რაკი ადამიანი გონიერი არსებაა, ამიტომ არის კიდეც ბატონ-პატრონი თავისი მოქმედებისა
შესახებ იმისა, რაც ხდება-აღსრულდება
ყოველივე იმისგან, რაც ხდება ჩვენს თავს, ერთი რამ ჩვენს ხელთ არის, ჩვენს ხელმწიფებას ექვემდებარება, სხვა რამ კი - არ არის ჩვენს ხელთ. ჩვენს ხელთაა ყოველივე ის, რისი ქმნა თუ არქმნა ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს ხელთაა ყოველივე ის, რასაც ჩვენ ნაბაყოფლობით ვიქმთ, რამეთუ ისეთი შემოქმედება, რომლის ქმნა თუ არქმნა ჩვენს თავისუფალ ნებაზე არ არის დამოკიდებული, არ შეიძლება იწოდოს ჩვენს ხელთ არსებულად, ანუ ისეთად, რაც ხელგვეწიფება. ერთი სიტყვით, ჩვენს ხელთაა ყოველივე ის, რასაც ახლავს გაკიცხვა და შექება და რასაც განეკუთვნება აღძვრა და სჯული. საკუთარი მნიშვნელობით ჩვენს ხელთაა და ხელგვეწიფება ყოველივე ის, რაც ჩვენს სულს შეეხება, ანუ რაც ჩვენს შიგნით ხდება და ყოველივე ის, რასაც ჩვენ მოვიფიქრებთ და განვსჯით. მოფიქრება ხდება თანაბრად შესაძლებელ მოქმედებათა გამო. მოქმედებანი თავის მხრივ, თანაბრად შესაძლებელია მაშინ, როცა ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული როგორც ერთი მოქმედების აღსრულება, ასევე სხვა მოქმედებისაც, პირველის საწინააღმდეგოსი. მოქმედებით არჩევანი ხდება გონების მიერ და ამიტომ იგია დასაბამი მოქმედებისა. ამრიგად, ჩვენს ხელთაა ყოველივე ის, რის ქმნა თუ არქმნა ჩვენ თანაბრად შეგვიძლია; მაგალითად, ერთნაირად შეგვიძლია ვიმოძრაოთ ანდა არ ვიმოძრაოთ, ვესწრაფოთ რაიმეს და არ ვესწრაფოთ, ვინატროთ ანდა არ ვინატროთ ის, რაც აუცილებელი არ არის, ვიცხოვროთ ანდა არ ვიხოვროთ, გავცეთ თუ არ გავცეთ, გვიხაროდეს თუ არ გვიხაროდეს ის, რაც სასიხარულოა, ანდა გვიხაროდეს თუ არ გვიხაროდეს ის, რაც არ არის სასიხარულო და კიდევ სხვა მრავალი ამის მსგავსი საქციელი, სათნო თუ ბიწიერი; რამეთუ ყოველივე ამაში თავისუფალნი ვართ, ანუ თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული ერთს რასმე მოვიმოქმედებთ თუ სხვას - მისგან განსხვავებულსა და საპირისპიროს. შესაძლებელ მოქმედებათა რიცხვს განეკუთვნება აგრეთვე ხელოვნებანი, რადგან ჩვენს ხელთაა ანუ თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, ხელოვნების რომელ დარგს ავირჩევთ ან არ ავირჩევთ. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედების არჩევანი ყველთვის ჩვენს ხელთაა. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ და არცთუ იშვიათად, ჩვენს ამა თუ იმ მოქმედებას შეაჩერებს ან არ დაუშვებს ხოლმე რაღაც საგანგებო ზემოქმედება საღმრთო განგებულებისა.
რა მიზეზია, რომ თავისუფალი ნებისანი გავჩნდით
ვამტკიცებთ, რომ თავისუფლება გონებასთან არის დაკავშირებული და რომ ყოვლი ქმნილებისთვის დამახასიათებელია ცვლილება და გარდაქმნა. მართლაც, ყოველივე, რაც სხვისგან წარმოშობილია, ცვალებადია, უსათუოდ ცვალებას უნდა იყოს დაქვემდებარებული ის, რასაც არსებობა (თავისი დასაბამი) ცვლილების შედეგად მიუღია. ცვლილება მაშინ ხდება ხოლმე, როცა რაიმე არარსებობიდან არსებობას იწყებს. ანდა როცა მოცემული ნივთიერებიდან რაღაც სხვა ნივთიერება წარმოიქმნება. მაგრამ აქ გადმოცემული სხეულებრივი ცვალებადობის წესით იცვლებიან მხოლოდ განუსულიერებელი საგნები და არაგონიერი ცხოველები; გონიერი არსებანი კი ნებისმიერად ანუ თავიანთი თავისუფალი ნებით იცვლებიან. გონიერ არსებას, როგორც ვიცით, ორი უნარი აქვს: შემეცნებითი და ქმედითი (სამოქმედო). შემეცნებითი უნარი იწოდება თეორიულ (განყენებულ) გონიერებად, ქმედითი უნარი კი პრაქტიკულ გონიერებად. შემეცნებით უნარს სხვაგვარად სიბრძნესაც უწოდებენ, ქმედით უნარს კი - კეთილგონიერებას. ამრიგად, ყოველი ადამიანი, ვინც მოიფიქრებს და განსჯის თავის მოქმედებებს, რადგან მოქმედების არჩევანი მის ნებაზეა დამოკიდებული, იმისათვის მოიფიქრებს მათ, რომ ასეთი მოფიქრებით გადაწყვიტოს - რა აირჩიოს და როცა აირჩევს, აღასრულოს კიდეც. თუ ეს ასეა, მაშინ გონიერ არსებას აუცილებლად უნდა მიეკუთვნოს ნების თავისუფლება, რადგან სხვა შემთხვევაში იგი გონიერი აღარ იქნებოდა, ხოლო რაკი გონიერი არსებაა, ამიტომ არის კიდეც ბატონ-პატრონი თავისი მოქმედებისა, და ამის გამო თავისუფალი. აქედან გამომდინარე, არაგონიერი არსებანი არ არიან თავისუფალნი, რადგან მათ ბუნება წარმართავს და არა პირიქით. ამიტომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ბუნებრივ ნდომა-სურვილთ და როგორც კი ისურვებენ რაიმეს, უმალ მოქმედებას ესწრაფვიან. ადამიანი კი, როგორც გონიერი არსება, თვით წარმართავს ბუნებას, ვიდრე პირიქით. ამიტომ, როცა რაიმეს მოისურვებს, თავისუფალი ნებისდა მიხედვით, შესაძლებლობა აქვს ჩაიკლას ეს სურვილიც, ანდა დაემორჩილოს. ამავე მიზეზის გამო არაგონიერი არსებანი არ იმსახურებენ არც გაკიცხვას და არც შექებას თავიანთი მოქმედებებისათვის; ადამიანს კი აქებენ ან კიცხავენ და პასუხს აგებინებენ ამა თუ იმ საქციელისთვის. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ანგელოზები, როგორც გონიერი არსებანი, თავისუფალნი არიან და როგორც ქმნილებანი - ცვალებას დაქვემდებარებულნი. ეს კარგად ჩანს ეშმაკის მაგალითზე, რომელიც შემოქმედმა კეთილ ანგელოზად შექმა. აგრეთვე მასთან ერთად დაცემულ ძალთა ანუ დემონთა მაგალითზე, რომელნიც ასევე კეთილად შეიქმნენ და შედმეგ იცვალნენ ბოროტისაკენ, მაშინ როცა სხვა წოდებანი ანგელოზებისა სიკეთესი ჰგიებენ.
წინასწარცნობისა და წინასწარგანსაზღვრულობისათვის
უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა ყოველივე წინდაწინვე უწყის, მაგრამ წინდაწინ ყოველივეს როდი განსაზღვრავს. იგი წინათვე ხედავს ყველაფერ იმას, რაც ჩვენს ხელთაა და რაც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ წინდაწინვე არ განსაზღვრავს, რადგან მას არ სურს არც ის, რომ იძულებით ვქმნათ ქველის საქმენი დ არც ის, რომ ჩვენში ბიწიერება იყოს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინათგანსაზღვრულობა ღმერთის ნებიდან მომდინარეობს და მისი ბრძანების საქმეა და იგი წინათმცნობელობას ეფუძნება. მაგრამ წინასწარმცნობელობის გამო ღმერთი წინასწარ განსაზღვრავს ყოველივე იმას, რაც არ არის ჩვენს ხელთ, რამეთუ თავისი წინასწარმცნობელობით ღმერთმა წინათვე განაჩინა ყოველივე ისე, როგორც ამას მისი სახიერება და სამართლიანობა მოითხოვდა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სათნოება ჩვენს (ადამიანურ) ბუნებასთან ერთად მოგვეცა ღმერთისგან და ამიტომ თვით ღმერთია დასაბამი და მიზეზი ყოველი სიკეთისა, მისი თანადგომისა და შეწევნის გარეშე არ ძალგვიძს არც მოსურვება და არც ქმნა სიკეთისა. მაგრამ ჩვენს ხელთა, ანუ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ან ამ სათნოებაში დავრჩეთ და ღმერთს მივდიოთ, რომელიც სწორედ ამას მოგვიწოდებს, ანდა მოვშორდეთ სათნოებას, ანუ მანკიერად ვიცხოვროთ და ეშმაკს შევუდგეთ, რომელიც იძულების გარეშე სწორედ ამისკენ ანუ ბიწიერი ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს. ბიწიერება სხვა არაფერია, თუ არა სათნოების მოკლება, მსგავსად იმისა, როგორც სიბნელე სხვა არაფერია, თუ არა სინათლის მოკლება.
სინანული არის ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობიდან ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება ანუ ეშმაკისაგან ღმერთთან დაბრუნება, რაც მოსაგრე ცხოვრებითა და გულმოდგინე შრომით აღესრულება.
ადამიანი ღმერთმა (პირველად) მამაკაცად შექმნა, მიანიჭა რა მას თავისი საღმრთო მადლი და ამ მადლის ძალით განუჩინა თავისთან ერთობა და თანაზიარობა. სწორედ ამ მადლის მიერ ადამიანმა, როგორც მეუფემ, სახელები მისცა ცხოველებს, რომელებიც ღმერთმა მას დაუქვემდებარა, რამეთუ შეიქმნა ხატად და მსგავსად ღმრთისა, შემოსილი გონიერებით, აზრით და თავისუფალი ნებით და ამის გამო, ბუნებრივია, მიიღო ხელმწიფება ამქვეყნიურ არსებებზე და სხვა დანარჩენზეც ამქვეყნად ყველასთვის საერთო შემოქმედისა და მეუფისაგან.
რადგან ყოველთა წინათმცნობელმა ღმერთმა უწყოდა, რომ ადამიანი შესცოდავდა და ხრწნილებას ეწეოდა, ამიტომ თვით ამ ადამიანისგან მისთვის ცოლიც შექმნა - დედაკაცი, შემწე და მსგავსი მამაკაცისა. მამაკაცის შემწე ცოლი იმაში უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანის მოდგმა შეცოდების შემდგომ შობის გზით მემკვიდრეობითად გაგრძელებულიყო და შენარჩუნებულიყო. აკი ვიცით, რომ თავდაპირველი გაჩენა ადამიანისა ქმნად იწოდება, და არა - შობად. რამეთუ ქმნა არის თავდაპირველი გაჩენა ადამიანისა ღმრთისაგან, შობა კი მემკვიდრეობითი წარმოშობა ერთი ადამიანისა სხვისაგან და იმ დროიდან მოყოლებული, როცა ადამიანი დაისაჯა და სიკვდილს ეწია შეცოდებისათვის.
ღმერთმა ადამიანი სამოთხეში დაასახლა, რომელიც ერთდროულად სულისმიერიც იყო და გრძნობისმიერიც. ხორციელად ადამიანი გრძნობისმიერ სამოთხეში იმყოფებოდა, მიწაზე, სულიერად კი ანგელოზებს ესაუბრებოდა, საღმრთო საქმეთ მოიმოქმედებდა და ამით საზრდოობდა.
ხოლო რადგანაც ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნებით შემოსა, ამიტომ მცნებად დაუდო - არ ეჭამა ხისგან შემეცნებისა. ღმერთმა ეს მცნება დაუდო ადამიანს და აღუთქვა, რომ თუკი ის დაიმარხავდა სულიერ ღირსებას და შეასრულებდა მის ნებას, მაშინ საუკუნო ნეტარებას ეზიარებოდა და სიკვდილზე აღმატებული დაუსრულებლად იცხოვრებდა. თუკი ის სულს დაუქვემდებარებდა სხეულს და სულიერი სიამეების ნაცვლად ხორციელ ტკბობას აირჩევდა, მაშინ გახრწნას დაქვემდებარებული სიკვდილს ეწეოდა და იძულებული გახდებოდა, ოფლითა და შრომით მოეპოვებინა პური არსობისა. მართლაც, ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცდურისგან გამოუწვრთნელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან სხვაგვარად იგი ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის გმობას მიემთხვეოდა. ვიცით, რომ ნებაყოფლობითი დაცემის შემდგომ მოუნანიებელი დარჩა და უცვლელად დამკვიდრდა ბოროტებაში. ამის შესაბამისადვე, ანგელოზებიც, ნებაყოფლობით აირჩიეს რა სათნოება, საღმრთო მადლის შემწეობით შეურყვნელად დაემკვიდრნენ სიკეთეში... როცა შეცოდების (მცნების დარღვევის) შედეგად ადამიანი უფრო ნივთიერებისკენ მიიდრიკა და როცა გონება განეშორა თავის მიზეზს, ე.ი. ღმერთს, მაშინ გაიხრწნა, უვნებო არსებისაგან ვნებებს დაქვემდებარებულ არსებად შეიქმნა, უკვდავისაგან - მოკვდავად, შეიძინა საჭიროება ქორწინებისა და ხორციელი (წარმავალი) შობისა, სიცოცხლის წყურვილის გამო დაემონა ხორციელ სიამეთ, როგორც რაღაც უცილებელს სიცოცხლისათვის, და ვინც ეცდებოდა მოეკლო იგი ამგვარ სიამეთაგან, შეუპოვარი სიძულვილი შეაგება; ყოველივე ამის გამო ადამიანის სიყვარული ღმერთის სანაცვლოდ ნივთიერს (ამქვეყნიურს) მიექცა, ხოლო თავისი რისხვა მან ნამდვილი მტრის ნაცვლად, ადამიანის ხსნის მოწინააღმდეგის ნაცვლად თავისივე მსგავს ადამიანებს შეაგება. ასე იძლია ადამიანი ეშმაკის შურით, რამეთუ შურით აღვსებული მოძულე სიკეთისა - ეშმაკი - თვით საკუთარი თავის ამპარტავნებით ამაღლებისათვის ქვე დამხობილი ვერ ითმენდა იმას, რომ ჩვენ (ადამიანებს) უზენაეს სიკეთეთათვის მიგვეღწია. ამიტომ ამ მტყუვარმა აცდუნა საწყალობელი ადამი იმით, რომ იმედი შთაუნერგა, შენც ღმერთის მსგავსი შეიქმნებიო და ასე აღიყვანა საკუთარი (ეშმაკისებრი) ამპარტავნებით სიმაღლემდე, დასცა და ისეთივე უფსკრულში შთააგდო დაცემისა, როგორშიც თვით არის გადავარდნილი.
იოანე დამასკელის "ზუსტი გადმოცემა
მართლმადიდებელი სარწმუნოებისა" მიხედვით
მართლმადიდებელი სარწმუნოებისა" მიხედვით