პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2
თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ნაწილი 2
თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (ნაზიანზელი) დაიბადა 330 წელს, პატარა ქალაქ არიანზში, კაპადოკიის ქალაქ ნიზიანზის ახლოს, შემდეგ მას სწორედ ამ ქალაქის გამო ნაზიანზელი დაერქვა. გრიგოლის მამა, რომელსაც თავადაც გრიგოლი ერქვა ნიზიანზის ეპისკოპოსი იყო, ხოლო დედა, ნონა, ღვთისმოსავი ქრისტიანი ბრძანდებოდა. მშობლებმა გრიგოლი ბრწყინვალედ აღზარდეს. ჯერ ის კაპადოკიის კესარიაში სწავლობდა, მერე გადაიყვანეს პალესტინის კესარიაში, სადაც მოქმედებდა ორიგენეს დაარსებული სკოლა. შემდეგ მან განათლება ჯერ ალექსანდრიაში და ბოლოს, ათენში გააგრძელა. აქ შეხვდა და სამუდამოდ დაუმეგობრდა ბასილი დიდს. მეგობრის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სიტყვაში მან დიდი გრძნობით გაიხსენა ათენში სწავლისას ერთად გატარებული წლები.
"ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს, საკუთარი სურვილები და ჩვენი გრძნობის მთავარი საგნის - სიბრძნის მოყვარეობის შესახებ გავესაუბრეთ. ამის გამო ერთმანეთისათვის ამხანაგებიც, მეინახეებიც და ნათესავებიც გავხდით; ჩვენ საერთო მიზნები გვქონდა და ამიტომ განუხრელად ვიზრდებოდით ერთმანეთის სიყვარულში... წინსვლაში უფალიც გვეხმარებოდა და სიყვარულიც. ჩვენთვის სახარბიელო და საშურ სწავლებაზე თანაბარი იმედები გვქონდა. შური ჩვენგან შორს იყო, თუმცა მეტ გატაცებასა და გულმოდგინებას შეჯიბრობითობა გვმატებდა... ორივეს სხეულში ერთი სული შეიგრძნობოდა. ორივე ერთსა და იმავე - სათნოებაში ვიწაფებოდით, ერთი და იგივე ძალისხმევით ვცდილობდით ამქვეყნიურობას გავცლოდით და ამქვეყნიურობის უარმყოფელებს, მომავალი მარადიული ცხოვრების იმედით გვეცხოვრა... ჩვენ წინ ორი გზა იყო: ერთს - პირველსა და უმნიშვნელოვანესს ჩვენს ბრწყინვალე ტაძრამდე და იქაურ მასწავლებლებამდე მივყავდით; სხვა გზით - ეს ოყო მეორე და პირველთან შედარებით ნაკლებად ღირებული, გარე მეცნიერებათა მასწავლებლებთან უნდა წავსულიყავით. ჩვენი ერთადერთი და მთავარი საქმე კი იყო - ვყოფილიყავით ქრისტიანები...
("კაპადოკიის კესარიის არქიეპისკოპოსის, ბასილის დაკრძალვის დროს წარმოთქმული გამოსამშვიდობებელი სიტყვა").
გრიგოლმა ნათელიღო ათენში სწავლის დასრულების და შინ დაბრუნების მერე. მაშინვე გადაწყვიტა, ასკეტური ცხოვრების წესით ეცხოვრა. ბასილის მამის მამულში გრიგოლს და ბასილს ნახევრადმონაზვნური, ინტელექტუალური საზოგადოება სურდათ ჩამოეყალიბებინათ. ამავე საზოგადოების წევრი იყო შემდგომში ცნობილი ეგვიპტელი ასკეტი, ევაგრე პონტოელი.
გრიგოლი იყო დახვეწილი და ინტელექტუალური ახალგაზრდა. წერდა ლექსებს და ავტობიოგრაფიაც კი აქვს ლექსად დაწერილი. ამასთან, სუსტი და ერთობ ჭირვეული ხასიათი ჰქონდა, ზოგჯერ არათანმიმდევრულიც იყო. როდესაც 361 წელს გრიგოლს მამამ პრესვიტერობა შესთავაზა, ცივი უარი უთხრა. შემდეგ შეისმინა და შემოთავაზებას დათანხმდა, მაგრამ მეორე დღესვე (როგორც ჩანს, მოკლე ხნით) მთაში გადაიხვეწა. პრესვიტერად ყოფნის პერიოდში წმინდა გრიგოლმა, როგორც ბრწყინვალე ორატორმა და ღვთისმეტყველმა, მთელ მცირე აზიაში გაითქვა სახელი.
ამასობაში მისი მეგობარი ბასილი კაპადოკიის კესარიის არქიეპისკოპოსი გახდა და არიანელებთან ბრძოლაში ჩაება. იმისათვის, რომ არიანელების ქომაგ პრეფექტ მოდესტთან, რომელმაც კაბადოკია ბასილის იურისდიქციას ჩამოაშორა, დაპირისპირებაში მხარდამჭერი ჰყოლოდა, ბასილიმ ორ ქალაქში ეპისკოპოსებად თავისი ძმები გაამწესა, ხოლო სხვა ქალაქებში თანამოაზრე მეგობრებს ნიშნავდა. დაახლოებით 370 წელს ბასილიმ გრიგოლი მოიწვია და მას ეპისკოპოსობა შესთავაზა. ამ შემთხვევაში გრიგოლს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ის ქალაქ სასიმის ეპისკოპოსად აკურთხეს. წესის მიხედვით, ეპისკოპოსს იმ ქალაქში უნდა ეცხოვრა, სადაც დაინიშნა და წმინდა გრიგოლიც სასწრაფოდ გაემგზავრა სასიმში, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა. როგორც ჩანს, ასეთი დახვეწილი ინტელექტუალისათვის ეს მართლაც ძალიან არასახარბიელო ადგილი უნდა ყოფილიყო. აი, როგორ აღწერს იგი ქალაქ სასიმს:
კაპადოკიის დიდ გზაზე არის ადგილი, სადაც მგზავრები ყოვნდებიან. აქ ეს ერთი გზა სამად იყოფა, ეს არის მშრალი, უწყლო ადგილი, ბალახიც კი არ ხარობს. დასახლებაა მცირეოდენი და ჩაჟამული. აქ ვერ მიაკვლევ ვერანაირ კეთილმოწყობას... მტვერი, ეტლთა რაკუნი, ცრემლი, ღნავილი, იკრიფება გადასახადი, ხშირად ისმის წამებისა და ჯაჭვების ხმები: აქ ცხოვრობენ უცხო პირნი, მაწანწალები. ამგვარი იყო ეკლესია ჩემს სასიმიში.
("ლექსი, რომელშიც წმინდა გრიგოლი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ").
ასეთ წვრილმანებსა და სუსტ მხარეებში იხატება ჩვენი წმინდა მამების ადამიანური სახეები. თუ ამ ნაკლოვანებებს უფალი იტანდა და მათი ჭეშმარიტი ნიჭი და სათნომყოფობა დიდებით შემოსა, იქნებ, ჩვენი სისუსტეები ჩვენც გვაპატიოს!
სასიმიდან გაქცევის შემდეგ, წმინდა გრიგოლი მამასთან დაბრუნდა, რომელიც უკვე მოხუცი იყო და ეპარქიის მართვაში დახმარება სჭირდებოდა. მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ დაუდგრომელი ახალგაზრდა ისავრიის სელევკიაში გაემგზავრა, სადაც უნდოდა, მონაზვნური ღვაწლის აღსრულებას შესდგომოდა. მაგრამ დიდხანს არც აქ გაჩერდა. 378/9 წელს მეგობრებმა იგი კონსტანტინოპოლში გაიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ამ დროს არიანელობა იყო გაბატონებული, მართლმადიდებლობის დასაყრდენი მაინც იყო შემორჩენილი - აღდგომის მცირე ტაძარი კერძო სახლში, სადაც თავს იყრიდა არიანელი იმპერატორების დევნას გადარჩენილი მართლმადიდებელთა ის მცირე საზოგადოება. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე (379 წელს) ბასილმა მისწერა გრიგოლს, რომ ამ საზოგადოებას კარგი მწყემსი და მჭევრმეტყველი ესაჭიროებოდა. გრიგოლმა მიიღო მოწვევა და სწორედ იქ, წმინდა ანასტასიას (ანუ წმინდა აღდგომის) მოკრძალებულ ტაძარში წაიკითხა თავისი საყოველთაოდ ცნობილი "ხუთი სიტყვა ღვთისმეტყველების შესახებ", რომლებშიც წმინდა სამების შესახებ კაპადოკიელების სწავლებაა მოცემული.
381 წელს სახელმწიფოს სათავეში თეოდოსი I მოვიდა, რომელმაც მართლმადიდებლობას უფლებები აღუდგინა და II მსოფლიო კრება მოიწვია. ამ დროისათვის წმინდა გრიგოლი დედაქალაქში უკვე დამკვიდრებულია და კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსადაც არის აღიარებული. ახალმა პასუხისმგებლობამ წმინდა გრიგოლზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა: უფრო ენერგიულად იწყებს მოღვაწეობას, აქტიურად მონაწილეობს საეკლესიო ცხოვრებაში და მსოფლიო კრების ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზატორი ხდება. ამასთან, მას უპირისპირდებიან ძველნიკეური რწმენის მომხრეები (რაც გულისხმობს ერთარსობას სამი იპოსტასის გარეშე), რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მართლმადიდებლობის აღმოსავლეთში აღდგენა მათი დამსახურება იყო. წმინდა გრიგოლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო წმინდა ათანასე დიდის ძმისშვილი, ნიკეური რწმენისა და პირველ მსოფლიო კრებაზე მიღებული "ძველი" ფორმულირების (ანუ ერთარსის სამი იპოსტასის გარეშე) ერთგული მხარდამჭერი პეტრე ალექსანდრიელი. ის საკუთარ თავს ერთადერთ მართლმადიდებლად მიიჩნევდა და კაპადოკიელ ღვთისმეტყველებს პოზიციის კომპრომისულობაში ადანაშაულებდა.
ანტიოქიიდან კრებაზე მოწვეული იყო კაპადოკიელი მამების მეგობარი და მათი თანამოაზრე, ეპისკოპოსი მელეტი. მაგრამ იმავე ანტიოქიაში იყვნენ ძველნიკეური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მელიტის არ სცნობდნენ და ეპისკოპოსად პავლინეს აღიარებდნენ. ასევე პავლინეს მიიჩნევდნენ ეპისკოპოსად პეტრე ალექსანდრიელი და რომის პაპი დამასი. ნიშანდობლივია, რომ ოდესღაც სწორედ პავლინემ აკურთხა ეპისკოპოსად ძველნიკეურობის თავგამოდებული დამცველი, ლათინელი სასულიერო პირი ლუციფერ კაგლიარელი.
გრიგოლმა კრების თავმჯდომარედ მელეტი დაასახელა, და ეს წინადადება იმპერატორისთვის მისაღები აღმოჩნდა. ამას მოჰყვა პეტრეს აღშფოთება, რომელიც არც მელეტის და არც თავად გრიგოლს არ აღიარებდა. პეტრემ თვითნებურად სხვა, მისი თანამოაზრე, კონსტანტინოპოლელი ეპისკოპოსი მაქსიმე ცინიკოსი აირჩია (ცინიკოსს უცნაური წვერის გამო უწოდებდნენ). ამრიგად, მიუხედავად არიანობაზე საერთო გამარჯვებისა, მართლმადიდებელთა შორის ახალი განხეთქილება გამოიკვეთა.
მდგომარეობა იმის გამო მძიმდებოდა, რომ მთავრობა მხარს კაპადოკიელებს, ანუ ახალნიკეურ რწმენას უჭერდა. იმპერატორმა თეოდოსიმ მაქსიმე ცინიკოსი კონსტანტინოპოლიდან გააძევა და მან თავშესაფარი რომში ჰპოვა. საგულისხმოა, რომ II მსოფლიო კრება რომის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობდა. ლათინელი ღვთისმეტყველები კაპადოკიელების სწავლებას საერთოდ არ აღიარებდნენ, ანუ მხარს ძველ ფორმულირებას უჭერდნენ. (როგორც უკვე ითქვა, მათ სამი იპოსტასის შესახებ სწავლების მიღება იმის გამო არ შეეძლოთ, რომ "იპოსტასი" ლათინურ ენაზე, როგორც "სუბსტანტია" ითარგმნება, რაც თავისთავად სიტყვა "ესსენტია"-სგან არაფრით განსხვავდება, ამ სიტყვას კი, "არსის" მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ლათინურ თარგმანში კაპადოკიელების სწავლება სამი ღვთაებრივი არსების შინაარსს იძენდა, ანუ სამი ღმერთის შესახებ სწავლება გამოდიოდა.)
კრების მსვლელობის დროს მოულოდნელად მელეტი ანტიოქიელი გარდაიცვალა. მის ნაცვლად თავმჯდომარედ წმინდა გრიგოლი დაინიშნა. ღიად რჩებოდა საკითხი, ვინ უნდა ჩათვლილიყო ანტიოქიის კანონიერ ეპისკოპოსად. მშვიდობის დასამყარებლად სწორი იქნებოდა მელეტის მემკვიდრე პავლინე ყოფილიყო, სწორედ ასეთი გამოსავალი შესთავაზა კრებას წმინდა გრიგოლმა, მაგრამ ანტიოქიელებმა ეპისკოპოსად სხვა აირჩიეს. ამაოდ ცდილობდა წმინდა გრიგოლი დაპირისპირებულების შერიგებას - კრებაზე გაბატონებული იყო უთანხმოება და დაბნეულობა. ზოგიერთმა ეპისკოპოსმა თავად გრიგოლი დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ მან უკანონოდ მიითვისა კონსტანტინოპოლის კათედრა: როგორც უკვე ითქვა გრიგოლი ხელდასხული იყო სასიმში, იმ დროს ეპისკოპოსების კათედრიდან კათედრაზე გადასვლა დაუშვებლად მიიჩნეოდა. ბოლოს, წმინდა გრიგოლს ეს ყველაფერი მობეზრდა, მიატოვა კრება და კონსტანტინოპოლიდან გაემგზავრა. ჩვენამდე მოაღწია მისმა წერილებმა, რომლებშიც ის აღმოსავლელი ეპისკოპოსების უპასუხისმგებლობის გამო აღშფოთებას და უკმაყოფილებას გამოხატავს.
გრიგოლი განმარტოვდა თავის სამშობლოში - კაპადოკიაში, სადაც 390 წელს გარდაიცვალა.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის შემოქმედება
ჩვენამდე წმინდა გრიგოლის ბევრ თხზულებას არ მოუღწევია, მაგრამ ის მცირედიც საკმარისია, რომ იგი ყველა დროის ბრწყინვალე ღვთისმეტყველთა შორის მოვიხსენიოთ.1. 45 ქადაგება, მათ შორის უმნიშვნელოვანესია 27-31, ეს ქადაგებები საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც "სიტყვები ღვთისმეტყველების შესახებ". მათში განხილულია ღვთის შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემები და მოცემულია სწავლება წმინდა სამების შესახებ. ეს ქადაგებები გამოქვეყნდა 379-380 წლებში. თავად გრიგოლს ამ ქადაგებებმა მაღალი რეპუტაცია შესძინეს და ღვთისმეტყველად აღიარება მოუტანეს. ქადაგებები დაწერილია უკიდურესად ამაღლებულ სტილში და შინაარსობრივად რთულია. ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ქადაგებები ეკლესიაში ზეპირად იქნა წარმოთქმული. სხვა ზოგიერთი ქადაგება ეძღვნება ცალკეულ საეკლესიო დღესასწაულებს და გამორჩეულ მოვლენებს. მეტად მნიშვნელოვანია წმინდა ბასილი დიდის დაკრძალვის დროს წარმოთქმული გამოსამშვიდობებელი სიტყვა. ერთ-ერთი ქადაგება მიმართულია იმპერატორ იულიანე განდგომილის წინააღმდეგ.
2. პოეტური ნაწარმოებები, რომელთა შორის არის რამდენიმე მისი ავტობიოგრაფიული ლექსი, მეგობრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით და საღვთისმეტყველო თემებზე წარმოთქმული ლექსები.
3. წმინდა გრიგოლის 243 წერილიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი წერილი კლედონიოსისადმი (101, 102), რომელშიც განხილულია ქრისტეს ბუნება და გაკრიტიკებულია აპოლინარიოს ლაოდიკიელის სწავლება.
მომდევნო დროის ღვთისმეტყველებაზე წმინდა გრიგოლის გავლენა უდიდესია. მის თხზულებებს ზოგჯერ წმინდა წერილს ადარებდნენ. მისადმი დიდი პატივისცემით იყო განმსჭვალული წმინდა მაქსიმე აღმსარებელი. წმინდა გრიგოლის ტექსტებს იყენებდნენ ჰიმნოგრაფები, და კერძოდ, ჩვენი საშობაო, ნათლისღებისა და აღდგომის კანონები სხვა არაფერია, თუ არა წმინდა იოანე დამასკელის მიერ წმინდა გრიგოლის პერეფრაზირებული ნაწყვეტები ქადაგებებიდან. წმინდა გრიგოლი ასევე ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთში. ასე, მაგალითად, თომა აქვინელი ამტკიცებს, რომ მაშინ, როდესაც რაიმე ერესი ნებისმიერი მამის შემოქმედებაში შეიძლება მოინახოს, გრიგოლ ღვთისმეტყველთან არაფერი მსგავსი არ იპოვება.
შემდეგ, გრიგოლ ღვთისმეტყველის ქმნილებები
და საღვთისმეტყველო შეხედულებები