წმინდა ექვთიმე კერესელიძე - 20 (02.02) იანვარი
წმინდა ექვთიმე კერესელიძე -    20 (02.02) იანვარი
წმინდა ექვთიმე 1865 წელს დაიბადა რაჭაში, სოფელ სადმელში სოლომონ და მართა კერესელიძეების ოჯახში. აქვე დაუმთავრებია სამრევლო სკოლა. დიდი გაჭირვების გამო იძულებული გამხდარა, რაჭა დაეტოვებინა და ლუკმაპურის საშოვნელად ბარში ჩამოსულიყო. ესტატე (ასე ერქვა ერისკაცობაში წმინდა ექვთიმეს) ჯერ ქუთაისში მუშაობდა, შემდგომ კი თბილისში. მალე გაიცნო წმინდა ილია მართლის ხაზინადარი და მოურავი მაქსიმე შარაძე. საინტერესო პიროვნება იყო მაქსიმე შარაძე, ყრმობიდანვე ღვთისთვის განეკუთვნებინა თავი, თუმცა ბერად ვერ აღიკვეცა, მაგრამ ბოლომდე დაიმარხა ქალწულების აღთქმა. იყო ძალზე პატიოსანი, შრომისმოყვარე, რითაც მალევე დაიმსახურა ილია ჭავჭავაძის ნდობა და ისიც ანდობდა მას სხვადასხვა საქმეს. მაქსიმეს დაკრძალვისას დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ ბრძანა, იგი თავისი დიდსულიერებით აღმატებული იყო ბევრ მღვდელსა და მღვდელმთავარზეო.

1882 წელს მაქსიმემ მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსა "უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავი", რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება იყო.

ეს ამბავი მივიდა ეგზარქოს პავლეს ყურამდე, ამა და იმ ადგილას შემდგარა ქრისტიანობის მოწინააღმდეგე გუნდიო. ეგზარქოსმა მაშინვე მისწერა ადგილობრივ ბოქაულს. წაიყვანეს მაქსიმე შარაძე და საპყრობილეში ჩასვეს; სამი დღის შემდეგ ეგზარქოსის ბრძანებით წარსდგა მაქსიმე მის წინაშე. ეგზარქოსი პავლე მაქსიმესთან გასაუბრებისას მიხვდა, რომ ეს ახალგაზრდები ჭეშმარიტი მართლმადიდებლები გახლდნენ. ნება დართო ეღვაწათ და ზედამხედველად ორი დეკანოზი დაუნიშნა. მათგან მხოლოდ პეტრე კონჭოშვილი (შემდგომში ეპისკოპოსი) მიდიოდა მათთან და ბევრს საჭიროსა და კარგს ასწავლიდა.

ერთხელ, გიორგობას, მაქსიმეს ქაშვეთში მოუსმენია მელქისედეკ ნაკაშიძისა და მისი გუნდის გალობისთვის და უთხოვია მელქისედეკისთვის, - ჩვენც გვასწავლეო. მელქისედეკ ნაკაშიძე მთაწმინდაზე ქართველთა სავანეში იყო განსწავლული და სრული მგალობელი გახლდათ. ახალგაზრდები მონდომებით შეუდგნენ სწავლას. მელქისედეკს დაემოწაფა ესტატე კერესელიძეც.

დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი ხშირად მოიყვანდა წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) და შემოსვლისთანავე გახარებული იტყოდა: გამარჯობა ჩვენო საქართველოს შვილებო! ქართველებო, გურულებო, იმერლებო, მეგრელებო და ოსებო! ეცადეთ, ეცადეთ! ხოლო დამხდომი მგალობლები, მათ შემოსვლისთანავე, ღირსა არსს უგალობდნენ და მერე დასხდებოდნენ სამუსაიფოთ...
ეპისკოპოსი ალექსანდრე მაშინვე წამოიძახებდა ხოლმე: აბა გურულებო, იმერლებო, ერთი "სული-გული" მიგალობეთ "სული-გულიო". შემდგომ ამისა სხვა რამეებს აგალობებდა და ამით ძლიერ გახარებული იყო. ბოლოს წასვლის დროს კიდევ ღირს არსის გალობის თქმით გაისტუმრებდნენ. ასე გრძელდებოდა მათი ცხოვრება:

ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ყმაწვილებმა ბევრი საგალობელი დაისწავლეს.

მართლაც მთელ "სულ-გულს" დებდა ესტატე ამ საქმეში. სწორედ ამან განამტკიცა მათი ძმობა. ერთმანეთს ეხიდებოდნენ ხარჯებში. 1890 წელს ექვთიმემ და მაქსიმემ ორი კაცი შეიამხანაგეს, სტამბა იყიდეს და პირობა დადეს, ყველას ემუშავა და სარგებელი საზოგადო საქმისთვის მოეხმარათ. თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, მისი კუთვნილი ქონება მის ამხანაგებს რჩებოდა. შეუდგნენ საქმეს. მათ სტამბაში წიგნების გარდა ილიას "ივერიაც" იბეჭდებოდა და სომხურ-რუსული გაზეთებიც. მაქსიმეს და ესტატეს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იმდროინდელ ქართველ ბერებთან საქართველოში თუ მთაწმინდაზე. ათონელი ქართველები ივერთა მონასტრის წიგნსაცავიდან გადმოწერდნენ წმინდანთა ცხოვრებებს, ღირს მამათა დარიგებებს და მათ უგზავნიდნენ დასაბეჭდად. 25 წლის განმავლობაში ამ სტამბაში 4000-მდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა დაიბეჭდა. მათ შორის 500-მდე დასახელების წიგნი საკუთარი ხარჯით გამოსცეს. მათ სტამბას ხალხი "ბერების სტამბას" უწოდებდა იქ მომუშავე ხალხის კეთილსინდისიერებისა და წმინდა ცხოვრების გამო.

1891 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ "ბერებს" უცხოეთიდან მობრუნებული ლა სკალას ყოფილი მომღერალი ფილიმონ ქორიძე გააცნო. რომ გაიგეს, ახალჩამოსულ ფილიმონს ბინაც არ ჰქონდა, შესთავაზეს, ოღონდ ნოტები გვასწავლე, ბინასაც მოგცემთ და სწავლაში ფულსაც გადაგიხდითო. ფილიმონმა ერთ თვეში ასწავლა ნოტები 12 მოწაფეს, მერე სიმღერებიც შეისწავლეს და სამი თვის თავზე კონცერტებშიც მონაწილეობდნენ. მესტამბეებმა ალექსანდრე ხახანაშვილის დახმარებით მოსკოვში ნოტების შრიფტი შეიძინეს და დაიწყეს იმ საგალობელთა ბეჭდვა, რომლებიც ფილიმონ ქორიძეს ცნობილ მგალობელთაგან მოსმენილი გადაეტანა ნოტებზე. მაქსიმემ და ესტატემ გადაწყვიტეს, საგალობლები თავიანთი ხარჯით დაებეჭდათ. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით, საქმეს შეუდგნენ. მათ სტამბაში დაბეჭდეს ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე გადაღებული ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების ექვსი კრებული, 1899 წელს - ძმები კარბელაშვილების მიერ ნოტებზე გადაღებული ქართლ-კახური კილოს საგალობელთა ორი კრებული. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ ცნობილი გურული მგალობელი ანტონ დუმბაძე. ის უკვე ძალზე მოხუცებული იყო და შიშობდნენ, ამდენი ცოდნა, ამდენი საგანძური მისი უეცარი სიკვდილის გამო არ დაკარგულიყო. მაქსიმემ და ესტატემ სთხოვეს ფილიმონ ქორიძეს, გარკვეული გასამრჯელოც გადაუხადეს და ანტონ დუმბაძესთან გააგზავნეს საგალობლების ჩასაწერად. ფილიმონი დიდი ხალისით შეუდგა საქმეს, ტფილისში სწერდა "ბერებს": "დღე და ღამე თავს ვიკლავ მეტისმეტით შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმებით". შიში გამართლდა, ანტონ დუმბაძე 1907 წელს გარდაიცვალა და მის მაგივრად გალობის წერა მისმა შვილმა, დეკანოზმა დავითმა და სვიმონ მოლარიშვილმა იტვირთეს. ეს საქმე 1910 წლისთვის დაამთავრეს და ესტატე კერესელიძეს ჩააბარეს. ამ დროს მაქსიმე უკვე ცოცხალი აღარ იყო.

უერთგულესი მეგობრის დაკარგვასთან ერთად სხვა განსაცდელებიც დაატყდა თავს ესტატეს - მარტოდ დარჩენილს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ, ერთხელ რამდენიმე ხელნაწერი კრებული ჩამოართვეს. ესტატე დარდით ავად გახდა, ამას დაემატა ყველა მესტამბისთვის ჩვეული ფილტვების სისუსტე და რომ არა რაჭიდან ჩამოსული ძმისშვილების მზრუნველობა, ვეღარ გადარჩებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ხელნაწერები მოიძია და აღმოჩნდა, რომ სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში მოხვედრილიყო, რომლის ხელმძღვანელი იმხანად ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ. ესტატემ სთხოვა ეს ხელნაწერები და გადმოიწერა.

მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ "შინაური საქმეების" რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, რომლებშიც დაბეჭდილი ფურცლები ინახებოდა. მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში, ხორცის გამყიდველთან.

მალევე, 1911 წელს, ბახმაროში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილიმონ ქორიძე და მისი 30 წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ესტატეს პასუხისმგებლობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგალობლების რეალური ფასი. ესტატე ამ დროს უკვე 47 წლის გახლდათ. დიდი ხანია ბერობა სურდა. მისი მოძღვარი წმინდა ალექსი შუშანია იყო, რომელიც სულიერად განაძლიერებდა ესტატეს. ერთხელ წიგნიც აჩუქა წარწერით: "მიიღე, საყვარელო ძმაო ესტატე, კლემაქსი ესე დოროთითურთ, ნიშნად ჩვენს შორის ქრისტესმიერი სიყვარულისა".

1912 წლიდან, იმერეთის ეპისკოპოსის, გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე მორჩილად შედგა გელათის მონასტერში, იმავე წლის 23 დეკემბერს კი იღუმენმა ანთიმოზმა (რობაქიძე) ბერად აღკვეცა წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე. 1913 წლის მაისიდან ბერდიაკონია. გელათში ყოფნისას მამა ექვთიმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. შეუდგა უმძიმეს საქმეს - ნოტების გადათეთრებას, ამას დავუმატოთ ისიც, რომ ოთხი წლის განმავლობაში მთავარდიაკონი გახლდათ და თითქმის ყოველდღე უხდებოდა მსახურება. 1917 წელს მამა ექვთიმეს მღვდლად დაასხეს ხელი.

1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის, კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმემ დასტამბა, ვინაიდან მაშინ ნოტების მცოდნე მესტამბე სხვა არავინ მოიძებნა. ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეკლესიის დევნა-შევიწროება სწორედ სოციალ-დემოკრატების ხელისუფლების დროს დაიწყო. ეკლესია-მონასტრებს მიწები და მატერიალური ქონება ჩამოართვეს. სწორედ ამ შეჭირვების ჟამს გელათის მონასტრის ძმობამ მამა ექვთიმე იკონომოსად გამოირჩია. მისი ნაროჭიკალით მონასტრის ძმობას არაფერი უჭირდა.

1921 წელს ბოლშევიკებმა მამა ექვთიმე დააპატიმრეს, მაგრამ ბრალი ვერაფერი უპოვეს და რამდენიმე თვეში გამოუშვეს. დადგა საშინელი ოციანი წლები. ირგვლივ ტერორია გამეფებული. მამა ექვთიმე კი ისევ თავის მაგიდას უზის და საგალობლებს ათეთრებს. ბერები საყვედურობდნენ: - დღე და ღამე წერ. ნეტავ რა სარგებლობა გაქვს? უფულოდ, ტყუილად შენს თავს რად უჭირვებო. წმინდა ექვთიმე პასუხობდა: - მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განძია, ეს ოქრო-ვერცხლსა და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროს მჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ.

1923 წელს მთავრობამ გელათის მონასტერი გააუქმა. მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მონასტრის დატოვებისთვის რამდენიმე დღის ვადა მისცეს. მამა ექვთიმემ მოასწრო და 40-მდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში, საიმედო ოჯახში გადამალა. დევნა რომ გამძაფრდა, გადაწყვიტა, ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას, სვეტიცხოვლის ტაძარში გადაემალა. წარმოიდგინეთ რამდენად ძნელი იქნებოდა ამ ხელნაწერების მცხეთამდე ჩამოტანა. ირგვლივ ადამიანებს ხოცავენ, ამ ხელნაწერებს კი მცველად თითქოს ანგელოზთა დასი მოჰყვება. მაშინ მამა ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. აქვე, წიგნთსაცავში მიაკვლია ძლისპირთა უძველეს კრებულს. გახარებულმა ჯერ წაიმღერა ეს საგალობლები, მერე კი ყველა სანოტო სისტემაზე გადმოიტანა.

1929 წელს მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განამწესეს, თან წაიღო ხელნაწერები და დიდი რკინის ყუთებით მიწაში ჩაფლა. რა ეშველებოდა 5532 საგალობელს? წმინდა ექვთიმეს გულისტკივილი დიდი იყო.

წმინდა ექვთიმეს ძმის შვილიშვილი 30-იან წლებს იგონებს: - ჩვენთან თვეში ერთი-ორჯერ მაინც მოდიოდა. მაშინ დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მთელი უბანი ეგებებოდა, როცა ბაბუა ქუჩაზე ამოდიოდა, ძალიან უყვარდათ, ის კი თავჩაღუნული, თავმდაბლად მოდიოდა. არ უნდოდა, მის გამო ვინმე შეეწუხებინათ, მაშინ ხომ ეკლესიას დევნიდნენ. ჩუმად ნათლავდა ხალხს. ამის გამო ჩვენს ოჯახს მადლობას უხდიდნენ. ჩვენს ოჯახში ექვთიმე ბაბუასთვის ერთი ოთახი იყო განკუთვნილი. კუთხეში ხატი ეკიდა. ღამე, როცა ავმდგარვარ, ბაბუას ყოველთვის დაჩოქილს ვხედავდი - ლოცულობდა. საერთოდ კი წვებოდა? მე ის ჩაძინებული არ მინახავს. მამა საყვედურობდა დედას: ამდენი ხანი რატომ არ გამოგიცვლია მისთვის საწოლის პირებიო. დედა კი პასუხობდა: ლოგინში არ წვება და რატომ უნდა გამოვუცვალოო. ძალიან ცოტას ჭამდა, თითქმის არ მინახავს მისი ჭამა. ღუღუნა ხმა ჰქონდა, რაჭული კილოთი დამრიგებლური, შთამაგონებელი საუბარი იცოდა. ძალიან მოსიყვარულე კაცი იყო და ბევრი სიცილი არ უყვარდა. დისშვილ-ძმისშვილებს სულ ქრისტიანული სახელები დაარქვა: მატრონა, ოლიმპია... ოთახში ერთი სკივრი იდგა, წიგნებით და სურათებით სავსე (სამწუხაროდ, მამა ექვთიმეს ნივთები დაიკარგა).

1935 წელს თბილისის მეტეხის მუზეუმის თანამშრომელს, დავით დავითაშვილს, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან - წმინდა იოანე მაისურაძესა და წმინდა იოანე გიორგი მხეიძესთან მწუხარებით უთქვამს, ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი საგალობლები დაიკარგაო. ღირს მამებს უთქვამთ, - საგალობლები ზედაზენზე ინახება მამა ექვთიმესთანო. გახარებული დავითი იმავე დღეს ზედაზენზე ავიდა და მამა ექვთიმეს ჰკითხა: რატომ აქამდე არ გვითხარი, საგალობლები თუ გქონდაო. უპასუხია, - იმიტომ, რომ მეშინია, არავინ დამეცეს, არ წამართვან, არ დაწვან და მეც ციხეში არ მიმცენ საეკლესიო საგალობლების დაწერისთვისო. როცა საგალობლებს გადახედა, გახარებულმა დავითმა მამა ექვთიმე თან წაიყვანა და ხელისუფლების წარმომადგენლები გააცნო. მალე პენსიაც დაუნიშნეს და პრემიაც გადასცეს. პენსიას 1940 წლის დასაწყისამდე იღებდა, მერე კი შეუწყვიტეს და მხოლოდ კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის დახმარებით აღუდგინეს. ბატონი გივი ასე იხსენებს ამ ამბავს: ერთხელ ბაბუა მოვიდა და მამაჩემს უთხრა: შინსახკომში მიბარებენ, რომ არ წავიდე, არ შეიძლება. არ ვიცი, როგორ მორჩება ეს საქმეო. მამაჩემმა გაამხნევა: წადი, კაცო, ნუ გეშინია, ჰოდა, ჩემთან, სახლში შევხვდებით, ხომ მოხვალო. წავიდა და საღამო ხანს მოვიდა. მამაჩემს გადაეხვია - დამიფასდა შრომა, მე, თურმე, დიდი ღვაწლი მიმიძღვის საქართველოს წინაშეო. მას შემდეგ უფრო თამამად იყო, თუმცა ხალხთან ურთიერთობას ძველებურად გაურბოდა (მათივე უსაფრთხოებისთვის)...

პატრიარქმა კალისტრატემ დაიბარა მამა ექვთიმე, მადლობა გადაუხადა ღვაწლისთვის და სთხოვა: ახლა ძველი მღვდლები თანდათანობით მიდიან იმქვეყნად და ის ძველი კილო სახარების წაკითხვისა, ლოცვისა, კვერექსის თქმისა იქნებ ჩაწეროთო. მამა ექვთიმეს თხოვნა შეუსრულებია. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: ათიან წლებში წმინდა ექვთიმეს საშინელი ხილვა ჰქონია, მაცხოვარს სამღვდელოებისთვის ძალზე მკაცრად მიუმართავს, უთქვამს, რატომ შეცვალეთ ჩემი სჯულიო... ეს ხილვა წმინდა ექვთიმეს (მაშინ ესტატეს) დაუწერია და ქაშვეთის ტაძრის წინამძღვრისთვის, კალისტრატესთვის (ცინცაძე) გადაუცია...

ამასობაში II მსოფლიო ომიც დაიწყო. ზედაზნის მონასტრის წინამძღვარ მამა მიქაელს (მანდარია) სანოვაგე მოჰქონდა ბერებისთვის, კომენდანტის საათის დარღვევა დააბრალეს და საგურამოს გზაზე მოკლეს. ახალგაზრდა ბერი პართენი (აფციაური) ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს, მოხუცი მწირი ბერი საბა (ფულარიანი) გარდაიცვალა. მარტოდმარტო დარჩენილ მამა ექვთიმეზე სამთავროს დედათა მონასტრის დედები ზრუნავდნენ. 1944 წლის ზამთარში მოძღვრის მოსანახულებლად ასულ მონაზონ ზოილეს (დვალიშვილი) და რამდენიმე დედას მამა ექვთიმე სარეცელზე მიჯაჭვული დახვდათ. მცირე ხანში მამა ექვთიმემ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. გადმოცემით, მას თავისი საფლავი წინასწარ გაუთხრია. ბატონ ლუარსაბ ტოგონიძეს უნახავს 50-იან წლებში ბორის კანდელაკის მიერ ზედაზენზე გამოშვებული ბროშურის ძველი ვარიანტი, სადაც მამა ექვთიმეს ახსენებს და იქვე მითითებული აქვს მისი საფლავის მდებარეობაც (დაკრძალულია ეკლესიის სამხრეთ კედელთანო).

აქვე აღსანიშნავია წმინდა ექვთიმეს სურათის პოვნის ისტორია, რომელიც უკვე მოგვითხრო ბატონმა ლუარსაბმა: - ხუთი წელიწადი ვეძებდი წმინდა ექვთიმე კერესელიძის ფოტოსურათს, ვიყავი მის შთამომავალთან, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჰქონდა ფოტო, სადაც მამა ექვთიმე კვერთხით ხელში ეკლესიის წინ მჯდარი იყო აღბეჭდილი, უკან კი ზედაზენი მოჩანდა, მაგრამ სურათი ვერ ვიპოვეთ. შევწუხდი. გავიდა ხანი. დიდუბის ტაძრის წინ ვიღაც გარუსებული ქართველისგან მაგარ ყდაში ჩასმული 1902 წელს გამოშვებული "კლემაქსი" ვიყიდე. იმ კაცმა იმავე წიგნის მეორე ეგზემპლარიც მომყიდა, ოღონდ დაშლილი. შინ მისულმა იმ დაშლილ წიგნზე აღმოვაჩინე წარწერა, რომელიც გვაუწყებდა, რომ წმინდა ალექსი შუშანია ამ წიგნს სჩუქნიდა თავის სულიერ შვილს ექვთიმე კერესელიძეს, იმხანად ჯერ კიდევ ესტატეს. იქვე იყო მინაწერი, რომელიც გვამცნობდა: იღუმენი ექვთიმე რომ გარდაიცვალა, წიგნი "ვიღაც სხვას ჩავარდნოდა ხელში და მე წიგნშივე გავუცვალე და აწ ჩემს სახელზე ირიცხება და თქვენც მომავალში, ვინც ღმერთმა ღირსად გამოგაჩინოთ ამ წიგნის პატრონობად, ლოცვაში გვიხსენიებდეთო". ხელს აწერს მამა პართენ აფციაური, იმხანად ჯერ კიდევ იეროდიაკონი. სხვათა შორის, ამ მინაწერით დადგინდა ექვთიმე კერესელიძის გარდაცვალების თარიღი და, რაც მთავარია, გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მამა პართენს ჰქონოდა მისი ფოტოც. ვინახულე მამა პართენის ნათლული, ვინც ყველაზე ახლოს იყო მასთან, მაგრამ უარით გამომისტუმრა. გავიდა წელიწადი, იგივე ქალბატონი შემხვდა და მისაყვედურა: ტელეფონი რატომ არ დამიტოვე, მაშინვე ეჭვი შემეპარა, შევამოწმე და ვიპოვეო, - და მამა ექვთიმეს ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოსურათი მომცა. ორი წლის შემდეგ კი სამთავროს დედათა მონასტერში აღმოვაჩინე მამა ექვთიმეს ის ცნობილი ფოტო".

წმინდა ექვთიმეს მდიდარი ბიბლიოთეკის ნაწილი სამთავროს მონასტერში გადაიტანეს. ახლაც იქ ინახება.

წმინდა ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივებმა მის "განძს" დაუწყეს ძებნა, თვით ეკლესიის ჭაშიც კი უჩიჩქნიათ მიწა. რა იცოდნენ, რომ მამა ექვთიმეს იქ ჰქონდა შენახული განძი, სადაც მპარავის ხელი ვერ შეეხება.

სიცოცხლის ბოლოს კოტე ფოცხვერაშვილისთვის მიუწერია: "ძმაო კოტე, ჩემთან კეთილმეგობრობასა და საუბარს ნუ დაივიწყებ და აგრეთვე ჩვენს დიდ ნაზრუნევ წიგნებს ყურადღება მიაქციე, რადგან მე ვიცვლები ამიერ წუთისოფლისგან და ქვეყნიდან, და სამუდამოდ ვშორდები ჩემს საყვარელ ძმებსა და მეგობრებს"... ეს "ანდერძი" ჩვენთვისაც არის განკუთვნილი. წმინდა ექვთიმეს კურთხევა იყოს მასზე, ვინც ამ "ანდერძს" ღირსეულად აღასრულებს.

ოხითა. ხმა დ გუერდი.

სავნებელთაგან უცხოქმნულმან, ექვთიმე, მოიმუშაკე სიმდაბლე ზესთააღმატებული, დაუცადებელი ლოცვაი ზესთააღმაღებული, ვინაი ღირსად გადიდა შენ ღმერთმან, ნიჭთა დიდთა მომცემელმან.

კონდაკი. ხმა ბ.

შურმან არა უწყის პატივი უმჯობესთაი, გარნა შენ, რჩეულო მხედარო უფლისაო, დაუზევდი შურსა მას სულგრძელებით, ვინაი გიღაღადებთ შენ: ჰოი მადლთა შენთა სიმრავლესა, ექვთიმე ნეტრეულო!

ტროპარ-კონდაკის ავტორი ნანა ლაზარაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat