მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
(გაგრძელება)
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
(გაგრძელება)
მიუხედავად იმისა, რომ რეფორმაციამ სამღვდელოების ინსტიტუტი ერთმნიშვნელოვნად არ უარყო, მისი ნამდვილი ბუნება მაინც საგრძნობლად შეცვალა. ამ ახალ სიტუაციაში სამღვდელოების დანიშნულება სულიწმინდის მადლის მორწმუნეებში გავრცელება აღარ არის, აქ მოძღვარი უკვე მხოლოდ მქადაგებელია და მისი საქმე რწმენასთან დაკავშირებული ცოდნის პროპაგანდა და ამ გზით მორწმუნეთა აღზრდაა. აუგსბურგის აღსარების მიხედვით, "ხელთდასხმის მიზანი მქადაგებლის კურთხევაა და არა რაიმე ისეთი გამორჩეული მადლმოსილების გადაცემა, რაც სასულიერო პირს ერისკაცისგან გამოარჩევს". ცხადია, იქ, სადაც მღვდელი მადლმოსილ მსახურებას არ ეწევა, არც ხელთდასხმას საჭიროებს. სასულიერო პირების ეგრეთ წოდებული ქვემოდან ზემოთ დანიშვნა ეკლესიის ყოველი წევრის საქმე გახდა, ამ მოვლენის შესახებ აპოლოგიაში ნათქვამია: "ღვთისმსახურთა შერჩევა ეკლესიას ღვთის მიერ აქვს დავალებული" და ეს საქმე არ ეფუძნება უფლისგან ბოძებულ უწყვეტი მადლის მონაწილეობას. ღვთისმსახურად დანიშვნა ახალ მასწავლებელს აუცილებელი ავტორიტეტით ისედაც უზრუნველყოფს.
მიწიერი ეკლესიის შუამდგომელი ფუნქციის იგნორირების შემდეგ, ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ რეფორმაციის მამებმა ზეციური ეკლესიის, ღვთისმშობლისა და წმინდანების მეოხებაზეც უარი განაცხადეს. ამ გადაწყვეტილებაში კვლავ აშკარაა პროტესტანტიზმის კათოლიციზმთან დაპირისპირების ანარეკლი, რადგან ღვთისმშობლისა და წმინდანების შუამდგომლობაზე უარის თქმა შუა საუკუნეების კათოლიკურ ეკლესიაში მათი უზომოდ თაყვანისცემის საწინააღმდეგო რეაქცია იყო. აპოლოგიის ავტორი, გარკვეული თვალსაზრისით, სამართლიანად ამტკიცებდა, რომ კათოლიკური ტრადიციის შესაბამისად "წმინდანთა თაყვანისცემა იესო ქრისტესა და მის კეთილ საქმეებს შეურაცხყოფს, ადამიანებს ქრისტეს ნაცვლად წმინდანების იმედი უჩნდებათ და უგუნურობას სჩადიან, რადგან მაცხოვარი მკაცრი მსაჯული გამოდის, ხოლო წმინდანები მის წინაშე კაცთა მოსარჩლეები ხდებიან". წმინდანის ღვაწლის თაყვანისცემა მაცხონებელი რწმენის მოიმედე რეფორმატორებისათვის უდიდესი მკრეხელობა იყო, ამიტომ წმინდანების თაყვანისცემის მიმართ ისინი უკიდურესად კატეგორიულები აღმოჩნდნენ. ამავე მიზეზის გამო რეფორმაციის წარმომადგენლებისათვის ყოვლადწმინდა მარიამის, როგორც უმაღლესი ადამიანური სიწმინდის გამოხატულების, მიმართ თაყვანისცემაც მიუღებელია. აპოლოგია მის მიმართ ასე აცხადებს: "ის ყოველგვარი უმაღლესი პატივისცემის ღირსია, მაგრამ ქრისტეს არ უნდა გავუტოლოთ... რადგან თუ მისი მეოხებით უნდათ ქრისტესგან ცხონება, ამ შემთხვევაში ქრისტე მაცხოვარი კი არა, მკაცრი მსაჯული გამოდის". იმის გამო, რომ ამ კათოლიკურ და პროტესტანტულ გაუგებრობაში მართლმადიდებლური სიცხადე შევიტანოთ, გვსურს მოვიყვანოთ სიტყვები "ეპისტოლედან აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქებისა მართლმადიდებლური რწმენის შესახებ", სადაც ნათქვამია, რომ ჩვენ წმინდანებს არა როგორც ღმერთებს მივმართავთ, არამედ "ვაღიარებთ, რომ უფლისადმი ლოცვა-ვედრებით წმინდანები შუამდგომლობენ ჩვენთვის. ხოლო ყველაზე მეტად ყოვლადწმინდა მშობელი სიტყვისა ღვთისა, აგრეთვე: წმინდა ანგელოზნი, მფარველნი ჩვენნი; მოციქულნი, წინასწარმეტყველნი; მარტვილნი; მართალნი და ყოველნი, რომელნიც უფალმა განადიდა, ვითარცა ერთგულნი მსახურნი. მათ რიცხვს მივაკუთვნებთ აგრეთვე მღვდელმთავრებსა და მღვდლებს ანუ წმინდა ტრაპეზის მსახურთ, ასევე - მართალ ადამიანთ, კეთილშობილებით გასხივოსნებულთ. და, როგორც გვაუწყებს საღმრთო წერილი, საჭიროა ერთმანეთისათვის ლოცვა. ამასთანავე: მრავლისშემძლეა მართალთა ლოცვა და ღმერთიც ხომ მეტად მოუსმენს წმინდანთ, ვიდრე ჩაფლულთ ცოდვის მორევში?"
რეფორმაცია ასევე არსებითად გაემიჯნა კათოლიკური ეკლესიის ზნეობრივ სწავლებას, რადგან იგი ცალკეულ შემთხვევებში გადამეტებულ ასკეტიზმთან იყო დაკავშირებული და ზოგჯერ ადამიანის ფიზიკური ბუნების იგნორირებაში გადადიოდა. კათოლიკური ასკეტიზმი ლუთერისა და მისი მომხრეებისათვის ისეთივე შეურაცხმყოფელი იყო, როგორიც წმინდანთა მაცხონებელი ღვაწლის თაყვანისცემა, რადგან რეფორმაციის მასწავლებლები, რომლებიც ცოდვისაგან ხსნის საშუალებას მხოლოდ რწმენაში ეძებდნენ, ყველაფერ დანარჩენს ან ვერ ხედავდნენ, ან უბრალოდ ხედავდნენ და გაურბოდნენ.
ლუთერანობა
ლუთერანობა გერმანიაში მიმდინარე რეფორმაციის დროს, პროტესტანტიზმის საერთო საფუძვლების ფორმირების პროცესში, გერმანული რელიგიური ცნობიერების ნიადაგზე აღორძინდა. ლუთერანული აღმსარებლობის მამები და დამფუძნებლები არიან მარტინ ლუთერი, ფილიპე მელანხტონი და მათი უახლოესი მიმდევრები. ეს მოძღვრება გერმანიიდან ავსტრიაში, უნგრეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში და შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელდა. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 75 მილიონი ლუთერანი და ორასამდე ლუთერანული ეკლესიაა. მათგან 50 მილიონი ლუთერანი 1947 წელს ჩამოყალიბებული მსოფლიო ლუთერანთა კავშირის წევრია. მთელი მსოფლიოს ლუთერანები ექვსი სიმბოლური წიგნის ავტორიტეტს აღიარებენ, ესენია: ლუთერის "დიდი კატეხიზმო" და "მცირე კატეხიზმო", "აუგსბურგის აღმსარებლობა", "აუგსბურგის აღმსარებლობის აპოლოგია", "შმალკალდენის არტიკულები" და "თანხმობის ფორმულები".
ამ ლიტერატურაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს "აუგსბურგის აღმსარებლობას", რომელიც 1530 წელს ლუთერის რამდენიმე ადრეული ნაშრომის საფუძველზე შეიქმნა. ამ წიგნმა სახელწოდება იმ ქალაქის შესაბამისად მიიღო, სადაც იმპერატორმა კარლოს V დიდმა რეფორმატორებისა და კათოლიკეების შესარიგებლად სპეციალური სეიმი მოიწვია. "აუგსბურგულ აღმსარებლობაში", კათოლიკური სწავლების საწინააღმდეგოდ, ლუთერმა ჩამოაყალიბა ძირითადი დოგმატური შეხედულებები: ღმერთის, ცოდვის, ადამიანის გამართლების, ეკლესიისა და საიდუმლოთა შესახებ.
ძალიან მალე სეიმის მონაწილე კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველებმა ამ აღმსარებლობის უარმყოფელი მასალა გამოაქვეყნეს, რასაც მელანხტონის მიერ სასწრაფოდ შედგენილი "აუგსბურგის აღმსარებლობის აპოლოგია" მოჰყვა. აპოლოგია თავისი შინაარსით ძალიან ახლოსაა და უფრო გასაგებად განმარტავს "აუგსბურგის აღმსარებლობას", ამავე დროს ადამიანის მხოლოდ რწმენით გამართლების დოგმატიდან გამომდინარეობს და უფრო მკვეთრი პოლემიკური ტონით გამოირჩევა. აგრეთვე დაწვრილებით აღწერს პირველქმნილ ცოდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1536 წელს ლუთერმა შეადგინა ეგრეთ წოდებული "შმალკალდენის არტიკულები" ან პუნქტები, რომელიც უკვე აღნიშნულ ორ წიგნს მოკლედ იმეორებდა. ეს მომცრო ზომის ნაწარმოები სამების ღვთაებრივი და იესო ქრისტეს პიროვნული სახის შესახებ ლუთერანულ სწავლებას განმარტავს და სრულყოფს.
ლუთერანულ სამყაროში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება 1529 წელს გამოქვეყნებულ ლუთერის მცირე და ვრცელ კატეხიზმოებს. ეს წიგნები ლუთერანული სწავლების მიმდევართათვის სარწმუნოებრივ სახელმძღვანელოს წარმოადგენს და მათში მრწამსი, ლოცვები, უფლის მცნებები და რწმენასთან დაკავშირებული სხვა ჭეშმარიტებები ლუთერის თვალსაზრისით არის განმარტებული. ვრცელი კატეხიზმო განკუთვნილია ლუთერანი მქადაგებლებისათვის, ხოლო მცირე - როგორც ვრცელის შემოკლებული ვარიანტი, გამიზნულია ყველა დაინტერესებულისათვის და სკოლაში ლუთერანული რჯულის სწავლებისათვის.
"თანხმობის ფორმულა" კიდევ ერთი ლუთერანული სიმბოლური წიგნია. ის 1580 წელს იქნა მიღებული. აღნიშნული წიგნი მარტინ ლუთერის გარდაცვალების შემდეგ მისი ღვთისმეტყველების მიმდევართა ჯგუფმა შეადგინა. წიგნში რეფორმისტული სწავლებისაგან განსხვავებული ლუთერანული სწავლების თავისებურებები და იმ პრობლემების მოგვარების გზები აისახა, რომელიც თავად ლუთერანული სწავლების შიგნით წარმოიქმნა.
მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ აღიარებული შვიდი საიდუმლოდან ლუთერანებმა პრაქტიკულად მხოლოდ ორი: ნათლობა და ევქარისტია აღიარეს. გარკვეული ელემენტებია შენარჩუნებული ლუთერანულ აღსარებაში, დანარჩენი ოთხი საიდუმლო მათ მხოლოდ წესად და ცერემონიად მიიჩნიეს. მათი აზრით, მხოლოდ ევქარისტიასა და ნათლობას აქვს უდავო ღვთაებრივი საწყისები, რადგან წმინდა წერილში მხოლოდ ამ საიდუმლოებების ღვთივკურთხეულობის მტკიცებულებები მოიპოვება. ლუთერისა და მისი მომხრეების აზრით, ძველ აღთქმაში, წინადაცვეთისა და პასექის ტარიგის სახით, მხოლოდ ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლოებები იღებს დასაბამს. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა დანარჩენი საიდუმლოება მხოლოდ წესებია და წმინდა წერილში ამ წესებს პირდაპირი საფუძველი არ გააჩნია, და ვინაიდან მათი სწავლება მხოლოდ რწმენით გამართლების დოგმატიდან გამომდინარეობს, ამიტომ მიაჩნიათ, რომ გამომხსნელი რწმენის გაძლიერების საქმეში ადამიანს მირონცხება, სინანული, ზეთის კურთხევა, ქორწინება და მღვდელობა ვერ დაეხმარება.
ლუთერანული აღმსარებლობა საიდუმლოს არა ქვეყანაზე მადლის მოფენის საშუალებად, არამედ, მელანხტონის სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო ქრისტესთან ურთიერთობისა და ადამიანის "მადლმოსილ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელ" სიმბოლოდ აღიქვამს. მათი აზრით, ეს არის ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის ამსახველი ისეთივე ნიშნები, როგორიც, მაგალითად, ღვთის მიერ წარღვნის შემდეგ ბოძებული ცისარტყელა. "აუგსბურგის აღმსარებლობის" მიხედვით, საიდუმლოებები "ქრისტიანების მიმართ ღვთაებრივი ნების ის გამომხატველი ნიშნები და საშუალებებია, რომლებიც აღძრავენ და მხოლოდ აძლიერებენ მასში მონაწილეთა რწმენას". მათ მიაჩნიათ: საიდუმლოებათა მთელი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ადამიანს საშუალებას აძლევენ, მუდმივად ქრისტეში ხსნის შესახებ იფიქრონ. ამასთან, მათი აზრით, იმაზე მეტის მოთხოვნა, რაც მაცხოვრის მიერ ერთხელ და სამუდამოდ უკვე განხორციელდა და რაც პიროვნებას გამამართლებელი რწმენით შეიძლება მიეცეს, - თუნდაც მადლმოსილი ზემოქმედების მოლოდინი, - იესო ქრისტეს გამომხსნელი ღვაწლის დამცირებაა და მეტი არაფერი.
როგორც ცნობილია, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვითაც ნათლისღება ადამიანს პირველქმნილი ცოდვის ტყვეობისაგან ათავისუფლებს და ნათლობის შემდეგ პიროვნებას ბუნების განახლებისა და აღორძინების შესაძლებლობა ეძლევა (იხილეთ მაცხოვრისა და ნიკოდიმოსის საუბარი: იოან. 3:1–12). სხვაგვარია ნათლისღების ლუთერანული გაგება. მათი აზრით, ნათლობა ადამიანს პირველქმნილი ცოდვის ტყვეობისაგან კი არა, მხოლოდ შედეგებისაგან, ანუ ამ ცოდვის თანმდევი სასჯელისაგან ათავისუფლებს და ცხადია, რომ ეს უკვე ადამიანის ბუნების აღდგენა და აღორძინება კი არა, მისი ამნისტირებაა. მათი აზრით, იესო ქრისტეს გამომხსნელი ღვაწლი რწმენის შესაბამისად სრულად სპობს ცოდვისგან გამოწვეულ სასჯელს და ნათლობის შემდეგ მიღწეული მადლმოსილი მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის ადამიანს აღარავითარი ღვაწლი, ანუ საკუთარი ნების ცხოვრებაში გამოვლინება აღარ ესაჭიროება.
სინანულის საიდუმლო ლუთერანულად ნათლისღების საიდუმლოს გაგრძელებაა და მხოლოდ იმის გამო ითვლება კანონიერად, რომ მისი მიზანიც რწმენით ცოდვის შედეგებისგან განთავისუფლებაა. ლუთერანებს მიაჩნიათ, რომ სინანულის საიდუმლო ხელს უწყობს რწმენის გამოცოცხლებას და ცოცხალი რწმენის რეალურ ცხოვრებასთან კავშირს.
იმის მიუხედავად, რომ ლუთერანებმა საიდუმლოებები მხოლოდ გამომხატველ სიმბოლოებად გამოაცხადეს, ევქარისტია მათთვის მაინც მაცხოვნებელი ძალის მატარებელ საიდუმლოდ დარჩა. ლუთერანებისთვის ევქარისტიამ იმის გამო შეინარჩუნა საიდუმლოს ბუნება, რომ მისი აღსრულების პროცესი მათ იესო ქრისტეს მიერ გოლგოთაზე გაღებულ მსხვერპლს ახსენებს და მის სიმწვავეს აგრძნობინებს. ევქარისტიის ლუთერის მიერ ახსნილი შინაარსი ორ ძირითად თავისებურებას ეყრდნობა. ლუთერი მიიჩნევს, რომ სულიწმიდის მოქმედებით შეწირული პური და ღვინო უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად არ გადაარსდება და შესაბამისად ევქარისტიას არ აქვს მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობა.
პურისა და ღვინის გარდასახვის ლუთერანული უარყოფა სათავეს ნომინალისტურ ტრადიციებში, კერძოდ ვ. ოკამისა და პ. ლომბარდის ნაშრომებში იღებს. რეფორმაციის მიმდინარეობის პერიოდში ევქარისტიის სიმბოლური და რეალური გაგების, ანუ გარდასახვის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის, რამდენიმე დიდი დავა გაიმართა. სიმბოლური გაგების მომხრეებმა რეფორმაციის შვეიცარიულ ფრთაზე მოიყარეს თავი, ხოლო გარდასახვის მომხრეებმა გერმანული ფრთა დაიკავეს. ამიტომ ლუთერს ევქარისტიის შესახებ საკუთარი პოზიციების დაცვა, ერთი მხრივ, კათოლიკეებთან ჭიდილში, ხოლო, მეორე მხრივ, სიმბოლისტური ევქარისტიის მომხრეებთან ბრძოლაში მოუხდა.
სიმბოლური წიგნების მიხედვით, პური და ღვინო არ გარდაისახება იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად, ანუ პური და ღვინო არ იცვლის საკუთარ არსს: "უარვყოფთ და ვგმობთ... სწავლებას გარდასახვის შესახებ... თითქოს პური და ღვინო კურთხევის შემდეგ... კარგავს... საკუთარ სუბსტანციას და იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქმნება". ევქარისტიის საიდუმლოს ლუთერანული წინააღმდეგობრიობა იმაში მდგომარეობს, რომ გარდასახვის უარყოფით ლუთერმა გარდაუსახავ პურსა და ღვინოში საბოლოოდ ვერ უარყო იესო ქრისტეს რეალურად, უხილავად მყოფობა, ყოფილ კათოლიკე ბერს საკუთარი ევქარისტიული გამოცდილება აფერხებდა, ამიტომ მან მოიფიქრა პურსა და ღვინოში იესო ქრისტე თანამყოფობის თეორია, რომლის დროსაც ევქარისტიული პურისა და ღვინის არსი, ანუ სუბსტანცია უცვლელი რჩება. როგორც "თანხმობის ფორმულაში" ვკითხულობთ: "მაცხოვრის ხორცი არის პურში, ის პურის სახით და პურით მოგვეწოდება... ამ გამოთქმების საშუალებით ჩვენ გვსურს გამოვხატოთ პურის სუბსტანციის იესო ქრისტეს სხეულთან ერთიანობის შინაარსი"; აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოთქმაში სუბ პანე, ანუ "პურში", მხოლოდ ლათინური ევქარისტიული ფორმულის (სუბ სპეციე პანე) - "პურის სახით" სახეცვლილებაა ნაგულისხმები. მაგრამ, ამ მსგავსების მიუხედავად, სიმბოლურ წიგნებში მოცემული ანალოგიები მაინც არ გულისხმობენ, რომ პურსა და ღვინოში ნამდვილად არის იესო ქრისტეს ხორცი და სისხლი. ამ მასალის მიხედვით, ევქარისტიულ პურსა და ღვინოში მაცხოვრის ხორცისა და სისხლის მყოფობა არ არის დამოკიდებული იმ პიროვნების შინაგან მდგომარეობაზე, ვინც საიდუმლოს აღასრულებს. ესე იგი ხელდასხმული მღვდელი აღასრულებს საიდუმლოს თუ არა, საიდუმლოს ობიექტური ბუნება არ იცვლება და მისი ქმედითობა ყველა შემთხვევაში ნარჩუნდება. "თანხმობის ფორმულაში" ვკითხულობთ: "საიდუმლო ჩვენი რწმენით არ ხორციელდება; ის მხოლოდ ჭეშმარიტი სიტყვისა და ყოვლადძლიერი ღმერთის ნებით აღესრულება". მეორე მხრივ, ჩვენ ვკითხულობთ, რომ თურმე საიდუმლოს ქმედითობა და ნამდვილობა იმაზეა დამოკიდებული, მონაწილეობენ თუ არა მისი აღსრულების პროცესში მორწმუნეები, რადგან იმავე "თანხმობის ფორმულაში" წერია: "თუ მაცხოვრის მიერ სერობის დროს დადგენილი ყოველი საჭირო მოქმედება და წესი არ არის აღსრულებული, საიდუმლოს განხორციელებისათვის მხოლოდ კურთხევა და იესო ქრისტეს მიერ დადგენილი სიტყვების წარმოთქმა არ იქნება საკმარისი; მაგალითად, საიდუმლო ვერ აღესრულება, თუ ნაკურთხი პური არ დარიგდა, თუ საიდუმლოს მონაწილეები მორწმუნენი არ არიან და თუ ნაკურთხ პურს ისინი არ ეზიარებიან". უფრო მეტიც, მათი აზრით, პურისა და ღვინის იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაარსება ხდება იმ მომენტში, როდესაც მორწმუნე ამ პურსა და ღვინოს ღებულობს. "თუ პური არ იქნა შეჭმული, ის წმინდა პურად არ ითვლება, რადგან ასეთ შემთხვევაში საიდუმლო არ არის აღსრულებული". შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ საიდუმლოს აღსრულება და მისი ობიექტური შემადგენელი მის სუბიექტურ მხარეზე, ანუ იმაზეა დამიკიდებული, მისი აღსრულების პროცესში მონაწილეობენ თუ არა მორწმუნეები.
1723 წლის "აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე" დიდ ყურადღებას უთმობს ევქარისტიის ლუთერანული თვალსაზრისის კრიტიკას და მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: "გვწამს, რომ ამ მღვდელმოქმედებაში ჩვენ წინ მყოფობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე არა სიმბოლურად, არც ხატოვნად, არა მადლის სიუხვით, როგორც სხვა დანარჩენ საიდუმლოებებში, არა ოდენ მოფენით, როგორც, ზოგი მამის აზრით, ნათლისღების დროს ხდება; არც პურის "გამსჭვალვით", თითქოს ღმერთ-სიტყვას ევქარისტიით შეწირულ პურში არსობრივად "შეეღწიოს", როგორც ამას ლუთერის მიმდევრები საკმაოდ უხეიროდ და უღირსად გვიხსნიან. უფალი მყოფობს ჭეშმარიტად და ნამდვილად - პურისა და ღვინის კურთხევისას პური გადაიქცევა, გარდაარსდება, გარდაიქმნება, გარდაისახება ჭეშმარიტ ხორცად უფლისა, რომელიც დაიბადა ბეთლემში ქალწულისაგან, მოინათლა იორდანეში, ივნო, დაეფლა, აღდგა, ამაღლდა და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და მოვალს ზეციდან ღრუბელთა ზედა. ხოლო ღვინო გარდაიქცევა და გარდაარსდება უფლის ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც ჯვარზე მისი ვნების დროს დაითხია ქვეყნის ცხონებისათვის; კვალად გვწამს, რომ პურისა და ღვინის კურთხევისას რჩება არა თავად პური და ღვინო, არამედ მათი სახით უფლის ხორცი და სისხლი".
ლუთერანული ევქარისტიის მეორე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თავისებურება ის არის, რომ ის არ აღიარებს ევქარისტიული მსხვერპლის მნიშვნელობას. ლუთერანებს მიაჩნიათ, რადგან ჭეშმარიტი მსხვერპლი ერთხელ და სამუდამოდ უკვე შეწირულია, ახალი შეწირვით მაცხოვრის მსხვერპლის მნიშვნელობა დამცირდება. "აუგსბურგის აღმსარებლობის" მიხედვით: "საიდუმლო იმისათვის კი არ დაწესდა, რათა მსხვერპლი ცოდვისათვის იქნეს გაღებული (მსხვერპლი უკვე გაღებულია), არამედ იმისათვის, რომ გამოვაცოცხლოთ ჩვენი რწმენა და სინდისი დავიმშვიდოთ... ამიტომ საიდუმლო მოითხოვს რწმენას და რწმენის გარეშე საიდუმლო არ არსებობს. ლუთერანულ აზროვნებაში ეს შეხედულება ჩამოყალიბდა და განვითარდა შუა საუკუნეების კათოლიკურ ეკლესიაში ევქარისტიის უკიდურესად ბოროტად გამოყენების მომძლავრებული პრაქტიკის გამო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ევქარისტია დაუმსახურებელი მადლის ძიების, სურვილების აღსრულების, ღვთის გულის მოგების საშუალებად გადაიქცა. კათოლიკურ უხეშ შეცდომებთან ბრძოლაში ლუთერანულმა საიდუმლომ დაკარგა თავისი ჭეშმარიტი სახე, გამომხსნელი ქმედების შინაარსი და ამ შეცდომებმა მორწმუნეები იესო ქრისტეს მიერ გაღებულ ჭეშმარიტ, გამომხსნელ მსხვერპლს ჩამოაცილა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმაციის მამებს ევქარისტია არაერთხელ მოუხსენებიათ როგორც მადლიერების საიდუმლო. ეს ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, რადგან მართლმადიდებლობაში ევქარისტიისადმი ასეთი დამოკიდებულება სრულად არის შემონახული და კათოლიკური ეკლესიის მსგავსად ევქარისტიული მსხვერპლი ცოდვით გამოწვეული სასჯელისგან თავის გადარჩენის საშუალებად არ გადაქცეულა.