არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"... მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივ სახეს"(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)
ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი
ა. ეპოქის ზოგადი ყოფითი თავისებურებები
გაგრძელება
ბიზანტიელები მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ სამყაროს იმპერიის იდეის მატარებლები იყვნენ და ამიტომ საკუთარ სახელმწიფოს "სამყაროს", ანუ "რომაული" ტომებით დასახლებულს უწოდებდნენ. ქვეყანას ისინი მეორე რომად შეიგრძნობდნენ და ეს რეალურად ასე იყო. სწორად შენიშნავს ისტორიკოსი, რომ 1096 წელს (პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის წელი) "დასავლეთისათვის რომაული სამყარო უკვე 600 წლის წინანდელი დანგრეული იყო; XI- XII სს-ში კი სრული აღორძინების პროცესი მიმდინარეობდა, ანუ იდგა შუა საუკუნეების ეპოქა, რომელშიც ჩვენი ახალი ქვეყნიერება იბადებოდა; ანა კომნენისთვის, ყველაფერი პირიქით იყო, რომის ცივილიზაცია, რომლის ცენტრიც პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა რომიდან კონსტანტინოპოლში გადმოიტანა, ისევ წარსულის ერთიანობით ცხოვრობდა" (L. Sommerard, "Anne Comn?ne", Paris, 1907, p. 65.). ბიზანტიელები ამაყობდნენ, რომ უძველესი კულტურის მატარებლები იყვნენ და სამყაროს დანარჩენ ნაწილში ბარბაროსები სახლობდნენ. მართლაც როგორი პათოსით ხვდებოდნენ და რა ხელოვნურობით აღორძინებდნენ კლასიკურ მეტყველებას XII საუკუნის მიტროპოლიტები! როგორი სნობიზმი გამოსჭვივის ანა კომნენის ჩივილში, სადაც ის თავის ისტორიაში აუცილებლად მიიჩნევს პაჭანიგების, ჯვაროსნების და სხვა ბარბაროსების მთავრების სახელების ჩამოთვლას, რადგან იმდენად მიუღებელია ეს სახელები ელინური სმენისათვის, რომ მათი ბგერათა წყობის გამო კლასიკური მეტყველების ჰარმონია ირღვევა ("Alexiad." VI, X.). ან როგორი საშინელი შიში შეიგრძნობა წმინდა ფოტი პატრიარქის ორივე ჰომილიაში, რომლებიც კონსტანტინოპოლზე როსების თავდასხმას შეეხება. ამ "სასტიკ და მძიმე დარტყმაში და ღვთის რისხვაში" ფოტი ბიზანტიური საზოგადოების მიერ ჩადენილი ცოდვების გამო ღვთის რისხვას გულისხმობდა. მართლაც, მეფის ქალაქის კედლებთან "ბარბაროსთა გემებმა"; ბიზანტიელებს "თავზე დაამხეს ეს საშინელი ჰიპერბორიული მეხი"; "მჭიდრო რიგებად შემოლაგდნენ ბარბაროსთა ტალღები"; "სკვითები და გაუთლელი ხალხი", "ხალხი გაურკვეველი წარმომავლობისა და ურიცხვი, ხალხი ბარბაროსი და მომთაბარე", ჩრდილოეთი შეესია აყვავებული ბიზანტიის დახვეწილ კულტურას, ყველაფერ იმას, რითაც ბიზანტია სამართლიანად და სრული საფუძვლით ძველი ელინების ტრადიციებისა და უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის მემკვიდრედ მიიჩნეოდა. თავი პირველი
ა. ეპოქის ზოგადი ყოფითი თავისებურებები
გაგრძელება
როგორი ფრთხილები და მორიდებული იყვნენ სიტყვების შერჩევაში ელინური მეტყველების ისეთი დიდოსტატები, მით უმეტეს, როგორებიც წმინდა ანასტასი სინელი და პატრიარქი ფოტი იყვნენ, რომლებიც მკაცრად გმობდნენ ენის შერყვნასა და პროვინციალიზმს, ბერძნული პატოის-ის იმ მაგალითებს, რომლებსაც "სიცილიზმად" იხსენიებენ. "სოლიკებს" უწოდებნენ ათენის კოლონია კილიკიაში მცხოვრობ "ცუდ ბერძნულად მოლაპარაკეებს".
სინას მთის, ათონის სწავლული ბერებისა და ჰუმანიზებადი მიტროპოლიტის კალმის ქვეშ მოქმედი მარად უღუპველი და უკვდავი ბერძნული ენა, როგორც ზღაპრული ფენიქსი გადახალისდებოდა და ნათელი, სიტყვაკაზმული, ახლებური მჭევრმეტყველებით აღორძინებული, კლასიკური ენისადმი მუდამ ერთგული კვლავ იბადებოდა. დიალექტსა და ლექსიკაში საოცრად თამამად გვეჩვენებიან დოგმატური დავების დროინდელი მწერლები, მაგრამ საკუთარ გამბედაობაში ძველი ფილოლოგიური ტრადიციების მიმართ მაინც ძველებურად მგრძნობიარეები იყვნენ.
მეორე მხრივ, არ იქნება სწორი ბიზანტიის ისტორიის იდეალიზება. მასში მრავლადაა ჩრდილოვანი მხარეები, ძალიან ბევრია მაგალითი და მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები - "ადამის შთამომავლები" არიან. მაგრამ აქ ყურადსაღები არა სახარების უარყოფა, დაცემა, ამაზრზენი ცოდვიანობის მაგალითები, სისასტიკე და მუხანათობა კი არა, სულიერი აღმაფრენაა, წმინდა პატრიარქების, მეფეებისა და ერისკაცები ის მაგალითებია, რომლებითაც ბიზანტია შეიძლება ამაყობდეს, რაც გამორჩეულია და რითიც მთელი შუასაუკუნეებია საინტერესო.
ბიზანტიის ისტორიაში სიწმინდის, უცოდველობისა და ღირსეული მაგალითების გვერდით უამრავია ფაქტი, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ბიზანტიის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება წარმოუდგენელი უღირსებებით, საზიზღარი ცოდვიანობით, ღვარძლითა და სიმხეცით არის აღსავსე. სადავო არაფერია: ერთიც ყოფილა და მეორეც, მაგრამ ეკლესიისადმი, რელიგიისადმი, საიქიოსადმი გულგრილი დამოკიდებულება არასოდეს ყოფილა, ანუ არ ყოფილა ის საძულველი შედეგი, რაც შეიძლებოდა სეკულარულ განათლებას მოეტანა. იყვნენ ფიცის გამტეხნი და სადისტები, მაგრამ მათ შორის მონანიენიც მრავლად იყვნენ. როგორც ჩანს, ყოფიერებაში ბევრი იყო მოჩვენებითი, ფორმალური, მაგრამ არ ყოფილა მშრალი ინდიფერენტულობა და არც ერთსახოვანი ნიველირება ყოფილა. უგემოვნო ციველიზაციისათვის დამახასიათებელი ხავსმოკიდებულობა და უფერულობა საერთოდ უცხო იყო შუა საუკუნეებისათვის. სულიერ ცხოვრებაში საშიშროებას დაცემა და ცოდვა კი არ წარმოადგენს, ყოველივე ამის შემდეგ თვითგვემაც შესაძლებელია და გულწრფელი აღსარებაც, საშინელებაა ჭაობად ქცეული უძრაობა, მძინარება, გულგრილობა და გულცივობა.
შუა საუკუნეების, კერძოდ, ბიზანტიის ძალა და არსი ისაა, რომ ცხოვრება რელიგიისაგან განცალკევებით არ მიმდინარეობდა. ძალა ის არის, რომ თუმცა ყოველთვის კარგად არ გამოდიოდა, მაგრამ მუდამ იყო საკუთარი ქმედების ეკლესიასთან შეხამების, ყველაფერის შესაბამის დონემდე აყვანის, შერწყმის, ემანსიპირებულობის და ყველაფერი ზედმეტად ამაღლებულის არა ერთიანობიდან გამოყოფის, არამედ ჩვეულებრივ მოსახლეობამდე მიტანის მცდელობა. შუა საუკუნეების ბიზანტიაში მრავლად იყვნენ შემცოდეები, მაგრამ მათი არსებობის გამო ეკლესიის ლტოლვა აბსოლუტურისა და ზეციურისადმი არ ნელდებოდა. ბიზანტიასა და შუა საუკუნეების ევროპაში არ არსებობდა სულიერი ბურჟუაზია, არ იყვნენ ეკლესიური ობივატელები, რელიგიური "რაზნოჩინელები". ხელოსანი, მიწათმოქმედი, მეომარი, ბერი, ჩინოსანი, სენატორი და ხელმწიფე - ყველა სუნთქავდა, არ შეეძლოთ, არ ესუნთქათ და სხვა არაფრით სუნთქავდნენ, გარდა ეკლესიურობის ატმოსფეროსი. შესაძლოა, სისუსტისა და "ცოდვისადმი მიდრეკილების" გამო ისინი ღმერთის მცნებებს არღვევდნენ, ეცემოდნენ, მაგრამ მართლმადიდებლობას არ ღალატობდნენ, თაყვანს არ სცემდნენ "სხვა ღმერთებს", და წმინდა სულიერი სამშობლოსათვის, ეკლესიისათვის ყოველთვის ლოცულობდნენ. მართლმადიდებლური იმპერიის ამ შვილთა შორის იყვნენ ერეტიკოსები და განხეთქილების ჩამომგდებები, რომლებიც სულიერი წყობის ჰარმონიას და სწავლებას ზიანს აყენებდნენ, მაგრამ თავისდაუნებურად, ისინიც ჭეშმარიტების მტკიცებულებად იქცეოდნენ. ეს ადამიანები მარადიულ სიმართლეს ეძებდნენ ან არსებულ უსამართლობას გაურბოდნენ და შემდეგ, იმას, რომ ჭეშმარიტებას ვერ მიაკვლიეს, ღრმად განიცდიდნენ. აქ უნდა გავიხსენოთ, რამდენად მტკივნეული და სრულიად მიუღებელი იყო ბიზანტიური ცნობიერებისათვის ზოგიერთი ბასილევსისა და პატრიარქის წმინდა პოლიტიკური უნიონალური (არამართლმადიდებლებთან შემრიგებლური და გამაერთიანებელი) ლტოლვა.
თავისი საბოლოო ბედ-იღბლისადმი არც ცოდვილები და არც ყველაზე უფრო ცნობილი დამნაშავეები არ რჩებოდნენ გულგრილები და ისინი ეკლესიურ ცხოვრებას არ ტოვებდნენ. საკუთარ მსაჯულად ისინი მიწიერ ძალაუფლებას არ მიიჩნევდნენ, მათ უფლის ხელის შიში ჰქონდათ. სისხლის სამართლის სასჯელსაც რელიგიური შეფერილობა ახლდა, რადგან არა მხოლოდ ადამიანური "ჯუს" (ლათ. უფლება), არამედ ღვთაებრივი სამართალიც ირღვეოდა.
იმ დროს ადამიანები საკუთარ თავს სადღაც შორს განხორციელებადი "წესების" ინდიფერენტულ მოწმეებად არ აღიქვამდნენ, ისინი არა მხოლოდ ეკლესიის წევრები იყვნენ, არამედ ირიცხებოდნენ ეკლესიაში, უფრო ზუსტად კი: ისინი ცხოვრობდნენ ეკლესიაში (ი. სამარინი). ღვთის მადლით, მაშინ ჯერ კიდევ ადამიანი არ იყო ეკლესიიდან ემანსიპირებული; არაქრისტიანული ჰუმანიზმის საწამლავით ჯერ კიდევ არ იყო მაშინდელი კაცობრიობა მოწამლული; "პიროვნებისა და მოქალაქის მოჩვენებითი იდეალებით" ჯერ არ იყვნენ ადამიანები დახეიბრებულები. ყოველი ცდილობდა, ღვთის მონა ყოფილიყო და ამ მონობაში ისეთ ჭეშმარიტ თავისუფლებას შეიგრძნობდა, ისეთ თავისუფლებას, რომელსაც ვერანაირი განმათავისუფლებელი მოძრაობა და კონსტიტუცია ვერ გადაფარავდა.
ტახტის უზურპატორ იმპერატორს, რომელმაც თავის კონკურენტს თვალები დასთხარა, ეკლესიიდან განკვეთა ემუქრებოდა; უკანონო ქორწინების გამო იმპერატორი მრავალი წლის მანძილზე ზიარებაზე არ იყო დაშვებული. ეს ეკლესიური შერისხვა ძალიან მომქმედი იყო, იმპერატორი ტაძარში დაჩოქილი შედიოდა და მთელი ეკლესიის წინაშე ელოდა მიტევების ლოცვას.
ამიტომ, მნიშვნელოვანნი არა ის ბოროტმოქმედები არიან, რომლებიც მიწიერი მკაცრი სასჯელის აცილებას ახერხებდნენ, არამედ ისინი, ვინც ეპიტიმიის კანონიკურ უღელს მორჩილად ატარებდა.
ყურადსაღები არა იმ სუსტი ნებისყოფის მქონე ოპორტუნისტი ეპისკოპოსების საქციელია, რომლებიც უღმერთო ტირანების წინაშე ქედს იხრიდნენ და ქორწინების არაკანონიერ დისპენზაციას ახდენდნენ ან ტახტის უკანონოდ დაკავებაში უსამართლობას ვერ ხედავდნენ, არამედ ისინი რომლებიც საეკლესიო კანონიერების სადარაჯოზე თავგადადებულნი იდგნენ, გმობდნენ და განკვეთდნენ, რათა, მაშინ, როდესაც მათი მღვდელმთავრული სინდისი მიიჩნევდა, რომ შესაძლებელი იყო შემცოდეს სისუსტის გათვალისწინება და შეწყნარება, მათ თავისი სიყვარულით და ლოცვით გადაფარებოდნენ: მაგრამ ეს ცოდვილი უეჭველად მონანიე უნდა ყოფილიყო!
თვალშისაცემი ის მაგალითები კი არ არის, როდესაც ამქვეყნიურ ამაოებაში ჩაფლული იერარქები და ბერები პატივმოყვარეობისა და დიდების ტყვეობაში ვარდებოდნენ და კარის ინტრიგებსა და შეთქმულებებში ებმებოდნენ, არამედ ის პატრიარქები, რომლებიც ეკლესიის თავისუფლებას იმპერატორების ძალაუფლების კირთებისაგან იცავდნენ, კანონების სიწმინდისათვის, დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, რომლებიც თანაუგრძნობდნენ დევნილებს და ესარჩლებოდნენ დამხობილებს, ძალაგამოცლილ მტერსა და ბოროტმოქმედს, იმათ, ვისაც ემუქრებოდა თვალების დათხრა, განდევნა ან ეშაფოტზე მოკვდინება. ასეთი წმინდანების მაგალითებად გველინებიან: თეოდოსი I (1178-1188), იოანე კამათირი (1198-1206), არსენ ავტორიანე (1255-1260 1261-1287), ათანასე I (1289-1293 1303-1311) და ბევრი სხვა, რომ არ ვახსენოთ წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ფოტი და ა. შ.
ნიშანდობლივი, რა თქმა უნდა, ის კი არ არის, რომ იმპერატორის სასახლე ბნელი ზემოქმედებების ცენტრი იყო და ტახტისა და "გინეკიონის" (ნაგებობის უკანა მხარეს მდებარე ქალთა მოსასვენებელი) გარშემო ინტრიგა მოქმედებდა, არმედ ის, რომ იმპერატორებსა და დედოფლებს, სასახლე ერთგვარ ლიცეუმად ან აკადემიად ჰქონდათ ქცეული. ზოგიერთი იმპერატორის ზეობის ჟამს "სასახლე ერთგვარი მონასტრის სახეს იღებდა", როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელი ერთ-ერთი მწერალი ქალბატონი მოგვითხრობს, - სადაც საგანმანათლებლო წესრიგი მოქმედებდა, წინასწარ იყო განსაზღვრული საეკლესიო გალობის, ტრაპეზისა და მოხელეების მიღების დრო.
ნიშანდობლივი ტახტზე უარყოფითი ტიპის ავანტიურისტის, პათოლოგიური ხასიათისა და ბნელი წარსულის მქონე ქალბატონის ყოფნა კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია თავისი პიროვნული თვისებებითა და ინტელექტუალური მონაცემებით ისეთი ცნობილი დედოფლები, როგორებიც იყვნენ: თეოდორა (იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლე), ანა დალასინა, იმპერატორ ალექსი კომნენოსის დედა, რომელიც "არა მხოლოდ ქალთა ნაწილის, არამედ მთელი კაცთა მოდგმის მშვენებას წარმოადგენდა" (Ibid), იმავე იმპერატორის მეუღლე განათლებული და მეცნიერების მოყვარული ქალბატონი ირინე, ან თავად ანა კომნენა, თავისი გვირგვინოსანი მამის ისტორიკოსი.
დაელოდეთ გაგრძელებას