პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი I
თავი 9. წმინდა ათანასე დიდი
გაგრძელება
თავი 9. წმინდა ათანასე დიდი
გაგრძელება
ამა სოფელს და მის ცდუნებებს განრიდებული ბერები არა მხოლოდ მცნებებისა და ნეტარებების აღსრულებას ცდილობდნენ, არამედ მათი მიზანი ეშმაკთან შერკინება და მისი დამარცხება იყო:
დაუძლურებამდე მისული ანტონი სოფლიდან საკმაოდ მოშორებული სამარხებისაკენ გაეშურა, ნაცნობს სთხოვა, საკმაოდ დიდი დროის შემდეგ მისთვის პური მიეტანა. თავად ერთ-ერთ სამარხში შევიდა, კარები შეიკეტა და მარტო დარჩა. ადამიანის მტერმა ეს ვეღარ მოითმინა და იმის შიშით, რომ ანტონს მოკლე დროში შეიძლებოდა უდაბნო ასკეტებით აევსო, ერთ ღამეს მრავალი დემონის თანხლებით, მასთან მივიდა და იმდენი ურტყა, რომ ტკივილებისგან ანტონი ვეღარ დგებოდა, მიწაზე იწვა და ხმას ვერ იღებდა; შემდეგ, როგორც თავად იხსენებდა, იმდენად მძიმე იყო მისი ტანჯვა-წამება, რომ ასეთ ტკივილს ჩვეულებრივი ადამიანები ვერავის მიაყენებდნენ. ღვთის მადლით... მეორე დღეს ის ნაცნობი მოვიდა, რომელსაც ანტონისთვის პური უნდა მოეტანა. ანტონი მიცვალებულივით იწვა, ნაცნობმა ბერი სოფლის ტაძარში თავისი ხელით გადაიყვანა და იქ იატაკზე დაასვენა. მეზობლები, ნათესავები და სოფლის მოსახლეობა ანტონს თავს ისე დასტრიალებდა, როგორც მიცვალებულს. შუაღამისას ბერი გონს მოვიდა და გამოღვიძებულმა, როდესაც დაინახა, რომ გარშემო ყველას ეძინა, ეღვიძა მხოლოდ მის ნაცნობს, რომელსაც მასთან პური დაჰქონდა, მოიხმო და სთხოვა, არავინ გაეღვიძებინა და ისევ სამარხში გადაეყვანა.
ამრიგად, ანტონი, დაკეტილი კარის მიღმა სამარხში კვლავ მარტო აღმოჩნდა. მიყენებული ტკივილების გამო მას ფეხზე დგომა არ შეეძლო და მწოლიარე ლოცულობდა: "ეს მე ვარ, ანტონი და არ გავურბივარ თქვენს დარტყმებს. კვლავაც ბევრი ტკივილი რომ მომაყენოთ ჩემში ქრისტეს სიყვარულს მაინც ვერ გადაფარავთ". შემდეგ ბერი იწყებდა გალობას: "გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა" (ფსალმ. 26:3). ("ანტონის ცხოვრება", თ. 2).
ეგვიპტეში სამარხები გამოქვაბულებში იყო მოწყობილი და ითვლებოდა, რომ ეს ბნელეთის, სიკვდილისა და ეშმაკის სამფლობელო იყო. ასეთივეა უდაბნო - ადგილი, სადაც არ არსებობს არანაირი სიცოცხლის წყარო და წყალი, ესეც ეშმაკის სამფლობელოდ მიიჩნეოდა. ძველი ებრაული წესის შესაბამისად, განწმენდის დღეს მღვდელმთავარს კარვის შესასვლელთან მიჰყავდა თხა - "განტევების ვაცი", რომელიც ცოდვების განტევებისთვის იყო განკუთვნილი, მღვდელმთავარი მასზე აღიარებდა ისრაელიანთა ცოდვებს და საგანგებო პირს უდაბნოში წააყვანინებდა და გააშვებინებდა, თხას აქ უეჭველი სიკვდილი ელოდა. გავიხსენოთ, რომ იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემლის მიერ ნათლობის წესის აღსრულების შემდეგ ლოცვისა და მარხვისათვის, ორმოცი დღით, უდაბნოში განმარტოვდა, გამოიცადა და იქ სძლია ეშმაკს. ამრიგად, სამარხი და უდაბნო ბოროტი ძალების სამყოფლად მიიჩნეოდა და ამიტომ ბერებიც უდაბნოში მიდიოდნენ: არა მშვიდ, მოსვენებულ სიტუაციაში ღვთის ჭვრეტისათვის, არამედ ამაქვეყნის ძლიერთან საშინელ ბრძოლაში განმარტოებისათვის. ამიტომ ღვთისმსახურებაში, წმინდა ასკეტთა მოხსენიების დროს, რადგან უდაბნოში დასახლებული ბერები სულიერ ბრძოლებთან ერთად სოფლის მეურნეობასაც მისდევდნენ, ხშირად არის საუბარი "აყვავებული უდაბნოს" შესახებ და ამ სიტყვებში, როგორც სულიერი, ისე მატერიალური აღორძინება იგულისხმება. ბერების ძალისხმევით, მანამდე "კაცისმკვლელი ეშმაკის" სამფლობელო გამხმარი მიწა, ნაყოფიერი და ადამიანის შრომის შედეგის მომტანი ხდებოდა. ასე იწყებოდა ცათა სასუფევლის განხორციელების პროცესი ამ ტერიტორიებზეც.
ქრისტიანების დევნის შეწყვეტამ ნელ-ნელა ბერმონაზვნობასა და მოწამეობას შორის გარკვეული სულიერი ერთობა გააჩინა. ადრექრისტიანულ პერიოდში მხოლოდ მოწამეები ითვლებოდნენ წმინდანებად. თავიანთი სიკვდილით, რომელიც სისხლით ნათლობად აღიქმებოდა, წამებულები ქრისტეს აღდგომის ურყევი რწმენის მაგალითები ხდებოდნენ. კონსტანტინე დიდის ზეობის დროს ქრისტიანთა დევნაც შეწყდა და მოწამეობაც. მათი ადგილი ბერებმა დაიკავეს. სულიერი ბრძოლები, რომლებიც ნებაყოფლობით ტანჯვას უკავშირდებოდა, "ამა ქვეყნისათვის" ნამდვილი სიკვდილის სახეს ატარებდა:
ბოლოს, ქრისტიანთა დევნა და წამება დასრულდა, მაგრამ მორწმუნეების მეხსიერებაში კვლავაც ნეტარებით მოქმედებდა წმინდა ეპისკოპოსი პეტრეს მოწამებრივი აღსასრული, მაშინ ანტონმა დატოვა ალექსანდრია და კვლავ თავის მონასტერში განმარტოვდა. იგი აქ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი სინდისის მოწამეობას გრძნობდა და საკუთარ პიროვნებას უკომპრომისო რწმენისათვის დაუნდობლად წვრთნიდა. დიდი და მრავალფეროვანია წმინდა ანტონის ღვაწლი: ის დაუღალავად მარხულობდა, შიგნიდან ბეწვი ემოსა, ხოლო გარედან ტყავის სამოსი და სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია: ანტონი, თუ არ ჩავთვლით რაიმე აუცილებლობას, არ იბანდა, ფეხი წყალში უბრალოდაც არ ჩაუყვია. მანამდე, სანამ არ გარდაიცვალა და მის დასასაფლავებლად განმზადებისათვის არ გახდა საჭირო, ის შიშველი არავის უნახავს.
(იქვე, თ. 47)
ბერმონაზვნული მოძრაობის დასაწყისში ბერებს ბევრი ეჭვით უყურებდა. წმინდა ათანასეს კარგად ესმოდა მონაზვნური ცხოვრების მნიშვნელობა და ის აუცილებლობა, რომ პროცესი ეკლესიის კონტროლიდან არ უნდა გასულიყო და მოძრაობა დამოუკიდებელ სტიქიურ პროცესად არ გარდაქმნილიყო. ამ მიზეზების გამო წმინდა ათანასე ცდილობდა, ანტონი მაქსიმალურად მიმზიდველი სახით წარმოედგინა: მის მიერ აღწერილ პორტრეტში ჩვენ ვხედავთ, რომ ანტონი არ ურთიერთობს ერეტიკოსებთან, დადის ეკლესიაში, სასულიერო პირებს დიდ პატივს სცემს (რითაც მაშინდელი ბერები არ გამოირჩეოდნენ), საერთოდ, სასიამოვნო გარეგნობით და ზნეობით გამოირჩევა.
საინტერესოა წმინდა ანტონის წარმართ ფილოსოფოსებთან შეხვედრა, რომელშიც ბერებსა და საერო სწავლულთა შეხედულებებს შორის სრული შეუსაბამობა ვლინდება. წმინდა ათანასე წერს:
მიუხედავად იმისა, რომ ანტონს რაიმე განათლება არ მიუღია, ძალიან გონიერი პიროვნება იყო, მისი შორსმჭვრეტელობა და მახვილგონივრობა საყოველთაოდ იყო ცნობილი. ერთხელ, საცდუნებლად მასთან ორი წარმართი ფილოსოფოსი მივიდა. როგორც კი ბერმა წარმართები დაინახა, მაშინვე მიხვდა მათი მოსვლის მიზანს, გამოეგება და თარჯიმნის პირით ჰკითხა: - რატომ შეწუხდით თქვენ, ფილოსოფოსები და მობრძანდით ასეთ უგუნურ კაცთანო. როდესაც უპასუხეს, რომ მათ სულაც არ მიაჩნიათ ანტონი უგუნურად, პირიქით, ფიქრობენ, რომ იგი გონიერია, ანტონმა მიუგო: - თუ უგუნურთან მოდიოდით, თქვენი ძალისხმევა უაზრობაა. თუ მე გონიერად მიგაჩნივართ, მაშინ მომბაძეთ, იყავით ისეთები, როგორიც მე ვარ, რადგან, დამეთანხმებით - ის, რაც კარგია, მისაბაძია... მე კი ქრისტიანი ვარო. ამ სიტყვების შემდეგ ფილოსოფოსები იქაურობას გაეცალნენ.
(იქვე, თ. 72)
ეპილოგში წმინდა ათანასე მკითხველს მოუწოდებს, "ცხოვრება" ხმამაღლა იკითხოს და წაუკითხოს არა მხოლოდ თავის ძმებს - ბერებს, არამედ წარმართებსაც. ადრეულ ეკლესიაში მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ კითხვა, წიგნები ძვირად ფასობდა და სწავლება მიმდინარეობდა წაკითხულის მოსმენის პროცესში. ათანასეს სწამდა, რომ წმინდა ანტონის ცხოვრებაში დანახული ღრმა რწმენა ქრისტიანებისათვის სამაგალითო, ხოლო წარმართთათვის - შთამაგონებელი იქნება.
შემდეგი ნაწილი წმინდა ათანასე დიდის ღვთისმეტყველებას დაეთმობა