რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
- რა მიზეზით წარმოიშობა განკითხვა?
- ფსიქოლოგიაში არსებობს არაცნობიერი მექანიზმები, რომლებიც ცნობილია ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმების სახელით. აღქმის მექანიზმებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აპერცეფციას (პერცეფცია არის აღქმა, აპერცეფცია კი - საგანგებო, განსაკუთრებული აღქმა). ორი სხვადასხვა ადამიანი, გამომდინარე მათი გენეტიკიდან, გამოცდილებიდან, პრემორბიდული თვისებებიდან და ა.შ. ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვანაირად აღიქვამს. შესაბამისად, ერთი და იგივე მოვლენის შეფასებაც სხვადასხვანაირია ამ ადამიანების მიერ. ამაზეა დაფუძნებული სწორედ ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი, რომელსაც ეწოდება პროექცია. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება ასეთი მაგალითის მოყვანაც. მაგ: ზოგჯერ მოხუცი ქალი გოგონებზე ამბობს, - უზომოდ თამამები, ლაღები, სექსუალურად გაუწონასწორებელნი და ა. შ. არიანო. ნიშანდობლივად, თუკი ამ ქალის წარსულს კარგად მოვიძიებთ, სწორედ იქ შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ფურცლები, რომლებიც მას არცთუ ზნეობრივ ადამიანად ახასიათებს და რომელთა მიწერაც ახლა მას სხვისთვის სურს. ამას ეწოდება პროექცია. ანუ ადამიანს აქვს ისეთი თვისება, რომ თავის ბუნებას სხვას მიაწერს და ამით იცავს თავს ფსიქოლოგიურად იმ მოვლენისგან, რომელიც მისთვის შეიძლება ხელისშემშლელი იყოს ყოფით ცხოვრებაში.
- განკითხვის წარმოშობის კიდევ როგორი წინაპირობები შეიძლება მოვიაზროთ?
- დღეისათვის ფსიქოლოგიაში იგულისხმება, რომ განკითხვა არის ვერბალური აგრესიის გარკვეული სახე. საერთოდ, აგრესიულობაში მკვიდრდება რამდენიმე თეორია. მაგ., ფროიდის, ინსტინქტების თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავისთავად არის აგრესიული არსება, რომელსაც თანდაყოლილი მისწრაფება აქვს დამანგრეველი მოქმედებისკენ. მამაკაცები, როგორც წესი, უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე ქალები, რაც განპირობებულია გარკვეული გენდერული ცვლილებებით და სხვადასხვაობით. ასევე არსებობს ტვინის გარკვეული უბნები, რომლებიც პასუხს აგებენ სწორედ აგრესიულობის ფორმის გამოვლენაზე. აგრესია, თავისი ფუნქციით, გარკვეულწილად, არის ადაპტაციური, შეგუებითი მექანიზმი, ადამიანის ქცევის სპეციფიკური ფორმა, რომელიც მიმართულია სხვა ობიექტებისადმი, მათთვის ზიანის მისაყენებლად. აგრესია შეიძლება იყოს გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვერბალურ აგრესიას. კრიტერიუმების მიხედვით ვერბალური აგრესიის მიზანია: პიროვნების გაუფასურება, შეურაცხყოფა და ფიზიკური და სხვა სახის მუქარა. ვერბალური აგრესია შეიძლება გამოიხატოს პირდაპირი ან ირიბი გზით. ირიბი გზა არის, შესაბამისად, ბოროტი ხუმრობა, ავი ჭორების გავრცელება, აგრეთვე ცილისწამება და ა. შ.
- როგორ გამოიხატება ვერბალური აგრესიის შემთხვევაში ფსიქოლოგიური თავდაცვა?
- ეს არის გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური პროცესი ფსიქიკური ტრავმის გასაუვნებლად. ვერბალური აგრესიის შემცველი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმებიდან აღსანიშნავია ატრიბუცია, როცა სხვებს მიაწერენ გარკვეულ თვისებებს; ტრანსფორმაცია, როცა დადებითი თვისებების მატარებელ ადამიანს მიაწერენ უარყოფით თვისებებს. განკითხვის ტრანსფორმაციის ფორმით გამოხატვაა, მაგალითად, როდესაც ამბობენ ვიღაცაზე: მაგ: ,,ძლიერი კი არ არის, უხეშია". ქურდი ამბობს: ,,ვინც არ ქურდობს, ის მშიშარაა" და ა.შ. ჩანაცვლების შემთხვევაში, მაგალითად, თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას ადამიანები გამოხატავენ გარეშე ფსიქოფაქტორზე. ჯავრს იყრიან უფრო დაბალ ღობეზე, ვინც ადვილად დასათრგუნია. არსებობს ასევე ფსიქოლოგიური თავდაცვის ასეთი ფორმა - ინტელექტუალიზაცია - წარუმატებლობის ახსნა სხვა გარემოებებსა და პიროვნებებზე გადაბრალებით. მაგ: ,,მე ცუდი მასწავლებელი მყავდა და ამიტომ ვერ განვისწავლე" და ა. შ. რაციონალიზაცია - მორალურად მიუღებელი იმპულსები იცვლება ყალბი მოტივებით. მაგალითად, კაცი არ დადის ეკლესიაში და უნდა, რომ ყალბი მოტივები მოძებნოს: - მე რომ ტაძარში ვიარო, იქ ეკუმენისტი მღვდელი მაცდუნებსო. მოჰყავთ სხვა მიზეზებიც: მღვდლები ძვირფასი ავტომობილებით დასეირნობენ და ა. შ.
შეიძლება ასეთი მაგალითის მოყვანაც. მაგ., ლოგინს მიჯაჭვულ, მომაკვდავ ახლობელზე (უფრო მოხუცზე) ხანდახან იტყვიან ხოლმე: - ნეტავი, დაისვენოს საწყალმა. არადა ამ დროს ქვეტექსტში იგრძნობა, რასაც შინაგანად გულისხმობენ: - ნეტავი დამასვენოს საწყალმაო. ესეც ფსიქოლოგიური თავდაცვის მომენტია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ვრცელდება და დიდი სიფრთხილე გვმართებს ამ დამოკიდებულებებთან.
- აგრესიის და, შესაბამისად, განკითხვის წარმოშობას ხელს უწყობენ სხვადასხვა ფსიქიკური მანკიერებებიც...
- ასეთია მაგალითად: შური, რომელიც საბამ განმარტა, როგორც წუხილი სხვისი სიკეთის გამო; არასრულფასოვნების კომპლექსი და ა. შ. შურს ახასიათებს გარკვეული დაყოფის უნარი თვისებების მიხედვით. მაგ., მავანზე იტყვიან: - კარგი სპეციალისტია, მაგრამ ცუდი ადამიანია. ესეც განკითხვაა, თუმცა სანახევროდ.
განკითხვის წარმოშობას ხელს უწყობენ ფიზიკური მიზეზები. მაგ., როდესაც ადამიანს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილის შეგრძნება, მაშინ მეტად არსებობს საფუძველი ვერბალური აგრესიის და შესაბამისად განკითხვის წარმოშობისა. ამას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა, მაგალითად, გეოგრაფიული გარემო, მაღალი ტემპერატურული გარემო, სივიწროვე და ა. შ. ისეთ ოთახში, სადაც სივიწროვეა, ადამიანს უჭირს თავისი თავის რეალიზება და არსებობს დიდი წინაპირობა ასეთი აგრესიის წარმოქმნისა. ეკონომიკური პირობები, უმუშევრობა, სიღატაკე, დაბალი ხელფასი, ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ბადებს აგრესიას, რაც ხშირად გამოიხატება განკითხვის ფორმით.
აგრესიის წარმომქმნელ წინაპირობებზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ფსიქიკურ თვისებებს, რომლებიც მას სხვა ადამიანებისაგან განასხვავებს. ტემპერამენტის მიხედვით განსხვავებული ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, რა თქმა უნდა, ქცევითაც და აგრესიის გამოხატვის ფორმებითაც. მაგ., ექსტრავერტებს ფსიქიკური აქტიურობა გარესამყაროსკენ აქვთ მიმართული. ისინი თითქოს უფრო აგრესიულები არიან, მაგრამ მათი აგრესია პირდაპირია. შესაბამისად, ეს აისახება ვერბალურ აგრესიაშიც, ანუ განკითხვაში. ინტრავერტების აგრესია კი ხშირად შეფარული ფორმით გამოიხატება. ზოგადად, ადამიანის ნევროტულობა შეიძლება იყოს ასევე აგრესიის სხვადასხვა ფორმების გამომწვევი. იქნება ეს ემოციური მღელვარება ადამიანისა, დეპრესია, გაღიზიანება, რომლის დროსაც იმატებს აგრესია და გამოიხატება განკითხვის სახით. დღეისათვის მიღებულია ადამიანის დაყოფა ტიპებად. არსებობსAა ტიპი და ბ ტიპი. მაგ., ა ტიპს მიეკუთვნებიან მიზანდასახული, საკუთარი უპირატესობის გამოვლენის მოსურნე, უფრო მრისხანებისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომელთაც უფრო ხშირად ემართებათ ინფარქტი. ასეთ ადამიანებს აგრესიაც უფრო საგანგებოდ აქვთ გამოხატული, მათ შორის ისეთი ფორმით, როგორიც განკითხვაა.
- არის თუ არა ფსიქოლოგიური თავდაცვის ერთ-ერთი ფორმა, მაგალითად, ცინიზმი, სარკაზმი, სხვისი დაცინვა და ა. შ. და რა ფსიქიკური მანკიერებები იმალება ცინიკოსი პიროვნების მიღმა?
- ეს შეუმდგარი, ბოლომდე ჩამოუყალიბებელი და წარუმატებელი ადამიანის მახასიათებელი შეიძლება იყოს. საკუთარი შეუმდგარობისა და წარუმატებლობის კომპენსაცია ხდება ხშირად, როდესაც ავლენენ სარკაზმს, ცინიზმს, ვითომდაც, მახვილგონივრულ ხუმრობას, ლაზღანდარობენ და ა. შ. ამით კი შეურაცხყოფენ ადამიანს. რა თქმა უნდა, ესეც, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური თავდაცვის ფორმაა, რაც, სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ვლინდება ამგვარი ირიბი განკითხვის სახით. ღირსეული ადამიანი არასოდეს არის აღჭურვილი ისეთი მექანიზმებით, რომლებიც კომპენსაციის წყაროა.
- ადამიანები საუბარში ზოგჯერ ისეთ თემებს წამოწევენ წინ და ენაზეც სწორედ ის ადგებათ, რაც გულს სტკენს სხვა ადამიანს. რატომ ხდება ეს?
- ეს მექანიზმი, ეტყობა, საკმარისად ცნობილი იყო ოდითგანვე. ზოგჯერ სწორედ იმას ამბობენ, რაც არ უნდა თქვან. რა ფსიქოლოგიური მექანიზმია ეს? - ასე მაგალითად, როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ მან არ იფიქროს ყვითელ მაიმუნზე, სწორედ მაშინ იწყებს იგი ამაზე ფიქრს. თორემ სხვაგვარად არც მოუვიდოდა აზრად. ამის საინტერესო მაგალითია ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". როდესაც ილარიონი ბრუნდება სოფელში თვალის ოპერაციის შემდეგ, ილიკოს სულ ენაზე აკერია მისი თვალის ამბავი - ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს, თვალის ჩაპაჭუნებაო, - ირიბად ხუმრობს და ა. შ. თუმცა დუმბაძე ამ ხუმრობას ამთავრებს განსაკუთრებული ჰუმანური ჟესტით - ერთი სიკვდილი გავათავე, მაი ამბავი რომ გავიგეო. რომ დავბრმავდეთ კიდეც, ეს ყმაწვილი წაგვიყვანს და გვატარებსო. რომ არა დუმბაძე და რომ არა ასეთი ჰუმანური დასასრული, ილიკოს საქციელი თავისთავად კარგი მაგალითია იმისა, რომ ადამიანებმა ზოგჯერ იციან სხვა ადამიანის პრობლემა, მაგრამ სუსტ ადგილზე აჭერენ წიხლს. საიდან მოდის ეს მოთხოვნილება? - ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, აქ ფსიქოლოგიის სფეროდან უნდა გადავინაცვლოთ რელიგიის სფეროში. ძალა, რომელიც ადამიანს აიძულებს, რაღაცა აკეთოს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არის ეშმაკი. წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ განკითხვა არის ყველაზე ძნელად გადასაჩვევი ჩვევა. ამიტომ, როდესაც შეიგნებთ თქვენს დანაშაულს, - ამბობს ის, - მოინანიეთ უფლის წინაშე, ღმერთი შეგეწევათ და აღარ განიკითხავთ სხვას. წმინდა თეოფანე საუბრობს იმაზეც, თუ რით განსხვავდება განკითხვა მხილებისაგან. იქ იწყება ცოდვა, როცა გულში ჩაისახება ამპარტავნება, მედიდურობა. ყველა შეიძლება განვიკითხოთ ნებისმიერი მიზეზის გამო, მაგრამ თუკი გულში იქნება ლოცვა, სიყვარული და გულშემუსვრილება, მაშინ ამას შეიძლება დაერქვას უფრო მხილება, ვიდრე განკითხვა. ეს უკანასკნელი ყოველგვარი გულისტკივილის გარეშე ხდება. ისე კი სჯობს საერთოდ არავინ განვიკითხოთ, რათა მერე არ გაგვიჩნდეს საფიქრალი, მხილებაა ეს თუ განკითხვა.
- ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო ოცი წელია, გაუთავებელი პოლიტიკური ვნებათაღელვისა და დაპირისპირების მტკივნეული პროცესები მიმდინარეობს. არცთუ იშვიათად პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ, ერთმანეთს აძახებენ არცთუ საამაყო წარსულს და სხვისი დამცირების ხარჯზე სურთ ,,მორალური უპირატესობის" დამტკიცება. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს გაიმიჯნოს ცნებები: განკითხვა და მხილება?
- როდესაც პოლიტიკოსი რაღაც მოვლენას განიხილავს და ამ მოვლენის განხილვის დროს მას გული არ სტკივა, ვთქვათ, თავის სავარძელს უმიზნებს, ავანტიურული მოქმედებისთვის სჭირდება ეს და ა. შ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სწორედ განკითხვასთან. მხილებასა და განკითხვას შორის განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხს ყველაფერი კარგად ესმის. ის აუცილებლად დაინახავს და იგრძნობს, რა გულით არის ესა თუ ის სიტყვა ნათქვამი. მას არ ეშლება, სხვათა შორის, არც ამა თუ იმ პოლიტიკოსისა თუ საზოგადო მოღვაწის ნამოქმედარისა და ნამოღვაწარის შეფასება, თუ სად და ვისთან არის სიტყვა და საქმე ერთიანი. რაიმე მოვლენის დახასიათებისას ვის აქვს ტკვილიანი განცდა, ვინ არის გულახდილი და ა. შ. და ამის მიხედვით, ხალხი, რომელსაც აღელვებს თავისი ქვეყნის ბედ-იღბალი, თვითონ წყვეტს, რა მიიღოს მხილებად და რა - განკითხვად. სამშობლო ჩვენი პატარა, გამოსაცდელი მოედანია. ჩვენი დიდი სამშობლო კი ზეცაშია. აქ გავდივართ ჩვენ წრთობას, სერიოზულ გამოცდას. როგორც გვეყვარება ეს სამშობლო, ისე გავხდებით ღირსნი იმ დიდი სამშობლოს დამკვიდრებისა. უფალმაც ამიტომ მოგვცა ეს პატარა სამშობლო, რომ ამ პატარა მოედანზე გამოვცადოთ ჩვენი თავი, როგორები ვართ, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი