ხუთივე გრძნობის მოქმედებისას ბავშვობიდან შეძენილი და, ერთგვარად, თავად ჩვენს ბუნებად ქცეული ჩვევა გვაიძულებს, ისეთი აზრები გამოვთქვათ, რომლებიც, მართალია, თავად ჩვენ გარეთ მყოფი საგნების არსებასთან მიმართებით მცდარს არაფერს შეიცავენ, მაგრამ ამასობაში აყალბებენ მათ დამოკიდებულებას ჩვენდამი და მათ ზემოქმედებას ჩვენს გრძნობებზე.
ვინ არ იცის, რომ საგნებს ვხედავთ იმ გამოსახულებების მიხედვით, რომელთაც ისინი თვალებში წარმოშობენ. მაშასადამე, მათ ჩვენში, ჩვენს ორგანოში ვხედავთ, ამასობაში კი ვფიქრობთ, რომ იმ ადგილებზე ვხედავთ, სადაც ისინი არიან. ეს ადრეულ ასაკში შეძენილი ჩვევის გამო ხდება, იმ დროს, როცა ჩვენი არც განსჯა არ არც გაგება განვითარებული არ იყო. ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებიც საგნებამდე მანძილის შეფასებას ჯერ კიდევ არ შეჩვევიან, სურთ ხელი ჩაავლონ შორს მყოფ საგნებს თვალთან სიახლოვეს, რადგან, როგორც ჩანს, ისინი საგანთა გამოსახულებას თვალში თავად საგნებად მიიჩნევენ. მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ თანდათან ხვდებიან, რომ საგნები მათგან დაცილებულია და ამ დაცილებულობის განსაზღვრას სწავლობენ. შემდგომში ეს მათ ბუნებად იქცევა; ასე რომ, ზრდასრული ადამიანი საგნის შთაბეჭდილების მიხედვით ისე სწრაფად მსჯელობს მისი დაცილების შესახებ, რომ მასთან თვალის გამოსახულების შეგრძნებას განუყრელად ახლავს საგნის თვითონ მანძილის მექანიკური არაცნობიერი გაგება. თუ ამას დავუმატებთ წარმოსახვის ასეთსავე სწრაფ მექანიკურ მოქმედებას, რომელსაც უცბათ გადავყავართ შორს დანახულ საგანთან და თითქოს მის ახლოს გვაყენებს, მაშინ ადვილად მივხვდებით, რატომ ვართ ასე მტკიცედ დარწმუნებული, რომ საგნებს იმ ადგილებზე ვხედავთ, სადაც არიან. ეს დარწმუნებულობა ისეთია, რომ ადამიანს, რომელსაც ფიზიკა არ შეუსწავლია და უნარი არა აქვს, თავისი შეგრძნებები გააანალიზოს, სისულელედ მოეჩვენება აზრი, რომ საგნებს იქ კი არ ხედავს, სადაც სინამდვილეში არიან, არამედ თავის თავში, საკუთარ ორგანოში. ზუსტად ასეთია ჩვეულების ძალა სხვა შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების შემთხვევაშიც. როდესაც ვიოლინოს ვუსმენთ, გვგონია, ეს ბგერები, ეს ჰარმონია, ტონთა ეს რაკრაკი სწორედ იქ, მის ხემთანაა. ჩვენ აზრადაც არ მოგვდის, რა მანძილი, რა გარემო და რა ცვლილებები უნდა გაევლოთ ვიოლინოს დამკვრელის ხემის მიერ აღძრულ ჰაერის ტალღებს, რომ ბგერების სახით ჩვენს ცნობიერებაში ასახულიყვნენ; ჩვენ, ვამბობ მე, აზრადაც არ მოგვდის, რომ ხემი და სიმები მხოლოდ და მხოლოდ მექანიკურ მოვლენებს აღძრავენ, ხოლო ბგერები ჩვენს ყურში გვესმის, და ყურშიც კი არა, მის მიღმა. მაგრამ ეს შეცდომა (თუკი შეიძლება შეცდომა ეწოდოს) კვლავ ჩვეულების მიზეზით ხდება, რადგან ჩვილი ბავშვი ბგერების მოსმენისას, თავდაპირველად, არ აბრუნებს თავს იქით, საიდანაც ბგერები მოდიან; მხოლოდ შემდგომი გამოცდილება ასწავლის, ბგერების შეგრძნებები გარკვეულ მიზეზებს დაუკავშიროს.
როცა ვარდს ვყნოსავთ, გვგონია, რომ ეს მშვენიერი სუნი თავად ვარდის ფურცლებშია. როცა რაიმე ტკბილს შევექცევით, გვგონია, სიტკბო ამ საგნის შემადგენელი ნაწილია. როდესაც ხელში ან ფეხში გვიჩხვლეტენ, ტკივილს ჩვეულების გამო, თავად ჩხვლეტის ადგილას ვგრძნობთ. მაგრამ, თუ ბავშვებს დავაკვირდებით, შეიძლება შევნიშნოთ, რომ თავდაპირველად მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ, სად სტკივათ და მხოლოდ შემდგომ სწავლობენ ტკივილის მიწერას იმ ადგილისადმი, სადაც ზემოქმედება მოხდა. ერთი სიტყვით, ჩვენს ყოველ შეგრძნებას ან მათ გამომწვევ ფიზიკურ მიზეზთან ვაიგივებთ (ვთქვათ, ბგერებს - ჰაერის მოძრაობასთან), ან თავად ორგანოს გაღიზიანებასთან ანუ შთაბეჭდილებასთან (მაგალითად, ტკივილს - ჩხვლეტით გამოწვეულ გაღიზიანებასთან). მართალია, ამ პარაგრაფში აღწერილ ჩვეულებას შეცდომაში შევყავართ ჩვენი შეგრძნებების წესის შესახებ, ანუ გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ვგრძნობთ, ასე ვთქვათ, ჩვენს გარეთ, მაგრამ იგი დიდად გვიწყობს ხელს და აუცილებელიცაა ჩვენი სიცოცხლისთვის, რადგან ამ ჩვეულების გამოა, რომ მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი გარე სამყაროს არსებობაში და გარემომცველ საგნებს ვსწავლობთ. მაშასადამე, ბუნება ბრძნულად მოიქცა, როცა ამ ჩვეულების გამომუშავების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა.
მოკლედ, ადამიანს ჰგონია, თითქოს, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გარეთ გრძნობს, სინამდვილეში კი ყველა გარე საგანს თავის თავში შეიგრძნობს, ანუ ის თავის თავში ხედავს, ისმენს, გრძნობს სუნს, ტკივილს, სითბოს, თუმცა შთაბეჭდილებები მის გარეთ არსებული, ნამდვილი საგნებიდან მომდინარეობენ.
წიგნიდან - "წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე),
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები"; თბილისი, 2012