რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
ნახატი, მით უფრო ბავშვის, ის კარია, რომელიც მის შინაგანს, ცხადსა თუ დაფარულს გაგიხსნით, ასე რო, მოდით, ვცადოთ და კონკრეტულად ჩავუღრმავდეთ პატარა ადამიანების შემოქმედებას.როგორც ზემოთ ვთქვით, ნახატი ერთგვარი სარკეა ადამიანის სულისა და მისი პიროვნების ერთგვარი ფიქსაჟი ქაღალდზე, რომელშიც ისეთი რამ აისახება ხოლმე, რასაც ადამიანი ვერასოდეს იეჭვებს.
როდესაც პატარა ხატავს, იგი საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, განცდებს და ყველაფერს, რაც მის პატარა გულს და სამყაროს აღელვებს, უშუალოდ გადმოსცემს, თუმცა, გარდა ამისა, მის პიროვნებაზეც გვიქმნის წარმოდგენას.
სწორედ ნახატი აირეკლავს პატარა ადამიანის წარმოდგენებს ფერებზე, ფორმებზე, ზომებსა თუ მოვლენებზე.
ფსიქოლოგები ნახატს ტესტადაც იყენებენ იმის გასაგებად, რა პრობლემების წინაშე დგას პატარა და მისი დახმარება შეძლონ. არსებობს ნიუანსები, რომელთა წყალობითაც მშობელი დამატებით ინფორმაციას იღებს შვილის შესახებ...
,,ადამიანის დახატვა" - ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ცნობილი ტესტია, მისით ისაზღვრება ბავშვის განვითარების დონე, დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარესამყაროსადმი... ხოლო როდესაც ოჯახის დახატვას სთხოვენ, მასში იგი ოჯახისა და მისი წევრებისადმი დამოკიდებულებას წარმოაჩენს...
არსებობს, ტესტი, რომელსაც ,,სახლი, ხე, ადამიანი", აგრეთვე ,,არარსებული ცხოველები", რომლებშიც ყურადღება ადამიანთა ფიგურებს ექცევა.
მიეცით პატარას ყველაფერი, რაც ხატვისათვის არის საჭირო: - ფურცელი, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები და სთხოვეთ, დახატოს ადამიანი ან ოჯახი, შემდგომ კი ნამუშევარს დააკვირდით.
დასაწყისისთვის, გვსურს, მშობლები გავაფრთხილოთ: - ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას, თუ აღმოაჩენთ, რომ პატარის ნამუშევარზე ,,რაღაც ისე ვერ არის". შესაძლოა, ბავშვმა ნახატზე წუთიერი განწყობა დატოვა, მაგალითად, წინა დღეს ძმას გაუბრაზდა, მასზე ნაწყენია და ამიტომ ნახატზე განზრახ დაამახინჯა, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძმა არ უყვარს.
ასე რომ, არასოდეს განვსაჯოთ და ვეცადოთ, ყურადღება ძირეულ მომენტებზე გავამახვილოთ.
შთაბეჭდილება
უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ, რა შთაბეჭდილებაა ასახული ნახატზე, რა განწყობას გვიქმნის - მძიმეს თუ მხიარულს? ეს იქნება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის განსასაზღვრად, თუ რისი გადმოცემა სურდა ბავშვს ამ ნახატით და რა განწყობილებას ატარებს.ყურადღება მიაქციეთ ფურცელზე ნახატის ზომას და ფიგურათა განლაგებას. საკუთარ თავში დაურწმუნებელი პატარები და ისინი, რომელნიც მომეტებული მგრძნობელობით გამოირჩევიან, ძირითადად არა მთელ ფურცელზე, არამედ მის რომელიმე ნაწილში ხატავენ. ასეთებს ისიც ახასიათებთ, რომ ხშირად ხატავენ ერთსა და იმავეს, შემდეგ შლიან არასასურველ დეტალებს, კვლავ ხატავენ...
საკუთარ თავში დარწმუნებული და გაწონასწორებული ბავშვები კი ქაღალდის ცენტრში ხატავენ, ხოლო იმათ, ვისაც თანატოლებთან ურთიერთობისა და საკუთარი ,,მეს" გამოხატვის პრობლემა აქვთ, ცდილობენ, ქაღალდის მთელი სივრცე მოიცვან.
ხაზები
საკუთარ ძალებში დარწმუნებული პატარები განსაკუთრებულად მკაფიო და მსხვილი ხაზებით ხატავენ და ფანქარსაც საშუალოდ აწვებიან. გაუბედავი ბავშვები კი პირიქით, არცთუ ისე ნათელ ფერებს ირჩევენ და ქაღალდსაც ოდნავ ეკარებიან, რის გამოც მათი ნამუშევრები მკრთალი და არაგამომსახველი გამოდის ხოლმე.
ფანქარზე სუსტი დაწოლა, აგრეთვე, არცთუ კარგ განწყობასა და ფიზიკურ სისუსტეზე მიუთითებს.
ფანქარზე ძლიერი დაწოლა ამაღლებულ ტონუსსა და ემოციურ დაძაბულობაზე მეტყველებს. აგრესიული პატარა ხშირად ამტვრევს ფანქრის წვერს, დროზე ადრე ცლის ფლომასტერს და ფანქარს ისეთი ძალით აწვება, რომ სახატავ ფურცელს ხვრეტს.
რბილი ხასიათის პატარა მრავალ კლაკნილ და წვრილ ხაზს იყენებს. რეალისტი და ნებისყოფიანი ბავშვები უპირატესობას სწორ ხაზებსა და მკაფიო კუთხეებს ანიჭებენ და იშვიათად ხატავენ ოვალურ ფორმებსა და რგოლებს...
ფერი
როგორც წესი, ბავშვები ხატვისას ფერებს უხვად იყენებენ და თითქოს ხორცს ასხამენ ცხოვრების მრავალფეროვნებას, რაც მათ დადებით დამოკიდებულებაზე მიანიშნებს ყოველივე იმის მიმართ, რაც მათ გარემოს შეადგენს. თუ მუქი ფერებით: - ნაცრისფერით, მუქი ლურჯით ან შავი ტონებით არჩევენ ხატვას, შესაძლოა, ეს პატარის ცუდ განწყობასა და არამდგრად ემოციურ მდგომარეომაზე მიუთითებდეს.მაგალითისთვის, სომხეთში, 1987 წლის მიწისძვრის შემდეგ ბავშვთა ფსიქოლოგების მთელი ჯგუფი მუშაობდა, რომელიც პატარების ტრავმული გარემოდან გამოყვანას ცდილობდა და, იმავდროულად, მათ ნახატებსაც სწავლობდა.
ფსიქოლოგებმა შენიშნეს, რომ ნამუშევართა უმრავლესობა მუქი ყავისფერი, შავი და ბორდოს ფერებით იყო შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ფერთა დიდი არჩევანი ჰქონდათ, ნახატების სიუჟეტი კი - შუაზე გახლეჩილი სახლები, ჩამოქცეული კედლები გახლდათ...
როგორც წესი, ეს გამოსახულებები მცირე ზომის და სადღაც ფურცლის კუთხეში იყო მიხატული, რაც დეპრესიის მახასიათებელთაგანია.
როდესაც პატარა ოჯახს ხატავს, ნახეთ, ხომ არ ,,დაავიწყდა" საკუთარი თავის დახატვა, ან სად მოათავსა იგი. თუ სადღაც კუთხეში დახატა და თან ოჯახის დანარჩენ წევრთაგან ზურგით მდგომი, ეს იმას ნიშნავს, რომ თავს იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობს და მშობლის უყურადღებობით იტანჯება.
უფრო შემაშფოთებელია, თუ პატარა საერთოდ არ გამოსახავს ნახატზე საკუთარ თავს... მიდით, ესაუბრეთ და გამოკითხეთ ამის შესახებ. ბუნებრივია, ამაში არაფერია ტრაგიკული, უბრალოდ, ეგებ პატარას სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული...
თუ იგი საკუთარ თავს მარტო, ოჯახის წევრების გარეშე დახატავს, შეიძლება, პატარა ეგოისტია და ყურადღების ცენტრში ყოფნასაა ჩვეული, ყველა მასზე ზრუნავს, თავად კი სხვებზე ფიქრისა და ზრუნვის ჩვევა არ გააჩნია...
დააკვირდით, ვის და როგორ გამოხატავს პატარა. ახლობელთა გამოსახულების ზომით და ნახატზე მათი მდებარეობით, შესაძლოა, დავასკვნათ, როგორ აღიქვამს იგი ოჯახურ ურთიერთდამოკიდებულებებს.
თუ ოჯახის რომელიმე წევრი ყველაზე მასშტაბურადაა გამოსახული, ე. ი. იგი, მისი თვალსაზრისით, არა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ გარემოში, არამედ უმთავრესი პერსონაცაა ოჯახში.
ისინი, ვისაც პატარა თავის გვერდით ყველაზე ახლოს გამოსახავს, მისთვის ყველაზე სასურველი, საყვარელი და ფსიქოლოგიურად ახლოს მდგომნი არიან.
ყურადღებით შეხედეთ ადამიანთა სახეებს და ჰკითხეთ ბავშვს, თუ რას გრძნობენ ისინი: - მხიარულნი არიან ეს ადამიანები თუ სევდიანნი და რატომ. ისიც ჰკითხეთ, რას აქცევენ პატარები ყველაზე მეტ ყურადღებას ხატვისას და რაზე ფიქრობენ.
რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ბავშვის ნახატებში?
გამოსახულია სისხლი (შესაძლოა, ეს გადატანილი ტრავმის ნიშანი იყოს);ადამიანის სხეულზე გამოსახულია დაზიანებები (წყლულები, იარები, მუქი ლაქები), დახატა ღია ფუღუროიანი ხე (ორგანული დაზიანებისა და გადატანილი ტკივილების ნიშანი);
თუ დეტალურად აღწერს სასქესო ორგანოებს, შესაძლოა, ეს სექსუალურ სფეროში არსებულ პრობლემებზე მიუთითებდეს;
საგნები დაშტრიხულია და წაშლილი (მომატებული შფოთის ნიშანი);
ნახატზე ,,გამოტოვებულია" და ,,დავიწყებული" სხეულის ნაწილები (დარღვეულია სხეულის სტრუქტურაზე წარმოდგენა და ნიშანი რთული ტრავმისა);
თქვენს დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან მომენტად იქცევა ბავშვის მონათხრობი იმის შესახებ, თუ რა დახატა და რატომ. შედეგად მრავალი დეტალი გაცხადდება.
ნახატის პერსონაჟებზე საუბრისას პატარა არცთუ იშვიათად მოგვითხრობს საკუთარ თავზე, განცდებსა და იმაზე, თუ რისი თქმა სურდა ამ ნამუშევრით.
ძალზე მნიშვნელოვანია, პატივისცემით მოვეკიდოთ ბავშვის ნამუშევრებს, რადგან ამ შემთხვევაში არ არსებობს კარგი და ცუდი ნახატები, მათში ხომ პატარამ სულის ნაწილი ჩადო.
თქვენი ქება კი მისი პიროვნულობისათვის იმ დიდ და გემრიელ კანფეტად იქცევა, რომელიც მხარს დაუჭერს მის თვითშეფასებას და პირად შესაძლებლობებს განუვითარებს.
თუ პატარის ნახატის ანალიზისას ისეთი რამ შეიტყვეთ, რას შეგაშფოთებთ, რეაქციას უცბად ნუ გამოხატავთ, რადგან, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად იყოს, ამიტომ ტესტი ისევ გაიმეორეთ და თუ იგივე შედეგს მიიღებთ, ეცადეთ, პატარას დაეხმაროთ, უკეთეს შემთხვევაში კი - ფსიქოლოგს ან გამოცდილ სულიერ მოძღვარს მიმართეთ.
ა. ბელიაევის ნაშრომზე დაყრდნობით