თითქოს ერთად დავიბადეთ მე და ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი...
თითქოს ერთად დავიბადეთ მე და ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი...
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი დორეული, რომელმაც ხევსურთათვის დამახასიათებელი სიალალითა და უბრალოებით მოგვითხრო თავისი ბიოგრაფია.

- მამაო, როგორ მოხვედით ეკლესიაში, ვინ და რა დაგეხმარათ ჭეშმარიტი სარწმუნოების პოვნაში?

- მოგეხსენებათ, მთაში ყველაზე მეტად იყო შემონახული წარმართული ტრადიციები... ვხედავდი, როგორ აღნიშნავდა ხალხი გიორგობას, მარიამობას და სხვა დღესასწაულებს მთის სალოცავებში. ტარდებოდა მსახურება - ღამისთევით, თავისებურად, საკრავების თანხლებით... უნებურად დავფიქრდი იმაზე, რას აკეთებდა ეს ხალხი. მერე და მერე, ასაკი რომ მომემატა, უფალთან საუბარი დავიწყე, რა თქმა უნდა, ჩემებურად...

ჩემი მშობლები ეკლესიური ცხოვრებითა და ქრისტიანული წეს-ჩვეულებების ერთგულებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათში იდო ის წმინდა ქართული ტრადიციები, რომლებითაც იყვნენ აღზრდილნი და ჰქონდათ წრფელი სინდისი.

მოწაფეობისას ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლში ვუკრავდი და ვმღეროდი. ამის გამო სწავლას მოვუკელი და მასწავლებლების საყვედურებიც დავიმსახურე. მერე მამაჩემმა და მეგობრებმა მირჩიეს, კვირაობით ეკლესიაში მევლო და მელოცა. არ ვიცი, ეს რამ ათქმევინათ... ასეთ დროს მუდამ უფლის ეს სიტყვები მახსენდება: "თქვენ კი არ გამომარჩიეთ, არამედ მე გამოგარჩიეთ თქვენ..." უფალმა განახვნა ჩემი მშობლების ბაგეები ამის სათქმელად.

მახსოვს, სიონში პირველად რომ მივედი, უწმინდესი სწირავდა. იმხანად ტაძარში მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ იყო და ცენტრალური ტახტის მარჯვნივ მომიხდა დგომა. უწმინდესი დიკირ-ტრიკირით სახავდა ჯვარს. რომ შემობრუნდა, თითქოს თვალი თვალში გამიყარა. რაღაც სხვაგვარი სითბო ვიგრძენი და მეორე კვირასაც გამიწია გულმა სიონისკენ...

ჩემი ანსამბლის ხელმძღვანელი ჯემალ ადამაშვილი მაშინ სიონში გალობდა. თუ არ ვცდები, 1988 წელი იდგა, მსოფლიო პატრიარქი ჩამობრძანდა და სიონში ხალხი მოზღვავდა. ბატონმა ჯემალმა რეპეტიციიდან ლოცვაზე წაგვიყვანა და მგალობელთა გუნდში ჩაგვაყენა. საოცარი განცდა დამეუფლა, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. შემდეგ, სტიქაროსანი ვაჟები რომ დავინახე, ძალიან მომინდა, მეც მათსავით ტაძარში მემსახურა.

გამოხდა ხანი. 1989 წლის 24 დეკემბერს უწმინდესის აღსაყდრების მეთორმეტე წლისთავის გამო ლოცვა აღესრულებოდა. მამა ზურაბ სირაძის დახმარებით მე და ჩემი მეგობარი მამუკა სვანიძე პირველად შევედით სიონის საკურთხეველში. უწმინდესმა დამლოცა და რა გვარი ხარო, მკითხა. რომ ვუპასუხე, "ხევსური ხარო?" - გამიღიმა... ადამიანისთვის სიტყვასაც კი მნიშვნელობა აქვს. უწმინდესი ხშირად ბრძანებს, რომ თუ მოყვასს სხვაგვარად ვერ დაეხმარები, ერთი სიტყვაც რომ შეაწიო, ესეც დიდი წყალობაა მისთვის... ამ ერთმა შემოხედვამ, ერთმა სიტყვამ ჩემს გულში ღრმა გრძნობა გააღვიძა. 25 დეკემბერს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შევიმოსე. ჩემთვის, გულის კუნჭულში, დღემდე ვინახავ იმ დიდ სიხარულს, რომ უწმინდესის აღსაყდრების მეთორმეტე წლისთავზე პირველად შევიმოსე სტიქარით სიონის ტაძარში.

- როგორ შეიცვალა თქვენი აზროვნება და ცხოვრება ამის შემდეგ?

- როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან ჩემი ადრინდელი და ახლანდელი მსოფლმხედველობა და მისწრაფებები. მანამდე სულ სხვანაირად ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, არა უზნეოდ... ოჯახის სიწმინდეც და ქუჩის ქაოსიც განცდილი და გამოვლილი მქონდა...

- თერთმეტი წელი იმსახურეთ სტიქაროსნად. იყავით სტიქაროსანთა ხელმძღვანელიც, ხშირად გიხდებოდათ უწმინდესთან ურთიერთობა. როგორი კვალი დაამჩნია ამან თქვენს ცხოვრებას?

- არასოდეს მქონია უფროსობის ამბიცია; ვის გვერდითაც მიხდებოდა ყოფნა, ყოველთვის ის გახლდათ მთავარი... რაც მოძღვარი გავხდი და მრევლი დამეხვია, ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ უწმინდესთან მისვლას და რომ ვნახავ, მაშინღა ვხვდები, რა დიდი მადლი დამკლებია... მისგან ვისწავლე მრევლთან ურთიერთობა. საერთოდ, თუკი რამე ვიცი, როგორც მოძღვარმა, ყველაფერი უწმინდესის გვერდით გატარებული თერთმეტი წლის კვალია.

გარდატეხის ასაკში ვიყავი, უწმინდესთან რომ მივედი. ამ დროს ადამიანის გული და თვალი შედარებით სუფთაა და მაგნიტივით იზიდავს კარგსაც და ცუდსაც. მადლობა ღმერთს, რომ ამ დროს ასეთი ადამიანის გვერდით მომიხდა ყოფნა...

აღარ მინდა, სიტყვა გავაგრძელო, რადგან თავად უწმინდესს ერთ ეპისტოლეში უწერია: "რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით, ის მხოლოდ სიყვარულის აჩრდილია, ჭეშმარიტი სიყვარული კი სულ სხვა გრძნობაა..."

- როგორ გაკურთხეს დიაკვნად?

- სხვათა შორის, გვარიანი დაბრკოლებების გადალახვა მომიხდა. ერთ ილიაობა დღეს, - თუ არ ვცდები, ამერიკის მიტროპოლიტი ჩამოდიოდა, - უწმინდესმა დამიბარა და მითხრა, რომ წირვა სიონში ან ბაზალეთის ტბასთან მდებარე ტაძარში აღესრულებოდა. მოემზადე, დიაკვნად უნდა გაკურთხოთო. ძალიან გამიხარდა, ალბათ იმიტომაც, რომ ბაზალეთი ჩემი სოფელია, მაგრამ მოხდა ისე, რომ წირვა თბილისში ჩატარდა. კაბაც მომზადებული მქონდა, სანთლებიც. უწმინდესმა კი უეცრად - გიორგი, იქნებ, ცოტა ხანს თავი შევიკავოთო. როგორც გვაკურთხებთ-მეთქი, - ვუპასუხე. გავიდა წელიწადი და ცხრა თვე და 1999 წლის 22 მაისს, ნიკოლოზობას, უწმინდესმა კვლავ დამიბარა: მოემზადე, მომავალ კვირას შენი კურთხევა იქნებაო, - და 30 მაისს, სულთმოფენობას, მაკურთხა. დღევანდელი გადასახედიდან მადლობელი ვარ უფლის, ეს შეყოვნება რომ დაუშვა. მაშინ მე უდავოდ მჭირდებოდა ეს განსაცდელი და ტკივილი. გამოვცადე მატერიალური ხელმოკლეობაც (უკვე დაოჯახებული გახლდით). ახლა რომ მეტყვის რომელიმე მრევლთაგანი: ეჰ, მამაო, თქვენ რა იცით, რა არის გაჭირვებაო, - გულში მწარედ მეცინება. იმ დროს შევიგრძენი, რას ნიშნავს ტკივილის კათარზისი. ბევრთან მივედი და ალალად შენდობაც ვთხოვე (ეს უწმინდესთან ურთიერთობის სასიკეთო კვალიცაა). ამ განსაცდელებმა დამანახა, რომ "უფალი მეფობს". ყველას და ყველაფერს მისი ძლევამოსილი ხელი ატყვია. ახლა უკვე, როდესაც განსაცდელი მოდის ჩემთან, ვფიქრობ, რომ უფალმა შემაჯახა ამ ბარიერს და არ უნდა გავტყდე, იმიტომ რომ ვიცი - ისეთ რამეს არ შემაჯახებს, რაც სულიერად დამლეწავს და გამანადგურებს.

სხვათა შორის, იმ წლისა და 9 თვის განმავლობაში იყო საცდურებიც. ბევრი მეუბნებოდა, წამოდი, მუშაობას დაგაწყებინებო. ხომ შესაძლებელი იყო, ტკივილს მოთმინების ფიალა აევსო ჩემთვის და ხელი ჩამექნია, ღვთის სამსახურზე უარი მეთქვა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ საოცარი რამ მითხრა: დაფიქრდი, ვინ დარჩენილა ბედნიერი, ვინც უფალს გაჰქცევიაო; შენ ხომ იმისთვის შეიმოსე სტიქარით, რომ ღმერთს ემსახუროო?! ბევრი რამ არის დამოკიდებული მეუღლეზე, იმაზე, თუ რამდენად ღირსეულად გიდგას იგი გვერდით გაჭირვების ჟამს.

- ცოტა ხნის შემდეგ მღვდლად დაგასხეს ხელი...

- 2000 წლის 28 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე, გაიხსნა ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი. სწორედ ამ დღეს დამასხეს ხელი მღვდლად. მახსოვს, რვა მღვდელმთავარი იყო ტაძარში და ეს ჩემთვის ძალიან დიდ მადლს ნიშნავდა. სტიქაროსნობის დროს უწმინდესის წასაკითხი კონდაკი მეკავა ხელში და ყოფილა შემთხვევა, 7-8 მღვდელმთავარს შორის აღმოვჩენილვარ. ვფიქრობდი, ცეცხლში ვდგავარ-მეთქი... ეს განცდა დღემდე მომყვება. როდესაც ვაკის წმინდა სამების ეკლესიის ტრაპეზთან ვმსახურობ, სულ სხვანაირ მოწიწებასა და სიხარულს ვგრძნობ, სხვაგვარად ვეფერები ტრაპეზს, რადგან მასთან ერთად მეც მაკურთხა უწმინდესმა, თითქოს ერთად დავიბადეთო მე და ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი...

დიაკვნად რომ მაკურთხეს და პირველად შევედი აღსავლის კარში, თავბრუ დამეხვა, ცრემლი მომადგა... დაახლოებით ათი წუთი მიმდინარეობდა ლოცვა. წარმოიდგინეთ: ტრაპეზთან ხარ დაჩოქილი, უწმინდესის ომოფორი გაფარია, მისი ხელები გაწყვია თავზე... ამ დროს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიტყვები მახსენდებოდა: "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო"... ჩვენი წინაპრები მახსენდებოდნენ. ვფიქრობდი, რომ ამ ადგილას მრავალი წმინდა მამა მდგარა, მეშინოდა, ვაითუ ვერ გავამართლო-მეთქი ის ხარისხი, რაც უფალმა მომანდო, ვაითუ ვერ ვატარო-მეთქი ღირსეულად ეს ჯვარი... მღვდლის ჯვარი, რა თქმა უნდა, უფრო საპატიოა. მოძღვარი, როგორც უფალი ამბობს, ღვთის ცხოვართა მწყემსია. ეს ძალიან დიდი ნიჭია, რომელიც მე, უბრალო მოკვდავსა და ცოდვილ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ მაქვს, მაგრამ იმედია, ღვთის მადლი, შრომა, ლოცვა თანდათან მოიტანს ამ ყველაფერს. ჩვენ ხომ უფლის შემწეობით ვიზრდებით და ვიხვეწებით, როგორც მღვდელმსახურნი.

- თავადაც ბრძანეთ - მღვდლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა სირთულეები და, ამასთანავე, რა ნუგეში ახლავს მას თან?

- ალბათ, ყოველთვის მძიმე იყო მღვდლის ჯვარი. მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვერ გაიგებ, ვინ რა გრძნობით მოდის, ვის რა უნდა; როდესაც ხალხს ჭეშმარიტი სინანული არ გააჩნია. აღსარებები სხვათა განკითხვითა და თავის მართლებით იწყება... ძალიან ძნელია. თითოეულ ადამიანთან უნდა იმუშაო. მოგეხსენებათ, ახალი შენობის აგება უფრო ადვილია, ვიდრე ძველის გადაკეთება...

მღვდელმსახურის ტვირთს ვერავინ აწონის, თუ თავად არ იწვნია მისი სიმძიმე. არქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო ამბობდა: "ძალიან მძიმეა, როცა გაჰყურებ შვილს, რომელიც უფსკრულისკენ გარბის და ვერ აკავებ, არ გემორჩილება". ეს ეკლის გვირგვინია. ჩვენ ვებრძვით არა ხორციელ, ხილულ არსებას, არამედ უხილავ ძალებსო, - წერს მოციქული. მოძღვრის თითოეული სიტყვა სასწორზე დევს უფლის წინაშე. ერთი სიტყვით მან შეიძლება აცხოვნოს კიდეც და წარწყმიდოს კიდეც მოყვასიც და საკუთარი თავიც. აკი უფალიც ბრძანებს: რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი, უჯობს, წისქვილის ქვა მოიბას ქედზე და წყალში გადაეშვასო. წმინდა იოანე ოქროპირი ეუბნება ერთ ერისკაცს: შენ მხოლოდ შენი საქმე რომ გქონდეს მოგვარებული, შესაძლებელია, ცხონდე, მაგრამ მღვდელი, რაგინდ მოგვარებულიც ჰქონდეს პირადი საქმეები, თუ მისი საქციელით ერთი მრევლთაგანი მაინც დაბრკოლდა, ვერ ცხონდებაო... საშიშია მღვდლობა, თუმცა დიდი სიხარულიც ახლავს თან, თუ გააცნობიერებ, რომ ტრაპეზთან დგახარ და ქრისტეს იარაღი ხარ, შენი ხელით უფალი საიდუმლოებას აღასრულებს. მით უმეტეს, თუ გულს გაუღებ უფალს და ზერელედ არ მიუდგები მსახურებას. ჩვენ ცოდვილები ვართ, მაგრამ "არ არსებობს ცოდვა, უფლის მოწყალებასა და კაცთმოყვარებას რომ აღემატებოდეს", ეს კი გვეხმარება, სასო არ წარგვეკვეთოს, რადგან იმ დიდ ტკივილებს ნამდვილად ცვლის უფლის სიყვარული და ნუგეში.

- თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ...

- ერთ ფილოსოფოსს უთქვამს: "ზოგმა ბედი ბრძოლით მოიპოვა, ზოგს კი თვითონვე მიადგა კარზეო"... წეღანაც ხომ ვთქვი, რომ უფალმა დიდი ტკივილებით მატარა, თუმცა ამას საყვედურით როდი ვამბობ; ამ ტკივილებით ხდება ჩვენი გამოწვრთნა და გამოხურვება. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს მომავალ მეუღლეს დიდი სიყვარული გვაკავშირებდა, არც ჩვენი შეუღლება მომხდარა ტკივილის გარეშე... ნათქვამია: "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო". ჩემი მეუღლე პაპაჩემის პანაშვიდზე გავიცანი. სიონის მრევლის წევრი აღმოჩნდა. თანდათან დავახლოვდით. ერთმანეთი ისე ძლიერ შეგვიყვარდა, რომ უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით. გაცნობიდან ორი წლის შემდეგ შევუღლდით კიდეც.

- რა უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდამ ოჯახის შექმნისას?

- მე რომც არ ვთქვა, მამები სულ იმას ქადაგებენ, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ახალგაზრდამ ცხოვრების თანამგზავრის არჩევის დროს. სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდობის უმრავლესობამ შეფასების უნარი დაკარგა. აკვირდებიან სწრაფწარმავალს, ხრწნადს, დროებითს, ყურადღებას არ აქცევენ ფასეულს, მარადიულს, ტრადიციებს. ადამიანის გამოცნობა ძალიან ძნელია. როგორც წმინდა წერილში წერია, უფალი ადამიანის გულს ხედავს, კაცი კი - მხოლოდ სახეს...

მომავალი მეუღლის არჩევისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, არის თუ არა მორწმუნე, ჰყავს თუ არა მოძღვარი, ამბობს თუ არა აღსარებას. ადამიანს, რომელიც საკუთარ ცოდვებს ვერ ხედავს, სინანულის გრძნობა ვერ ექნება. ასეთ ადამიანს თავი ყოველთვის მართალი ჰგონია, ამპარტავნება კი ყველა ცოდვის დედაა. მართლმადიდებლობა ადამიანის ქმედებაში, სიტყვა-პასუხში გამოიხატება. თუ ქრისტე შენს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში არ ჩანს, მაშინ რაღა ქრისტიანი ხარ?

- 5 შვილის მამა ხართ. რა პრინციპებით ზრდით მათ? რას სწავლობენ ბავშვები მრავალშვილიან ოჯახში?

- შინ სულ იმაზე ვლაპარაკობ, რომ ბავშვებმა მეტი იკითხონ. ტელევიზორს მაინცდამაინც არ ვუყურებთ. გვაქვს ვიდეოფირები, რომლებზეც ძველი ქართული ფილმებია ჩაწერილი: "დემეტრე თავდადებული", "გიორგი სააკაძე", "მაია წყნეთელი"... ბავშვმა ყველა დროის სატკივარი უნდა იცოდეს.

წმინდა წიგნების შემდეგ ძალიან მიყვარს პოეზია და ფილოსოფია და ბავშვებსაც ხშირად ვესაუბრები ამაზე.

მაქსიმალიზმის პრინციპს შვილებთან არ ვიყენებ, - შვილი ჩემია, მაგრამ ჭკუა ხომ თავისი აქვს, არ მინდა, მონური ფსიქოლოგიით გავზარდო, - თუმცა ზოგჯერ საკმაოდ მკაცრი ვარ. ხანდახან ვემუქრები კიდეც: ახლა არ გამაბრაზოთ, თორემ გუდამაყარს თუ ავცდი, მერე აღარ ვიცი-მეთქი... ეს კი, იციან, რასაც ნიშნავს.

დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ უზნეობა ლამის ნორმად იქცეს. ვაჟსაც თავისი საცდური აქვს და ქალსაც. მე პირადად ძალიან მეშინია. მღვდლობა, რა თქმა უნდა, არ არის იმის გარანტია, რომ აუცილებლად კარგი შვილი გეყოლება. საჭიროა ლოცვა, შრომა, ხან სიმკაცრის გამოჩენა, ხან ფერება, თუმცა მთავარი ის არის, თვითონვე მივცეთ შვილებს მაგალითი. დანარჩენი უფალმა უწყის. ბერი პაისი ამბობს: "დღეს მშობლებს ავიწყდებათ, რომ მათ გარდა შვილებს ჰყავთ მფარველი ანგელოზები და ცემა-ტყეპას უჯობთ, მფარველი ანგელოზის დაუჯდომელი იკითხონო", - თუმცა წმინდა წერილი აღზრდის პროცესში სიმკაცრეს არ გამორიცხავს. "კარგი მამა ადრევე აიღებს ხელში მათრახსო", - ამბობს ზირაქი. მშობლებს თანაბრად მოეთხოვებათ დიდი სულიერებაც და დიდი სიბრძნეც, რათა შვილი ღვთის ხატად და მსგავსად აღზარდონ. მრავალშვილიან ოჯახებში ბავშვების ზნეობრივი აღზრდა უფრო იოლია. როდესაც დედა ერთი ცოცხალი შვილის კეთილდღეობის მიზნით აბორტს იკეთებს და ერთ შვილს, ფაქტობრივად, მეორეს სწირავს მსხვერპლად, ეს ცოდვა უხილავად მუშაობს, ბავშვი იზრდება ეგოისტი, მსხვერპლის მომთხოვნი. ამიტომ ნუ ჩავიდენთ ცოდვას. ნუ შეგვეშინდება სირთულეების. მრავალი შვილის პატრონსა ღმერთი ულეწავს კალოსაო, ნათქვამია.

- მრევლთან ურთიერთობა ალბათ ძალიან საპასუხისმგებლოა მოძღვრისათვის. როდის უნდა გამოიჩინოს მან სირბილე და როდის - სიმკაცრე? თუ ყოფილა შემთხვევა, რომ სულიერი შვილისთვის რჩევის მიცემა გაგჭირვებოდეთ?

- მრევლთან ურთიერთობისას ვცდილობ თავისუფალი ვიყო, თუმცა არ მინდა, ვინმეს გული ღვთის წყენინების ხარჯზე გავახარო. მრევლი მოძღვარს არ უნდა დაემორჩილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ასწავლის, რაც წმინდა წერილში არ წერია ან რასაც ეკლესია უარყოფს. ამიტომაც მართებს მრევლს წიგნიერება. მოძღვრის რჩევების გარდა მათ წმინდა მამათა დარიგებებიც უნდა იკითხონ.

ყველა ადამიანს თავისებურად უნდა მიუდგე, ერთსა და იმავე მალამოს ყველა ჭრილობას ვერ დაადებ. ბოროტი მზაკვარია: სანამ შესცოდავ, გაფიქრებინებს, რომ უფალი მოწყალეა, ხოლო როცა ცოდვას ჩაიდენ, მისი სამართლიანობით გაშინებს. მე კი მრევლს ვეუბნები, რომ პირიქით უნდა იყოს: ადამიანმა დაცემის შემდეგ უნდა გაიხსენოს უფლის მოწყალება და სასოწარკვეთილებას არ მიეცეს, რადგან ეს ცოდვა ყველა სხვას აღემატება.

ნამდვილად არსებობს ისეთი პრობლემები (ოჯახური, სამსახურებრივი და ა.შ.), რომელთა გადაჭრასაც საკუთარ თავზე ვერ ვიღებ და რჩევას მღვდელმთავარს ვთხოვ. ყოფილა შემთხვევა, მრევლისთვის მითხოვია, ერთი-ორი დღე დამლოდებოდნენ - ამ დროს მჭირდება დაფიქრება, წმინდა მამათა ქადაგებების კითხვა, გამოცდილი მოძღვრის რჩევა... მღვდელი, რომელიც იტყვის: არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შემიძლიაო, - მომიტევეთ, მაგრამ ან ხიბლშია, ან ამპარტავნებაში.

- რა სირთულეები ახლავს ქალაქის ცენტრალურ ტაძრებში მსახურებას?

- აქ, ცენტრალურ ტაძარში, ნებისმიერი გამვლელ-გამომვლელი შემოდის. შეიძლება, ადამიანს გულის გადაშლა უნდოდეს ჩემთვის, მე კი მომაკვდავის საზიარებლად გავრბოდე. ვეუბნები: "მაპატიეთ, არ მცალია, საავადმყოფო შორსაა, ერთი საათი მაინც უნდა დამელოდოთ". მას კი სწყინს და ამბობს: "მოძღვართან მივედი, მაგრამ არ მომისმინაო". ყველა დაბრკოლებაში მოძღვარი არ არის დამნაშავე. ალბათ, მთავარია, იმთავითვე კრიტიკულად არ იყო განწყობილი, საბაბს არ ეძებდე, მოძღვარს ადამიანურად შეხედო, მოთმინებით და თავმდაბლობით აღიჭურვო. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვის გვერდით მსახურობ. ეკლესიაში ექვსი მოძღვარი ვართ. მათი ხასიათი და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება ძალიან მიწყობს ხელს, რომ მრევლთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო. მათგან სიყვარულს ვსწავლობ.

- რა მიგაჩნიათ ჩვენი დროისა და საზოგადოების ყველაზე დიდ სატკივრად?

- ჩვენს ეკლესიაში ლოთობისა და ნარკომანიის სენით დაავადებულთათვის ყოველ ოთხშაბათს იკითხება დაუჯდომელი "შეუსმელი ბარძიმი". ეს ორი სენი უდიდესი პრობლემაა... რომელი ერთი გამოვყო?! ოჯახები არეულია, მოზარდებმა არ იციან, ვის მიბაძონ. ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი ხელს უწყობს უზნეობასა და გარყვნილებას. მეტი სიბრძნე და წიგნიერება გვმართებს. მსოფლიო საგიჟეთს დაემსგავსა. როგორც ბერი პაისი ამბობს, საზოგადოებას მუხრუჭები აღარ აქვს. გულსაკლავია, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის ერი დღეს "საშოვარს გადაგებული და გათითოკაცებულია".

სახარებაში წერია: "სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდნენ თავსა თვისსა, მათ მიიტაცონო იგი". ამიტომ, თუ მიტაცება გვინდა, პირველ რიგში, სასუფეველია მისატაცებელი. და ამისთვის გვმართებს ზრუნვა. ერთ მოძღვარს ჰკითხეს: როგორ ხარო? მან კი უპასუხა: მოძღვარს უფლება არ აქვს, კარგად იყოსო. მართლაც, როგორ შეიძლება იყოს კარგად, როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვებაა. სნეულება უფრო და უფრო ღრმავდება. უმუშევრობამ კიდევ უფრო მეტი პრობლემა წარმოშვა. ადამიანი ხომ უფრო მეტად არის მიდრეკილი ცოდვისკენ. ვხედავ, საითკენ მიდის ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის აზროვნება და მსოფლმხედველობა და მე, როგორც მოძღვარი, ჩემი ერის ტკივილს ვერ დავმალავ. ერთადერთი საყრდენი ეკლესიაა, ის არის ერთადერთი ხერხემალი, დედაბოძი ქართველობისა და ქართული ტრადიციებისა. მხოლოდ ლოცვა, ერთითა პირითა და ერთითა გულითა ღვთის დიდება და შრომა გამოიყვანს ჩვენს ერს სულიერი, გონებრივი თუ ფინანსური კრიზისიდან. დიდი მოწამეების: შალვას, ბიძინასა და ელიზბარის ანდერძს შეგახსენებთ: "ძმებო! ქართველებო! ნუ მოვმედგრდებით, ვინაიდან სიკვდილი დაბადებიდან თან გვდევს. მაშ, თუ მოვკვდებით, მოვკვდეთ ქრისტესთვის და საქართველოსთვის!" ეს უნდა იყოს ყველა ქართველის ცხოვრების პრინციპი.

- საუბრის დასასრულს რას უსურვებთ "კარიბჭის" მკითხველებსა და თანამშრომლებს?

- ჩემს მრევლს ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, "კარიბჭის" არც ერთი ნომერი არ დატოვონ წაუკითხავი. მინდა გისურვოთ, ემსახუროთ მხოლოდ სიმართლეს. "იდექით მტკიცედ და შეურყევლად" და როგორც წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს: "მოიპოვე მადლი სულისა წმინდისა და შენს გარშემო ათასები ცხონდებიან". მინდა გისურვოთ: გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული გადაარჩენს სამყაროს.
ბეჭდვაელფოსტა
17.09. 2014
551456200
GMERTMA GAGADZLIEROT !!!
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat