ვაზისუბნის ცხრათა ყრმათა კოლაელთა სახელობის ეკლესია ბავშვებით არის სავსე. შეხვალ თუ არა, უმალვე მაცხოვრის სიტყვები გაგიელვებს: "ნუ უშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათთანებისაა ცათა სასუფეველი" (მათე 19:14).
სწორედ ბავშვები არიან ამ ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორები და მონაწილეები.
1994 წელს ბავშვებმა თხოვნით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს, ვაზისუბანში ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ეკლესიის აშენების კურთხევა მიეცა. 1994 წლის 3 აგვისტოს ისან-სამგორის გამგეობამ ასეთი წერილი მიიღო: "კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დალოცვილია ეკლესიის მშენებლობა, გთხოვთ დაეხმაროთ ტერიტორიის გამოყოფაში".
1995 წლის 26 ივნისს მოხდა ადგილის კურთხევა და გაიჭრა საძირკველი. დაწესდა ყოველ ოთხშაბათს პარაკლისის გადახდა, რომელსაც მამა მიქაელ შაიშმელაშვილი აღავლენდა, დაიწერა პირველი ხატი მამა ალექსანდრე ჩახვაშვილის მიერ, დაიდგა ჯვარი და სასანთლე.
მიუხედავად დიდი სურვილისა, ტაძრის მშენებლობა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, 1999 წელს განახლდა. მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანეს ისან-სამგორის რაიონის მაშინდელმა გამგებელმა თეიმურაზ ქურხულმა, ამავე რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ყარყარაშვილმა, ხუროთმოძღვარმა რევაზ ჯანაშიამ, მე-40, 163-ე, 92-ე, 172-ე სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა და ვაზისუბნის მოსახლეობამ.
2001 წლის 25 ოქტომბერს ტაძარი მოინახულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მოიწონა და დალოცა, 28 ოქტომბერს კი იგი სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრია გვაზავამ აკურთხა. მანვე აღავლინა საზეიმო წირვა.
დეკანოზ გურამ გურამიშვილს ამ ტაძრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ცხრა ყრმა კოლაელთაგან ერთ-ერთს გურამი (გუარამი) რქმევია. მამა გურამს, იმხანად ჯერ კიდევ დიაკვანს, ყრმა წმინდანების სახელობის ტაძრის მშენებლობის ამბავი რომ გაუგია, უფიქრია, ნეტავ ინებოს უფალმა და ჩემს მფარველთან მამსახუროსო. მართლაც, მღვდლად კურთხევის მეორე დღეს პატრიარქმა ამ ტაძარში განაწესა.
- ვიცი, მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდეთ. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თქვენს მშობლებს ტრადიციების, სარწმუნოების მიმართ?
- შვიდი დედმამიშვილი ვართ - ხუთი ძმა და ორი და. ჩემი ოჯახი ეკლესიური ცხოვრებით არ გამოირჩეოდა, თუმცა საეკლესიო დღესასწაულებზე ყოველთვის მივდიოდით ეკლესიაში, სანთლებს ვანთებდით, საკლავს ვწირავდით... დედაჩემი მთიული ქალია, გვარად მიდელაშვილი, ამიტომ ლომისის წმინდა გიორგის სალოცავში დავდიოდით. არ მახსოვს, ლომისობა გაგვეცდინოს. ვფიქრობ, ეს არ ყოფილა შემთხვევითი - ყველა ქართველში ხომ ლამის გენეტიკურად დევს მართლმადიდებლობის, უფლისა და ეკლესიის სიყვარული. მახსოვს, დედაჩემი იტყოდა ხოლმე: ხუთი ვაჟი მყავს და იქნებ ერთ-ერთი მაინც გამოირჩიოს უფალმა და თავისთან ამსახუროსო. ჩემს ძმებშიც იყო ღვთის სიყვარული, მაგრამ ეკლესიური ცხოვრებისგან შორს იდგნენ. იმხანად ჩემი უფროსი ძმა ავღანეთში მსახურობდა, ამიტომ ჩემი ოჯახის წევრები განსაკუთრებით ლოცულობდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ, ჩემი ძმა მშვიდობით დაბრუნებულიყო შინ. მართლაც, უფალმა მოგვხედა.
- თქვენ როგორ მოხვედით ეკლესიაში?
- სკოლა რომ დავამთავრე, ჩემი დის თხოვნით, უნივერსიტეტში ჩაბარება განვიზრახე, მაგრამ უცხო ენაში დაბალი ქულები მივიღე და ვერ ჩავირიცხე.
გამოცდიდან დაღონებული, გაწბილებული წამოვედი. შინ მისვლას არ ვჩქარობდი - რა უნდა მეხარებინა ოჯახისთვის?! ქუჩა-ქუჩა დავეხეტებოდი. რიყეზე მოვხვდი. მაშინ მეტეხის ტაძარი ახალი ამოქმედებული იყო. არასოდეს მენახა შიგნიდან. ავდექი და შევედი. პირჯვარიც კი არ გადამისახავს. ისე დავდიოდი, როგორც მუზეუმში. პირველად მესანთლეს გავესაუბრე. ასაკოვან, კეთილშობილ ქალბატონს (ღმერთმა აცხონოს მისი სული). ქალბატონმა მარიამმა მიამბო, რომ მეტეხის ტაძარი კარგა ხანია ამოქმედდა, რომ აქ მოძღვრები მსახურობენ, მრევლი დადის, აღსარებას ამბობს, ეზიარება და ა.შ. მისმა სიტყვებმა ძლიერ იმოქმედა ჩემზე. გადავწყვიტე, მეც გავმხდარიყავი მრევლის წევრი. თავიდან გამიჭირდა. მოძღვართან მისვლისაც მრცხვენოდა, მაგრამ გავბედე. მირჩია, ოთხშაბათსა და პარასკევს მემარხულა, ლოცვები წამეკითხა დილა-საღამოს, მევლო წირვა-ლოცვაზე შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე. "ეკლესიურ ცხოვრებას ნელ-ნელა შეეჩვევი და სარწმუნოებაშიც განმტკიცდებიო", - მითხრა მან. სახლში გახარებული დავბრუნდი. უნივერსიტეტიდან წამოყოლილი გულგატეხილობა სადღაც გაქრა. შინ ყველას ვახარე, რომ გავხდი ეკლესიის მრევლი, მყავდა მოძღვარი... მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარმა მხოლოდ შაბათ-კვირას მთხოვა ეკლესიაში სიარული, მე ყოველდღე დავდიოდი. გათენებისთანავე ეკლესიაში მივდიოდი და გვიან საღამოს ვბრუნდებოდი უკან. მოძღვარს ვეხმარებოდი, ვწმენდდი, ვალაგებდი, ეკლესიის ეზოს ვასუფთავებდი, ვრწყავდი ბაღს... რამდენიმე თვეში მოძღვარმა სტიქარით შემმოსა.
დაახლოებით ერთი წელი ვიმსახურე სტიქაროსნად მეტეხის ტაძარში, შემდეგ სიონში გადმოვედი მნათედ. საკათედრო ტაძარში მსახურება უდიდესი სიხარულის წყარო იყო ჩემთვის. მით უმეტეს, რომ უწმინდესი ყოველ შაბათ-კვირას ამ ტაძარში აღასრულებდა მსახურებას.
- ამის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
- ამის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების გზა მთლიანად შემეცვალა და განათლება არა საერო, არამედ სასულიერო სასწავლებელში მიმეღო. იმხანად სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი გახლდათ. პირველივე წელს ჩავირიცხე სემინარიაში, თუმცა დიდი კონკურსი იყო. ქართული წერის გამოცდაზე ავირჩიე თავისუფალი თემა: "ქრისტიანული ოჯახი". მთელი სული და გული ჩავდე ამ თხზულებაში. ბოლოს, როდესაც უწმინდესთან გვქონდა გასაუბრება, მომიწონა ნაშრომი და მითხრა: "იმედი მაქვს, ასეთი თემის დაწერის შემდეგ უთუოდ კარგ ოჯახს შექმნიო".
- ეს სიტყვები მალევე გამართლდა...
- დიახ, ერთი წლის შემდეგ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად, მონასტერში გაიზარდა. იქიდან რომ წამოვიდა, სიონში დაჰყვებოდა ხოლმე დედას, თან გალობდა. თოთხმეტი წლის გახლდათ. დავინახე თუ არა, მოვიხიბლე. პატრიარქის სტიქაროსანი, მისი კურთხევის გარეშე დაოჯახებას, ცხადია, ვერ გადავწყვეტდი... "კი მაგრამ, პატარა არ არისო?" - მკითხა. "თქვენო უწმინდესობავ, დედამისი თანახმაა-მეთქი", - მივუგე. "კარგი, მოიყვანე. ბებიაჩემი 13 წლისა გათხოვილაო". დიდხანს აღარ მიფიქრია, იმავე კვირას დავიწინდეთ, მეორე კვირას კი ჯვარი დავიწერეთ. უწმინდესმა დაგვლოცა და გამრავლება გვისურვა. ცხრა თვეში ვაჟი შეგვეძინა...
მცირე ასაკში მოგვიხდა ოჯახის ტვირთის ზიდვა. უპრობლემო ცხოვრება არავის აქვს. ჩვენც გვქონდა სირთულეები, მაგრამ ღვთის შეწევნით, გადავლახეთ.
სემინარია რომ დავამთავრე, 22 წლის ვიყავი. მღვდლობაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. გადავწყვიტე, თან მესწავლა და თან მემუშავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. თან სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, რომ ოჯახი მერჩინა. ამასობაში მეორე შვილიც შეგვეძინა. სტიქაროსნად მაინც ვმსახურობდი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვცდილობდი, მარხვა შემენახა, ეკლესიის ერთგულება შემენარჩუნებინა. სადაც კი ვმუშაობდი, ხალხს ყველგან ვესაუბრებოდი სარწმუნოებაზე, ეკლესიური ცხოვრების სიკეთეზე, ვცდილობდი, მათთვის კარგი მაგალითის მიმცემი ვყოფილიყავი.
25 წლის გახლდით, როცა სიონში ერთმა მონაზონმა მკითხა: "ისევ სტიქაროსანი ხარო?" მივუგე: "ალბათ, ჩემი მღვდლად კურთხევის დრო ჯერ არ დამდგარა-მეთქი". "წმინდა ნიკოლოზს ევედრე და ნახე, როგორ შეგეწევაო"... იმ დღიდან თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი დაუჯდომელს სიონში დაბრძანებულ წმინდა ნიკოლოზის ხატთან, ვავედრებდი ჩემს თავს, ჩემს ოჯახს, ჩემს ქვეყანას... სულ რამდენიმე კვირაში უწმინდესმა მიხმო და მითხრა, მომავალ კვირას დიაკვნად უნდა გაკურთხოო. დიაკვნად სიონის საკათედრო ტაძარში მაკურთხეს 2001 წლის 25 მარტს, 8 თვის შემდეგ კი, ისევ სიონში, მისმა უწმინდესობამ მღვდლად დამასხა ხელი. უდიდესი სურვილი მქონდა, დიაკვნად კურთხევის შემდეგ უწმინდესს ჩემთვის ერისკაცობის სახელი დაეტოვებინა. ასეც მოხდა.
- ეს ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ერთადერთი ტაძარია საქართველოში. რით არის გამორჩეული ეს ეკლესია?
- ჩვენს ტაძარში ყოველ კვირადღეს და დღესასწაულებზე უამრავი ბავშვი ეზიარება და ეს არის მართლაც უდიდესი ღვთის წყალობა. ტაძარი განსაკუთრებულია იმითაც, რომ თუკი სხვა შემთხვევაში მშობლებს მოჰყავთ შვილები ეკლესიაში, ჩვენთან უმეტესად შვილებს მოჰყავთ მშობლები და ეს ყველაზე მეტად გვახარებს. ურთიერთობა გვაქვს ვაზისუბნის რამდენიმე სკოლასთან, კერძო სასწავლებლებთან, სკოლა-ლიცეუმებთან, დავდივართ საბავშვო ბაღებში, ვაკურთხებთ შენობებს, ვესაუბრებით ბავშვებს, მასწავლებლებს და ვცდილობთ, ეკლესიური ცხოვრება სწორედ ბაღიდან და სკოლიდან დაიწყონ ბავშვებმა, რათა მერე, უკვე ზრდასრულ ასაკში, არ გაუჭირდეთ.
ტაძარს საკმაოდ დიდი ეზო აქვს. გვინდა, აქ სამრევლო სკოლა ავაშენოთ. უწმინდესის კურთხევით, მსურველებს ვასწავლით ქარგვას. ვაპირებთ გავხსნათ გალობის შემსწავლელი კურსები. ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებასა და განმტკიცებაში.
- საპატრიარქოსა და იუსტიციის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოძღვრებს აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საპატიმროებში მყოფ პატიმრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. თქვენ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით კვირაში ერთხელ დადიხართ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სასულიერო პირებთან ურთიერთობა, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა რამდენად უმსუბუქებს მდგომარეობას იქ მყოფთ?
- ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც პატიმრების ხელშეწყობით აშენდა. მათი უმეტესობა მარხულობს, აღსარებას ამბობს, ეზიარება. ჩვენ შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციაც გვიწყობს ხელს, არავითარ წინააღმდეგობას არ გვიქმნის. იერუსალიმში, წმინდა მიწის მოსალოცად რომ გახლდით, პატიმრებს ჩამოვუტანე ჯვრები, ხატები, სიწმინდეები... ძალიან გაუხარდათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატიმრები საზოგადოების წევრები არიან და მათი გარიყვა არ შეიძლება. მათ სჭირდებათ ნუგეში, რომელსაც ანიჭებთ მოძღვართან ურთიერთობა, სინანული, ლოცვა, მარხვა... პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თითქმის ყველა საპატიმროში დადის მოძღვარი. ვანუგეშებთ პატიმრებს, მოვუწოდებთ სინანულისაკენ, ვეუბნებით, რომ მათთვის იქ ყოფნა არ უნდა იყოს დროის უქმად დაკარგვა; არამედ ეს დრო სინანულის გასაღვიძებლად, უფლის უფრო მეტად შესაყვარებლად, რწმენაში განსამტკიცებლად უნდა გამოიყენონ. ბევრმა ყურად იღო ჩვენი შეგონება და ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავამკვიდრეთ შვიდგზის ლოცვების კითხვის ტრადიცია, ყოველკვირა ტარდება პარაკლისი. ვფიქრობ, ეკლესია სულიერ მდგომარეობას უმსუბუქებს და უფლის ნუგეშს აძლევს პატიმრებს.
- ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეკლესიასთან ურთიერთობის, მარხვის, ლოცვის, აღსარებისა და ზიარების შედეგად რომელიმე პატიმარს თავი დაუნებებია ნარკოტიკების მოხმარებისთვის, უარი უთქვამს სიგარეტის მოწევაზე, მოქცეულა, ღვთის სათნოდ ცხოვრება დაუწყია?
- ღვთის წყალობით, აქ უამრავი სასწაული მოხდა. მართლაც, უფლის რწმენას და სიყვარულს რა არ შეუძლია! ერთხელ ერთი პატიმარი უნდა მეზიარებინა. აღსარებაში გამანდო, რომ კვირის მანძილზე ერთი ღერი სიგარეტი მოსწია. აღარ ვაზიარე. ვუთხარი, მეორედ რომ მოხვალ, მაშინ გაზიარებ, ოღონდ - თუკი აღარ მოსწევ-მეთქი. მართლაც, მეორედ რომ მოვიდა, ვაზიარე. თქვა: "ამ კვირას აღარ მომიწევია და აღარასოდეს მოვწევ, რადგან ღმერთმა ზიარების ღირსი გამხადაო". ასეთი მაგალითი უამრავია.
პატიმრებს სტიქარსაც ვაცმევთ. სტიქაროსნად მსახურება მათთვის უდიდესი სიხარული და პატივია. რომ მივალ, ეკლესია გაკრიალებული მხვდება. განსაკუთრებული მოკრძალება აქვთ ტაძრის მიმართ. თანაც ციხე განსაკუთრებული ადგილია იმ მხრივ, რომ ზოგიერთს აქ მანამდე დაფარული შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევა. ბევრი, ცხოვრებაში რომ არაფერი დაუხატავს, ახლა უნიკალურ ხატებს, უნიკალურ ჯვრებს ქმნის, ხეში კვეთს... ზოგიერთი მინანქარზეც მუშაობს.
- იურიდიული განათლება თუ გეხმარებათ სასულიერო მოღვაწეობაში?
- ჩემთან უამრავი ხალხი მოდის, ამბობს აღსარებას. მე, როგორც მოძღვარი, ვუხსნი, რომ მათ ჩაიდინეს ცოდვა ღვთის წინაშე, დაარღვიეს ესა და ეს მცნება, გაანაწყენეს უფალი, ზოგჯერ კი იმის ახსნაც მიწევს, რა მძიმე დანაშაული ჩაიდინეს სისხლის სამართლის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აღსარება წმინდა საიდუმლოა და იგი ჩემსა და აღმსარებელს შორის რჩება. ერთხანს ვფიქრობდი, საეკლესიო სამართლის საკითხებზე მემუშავა და ჩემი განათლება ამ მიმართულებით გამომეყენებინა, მაგრამ დრო თითქმის აღარ მრჩება. მღვდლობა მართლაც მძიმე ჯვარი ყოფილა.
- დროის უქონლობა ყველა მოძღვრის პრობლემაა. თქვენი ოჯახი ხომ არ იჩაგრება ამით?
- მართლაც ძალიან დაკავებული ვარ. გარდა იმისა, რომ ეკლესიაში ვმსახურობ, ლექციებსაც ვკითხულობ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრაზე. მრევლი ხშირად მირეკავს, მიწევს საავადმყოფოებში სიარული მომაკვდავის საზიარებლად ან ახალშობილის მოსანათლად, რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია. მეუღლე სულ იმას მსაყვედურობს, ჩვენს გარდა ყველასთვის გცალიაო. ჩემი მშობლები რაიონში ცხოვრობენ და ხშირად იქაც კი ვერ ვახერხებ ჩასვლას. მღვდლობა იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე უფლისა და მრევლის სამსახურში დაიხარჯო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე საკმაოდ მცირე ასაკში გათხოვდა, ძალიან ადვილად აუღო ალღო ოჯახის საქმეებს. სამი შვილი გვყავს - 11 წლის გურამი, 8 წლის გიორგი და წლინახევრის თამარი. ვცდილობთ, ბავშვები ყოველ კვირას ვატაროთ ეკლესიაში საზიარებლად. ჩემს ბიჭებთან იმდენად მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, რომ თუკი რამეს დააშავებენ, აღსარების სათქმელად ჩემთან მოდიან. ხანდახან ვეტყვი ხოლმე: "მე თქვენი ხორციელი მამა ვარ და იქნებ სხვა მოძღვართან მიხვიდეთ-მეთქი", მაგრამ მაინც ჩემთან ურჩევნიათ. რაც მთავარია, გულწრფელები არიან, არაფერს მიმალავენ.
- მღვდლობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი მადლიც არის...
- ყველაფერს ამ მადლის მეოხებით ვუძლებ. ბევრჯერ მიფიქრია, მე რომ ერისკაცი ვყოფილიყავი, ალბათ ამდენს ვერ შევძლებდი-მეთქი.
მღვდლობა არ ნიშნავს, სრულყოფილებას. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ვცოდავთ სიტყვით, საქმით, ნებით და უნებლიეთ და მერე გულწრფელად ვინანიებთ. ჩვენც ნელ-ნელა ვიზრდებით მრევლთან ერთად.
- საუბრის დასასრულს რას უსურვებდით "კარიბჭეს"?
- ჩვენი მრევლი და ჩვენც, მოძღვრებიც, აქტიურად ვკითხულობთ თქვენს ჟურნალს, რომელიც ბევრი სიკეთის მომცემია. გვახსოვდეს: ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმით უნდა ვადიდოთ უფალი. ვფიქრობ, "კარიბჭე" თავის საქმეს აკეთებს. ვლოცავ მის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ღვთისა და ერის სასიკეთოდ იღვწის. ღმერთმა დაგლოცოთ, შეგეწიოთ ცხრათა ყრმათა კოლაელთა მადლი. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი