ყოველი წელიწადი, ყოველი განვლილი დღე მარადისობას გვაახლოებს. ყოველი ახალი წელი მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან
და მაუწყებელი იმისა, რომ ჩვენი მიწიერი ამაოების მიღმა წარუვალი ღირებულებები განვჭვრიტოთ და გამოვნახოთ მიახლოების გზები - არაერთხელ უქადაგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს: "ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ჩვენს თვალწინ ქრება, ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნობი რჩება, თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე, გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან და ვიდრე ჩამოჰკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე".
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) დროს უზარმაზარ მდინარეს ადარებს, დღედაღამ უჩუმრად რომ მიედინება, მის ტალღებს კი - ჩვენი ცხოვრების საათებსა და წუთებს, რომლებიც მარადისობის ოკეანესთან შესარწყმელად მიიჩქარიან.
ღვთისაგან ჩვენთვის მოცემული დრო, რომელიც კეთილი საქმის სამსახურში უნდა განვვლოთ, იმდენად სწრაფმავალია, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებთ. ამიტომ დროისა და სიკვდილის არსებობა მუდამ უნდა გვახსოვდეს, რადგან ყველაფერს დავიბრუნებთ, გუშინდელი დღის გარდა. მამა რაფაელის შედარებით: "ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება მარადისობის უფსკრულზე გაბმულ ძაფს ჰგავს. ადრე თუ გვიან ეს ძაფი გაწყდება, ჩვენი სხეული მიწაში ჩავა, სული კი განსასჯელად წარდგება მისი შემქმნელის - უფლის წინაშე.
სასაფლაოზე ყვავილები იზრდება, რომლებიც მას ალისფერი და ყვითელი ძაფებით მოქარგულ მწვანე ხალიჩად აქცევენ. ეს ყვავილები იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრება სიკვდილით არ მთავრდება. შავი მიწიდან ამოზრდილი ალისფერი ყვავილი თითქოს მკვდრეთით აღდგომას მოწმობს"...
"არსებობს სულთა კავშირი ჩვენსა და გარდაცვლილ წინაპრებს შორის", - ბევრჯერ უთქვამს ილია მეორეს ხილული და უხილავი, მიწიერი და ზეციური სამყაროს არსებობის შესახებ, დღეს ბევრს ეჭვი აღარ ეპარება და მეცნიერებაშიც სწორი წარმოდგენები შეიქმნა ამასთან დაკავშირებით.
სულიწმინდის მადლით, მრავალი წმინდანი ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში გახადა ღმერთმა ზეციური სამყაროს ხილვის ღირსი. სხვადასხვა დროს მოღვაწე წმინდა ღმერთშემოსილი მამები სულით იქნენ აღტაცებულნი ზეცათაზეცაში, რომლებიც ენით აღუწერელ ნეტარებას განიცდიდნენ ცეცხლოვანი სერაბიმებითა და ქერუბიმებით გარშემორტყმული ღვთის ტახტის წინაშე.
ღირს სვიმეონ შავთელს თავისი თვალით უხილავს სამოთხისეული წალკოტი და მათი მკვიდრნი, რომელთა შორისაც ყოფილა ჩვენი დასაბამიერი მშობლების - ადამისა და ევას ქრისტეს გვერდით ჯვარცმული იმ კეთილგონიერი ავაზაკის სული, რომელმაც მაცხოვრისაგან კაცობრიობის გამოხსნის შემდეგ კაცთაგან პირველმა შეაღო ცათა სასუფევლის კარები.
იმ დიად მამათა შორის, რომელთაც გარდაცვალებამდე იხილეს ზეციური სავანეები, ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს ნეტარ ანდრია სალოსს, რომელიც, პავლე მოციქულის მსგავსად, მესამე ცამდე იქნა აღტაცებული უფლისგან. მისი ხილვა ორი კვირა გრძელდებოდა. აი, რა უამბო მან ამ გამოცხადების შესახებ წმინდა ნიკიფორეს, რომელიც ნეტარი ანდრიას არა მხოლოდ სულიერი შვილი, არამედ მისი დიდი მესაიდუმლეც გახლდათ: "უეცრად, ცათა სასუფევლის უმშვენიერეს და გასაოცარ წალკოტში აღმოვჩნდი. ეს რას ნიშნავს, მე ხომ კონსტანტნოპოლში ვიყავი, - გაოგნებული ვფიქრობდი, რადგან თავიდან ვერ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს, ვერც ის გამეგო, სხეულში ვიყავი თუ სხეულის გარეთ. ტანთ ისეთი აღუწერელი ბრწყინვალების ნაქსოვი კვართი მემოსა, თითქოს ელვის ძაფებისაგან ყოფილიყო მოქსოვილი. შუბლს ულამაზესი ყვავილების გვირგვინი მიმკობდა, ხოლო წელზე სამეფო სარტყელი მერტყა. ღვთაებრივი წალკოტის კეთილსურნელებით გაოცებული გულითა და გონებით გახარებული მივაბიჯებდი სამოთხისეულ ოქროს ბილიკზე. ჩემს ირგვლივ უამრავი ცადაზიდული ხე გაფურჩქნილიყო. სიამით მავსებდა მათი კენწეროების ნარნარი რხევა, ხეთა რტოები ენით გამოუთქმელ მშვენიერებას და სურნელს აფრქვევდნენ, არამიწიერად ტკბილსურნელოვან ხეთა ერთი რიგი ყვაოდა, რიგი მწიფდა, რიგი კი ნაყოფით ირთვებოდა. მათ სიტურფეს ვერაფერი შეედრებოდა, რადგან ისინი უფლის ხელით გახლდათ გაშენებული. ამ უმშვენიერეს წალკოტში აურაცხელი ტკბილადმგალობელი ჩიტუნი დაფრინავდა, გალობა ზეცის კამარას სწვდებოდა და იმდენად მატკბობდა, თავდავიწყებამდე მივყავდი. ჯადოსნური ხილნარები დასტა-დასტა ჩამწკრივებულიყო ურთიერთპირისპირ.
ედემის ხილნარებს შორის დიდი მდინარე მოედინებოდა და ხეებს არწყულებდა. მდინარის მეორე ნაპირზე თვალუწვდენელი ვენახი გადაჭიმულიყო. ვაზს ოქროვანი ფოთლები და მზისფერი მტევნები ესხა. თვალწარმტაც ზვრებს ოთხივ მხრივ მონაბერი კეთილსურნელოვანი ნიავი საამოდ არხევდა".
როგორც წმინდა ნიკიფორე გადმოგვცემს, ნეტარი ანდრია უეცარ შიშს შეუპყრია, როდესაც ზეციური ცარგვალის ზემოთ აღმოჩენილა და მზისსახიან ჭაბუკს უბრძანებია, თან გაჰყოლოდა. წმინდანი დაემორჩილა მეგზურის ნებას და სულ მალე ცისარტყელასმაგვარ ფერთა ბრწყინვალების სხივთამფრქვეველი ჯვარი დაინახავს, რომლის გარშემო მოელვარე კოცონივით თვალცეცხლა ანგელოზთა დასები განლაგებულიყვნენ და ჯვარცმულ უფალს ტკბილი გალობით განადიდებდნენ. ნეტარი ანდრიას წინამძღოლი ჭაბუკი მოკრძალებით მიეახლა ჯვარს, ეამბორა და თანამგზავრს ანიშნა, ისიც ამგვარად მოქცეულიყო. წმინდანი ჯვარს უდიდესი შიშნარევი კრძალვითა და სიხარულით ემთხვია. ასეთი სულიერი ნეტარება მას არასოდეს განუცდია: "შიშმა მომიცვა, რადგანაც ვგონებდი, რომ ჰაერში მივაბიჯებდი, წინამძღოლს შევთხოვე გადავერჩინე უფსკრულში ჩავარდნისაგან. ჭაბუკმა მითხრა: "ნურაფრის შეგეშინდება, ახლა ჩვენ უფრო მაღლა ავალთ" და დახმარების ხელი გამომიწოდა. მაგრად ჩავეჭიდე და მალე უკვე მეორე ცარგვალის ზემოთ ვიყავით, იქ საკვირველი მამები ვიხილე, რომლებიც ისეთ ნეტარებასა და განცხრომაში ჰგიებდნენ, რომ მოკვდავის ენით არ აღიწერება".
ამის შემდგომ ნეტარი ანდრია და მისი გზამკვლევი ჭაბუკი მოგიზგიზე ცეცხლში შევიდნენ. მართალია, მათ ცეცხლის ალი ვერას ავნებდა, მაგრამ წმინდანი კვლავ შიშმა შეიპყრო. "ნუ ძრწი შიშისგან, ახლა კიდევ უფრო მაღლა ავალთ", - უთხრა მეგზურმა და საიმედოდ ჩაჰკიდა ხელი.
ცის მესამე თავანზე გუნდნი და გუნდნი ზეცათანი და აურაცხელნი ზეციური ძალნი განსაცვიფრებელი გალობით განადიდებდნენ უფალს. მეგზური ნეტარ ანდრიას "ათი ათასი ელვის სიძლიერის მოციმციმე კრეტსაბმელისკენ" მიუძღოდა, რომლის წინაც უზარმაზარი ცეცხლოვანი ჭაბუკები იდგნენ. მათი სახეები მზეზე უმეტეს ბრწყინავდნენ, ხოლო ხელთ ცეცხლისმფრქვეველი მახვილები ეპყრათ.
ზეციური მხედრობა რიდითა და კრძალვით ჩარაზმულიყო. "როცა კრეტსაბმელი განიხვნება და ჩვენს უფალსა და მაცხოვარს, იესო ქრისტეს მისი დიდების ტახტზე იხილავ, მაშინვე ეცი თაყვანი", - უთხრა ნეტარ ანდრიას წინამძღოლმა, რომლის სიტყვებმაც წმინდანს შიშისა და სიხარულის ჟრჟოლა ერთდროულად მოჰგვარა.
"აკანკალებული ვიდექი და შიშით ველოდი, როდის გაიხსნებოდა კრეტსაბმელი. უცებ ცეცხლოვანმა ხელმა ფარდა გადასწია და მე, ისე როგორც ერთ დროს ესაია წინასწარმეტყველმა, ვიხილე უფალი და ღმერთი ჩემი, რომელიც სერაბიმებით გარშემორტყმული, მაღალ და ზეაღმატებულ ტახტრევანზე სუფევდა, მისი მეწამული სამოსისა და სახის ელვარება გარეშემო ყოველივეს ენით აღუწერელი ნათლით ასხივოსნებდა. დამბადებელმა სიყვარულით აღსავსე მზერა მომაპყრო მე ცოდვილს. ღვთის ხილვისას მაშინვე პირქვე დავემხე და თაყვანი ვეცი მისი საშინელი დიდების კვარცხლბეკს. აღწერა იმ სიხარულისა, რომელიც უფლის პირის ხილვით განვიცადე, ათასი ბრძენთაბრძენის ენასაც არ ძალუძს. ახლაც, როდესაც ამას ვიხსენებ, სული ნეტარებით მევსება. უძრავად პირქვედამხობილი განვადიდებდი უფალს გონებით, რომელმაც მე, ცოდვილი და უწმინდური, მისი ღვთაებრივი სახებისა და დიდების ხილვის ღირსი გამხადა. გულითა და სულით შემუსვრილი ჩემს უღირსებას ვგრძნობდი და მაცხოვრის სიდიადე გონებაში წმინდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს მიტრიალებდა: "ვაიმე, დავიღუპე, რამეთუ ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი, მეუფე ცაბაოთ უფალი იხილეს" (ესაია 6,5).
შემდეგ ნეტარ ანდრიას მოესმა სამი ღვთაებრივი სიტყვა, რომელიც მის ზეაღმატებულ დამბადებელს თავისი უწმინდესი და უტკბესი ბაგეებით წარმოუთქვამს. ამ სიტყვებს ნეტარზე უდიდესი ზემოქმედება მოუხდენია. "ჩემი გული ღვთისადმი იმგვარი სიყვარულით აღეგზნო, სიმხურვალისგან ცვილივით დავდნი და მაშინ ჩემზე აღსრულდა დავით მეფსალმუნის სიტყვები: "იქმნა ჩემი გული, ვითარცა ცვილი, დადნობილი შუა მუცელსა ზედა" (ფს. 21,14). თუმცა ცხოვრებაში არავისთვის გაუნდვია, რა იყო ის სამი სიტყვა, რომელიც უფლისგან მოესმა.
როდესაც ამის შემდეგ კვლავ სამოთხისეულ წალკოტს დაუბრუნდა, რადგან ქალწული მარიამი ვერსად იხილა, უცებ გონებაში მასზე ფიქრმა გაუელვა. ამის გაფიქრება იყო და მის წინაშე ცეცხლოვანი ღრუბელივით მანათობელი ჭაბუკი წარდგა, რომელსაც ხელთ ჯვარი ეპყრა: "შენ აქ ყოვლადწმინდა ზეციური დედოფლის ხილვა გეწადა? - უთხრა ჭაბუკმა, - ამჟამად იგი აქ არ იმყოფება, რამეთუ კაცთა მოდგმის საშველად და მწუხარეთა ნუგეშის საცემად მრავალსალმობიერ სოფელშია ჩაბრძანებული. გაჩვენებდი მის უწმინდეს და უბრწყინვალეს სამყოფელს, მაგრამ ამის დრო აღარ არის, რადგან ისევ იქ უნდა დაბრუნდე, საიდანაც მოხვედი, ასე ინება სამყაროს მეუფემ".
ამით დასრულდა ნეტარი ანდრიას ზეციური მოგზაურობა. ღვთისმშობელი მან ზეციური დასის თანხლებით დედამიწაზე იხილა ტაძარში, ღამისთევის მსახურების დროს. ამ ხილვის შემდეგ. წმინდა მამას მალე დასდგომია ამ ქვეყნიდან გასვლის ნანატრი წუთები და შვებით მიუბარებია უფლისთვის ტანჯული სული.
უფლის რჩეულთა ხვედრია, ჩასწვდნენ მიღმური სამყაროს საიდუმლოებებს და თავიანთი შთაბეჭდილებები ჩვეულებრივ მოკვდავთაც გაგვიზიარონ. როგორც მაკარი ალექსანდრიელმა ანგელოზის გამოცხადებით შეიტყო, გარდაცვალების დროს უბიწო სულის სხეულიდან გამოსვლა სრულიად განსხვავებულია ცოდვილი სულის გამოსვლისაგან, რაც იმაში გამოიხატება, რომ უმწიკვლო სულს სხეულთან განშორების წუთებში ანგელოზები იცავენ და მიაცილებენ სინათლით, სიხარულითა და ნეტარებით აღვსილ ქვეყანაში, და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, მართალთა სულები ხომ მიწაზედაც ანგელოზებთან ერთად იმყოფებიან.
აი, რას წერს წმინდა ეფრემ ასური უბიწო სულის გამოსვლის შესახებ: "სრულყოფილი მოღვაწენი მხიარულობენ სულის სხეულთან განშორების ჟამს, იციან რა თავიანთი უდიდესი მოღვაწეობრივი შრომის, ურვის, მარხვის, თაყვანისცემის, ლოცვის, ცრემლების შესახებ, მათი სულები ზეიმობენ იმით, რომ თავიანთი სხეულებიდან გაწვეულნი არიან განსასვენებელში".
ეკლესიის მამათა განმარტებით, ყოველ ჩვენგანს უდიდესი სამსახურის გაწევა შეუძლია გარდაცვლილი ნათესავებისა და ახლობელთა სულებისთვის, რათა მათ საიმედო თავშესაფარი პოვონ ახალ სამყოფელში და ნათლის ანგელოზებმა თავიანთი ფრთებით დაიფარონ ისინი.
იოანე ოქროპირის სწავლებით, ცოცხლებს მუდამ უნდა გვახსოვდეს ჩვენგან წასულები: "მათზე ლოცვით თქვენ არა მარტო შეამსუბუქებთ მათ ხვედრს, არამედ იხსნით საკუთარ სულსაც! ამაო არ არის ლოცვა, ამაო არ არის მოწყალება, ეს ყველაფერი სულიწმინდამ დაადგინა; მას სურს, რომ ჩვენ მივიღოთ სარგებელი ერთმანეთისგან, რადგან ცოცხალთა ქველმოქმედება მიცვალებულთა მოსახსენებლად მათაც იხსნის და სხვებსაც. თუ გარდაცვლილი ცოდვილია, ჩვენი სიყვარულიანი მზრუნველობით დიდად შევეწევით მას და სიბნელისა და მწუხარების ადგილიდან განუზომელი ბედნიერების ნათელ სამყოფელში გადავიყვანთ, მართალნი კი, რომლებიც ღვთის ტახტრევნის წინაშე დგანან, ჩვენს სიყვარულზე გვიპასუხებენ და მხურვალედ ილოცებენ ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში მყოფი ჩვენი სულებისთვის".
იქნებ, როგორ მოუთმენლად გველოდება ახლობლის სული, როდის მივალთ ტაძარში, რომ მღვდელმსახურს მოსახსენებელი გადავცეთ და მთელ მრევლთან ერთად საშინელ საიდუმლოთა აღსრუელბისას ვილოცოთ მისი სულის გადასარჩენად, მას ხომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია დაესწროს ამ შემაძრწუნებელ მსხვერპლშეწირვას. რა შვებით და ნუგეშით აივსება გარდაცვალებულის სული, როდესაც ეკლესიაში მოხსენიებით ანგელოზებრივი სახით წარდგება უფლის ტახტის წინაშე და მრევლთან ერთად შეევედრება უფალს შეწყალებას, ცოდვების მიტევებას და საშინელ სამსჯავროზე კეთილად წარდგენას. როგორი აუხსნელი სიხარული, აღტაცება და ნეტარება მოიცავს მას, როდესაც სხვებთან ერთად მისი წილიც ჩაეშვება წმინდა ბარძიმში მღვდელმსახურის ლოცვით: "უფალო! განბანე ცოდვებისაგან შენი სისხლით აქ მოხსენიებულნი!" აი, ფასდაუდებელი სამსახური, დახმარება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ ჩვენს სისხლხორცეულ ნათესავებსა და ახლობლებს. ეკლესიური სწავლებით, თუ გვსურს პატივი მივაგოთ ჩვენს მიცვალებულებს, უნდა გავიღოთ მათ სახელზე მოწყალება, დავეხმაროთ მათხოვრებს, უპოვარებს და მათი ხელების გავლით, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ძღვენი აუცილებლად მივა დანიშნულების ადგილამდე. ამის თავდები თავად უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იქნება, რომელიც ამბობს: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი