როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნინო ჭავჭავაძე.
- რა გავლენას ახდენს ადამიანის არჩევანზე მისი მსოფლმხედველობა, განსჯის უნარი და, ზოგადად, ღირებულებები?
- ადამიანი სოციალური არსებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პიროვნების ჩამოყალიბება, ე.ი. მისი ძირითადი მახასიათებლების ფორმირება საზოგადოებაში, ადამიანთა გარემოცვაში ხდება. ადამიანს სოციალურ გარემოსთან ორმხრივი და რთული ურთიერთობა აქვს: ერთი მხრივ, იგი განიცდის ზემოქმედებას, მეორე მხრივ კი, თავისი შემოქმედებითი ბუნების შესატყვისად, თვითონ ქმნის საკუთარ საარსებო კულტურულ სივრცეს.
სოციალური გარემო (ოჯახი, მეგობართა წრე, სკოლა, უბანი, საინფორმაციო საშუალებები, რომლებსაც ბავშვი იყენებს და ა.შ) აყალიბებს ჩვენს ღირებულებათა სისტემას და განაპირობებს საზოგადოებაში სხვადასხვა ტიპის როლების აღქმის თავისებურებებს.Gგანსხვავებული კულტურებისათვის დამახასითებელი განწყობებისა და ქცევების მრავალგვარობა ამტკიცებს კულტურული ნორმების გადამწყვეტ როლს პიროვნების ფორმირებაში. ქცევების საფუძველი კულტურაა, კულტურისა კი - ღირებულებათა სისტემა. აღირებულია, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დასავლეთის კულტურა ინდივიდუალისტურია, აღმოსავლეთისა - კოლექტივისტური. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურული ნორმები განაპირობებს ადამიანთა განსხვავებას სხვადასხვა ასპექტში, რომელთა შორისაა: პიროვნული სივრცის აღქმა, ყოფითი ჩვევები და კვებითი თავისებურებები, დამოუკიდებლობისა და კოლექტიური სოლიდარობის განცდები, სოციალური ურთიერთობების (მეუღლესთან, შვილებთან, მშობლებთან, მეზობლებთან, კოლეგებთან, სახელმწიფოებრივ დონეზე - ორგანიზაციებთან, ოფიციალურ პირებთან და ა.შ.) ხასიათი და ბავშვთა აღზრდის სტილი. ამდენად, მსოფლმხედველობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის.
- ერთია, რა გვსურს, მეორე - რა უნდა გვსურდეს. სოციუმი გარკვეულ ნორმებს გვიწესებს. რამდენად მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ჩვენი სურვილების გაფილტვრა, მოვახდინოთ მათი მორალიზაცია? როგორია ფსიქოლოგების აზრი ამ საკითხზე?
- ღმერთმა ადამიანი სოციალურ, მაგრამ თავისუფალ, მოაზროვნე, შემოქმედებით არსებად შექმნა, რომელსაც სხვადასხვა სახის მოთხოვნილებების გარდა, არჩევანის გაკეთების უნარი, ანუ ნებისყოფაც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ცხოვრების დროს მას საკუთარი ქცევების გაკონტროლების საშუალება აქვს. თუ ადამიანი ხვდება, რომ მისი სურვილები ან საქციელი უზნეოა, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა შეეცადოს, შეცვალოს ვითარება - მორწმუნისთვის ამ გზის გავლა მოძღვართან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია, ადამიანის მორალი მისი სულის სარკეა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე სწორ პასუხს მორწმუნე მოძღვრისგან იგებს. თუ შეუსაბამობაა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის, მაშინ მოვლენათა სინდისიერი განსჯა დამოუკიდებლადაც შეუძლია ადამიანს. ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ. სულაც არ ვთვლი, რომ ადამიანმა მაინცდამაინც ის უნდა აკეთოს, რაც მის გარშემო მყოფთ სურთ. ნორმალურმა ადამიანმა საკუთარ თავსაც უნდა სცეს პატივი და ირგვლივ - პატივსაცემსაც. ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებაზე, ვითარებასა და გარემოებაზე. მაგალითად, ფროიდის მიხედვით,Aადამიანს სხვადასხვა სახის მოთხოვნილება აქვს. ფროიდის თეორია ამტკიცებს, რომ ნევროზების გამომწვევი მიზეზი ხშირად არაცნობიერი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებია, რასაც თანამედროვე მედიცინაც ადასტურებს. ფროიდის აზრით, შეუძლებელია, აიხსნას პიროვნების დამანგრეველი ნევროტული კონფლიქტები, თუ დავუშვებთ იმას, რომ პიროვნება ერთი მთლიანობაა. ფროიდი ყოფს მას შემადგენელ ნაწილებად. თითოეული მათგანი საკუთარ როლს თამაშობს და საკუთარ ინტერესებს ემსახურება. "იდი" არის ვნებების, ინსტინქტების და გატაცებების სამფლობელო. "სუპერ-ეგო" - მორალის ინსტანციაა, რომელიც ძირითადად აღმოცენდება მამის ავტორიტეტთან შეჯახების შედეგად. გონებით დაჯილდოვებული "ეგო" შუამავლის როლს ასრულებს სურვილებსა და რეალობას, შინაგან და გარეგან სამყაროს, "იდისა" "სუპერ-ეგოს" შორის. მოსაზრებას, არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ, ყველა არ იზიარებს.
- ხშირად ჩვენი სურვილები ჩვენსავე მორალურ კრედოს უპირისპირდება. ამ დროს პიროვნების ცნობიერებაში ჩნდება მძაფრი კონფლიქტი. სინდისი, როგორც მსაჯული, ადამიანის სურვილებს ამხელს, წინ ეღობება. როგორ მოაგვაროს ადამიანმა ეს კონფლიქტი და საერთოდ, რა საფეხურებს მოიცავს პიროვნების ზნეობრივი თვითცნობიერება?
- მუდმივი სწრაფვა სულიერი სრულყოფილების მისაღწევად ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მასზე ზრუნვა საჭიროა ბავშვობიდან, ამიტომ აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ადამიანში ამ მიდრეკილების გაღვივება. ეს არის ადამიანის ცხოვრების მუდმივი და დაუმთავრებელი პროცესი. ცნობილია, რომ ადამიანის ზნეობა დამოკიდებულია მისი თავისუფლების ხარისხზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველას ერთნაირად არ ესმის თავისუფლების არსი.
"თავისუფლების ქრისტიანული არსი" შესანიშნავად განმარტა მე-19 სუკუნის გამორჩეულმა ქართველმა მოღვაწემ გაბრიელ ეპისკოპოსმა (ქიქოძემ): "თავისუფლება ნიშნავს, აკეთებდე იმას, რაც უკეთესად მიგაჩნია". "თავისუფალია ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ირჩევს სიკეთეს". "თავისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ მოაზროვნე არსების ხვედრი და უნდა იყოს მხოლოდ აზროვნების შედეგი". ჩემი აზრით, ეს დებულებები ხშირად უნდა ვიმეოროთ და თუ ჩავწვდებით ამ სიბრძნეს, შინაგანი კონფლიქტები აღარ გვექნება.
თუ ადამიანი ვერ ერევა საკუთარ თავს, აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. ბევრი პრობლემის მოგვარება, მათ შორის აკვიატებული აზრებისაგან განთავისუფლება, ფსიქოთერაპიული ჩარევითაა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო ადვილდება, თუკი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობ.
- ადამიანი ჭეშმარიტ ბედნიერებას მხოლოდ სინერგიის შემთხვევაში აღწევს, ანუ როდესაც თავის ნებას მიუახლოვებს, მიამსგავსებს უფლის ნებას. ეს ძალიან რთული შემოქმედებითი პროცესია და პიროვნების მხრიდან ზოგჯერ მსხვერპლშეწირვასაც მოითხოვს, რადგან ღვთისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლია: "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი". როგორ უნდა ისწავლოს ადამიანმა თავისი ნების ღვთისაკენ წარმართვა, მისადმი დათმობა?
- ეკლესიური ცხოვრება ეხმარება ადამიანს ჭეშმარიტებების დადგენაში, სულიერ მოძღვართან ურთიერთობა კი - გვაძლიერებს. სხვა გზა არ არსებობს. ღვთისკენ მიმავალი გზა ტაძარზე გადის!
- პავლე მოციქული ბრძანებს: "არღარა მე ცოცხალ ვარ, არამედ ცოცხალ არს ჩემს შორის ქრისტე". ეს სინერგიის უმაღლესი გამოხატულებაა. შესაძლებელია თუ არა ამ მდგომარეობის მიღწევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის? - პავლე, მართალია, მოციქული, მაგრამ მაინც ადამიანი იყო! ესე იგი, პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ძნელია, სულიერი ხედვის უნარი რჩეულთა ხვედრია. სიტყვა "სინერგია" ნიშნავს ერთობლივ ქმედებას, ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედებას. მორწმუნეთათვის უდავოა, რომ ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებით ხდება, მაგრამ თანაშემოქმედების განცდა მაინც ძალიან იშვითია.
- ხშირად ადამიანი პასიურად ეგუება თავის ხვედრს, ანუ იმას, რაც მას ღმერთმა განუჩინა. მაგრამ გულში საყვედურობს უფალს, თუმცაღა, მაინც ცდილობს, ჩასწვდეს ღვთის ნებას, სურს, გულწრფელად სჯეროდეს, რომ რაც ღვთისგან ეშვება, ადამიანისავე სასიკეთოდ არის მიმართული. როგორ ჩავწვდეთ ღვთის ნებას უკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ დავეხმაროთ ჩვენს თავს, რომ ეჭვი არ შევიტანოთ უფლის სამართლიანობაში?
- მოძღვართან და ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი რწმენის გაძლიერებას უწყობს ხელს, რაც თავისთავად ბევრ კითხვაზე პასუხის მიღებასაც ნიშნავს". გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ სურს, ადამიანს ცხოვრების შეცვლის საშუალება ყოველთვის" აქვს, რადგან აზროვნებს, უყვარს, გააჩნია ღირებულებების შესაბამისად ნებისმიერი მოქმედების უნარი, ანუ ნება. ქმედებაში ადამიანი თავისუფალია. ეკლესია ადამიანის თავისუფლებას აღიარებს და პატივს სცემს".
- ხშირად ადამიანს ეუფლება ღვთისგან მიტოვებულობის დამთრგუნველი განცდა. იგი ფიქრობს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარადაა დარჩენილი და მხოლოდ მის ხელშია საკუთარი ბედისა და მომავლის გამოჭედვა. ამიტომ ჯიუტად ებრძვის თავის "ბედს" (ნ. ბარათაშვილი: "ბედთანა ბრძოლა ვით მეშინების?"). რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მხოლოდ უფლის დახმარებით შეუძლია ადამიანს საკუთარი ცხოვრების, ნების სასურველი მიმართულებით წარმართვა?
- რაც უფრო მალე ჩავწვდებით ჭეშმარიტებებს, ჩვენთვისვეა უკეთესი.Aღვთის რწმენა ადამიანს სულიერ ძალას მატებს. დამშვიდებული და სულიერად გაწონასწორებული ადამინისათვის კი ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაც გაიოლებულია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი