ირაკლი ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაიბადა. მისმა მშობლებმა სამი ვაჟი სამშობლოს ერთგულ შვილებად აღზარდეს. იგი ბავშვობიდან ეზიარა ქართულ ხახლურ სიმღერას.
ირაკლის ცხოვრებამ ჩემს თვალწინ გაიარა. ჩვენთვის ერთად ყოფნა დღესასწაულის ტოლფასი ბედნიერება იყო. საოცარი მოკრძალება, თავმდაბლობა და ერთგულება ახასიათებდა ირაკლის. ბავშვობისას სიმღერაც კი ერიდებოდა და ფარდას ამოფარებული მღეროდა.
თოთხმეტი წლისას მამა დაეღუპა. დედაეკლესიამ ჩაიკრა გულში ობოლი ბიჭი. სითბოსა და ნუგეშთან ერთად ბევრი სიხარული მიანიჭა. მომავალი სიყვარულიც სიონში იპოვა.
ირაკლის ცხოვრებაში ყველაფერს საოცარი ხიბლი და მოკრძალება ჰქონდა. ერგო პატივი უფლისთვის ეგალობა ჯერ სიონის, შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან. დიდი სიყვარულით უყვარდა პატრიარქი და თავისი მოძღვარი - მამა ტარიელი. მახსოვს, როგორ შეშფოთებით მითხრა, უწმინდესს თვალები სტკივაო.
გერგეტის სამების დღესასწაულზე პატრიარქს მგალობლებთან ერთად ირაკლის საცოლეც ახლდა. უწმინდესს კურთხევა მიუცია, ჯვარი სნოს პატარა ტაძარში დაეწერათ. გვირგვინები არ ყოფილა. ბიჭებს დაუკრეფიათ მინდვრის ყვავილები. მამა ტარიელს დაუწნავს ჯვრისწერის გვირგვინები. საოცრად ლამაზი და უჩვეულო ჯვრისწერა ჰქონიათ ირაკლისა და გვანცას. სახეგაბრწყინებული გვიყვებოდა, რა ბედნიერებაა, პატრიარქი და მეუფეები რომ გლოცავენო.
პატრიარქის კურთხევით გააცილეს ირაკლი სამების ტაძრიდან. როგორი საოცარი ჯვრისწერაც ჰქონდა, ისეთივე გაცილება მოუწყვეს...
მადლობა უფალს, რომ გვაჩუქა ირაკლი. მჯერა, სუფთა გულით, ლამაზი სულითა და ტკბილი გალობით დაიმკვიდრებდა ცათა სასუფეველს. საოცარია, გლოვა და სიხარული ერთდროულად დაგვეუფლა. დიდ ტკივილს საოცარი ნეტარების განცდა გვიმსუბუქებს. იოანე ოქროპირი ამბობს: "გლოვობ, რომ მიიცვალა და დაგტოვა და იმაზე არ ფიქრობ, თუ ვინ შეიძინა მან იქ".
მინდა უზომოდ დიდი მადლობა ვუთხრა პატრიარქს, მამა ტარიელს, ირაკლის მეგობრებს და ყველას, მისი სულისთვის მლოცველს.
ნინო საგანელიძე
ირაკლის ბიძაშვილი
ირაკლის ბიძაშვილი
სურვილი ავუსრულეთ და მრავალჟამიერი ვიმღერეთ
მახსოვს, მშობლებმა პირველად რომ მიმიყვანეს სიმღერაზე არტოს ბაღში, "მართვეს" სკოლაში. ბანებში დამაყენეს. ჩემს უკან გიორგი სვანიძე და ირაკლი ედილაშვილი ისხდნენ. 12 წელი ვიმღერეთ ანსამბლში ასე გვერდიგვერდ მსხდომებმა. ვერ გადმოგცემთ, რამხელა სიყვარული და სიხარული გვქონდა და გვაქვს ერთმანეთის მიმართ. 13 წლისა ირაკლის საზღვარგარეთის პასპორტში აღმოვჩნდი "ჩაკრული" - მე პატარა ვიყავი, ირაკლი კი უკვე პირველ კურსზე იყო და პასპორტიც ჰქონდა. გამგზავრებამდე მამამ, როგორც ყველაზე გაწონასწორებულ ადამიანს, ზრდილობიანსა და სანდოს, ირაკლის ჩააბარა ჩემი თავი. მართლაც ძალიან ყურადღებით მექცეოდა და ამას ვერასოდეს დავივიწყებ! როცა მეძინა, ხშირად იღვიძებდა. დამხედავდა, საბანს გამისწორებდა...
დრო გავიდა. რადგან "მართვეში" აღარ ვღეროდით, ანსამბლ "შავნაბადას" ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ.
...ერთხელ სვანეთში წავედით. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახალი ასულები, სავახშმოდ დავსხედით. ირაკლი არ ჩანდა. მის მოსაძებნად გავედი. დავინახე, ხეზე ამძვრალიყო (სვანეთში ტელეფონი ცუდად იჭერს), უფროს ვაჟს ნიკოლოზს ზღაპარს უყვებოდა და ასე აძინებდა. ნიკოლოზსაც და საბასაც მამაზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. მიუხედავად ამისა, ირაკლის ერთი შეხედვა საკმარისი იყო, რომ ზუსტად მიმხვდარიყო ორივე, რა არ მოსწონდა მამას. ზომიერად მკაცრი მამა იყო. მისი მეუღლე გვანცა იხსენებს, ბავშვებს რომ გაუბრაზდებოდა, მერე ნერვიულობდა, როგორ ვეჩხუბეო.
ხშირად ვქეიფობდით ერთად და რაზე აღარ ვსაუბრობდით: ვის როგორი ხასიათი ჰქონდა, ვინ როგორი იქნებოდა რამდენიმე წლის შემდეგ... ირაკლის სასულიერო პირობას ვუწინასწარმეტყველებდით. როგორც ღმერთი ინებებს, ისე უნდა იყოსო...
ბოლოს ყველამ ერთად ჭოპორტში, გიორგი სვანიძესთან მოვილხინეთ. ირაკლი არც დამჯდარა სუფრასთან, ჭიქა ღვინით ხელში ბუხარს არ მოშორებია, რომ ჩვენთვის რამე არ მოეკლო. არ ვიცი, რატომ, იმ დღეს იმაზეც ვისაუბრეთ, ვინ როდის და როგორ გარდაიცვლებოდა. ბუხართან მჯდომმა ირაკლიმ დაგვიძახა, მე რომ გარდავიცვლები, "მრავალჟამიერი" უნდა იმღეროთო! გაგვეცინა, მაგრამ ყველანი მივხვდით, რომ ეს სიტყვები სერიოზულად თქვა.
მისთვის ქართველობა და ქართული სიმღერა ყველაზე დიდი რამ იყო. ერთხელ თავის ახალმოყვანილ მეუღლესთან ერთად მესტუმრა შინ. მამა თამადად დადგა. სიყვარულის სადღეგრძელოს წარმოთქმისას ალავერდს ირაკლისთან გადავიდა. ირაკლიმაც ირგვლივ მიმოიხედა და თქვა, ჩემთვის სიყვარული ისეთი შეგრძნებაა, როგორიც ხალხური სიმღერის მღერა, როცა ჩოხა გაცვიაო. ამ სიყვარულისთვის არასდროს დაუზოგავს თავი.
ერთ დღესაც "შავნაბადას" მოწვევა მოუვიდა საფრანგეთიდან. სამწუხაროდ, ანსამბლის მხოლოდ სამი წევრი უნდა წასულიყო. კვირას, სამებაში წირვის შემდეგ, ირაკლის ვითხარი, რომ მხოლოდ სამნი მივდიოდით და ერთ-ერთი ირაკლიც იყო. მითხრა: "მე ვილოცებ და ყველანი წავალთო". იმ იმედით დავშორდით, რომ მეორე დღეს შევხვდებოდით და საგასტროლო რეპეტიციებს დავიწყებდით.
იმ საღამოს ჩვენს საკონცერტო ჩანაწერებს ვასწორებდი საავტორო სტუდიაში. ჯერი ირაკლის ნამღერ რაჭულ "მაყრულზე" მიდგა. დავით ხოსიტაშვილს, ჩვენს ხმის რეჟისორს, რამდენჯერმე მოვასმენინე დაწყება - მინდოდა, ირაკლის სოლოთი დამტკბარიყო.
მერე ტელეფონმა დარეკა. გაგა აბაშიძე, ჩვენი ანსამბლის წევრი, იყო - ირაკლი გარდაიცვალაო...
სტუდიაში ირაკლის სიმღერა ისმოდა...
როცა ანსამბლი მარტო დავრჩით მის საფლავთან, რამდენიმე წუთის წინ ჩვენი ხელით ჩასვენებულ მეგობარს სურვილი ავუსრულეთ და "მრავალჟამიერი" ვიმღერეთ...
ამ ყველაფერს რომ ვიგონებ, ასე მგონია, ზღაპარში ვარ. დღესაც დაუჯერებელია ირაკლის სიკვდილი... ის არც მომკვდარა - მის ლოცვასა და გვერდით დგომას მთელი ანსამბლი ვგრძნობთ. ასრულდა მისი დანაპირებიც - დღეს სამი ადამიანი კი არა, მთელი ანსამბლი ვემზადებით საგასტროლოდ, ეს კი, მწამს, ირაკლის ლოცვის შედეგია. დარწმუნებული ვარ, ისიც ჩვენთან ერთად ემზადება და სულ ჩვენთან იქნება, თან უფრო ახლოს, ვიდრე აქამდე იყო.
დავით ცინცაძე
ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი
ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი
ყველა განშორება დროებითია...
ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბრო იმაზე, როგორი ქრისტიანი, ქართველი და მოსიყვარულე ადამიანი იყო ირაკლი; როგორი მგალობელი, როგორი მოწესრიგებული, ერთგული, თავდადებული, თავმდაბალი, ყველაზე ჩუმი, მომთმენი და ამავე დროს - ყველაზე მდუღარე სულისა და განცდების პატრონი; როგორ არ აცდენდა არც ერთ მსახურებასა თუ რეპეტიციას; როგორ უყვარდა ქართული გალობა და სიმღერა, სამების ტაძარი, სვეტიცხოველი, სიონი... როგორ უყვარდა ჩვენი გუნდი, როგორ უყვარდა და უყვარს თავისი მეგობრები; როგორი ოჯახის შვილი იყო და როგორი ოჯახი შექმნა... როგორ უყვარა ლოცვა... ძალიან ბევრი შეიძლება ისაუბრო ამაზე ადამიანმა და ვერ ამოწურო სიტყვა. მაგრამ მე ყველაფერზე მეტად მისი ერთი წინადადება მიტრიალებს გონებაში: "მე ჩემს ძმებს ჯოჯოხეთამდე ჩავყვებიო". როცა ეს მითხრა, შემზარა მისმა გულწრფელობამ და უზომო განცდამ. მის გულს მუდამ ესმოდა და ახსოვდა უფალ იესოს სიტყვები: "უფროისი ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაითამცა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის"... და მართლაც, მეგობრების გამო ბევრჯერ მოუკლია ისეთი რამ, ისეთ რამეზე უთქვამს უარი, რაც მისთვის უზომოდ მნიშვნელოვანი იყო. რა ბედნიერნი არიან ისინი, ვისთვისაც ირაკლიმ ეს სიტყვები თქვა! ადამიანები, რომლებიც ასე შეიყვარა.ახლა უფალმა ირაკლი წაიყვანა და მისი დედის, მეუღლის, შვილებისა და ძმების გულები შუაზეა გაყოფილი - ირაკლისა და ამ წუთისოფელს შორის.
ჩვენ მარადიული ბედნიერებისა და სიხარულის საუფლო მოგველის, სადაც საღმრთო დიდების ტახტზე სიყვარულისა და სიკეთის მოწყალე უფალი, ტკბილი იესო მეუფებს და ჩვენთვის მარადიულად ჯვარცმული მარადიულ აღდგომას განგვიმზადებს. გვწამს, რომ ცოდვათა მიმტევებელი ღმერთის წყალობით იქაა ირაკლიც...
და კიდევ - ირაკლი მუდამ გულით ილოცვიდა: "ღმერთმა უწმინდესის ცუდს არ შემასწროსო..." და ახლაც ლოცულობს ზეციურ საქართველოში თავისი საყვარელი სულიერი მამის - ჩვენი ტკბილი პატრიარქის დღეგრძელობისა და ჯანმრთელობისთვის, მისი და საქართველოს სიხარულისთვის...
ჩვენი მოდგმის შეცდომებმა სამყაროში სიკვდილი შემოიტანა. მაგრამ სიკვდილი იძლია მხსნელის სიკვდილით და ყველა ცრემლი და ყველა განშორება დროებითია.
სვიმონ ჯანგულაშვილი
სამების გუნდის ხელმძღვანელი
სამების გუნდის ხელმძღვანელი