პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2
თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ნაწილი 2
თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მოძღვრება ღვთის შემეცნების შესახებ
(გაგრძელება)
მას შემდეგ, რაც ღვთაებრივი პიროვნების რეალურობაში დავრწმუნდით, შეგვიძლია წმინდა სამების შესახებ ვისაუბროთ. ძე ღმრთისა - ქრისტე ბრძანებდა, რომ მას ჰყავს მამა. გარდა ამისა, სახარებაში მუდმივად მოიხსენიება სულიწმიდა. ღმერთი სამების ერთი საერთო ბუნების ფილოსოფიური კატეგორიებით დასაბუთება შეუძლებელია, მაგრამ ასევე ამ თეზისის უარყოფაა შეუძლებელი, რადგან ეს ისეთი უცილობელი რეალობა და ცოცხალი ცხოვრებისეული ფაქტია, რომელიც უშუალოდ ადამიანური გამოცდილებიდან მომდინარეობს. სწორედ ამიტომ ამტკიცებდნენ კაპადოკიელები დაჟინებით ერთი ბუნების მქონე ღმერთის სამპიროვნულობას - მათთვის ეს სრულიად უდავო ჭეშმარიტება ახალაღთქმისეულ ცოცხალ გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული. საჭირო გახდა ფილოსოფიური იდეებისა და რაციონალური არგუმენტების მოყვარული ბერძნებისათვის ამ გამოცდილების გაზიარება, სწორედ ამ გზაშესაყარმა წარმოშვა ახალნიკეური ღვთისმეტყველება, რომელშიც ღმერთი, როგორც სამი იპოსტასის ერთობლიობაა წარმოდგენილი. ამასთან, საჭირო იყო იმის განმარტებაც, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი "იპოსტასი" იმ შინაარსს აღარ ატარებდა, როგორადაც მას არისტოტელე განიხილავდა. კაპადოკიელების სწავლებაში იპოსტასი "პირველარსს" აღარ წარმოადგენს, ის სახეა და ისეთი "არსია", რომელიც იმას შეესაბამება, რასაც აროსტოტელე "მეორე არსს" უწოდებდა. სამების სამივე იპოსტასისათვის ეს საერთო გაგებაა და ასევე ყოველ იპოსტასს თავისი პიროვნული ხასიათი გააჩნია (ამ საკითხთან დაკავშირებით ნახეთ თავი ბასილი დიდის შესახებ). (გაგრძელება)
ბერძნულ პატრისტიკურ ლიტერატურაში ღმერთის ბუნების შესახებ საუბარი ჯერ სამი ღვთაებრივი პირის მყოფობის მტკიცებით იწყება და მათი არსობრივი ერთობა მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება. ამგვარი ლოგიკური თანმიმდევრობა იმით არის გამოწვეული, რომ აღმოსავლელი მამებისათვის ყოველგვარი მტკიცების საწყისს ყოველთვის ღმერთთან ისეთივე პირადი შეხვედრა წარმოადგენდა, როგორზეც იყო აგებული ცოცხალი ღმერთის ძის - ქრისტეს მიმართ გამოვლენილი მოციქულ პეტრეს რწმენა. ღვთაებრივი ბუნება თავისი არსით ტრასცენდენტურია, მის შესახებ მტკიცებულებათა გამოყენება, გარკვეული თვალსაზრისით, სპეკულაციურია, ანუ ჩვენი ნაფიქრალის ნაყოფია და არ არის რეალური გამოცდილება. თუმცა მტკიცება აუცილებელია, რადგან ჩვენ გვწამს ერთარსი სამება, რომელიც ერთი ღმერთია. სწორედ ამიტომ იყო, რომ კაპადოკიელები ცდილობდნენ, დაბალანსებული სწავლება ეპოვათ ერთარსი სამი იპოსტასის შესახებ. ტერმინი ერთარსი სწორად გამოხატავდა "არსთა ერთობას", მაგრამ საკმარისი მაინც არ იყო, რადგან თავად გაგება "არსი" აუხსნელი და მიღმიერი რჩებოდა. შესაბამისად, მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა, ჩვენი რწმენის საწყისის - სამი იპოსტასის, სამი ღვთაებრივი პირის შესახებ განმარტებითი საუბარი.
სამებიდან ერთარსობისკენ, - სწორედ ეს არის კაპადოკიური ინტუიცია, რომელიც მემკვიდრეობით მთელმა აღმოსავლურმა ქრისტიანულმა ტრადიციამ მიიღო. ღმერთისადმი მიპყრობილი ასეთი ცოცხალი რწმენა, სრულიად განსხვავებულია ღმერთის თანამედროვე დასავლური გაგებისაგან. საშუალო დასავლელი ქრისტიანი (მით უმეტეს პროტესტანტი) სრულიად საპირისპიროდ ფიქრობს: მას ღმერთი სწამს ზოგადად; მიიჩნევს, რომ მის სამპიროვნულობაზე ფიქრი სრულიად ზედმეტი ტვინისჭყლეტაა და თავად ეს იდეა წარსულის გადმონაშთად მიაჩნია. გაგებას "ღმერთი საერთოდ" ან ღმერთი ზეციური მამა - დეიზმი ეწოდება და ის დასავლეთში რაციონალისტურ აზროვნებასა და ჰუმანიზმის განვითარებასთან ერთად XIII საუკუნეში ჩაისახა. ერთი სიტყვით, აღმოსავლურ და დასავლურ მიდგომებს შორის განსხვავება შეიძლება დახასიათდეს, როგორც განსხვავება ღმერთის შესახებ რაციონალურ, აბსტრაქტულ-ფილოსოფიურ თვალსაზრისსა და ჭეშმარიტ-ქრისტიანულ, ანუ გამოცდილებით, ბიბლიურ, შეიძლება ითქვას, მისტიკურ (მისტიკურში იგულისხმება არა ირაციონალურობა, არამედ ის, რომ ღმერთთან ყოველი შეხვედრა თავისთავად მისტიკური ხასიათის მატარებელია) გაგებას შორის.
ბერძნების წინაშე კაპადოკიელებს სამების რწმენა რომ დაეცვათ, მამებს რაც შეიძლება ხშირად უნდა ესარგებლათ ფილოსოფიური კატეგორიებით, რადგან ბერძნებს სხვაგვარად აზროვნება არ შეეძლოთ. აი, როგორ საუბრობს გრიგოლ ღვთისმეტყველი "წმინდა სამების შესახებ":
ახლა შენ ამ აღმსარებლობას მოგანდობ, ემბაზში მასთან ერთად შთაგფლავ და მასთან ერთად ამოგიყვან. ეს აღმსარებლობა, ეს ერთიანი უფალი და ერთიანი ძალა, რომელიც სამთა ერთობაშია და რომელიც ბუნებისა და არსის განუყოფელად სამს გაცალცალკევებულად მოიცავს, რომელიც მომატებითა და მოკლებით არც იზრდება და არც მცირდება, როგორც ერთიანი მშვენიერება და ზეციური სიდიადის ერთიანობა ყველგან სწორი და იგივეა, ის მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შენი მეოხი და მეგობარი იქნება. ის არის სამი მარადისმყოფის უსასრულობა, სადაც ყოველი გონითჭვრეტადი თავადვე არის, ის არის ღმერთი, მამა და ძეა, ძეა და სულია წმიდა, მათგან ყოველი თავისი თვისებებით თვითმყოფადი პიროვნებაა და ეს სამი გონითწვდომადი ერთად არიან, - ასევე ღმერთი; პირველი ერთარსობის, ხოლო ბოლო ერთსაწყისობის გამო. ვერ მოვასწრებ ერთის გააზრებას - ვბრწყინდები სამით. ვერ მოვასწრებ სამის გაცალკევებას - უკვე ერთიანში ვარ ამაღლებული. როდესაც სამის ერთიანობა წარმომიდგება, ერთიანობას ვეთაყვანები. ის ავსებს ჩემს ჭვრეტას, სხვა ყველაფერი მზერას გაურბის. მე არ ძალმიძს დავიტიო დანახული დიდებულება და ამიტომ სხვა დანარჩენთან შეხებისათვის უძლური ვხდები. როდესაც ჩემი გონებისთვალი სამს აერთიანებს, ისეთ ერთიან ნათელს ვჭვრეტ, რომლის არც ერთიანობის გაზომვა და არც გაყოფა არ შემიძლია.
წმინდა გრიგოლისათვის ღვთის სამპიროვნულობის მტკიცებულება ჩვენი ნათლობის უშუალო გამოცდილებაა. მისთვის სიტყვა "პირი" (იგულისხმება პიროვნება) და "იპოსტასი" ღმერთის ნამდვილი სახელებია და არა ფილოსოფიური კატეგორიები:
როდესაც ვამბობ სიტყვას "ღმერთი", თქვენ ბრწყინდებით ერთიანი სამებრივი ნათლით - სამებრივით, ანუ ყოველი მათგანის სპეციალური ან იპოსტასური (თუ ვინმეს სურს ასე უწოდოს) თავისებურებებით, ან სამი პირით (როდესაც სიტყვებს ერთი და იგივე აზრამდე მივყავართ, სახელების გამო ნუ ვიდავებთ), - პირების ერთიან არსთა გაგებასთან და შესაბამისად ღმერთთან მიმართებაში. ღმერთი განიყოფა, ასე ვთქვათ, განუყოფელად და შეირწყმის განუყოფლად, რადგან ღვთაება სამერთობაა და ერთიანი არსია სამთა, რომლებშიც ღვთაებაა ან, უფრო ზუსტად, რომლებიც ღვთაებრივ არსს წარმოადგენენ.
(XXXIX სიტყვა)
როგორც ვხედავთ, აქ წმინდა გრიგოლი კვლავ იმას ამბობს, რომ სამი პირი ის ძირითადი რეალობაა, რომელსაც ჩვენი რწმენა ღმერთში ხედავს. ეს სამი პირია რომელიც "ფლობს" ღვთაებრიობას ("რომლებშიც ღვთაებრიობაა") - ლოგიკას კვლავ სამიდან ერთობისკენ მივყავართ. ქვემოთ იმის შესახებ გვექნება საუბარი, ნეტარი ავგუსტინეს გამოჩენასთან ერთად, როგორ აღდგება დასავლურ ქრისტიანულ აზროვნებაში ფილოსოფიური მიდგომა, გაჩნდება თეზისი: არის ერთი ღმერთი, რომელშიც სამი პიროვნება მხოლოდ სპეკულატიური თვალსაზრისით შეიმეცნება.
სწავლება სულიწმიდის შესახებ
წმინდა ბასილისგან განსხვავებით, რომელმაც სულიწმიდის შესახებ მთელი წიგნი დაწერა და მას ღმერთი არც ერთხელ არ უწოდა, წმინდა გრიგოლმა სულიწმიდა ღმერთად პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად გამოაცხადა. გამორიცხული არ არის, რომ წმინდა გრიგოლის ასეთი დაჟინებულობა ბასილი დიდსა და მას შორის ფარული პოლემიკით ყოფილიყო გამოწვეული. წმინდა გრიგოლი თავისი მეგობრის ყველა მოსაზრებას ბოლომდე არ იზიარებდა, მაგრამ არ აკრიტიკებდა მის თვალსაზრისებს და ამავე დროს თავის პოზიციებზეც ყოველთვის მყარად დგომას ახერხებდა. წმინდა გრიგოლის მიხედვით, წმინდა სული არის მამისა და ძის ერთარსი ღმერთი, სამების მესამე წევრი. სამების სამი პირი განისაზღვრება ე. წ. მახასიათებლებით ან ერთმანეთთან მიმართებაში გამოვლინებადი თავისებურებებით. ყოველი იპოსტასი ერთი და იგივე ღვთაებრივი არსის პიროვნული გამოვლინებაა და ამიტომ ყოველი მათგანი საკუთარი პიროვნული თავისებურებებით ხასიათდება:
მამა არის მამა და ამავე დროს, რადგან მის საწყისს არავინ და არაფერი არ წარმოადგენს, ის არის დაუსაბამო. ძე არის ძე და რადგან ის მამისგანაა, არ არის დაუსაბამო. თუ ძის საწყისობას დროსთან მიმართებაში განვიხილავთ, ძეც დაუსაბამოა, რადგან დროის შემოქმედის დასაბამი არ შეიძლება დროში განიხილებოდეს. სული არის ჭეშმარიტად სულიწმიდა, რომელიც მამისგან მომდინარეობს, მაგრამ არა როგორც ძე, რადგან მომდინარეობს არა დაბადებით, არამედ, თუ საჭიროების შესაბამისად ახალ სიტყვას გამოვიყენებთ, გამომავლობით. ამავე დროს, არც მამა არ არის მოკლებული შობილობას, რადგან მამამ შვა და არც ძე - დაუბადებლობას, რადგან ის დაუბადებელისგან არის შობილი... სულიწმიდა არც მამად შეიცვლება და არც ძედ, რადგან (ის) გამოვალს და თანაც იმის გამო, რომ (ის) ღმერთია, თუმცა ასე არ ფიქრობენ უღმერთოები. პიროვნული თავისებურება შეუვალია, სხვაგვარად, თუ ის რაიმეს მიუერთდება ან რაიმედ გადაკეთდება, როგორ შეიძლება მივიღოთ მისი პიროვნულობა?
ამრიგად, მამა არის ძის მამა, ძე - ძე მამისა, სული - სული ძისა, რომელიც მამისაგან გამოვალს. რადგან სული ღვთაებრივი წყაროდან არის გამომავალი, ის ქმნილი არ არის. რადგან ის არ არის შობილი, ის ძე არ არის. ის დაუსაბამო მამასთან და შობილ ძესთან ერთად ცხოვრობს და მათთანა აქვს საერთო არსი.
იმის ახსნა თუ რა არის "გამომავლობა" და ღვთაებრივ პირთა შორის განსხვავების საიდუმლოს სიტყვებით გამოხატვა ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. ასეთი აღწერები ყოველთვის მიახლოებითია, წმინდა გრიგოლს რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმოდა. წმინდა სამების მისეულ აღწერაში გამორჩეულად მნიშვნელოვანი შემდეგი მომენტი იყო: ღვთის ერთობა არა მხოლოდ მის ერთარსობაზე იყო დამყარებული, არამედ მამის მონარქიაზეც (ერთსაწყისობაზეც), ეს კი ნიშნავს, რომ მამის, ძისა და სულის პიროვნული ერთადერთობის ერთი საწყისი მამაა. ეს ერთსაწყისობა არ არღვევს ღვთაებრივი პიროვნებების თანაბრობას, რადგან აქ დაქვემდებარება ურთიერთმიმართებითია და არა არსობრივი.