია, სავალალო შედეგით დასრულდება.
- ალბათ ღმერთი სამღვდელო მოღვაწეობისთვის თავიდანვე ამზადებს ადამიანს...
- იყვნენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მოძღვრად გახდომაზე ოცნებობდნენ, მაგრამ ამაოდ. და არიან ადამიანები, ვისაც არც კი დასიზმრებია მღვდლობის საიდუმლოში მონაწილეობა და დღეს დიდი მამები არიან. ეს უფრო მისტიკური მოვლენაა. თქვენთვის საეკლესიო სამართლიდან ცნობილია, რომ სასულიერო წოდების კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ხელს შეუშლის სამღვდელო მოვალეობათა შესრულებისას. იგი უნდა იყოს ჯანსაღი სულიერად და გონებრივად. სამღვდელო კანდიდატს ხელდასხმამდე უნდა ჰქონდეს "გარეშეთა შორის" კეთილი სახელი, რათა შეძლოს დამოძღვროს ერი და იყოს მისთვის სანიმუშო. ასეთი მდგომარეობა კი მართლაც საჭიროებს სათანადო მომზადებას, რაც, ვფიქრობ, გარკვეულ პერიოდში ჩვენდა უნებურადაც შეიძლება მომხდარიყო.
- სად და როდის შედგა თქვენი კურთხევა?
- ყველა სასულიერო პირის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა - მღვდლობამდე და მღვდლად კურთხევის შემდეგ. ჩემი სამღვდელო დიაკვნად და შემდეგ მღვდლად ხელდამსხმელი გახლავთ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი. მაშინ მეუფე აბრაამი გახლდათ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი და ამასთანავე საგარეჯოსა და გურჯაანის მთავარეპისკოპოსი. მღვდლად სიონის საკათედრო ტაძარში დამასხეს ხელი. იმ განცდების გადმოცემა ძალიან ძნელია. სამღვდელო დიაკვნად კურთხევიდან მღვდლად კურთხევამდე სულ რაღაც სამი თვის შუალედი იყო (1998 წლის 8 თებერვალი - 1998 წლის 24 მაისი), მაგრამ ჩემში საოცარი ფერისცვალება მოხდა, რა თქმა უნდა, ამპარტავნული - როდესაც მაკურთხებდნენ სამღვდელო დიაკვნად, უმანკო კრავის გამომეტყველება მქონდა (ეს მაშინ გადაღებულ ვიდეოფირზე მკაფიოდ ჩანს). ახლაც მიჭირს გახსენება, თუ რა შეიცვალა იმ სამი თვის განმავლობაში, რომ მღვდლად კურთხევის დროს უკვე ღმერთშემოსილ მამასავით გამოვიყურებოდი. მაშინ მივხვდი პირველად, რა ახლოს არის ადამიანთან ამპარტავნება. მას შემდეგ ხშირად ჩამესმის ჩემი მოძღვრის შეგონება - "გიორგი, იცოდე, შენი პირველი მტერი ამპარტავნებაა".
სამღვდელო მოღვაწეობა სოფ. კარდენახის წმინდა საბა განწმენდილის ტაძრის წინამძღვრობით დავიწყე. შემდეგ ვიყავი გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის მღვდელმსახური. ამჟამად ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი გახლავართ და უფალს ვევედრები, დიდხანს ინებოს ამ ტაძარში ჩემი მსახურება.
- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე, რა ღირსებებით გამოარჩიეთ იგი და რას ნიშნავს მღვდლის ცხოვრებაში მშვიდი, ბედნიერი ოჯახი?
- ჩემი მეუღლე ია მაწელაშვილი #2 სამშობიაროს უმცროსი ექიმი-გინეკოლოგია. მისი გაცნობა, ვფიქრობ, უფლის განსაკუთრებული წყალობა იყო ჩემთვის. პირველად სიონის საკათედრო ტაძარში შევხვდით ერთმანეთს. იმდენად მომხიბლა ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რომ გაცნობისთანავე ვაჩუქე "ახალი აღთქმა" და დაჟინებით ვთხოვე, წაეკითხა პავლე მოციქულის ეპისტოლედან (კორინთელთა მიმართ) მე-13 თავი, ეგრეთ წოდებული სიყვარულის ჰიმნი, რაზეც ავაგეთ ჩვენი მომავალი ურთიერთობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სულიერად მართლაც "მოვინადირე" ჩემი მეუღლე და მამა არჩილ მინდიაშვილს მივგვარე მრევლში. ჩვენი ჯვრისწერაც მან აღასრულა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძარში. ჯერჯერობით ოთხი ანგელოზი გვყავს - თეკლა, საბა, კესარია და ნინო.
როგორი დაღლილიც არ უნდა მივიდე შინ, შვილებისთვის ყოველთვის ვპოულობ დროს. ერთად ვკითხულობთ, ერთად ვხატავთ და, რაც მთავარია, ერთად ვლოცულობთ. ყველა მშობელი გულმოდგინედ უნდა ზრუნავდეს შვილებზე, მაგრამ მოძღვარი - განსაკუთრებით. მისი შვილები ყველგან სანიმუშონი უნდა იყვნენ. თქვენ ხედავთ, რომ თითქმის ყველა მოძღვარი მრავალშვილიანია. ეს დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ქადაგებაა. ჩვენს ერს ხომ პირველ რიგში გამრავლება სჭირდება. იასთვის, როდესაც მეოთხე ბავშვი გააჩინა, ექიმს უკითხავს: "მღვდლის მეუღლე ხომ არ ბრძანდებითო". როგორ მიხვდითო, - გაოცებულა. ახლა, შვილო, მრავალშვილიანები მხოლოდ მღვდლები და თათრები არიანო, - სევდიანად უთქვამს ექიმს. ღირს ამაზე დაფიქრება, ჩემო ქრისტიანებო. უკვე აღარც მალავენ ჩვენი "მოკეთენი" - ორმოცდაათ წელიწადში ქართველები საქართველოში უმცირესობა იქნებითო. ვიქნებით და ჩვენს თავს დავაბრალოთ. ყველა ხედავთ, როგორ გახშირდა ქალბატონებში ონკოლოგიური დაავადებანი. დიდი მიხვედრა არ უნდა, თუ რა იწვევს ამ სნეულებებს. ქალებს ეზარებათ შვილების გაჩენა. საკუთარ სხეულზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე ბავშვთა შობადობაზე. ეთიოპიის სვინაქსარში წერია თურმე, "დადგება დრო, დედებს შვილებისთვის ძუძუს წოვება დაეზარებათო. ძუძუს წოვება კი არა, დედებს დედობა ეზარებათ უკვე.
- რამდენად დიდი საფარველია ბავშვებისთვის კეთილზნეობრივი მშობლები და რამდენად მოძღვრავს (ხილულად თუ უხილავად) ბავშვების სულს მშობლების კეთილი მაგალითი?
- მშობლები ხშირად ახსენებენ შვილებს მეხუთე მცნებას, რომ პატივს უნდა მიაგებდნენ დედ-მამას, მაგრამ მათ ავიწყდებათ პავლე მოციქულის შეგონება მშობლების მიმართ: "მშობლებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს". რადგან მშობელი ხარ, ნუ გგონია, რომ ყოველთვის მართალი ხარ შვილების მიმართ. ხშირად ისე ვტკენთ შვილებს გულს დაუფიქრებელი საუბრით ან საქციელით, რომ მათ ეს მთელი სიცოცხლე იარად ამჩნევიათ სულზე. ბავშვი ხომ სუფთა დაფაა, რასაც გამოვსახავთ მასზე, ის ჩაიწერება მის ცნობიერებაში და მას ვეღარასოდეს ვერავინ ამოშლის, ამიტომ გვაფრთხილებს მოციქული. როგორც ჩანს, ამის მაგალითი მრავლად ყოფილა პირველ საუკუნეში და თუ მაშინ იყო, როგორ ფიქრობთ, თანამედროვე საზოგადოებაში აღარ იქნება? ხშირად მშობლების გაუთავებელი კამათის გამო გაღიზიანებული შვილები ცდილობენ, ქუჩას შეაფარონ თავი, გვიანობამდე შინ შესვლაც აღარ უნდათ და გაღიზიანებულები რა ღონეს აღარ მიმართავენ, რომ როგორმე თავი ინუგეშონ. მათი ნუგეშისცემა კი, ეკლესიის გარდა, არავის შეუძლია. ხშირად, როდესაც მშობელი სინანულით აცხადებს, პრობლემები მაქვს შვილებთანო, უნდა ახსოვდეს, რომ მთავარი დამნაშავე თავადაა და ვერ ხვდება, როდის რა შეცდომა დაუშვა შვილების აღზრდაში. ვფიქრობ, ხშირად უნდა ვიფიქროთ ამ საკითხებზე.
- რა როლს თამაშობს ეკლესია მრევლის ცხოვრებაში?
- მრევლია მთავარი საზრუნავი და საფიქრალი მოძღვრისა. როგორიც არის მოძღვარი, ისეთივეა მრევლიც. სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანი საკმაოდ დაგვიანებით მოდის საზოგადო მსახურებაზე და ნაადრევად ტოვებს წირვას, თითქოს სადღაც მიეჩქარებაო. ყველა საკუთარ პრობლემებზე ფიქრობს. ხშირად მრევლის წევრები ერთმანეთს არ იცნობენ, განიკითხავენ ერთურთს. ამ პრობლემებს ჩვენ, მოძღვრები, უნდა ვაწესრიგებდეთ. მოძღვარმა სიყვარულითა და სითბოთი უნდა შეკრას მრევლის წევრები, წირვის შემდეგ დატოვოს, ესაუბროს მათ. გამოკითხოს ოჯახური მდგომარეობა და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში. მოძღვარი ისეთი მტკიცე დუღაბით უნდა კრავდეს ქრისტიანებს, რომ ისინი ვერ ძლებდნენ ერთმანეთისა და მოძღვრის გარეშე. ამას კი სულიწმინდის მადლის მოხვეჭა სჭირდება მცნებების აღსრულებით. როდესაც ვფიქრობ ცოდვილების ეკლესიაში მოყვანაზე, ყოველთვის მახსენდება წმინდა სერაფიმ საროველის სიტყვები: "საკმარისია ერთმა ადამიანმა მოიპოვოს სულიწმინდის მადლი, რომ მის გარშემო ათასები ცხონდებიან". რა ძვირფასი სიტყვებია! ტყუილად ნუ წუწუნებთ სხვის უღმერთობაზე, რომ თითქოს არ ესმით თქვენი და ვერ მოგყავთ ახლობლები ეკლესიაში. ასე იმიტომ ხდება, რომ არ სჯერათ თქვენი. თქვენი ქადაგება და ქმედება არ შეესაბამება ერთმანეთს და ამიტომაც არ ახდენს თქვენი სიტყვა ზეგავლენას. აბა, იყავით გულისხმიერნი, კარგი მლოცველნი და მმარხველნი, მაშინვე შეამჩნევს ამას არაეკლესიური საზოგადოება და უამრავი ცოდვილი მოაშურებს ეკლესიას. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ "თქვენ ხართ ნათელი სოფლისა და არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, რათა ნათობდეს ყოველსა ზედა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა".
- როგორი უნდა იყოს მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა?
- უშუალო, თბილი, მეგობრული. მაცხოვარი ხომ გარკვევით ბრძანებს: "ისწავლეთ ჩემგან", "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". მაცხოვრისგან უნდა ვისწავლოთ სიმშვიდე, სიმდაბლე, სიყვარული. მან ხომ მოციქულებს მეგობრები უწოდა და სიმდაბლით ფეხები დაბანა. ამაზე მეტი მაგალითი რაღა შეიძლება იყოს?! "მე ვარ მწყემსი კეთილი", - ბრძანებს იგი. ყველაზე წინ მოძღვრის ქმედებაში უფალი სიკეთეს წარმოაჩენს. შეიძლება მოძღვარი იყოს განათლებული, კარგი მქადაგებელი, მლოცველი, მაგრამ არ იყოს კეთილი, არ ესმოდეს სიკეთის არსი. არადა მაცხოვარი მოძღვრისგან, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს, რომ იგი იყოს სიკეთის ნიმუში, რაც მრევლისთვის სამაგალითო და მისაბაძი იქნება. მოძღვარმა უნდა იცოდეს მრევლის ჭირიცა და ლხინიც. "მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ" - აი, მოძღვრის მოღვაწეობის დევიზი. თუ არ ვიქნებით მრევლთან ახლოს, როგორ გავიგოთ, ვის უჭირს და ვის ულხინს? შესანიშნავად ბრძანებდა ნოდარ დუმბაძე: "სული იმდენად მძიმეა, რომ ერთ ადამიანს უჭირს მისი ტარებაო". მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა სწორედ ამ ტვირთის შემსუბუქებაა და არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ მრევლიც ეხმარება მოძღვარს ხორციელი ტვირთის შემსუბუქებაში.
- 2005 წლიდან, უწმინდესის კურთხევით, საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობთ. რამდენად მნიშვნელოვანია ამ განყოფილების ფუნქციონირება?
- ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით
18 000-ზე მეტი პატიმარია. ვინ რატომ ჩავარდა ამ მდგომარეობაში, ამის განსჯა ჩვენ არ გვეხება. ჩვენი მოვალეობაა პატიმართა მონახულება, მათი დალოცვა, აღსარება და ზიარება. ყველა საპყრობილეში შედიან დადგენილი მოძღვრები. ასევე ეპარქიიდან ჩამოდიან ეპისკოპოსები და მღვდლები, რათა ანუგეშონ პატიმრები. მაცხოვარი ხომ ბრძანებს: "საპყრობილეში ვიყავი და არ მომინახულეთო". მოიკითხეთ პატიმრები, ილოცეთ მათთვის. შეიძლება ხვალ თქვენ აღმოჩნდეთ მათ ადგილას, არავინ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ პატიმართა 60% საპყრობილეში გახდა მორწმუნე. მრავალი მათგანი სიამაყით აღიარებს, რომ ციხეში ყოფნა მისთვის უფლის პოვნის დასაბამად იქცა. უფალთან ურთიერთობამ კი მათ რწმენა, იმედი და სიყვარული გაუღვიძა.
- რას უსურვებთ ჩვენს ჟურნალს?
- დავლოცავ თქვენს ჟურნალს. "კარიბჭის" დახმარებით მრავალმა მოძღვარმა და მრევლმა გაიცნეს ერთმანეთი. ხანდახან ხუმრობით "თანამედროვე პატროლოგიასაც" ვუწოდებთ "კარიბჭეს", რადგან თქვენს გამოცემებში თანამედროვე მოძღვრების ქადაგებებსა და დიალოგებს ვეცნობით.
გთხოვთ, მეტი იშრომოთ, რადგან მკითხველი ბევრს მოითხოვს თქვენგან!