ტაძარში თითოეული ადამიანის მოსვლა უდიდეს შენაძენად მიმაჩნია
მუხიანის დასახლების წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძრის მშენებლობა დაახლოებით 1993 წელს დაიწყო.
მოთავე იქვე მდებარე რადიოქარხანა გახლდათ. რამდენიმე ხნის შემდეგ დაფინანსება შეწყდა და სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა, თუმცა დეკანოზ ელიზბარ ოდიშვილისა და იმდროინდელი დეპუტატის ავთანდილ საყვარელიძის ძალისხმევისა და მრევლის შემოწირულობათა წყალობით ტაძრის მშენებლობა თითქმის გასრულდა და 1997 წლის 14 იანვარს ის იკურთხა კიდეც.ცენტრალური ტაძარი ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. სტოაში მეორე ეკლესიაა განთავსებული, რომლის ტრაპეზი წმინდა ილია მართლის სახელზეა ნაკურთხი.
როდესაც ტაძარმა მოქმედება დაიწყო, სახსრების უქონლობის გამო ის ჯერ კიდევ არ გახლდათ დასრულებული: არ იყო გალესილი კედლები, არ იყო მოპირკეთებული იატაკი, არ იყო აშენებული სამრეკლო და გალავანი... თუმცა თანდათან გაიზარდა და გაძლიერდა მრევლი, გამოჩნდნენ გულისხმიერი ადამიანებიც და ღვთის წყალობით, ნელ-ნელა ყველაფერი გაკეთდა: ტაძარი გაილესა, იატაკი მოზაიკით მოპირკეთდა, საკურთხეველი მოიხატა, აშენდა სამრეკლო, გაკეთდა ღობე... მომავალი წლისთვის დაგეგმილია ტაძრის ტერიტორიაზე პატარა სკვერის მოწყობა და ეკლესიის დარჩენილი ნაწილის მოხატვა.
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ანდრია გელაშვილი, რომელიც ახალგაზრდული ძალითა და შემართებით უვლის მრავალრიცხოვან სამწყსოს და მხნედ იღვწის ეკლესიის ფიზიკური და სულიერი განმტკიცებისათვის.
- მამაო, თუ შეიძლება გვიამბეთ, როგორი იყო თქვენს მიერ განვლილი გზა ერისკაცობიდან მღვდლობამდე...
- დავიბადე 1973 წელს, ხაშურის რაიონში. მოწაფეობისას, ისევე როგორც იმდროინდელი ბავშვების უმეტესობა, ვიყავი ოქტომბრელი, პიონერი, კომკავშირელი, თუმცა გულით არასოდეს მჯეროდა ამ ორგანიზაციებისა. 13 წლისა ერთ-ერთი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის წევრი გავხდი, რომლის ხელმძღვანელიც ბაპტისტი აღმოჩნდა. მისი მეშვეობით ცოტა რამ შევიტყვე ბიბლიის შესახებ. მაშინ მონათლულიც არ ვიყავი. როდესაც მშობლებმა გადაწყვიტეს, ტრადიციული, მართლმადიდებლური წესით მოვენათლე, უარი ვთქვი, რადგან ბაპტისტური ეკლესიის წევრობა მინდოდა... ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ხეირიანად არც კი მესმოდა, რას გულისხმობდა მათი სარწმუნოება, თუმცა მათ სალოცავში დავდიოდით, ვუკრავდით და ვმღეროდით კიდეც. ბოლოს მამაჩემის დაჟინებულ თხოვნას წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და 14 წლისა მოვინათლე. კარგად მახსოვს ის დღე. შაბათი იყო. ეკლესიაში, ტრადიციისამებრ, ლოცვა აღევლინებოდა. ჩემთან ერთად სხვებიც უნდა მონათლულიყვნენ. ისე მომხიბლა იქაურმა გარემომ, მგალობლების ტკბილხმოვანმა გალობამ, ღვთისმსახურების რიტუალმა, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ შევიდნენ სხვები მოსანათლად. გაშეშებული ვიდექი და ლოცვას ვუსმენდი, თუმცა ჯერ კიდევ არა გამეგებოდა რა.
ნათლობა რომ დასრულდა, მესანთლეს ვკითხე, საეკლესიო რიტუალები რომელ დღეებში ტარდებოდა... თავიდან მხოლოდ იმისთვის დავდიოდი ეკლესიაში, რომ გალობა მომესმინა.
იმხანად მრევლი, მოგეხსენებათ, მცირერიცხოვანი იყო, ტაძარში უმთავრესად მოხუცი მანდილოსნები დადიოდნენ, ხანდაზმული სტიქაროსანი ჰყავდათ. ერთხელ ჩვენთან რუის-ურბნისისა და გორი-სამთავისის ეპარქიის მაშინდელი მმართველი მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი) ჩამოვიდა. შემამჩნია და ერთ-ერთ მღვდელმსახურს უთხრა ჩემზე, საკურთხეველში შემოიყვანეო. შემიყვანეს. ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ ისე მინდოდა ტაძარში მემსახურა, თუნდაც დამლაგებლად, რომ შეკითხვაზე: "ჩვენთან იმსახურებო?" - მეუფე ვახტანგს უყოყმანოდ ვუპასუხე, რა თქმა უნდა-მეთქი. ჩამაცვეს სტიქარი. ნელ-ნელა დავიწყე საეკლესიო წესების შესრულება, ხუცურის სწავლა, ვეხმარებოდი მედავითნეს.
ამასობაში სკოლაც დავამთავრე და სასულიერო სემინარიაში ჩაბარება გადავწყვიტე, თუმცა მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მამას მაინცდამაინც არც სურდა ეს...
ეროვნული მოძრაობის გამოღვიძება, 9 აპრილის ტრაგედია, დამოუკიდებლობის გამოცხადება - უცნაურად დაემთხვა ჩემს სარწმუნოებაში მოქცევასა და განმტკიცებას.
ღვთის წყალობით, გამოცდები ადვილად ჩავაბარე და სემინარიაში მოვხვდი. შემდეგ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. ორჯერ გახლდით წმინდა ნინოს გზაზე, აჭარაში, საინგილოში, რამაც კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა. ერთხანს ბერად აღკვეცაც კი მქონდა განზრახული, მინდოდა, უფრო ღრმად შევსულიყავი სარწმუნოებაში, უფლის სამსახურისთვის მიმეძღვნა თავი, მაგრამ ბერობა არ ყოფილა ასე იოლი... ღმერთს ვევედრებოდი, გამოეჩინა ჩემთვის გზა და ასპარეზი, სადაც უკეთ შევძლებდი მის სამსახურს.
სემინარიაში სწავლისას ხაშურის რაიონის სკოლებში საღვთო სჯულსა და საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი. სემინარია დავამთავრე და რამდენიმე თვის შემდეგ დავოჯახდი კიდეც.
- როგორ შექმენით ოჯახი?
- ჩემი მეუღლის მამიდა ჩვენთან, ხაშურის ეკლესიაში გალობდა. სწორედ მისი მეშვეობით გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლი გახლდათ. გაცნობიდან მცირე ხანში დავმეგობრდით. შემდეგ სიყვარულიც ავუხსენი... ვიდრე მშობლებს წარვუდგენდი, მოძღვარს გავაცანი. ესაუბრა, ძალიან მოეწონა და გვაკურთხა, რომ შევუღლებულიყავით. ყველაფერი ქრისტიანული წესის თანახმად მოხდა: ჯერ დავიწინდეთ, შემდეგ ვიქორწინეთ. ორი შვილი შეგვეძინა: მარიამი და ლუკა. ქორწინებიდან მცირე ხნის შემდეგ ჩვენი ეპარქიის იმდროინდელმა მმართველმა დიაკვნად მაკურთხა.
ორი წელი ვიმსახურე, ჯერ - ხაშურის საკათედრო ტაძარში, შემდეგ - წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, რომელიც ხაშურის რაიონში მდებარეობს. იმ პერიოდში ჩვენი ეპარქიის მმართველად მეუფე იობი (აქიაშვილი) განაწესეს, რომელმაც ჩემი მღვდლად ხელდასხმა გადაწყვიტა. მღვდლად სურამში, იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მაკურთხეს ლაზარეს შაბათს. სხვადასხვა დროს ვიმსახურე ხაშურის საკათედრო ტაძარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. ბოლოს ხაშურის რაიონის სოფელ ალში, კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარში გამამწესეს და 17 სოფელი მომაბარეს. ძალიან მძიმე პირობებში მომიხდა მოღვაწეობა, სოფლიდან სოფელში ფეხით დავდიოდი...
- იმ დროს, ალბათ, სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც მძიმე მდგომარეობა იქნებოდა სოფლებში...
- მართლაც ძალიან რთული ვითარება იყო. ისეთ დროს მომიხდა იქ მისვლა, როცა ტაძრის ეზოებში ქეიფი და ღრეობა ლამის წესად იყო ქცეული. მე რომ წირვა-ლოცვას ვატარებდი, ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიის გალავნის შიგნით ბუკ-ნაღარას უკრავდა. დიდი ბრძოლა და ძალისხმევა დამჭირდა, რომ მათთან ურთიერთობისთვის შესაფერისი ენა მეპოვა. ზოგჯერ დაყვავება დამჭირდა, ზოგჯერ - კატეგორიულობა... თან, მიუხედავად სარწმუნოებისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, ტრადიციებს თავისებურად მაინც იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, მაგალითად, იეღოველებს არემარეზე არ აჭაჭანებდნენ.
ალში სულ ოთხი ტაძარი იდგა. ამათგან ორი ნანგრევებად იყო ქცეული. მოქმედი გახლდათ კვირაცხოვლობის ეკლესია, სადაც ვმსახურობდი, და კიდევ ერთი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ოთხშაბათობით პარაკლისებს ვიხდიდით. მრევლმა თანდათან იმატა, ბევრი უკვე ყოველ შაბათ-კვირას ესწრებოდა წირვა-ლოცვას. დღესასწაულებზე ღამისთევით სრულდებოდა მსახურება. აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ...
შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, რაშიც მეუფე იობიც დამეხმარა. თავიდან სიონის საკათედრო ტაძარში განმამწესეს და მქონდა ბედნიერება, უწმინდესი ხშირად მენახა. 1 თვე სიონში ვიმსახურე, მერე კი, 1 ივნისს, ნინოობას, წირვის შემდეგ გადაწყდა, მსახურება წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძარში განმეგრძო.
- მღვდლად ხელდასხმის დროს ტრაპეზს რომ შემოუარეთ, რას სთხოვდით ღმერთს?.. რას განიცდიდით იმ წუთებში?
- ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის განცდა, მღვდლად კურთხევის დროს რომ გეუფლება. რიტუალი ასე იწყება: გაგიყვანენ საკურთხევლიდან, ანალოგიის წინ დაგაყენებენ და თავზე დაფარნას დაგაფარებენ. აქეთ-იქით ორი სასულიერო პირი გიდგას, რომელთაც საკურთხეველში უნდა შეგიყვანონ (იმიტომაც, რომ სულიერი მღელვარებისგან შეიძლება თავბრუ დაგეხვეს და წაბორძიკდე). დაფარნა რომ დამაფარეს, საოცრად მძაფრად ვიგრძენი, რომ ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რომლის შემდეგ უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. შიშმა ამიტანა. დაჩოქილმა ტრაპეზს სამგზის რომ შემოვუარე, ეპისკოპოსს ხელზე ვემთხვიე, მან კი თავზე ხელი დამადო და საიდუმლო ლოცვების კითხვა დაიწყო, ისტერიული ტირილი ამივარდა... ჩემს განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებდა სულში ჩამწვდომი გალობა, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა რიტუალი. აღთქმას რომ ვდებდი, გულში უფალს ვევედრებოდი, ღმერთო, არ მიმატოვო, შემაძლებინე და გამაძლებინე-მეთქი. ხანდახან ისარივით გამკრავდა ფიქრი, ხომ არ სჯობს, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, უარი ვთქვა-მეთქი, რადგან პასუხისმგებლობის სიმძიმეს ვგრძნობდი, მაგრამ ამასთან ერთად უზომო, ენით გამოუთქმელი სიხარული მეუფლებოდა.
წირვას უამრავი ხალხი ესწრებოდა. თითოეული მათგანის მიმართ საოცარ სითბოს განვიცდიდი. გული სიყვარულით მქონდა სავსე და მინდოდა, ეს გრძნობა ყველასთვის მეწილადებინა. პირველი ასამაღლებელი რომ ვთქვი, მაშინღა შემაშრა ცრემლი. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- მეტისმეტად ახალგაზრდამ იტვირთეთ მოძღვრის ჯვარი. ის ამაღლებული განწყობა, მღვდლად ხელდასხმის დროს რომ დაგეუფლათ, დიდხანს გაგყვათ? როგორ წარიმართა ამის შემდეგ თქვენი სამღვდელო მოღვაწეობა, ტკივილი უფრო მეტი იყო მასში თუ სიხარული?
- მღვდელი, უწინარეს ყოვლისა, განათლებული უნდა იყოს, ხალხთან ურთიერთობა რომ არ გაუჭირდეს. უნდა იცოდე, რა პასუხი გასცე ადამიანს, დახმარებას, რჩევას რომ გთხოვს. არ შეიძლება, ყველას ერთნაირად, ასაკის, გამოცდილების, განათლების, აღზრდის, სულიერი წყობის გაუთვალისწინებლად მიუდგე. მრევლის ჭირი და ლხინი უნდა გაიზიარო, გულწრფელად თანაუგრძნო. პავლე მოციქული გვასწავლის, მოტირალთა თანა ტიროდით და მოცინართა თანა იცინოდითო. სწორედ ასე უნდა მოიქცე, თუ გსურს, ადამიანს შენდამი ნდობა აღუძრა, დამოძღვრო და ღმერთთან მიიყვანო.
სანამ ახალნაკურთხი მღვდელი ვიყავი, თითქმის ვერ ვგრძნობდი მოძღვრის ჯვრის სიმძიმეს. უსაზღვრო პათოსი და ულევი ენერგია მქონდა. ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მეშრომა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მომეყვანა ეკლესიაში. ცხადია, ამას მე კი არა, ღვთის მადლი აკეთებდა. თუნდაც, ზემოთ რომ ვახსენე, იმ სოფელში - ძალიან რთული იყო იმ ხალხთან ურთიერთობა, მათი მოქცევა. მინდოდა, ეგრძნოთ ეკლესიის სიკეთე და მადლი. სახლებშიც კი დავდიოდი, ვიჯექი და საათობით ვესაუბრებოდი - მინდოდა მცოდნოდა, რა უჭირდათ, რა ულხინდათ... ზოგი თვითონ მოდიოდა ჩემთან. ტაძარში თითოეული ადამიანის მოსვლა უდიდეს შენაძენად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღემდე - ყოველი ადამიანი ხომ სულიწმინდის ტაძარია, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი და დაბადებული.
სამღვდელო მსახურების მეორე წელს ნელ-ნელა გამიჭირდა. ამაღლებული განწყობაც თითქოს მინელდა. დადგა გამოცდის ჟამი... მძიმე ტვირთს მხრებზე რომ შემოიდებ და აღმართს აუყვები, მაგრამ ხედავ, რომ გზას ბოლო არ უჩანს და მთელი ძალ-ღონის დაძაბვა გიხდება, რათა სიარული განაგრძო - დაახლოებით ასეთი რამ მოხდა ჩემშიც. ეიფორია დასრულდა და აღმოვჩნდი რეალობის წინაშე, რომლის გაძლებაც გაცილებით დიდ ვაჟკაცობასა და თავგანწირვას მოითხოვდა ჩემგან. ქალაქელებს, მით უფრო - თბილისელებს, იმდენი პრობლემა ვერასოდეს ექნებათ, სოფლის მოსახლეობას რომ აქვს... ისეთ შეკითხვებს მისვამდნენ, დამოუკიდებლად პასუხის გაცემა მიჭირდა, მაღალ იერარქებს, ჩემზე განათლებულ მოძღვრებს ვთხოვდი რჩევას.
მუხიანის ეკლესიაში რომ დავიწყე მსახურება, მრევლი საოცარი სისწრაფით გაიზარდა. ქალაქში ხალხმა უფრო მეტი იცის, ამიტომ მოძღვარსაც მეტი განათლება მოეთხოვება. სამღვდელო მოღვაწეობას აქ სხვაგვარი სიძნელეები ახლავს თან, მაგრამ რადგან უფალმა გამომარჩია და მღვდლად დამადგინა, რა უფლება მაქვს, ვუღალატო, ჩემთან მოსული მოყვასი რამით დავაბრკოლო და ხელი არ შევუწყო სულიერ განმტკიცებაში?!
- ოჯახი თუ გიწყობთ ხელს სამღვდელო მოღვაწეობაში?
- ჩემი მეუღლის უსაზღვროდ მადლიერი ვარ - ყოველმხრივ თანამიგრძნობს და მეხიდება. არ არის მომთხოვნი, პრეტენზიული. იყო დრო, ძალიან გვიჭირდა... მეუღლე ყველა გასაჭირს უსიტყვოდ იტანდა, აქეთ მანუგეშებდა - ნუ გეშინია, ღმერთი არ მიგვატოვებსო.
ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ მაინც ვპოულობ დროს, რომ ჩემს ოჯახს ყურადღება და მზრუნველობა არ მოვაკლო, თუმცა ბავშვების აღზრდის ტვირთი მეტწილად მაინც ჩემი მეუღლის მხრებზე გადადის. ჩემი გოგონა ანსამბლ "ლომისში" ცეკვავს და ამბობს, რომ გავიზრდები, ტაძარში უნდა ვიგალობოო... არ მინდა, შვილებს ყველაფერი ერთბაშად მოვახვიო თავს და ზედმეტად გადავტვირთო მოვალეობებით, რათა სარწმუნოებრივი ცხოვრება მათთვის მოსაბეზრებელი არ გახდეს. ღმერთს ვთხოვ, კეთილშობილ, ღვთისმოსავ ადამიანებად დაიზარდონ, კარგად ესმოდეთ, რა ევალებათ ღვთისა და ქვეყნის წინაშე.
- წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძარი შედარებით ახალია, თუმცა მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს. როგორი ურთიერთობაა მის წევრებს შორის და რას აკეთებთ იმისთვის, რომ მრევლში ერთობა იყოს?
- ხშირად დავდივართ მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა ტაძარში. ამასთანავე, უკვე 7 წელია, ჩვენი ტაძრიდან ოჯახებში დაბრძანდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. მრევლი ყოველ კვირას იკრიბება, ხდება ოჯახების კურთხევა, ვსაუბრობთ რელიგიურ საკითხებზე. მრევლის წევრები ჭირსა თუ ლხინში მუდამ გვერდით უდგანან, სულიერად თუ მატერიალურად შეეწევიან ერთმანეთს - მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი საზოგადოების სატკივარი სიდუხჭირე, უმუშევრობაა. ძალზე სასიხარულოა, რომ ტაძარში მრავლად არიან ახალგაზრდები. ისინი ერთმანეთის წამხედურობით, მიბაძვით მოდიან. ეზოში ნარგავებს რგავენ, გვეხმარებიან. ყველა ტაძრის სულიერ გაძლიერებაზე ფიქრობს.
- ვიცი, რომ საეკლესიო ჟურნალში მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ...
- ჟურნალში მუშაობა ძალიან სასარგებლოა. მოძღვარი საქმითაც და სიტყვითაც უნდა ქადაგებდეს. ჟურნალ "ქაროზის" რედაქტორმა ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილმა წერილების ციკლის მომზადება შემომთავაზა. პირველი წერილი წყევლას შეეხებოდა, მომდევნო - ლოცვას, კათოლიკური კატეხიზმოს წინააღმდეგ მიმართულ მართლმადიდებლურ კატეხიზმოს... მზად ვარ, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლო ჟურნალებთან, ოღონდ კი ჩემმა ნათქვამმა სიტყვამ რაიმე ნაყოფი გამოიღოს.
- საუბრის დასასრულს, რას უსურვებდით ჩვენს ჟურნალს, მის მკითხველებსა და თანამშრომლებს?
- ძალიან მომწონს "კარიბჭე". იგი არ არის ერთფეროვანი, მუდამ ახალ-ახალ ინფორმაციას აწვდის მკითხველს. გისურვებთ, თქენი ჟურნალი ღვთის სიტყვის გამავრცელებელი ყოფილიყოს, მრევლი ეკლესიაში მოეყვანოს, რასაც აკეთებს კიდეც. მის მკითხველებსა და თანამშრომლებს კი ვუსურვებ, მარად ახსოვდეთ ერთი რამ: იმისთვის მოვევლინეთ ქვეყნიერებას, რომ უფალთან ვიყოთ. ჩვენ ღვთის შვილები ვართ. გისურვებთ ჯანმრთელობას, ღვთის წყალობას. დედა ღვთისმშობელი მფარველობდეს თქვენს ჟურნალს, მთელს მრევლს და სრულიად საქართველოს!