"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 6. კლიმენტი ალექსანდრიელი
როდესაც ვეცნობით კლიმენტი ალექსანდრიელის შემოქმედებას , სხვა სამყაროში გადავინაცვლებთ, მაგრამ კვლავაც აფრიკაში ვრჩებით. კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკლესიური სამყაროთი და ატმოსფეროთი ეს წმინდა კვიპრიანეს სამოღვაწეო არეალისგან განსხვავებული აფრიკული სივრცეა.

ეგვიპტის დედაქალაქი ალექსანდრია ქრისტეს შობამდე 331 წელს ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე ალექსანდრია ბრწყინვალე ინტელექტუალური ცენტრი და მეტად ყურადსაღები კულტურული მოვლენის - ელინიზმის აკვანი იყო. ქალაქი ალექსანდრეს უდიდესი დაპყრობითი ომების შედეგად გაჩნდა. ალექსანდრიაში აღმოსავლური, ეგვიპტური და ბერძნული კულტურის შერევამ დასაბამი ისეთ ახალ ცივილიზაციას დაუდო, რომელშიც მრავალი განსხვავებული ელემენტი გაერთიანდა. ამავე დროს, ადგილობრივი კულტურული ელემენტი ალექსანდრიაში საკმაოდ დიდ ძალებს ფლობდა. მოქალაქეების უმრავლესობა მშობლიურ კოპტურ ენაზე მეტყველებდა, ხოლო ბერძნული - ინტელექტუალებისა და იმპერიისათვის საერთაშორისო ენად იყო მიჩნეული. პტოლემეოსთა დროს ალექსანდრიაში ცნობილი სკოლა-უნივერსიტეტი დაარსდა, სკოლას "მუზეუმი" (ბერძნულიდან, მუზების - ხელოვნებისა და მეცნიერების ტაძარი) ეწოდა. ელინისტურ პერიოდში მუზეუმმა სახელი გაითქვა როგორც სამეცნიერო ცენტრმა. აქ ისწავლებოდა იმ დროისათვის არსებული ყველა სამეცნიერო დისციპლინა, მათ შორის წარმართული რელიგიის ელემენტები.

ალექსანდრიულ ნიადაგზე იუდაიზმიც უხსოვარი დროიდან ყვაოდა. ეგვიპტეში ებრაელები ჟერ კიდევ მამამთავარი იოსების დროს ჩასახლდნენ (ნახე "გამოსვლა"). ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ ებრაულ თემს არ შეუწყვეტია ალექსანდრიაში არსებობა და ებრაელი ემიგრანტების ახალ-ახალი ტალღა ალექსანდრიის მოსახლეობას მუდმივად ემატებოდა. ბერძნული კულტურა დიდ ზეგავლენას ახდენდა იუდაისტურ აზროვნებაზე, ამ სივრცეში დიდი მნიშვნელობა სამეტყველო ენას ენიჭებოდა: გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ელინისტურ პერიოდში იუდეური ბერძნულს წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა და ახალი თაობებისათვის მშობლიური ენა ბერძნული ხდებოდა. სწორედ ალექსანდრიაში გაჩნდა წმინდა წერილის პირველი ბერძნული თარგმანი - ე. წ. სეპტუაგინტა. ყველაფერი ეს უდავოდ ქმნიდა იუდაიზმის ბერძნულ კულტურასთან დაახლოების ნიადაგს.

ალექსანდრიაში ცხოვრობდა ცნობილი მწერალი ფილონ ალექსანდრიელი, რომლის შემოქმედებაც ძველი აღთქმისა და ბერძნული რელიგიური ფილოსოფიის სინთეზის ნათელი მაგალითია. ძველი აღთქმის კომენტირებისას ფილონი მიმართავდა იმ ტრადიციულ მეთოდს, რომელსაც ბერძენი ფილოსოფოსები ღმერთების შესახებ მითებისა და იგავების განმარტებისათვის იყენებდნენ. ამის მაგალითია ჰომეროსისა და ჰესიოდეს შემოქმედება, სადაც დიდი ადგილი ალეგორიებს უჭირავს. ალეგორიული განმარტების აუცილებლობა იმით იყო გამოწვეული, რომ ძველი აღთქმის ისტორია ბერძნებსა და ებრაელებს სხვადასხვაგვარად ესმოდათ. პლატონის ფილოსოფიით გამოზრდილი ბერძნული აზროვნებისათვის საინტერესო მხოლოდ მარადიული, ტრანსცენდენტური ჭეშმარიტებები იყო. ხოლო ებრაელებისათვის ერთადერთ და ცოცხალ ისტორიას ბიბლიური ტექსტის ზედმიწევნითი მნიშვნელობა წარმოადგენდა; ეს იყო ებრაელების ღმერთთან ურთიერთობის, გადარჩენის ადამიანურად გააზრებული ისტორია, ხოლო ბერძნებისათვის - ჭეშმარიტების მკრთალი და ბურუსით მოცული აჩრდილი, სადაც საძიებელი და შესასწავლი ერთადერთი ფასეულობა - უფრო ღრმა ღვთაებრივი რეალობა იყო. ალექსანდრიული სკოლის ქრისტიანმა მოაზროვნეებმა ეს თავისებურება დაინახეს და განმარტების შესაბამის მეთოდოლოგიას მიმართეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბევრ შემთხვევაში, წმინდა წერილის ზედმიწევნითი განმარტება "ღვთაებრივი ღირსებისათვის შუფერებელი" იქნებოდა. ალეგორიულ მეთოდს ხშირად მოციქული პავლე იყენებდა, მაგალითად: "რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი" (გალ. 4:24), "რადგანაც მოსეს რჯულში წერია: "ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს". ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?" (1 კორ. 9:9).

ქრისტიანობამ ალექსანდრიაში ფეხი ძალიან ადრე, როგორც ჩანს, უკვე პირველი საუკუნიდან მოიკიდა, ხოლო მეოთხე საუკუნეში ეგვიპტის დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ქრისტიანი იყო. ცალკეულ შემთხვევებში ალექსანდრიელი ქრისტიანები არც კი ცდილობდნენ საკუთარი ავტორიტეტი სამოციქულო ეკლესიურობით გაეძლიერებინათ. უნდა ვიფიქროთ, რომ ალექსანდრიაში საქადაგებლად არცერთი მოციქული არ ჩასულა, თუმცა არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც აქაური ეკლესია მოციქულმა მარკოზმა აკურთხა.

ალექსანდრიაში კათაკმეველთა სკოლა უკვე მეორე საუკუნეში მოქმედებდა. ასეთი სკოლები მომავალი ქრისტიანების მომზადების მიზნით მრავალ თემთან იხსნებოდა. ალექსანდრიული სკოლა გარკვეული თავისებურებებითა და სწავლების გამორჩეული ხარისხით ხასიათდებოდა: ამ სკოლას სხვადასხვა დროს ცნობილი ღვთისმეტყველები ხელმძღვანელობდნენ, მათგან უნდა აღინიშნოს პანტენოს ალექსანდრიელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე. დროთა მსვლელობამ ალექსანდრიის კათაკმეველთა სკოლა აკადემიური სახე და შინაარსი შესძინა, ამიტომ პირველ ხანებში სასულიეროთა გვერდით რექტორებად საერო პირებიც გვევლინებოდნენ. ეს მდგომარეობა მეოთხე საუკუნეში შეიცვალა, მაშინ არქიეპისკოპოსი ღვთისმეტყველები დაეუფლნენ მდგომარეობას და სრულად მოიპოვეს ალექსანდრიის ეკლესიის სკოლის როგორც საღვთისმეტყველო, ისე ინტელექტუალური სადავეები.

პირველ ეტაპზე ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლა ფართო ენციკლოპედიურ განათლებას იძლეოდა, რაშიც, ცხადია, ბერძნული ფილოსოფიაც იგულისხმებოდა. მაშინ ეს ცოდნა აუცილებელი იყო ქრისტიანი აპოლოგეტისათვის, რადგან ელინისათვის ქრისტიანული რწმენისა და წმინდა წერილის განმარტებას ბერძნული აზროვნების თავისებურებების ცოდნა ესჭიროებოდა. სწორედ აქ, ალექსანდრიის სკოლაში, დაიწყეს ღვთისმეტყველებმა ეგზეგეზის (განმარტების) ალეგორიული მეთოდის გამოყენება. წმინდა წერილის "ალექსანდრიულად" განმარტების ერთ-ერთ მაგალითს "ბარნაბას გზავნილება" (ფსევდო-ბარნაბას გზავნილება) წარმოადგენს, რადგან აქ უკვე აშკარაა წმინდა წერილის ალეგორიული განმარტების ისეთი ტენდეცია, რომლის დროსაც რეალურ მასალასთან კავშირი აშკარად დაკარგულია. განმარტების ასეთი უკიდურესი მეთოდი უცხო არ იყო ალექსანდრიის სკოლის ეგზეგეტებისათვის. ერთი მხრივ, მათ ესმოდათ ძველი აღთქმის ისტორიის დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი ბიბლიური ისტორიის ყველა წვრილმანისა და დეტალის ალეგორიზაციას ეწეოდნენ, რითაც, ერთი მხრივ, სერიოზულობას უკარგავდნენ წმინდა წერილს, მაგრამ, მეორე მხრივ, ბერძენი მკითხველისათვის ტექსტს უფრო "მისაღებს" და გასაგებს ხდიდნენ. მათთვის, ვინც არ იცნობდა ბიბლიის შინაარსს, ალეგორიული სკოლის წარმომადგენლის მიერ განმარტებული წმინდა წერილი ერთგვარ ეზოთერულ კრიპტოგრამას წარმოადგენდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ განათლებული ინტელექტუალური ელიტისათვის შეიძლებოდა ყოფილიყო მისაწვდომი.

***
ტიტუს ფფავიუს კლიმენტი (150-215) თავისი მასწავლებლის პანტენოს ალექსანდრიელის შემდეგ ალექსანდრიის სკოლის მეორე რექტორი იყო. მისი მშობლები წარმართები იყვნენ და როგორც თავად გვაცნობებს, კლიმენტი დაიბადა ათენში და განათლებაც სწორედ იქ მიიღო. ქრისტიანად მოქცევის შემდეგ (როგორ მოხდა ეს, ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით), იმისათვის, რათა ცნობილი ქრისტიანი მასწავლებლებისაგან უფრო მეტი ცოდნა მიეღო, კლიმენტიმ მოგზაურობა გადაწყვიტა. ბოლოს და ბოლოს მან ალექსანდრიამდე მიაღწია, სადაც ის პანტენოსის ლექციებით მოიხიბლა, საბოლოოდ კი კათაკმეველთა სკოლას თავად კლიმენტი გაუძღვა. აქ მან თორმეტი წელიწადი დაჰყო და სეპტიმუს სევეროსის მიერ დაწყებული დევნის შემდეგ, 202 წელს, ეგვიპტის დატოვება მოუხდა. 215 წალს კლიმენტი ალექსანდრიელი ისე გარდაიცვალა, რომ ალექსანდრია კვლავ ვეღარ იხილა.

კლიმენტი ალექსანდრიელის ნაწარმოებთა ჩამონათვალი ჩვენთვის ცნობილია ევსები კესარიელის "საეკლესიო ისტორიიდან". ამ ნაწარმოებთა სიაშია: "წარმართთა შესაგონებელი სიტყვა", რომელიც დაიწერა ელინთა გაქრისტიანების მიზნით; სამწიგნი სახელწოდებით "პედაგოგი", რომელშიც ძირითადად გრძელდება ზნეობრივ საკითხზე შეგონება; რვა წიგნი სათაურით "სტრომატები", მოიცავს "ჩანაწერებს ჭეშმარიტი ფილოსოფიური სწავლების შესახებ". სახელწოდება "სტრომატები" შეიძლება ითარგმნოს როგორც "კრებულები" ან "ფარდაგები" (კედლის ხალიჩები), რაშიც იგულისხმება სახილველად გამზადებული ნაირფერი მოხატულობა ან საროთი, მოზაიკა. ევსების თანახმად, კლიმენტის "სტრომატები" მოფენილია არა მხოლოდ ღვთაებრივი წერილის ფერებით, არამედ იმ წარმართული სიბრძნითაც, რომელიც მან სასარგებლოდ მიიჩნია. ის აქ განმარტავს მრავალი ბერძნისა და ბარბაროსის აზრებს, აბათილებს და უკუაგდებს ერესიარქთა ცრუ მოძღვრებებს და მრავალმხრივი ცოდნის მიღებისათვის გვაწვდის ვრცელ ისტორიულ მასალას. ყოველივე ამას თან ერთვის ფილოსოფოსთა საინტერესო შეხედულებები, ამდენად, შინაარსი აშკარად გვიჩვენებს, რომ თხზულებას სავსებით სამართლიანად ეწოდება სტრომატები. გასათვალისწინებელია, რომ ამ ნაწარმოებში კლიმენტი სადავო ლიტერატურასაც იმოწმებს, მათ შორისაა: "სიბრძნე სოლომონისა", "სიბრძნე ისუ ზირაქისა", "ეპისტოლე ებრაელთა მიმართ", ბარნაბას, კლიმენტისა და იუდას ეპისტოლეები; კლიმენტი ალექსანდრიელი ასევე იხსენებს ტატიანეს სიტყვას ელინთა წინააღმდეგ; საუბრობს ქრონოლოგიის ავტორის კასიანესა და იუდეველი ისტორიკოსების ფილონის, არისტობულეს, იოსების, დემეტრეს, ევპოლემოსის შესახებ და მიიჩნევს, რომ ყოველმა მათგანმა საკუთარ ნაწარმოებში მოსე და იუდეველთა მოდგმა ელინთა ტომზე უხუცესად მოიხსენია.
("საეკლესიო ისტორია",
წიგნი 6.13)

ამ შინაგანად ურთიერთდაკავშირებულ სამ ნაწარმოებში კლიმენტი წარმართობის მეცნიერულობასაც და განათლებულობასაც უარყოფს, ამავე დროს, ის ძირითადად ახალბედებისათვის გადმოგვცემს ქრისტიანობის საფუძვლებს, და კიდევ - თავის ქრისტიანულ ფილოსოფიას კლიმენტი სპეციალურად მოწიფულთათვისაც აყალიბებს. მის სწავლებაში მეტად საინტერესოა რწმენისა და ცოდნის, რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება. უკვე კლიმენტის სახით ჩვენ ვხედავთ ისეთ ტიპურ ქრისტიან ინტელექტუალს, რომლის მსგავსიც ქრისტიანობის ისტორიაში მრავალი შეგვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ კლიმენტი აპოლოგეტია, მაგრამ უფრო შემოქმედებითი და ფილოსოფიური, ვიდრე სხვა რომის იმპერატორებისადმი მიძღვნილი მოკლე აპოლოგიების ავტორები. მისი შემოქმედების შესწავლისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეორე-მესამე საუკუნეების მიჯნაზე ქრისტიანული დოგმატიკა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. მკაცრი დოგმატური განსაზღვრებების არარსებობის გამო კლიმენტი ცდილობს მის თანამედროვეობაში მიღებული კატეგორიების შესაბამისად განმარტოს ქრისტიანობის ჭეშმარიტი შინაარსი. ამიტომ შეგნებულად და ხშირად მიზანმიმართულადაც თავის თხზულებებში ის ერთობ გაბედულ აზრებსაც იყენებს.

"ისტორიაში" ევსები კიდევ რამდენიმე მცირე ზომის თხზულებას იხსენიებს, მაგრამ ამით არ ამოიწურება კლიმენტის შემოქმედება. ფოტის "ბიბლიოთეკაში" (IX საუკუნე) ინახება ჩვენამდე არმოღწეული წიგნის - "მონახაზების" მეტად ყურადსაღები მოხსენიება. ფოტის შენიშვნების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მონახაზებში" მოცემულია პლატონიზებული ქრისტიანული მეტაფიზიკა, დაახლოებით იმგვარი, რასაც ჩვენ ორიგენესთან ვიხილავთ. როგორც ირკვევა, კლიმენტის დროს ალექსანდრიაში მოქმედებდა ქრისტიანი "გნოსტიკოსების" არაოფიციალური თანამეგობრობა. ამ ჯგუფის წევრებს უყვარდათ ფილოსოფიური განხილვების მოწყობა, საკუთარ შეხედულებებს მალავდნენ და საჯაროდ არ ამხელდნენ, ხოლო ჯგუფის წევრებს საზოგადოების ელიტარულ ნაწილად მიიჩნევდნენ. შეუძლებლად არ უნდა ჩაითვალოს, რომ კლიმენტიც ამ თანამეგობრობის წევრი ყოფილიყო. ჩვენი გადასახედიდან განათლებულ ქრისტიანებსა და "გნოსტიკოსებს" შორის მკაფიო ზღვარის გავლება შეუძლებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რა თავგამოდებით ებრძოდა ამ გნოსტიკურ ელინიზმს წმინდა ირინეოს ლიონელი. თუ ფოტი პატრიარქის მიერ აღწერილი "მონახაზების" შინაარსი სინამდვილეს შეეფერება, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ კლიმენტი ცრუ მასწავლებელი ყოფილა.

ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევე როგორც სხვა აპოლოგეტების, კლიმენტის მთავარი ამოცანა იყო, ქრისტიანობა ელინისტური სამყაროსათვის მისაწვდომი გაეხადა. მას სურდა "შეხიდებოდა" ქრისტიანული რწმენისა და ბერძნული ფილოსოფიის დაახლოების საქმეს, განემარტა რწმენასა და ცოდნას შორის ურთიერთმიმართების თავისებურებები. ასეთი მცდელობები კვლავაც და კვლავაც მეორდება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისმეტყველება ამ გზამ შეიძლება ცდუნებამდეც მიიყვანოს და ასეთ შემთხვევაში ქრისტიანობა შეიძლება იზოლირებულ და ყველასათვის უვარგის სექტად გადაიქცეს.

კლიმენტის სწავლების მიხედვით, ქრისტიანული ჭეშმარიტების ნაწილი წარმართულ სწავლებაშია დაუნჯებული, ამიტომ ფილოსოფიასა და სახარებას შორის არ არის სრული დაპირისპირება - ერთიცა და მეორეც უმაღლესი ჭშმარიტებისკენ მიილტვის. ბერძნების მოქცევისა და ეკლესიაში შემოერთების სურვილი კლიმენტის აიძულებს ბერძნული ფილოსოფიისადმი დადებითი დამოკიდებულება შეინარჩუნოს, მაგრამ ამავე დროს ის ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს წარმართობაზე ქრისტიანობის უპირატესობას:

ფილოსოფია ბერძნებს იმისთვის ესაჭიროებოდათ, რომ უფლის მობრძანებამდე მართლები ყოფილიყვნენ და მათთვის, ვინც ქრისტიანულ რწმენაში უფრო გასაგები საშუალებით ცდილობს შემოვიდეს, რელიგიური აზროვნების განვითარებისათვის ფილოსოფია, როგორც მოსამზადებელი დისციპლინა, ახლაც საჭიროა... ეს ასეა, რადგან - როგორც უშუალოდ ძველ და ახალ აღთქმაში, ისე ირიბად ფილოსოფიაში, ყოველგვარი სიკეთის პირველწყარო ღმერთია. მაგრამ, შესაძლოა, ფილოსოფია ბერძნებისათვის უშუალო პირველწყაროც კი იყოს, რადგან ის ელინთათვის ქრისტესკენ მომავალ გზაზე, ისევე, როგორც კანონი ებრაელთათვის "...აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით" (გალ. 3:24). ამრიგად, ფილოსოფიას "აღმზრდელის" ფუნქცია ჰქონდა და ის მომზადების საშუალება იყო, რადგან მან ადამიანები ქრისტეს შეახვედრა და ქრისტეში მოსაქცევად შეამზადა.
("სტრომატები", 1.5)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat