პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
თავი 9. წმინდა ათანასე დიდი
ქრისტოლოგია
იესო ქრისტეს შესახებ ათანასეს სწავლებაში აშკარად გამოსჭვივის
ალექსანდრიული ტრადიციები, რომლის წარმომადგენლებიც უფლის განსხეულების შესახებ მსჯელობისას მეოთხე სახარების ტექსტს ეყრდნობოდნენ: "სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა". ალექსანდრიელების საწინააღმდეგო ტრადიციების მქონე ანტიოქიური სკოლის წარმომადგენლები უპირატესობას სიტყვის, ანუ უფლის განკაცებას ანიჭებდნენ. ბერძნულად სიტყვა "ხორცის" (სარკს) მიხედვით ადამიანის არსს უფრო მეტი მატერიალური ელფერი დაჰკრავს. გამოთქმა, "სიტყუა? იგი ხორციელ იქმნა", შეიძლება განიმარტოს, როგორც "სიტყვამ ადამიანური სხეული შეიმოსა", (ანუ ამის შემდეგ სიტყვა კვლავაც სიტყვად დარჩა, ოღონდ ხორცშემოსილ სიტყვად (რ. ჩ.)). სწორედ ასე ესმოდა განკაცება (აპოლინარიზმის ერესის დამაარსებელ) აპოლინარი ლაოდიკიელს, სხვათა შორის, წმინდა ათანასეს მეგობარს და არიანელთა წინააღმდეგ მებრძოლს. აპოლინარი ასწავლიდა, რომ ღმერთმა სიტყვამ ქრისტეში, იესოში ადამიანური სული ჩაანაცვლა. ეს თვალსაზრისი საბოლოოდ მონოფიზიტურ ერესამდე მივიდა. ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეში რეალური ადამიანი აშკარად დამდაბლებულია, უარყოფილია მისი სისრულე, რადგან ადამიანური სისრულე მის სრულ ადამიანურ სულსაც გულისხმობს. თავი 9. წმინდა ათანასე დიდი
ქრისტოლოგია
მეორე მხრივ, განკაცებული სიტყვის შესახებ ანტიოქიურ სწავლებას შეიძლებოდა მეორე საპირისპირო გაუგებრობაც გამოეწვია. ეს შეიძლებოდა ღმერთი-სიტყვის საკუთარი ბუნების შენარჩუნებით განკაცება, კონკრეტულ ადამიან იესოსთან შეერთება ყოფილიყო და ამგვარად ქრისტეში ერთდროულად ორი განცალკევებული - ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება დამკვიდრებულიყო და ცხადია, ევტიხიანობამდე სწორედ ამგვარ ლოგიკას მივყავართ.
სინამდვილეში, ორივე - ანტიოქიური და ალექსანდრიული ტრადიცია, ერთსა და იმავე რეალობას გულისხმობდა. იოანე მახარებელი ბერძნულად წერდა, მაგრამ აზროვნებდა სემიტურად. ამიტომ, როდესაც ის ბერძნულ სიტყვა "ხორცს" იყენებდა, რაც ბერძენი მსმენელისათვის ერთობ მატერიალური ელფერის მატარებელი იყო, ამ სიტყვაში შინაარსობრივად ებრაულ (ბასარს) გულისხმობდა, რაც "ხორცისგან" განსხვავებით, ადამიანური არსების მთელ ცოცხალ, როგორც მატერიალურ, ისე სულიერ რეალობას მოიცავს. სიტყვა "ხორცშიც" სწორედ ამ შინაარსს ხედავდა წმინდა ათანასეც. ის ქრისტეში ერთ პიროვნებას - ღვთაებრივ სიტყვას გულისხმობდა, რომელმაც არა ცალკეული ადამიანური პიროვნება, არამედ სრული ადამიანური ბუნებაც შეითვისა. ეფესოს კრებამდე, რომელმაც ღვთისმშობლის დოგმატი დაამტკიცა, გაცილებით უფრო ადრე, წმინდა ათანასე ქალწულ მარიამს ღვთის მშობლად მოიხსენიებდა. მაცხოვრის ყველა ქმედებას ის ერთიან პიროვნებას - ღმერთ-სიტყვას მიაწერდა. მაგრამ ამკვიდრებდა რა ქრისტეს ერთიანობას, როგორც განსხეულებულ სიტყვას, წმინდა ათანასე, როგორც ყველა ალექსანდრიელი, ყოველთვის ვერ გრძნობდა, რომ მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია შეიძლება მაცხოვრის ადამიანური ბუნების დამდაბლების მიზეზი გახდარიყო, სწორედ ეს იყო ის საშიშროება, რასაც მისი მეგობარი აპოლინარი ვერ გაექცა.
სწავლება წმინდა სამების შესახებ
როდესაც აღმოსავლეთის ეკლესიაში არც ერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი აღარ იყო, წმინდა ათანასეს უდიდეს დამსახურებას არიანობასთან ბრძოლა წარმოადგენს. ნიკეის მართლმადიდებლურ რწმენას, ის ყველას წინააღმდეგ, მარტო, გაბედულად იცავდა და მამისა და ძის ერთარსობის შესახებ საზოგადოდ აცხადებდა. როგორც უკვე აღინიშნა, სიტყვა "ერთარსი", არ არის ბიბლიური ტერმინი, ეს სიტყვა ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა და III საუკუნეში ანტიოქიის კრებაზე დაიგმო, როგორც მოდალისტური ერესის გამოხატულება (ლოგიკა ასეთი იყო: თუ არსი ერთია, მაშინ სამების წევრებს შორის განსხვავებაც არ სჩანს: ამიტომ მამა, ძე და სულიწმიდა მხოლოდ ერთი არსის (მოდუსის) სამი სხვადასხვა გამოხატულებაა ყოფილა). წმინდა ათანასე არ ცდილობდა საღვთისმეტყველო წვრილმანებში ჩაღრმავებას. ერთარსობის გამო არიანელობასთან ბრძოლაში ის მთავარს - ქრისტიანობის შინაარსს, მის არსს იცავდა. ქრისტეს ხორცშესხმამ, სიკვდილმა და აღდგომამ სამყაროს გამოხსნა მოუტანა. მამისა და ძის ერთარსობის უარყოფით, არიანობა ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენას დიდ საშიშროებას უქმნიდა: კაცობრიობას ესაჭიროება გამომხსნელი, მაგრამ გამოხსნა მხოლოდ ღმერთის მიერ შეიძლება მოხდეს, სწორედ იმის გამო, რომ სხვაგვარად გამოხსნა შეუძლებელი იქნებოდა, იპოსტას სიტყვაში ქრისტე როგორც ღმერთი და როგორც კაცი ხორციელ იქმნა. წმინდა ათანასე მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მართლმადიდებლური რწმენა მხოლოდ ერთარსობის რწმენით შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო. მას არ აღელვებდა, რომ ამის გამო ისეთი უჩვეულო ტერმინი უნდა შემოეტანა, რომელსაც ღვთისმეტყველების უმრავლესობა ვერ ჩასწვდებოდა და ამიტომ მიუღებელი იქნებოდა. ამ სიტყვის რეალურ შინაარსთან დაკავშირებული ნებისმიერი ფილოსოფიური დავა წმინდა ათანასეს ზედმეტად და სახიფათოდაც კი მიაჩნდა:
ახლა იმის კვლევასაც ხომ არ დავიწყებთ ღვთის სიტყვა ისეთი რატომ არ არის, როგორიც ჩვენი, მით უმეტეს, უკვე თქმულა, რომ ღმერთი არ არის ისეთი, როგორებიც ჩვენ ვართ. ასევე სააუგოა იკვლევდე იმას: როგორ არის სიტყუა? ღმრთისაგან ან, როგორ არის იგი ნათელი ღმრთისა, ანდა როგორ შობს ღმერთი და როგორია ხატი ღმერთის შობისა. ის, ვისაც მსგავსი მცდელობები აქვს უგუნურია, რადგან იმას იკვლევს სიტყვებით, რაც ღვთის გამოუთქმელი ბუნებაა და რაც ცნობილია მხოლოდ მამისთვის და მხოლოდ ძისთვის. ეს იგივეა, იკვლევდე: სად არის ღმერთი, ის რატომ არის ღმერთი და როგორია მამა. მაგრამ როგორ უნდა დასვა ასეთი შეკითხვები, ეს ხომ უღირსობაა და ღმერთის შესახებ ასეთი კითხვების დასმა ხომ სრულ უმეცრებას ნიშნავს. ასევე დაუშვებელია იკვლევდე ძე ღვთისას დაბადებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შენი ბუნებრივი არასრულყოფილი შესაძლებლობებით ზომავდე ღვთაებრივი სიბრძნის სისწორეს. ამიტომ ჭეშმარიტების საპირისპიროდ არ ეგების ამგვარი კვლევა; და თუ სურვილმა ვინმე მაინც მიიყვანა ამგვარ უგუნურ ძიებამდე, არც მისი სიტყვა და არც წერილი არ უნდა დავიჯეროთ. უმჯობესია გაუგებრობაში ჩავარდნილნი დადუმდნენ და ირწმუნონ, ვიდრე გაცბუნებულნი ურწმუნოდ დარჩნენ.
("არიანელთა წინააღმდეგ", 2, 36)
თავის წერილებში სერაფიონისადმი წმინდა ათანასე სულიწმიდას შესახებ წერს. მისი მსჯელობა იმავე ლოგიკით მიმდინარეობს, რა ლოგიკითაც მან ქრისტეს შესახებ სწავლება ჩამოაყალიბა. არის ერთი ღმერთი - ერთარსი სამება: მამა, ძე და სული. როგორც ძე, სულიწმიდაც - ღმერთია, სხვაგვარად ჩვენი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა:
...სულიწმიდას შესახებ უფალი ბრძანებს, რომ ის არა მხოლოდ სული, არამედ უშუალოდ მისი სულია, და რომ ჩვენი სულის განახლება სწორედ მისი დახმარებით ხდება, როგორც ფსალმუნში ბრძანებს მეფსალმუნე: "ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა" (ფსალმ. 103:29-30). თუ განვახლდებით ღმერთის სულით, მაშინ სულიწმიდა კი არა, უკვე ჩვენი სული იწოდება გაკეთილშობილებულად. და თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მყოფობაში ყველაფერი სიტყვით მკვიდრდება, ბრწყინვალედ ვმსჯელობთ, რადგან ვთანხმდებით, რომ ძე - უქმნელია, და განა კილვა არ იქნება სულს, რომლითაც მამა ძის მეშვეობით ყველაფერს სრულყოფს და განაახლებს, ქმნილი ვუწოდოთ?
("სერაფიონისადმი". წერილი 1:16-17)
სულიწმიდის საშუალებით ხდება ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა, დაახლოვება და მისი განღმრთობა. ამავე დროს სული ეკუთვნის ძეს და მის "პირად" (იდიოს) სულს წარმოადგენს.
ამრიგად, ჩვენთვის ბოძებული სულიერი მადლით ჩვენცა ვართ სულში და სულიც არის ხოლმე ჩვენში. და რადგან სული, რომელიც ჩვენში იუნჯებს, ღმერთის სულია, გვაქვს რა ღვთის სული, სამართლიანად ვიწოდებით ღმერთში მყოფებად და ასევე ისიც არის სამართლიანი, რომ ღმერთია ჩვენში. თუმცა, ჩვენ მამაში ისე არა ვართ, როგორც ძეა მამაში. ძეს არ სჭირდება სულის გამზიარებლად გახდომა, რათა ამ გზით მამაში იყოს. ძე კი არ ღებულობს სულს, თვითონ სთავაზობს სულს და თავად მიჰყავს ყველა სულამდე, და სული კი არ აერთიანებს ძეს მამასთან, არამედ სიტყვით ღებულობს სული. და ძე მამაშია, როგორც მისი სიტყვა და მისი ნათელი. ჩვენ კი სულის გარეშე ღმერთისათვის უცხონი და შორს მდგომლები ვართ, მაგრამ ღმერთს შევერწყმებით, თუ ვიქნებით სულთან ზიარებულნი.
("არიანელების წინააღმდეგ". 3:24)
გამოთქმა "თვითონ სთავაზობს სულს" ხშირად არასწორად განიმარტებოდა როგორც არგუმენტი Fილიოქუე-ს სასარგებლოდ: ვითომ წმინდა ათანასეს ამ სიტყვებით მტკიცდება, რომ სულიწმიდა ძისაგან გამოდის. ასეთი გაგების შემთხვევაში იკარგება გამონათქვამის კონტექსტი, რომელშიც სულაც არ იგულისხმება სულის მუდმივი გამომავლობა. წმინდა ათანასესათვის უცხო იყო ღმერთის მყოფობისადმი ფილოსოფიური მიდგომა, რამაც თავისთავად წარმოშვა ფილიოქვეს შესახებ სწავლება, თავის წერილებში წმინდა სამების შესახებ ის არასოდეს საუბრობს აბსტრაქტული ტერმინებით. წმინდა ათანასეს გონი ყოველთვის ადამიანის სიკვდილისა და ხრწნადობის ტყვეობიდან გამოხსნისკენაა მიმართული. სამყაროში გამოხსნის შესაძლებლობა ქრისტემ მოიტანა, მისივე შემწეობით გვეგზავნება სულიწმიდა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ღვთაებრივი ცხოვრების მოზიარენი ვხდებით.
***
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ათანასე ძალიან მიმზიდველი, გაბედული, დაუღალავი და ნამდვილი ქრისტიანი გმირი იყო. ბევრმა მისმა თანამედროვე ღვთისმეტყველმა, რომლებიც ნეოპლატონიკურ და ორიგენეს აზრებზე იყვნენ აღზრდილნი, ვერ შეძლეს მისი გაგება. ათანასე დიდი სრულიად თავისუფალი იყო ნეოპლატონური აზრებისაგან, მით უმეტეს, იქ სადაც საქმე ეხებოდა სწავლებას სამყაროს შექმნის შესახებ. დასავლეთში მის სწავლებას შედარებით კეთილგანწყობით შეხვდნენ, საქმე ის არის, რომ დასავლელი ღვთისმეტყველები მოდალიზმს არასოდეს დაპირისპირებიან და ამიტომ ტერმინ "ერთარსში" ვერანაირ საშიშროებას ვერ ხედავდნენ. უნდა ითქვას, რომ არიანელები საბოლოოდ მაინც წმინდა ათანასე დიდმა კი არა, მისმა უმცროსმა თანამედროვეებმა - კაპადოკიელმა მამებმა მოიპოვეს. სწორედ მათ მოახერხეს ისეთი სწორი ტერმინოლოგიის შემუშავება, რომელმაც ერთარსობასა და სამებოვან ღვთაებრივ ერთ ბუნებას შორის სრულიად გააქარწყლა ყოველგვარი წინააღმდეგობა და რომელმაც ნიკეური მრწამსი სრულიად გაათავისუფლა მოდალიზმთან დაკავშირებული ეჭვებისაგან.