როგორ არჩევანს გავაკეთებთ, საითკენ გადავიხრებით - ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევებისკენ
ნების თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური საკითხია, რომელმაც ბევრი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი დაბადა.
საკითხის არსი ასეთია: თავისუფალია თუ არა ნება თავის მოქმედებებში, ე.ი. თავისუფლად, იძულების გარეშე გადაწყვეტს თუ არა ის, იმოქმედოს ასე ან სხვაგვარად, თუ ნებამ ყოველთვის აუცილებლობით უნდა ისურვოს და იმოქმედოს ასე და არა სხვაგვარად. როგორ წყდება ეს საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?! ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი. - ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე. მარტო ზეციურ დაშვებაზე ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი ყოფა, არამედ იმაზეც, როგორ არჩევანს გავაკეთებთ, საითკენ გადავიხრებით - ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევებისკენ, შესაბამისად, დავისჯებით თუ არა ამის გამო. საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელთაცაა და ამას ისიც განაპირობებს, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ, როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს.
- ადამიანის ნება ყოველთვის რაღაც მოტივების ზეგავლენით მოქმედებს. ხშირად ჩვენ თვითონაც ვერ ვაცნობიერებთ, რაღაც ძალა ზემოქმედებს ჩვენს თავისუფალ არჩევანზე. ასეთ შემთხვევებში რამდენად შეიძლება ნების თავისუფლებაზე ლაპარაკი?
- მართლმადიდებლური გაგებით, არსებობს სამი სახის ნება: ღვთაებრივი, ადამიანური და ბოროტისეული. წმინდა ანტონი დიდი მოწყალების გაღებასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განასხვავებს ამ სამი ნების გამოვლინებებს. ბოროტისეული ნება გვასწავლის, კეთილი საქმეები ან საერთოდ არ აღვასრულოთ, ან აღვასრულოთ მხოლოდ პატივმოყვრული მიზნების დასაკმაყოფილებლად, რათა შემდეგ დავტკბეთ ამით და სხვასაც კარგი ვაფიქრებინოთ ჩვენზე. ამ დროს შეიძლება წინ წამოიწიოს სხვა მოტივიც: მოწყალების გაღება მარტოოდენ სიკეთის ქმნისთვის, ადამიანური კეთილშობილების გამოსაჩენად და უარყოფილი იყოს მოტივი: მიგვაახლებს თუ არა ეს საქმე უფალთან, მოაქვს თუ არა მადლი, რამდენად სასარგებლოა ჩვენი სულისთვის და ა.შ. ანუ ჩვენი გაგებით შეიძლება სიკეთე გავუკეთოთ სხვას, უფლის თვალში კი სიავის მომტანი იყოს. ადამიანური ნებაც გვასწავლის სიკეთის ქმნას ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად, სხვის მიმართ გულისხმიერების გამოსაჩენად, მაგრამ ამ დროს ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად სათნოა ეს "სიკეთე" უფლისთვის. მხოლოდ მესამე - ღვთაებრივი ნება განაპირობებს სიკეთის ქმნას უფლის მსახურების მიზნით, სულიწმინდის მადლის მოსაპოვებლად და საკუთარი რწმენის განსამტკიცებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ ხშირად უხილავად ჩვენს ნებაზე, აზროვნებასა და გრძნობებზე ზემოქმედებს როგორც ღვთაებრივი, ისე ბოროტისეული ძალა. უბრალოდ, ეს უკანასკნელი ადამიანს შთააგონებს, რომ იგი არ არსებობს და ის აზრები, ფიქრები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცემა ადამიანის სულში, ბოროტისეული ზემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ მისია.
ბოროტისეული ზემოქმედების ხელწერას არაერთი მაგალითი ადასტურებს. მაგალითად, ადამიანი გზაზე დავარდნილ საფულეს გადააწყდა. მასში საკმაო რაოდენობის ფული და საბუთია, რომელზეც პატრონის ვინაობა და მისამართია მითითებული. პირველი აზრია - დააბრუნოს სხვისი ფული. მაგრამ ყურთან ჩასაფრებული მაცდური მას უჩურჩულებს: "თვით განგებამ გამოგიგზავნა ფული ასეთ მძიმე წუთებში. ეს ქურდობა არ არის, რადგან ნებისმიერს შეეძლო აეღო". სინდისი კაცს შთააგონებს, რომ სხვისი ქონების მითვისება ცოდვაა. თუ დაუჯერებს სინდისის ხმას და დააბრუნებს ნაპოვნს, შინაგანად კმაყოფილდება, რადგან პატიოსნად მოიქცა, ხოლო თუკი ცდუნებას დაჰყვება, ეშმაკი სხვა, უფრო უზნეო საქციელების ჩადენისკენ უბიძგებს და ეცდება, მატყუარად და ქურდად აქციოს.
ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, შეუძლია აიღოს საფულე ან დაუბრუნოს პატრონს, მაგრამ ამავე დროს, იგი განიცდის ბოროტისეული ძალის ზეწოლას.
- ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ადამიანის ნება აუცილებლობით არის განსაზღვრული. ვგულისხმობ გავრცელებულ აზრს ბედისწერის გარდაუვალობის შესახებ. რამდენად მართებულია საკუთარი პასუხისმგებლობის ბედისწერაზე გადაბრალების მცდელობა?
- ხშირად გაიგონებთ: ბედისწერას ვერსად წაუხვალო. ასეთი მსჯელობა ერთი შეხედვით გასაგები და ლოგიკურია, თითქოს რაც ზეცაში სურთ, ის იქნება, ჩვენ განა რა შეგვიძლია, ვის რას შევაცვლევინებთ. ასეთი შეხედულება ხშირად გავრცელებულია კაცობრიობის ისტორიაში. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის შვეიცარიელ მისტიკოსს კალვინს, რომელიც გამოეყო კათოლიკურ სარწმუნოებას და თავისი რელიგიური მოძღვრება შექმნა. ამ მოძღვრების ქვაკუთხედი გახლავთ დაშვება ადამიანის ბედის წინასწარგანსაზღვრულობისა, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თავიდანვე არის განსაზღვრული და ისიც კი დაბადებამდე არის ცნობილი, სამოთხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში. კალვინის მოძღვრება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ფატალისტური, ბედის წინასწარგანსაზღვრულობის მაღიარებელი სხვადასხვა მიმდინარეობისა. ამით ცნობილნი არიან სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები. ალბათ, ზოგჯერ ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანებსაც გაჰკრავთ აზრი: "ბედისწერას ვერსად წაუხვალ", რომელიც აქარწყლებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მის არჩევანზეც არის დამოკიდებული, როგორ წარიმართება ადამიანის ცხოვრება.
- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ ადამიანის ნების თავისუფლებას ყველაზე ნათლად ასაბუთებს შინაგანი ბრძოლა, გაორება, გრძნობათა ჭიდილი გონებასთან, რომელიც ადამიანის არსებაში მუდმივად მიმდინარეობს, სრულყოფის რა საფეხურზეც არ უნდა იდგეს ის...
- ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება, ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომთათვისაც. ამ კანონის შემჩნევა, გაცნობიერება კი საკუთარ და გარშემომყოფთა ყოფაზე დაკვირვების შედეგიცაა. ყველას უნახავთ, როგორ ისჯებიან მძიმე ცოდვებისთვის. ცოდვების ჩადენა ხომ ადამიანზეა დამოკიდებული. მეზობლის კარი ღია რომ დაინახო, შეხვიდე, გაქურდო და შემდეგ ეს ბედისწერას გადააბრალო, საცინრად აგიგდებენ და შენც არასერიოზულად ჩათვლი ასეთ ახსნას. თან თუ ღრმად არა აქვს მავნე ჩვევას ფესვები გადგმული, განსაკუთრებით, როცა პირველად იდენ საძრახის საქციელს, დიდ შინაგან ბრძოლას განიცდი. ზოგჯერ ვერ ერევიან თავს და სჩადიან უზნეო საქციელს. ამ დროს ნათლად ჩანს, რომ ჩვენზე, საკუთარ ნებისყოფაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, დავეცემით თუ არა ცოდვით, შესაბამისად, დავისჯებით თუ არა ამის გამო, შემდეგ მოგვეკითხება თუ არა პასუხი.
ეკლესიურად მცხოვრებ ხალხთან კარგად შეიმჩნევა ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება: მიზეზშედეგობრივი კავშირი ცოდვით დაცემასა და უმეტეს შემთხვევაში მალევე უფლის მიერ დასჯას შორის. ღმერთი მკაცრად სჯის თავის საყვარელ შვილებს და რომ არა ეს, მაშინ არ მოხდებოდა ჩვენი სულიერი ზრდა, გამოსწორება. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, მარტოოდენ ცოდნა არ შველის, რომ ამის გაკეთება ეკლესიურად დაუშვებელია. სანამ კარგად არ მოხვდება არასწორი საქციელისთვის, ფიქრებისთვის, ისე არ გამოსწორდება. ხშირად იმიტომ კი არ სცოდავენ, რომ ასეთი ქმედება ეკლესიურად გაუმართლებელია, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ ღვთისა. თანდათანობით ეს შიში უფრო და უფრო ღრმავდება, გაცნობიერებული ხდება და მძლავრი საშუალებაა არასწორი, სულისთვის საზიანო სურვილების დაკმაყოფილების წინააღმდეგ. გამოსწორებამდე კი თითქმის ყოველთვის შეიგრძნობა შინაგანი ბრძოლის სიმძაფრე. ცოდვას მომნუსხველი, მეტად მიმზიდველი ძალა აქვს, გიტყუებს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, ძლევ თუ არა მას. ხშირად ამ დროს დიდი ბრძოლა შეიმჩნევა ადამიანის არსებაში და ჩვენს ნებისყოფაზე, თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რით დამთავრდება ეს პაექრობა. "სასუფეველი ცათა იიძულების", - ვკითხულობთ სახარებაში და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
- მაშასადამე, ჩვენს თავისუფალ არჩევანს მეტად განაპირობებს ფსიქიკური პროცესის ისეთი გამოვლინება, როგორიცაა ნებისყოფა, რომლის სრულყოფის შედეგადაც ადამიანი ძლევს საკუთარ თავში გრძნობად ლტოლვებს და ცხოვრობს მხოლოდ ზნეობრივი კანონის შთაგონებით... არის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანის ნებისყოფა სუსტდება...
- ერთ-ერთი, რითაც კაცი განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისაგან, არის ის, რომ მას აქვს ნებელობითი მოქმედების უნარი და არ არის თავისი იმპულსების მონა. ნებისყოფის დაძაბვით შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ ის, რაც სურს, არამედ ხშირად საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების სრულიად საწინააღმდეგო, გამომდინარე იქიდან, მიზანშეწონილია თუ არა ეს მისთვის.
- ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფალი ნება, მაგრამ ადამიანური გონებისთვის თითქოს მაინც მიუწვდომელია იმის გაცნობიერება, რომ ღმერთი ჩვენი ცხოვრების წინასწარმცოდნეა, მაგრამ არა წინასწარგანმსაზღვრელი...
- ერთგვარი ლოგიკა, თითქოსდა საღი აზრი იგრძნობა იმ დაშვებაში, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ზემოდან დაიშვება და ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. უფალმა იცის თითოეულის წარსული, აწმყო და მომავალი, ეკლესიური განსაზღვრებით, არ შეიძლება ღმერთმა რაიმე წინასწარ არ იცოდეს და ამით თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება სრულიად ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული ადამიანზე, მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. თუ საღად შევხედავთ ამ ყველაფერს, მივხვდებით, რომ ჩვენი გონება არა მხოლოდ იმაში ვლინდება, რომ ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მის სათნოდ ვიცხოვროთ, არამედ გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები და ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ.