უფალი ყველას სხვადასხვა დროს გვიხმობს თავის ვენახში სამუშაოდ: ზოგს - დილით, ადრეული სიჭაბუკისას, ზოგსაც - ღრმა სიბერეში, ცხოვრების მეთერთმეტე ჟამს;
იმისდა მიხედვით, ვინ როდის არის მზად მის გზაზე შედგომისთვის, ვინ როდის დაუგდებს ყურს ამ ძახილს.
ღმერთი გულმოწყალეა და ყველას აძლევს მისი მადლის მიღების საშუალებას, მაგრამ განსაკუთრებით დიდია იმ ადამიანის ღვაწლი, ვინც ადრეული სიჭაბუკიდანვე შრომობს უფლის ვენახში - მის წმინდა ეკლესიაში, რადგან "იგი თავს იდებს ახალგაზრდულ გულისთქმებთან, ვნებებთან ბრძოლის მთელ სიმძიმესა და სიცხეს" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი). რამდენადაც დიდია ღვაწლი, იმდენადვე დიდია ჯილდო... რა სჯობია, როდესაც უკიდეგანო ახალგაზრდულ ენერგიასა და მოშურნეობას სწორი გეზი მიეცემა და ღვთის სამსახურში დაიხარჯება.
რუბრიკის სტუმარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა ირაკლი კუთხაშვილი, 23 წლისა აკურთხეს მღვდლად. მას შემდეგ რვა წელიწადი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას რამდენიმე ტაძარში მოუხდა მსახურება. "მღვდელი უფლის ჯარისკაცია. სადაც გაგიშვებენ იქ უნდა იმსახურო, იქ უნდა მიიტანო სიმშვიდე, სითბო; ასწავლო, დამოძღვროო", - ამბობს მამა ირაკლი, რომელმაც სადაც კი იმსახურა, ყველგან საოცარი სიყვარული დათესა.
- მამაო, ვიცი, რომ მორწმუნე ოჯახში იზრდებოდით. თავად როგორ დაუახლოვდით ეკლესიას, როგორ აირჩიეთ ის გზა, რომელსაც დღეს ადგახართ?
- ბებიაჩემი ხშირად დადიოდა ტაძარში, ლოცულობდა, სანთლებს ანთებდა. მისი წყალობით სახლში ყოველთვის იყო ნაკურთხი წყალი, ბზის ტოტები, სეფისკვერის ნატეხები. ჩემი მოწაფეობის დროს თბილისში სულ რამდენიმე ეკლესია მოქმედებდა. მე უმთავრესად ქაშვეთში დავდიოდი. შემდეგ დრო შეიცვალა. სკოლაშიც დაიწყეს რელიგიის სწავლება. რამდენჯერმე მასწავლებელმა წირვაზეც წაგვიყვანა, ქადაგებებს დავესწარი... მერე წირვა-ლოცვებზეც დავიწყე სიარული. ამ პერიოდში აშენდა გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ვინაიდან ჩემს სახლთან ახლოს იყო, მივედი. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მეთქვა აღსარება, შემენახა მარხვა... ცოტა ხნის შემდეგ მოძღვარმა შემომთავაზა, სტიქარი შემემოსა. დავიბენი. მრევლის რიგითი წევრობაც დიდი სიხარული იყო ჩემთვის, არამცთუ სტიქაროსნობა...
იმხანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომლისკენაც რატომღაც სულ უფრო ნაკლებად მიმიწევდა გული. ამასობაში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ლია ინასარიძე, რომელიც ტაძარში გალობდა. მალე დავქორწინდით.
ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენც ძალიან გვიჭირდა. მუშაობა დავიწყე. იმ ხანებში გადავწყვიტე, უფრო ღრმად გავცნობოდი ღვთისმეტყველებას, ეკლესიის ისტორიას, წამეკითხა სახარების განმარტებები. გლდანის ეკლესიის წინამძღვრის არქიმანდრიტ იოაკიმეს რეკომენდაციით, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას თავი დავანებე.
მალე შვილი შემეძინა. იძულებული გავხდი, მეტი მემუშავა. აკადემიური ავიღე. წირვა-ლოცვაზე დასასწრებად დრო თითქმის აღარ მრჩებოდა. მატერიალურად ასე თუ ისე უზრუნველყოფილი ვიყავი, მაგრამ მთავარი მაკლდა... სემინარიის იმჟამინდელმა რექტორმა, მეუფე აბრაამმა გამომიცხადა, დროა, შენი გზა იპოვოო. ეკლესია ვარჩიე... უწმინდესთან წარმადგინეს და გადაწყდა, დიაკვნად ვეკურთხებინე. ესეც მოულოდნელი იყო ჩემთვის. ასეთ შემთხვევაზე იტყვიან ხოლმე, მოუმზადებელი ვიყავიო, მაგრამ უფალმა იცის, ვინ როდის რა ტვირთისთვის არის მზად.
სამი წელიწადი ვმსახურობდი სიონის საკათედრო ტაძარში. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქის ახლოს ყოფნა, მასთან ურთიერთობა ბედნიერება იყო ჩემთვის.
ამასობაში სასულიერო სემინარიაც დავამთავრე, 2001 წელს კი პატრიარქმა მღვდლად მაკურთხა.
სწორედ იმ ხანებში გარდაიცვალა მოსკოვის პროსპექტზე მდებარე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ზენონი. უწმინდესმა მაკურთხა, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში წავსულიყავი - ხალხი ახალ მოძღვარს ელოდებოდა.
ახალნაკურთხ მღვდელს დიდი ტვირთი დამაწვა: მსახურების ჩატარება, აღსარებათა მიღება, საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულება... ერთი წელი ვიმსახურე ამ ეკლესიაში. შემდეგ უწმინდესის კურთხევით წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ავჭალის ეკლესიაში გადავედი. დიაკვნად მსახურების დროს ვნატრობდი, ისეთ ტაძარში მოვხვედრილიყავი, სადაც ჩემზე უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვრები დამხვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ავჭალაშიც მარტო ვიყავი. რაც უნდა ღრმა თეორიული განათლება გქონდეს, ახალნაკურთხი მღვდლისთვის მაინც ძნელია ყველაფერთან მარტო გამკლავება, თუმცა მრევლისაგან განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. როდესაც სხვაგან გადამიყვანეს, ბევრმა გამოთქვა სურვილი, თან გამომყოლოდა... მათი სიყვარული მახარებდა და მანუგეშებდა.
უწმინდესმა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ეკლესიაში გადამიყვანა.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი სიყვარულის მოციქულია და ეს ტაძარიც განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა. მასშივეა მეორე, პატარა ეკლესია, რომელიც ღვთისმშობლის ხატის "მოულოდნელი სიხარულის" სახელზეა ნაკურთხი.
- წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის "მოულოდნელი სიხარულის" ხატს არაერთი სასწაული უკავშირდება...
- პატრიარქის კურთხევით მე და მამა გიორგი გარდიშიანი ოჯახებში დავაბრძანებდით "მოულოდნელი სიხარულის" ხატს. ხატი დაბრძანდებოდა როგორც რუსულენოვან, ასევე ქართულენოვან ოჯახებში, რაც საოცარ ერთობას ქმნიდა და კიდევ ერთხელ ამტკიცებდა, რომ წმინდა სამოციქულო ეკლესია ერთიანი და განუყოფელია.
ხატი მოოქრული იყო, მაგრამ სიძველის გამო ოქროს ბზინვარება დაეკარგა. რაც მისი ოჯახებში დაბრძანება დავიწყეთ, რამდენიმე ხნის შემდეგ ხატმა თავისი პირვანდელი ელფერი დაიბრუნა.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში ჩემს განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა რუსი მოხუცი მანდილოსნების დამოკიდებულება ეკლესიასთან, მათი ცოცხალი რწმენა. ერთი შემთხვევის მომსწრეც თავადვე შევიქენი. ერთი რუსი ქალბატონი გარდაიცვალა. მარტოხელა იყო, არავინ ჰყავდა. წესის ასაგებად მივედი. თან მახლდნენ ტაძრის მედავითნე და გარდაცვლილის თანატოლი რამდენიმე მოხუცი. ღვთისმსახურების საზღაურად შესაწირი შემომთავაზეს. მეგონა, ქველმოქმედებას ეწეოდნენ და თანხის აღებაზე სასტიკი უარი განვაცხადე, მაგრამ მითხრეს, რომ გარდაცვლილ ქალბატონს წინასწარ მოეგროვებინა ეს ფული და ანდერძი დაეტოვებინა, მისი დანაზოგი იმ მოძღვრისთვის შეეწირათ, ვინც წესს აუგებდა. სიცოცხლეშივე ეზრუნა, რომ არავინ შეეწუხებინა...
- გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში რომ გადაგიყვანეს, როგორი განცდა დაგეუფლათ? აქაური გარემო ხომ ძალიან ახლობელი იყო თქვენთვის...
- ყოველთვის მქონდა სურვილი, ამ ტაძარში მემსახურა, რადგან მას უკავშირდება ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები: ამ ტაძარში ვთქვი პირველად აღსარება, აქ დავიწერე ჯვარი, მოვნათლე შვილები... მოგეხსენებათ, გლდანი საკმაოდ დიდი დასახლებაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მეორე ეკლესიაც არის (უშიშროების აკადემიის ეზოში), მოსახლეობა მაინც უფრო ჩვენთან მოდის, რადგან ეს ეკლესია გზის პირას მდებარეობს და აქ სიარული უფრო მოხერხებულია, ამიტომ საკმაოდ დატვირთული ვარ. ზოგს რაღაცის კითხვა სურს, ზოგი კურთხევას ითხოვს, ზოგი - პანაშვიდის გადახდას, საიდუმლოს შესრულებას... ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ყველაფერი გაიღო.
- თქვენ, მოძღვარს, რა გტკენთ ყველაზე მეტად გულს?
- ხდება ხოლმე, რომ ადამიანი თავს ანებებს ეკლესიურ ცხოვრებას, შორდება უფალს და მისი შემდგომი ცხოვრება ტანჯვად იქცევა, რადგან კარგავს უმთავრესს - ღვთის მადლს. ჩემთვის ეს ძალიან გულსატკენია. ვფიქრობ ხოლმე, მეც ხომ არ მიმიძღვის ბრალი, ეკლესიიდან წასვლის საბაბი მეც ხომ არ მივეცი-მეთქი? ჩვენ, მოძღვრებს, ეს ხალხი უფალმა ჩაგვაბარა, მაგრამ წმინდა ადამიანურადაც შეგვტკივა მათზე გული. ყოველთვის მახსოვს ისინი და ვლოცულობ მათთვის, რათა დაუბრუნდნენ დედაეკლესიის წიაღს.
მიხარია, რომ ახალგაზრდობა ეკლესიურად ცხოვრობს. მეც ასე დავიწყე მათ ასაკში. გამოუკვლეველია უფლის გზები - შეიძლება, რომელიმე მათგანი მღვდელიც გახდეს. არც მე მიფიქრია თავის დროზე, რომ მღვდელი გავხდებოდი. მაშინაც კი, როცა სემინარიაში ჩავაბარე, მხოლოდ სასულიერო განათლების შეძენაზე ვფიქრობდი.
მწამს, რომ მორწმუნისთვის არც ერთი პრობლემა არ არის დაუძლეველი. ეკლესია ადამიანს ყოველგვარ განსაცდელზე მაღლა დგომას ასწავლის. უფლისთვის შეუძლებელი არაფერია. თუკი გვექნება რწმენა და სიყვარული, უფალი ყველაფერს შეგვაძლებინებს.
- მამაო, უკვე რამდენიმე წელია, რაც საპატრიარქოს რადიოში მუშაობთ. ამჟამად უძღვებით გადაცემას და რადიომსმენელებს პასუხობთ შეკითხვებზე, რომლებიც მართლმადიდებლურ მოძღვრებას შეეხება...
- საპატრიარქოს რადიოში 2002 წელს მიმიწვიეს. გადაცემები, რომლებიც მაშინ მოვამზადე, ეხებოდა სექტებს, ცხრა ნეტარების განმარტებას. ბოლოს შემომთავაზეს, მონაწილეობა მიმეღო გადაცემაში "საუბარი მართლმადიდებელ მოძღვართან". გამიკვირდა - ეს გადაცემა გამოცდილ მოძღვრებს მიჰყავდათ, მე კი ახალნაკურთხი გახლდით. თავდაპირველად ღია ეთერში ყოფნა გამიჭირდა, მაგრამ, ღვთის წყალობით, ასე თუ ისე, შევძელი. მას შემდეგ კვირაობით მიმყავს ხოლმე ეს გადაცემა. გარდა ამისა, ჩავწერეთ ციკლი გადაცემებისა, რომლებიც სახარების განმარტებებს ეძღვნება.
რადიო ჩემი ცხოვრების ისეთივე ნაწილად იქცა, როგორიც ღვთისმსახურებაა. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს საშუალება, ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც არ შესწევს ძალა, ხშირად იაროს ეკლესიაში, იკითხოს, განათლება შეიძინოს... მათთვის ღვთის სიტყვა მართლაც დიდი ნუგეშია.
- ბოლო დროს უამრავი სასულიერო ხასიათის წიგნი გამოიცა, ითარგმნა. ჩვენს თაობას ასე ადვილად არ მიუწვდებოდა ხელი ამ სახის ლიტერატურაზე...
- ლიტერატურა მართლაც უამრავია, მაგრამ წიგნის კითხვაა პრობლემა. წიგნის ადგილი კომპიუტერმა დაიკავა. დრომ, ეპოქამ, ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ის, რომ ადამიანი ცდილობს ცხოვრება გაიადვილოს, ნაკლებად გაისარჯოს.
კომპიუტერითაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ცოდნის შეძენა, მაგრამ ამის გვერდით არის საცთურიც, რის გამოც ხშირად იხარჯება დრო ტყუილუბრალოდ. გარდა ამისა, მხოლოდ წიგნის კითხვა არაფერს ნიშნავს; ცხოვრებაშიც უნდა განვახორციელოთ ის ღირებულებები, რაც თეორიულად შევითვისეთ. პაისი ათონელი ამბობს: "ჩვენს დროში გამრავლდა წიგნები, მაგრამ შემცირდა გამოცდილებაო". შეიძლება ცოტა ვიკითხოთ, მაგრამ მეტად გავძლიერდეთ მისგან მომდინარე სიბრძნით, ნათლით.
- დაბოლოს, რას უსურვებთ ჩვენს ჟურნალს?
- "კარიბჭეს" ვუსურვებ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო წერილი და ინტერვიუ ყოფილიყოს მასში დაბეჭდილი. ამ ჟურნალში თავმოყრილია ის მასალა, რომლის მოსაძიებლად უამრავი წიგნის წაკითხვაა საჭირო, დღეს კი ხალხს სქელტანიანი წიგნების კითხვის დრო და საშუალება ნაკლებად აქვს, ამიტომ ამ ჟურნალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ყოველთვის ესადაგება ქართველი მრევლის ინტერესებს. მკითხველთა სიმრავლეს გისურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ ღვთისა და ერის სამსახურში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი