თბილისის ომის დროს მთელი საგანძური საიდუმლოდ ისე გადავმალეთ, რომ მისთვის ვერავის მიეკვლია
თბილისის ომის დროს მთელი საგანძური საიდუმლოდ ისე გადავმალეთ, რომ მისთვის ვერავის მიეკვლია
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურს საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა. თავდაპირველად შეიქმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმები, სადაც თავს უყრიდნენ საფრთხის წინაშე მდგარ სიძველეებს. 1907 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი. მას 1918 წელს დაემატა საქართველოს ეროვნული გალერეა. 1923 წელს შეიქმნა ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი, 1925 წელს კი - ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი. შემდგომ, 30-იან წლებში დაარსდა ხელოვნების მუზეუმი "მეტეხი". ამ მუზეუმში შეგროვილმა კოლექციამ 1952 წელს გადმოინაცვლა დღევანდელ შენობაში.

მუზეუმში თავმოყრილია ძველი წელთაღრიცხვის XIX-XVII საუკუნეების, შუა და გვიანი ბრინჯაოს, რკინის ხანის, ანტიკური, ელინისტური, გვიანანტიკური პერიოდის და ქრისტიანული ხანის ძეგლები, რომლებიც ჩვენი ერის მაღალ სულიერებასა და კულტურაზე მეტყველებენ.

ხელოვნების მუზეუმში მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებია დაცული. ასეთი მოცულობის საგანძურის მოვლა-პატრონობა და გადარჩენა გმირული თავგანწირვის ფასად უჯდებოდათ ჩვენს წინაპრებს, სასულიერო თუ საერო მოღვაწეებს.

ინტერვიუ ვთხოვეთ მუზეუმის ოქროს ფონდის მცველს, ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილს. ქალბატონი ელენე ბატონი შალვა ამირანაშვილის ნამოწაფარია და მასწავლებლის რეკომენდაციით, 1974 წლიდან მოღვაწეობს ოქროს ფონდში. საგანძურს თავს დაჰკანკალებს და, როგორც ამბობს, სხვა ცხოვრება არ გააჩნია.

- ქართულმა ხელოვნებამ (კერძოდ, ლითონმქანდაკებლობამ) განვითარების მწვერვალს ქრისტიანულ პერიოდში მიაღწია. მაგრამ მას საფუძველი წინაქრისტიანულმა ხელოვნებამ შეუმზადა. კერძოდ რა მასალაა თავმოყრილი მუზეუმში წინაქრისტიანული ხანიდან?

- წინაქრისტიანული ხანის მასალა არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის მოპოვებული. გარკვეული მიზეზების გამო, ის განვითარების ერთიან ხაზს ვერ იძლევა, რადგან ამ პერიოდის ყველა ძეგლი ჯერჯერობით ჩვენს ხელთ არ არის. თუმცაღა, რაც გაგვაჩნია, ისიც ძალზე მნიშვნელოვანია. ქართული ლითონმქანდაკებლობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ქრისტიანული პერიოდის მასალას აქვს შეტანილი. ამ პერიოდმა საშუალება მოგვცა, თვალი გავადევნოთ ხელოვნების ამ დარგის განვითარების სრულ სურათს. ქართული ლითონმქანდაკებლობა, არქიტექტურასთან ერთად, უაღრესად ეროვნული ნიშნით არის აღბეჭდილი.

საქართველო უძველეს წერილობით წყაროებში ცნობილია, როგორც მელითონეობის კულტურის მქონე ქვეყანა. ამის საფუძველს ქმნიდა ადგილობრივი მდიდარი წიაღისეული. ლითონის მოპოვებამ და შემდეგ მისმა წარმოებამ, მეტალურგიის განვითარებამ, ცხადია, საფუძველი ჩაუყარა ლითონის მხატვრული დამუშავების სხვადასხვა დარგს.

- რომლებია ყველაზე სრულყოფილი და უწყვეტი განვითარების ხაზის მაჩვენებელი ქრისტიანული ხანის ძეგლები?

- ჩვენამდე მოღწეული ძეგლებიდან ყველაზე ადრეული პერიოდისაა ბრინჯაოს სხმული საცეცხლურები. V საუკუნის ეს სარიტუალო ძეგლები სიმბოლოებით არის შემკული. მათზე მზის დისკოებია გამოსახული, რაც მაცხოვრის სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული. VI საუკუნიდან მათზე ჩნდება ათორმეტი დღესასწაულის სიუჟეტები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბრინჯაოს სხმული საცეცხლურები ქრისტიანული აღმოსავლეთიდან შემოტანილი მასალაა. ჩვენ შორის ვართ იმ აზრისაგან, რომ ამ დროისთვის საქართველოს თავის წიაღში შექმნილი ნიმუშები არ ჰქონდა. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა ქუთაისის მუზეუმში დაცული ჯვრის შესანახი ბუდე, რომლის ქართულ ასომთავრულ საქტიტორო წარწერაში მოხსენიებულია მხევალი საგდუხტი. მეცნიერთა ჯგუფის ვარაუდით, ეს უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის დედა. იმავე მეცნიერთა აზრით, ამ სტავროთეკის თარიღი V-VI საუკუნეებით უნდა განისაზღვროს.

ქართულ ლითონმქანდაკებლობაში მოცულობითი ფორმების სრულყოფილების თვალსაზრისით გამორჩეული ეპოქაა X-XI საუკუნეები. მუზეუმში დაცულია ამ პერიოდის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.

XII საუკუნისთვის უფრო დამახასიათებელია ფერადოვანი აქცენტები. პოლიქრონიული სტილის კლასიკური ნიმუშია გელათში მოჭედილი ხახულის კარედი ხატი. XII ს-ის II ნახევრისთვის დამახასიათებელი თავისებურებები ნათლად გამოვლინდა ტბეთის, წყაროსთავის, წალკის სახარებების, ანჩისხატის ჩარჩოს მოჭედილობაში, რომელთა ოსტატები გახლავთ ოპიზის სკოლის გამორჩეული წარმომადგენლები: ბეშქენ და ბექა ოპიზრები.

XVI საუკუნე ქართულ ლითონმქანდაკებლობაში მეორედ აყვავების ხანაა, რაც საგანძურის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მასალებში ნათლად ჩანს. რუსეთთან შეერთების შედეგად ეს დარგი საქართველოში შესუსტდა. XIX საუკუნის I ნახევარში მხოლოდ თვითნასწავლი ოსტატებიღა მოქმედებენ. ამ დროის თვალსაჩინო მოღვაწეები გახლავთ: სვიმეონ არჯევანიძე და პეპუ მეუნარგია.

- ქრისტიანული პერიოდის ძეგლების უდიდესი ნაწილი მუზეუმში ძირითადად ეკლესია-მონასტრებიდან არის გადმოტანილი. ვის უნდა უმადლოდეს ქართველი ერი მათ გადარჩენას მძარცველთა ხელყოფისაგან?

- XIX ს-ის II ნახევარში ძეგლების შეგროვებაზე საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოყალიბებული მუზეუმები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და საეკლესიო მუზეუმები ზრუნავდნენ. XIX ს-ში ქართულ ეკლესია-მონასტრებს გეგმაზომიერად და გამიზნულად ძარცვავდა რუსეთის ეგზარქატი. არაერთხელ გაიძარცვა გელათის საგანძური. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნიკოდიმ კონდაკოვი იძულებული გახდა, რუსეთის საიმპერატორი კარის წინაშე დაეყენებინა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების აღწერის საკითხი, რადგან ძალზე ბევრი ძეგლი დაიკარგა. ეს საკითხი უპირველესად აწუხებდა ქართველობას. მით უფრო, რომ ერთი აღწერიდან მეორემდე ძეგლების რაოდენობა საგანგაშოდ კლებულობდა. თუნდაც 1859 წელს ხახულის ხატის გაძარცვის საქვეყნოდ ცნობილი ამბავი გავიხსენოთ. მისი ძარცვა არც შემდეგ შენელებულა. მაგალითად, 1904 წელს დაიკარგა ხახულის ხატისთვის შეწირული გიორგი III-ის საბეჭდავი ბეჭედი წმინდა გიორგის გამოსახულებით. ხატს ატყვია აუარება ნალურსმნევი, რომლებზეც შენაწირი ეკიდა. XIX ს-ში რუსებმა გაძარცვეს ხატის ძირითადი ნაწილი. ტიხრული მინანქრის მედალიონები შეიცვალა ფერწერულით.

რევოლუციამ სულ მოუთავა ხელი ჩვენს საგანძურს. ინგრეოდა ეკლესია-მონასტრები, ნადგურდებოდა ჭედური ხატები...

ამ განუკითხაობას წინ აღუდგნენ ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი, გიორგი ბოჭორიძე... სიძველეთა თავმოყრაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დიმიტრი შევარდნაძეს, რომლის სიცოცხლე 1937 წელს მეტეხის ტაძრის გადარჩენას შეეწირა.

სიძველეებს ადგილზე აღწერდნენ სპეციალური ჯგუფები, ერთად უყრიდნენ თავს და შემდეგ გადმოჰქონდათ. მაგრამ გადმოტანა ადვილი არ გახლდათ მაშინდელი უტრანსპორტობისა და უსახსრობის პირობებში. 1923-27 წლებში განათლების სახალხო კომისარიატის დავალებით გიორგი ბოჭორიძემ შეაგროვა 2007-ზე მეტი ჭედური ხელოვნების ნიმუში და სხვა ნივთი, 560-მდე ხელნაწერი წიგნი, 3700-ზე მეტი სიგელ-გუჯარი. ეს მასალა გადაეცა თბილისის და ქუთაისის მუზეუმებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალურ არქივს.

1923 წელს რუსეთიდან დაბრუნდა XIX საუკუნეში საქართველოდან გატანილი მაღალმხატვრული ძეგლების ნაწილი შალვა ამირანაშვილის თაოსნობით.

თავმოყრილი სიძველეები 1923 წლიდან 1925 წლამდე ყუთებითYუნივერსიტეტში ეწყო. ივ. ჯავახიშვილის დავალებით, გიორგი ჩუბინაშვილმა თავის კათედრაზე გახსნა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი. იგი დაკომპლექტდა სხვადასხვა ეკლესია-მონასტრიდან თავმოყრილი სიძველეებით. შემდეგ უნივერსიტეტის I კორპუსში მოეწყო ამ სიძველეთა გამოფენა. 1930 წელს მუზეუმი გაძარცვეს, რის შედეგადაც ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი დაზიანდა.

განძეულის გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებმა, კათოლიკოს-პატრიარქებმა, ამის დასტურად წმინდა კირიონ საძაგლიშვილის გახსენებაც კმარა.

- ბატონ შალვა ამირანაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, დიდი ღვაწლი აქვს საქართველოდან გატანილი სიძველეების საფრანგეთიდან დაბრუნებაში. როგორ იგონებდა ბატონი შალვა ახლა უკვე წმინდანად შერაცხულ ექვთიმე ღვთისკაცს?

- ექვთიმე თაყაიშვილი ეკლესია-მონასტრებში არსებულ ნივთებს ჯერ კიდევ რევოლუციამდე უყრიდა თავს, აღწერდა სიძველეებს. მან საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული შემოიარა და აღწერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში. მეორე მოგზაურობის დროს, 1917 წელს, ლამის ფრონტის წინა ხაზზე უხდებოდა ყოფნა. 1921 წელს საქართველოს მენშევიკური მთავრობის დევნასთან დაკავშირებით ქუთაისის ბანკში გადატანილ განძთან ერთად სამშობლოდან წასვლა წილად ხვდა ექვთიმე თაყაიშვილს, ხოლო სამშობლოში დარჩენა და დანარჩენი სიმდიდრის პატრონობა იროდიონ სონღულაშვილს ერგო. 40-იან წლებში სწორედ მას გამოუგზავნა ექვთიმე თაყაიშვილმა ვუკოლ ბერიძისთვის გადასაცემი წერილი, რომელშიც იტყობინებოდა, უსახსრობის გამო შესაძლოა ქართული საგანძური საფრანგეთს გადაეცეს და დაგვეხმარეთო. ეს საქმე იტვირთა შალვა ამირანაშვილმა. მან 1945 წლის იანვარში დახმარებისთვის სტალინს მიმართა. სწორედ იმ დროს მოსკოვში საფრანგეთის სახელმწიფოს მაშინდელი მეთაური შარლ დე გოლი იმყოფებოდა. სტალინმა ამ საქმის მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთა და შალვა ამირანაშვილი დე გოლს გააყოლა. ბატონმა შალვამ თავისი ორი პატარა ობოლი ვაჟი სახელმწიფოს ხელწერილით ჩააბარა, რათა მისი შესაძლო ვერდაბრუნების შემთხვევაში ხელისუფლებას ეზრუნა ბავშვების აღზრდაზე.

საფრანგეთში ჩასულმა შალვა ამირანაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად შეაჯერა საგანძურის სიები ნივთებთან და ომის დამთავრებას დაელოდა. ფრთხილობდა, ვაითუ განძის ხელში ჩასაგდებად მომკლან და ეს ომს გადააბრალონო. უკვე ღრმად მოხუცი და დაუძლურებული ექვთიმე თაყაიშვილი სთხოვდა შალვა ამირანაშვილს, თუ მგზავრობის დროს რაიმე დამემართება, ჩემი ნეშტი სამშობლოში ჩაასვენეთო (გამოფრენის ბოლო წუთს ექვთიმემ საქართველოში წამოსვლაზე უარი განაცხადა. თურმე ამხელა საგანძურის მცველს ერიდებოდა დახეული სამოსით მეგობრებთან გამოჩენისა. ბატონმა შალვამ მას შეუძინა სამოსი და ისე ჩამოაბრძანა საქართველოში).

არც შალვა ამირანაშვილისთვის ყოფილა იოლი საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობა. საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ნებართვით, 60-იან წლებში ერთი იაპონელი ჩამოვიდა თბილისში და ხელოვნების მუზეუმის მაშინდელ დირექტორს, ბატონ შალვა ამირანაშვილს მოსთხოვა, საღამოს 9 საათზე გაეხსნა დალუქული საგანძური და ჩამოუთვალა ქართული ლითონმქანდაკებლობის საუკეთესო ნიმუშები, რომელთა ყიდვაც სურდა. ბატონმა შალვამ დახმარებისთვის მაშინვე მიმართა ვასილ მჟავანაძეს (მაშინდელ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანს). მჟავანაძემ მოახერხა ვაჭრობის მხოლოდ ერთი კვირით დაყოვნება. შალვა ამირანაშვილისთვის ეს ბევრს ნიშნავდა. მჟავანაძე კი სასწრაფოდ ჩაფრინდა მოსკოვში, ხრუშჩოვის მეუღლის დახმარებით სკკპ ცკ პირველ მდივანს საქართველოს კულტურული და სულიერი საგანძურის გაყიდვის გადაწყვეტილება გააუქმებინა.

ბატონი შალვა იგონებდა, - როდესაც ყველაფერი ჩათავდა, სწორედ მაშინ მივიღე პირველი ინფარქტიო.

- ქალბატონო ელენე, თითქმის 33 წელიწადია ოქროს ფონდში მოღვაწეობთ. ამ ხნის მანძილზე არაერთ სიძნელეს გადაიტანდით...

- მე გახლდით პირველი ქალი, რომელიც ბატონმა შალვამ საგანძურში გადმოიყვანა. მაშინ საგანძურის მცველი გურამ აბრამიშვილი გახლდათ. 40 წლის განმავლობაში განაგებდა ბატონი გურამი საგანძურს. მან უდიდესი წვლილი შეიტანა საგანძურის მოვლა-პატრონობაში. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იდგა მუზეუმი განსაკუთრებით თბილისის ომის დროს. ბატონი გურამი დღედაღამ აქ იყო, წუთით არ ტოვებდა საგანძურს. მე დილას მოვდიოდი და საღამოს მივდიოდი, პრაქტიკულად ტყვიების წვიმაში მიხდებოდა სიარული. მინები ჩაიმსხვრა. სრულიად დაუცველნი ვიყავით. შექმნილ ვითარებათა გამო მუზეუმში ხანძრის გაჩენის დიდი საფრთხე გაჩნდა, ჩაქრობაშიც ვერავინ მოგვეშველებოდა. ბატონ გურამთან ერთად მაშინ მთელი საგანძური საიდუმლოდ ისე გადავმალეთ, რომ მისთვის ვერავის მიეკვლია.

სიძველეებს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება და მათი დაცვა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა. 90-იან წლებში, მოგეხსენებათ, იდგა მისი უცხოეთში საგამოფენოდ გატანის საკითხი. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა საპატრიარქომ. როგორც ცნობილია, ვერცხლი დროთა განმავლობაში სიბლანტეს კარგავს და კრისტალდება. მრავალსაუკუნოვან ნივთებში კრისტალიზაციის პროცესი მძიმე ფორმაში გადადის და მათი მოგზაურობა მიზანშეუწონელია. მათ განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდებათ, რათა მათი სიცოცხლისუნარიანობა არ შემოკლდეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
24.05.2012
ზნეობრივი, შეუბღალავი სიყვარულის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ქართული მწერლობისათვის.
24.05.2012
წლევანდელ მარიამობას აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს 90 წელი უსრულდება
ქართული საზოგადოება დიდი მოწონებით შეხვდა "პალიტრა ლ"-ის მიერ გამოცემულ "საქართველოს ისტორიის" 4-ტომეულს.
10.05.2012
უკვე ორი თვე შესრულდა შესანიშნავი ქართველი მეცნიერისა და პიროვნების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის
26.04.2012
დღემდე რომ მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ბრძნული, ღვთივსათნო არჩევანის შედეგია.
01.03.2012
წელს შესრულდა ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დიდი პატრიოტის
19.01.2012
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს არაერთხელ უთქვამს
08.12.2011
ფრანგი განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო წერდა: "მე ღმერთს მის ყველა ქმნილებაში ვხედავ, თვით ჩემშივე ვგრძნობ
13.10.2011
მე-19 საუკუნის I ნახევრის ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, იონა ხელაშვილის მრავალმხრივ საინტერესო ბიოგრაფიის მრავალი საკითხი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ძმანო და დანო! უფალი, რომელმაც ერთხელ შექმნა სიცოცხლე, საშინელ სამსჯავროზე მტვერისა და ხრწნილებისაგან აღადგენს კაცობრიობას ადამიდან ვიდრე უკანასკნელ დღემდე.