"ძნელი არის, იწყებდე სიკვდილს"
"ძნელი არის, იწყებდე სიკვდილს"
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ცხოვრებაც გაიყო. აწი ჩემი ჟამთააღრიცხვაც ასეთი იქნება:   თამუნას გარდაცვალებამდე  და  გარდაცვალების  შემდეგ, რადგან გამოვეთხოვე ჩემი ბავშვობის მეგობარს და მასთან ერთად,  ჩემი სულის  ყველაზე ძვირფას, ყველაზე სათუთ ნაწილს, ყველაზე მნიშვნელოვანსა და ნამდვილს.

ჩემო ცქრიალა თამუნა, როგორ დაყრუვდა  შენი სახლი. დამწუხრდა და დაობლდა.  შენი სახლი _ ჯადოსნური ადგილი ჩემთვის, გულისამაჩუყებელი  მოგონებების უძირო  სკივრი, რადგან აქ, ამ კედლებში  დანავარდობდა  ჩვენი  ნუკრისთვალება ბავშვობა.  რამდენი რამ მინდა გავიხსენო. მოვაკოწიწო წარსული.

ჩამოვჯექი შენს სასახლესთან და თვალწინ გამიელვა ერთად გავლილმა წლებმა, გარდასულმა განცდებმა, ვაგონებივით ჩაქროლილმა. რამდენი რამ გადაგვხდა. რამდენი რამ გავიარეთ ერთად.  როგორი გრძელია ცხოვრება, მოგონებებში კი როგორ სწრაფად შემოსარბენი. ყველა ნაღველი გაცოცხლდა, მკვდრეთით აღდგა, თითქოს დროს ამაოდ ჩაევლოს;  დროს და სასტიკ ცხოვრებას.
შორეულ სიზმარივით ვიხსენებ წარსულს. როგორ ძგერდა ჩვენი გულები, როგორ ფეთქავდა. ხსოვნასაც ხომ ჰყავს თავისი დედა, როგორც ადგილს. ამ ადგილის დედის სულს, კეთილ ფერიას, ნიმფას, ალბათ,   თავისი კალთის ქვეშ, ეყოლება შეყუჟული  ჩვენი ბავშვობის ხმები და სახეები.
გავხედე  ბუხარს, გულჩათხრობილს, ყბადაღებულს. რამდენი რამის მომსწრეს და თანაზიარს. მომსწრეს,  ჩვენი ჭაბუკური გულმხურვალების, ტრაგიკული და მაინც ნათელი დღეების, ბავშვობის დღეების. ჩვენი აალებული იდეალების, ახლა უკვე  ნაცარტუტად ქცეული გულის კოცონთა, დანახშირებულ ფრთათა.

არსებობენ მოჯადოებული ადგილები.  "გულის ზეიმთა, გულის ფეთქვათა, საიდუმლოთა ნაზთა ადგილი". ეს შენი სახლია, რომელიც მარადიულად მაბრუნებს და მამოგზაურებს წარსულში, ჩვენს ბავშვობაში - გარდასულ  სამოთხეში.  

სად არის, სად ვეძებოთ  ის უხილავი საცეცხლური, რომელიც მოგვაკმევს ჩვენი ბავშვობის სურნელს, ნელსურნელებას. ანდა რომელი საყვირი დაანგრევს იმ კედლებს, დრომ რომ ამოაშენა.
და მაინც...ფესვებით ვართ ჩარჩენილნი იმ დრო-ჟამში.   და დავიწყების ჭია-ღუა ყველაზე ღრმას და ნამდვილს ვერ ხრავს, ვერ ერევა. იმ ტკბილ ხსოვნას, რომელიც კლდესავთ გვაწევს.
მოგონებები წამომეშალა და თვალწინ ჩამიქროლა. ლამის ყველაფერს თავიდან (თუკი არსებობს "თავიდან"?)  განვიცდი. ყველაფერს, რაც იყო, ისევ ხელახლა,  ისევ თავზარივით.
როგორ ვიჩიჩქნები წარსულში. ბავშვობის ნაშთს დავეძებ ყველგან. ის კი გამირბის, სქელი ბურუსის უშველებელ საფარველს მიღმა  იყუჟება. დავეხეტები ბავშვობის  ქუჩებში, რომლებიც სულ უფრო ცარიელდება და უკაცრიელდება.

მინდა გადავახვიო დრო. ჩემს გონებაში წარმოვიდგენ, რომ მოვდივარ  შენი სახლის ბუხართან, ფერფლში ვაფათურებ ხელებს, ნაცარს გადავქექავ. მინდა ისევ   გავაჩაღო მინავლებულ ცეცხლი. ჩვენი ბავშვობის  ნაცარწაყრილ ნაკვერცხალს  ფერფლი გადავყარო და ახალი ძალით  გავაღვივო.  მერე ვსხდებით, მოგონებების ცეცხლს  ვეფიცხებით და ვთბებით, ვიხსენებთ ბედნიერ წუთებს.

აი, ვხედავ ცეცხლის შუქით განათებულ შენი (ჩვენი)  ბავშვობის სახლს. ბუხარში შეშას ტკაცა-ტკუცი გაუდის. გულუხვად გაშლილ სუფრას თავს დასტრიალებს ლია დეიდა. ჩემს შეგნებაში დედის ეტალონი. ჭეშმარიტი დედა (რადგან არასწორი დედებიც არსებობენ). დედა, არა მარტო თამუნასი და გიასი, არამედ  ყველა მათი მეგობრის, ყველას გულშემატკივარი და პატრონი.  თქვენი  საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, ასპირანტურით დამთავრებული, ყველა მეგობრის სახელი და გვარი დღემდე შეუცდომლად რომ ახსოვს. და არა მარტო სახელი და გვარი, არამედ მათი თავგადასავალიც. ყველას ეალერსება. ათბობს და აპურებს.   თვალებში შუქჩამდგარი შეჰხარის სანთლის მოფარფატე შუქით სახეგანათებულებ სტუმრებს., შვილების მეგობრებს. გვამხნევებს თავისი ოპტიმიზმით, ზოგჯერ გამოგონილითაც.

შენი და გიას მეგობრებს, ვისაც კი, ამ  ოჯახში ფეხი შემოუდგამს, საგზლად წაჰყვათ  თქვენი  მშობლების ადამიანობა. ყველას მეხსიერებას თბილ მოგონებად შემორჩა ეს ოჯახი, 90-იანი წლების იმ შავბნელი ზამთრის  ღამეებში  ამ სახლის  დალოცვილი, სულისჩამდგმელი, მაცოცხლებელი  სითბო.  რამდენი ბავშვობის ამხანაგი ვნახე შენს სამძიმარზე,  თვალების უპეებთან შეყრილ ნაოჭებში გაბრწყინებული ცრემლით.

მეცოდება ჩვენი წარსული, მინდა დაბრუნდეს ის დღეები. მკვდრეთით აღდგეს ჩვენი ბავშვობაც, სიჭაბუკეც, მეგობრობაც. თავიდან მინდა განვიცადო ყველაფერი, რაც უკვე იყო: _ საშინელებაც, შეურაცხყოფაც, სიყვარულიც. რადგან მენანება ამ ცხოვრებაში  განცდილი დასავიწყებლად და თუკი ოდესმე ჩვენი სულები კვლავ შეხვდება ერთმანეთს, რატომღაც მგონია,  რომ ისევ აქ ვიხეტიალებთ, ჩვენი ბავშვობის ჯადოსნურ ადგილებში, სამეგობროში. და აქაური ამბები დაგვესიზმრება. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები, რომლებიც ერთად გავიარეთ და გავიზიარეთ.

როგორი ხალისიანი ჟრიამულით იყო სავსე მაშინდელი შენი სახლის ჰაერი   და ჩვენ ვსუნთქავდით ამ ჰაერით, ვივსებოდით მარადიული სურვილებით. როგორი სისხლსავსე იყო ყველაფერი. როგორი გვეჩვენებოდა ცხოვრება _ საიდუმლოებით მოცული და მიმზიდველი. რა ნეტარი დრო იყო. ის ის იყო, ვეცნობოდით ცხოვრებას. მაშინ ჯერ კიდევ გვჯეროდა  მისი. გვიყვარდა და გვჯეროდა, რომ  სიყვარულს, მეგობრობას  დრო ვერაფერს დააკლებდა. როგორი მარადიული ჩანდა ყველაფერი. ვბრწყინავდით მოლოდინით, ვოცნებობდით უკეთეს მომავალზე, მაღლა ვფრენდით, ვრომანტიკოსობდით, საკუთარი თავის ძიებით გართულნი.  როგორი კეთილგანწყობილი გვეჩვენებოდა  სამყარო ჩვენს მიმართ და არა მტრული.

ჩვენ მე-20 საუკუნეს ვაცილებდით და ვიყავით ისტორიული წამების, ქარტეხილების მოწმენი, თანადამსწრენიც და შემოქმედნიც.  მომსწრენი და მონაწილენი  ფრთაგაშლილი ეროვნული მოძრაობის, რომლის სულსაც შეეღწია ცხოვრების ყველა  ფორმაში და ყველა ადამიანი ჩაეთრია. ყველაფერი სავსე იყო თავისუფლებით და თავისუფლებისთვის ბრძოლით.

ამ დროს გვატყდებოდა თავს ახალგაზრდობა. და ყველაფერს უჩვეულო სიმძაფრე ახლდა. სამყაროული ქარიშხალი კი ჯერ კიდევ გზაში იყო და ძალას იკრებდა, თავს რომ დაგვტეხოდა.
თურმე ცხოვრება _ ბრაზიანი მოკრივე, მძიმე მუჯლუგუნებს ინახავდა ჩვენთვის.
რა ვიცოდით,  რომ  ძალიან მალე დაიმსხვრეოდა 9 აპრილის დუღაბი და  წინ გველოდა განცდა "ჭეშმარიტების უსუსურების" და გაოცება მარადიული უსამართლობით.

წინ გველოდა სიბნელეში ცხოვრება. ყველაზე ლამაზი, რაც კი უნდა გვეგრძნო, იმ საშინელ წლებში მოხდა. ჩვენმა ყვავილობის ჟამმა უპირქუშეს გარემოში ჩაიარა. "ხანმა უნდობარმა" გათელა ღირსება, გააქარწყლა სინდისი. ძალადობას, შიშს, ადამიანების დაკარგვას, ომების უაზრო მსხვერპლს შორის მიედინებოდა ჩვენი სიყმაწვილე.  გაუგონარი ბანდიტიზმი, ტოტალური ძარცვა. აბსურდის თეატრი გათამაშდა.  სრული განუკითხაობა, კოშმარი, ქურდობა, ძარცვა, მკვლელობა, მანქანების, ადამიანების გატაცება  ყოველდღიურობად იქცა. მგლების ხორუმი იყო გაჩაღებული. ვინ ვის რატომ  და რისთვის კლავდა?

ჩვენი სიჭაბუკის მუდმივი თანამგზავრი გახდა: შიში. სიცივე, შიმშილი _  იმ ნანატრი თავისუფლების საფასური.  9 აპრილის დაჩეხილ გაზაფხულს დავატარებდით მხრებით. გაზაფხულმა ჩაიარა. ჩვენ კი გამოქვაბულში მივიკვლევდით გზას. ავმა დროების ქარიშხალმა, ჩვენი გაზაფხულის კვირტები  უკიდურესი სიმხეცით  დალეწა, შემოგვახია გრძნობები,  ნაზი, ლამაზი ყვავილები და დაძენძილი ფოთლებივით ააფრიალა, მოგვტაცა ყველაზე მნიშვნელოვანი. უაზროდ  გაიფლანგა ცხოვრების ყველაზე ლამაზი დრო. ის ჩვენი დრო იყო. სხვა დრო არ მოგვეცემოდა, სხვა ახალგაზრდობა. არადა, ვინ დაგვიმატებს იმ წლებს? თავიდან ვინ დაგვაწყებინებს? ხან მგონია, რომ იმ, გამოტოვებულ გაზაფხულს და ახალგაზრდობას ალბათ იქ გავივლით, იმ ქვეყნად.

ყოფიერებამ უხვად გვაწვიმა ტკივილი და ურვა. ადამიანთა სიხარულიც და მწუხარებაც ნავთსა და პურს დაუკავშირდა. ჩაკვდა სული. რაღაცნაირი მოტყუებულობის განცდა გაგვიჩნდა, რადგან ცხოვრება ჩვენი მისწრაფებების გზაზე ურჩხულივით გადაგვეღობა. უბედური ქვეყნის უბედურ შვილებად ვიქეცით. დავეხეტებოდით ნაიარევ ქალაქში, ნაიარევი გულებით. ტლანქ, ბოროტ, მშიერ, დაუნდობელ, ჩაბნელებულ, უღმერთო ქალაქში;  უაზროდ შეწყვეტილ სიცოცხლეთა,  სახეებგამოციებულ-გამოცარიელებულ ადამიანთა ქალაქში და ასეთი ქალაქიც გვიყვარდა. იმიტომ რომ ახალგაზრდები ვიყავით. ერთნაირ ჰაერს ვსუნთქავდით, ერთნაირ იმედსა და სასოწარკვეთას, ერთნაირ  ედემს და ჯოჯოხეთს.

მერე კი, ცხოვრებამ სხვადასხვა მხარეს გაგვტყორცნა ერთი ხის ფოთლები. შენ ფოთოლივით მოწყდი მიწას, ატივტივდი მაღლა ჰაერში, შეერიე ღრუბელს და გაუჩინარდი სამუდამოდ. წახვედი და წახვედი, უსაზღვროებაში ჩაიკარგე.

თვალი შევავლე შენს პიანინოს. მარად თავახდილს შენს ხელში. ახლა კი _ სულგანაბულს. როგორი ძვირფასი იყო ის წამები, შენ რომ უკრავდი. ისევ ვხუჭავ თვალს და წარსულში ვბრუნდები. იდუმალი მშვენებით სავსე სამყაროში შევდივარ. თვალწინ მიდგება შენი სამუშაო ოთახი, მზის სითბოშეწოვილი, სავსე წიგნებით, ნოტებით, ყვავილებით. ამ ოთხკედელშუა გამომწყვდეული საოცარი, უცნაურად არაამქვეყნიური სამყარო.  შენი ოაზისი. შენივე  ზარხუფი, ჰერმეტულად ჩაკეტილი, სადაც ვერ უნდა შეეღწია სამყაროულ ქარიშხალს, "ხმაურსა და მძვინვარებას". რადგან შენ  ეს ხვედრი გერგო: _ შენს სამყაროში ჩაკეტვა - ეს იყო შენი ნიჭი, შენი კომპასი, თავდაცვის ინსტიქტი, მფარველი ანგელოზი.
აქ ეგებებოდი ღაწვშეფაკლულ გარიჟრაჟებს, ცისკენ მიმართული, შორეთის მჭვრეტელი მზერით და ტკბებოდი განთიადის ჭიკჭიკა ხმით.  მაგიდაზე დევს ნაკვერჩხლის ხუთწვერა ფოთოლი, ადამიანის ხელის მტევნის მსგავსი. ლარნაკიდან კი შემოგვყურებს ტყემლის მწვანე კვირტებით დაწინწკლული ტოტი _  ნაადრევი გაზაფხულის მოსვლის სიმბოლო. მაშინაც კი,  როცა არავის გვეცალა, არავის გვეგაზაფხულებოდა. შენთვის შთაგონება ნიშნავდა სიცოცხლეს. შთაგონებას მოკლებული არაფერი  გინდოდა _ არც სინამდვილე, არც სიმართლე, არც სიცოცხლე. ყველაზე დიდ საშინელებად შინაგანი სიცარიელე მიგაჩნდა. რადგან ამბობდი, რომ სიკვდილი მაშინ დგება, როცა გულგრილად უცქერ მზეს, მთებს და ყველაფერი უჟმური გეჩვენება.  შენი ხმა ახლაც  ყურში ჩამესმის. ამბობენ, რომ ხმა ყველაზე გვიან გშორდება. ახლაც თვალწინ მიდგას შენი თხელი, ჩამოქნილი ღაწვები და მძაფრი მზერა. შეუპოვრად მომზირალი თვალები. შარფს მხარზე გადაიგდებდი ფრთასავით. უწონოსავით დაფარფატებდი. სილამაზის მოტრფიალე იყავი. მიგაჩნდა, რომ სილამაზე დიდი ძალაა. განა ის არ გვეხმარება, რომ წუთისოფლის უღელი დავითმინოთ? რომ არა მშვენიერება, რა იქნებოდა ქვეყნიერების ფასი?!  ყველაფრის მოვარაყება გჩვეოდა - აზრის, სიტყვის. იებივით ლამაზი ასოებით წერდი.  გეგონებოდა, იებით მოფენილი მინდორიაო შენი ნაწერი. ძალიან დახვეწილი გემოვნება გქონდა. გხიბლავდა ყველაფერი გამორჩეული, არაჩვეულებრივი.  და შენც  ჯიუტად ცდილობდი, ამ მსწრაფლწარმავალ და  მუდამ თავპირისმტვრევით გაქანებულ  ცხოვრებაში  შეგეჩერებინა მშვენიერების წამები. გიყვარდა გამორჩეული ფინჯნით ჩაის მორთმევა. შენს ჭიქებზეც სულ ჩიტები და ყვავილები ეხატა. როგორ მიყვარდა იმ ჭიქით ჩაის დალევა. ეს ჩაი სანეტაროდ მეჩვენებოდა. ის ჩიტიც ისეთი ახლობელი იყო ჩემთვის, თანაც შორეული და საოცნებო...იდუმალი. რა ლამაზი დრო იყო. ჩინური ფაიფურის ჭურჭელზე ბულბული სტვენდა.  დარაბებს მიღმაც და მოღმაც, გულის კუნჭულშიც აღევლინებოდა სიყვარულის საგალობელი.

თვითონაც ჩიტივით მჩატე იყავი. როგორი სინაზის ნაკადი იფრქვეოდა შენი თითებიდან. როგორი გატაცებით  უკრავდი შოპენს და ლარნაკში ჩაწყობილი ვარდისფრად დაღუებული ატმის რტოები თრთოდნენ, ჰაერის შერხევისგან.  როგორ ირწეოდა ნიავისგან ფარდები გაღებულ ფანჯარაში, იალქანივით.  ფრთებივით გაფრენილი ფარდები.

იდუმალი ვნებით ერწყმოდნენ ერთმანეთს ჰაერში მოფარფატე მუსიკის ბგერები, ალუბლის მურაბის სუნი და გაზაფხულის ხასხასა მწვანე ფერები. ჰაერში ლივლივებდა ეს ყველაფერი. ჰაერის ტალღებს უსათუოდ სადღაც ექნებათ შენახული და გამომწყვდეული  ამ ბგერების და სურნელის ჩქამი.
სულ გაფაციცებული იყავი, რამე არ შეგშლოდა. არავითარ შემთხვევაში არ მიაფუჩეჩებდი არაფერს. მაქსიმალისტი იყავი. სწავლა არასდროს ყოფილა შენთვის  ძნელი საქმე. ყველაფერი იოლად გამოგდიოდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ სუსტსა და ნაზ სხეულში ამხელა ენერგია ბობოქრობდა. უსასრულობაში დაფრინავდი. სინამდვილე და ყოველდღიურობა კი იღრინებოდა. სასტიკი სინამდვილით დევნილი, წიგნების ციხესიმაგრეს აფარებდი თავს.  როგორ ავსებდა ჩვენს ცხოვრებას ეს წიგნები, წიგნებში თავჩარგული, კითხვაში გატარებული ღამეები. შენი ღამეები. ამ წიგნებით ცხოვრობდი. შენს თავს ამოწმებდი, შენს ქცევას განსჯიდი  ნაწარმოებების  პერსონაჟების თარგზე. და თავადაც ჰეროიკულ პერსონაჟს ჰგავდი, შეუსაბამო და არასწორ პიესაში. რადგან შენ სხვა დროში უნდა გეცხოვრა. წიგნებში გაბნეულ გამხმარ ყვავილთა ფურცლებში ჩარჩა შენი სულის ნაწილი.
რამდენი გვქონდა ერთმანეთისთვის და რამდენ დროს ვატარებდით ერთად.  მიზეზები სულაც არ გვჭირდებოდა იმისათვის, რომ შევყრილიყავით.  ვიდრე ასე გავგარეულდებოდით, ჩვენი გულები ასე უმოწყალოდ გაიფანტებოდა, დანაწილდებოდა, დაიყოფოდა სხვადასხვა საფიქრალ-სადარდებლად, დამთრგუნველ წვრილმანებად.

როგორ მშვენივრად კითხულობდი ბოდლერს, ფრანგულად. ახლაც რელიქვიად ვინახავ შენს ნაჩუქარ "ბოროტების ყვავილებს". ერთხელ, მახსოვს,  ისეთი შთაგონებით წარმოთქვი ბოდლერის ეს ფრაზა: "რომ ტანჯვა არის სიდიადე ჩვენი ეული" . მაშინ რა ვიცოდით, ჯერ კიდევ რას გვიპირებდა ბედისწერა. როგორ მოგვაჯადოვებდა და რა ბილიკებზე გაგვიტყუებდა;  მაშინ ჯერ კიდევ ამაყად, ლაღად ვიწვევდით მას, ვეხუმრებოდით  და რას ვიფიქრებდით, რომ ასეთი უმწეონი აღმოვჩნდებოდით მისი სასტიკი  კლანჭების წინაშე.

შენგან ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი რამ გადამედო. მახსოვს, ერთხელ როგორ მაჩუქე გლინკას "განშორების" ნოტები  და ჩემთან სახლში დაუკარი.  შეუცნობელი სიცივე იღვრებოდა ამ მუსიკის ჰანგებიდან.  მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ წინ ამდენი განშორება გველოდა, რომ ცხოვრება გამუდმებული  დამშვიდობებაა, რომლის ტექნიკაშიც მერე და მერე უკიდურესად დავიხვეწეთ და დავოსტატდით. დრო-ჟამის ლაბირინთებიდან  ისევ ჩამესმის შენი "განშორება". "განშორება" კი ჰქვია, მაგრამ სულ მაბრუნებს იმ წლებთან, რაც დრომ წაგვართვა. მახსენებს იმ ცრემლს, მარადიულ ცეცხლს, რომელიც მაშინ ჩვენს გულსა და თვალებში ბრიალებდა. ულმობელი დრო, თურმე ყოველი წუთი თავბრუდამხვევი სიჩქარით გვაშორებდა ერთმანეთს. ბოლოს ესქალატორზე მოგკარი თვალი. შენ ადიოდი, მე კი ჩავდიოდი. ხმაც ვერ მოგაწვდინე.

როგორი ვნებით  გიყვარდა ხელოვნება. გიყვარდა  ცეკვა, მაგრამ, ამ უსულგულო  და უსამართლო ცხოვრებას  საცეკვაოდ არ გაუწვევიხარ.

მახსოვს, ერთხელ, მთვარის სონატას უკრავდი. ჭორფლიანი ცა და  ქათქათა მთვარე იღიმებოდა შენს  ფანჯარაში. როგორი  კეთილი ხდებოდა სამყარო  მუსიკის ფონზე.  კეთილშობილდებოდა, იდუმალებით იმოსებოდა.

როგორ მინდა გადავახვიო დრო. შევცვალო ბედისწერა _ დიდი ხნის წინ გამოტანილი განაჩენი ჩვენი ცხოვრების შესახებ.

და მაინც.. იმ საბოლოო გამომშვიდობების ღამეს შენი ფანჯრიდან ვარსკვლავებიან ცას გავხედე და ვიგრძენი   მარადისობის უპირატესობა წუთისოფელთან შედარებით.  შენ მაგრძნობინე და დამაჯერე.  
რამდენი რამ გავიდა ჩვენგან, რამდენმა გრძნობამ დაგვტოვა.  რამდენი  რამ გამოვიგლოვეთ: იდეალები, სიყრმის გატაცებები, იმედები. რამდენი გასვენება, რამდენი საფლავი, რამდენი სიკვდილი.
არ ვიცი, ჩვენ როგორ და რანაირად  გადავრჩით, როგორ გადავურჩით იმ "გამწყრალ და გაალქაჯებულ" დროებას?! ყველა თავისებურად ვემალებოდით სინამდვილეს, ყველანი სადღაც გავრბოდით, დამორჩილებულნი თვითგდარჩენის ინსტიქტს _ დაუწერელ კანონს.

ყველანი ჩვენ ჩვენს ყავარჯნებს დავეყრდენით. საკუთარი პალიტრით გავიფერადეთ ცხოვრება. ყველას ჩვენი სათვალე  გქვონდა. ბრძოლის ილეთი, გარეშე თვალისთვის უხილავი ბრძოლის ხერხი.  
ვინ ჩვენსავე მოგონილ და წარმოსახულ სინამდვილეში გადავცხოვრდით. რომელიც ვერაფერი ნუგეში იყო, მაგრამ მაინც ასე ვამჯობინეთ. თავს ვიტყუებდით შეუცნობელ სამყაროში ხეტიალით, რომელმაც გაგვიტაცა. ყოველდღიურმა საზრუნავმა დაღი დაასვა ჩვენს არსებობას. გამოგვშიგნა სასტიკმა დროებმ, ფიტულად გვაქცია.  სქელკანიან, უსულგულო არსებებად,  მანქანებად ვიქეცით;  გულები გავიქვავეთ და გავისალკლდევეთ.

ვინ ცხოვრებაგაუმტარი, ცეცხლ და ყინულგამძლე ჯავშნები ვიშოვეთ, სიტლანქით შევიმოსეთ. გამძლე, ამტან ადამიანებად ჩამოგვაყალიბა ცხოვრებამ, "აღდგენითი სამუშაოები" ჩაგვიტარა.
ყველამ, ასე თუ ისე, იპოვა ენა, რომლითაც თავს მოუქონავდა ამ ცხოვრებას. შენი ამბოხი კი სხვანაირი იყო. შენ ნაკლებად "გამძლე"  გამოდექი.  ფარდები ჩამოაფარე და  დარაბები მიუჭახუნე ამ სასტიკ სამყაროს, გაემიჯნე. ასე გინდოდა გაქცევა იმ დროისგან, რომელშიც ცხოვრება მოგვესაჯა. წიგნები და ნოტები აიფარე სახეზე. შენი ნატიფი სამყაროს ციხესიმაგრეში შეიყუჟე და იქ გამაგრდი. დარჩი "საბრალო მეტრფედ, არარსებულ მატერიკების." სული შოპენით ამოივსე. არადა იმ გაველურებულ დროში ვის ეცალა შოპენისთვის? ერთ პურში იცვლებოდა მუსიკაც, რწმენაც, თავისუფლებაც. იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა ცხოვრების ნებისმიერი უბედურების მიმართ.

ზოგს ცხოვრება ურჩევნია ცხოვრების აზრს. შენ სხვა ხომალდში იჯექი, ცხოვრების უნაპირო, მრისხანე ზღვაზე. უცხო გამოდექი ამ ტლანქი  ცხოვრებისთვის.  იმათგან განსხვავებით, ვისთვისაც უპროტესტოდ მისაღები იყო ყოველდღიურობა. ისეთი სუსტი მხრები გქონდა ჩიტივით. აბა ამ მხრებით როგორ გამოარღვევდი ცხოვრების მძიმე ტალღებს.

არ ისურვე ცხოვრების  თავაწყვეტილ  ფერხულში ჩაბმა. როგორ აბსურდულად გეჩვენებოდა მთელი ეს ამქვეყნიური  ძაფები, ხლართები, კავშირები, საზრუნავი,  აღვირახსნილი ცხოვრების გიჟური დუღილი, ორომტრიალი. ზურგი აქციე გაბაზრებულ ქვეყანას, მართლაც რომ "ამაოების ბაზარს" ანდა "აბსურდის თეატრს." არ და ვერ დაემსგავსე ამ წუთისოფელს. არ აღმოგაჩნდა მტაცებლის ინსტიქტი. ამ წუთისოფლის თავადს, კეისარს ხარკი არა და ვერ გადაუხადე.  ჯიუტად და ამაყად. ამქვეყნისა არ აღმოჩნდი. "სოფელიც თვისთა ჰყვარობდა". "თვისთა",  _ ამ წუთისოფელსაც ხომ ჭირდება თავისი ძენი, ერთგულნი, მიმდევარნი მისი წესებისა. შენ  არ გამოდექი ამ წუთისოფლისთვის ნამდვილი. ვერასდროს გახდი გაუხეშებულ-გახევებული, გადაგვარებული. მათნაირი, ყოველთვის კმაყოფილნი რომ არიან ამ ცხოვრებით. მცირე ბედითაც კმაყოფილნი და ბედნიერნი რომ არიან. ეჭვები და კუზიანი კითხვის ნიშნები არ უჩნდებათ. ტკბილად რომ ჭამენ ამ წუთისოფელს, იდეალები არ გააჩნიათ და არც სურთ. უიმისობასაც  არასდროს ინაღვლებენ. ასეთებს ხომ ვერაფერი სპობთ, ვერაფერი ერევათ.
ვერ გახდი, თუნდაც, კეთილგონიერების, გათანაბრების სულს დამორჩილებული, ზომიერი. ცხოვრებამ ვერ გასწავლა გრძნობების გამოზოგვა, ყაირათიანობა. ანდა, საინტერესოა,  ვინ გაზომა, რა დოზით უნდა განიცდიდე, ანდა პირიქით, არ განიცდიდე?

შენი დისტანცია სამყაროსთან იზრდებოდა, პროტესტი მის მიმართ უფრო და უფრო ფართოვდებოდა, ულმობელი ხდებოდა. იდუმალება ნისლივით გეხვია თავს და ეს ნისლი უფრო და უფრო  დედდებოდა.

რკინიგზის ლიანდაგზე ამოსული, ბარტყივით პირდაფჩენილი ყაყაჩოსავით იყავი. განწირული. ალისფერი გული გქონდა გადაღეღილი სამყაროული დარტყმებისთვის და ეს გული ჩიტივით გიფართხალებდა.

ყველაფერი გქონდა საიმისოდ, რომ ბედნიერი ყოფილიყავი  ამ ქვეყანაზე_ სილამაზე, ტალანტი,  მაგრამ შენ პაწია ბედნიერება და პაწია კეთილდღეობა არ გიძებნია. წვრილმანების ერთობლიობა, უიდეალო არსებობა _ შენ არ დაგაკმაყოფილებდა,  ვერც ნეტარებით ჩაეფლობოდი ასეთი ცხოვრების ჭაობში. შენ არ იყავი მარტივი ადამიანი და ცხოვრებისგან მარტივი ბედნიერების მოლოდინი არც გქონია, არც გჭირდებოდა. არც არასდროს  ცდილხარ, გეთამაშა სიმარტივე. საკუთარი თავისთვის  არასდროს გიღალატია. ის ვერ და არ გახდი, რაც არ იყავი. ვერ შეძელი, საკუთარ "მე"-ზე უარი გეთქვა.  სხვა "მე"-სკენ  წასულიყავი. ვერ შეძელი გაგემარტივებინა ცხოვრება. შენ დარჩი შენად.
არადა, როგორი თავბრუდამხვევი წარმატებები გელოდა. ამ წარმატებების მოხვეჭის გზაზე, წინსვლისკენ შეჯიბრში დოღი გაუმართავთ ადამიანებს.  კარიერას იხვეჭენ. შენ სხვა იპოდრომი გქონდა. შენ  მოკრძალებულ ადგილს დაჯერდი ცხოვრებაში. თუკი არსებობს საერთოდ ადამიანის ადგილი ამ ქვეყანაზე, წარმავალ წუთისოფელში? ბავშვი იყავი და არ გინდოდა აღზევება, გაბრწყინება, სიმდიდრე, რაიმეს დაუფლება.  და შენი ცოდვებიც იმაზე მეტი არ იყო, ვიდრე "ბავშვის თამაში თავის წარმოსახვებთან."

როგორ გიჭირდა ცხოვრების ფარსში მონაწილეობის მიღება. როგორ არ გსურდა. როგორ გიყვარდა სინაღდე და გძულდა სიყალბე. როგორ შორს წახვედი იმ სახიფათო სიმართლის აღმოსაჩენად. ჩვენ  ვერ გავბედეთ წასვლა.

ჩვენ დინებას გავყევით მკვდარი თევზებივით. შენ კი იბრძოდი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით. მარტო იბრძოდი. უძირო უფსკრულებს უსწორებდი თვალებს.

"შორის სიმაღლისა და სიმდაბლისა შეზავებულად დამბადე მე"... სულისა და სხეულის ომში როგორი  ცოდოა ადამიანი. მართლაც, რომ ადამიანი სნეულებაა. ბეწვის ხიდია, უფსკრულზე გადებული. მარადიული მარტოობის დაღი გესვა და განუკურნავი ბედისწერის ხაფანგში გაბმული, მისი არტახებით შებოჭილი,  ეგუებოდი  ხვედრს, ნებდებოდი იმ ძნელად სატარები  ტვირთის სიმძიმის ძალას, რომელიც ამ სიფრიფანა მხრებზე დაგაწვა.  როგორი მძიმე აღმოჩნდა შენთვის  სიცოცხლის ტვირთი, თავისი ტანჯვითა და ლხენით. სხვებს რომ  მსუბუქად მიაქვთ.
მისტიური შიში, რაღაც გაურკვევლის შიში ჩამდგარიყო შენს თვალებში. ათასი ფიქრი, რაზეც ვერა და ვერ გაგეცა პასუხი.

ასე გაგზარდეს - სწორი ყოფილიყავი ყოველთვის, უკომპრომისო და ამ უკომპრომისობისთვის უზარმაზარი ხარკი გადაიხადე. იდეალსა და სინამდვილეს შორის  კომპრომისი არ და ვერ დაუშვი. შენ სხვა თიხისგან იყავი მოზელილი.

მაშინ, როცა გადარჩენის ინსტიქტს დამორჩილებულნი თავპირისმტვრევით გავრბოდით, რადგან  მხოლოდ გადარჩენა გვაინტერესებდა. შენ ჩამოგვრჩი.

ჩვენ ამოვყვინთეთ ბავშვობის სიზმრებიდან.  გამოვიგლოვეთ ბავშვური  ოცნებები.  შენ კი - არ და ვერ გამოიგლოვე. არ გინდოდა ბავშვობის სამყაროს დატევება, ამიტომაც დაიხიე უკან, ისევ  მასში შებრუნდი. ჩვენ სადღაც, სულის რომელიღაც ნაწილში შევყუჟეთ ჩვენი ბავშვობა, დავივიწყეთ, ცხოვრება რომ გაგვეგრძელებინა, შენ კი შეიყუჟე მასში, მას შეეფარე ჯიუტი ერთგულებით  და  დარჩი მარადიულ ბავშვად.

სულ გესიზმრებოდა ბავშვობის კრიალა  სამყარო, ცხოვრობდი ამ სიზმარში და სიზმარი არასდიდებით არ გაცვალე ცხადში. გტანჯავდა ბავშვობის სამყაროდან გამოდევნის განცდა. და მის უხილავ კარებს ჯიუტად ამტვრევდი.

ჩამორჩი იმ ფრინველთა გუნდს, თბილი ქვეყნებისკენ რომ მიფრინავენ და არჩიე სამშობლოში დარჩენა. რადგან ეს იყო შენი სამშობლო _ ტანჯვის წუთისოფელი.  დარჩი შენი ხვედრის ამარა, ავდარში მყოფი ბეღურასავით შემცივნული და  აბუზული.
იმ ფრთამოტეხილ ჩიტს ჰგავდი, ფრინველთა გუნდს რომ ვერ დაეწია. რადგან შენი იდუმალი სამყაროს რუქას მიჰყვებოდი.

და მაინც...ყველა ჩვენთაგანზე მაღლა აფრინდი.
გადამეტებულად მგრძნობიარე გული გქონდა.. სულ ანთებული, ცეცხლივით,  სიბნელე რომ გაგეკვეთა. ამიტომაც უცებ გადაიწვი. ჩვეულებრივმა ადამიანურმა სხეულმა ვერ გაუძლო ზეადამინურ ძაბვას.

როგორ  ზიდე  საკუთარი ჯვარცმა. არადამიანური ძალით ითმენდი ტკივილებს. უსიტყვო და ღირსეული ტანჯვა შეგეძლო. თითქოს სიამაყე არ გაძლევდა ნებას, ვინმესთვის შეგემჩნევინებინა, რას უძლებდი. სიკვდილმა რომ გადაგიარა, ნატანჯი სახე დაგიმშვიდა, გადაგიწმინდა.  როგორი იდუმალია დიდებულებით დამუხტული სიკვდილის სიმშვიდე. იმის შეგრძნება, რომ ერთ დღესაც ავდგებით და ჩვენ ჩვენს საკუთარ სიკვდილს შევხვდებით პირისპირ. ჩავუქროლებთ ჩვენს წარსულს - სიბეჯითეს, მოკრძალებას, 90-იანი წლების შიშებს. მერე იმ ჩვენს განვლილ  ტკივილებზე, ალბათ, რამდენს ვიცინებთ.

და ახლა, როცა უკან მოიტოვე, გატოპე ეს ჯოჯოხეთი, სანამ ცოცხალი ვარ, სულ მომაგონდები. მომაფრქვევ შენს სულს, განზავებულს,   ჰაერში გათრთოლებულ მოცარტის ბგერებში, გარიჟრაჟის თრთვილის მარგალიტებში. ამომღიმებ საფლავიდან, ყვავილად ამოიზრდები. ყვავილებიდან გამომხედავ.  ხმაკეთილი ტოროლებიც შენს თავს გამახსენებენ. შენს ამბავს მომიყვებიან. გუგული რომ შემომძახებს ხეებიდან, მეცოდინება, რომ შენ მეხმიანები. ნიავი მომელამუნება სახეზე და გამახსენდები, მომაგონდება  შორეული ბავშვობის ბედნიერი და ძვირფასი წუთები. იმ წუთების ლანდები ჰაერში არიან გაბნეულნი და შემომეგებებიან.  ძველი დროის, ბავშვობის სიტკბოებით.
თოვლი რომ მოვა. რომ გააყუჩებს და გარინდავს ყველაფერს, უნაზესი სულით შემოსავს, უთუოდ გამახსენდები. და კიდევ, რამდენი რამით გამახსენდები. რამდენნაირად შემეხმიანები. რამდენ რამეში ილივლივებ: - მზის თბილ შუქში, წვიმის წვეთებში. ალიონების ვარდისფერი კაბების სინაზეში,  სიოს უნაზეს გაელვებაში. რაღაც ძალიან მშობლიურის, ძალიან ძვირფასის და სათუთის  შეხება-შეხმიანებაში.

ჩემო თამუნა, მალე მოვა გაზაფხული, რომელზეც "ჩემის" თქმის უფლება დიდი ხანია დავკარგე. ჯერ კი ისევ თებერვლის ჯანღიანი ცა დაგვყურებს თავზე. შენი დაკრძალვის დღეს მზე თითქოს გაყინულიყო. ულმობლად და ცივად ანათებდა. ღრუბლების პირქუშ  პირბადეს იფარებდა სახეზე.  მერე, სანამ მიწას მიგაბარებდნენ, უკანასკნელ წამს ვეღარ გაუძლო, მზის სხივმა თითქოს შუბივით გაარღვია სივრცის ბექთარი.  ღრუბლიდან გამოიჭყიტა. მოსიყვარულედ დაგაცქერდა, უკანასკნელად გეამბორა შუბლზე.  შემდეგ აკრიფა თავისი სხივები და უკან გაიხმო.

და ახლა, როცა უკვე გარდაიცვალე, ახალ, უფრო უკეთეს ცხოვრებაში გადასახლდი, ალბათ, რამხელა სიხარულია ზეცაში, იმის გამო, რომ ძლიერი გამოდექი, რომ იტვირთე მძიმედ სატვირთველი; გაიმარჯვე, სძლიე. რამხელა ზეიმია იმის გამო, რომ ჯვარი აიტანე, ასწიე  მაღლა, მაღლა, თვალუწვდენელ სიმაღლეზე. ხარობენ ანგელოზები, ახლა უკვე მათიანი გახდი. ყველაფერში ხომ ბეჯითი და  ხუთოსანი იყავი. ეს გამოცდაც ღირსეულად დააგვირგვინე და გაბრწყინდი.
მხოლოდ ამის რწმენა გადაგვიგორებს გულიდან  მწუხარების ვეებერთელა ლოდს. აღდგომის სიხარული - ერთადერთია, რაც დამრჩა ცხოვრებაში.

ამიტომ არ გემშვიდობები, ჩემო ძვირფასო მეგობარო. მჯერა, რომ ისევ შევხვდებით, უკეთეს სამყაროში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
16.09.2022

16 სექტემბერი დეკანოზ მიქაელ ბიწაძის გარდაცვალების დღეა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat