როდესაც მათთან ინტერვიუს მომზადება გადავწყვიტე, შეხვედრები მამა ბასილთან მიწევდა, რადგან მამა სერაფიმეს პოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მამა ბასილმა კი - პირველი სიტყვა მამას ეკუთვნისო...
ვესაუბრებით მამა სერაფიმეს:
- მამა სერაფიმე, როგორი იყო თქვენი ბავშვობის დროინდელი ოჯახური გარემო, როდის შეიგრძენით ღმერთი?
- დავიბადე 1938 წელს ქედის რაიონის სოფელ ზესოფელში. ომმა დაღი დაასვა თითოეულ ოჯახს. გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ. მახსოვს, სკოლაში ფეხშიშველი დავდიოდით. ჩასაცმელ-დასახურავზე რომ არაფერი ვთქვა, საჭმელ-სასმელიც ჭირდა. პურის ნაცვლად - მჭადს და ხაპის (კვახის) და წიფლის ქერქის "ნამცხვარს" მივირთმევდით. ოჯახი წვრილშვილიანი იყო, მაგრამ ღმერთის იმედი ყველას გვქონდა.
- ალბათ მუსლიმანურ წეს-ჩვეულებებს მისდევდით...
- რა თქმა უნდა. ჩემი დედე (ბაბუა) ქედის ხოჯა იყო. მაშინ ბავშვებს ქრისტეზე წარმოდგენაც არ გვქონდა. მუჰამედს არაბული ენით ვადიდებდით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თვით მუჰამედის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდით. ვლოცულობდით, ვახსენებდით ღმერთს და გვჯეროდა, სწორედ ასე იყო საჭირო ღმერთის დიდება.
- როგორ გაქრისტიანდით?
- ოჯახში პირველად ჩემი ძმა, აწ განსვენებული დიაკონი სევერიანე მოინათლა. მისი ნათლობა ღვთისაგან ბოძებული სასწაული იყო. მისივე გადმოცემით, ბათუმში ყოფნისას ორი ძალიან ლამაზი ახალგაზრდა მიუახლოვდა, ქრისტეს სჯულზე მოქცევა ურჩია და ეკლესიაში შეიყვანა (დღევანდელი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი). არადა, არც იცოდა, ეკლესია რომელ ქუჩაზე იყო. როცა შევიდა ეკლესიაში და მღვდელს განუცხადა, ნათლობა მინდაო, მღვდელმა ნათლიები მოიკითხა. ჩემმა ძმამ უთხრა, - ვინც ტაძარში მომიყვანა, ნათლიებად ამ ახალგაზრდებს ავირჩევო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტაძარში ახალგაზრდა არავინ იყო. ჩემი ძმა მაინც მოინათლა და დაუფარავად აღიარა თავისი მართლმადიდებლობა. ასეთი რამ იმ დროისთვის მეტად გაბედული ნაბიჯი გახლდათ, რადგან თურქეთის სამასწლიანი ბატონობით დათრგუნულ მოსახლეობაში ქრისტიანობას საკუთარ რელიგიად, საკუთარი სულის ნაწილად არავინ აღიქვამდა. შეიძლება ითქვას, იგი ერთ-ერთი პირველთაგანია ზემო აჭარაში, ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა. აქედან დაიწყო ჩვენი ოჯახის განათლება ქრისტეში. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს დიდი მითქმა-მოთქმა და ნათესაობის წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ საქმე შეურაცხყოფამდე არ მისულა. ჩემი ძმა დიდი მადლის მატარებელი იყო. იგი გახდა შეურყეველი კედელი, რომელსაც ყველა უშიშრად ამოვეფარეთ. შემდეგ კი, როცა მეც სასულიერო პირი გავხდი (ხელი დამასხა ამჟამინდელმა რუისისა და ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა), ზოგიერთმა მეტისმეტად ჩაგვითვალა... ამჟამად გარშემო მყოფთაგან (მოგეხსენებათ, ჩემს მშობლიურ რაიონში ვარ გამწესებული) დიდ სიყვარულს ვგრძნობ. გვერდით მიდგას ყველა, ვისაც როგორ შეუძლია, გამგებლით დაწყებული მოსწავლით დამთავრებული.
- რამდენი მოქმედი ტაძარია ქედაში, როგორია რაიონის ქრისტიანული ცხოვრება?
- ჯერჯერობით მე ერთადერთი ადგილობრივი მოძღვარი ვარ, მაგრამ ჩემი სულიერი შვილები სწავლობენ ბათუმში სასულიერო სემინარიაში და მალე ბევრი ვიქნებით. მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, ბევრი მოუნათლავია, მაგრამ მაინც უნდათ ქრისტიანული საქმე აკეთონ. უფალი ალბათ ასე ამზადებს მათ გულებს. რაიონის გამგებლის, ჯემალ გვარიშვილის მამულიშვილური თანადგომა რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა იმ დიდ საქმესთან შეჭიდება, რასაც სულიერი ცხოვრების ამაღლებისთვის ზრუნვა ჰქვია. რაიონში არ ჩატარებულა არც ერთი კულტურული ღონისძიება, გამგებელს ჩემთვის პირველი სიტყვა რომ არ მოეცა. სასულიერო პირისადმი ასეთი პატივისცემით ბატონი ჯემალი მოსახლეობაში ქრისტიანობის სიყვარულს ნერგავდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ერთობლივად მომზადდა ნიადაგი ტაძრების მშენებლობისთვის. სწორედ მისი ინიციატივით გადაეცა ეკლესიას რაიონის ცენტრალურ ადგილზე - ყოფილი კინოთეატრი თავისი ეზო-გარემოთი (1700კვმ), რომელიც გავარემონტეთ და 2000 წელს, აღდგომას, ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ერთი წლის შემდეგ კი დავიწყეთ სოფ. ზვარეში ეკლესიის მშენებლობა. დასრულდა 2003 წელს და იკურთხა წმინდა გიორგის სახელზე. ამას მოჰყვა მახუნცეთი, მერისი, სოფელი გულები (დიასამიძეების საგვარეულოს თაოსნობით), სულ ახლახან კი დანდალოს ისტორიულ თამარის ხიდთან იქაური ძმები ბერიძეების თავკაცობით საფუძველი ჩაეყარა ეკლესიის მშენებლობას აჭარაში თურქთაგან წამებულ მამათა და დედათა სახელზე. სოფ. წონიარისში, კვაშტაში, ზვარეში მოინიშნა ტაძრის ასაშენებელი ადგილები. ზესოფლისა და გულების საზღვარზე აშენდა ბეთლემის მამათა მონასტერი თავისი საცხოვრებლით. რაიონში არ არის სოფელი, ჯვარი რომ არ იყოს აღმართული თავისი განათებებით. ამისთვის ვმადლობ უფალს და იმ კეთილ ხალხს, რომელიც დაუზარლად მიდგას გვერდით.
- როდესაც აქაურები მოდიან თქვენთან, როგორია მათი განწყობილება ტაძარში, როგორ მოძღვრავთ მათ?
- თავად მოძღვარი უპირველესად დიდი სიყვარულის მატარებელი უნდა იყოს, რადგან უფალი სიყვარულია. თუ ასეთ სიყვარულს აგრძნობინებ ერთხელ მაინც, მეორედ თვითონ მოგძებნის ან გიხმობს. თუ რომელიმე სკოლაში მისვლა შემაგვიანდა, თვითონ ამომაკითხავენ - ხომ მშვიდობით ბრძანდებითო. რაიონის ყველა სკოლაში ისწავლება რელიგიის საგანი. ყველა მასწავლებელი საგანგებოდაა ამისთვის მომზადებული. შეძლებისამებრ ყოველთვის ვუწევ კონსულტაციებს. მათ რომ უხარიათ ჩემთან ყოფნა, მეც გახარებული ვარ მათით. ისინი ერთსულოვნად ცდილობენ დაივიწყონ დრო, როცა არ სცნობდნენ უფალს და ეშურებიან ერთმანეთს ქრისტეს სიყვარულში, დღითიდღე იზრდებიან ქრისტეში. ამდენი სიყვარულის მიმღებს მე როგორ შემიძლია, ვინმეს სიყვარული დავაკლო. მათი მსახური ვიქნები, სანამ სული მიდგას. მათგან თავადაც ბევრს ვსწავლობ. მოგეხსენებათ, აჭარა მდიდარია უძველესი ქართული ტრადიციებით, რომლებშიც ქრისტიანული სულია ჩადებული. ამას თვითონაც გრძნობენ და ძალუმად ეკვრიან დედაეკლესიის მშობლიურ წიაღს (ძლივს გვეღირსა ქართული ლოცვისა და საგალობლების მოსმენაო, ამბობენ). მახსოვს, პირველი ზიარების შემდეგ ერთ-ერთმა რა სულისშემძვრელად წარმოთქვა, - გმადლობ, ღმერთო, რომ ღირსი გამხადე შენი ზიარებისაო. მიმიხვდებით ალბათ, როგორი ტკივილიანი და მადლიანია ეს სიტყვები.
- თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყოდით?
- მყავს მეუღლე, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ყველა დაოჯახებულია. ერთი ვაჟი, ბასილი დეკანოზია - ახალშენის ფერისცვალების ტაძრის წინაძღვარი. ღმერთისთვის სასწაული არასოდეს მითხოვია, მაგრამ სასწაულმა თავად მოგვძებნა. აბა, როგორ წარმოვიდგენდი, 56 წლის ასაკში სასულიერო პირი გავხდებოდი, ჩემს შვილს კი დეკანოზის ხარისხში ვიხილავდი. ღვთისადმი სამადლობელი არ დამელევა.
ერისკაცობაში ოჯახში მეტად მკაცრი ვიყავი. არასდროს ვუთმობდი მეუღლეს. მართალი ვიყავი თუ მტყუანი, მაინც ჩემი სიტყვა უნდა გასულიყო. ახლა, როცა სასულიერო პირი ვარ, ვცდილობ, ზომიერების ფარგლებში ვაგრძნობინო მეუღლეს, რომ ოჯახის თავი მამაკაცია და ცოლს მორჩილება მართებს. ღმერთს ვმადლობ, რომ ჩემი მეუღლე მართლაც თვინიერი ადამიანია და შვილების კარგად აღმზრდელი დედა.
- როგორია დღევანდელი ახალგაზრდობის სახე? განვიცდით თუ არა აღზრდის დეფიციტს? სად ვუშვებთ შეცდომებს? როგორ დამოძღვრავდით მათ?
- წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მეგონა, მასწავლებელი საჭმელს არ ჭამდა. სკოლაში გოგონას გვერდით ბიჭის დაჯდომა სირცხვილად მიმაჩნდა. ინსტიტუტი ისე დავამთავრე (1961 წ.), გოგონების მკერდი კი არა, შიშველი ფეხები არ დაგვინახავს. დედის აუგად მოხსენიებას ვინ გაბედავდა, საკუთარ დედას ვინ შეაგინებდა, მაშინ, როცა დედის შემგინებელი საყოველთაოდ იკიცხებოდა; წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სჯულისა და მამულის დასაცავად თავგანწირული დედები იმას განიცდიდნენ, რომ თავის კვეთისას "საკინძეში ჩაუხედავდა უგვანი მკვლელი". რა ხდება დღეს - ათასნაირად შეკრეჭილ-გაკრეჭილ-შეღებილ-გაღებილი "გოგონები", შარვლიანები და მოკლეკაბიანები უფრო და უფრო ეჯიბრებიან ერთმანეთს "ახლებურად" გაშიშვლებაში. არ არის ეს აღზრდის დეფიციტი? დალოცვილებო, არ გირჩევნიათ, წიგნი იკითხოთ? როდემდე უნდა დაემონოთ ტვინისმწოველ სერიალებს? იმედი მაქვს, უახლოეს დროში გალღვება მათი გული და სინანულის ცრემლში განბანილები აღარ დახარჯავენ უქმად დროს.
- რას უსურვებთ ჟურნალ "კარიბჭეს"?
- დაუღალავად გეკეთებინოთ საქმე, რომელსაც ხელი მოკიდეთ. არ დაკმაყოფილდეთ მიღწეულით. როგორი თავმდაბლობითაც იღვაწებთ, ისეთი აღმასვლები გექნებათ.
- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.
ასე ნელ-ნელა მივუყვებოდი გზას, ურომლისოდაც ჩემთვის უფსკრულია
ვესაუბრებით მამა ბასილს:
- მამა ბასილ, რა თქმა უნდა, მამის სამღვდელო ცხოვრებას თქვენს ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ფერისცვალება მოჰყვებოდა, მაგრამ რა იყო მანამდე, როდის ჩამოგიყალიბდათ რელიგიურობის განცდა?
- ღვთის შიში და სიყვარული ყოველთვის მქონდა, ასე ვიზრდებოდით. ქრისტესმიერი ფერისცვალება, ეკლესიური ცხოვრების წესის დამკვიდრება თბილისში ჩემი სტუდენტობის წლებს უკავშირდება. ერთხელ მეგობრები არმაზში ვიყავით. შეგვაღამდა, ამიტომ სვეტიცხოველში მოგვიწია ღამისთევა. იქ კი იმ დროს დღესასწაული იყო. ეკლესიაში ლოცვებმა, საგალობლებმა, სანთლებმა საოცარი განწყობილება შემიქმნა. გადავწყვიტე, ეკლესიას არ მოვშორებოდი. ასე დაიწყო ჩემი სულიერი ერთობა ეკლესიასთან. ნათლობით კი 12 წლის ასაკში მოვინათლე ჩემს და-ძმასთან ერთად ქუთაისში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ტაძარში. ჩემი ნათლია, მამა დავითი (ბურჯანაძე) ამჟამად ზედა ობჩაში მოღვაწეობს. ლოცვების კითხვა და მარხვის დაცვა დამოუკიდებლად მეცხრე კლასიდან გადავწყვიტე. აღსარებას და ზიარებას მოგვიანებით, სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ შევუდექი. გურიაში, სოფელ მაკვანეთში ცხოვრებისას ჩემი მოძღვრები ჯერ მამა ბასილი (კიკვაძე) და შემდეგ მამა გურამი (ამჟამად მეუფე გრიგოლი) იყვნენ. ბათუმში, სემინარიაში ჩაბარების დღიდან კი მოძღვრად მამა დავითი (ამჟამად მეუფე დიმიტრი) ავირჩიე, რომელსაც დღესაც ვემორჩილები სულით და ხორცით. სემინარიაში სტუდენტობის დროს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ვიყავი სტიქაროსანი. ასე ნელ-ნელა მივუყვებოდი გზას, ურომლისოდაც ჩემთვის უფსკრულია.
- მართალია მცირე ხნით, მაგრამ თქვენ მამასთან ერთად მსახურობდით ხულოს რაიონშიც. რას გაიხსენებდით?
- აჭარა გამორჩეულია. მოციქულების ნაქადაგებ მიწაზე მადლი იგრძნობა. მით უმეტეს იმ რაიონში, სადაც პირველად გაისმა ღვთის სადიდებელი სიტყვა. როდესაც მამა სერაფიმე ხულოში გაამწესეს, მე, როგორც მედავითნე, თან ვახლდი. იქვე, სასულიერო სასწავლებელში კი საღვთო სჯულს ვასწავლიდი. ღვთის ნება იყო იმაშიც, რომ ჩემი მეუღლე იქ გავიცანი. ჩემს მეხსიერებაში წარუშლელია სამი ქალბატონის - ნიჟარაძე-შავაძეების ნათლობა. ისინი 70 წელს გადაცილებულნი იყვნენ. მათ შორის ერთ-ერთი, ჩემი მეუღლის ბებია, ქეთევანი სიკვდილის წინ მოინათლა. ქეთევანმა გარდაცვალების წინ ახალნაზიარებმა მითხრა: "მე არ მაქვს სხეული, დავფრინავ, დავფრინავ. მიახლოვდება სინათლე და მას მივყვები". ნამდვილად ნეტარია ყველა, ვინც ღვთის წინაშე ცოდვებისგან განთავისუფლებული წარსდგება. ჩვენი მიწიერი საზრუნავიც ხომ ეს არის.
- თქვენ ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორი ბრძანდებით.
- დიახ, სემინარია დააარსა მამა დავითმა, აწ უკვე მთავარეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ 1993 წელს. სემინარია ამ კუთხეში დიდი სულიერი და ისტორიული მნიშვნელობისაა. იგი ამზადებს რელიგიის პედაგოგებს და სასულიერო პირებს. სწავლება ოთხწლიანია. სემინარიის პედაგოგები საქმისთვის თავდადებულნი არიან, ამიტომაც ჩვენთან არა მარტო ადგილობრივნი სწავლობენ, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც ჩამოდიან, მცხეთა-თბილისიდანაც კი.
- როგორია ორი მამის, ორი დეკანოზის მამაშვილობა?
- ჩვენ ყოველთვის იდეალური დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. ეს ჩვენი ოჯახის აღზრდის წესში მდგომარეობს. მამას არასოდეს შევუზღუდივარ, რადგან თვითონაც გრძნობდა, რომ ყოველთვის ვცდილობდი ზომიერების შენარჩუნებას. ვცდილობდი, ისეთი რამ არ გამეკეთებინა, რაც სასაყვედურო შეიქნებოდა. ამიტომ მამაშვილობაში ე.წ. პრობლემები არ გვქონია. როცა სასულიერო პირი გავხდი, უფრო მეტად ვგრძნობ მის სიყვარულს. უპირატესობას მის აზრს ვანიჭებ. ჩვენ ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ამით ვიადვილებთ ცხოვრებას. თუ უფლისმიერი სიმშვიდე არ სუფევს ოჯახში, თუ არ არის ეკლესიური აღზრდა, იქ შფოთის მიზეზი ყოველთვის გამოიძებნება, წვრილმანებზე დავით შეიძლება გული ისე ატკინო ახლობელს, რომ სამუდამოდ სანანებელი გაგიხდეს. მადლობა უფალს, რომ დღითიდღე ჩვენი ტაძრები მრავლდება და უამრავი მლოცველი ახალგაზრდა უერთდება ქრისტეს მხედრობას. თუმცა არ შემიძლია გულისტკივილი არ გამოვხატო გაორებული "ქრისტიანული" ცხოვრების წესზე, სიკეთისა და სილამაზის დაფასების სახელით ჩადენილ უმსგავსოებაზე. ამას წინათ გონიოში, სადაც უფლის მოციქული მატათა განისვენებს, ჩატარდა ე.წ. კონცერტი მოდების ჩვენებით. სცენა-პოდიუმი საფლავიდან ათიოდ მეტრშია. როცა საქართველოში ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა ჩამოაბრძანეს, მთელი ერი ფეხზე იდგა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეს დღე უქმედ გამოაცხადა, რადგან ყველამ შევიგრძენით, რომ მოციქული ანდრია კვლავ შემობრძანდა საქართველოში. ქრისტეს მოწაფე მატათა, რომელიც ანდრია პირველწოდებულს ახლდა ქრისტიანობის საქადაგებლად, სწორედ იქ განისვენებს, სადაც ნახევრად შიშველი ქალები საზაფხულო სამოსით პოზირებდნენ. ვისაც ასეთი რამ მოსწონს, ჩაატაროს, მაგრამ წმინდა საფლავზე ფეხდაუბიჯებლად, ციხესიმაგრის გარეთ ნებისმიერ ადგილზე. ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება წმინდა საფლავების დაუფასებლობა. იმ ადგილზე მხოლოდ საგალობელი და ღვთის სადიდებელი სიტყვა უნდა ისმოდეს, იქ ამაღლებული მხოლოდ ტაძარი უნდა იყოს და არა კაფე-რესტორნები, რომლებსაც ალბათ ააშენებენ.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
- ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე" და სრულიად საქართველო. ამინ!
***
მოძღვრებთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, ერთი შეკითხვით მღვდლების მეუღლეებისთვისაც მიმემართა: - როგორია, ორი სასულიერო პირის ოჯახში იყოთ ორი "ფოფოდია", დედა და დიასახლისი.ქალბატონი ჟუჟუნა (მამა სერაფიმეს მეუღლე): - მამა სერაფიმე ოჯახში მღვდლობამდეც ტრადიციული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა - ის უნდა ყოფილიყო ყოველთვის უფროსი და მისი სიტყვა კი კანონი. მეც ვცდილობდი, მისი აზრი გამეზიარებინა. თუმც ფუნქციები თავიდანვე განაწილებული გვქონდა. მე საოჯახო საქმეებითა და შვილების აღზრდით ვიყავი დაკავებული, ის - საგარეო და ზოგჯერ საშინაო საქმეებითაც. ამიტომ მღვდლის ცოლობა ჩემთვის უფრო სასიამოვნო ტვირთია, მით უმეტეს მაშინ, როცა შვილიც მღვდელია.
ჩვენს ოჯახს არასდროს უცხოვრია ფუფუნებით, მაგრამ ჩვენი შრომით ყოველთვის გვქონდა ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. ასეა ახლაც. როცა შვილები დაოჯახდნენ და პატიოსნად ცხოვრობენ, ღმერთის დიდების მეტი რაღა დამრჩენია!
სოფიო (მამა ბასილის მეუღლე): - ჩემი დაახლოება ქრისტიანულ სარწმუნოებასთან მამა გრიგოლის ხულოში მოღვაწეობიდან დაიწყო. მეოთხე კლასში კათაკმეველი ვიყავი. ნათლობის შემდეგ დებთან ერთად ხშირად დავდიოდი სხალთის ეკლესიაში - ვგალობდით, ძალიან მიზიდავდა ქრისტიანული ცხოვრება. ღმერთს ვმადლობ, რომ ჩემი მამამთილი, მეუღლე და სიძეც (დის ქმარი) სასულიერო პირები არიან. ეს ჩემთვის დიდი წყალობაა. 16 წლის ასაკში უკვე მღვდლის ცოლი ვიყავი და ბევრ რამეზე უარი უნდა მეთქვა. უნდა მეცხოვრა იმ ცხოვრებით, როგორიც შეეფერებოდა სასულიერო პირის ოჯახს, მით უმეტეს, აჭარაში, სადაც მღვდლის მეუღლე მრავალთათვის ქრისტიანული ცხოვრების მაჩვენებელი უნდა იყოს.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.