თითოეულ ადამიანს, გარდა ღვთის ხატებისა, ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვით დაცემული ბუნებაც ერგო.
ხშირად უძლურნი ვართ, მოვერიოთ საკუთარ თავს, საკუთარ ცოდვით მიდრეკილებებს და უფსკრულისკენ მივექანებით. იღუმენი საბა ამბობდა: "საშინელება ის კი არ არის, რომ დაეცი, არამედ დაცემის შემდეგ რომ არ დგები; უბედურება ის კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ ის, რომ ცოდვას არ განეშორები". მართლაც, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ზოგიერთს უჭირს წარსულში დაშვებული შეცდომების გავლენისგან განთავისუფლება. საზოგადოებაც, იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს ადამიანს, ხშირად მკაცრი და დაუნდობელია მის მიმართ, არ პატიობს, წამოაძახებს შეცდომებს, ამით კი უღობავს წარსულისაგან განთავისუფლების გზას. რა უნდა ქნას ადამიანმა, როგორ მოიშუშოს სულიერი წყლულები - საკუთარი შეცდომებით მიყენებული ჭრილობები; როგორ მოიკრიბოს ძალები შეცოდების შემდეგ კვლავ ფეხზე წამოსადგომად, ცხოვრების გასაგრძელებლად? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი.
- ხდება ხოლმე - ადამიანი ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს. ხანდახან ესა თუ ის ცოდვა ადამიანის სისუსტედ იქცევა და მისი ნებისყოფა აქ ტყდება. რატომ ხდება ასე?
- პარადოქსია, მაგრამ ადამიანს ძალიან უჭირს იმ კანონების დაცვა, რომლებიც მისსავე საკეთილდღეოდ შეიქმნა და აქვს მათი დარღვევის დაუძლეველი სურვილი. ადამიანი, რომელსაც ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ცოდვის ჩადენის ჩვევები, შეგუებულია თავის დაცემულ მდგომარეობას და ვეღარ ამჩნევს მის დამანგრეველ მოქმედებას, ასეც ხდება, რომ ადამიანი შეიყვარებს ცოდვას და ზნეობრივი სიბრმავის მდგომარეობაში აღმოჩნდება. მომაკვდინებელი ცოდვები ართმევენ სულს ღვთიური მადლის აღქმის უნარს და იმდენად აზიანებენ, რომ ძალიან რთულია მისი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება.
- ხანდახან სინდისის ქენჯნა ადამიანს უფრო მძაფრად წარმოადგენინებს თავის შეცოდებებს. ზოგიერთს საჭიროზე მეტად აქვს გაძლიერებული სირცხვილის (სინანულის) განცდა და თავის თავზე იღებს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი სიამოვნებასაც კი იღებს თვითგვემისაგან. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამგვარი უკიდურესობისაგან?
- ჩვენ ხშირად შევთხოვთ უფალს, დაგვეხმაროს საკუთარი ცოდვების დანახვაში, სინანულის გაღვივებაში. მათი გაცნობიერება ხშირად ჩვენს ტანჯვასა და სინდისის ქენჯნას იწვევს. როგორც სასულიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, თუ ცოდვების გაცნობიერების შემდეგ ადამიანს სასო წარეკვეთება, ეს მის მცირედმორწმუნეობაზე მიუთითებს, ნიშნავს, რომ ვერ შეიმეცნა უფლის უსაზღვრო გულმოწყალება და სიყვარული. ხშირად იმასაც შევთხოვთ უფალს, განამტკიცოს ჩვენი გადაწყვეტილება ცოდვიანი ჩვევებისა და ჩვეულებების დატევებისა. ნამდვილ სინანულს მუდამ თან უნდა ახლდეს იმედი, ნდობა უფლისა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრს წუხან თავიანთი ცოდვების გამო, მაგრამ ამით ვერაფერს აუმჯობესებენ. დანაშაულზე წასწრებული ქურდიც არ უარყოფს დანაშაულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ინანიებს. ადამიანი, რომელიც აქ ჩერდება და არ მიდის სინანულისა და აღსარებისაკენ, განწმენდისა და გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო ბოროტდება, და ამას მისივე დაცემის თვალნათლივ გაცნობიერება იწვევს. ამბობენ, რომ განსაცდელი განწმენდს ადამიანს, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა კაცი მის ქრისტიანულად გადატანას ეცდება.
- სინანული, აღსარება ანუ საკუთარ თავთან ანგარიშის გასწორება რამდენად ეხმარება ადამიანს სულიერად ფეხზე წამოდგომაში?
- საერო ცხოვრებაში ასე ფიქრობენ, იქნებ იმისათვის, რომ არ შევცოდოთ, არ დავეცეთ, ან დაცემის შემდეგ წამოვდგეთ, სულაც არ არის აუცილებელი ეკლესია. განა არ არსებობენ არაეკლესიური ადამიანები, რომლებიც წესიერად, ზნეობრივად ცხოვრობენ, ხომ არსებობს საერო ეთიკა? რასაკვირველია, შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი სულიერ ცხოვრებას არ უკავშირდება, ადამიანი, რომელიც მკაცრად იცავს ეთიკის ნორმებს, მიღებულია საზოგადოებაში, სულიერი თვალსაზრისით შეიძლება ისეთი ცოდვით იყოს დაზიანებული, რომელიც საერო ნორმებს ნაკლებად არღვევს, გარეგნულადაც არ ვლინდება. მაგალითად, ჭარბი თავდაჯერებულობით, სიამაყითა და პატივმოყვარეობით, გრძნობადი სიამოვნებებით. ის, შესაძლებელია, ვერც აცნობიერებდეს საკუთარი ბუნების დაცემულობას. ადამიანი ხომ საბედისწეროდ არის დამოკიდებული თავად საზოგადოების ნაკლოვანებებსა და ცოდვით დაცემულობაზე. ასე იყო და იქნება ყველა ეპოქაში, რომ არა თავისუფალი ნება, რომელიც ეხმარება ადამიანს, წინ აღუდგეს საზოგადოების დესტრუქციულ ზემოქმედებას და აკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებაზე.
ცოდვა ყოველთვის ამაზრზენად როდი გამოიყურება. ასე რომ იყოს, ადამიანები ასე ხარბად არ დაეწაფებოდნენ მას. ის საკმაოდ მიმზიდველია. მისი ჩადენის შემდეგ ადამიანს თითქოს არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ სირცხვილისა და შიშის გამო დაემალოს უფალს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ცოდვას ძალა აქვს მანამ, სანამ ადამიანი დუმს მის შესახებ, საიდუმლოდ ინახავს მას. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანი ვერასდროს დაივიწყებს საკუთარ დანაშაულს და ის ამა თუ იმ ფორმით ხშირად წარმოუდგება და გასტანჯავს მის ისედაც შეჭირვებულ სინდისს.
- მარცხი და შეცდომა აუცილებელიც კია ადამიანის განვითარებისათვის. ამ დროს ხდება გამოცდილების დაგროვება. ალბათ სასარგებლო იქნება ამგვარი კუთხითაც თუ შევხედავთ ამ საკითხს...
- ცხოვრებისეული პოზიტიური ცვლილებები მომენტალურად ხდება. უბრალოდ, ყველა ჩვენგანი ელოდება განსაკუთრებულ შემთხვევას, რათა მიიღოს რაიმეს შეცვლის გადაწყვეტილება. ებღაუჭება ჩვეულ სტერეოტიპებს. ცვლილების პერსპექტივა ბევრს აფრთხობს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილება შრომატევადი, ხანგრძლივი და მძიმე პროცესია. ტანჯვა სინდისის ქენჯნისა და თვითგვემის გამო, კიდევ უფრო განამტკიცებს ამ განცდებს. სინამდვილეში საქმე არც ისე უიმედოდაა. გავიხსენოთ შემთხვევები ჩვენი ცხოვრებიდან, როცა ერთი ადამიანის, ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო კარდინალურად შეგვიცვლია ცხოვრების სტილი, ჩვენი გეგმები და მიზნები. ასევე მომენტალურად შეიძლება უარი ვთქვათ მანკიერ წარსულზე და ამას შევხედოთ არა როგორც პრობლემას, არამედ ერთ-ერთ მორიგ ეტაპს უფლისაკენ მიმავალ გზაზე.
- ადამიანი ხშირად თავს იმართლებს, გარკვეულწილად ეძებს შეღავათებს. ზოგჯერ საკუთარ შეცდომებს სხვებს აბრალებს, ეს ხდება ალბათ ისევ და ისევ დაუძლეველი ტკივილის გამო. რამდენად მნიშვნელოვანია იმის დაჯერება, რომ უბედურება წაქცევა კი არა, ადგომის უუნარობაა. დაცემა-ადგომა ენაცვლება ერთმანეთს და ეს გრძელდება სიკვდილამდე. ასე ყალიბდება ადამიანი, ეს არის მისი დანიშნულება...
- ცოდვის დაძლევის გზაზე ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს. ამ პროცესში მოგებულიც ჩვენვე ვართ და წაგებულიც, რადგან ამ ომში არ არსებობს დაპირისპირებული მხარე. სჯობს, ვებრძოლოთ ცუდ ჩვეულებებს, ცუდ თვისებებს ჩვენში. ბრძოლის ნაცვლად, სასურველია, ადამიანი დაუმეგობრდეს თავის "მეს", საკუთარი თავის სიყვარული და მიტევება არ უნდა დავკარგოთ, ჩვენ ხომ უფლის საყვარელი ქმნილებანი ვართ, მაგრამ ეს ეგოიზმსა და ნარცისიზმს როდი ნიშნავს, უბრალოდ, შევხედოთ საკუთარ თავს მოყვარული ადამიანის თვალით.
შეცდომის დაშვების უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამით ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას, მაგრამ თუ შეცდომის დაშვების შიშით არაფერს ვაკეთებთ, არაფერს ვცვლით, ეს აღარ იქნება ჩვენი ზრდის ფაქტორი. ყველაზე კარგი, რაც მარცხის შემდეგ შეიძლება მოვიმოქმედოთ, მისი აღიარებაა და აქცენტირება იმისა, თუ რა ვისწავლეთ თუნდაც ყველაზე საშინელი შეცოდებისაგან. გამოსწორება და სრულყოფისაკენ მისწრაფება ადამიანის მუდმივი სამიზნე უნდა იყოს, მაგრამ როცა იდეალის პოზიციიდან ვაფასებთ თავს, ხშირად არასრულფასოვნების მტანჯველი განცდა გვეუფლება და კიდევ უფრო გვიკარგავს შეცვლის სტიმულს. მოდით, თავი შევადაროთ არა სრულყოფილების იდეალს, არამედ თუნდაც იმას, რანიც ვიყავით გუშინ. მაღალი იდეალები ხომ, როგორც წესი, მიუღწევადია, მით უმეტეს, მყისვე. ადამიანების უმეტესობას კი საკუთარი ცხოვრებისეული პოტენციალის მესამედიც კი არ აუმოქმედებია. თუ ადამიანს სურს თავი დააღწიოს თვითგვემისა და მიუტევებლობის ჭაობს და ახლებურად დაიწყოს ცხოვრება, ქმედებაზე უნდა გადავიდეს, გადადგას რეალური ნაბიჯები დღეს, აქ და ამჟამად.
ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს გააჩნდეს უარის თქმის უნარი, თუ საზოგადოება ითხოვს მისგან იმას, რაც ააცდენს ცვლილების გზას, რაც არ შეესაბამება მის გადაწყვეტილებას. ნურასდროს ვიფიქრებთ, რომ კომპრომისზე ერთხელ წასვლა არაფერია. უნდა გამოვიმუშაოთ "არას" ავტომატურად, მყარად და ამავე დროს მშვიდად განცხადების ჩვევა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი წარმატება და "წამოდგომა".
- რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, თავისი შეცდომების გამოსწორების თვალსაზრისით, ირგვლივმყოფთა მიტევება, დახმარება, თანადგომა... რამდენად ფასეულია ასეთ დროს თითოეული გამოწვდილი ხელი, კეთილგანწყობა?
- ნებსით თუ უნებლიედ, სხვა ადამიანები, ზოგჯერ კი მთელი საზოგადოება, ადამიანს გადასცემს "შეტყობინებას", რას მოელის მისგან. თუ ჩვენ ვურთიერთობთ ადამიანთან, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, რომ დაეცემა, ის აუცილებლად გაამართლებს ჩვენს მოლოდინს. ამას ხელს უწყობს ადრეული ბავშვობიდან მინიჭებული მუდმივი ეპითეტები ადამიანის მიმართ, ე.წ. იარლიყები. ამიტომაც არის, რომ "უქნარა", ჩვენი მოლოდინისამებრ, ბეჯითი ვერ ხდება, "ღორმუცელა" განაგრძობს თავშეუკავებლად კვებას, "უიღბლო" ვერაფერს აღწევს, "უსინდისო" მორალთან ისევ მწყრალად არის, ყველა ამართლებს ჩვენს მოლოდინს მათ მიმართ. ფსიქოლოგიაში ცნობილია ასეთი ექსპერიმენტი: ბოსტონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ მოსწავლეებთან ჩატარებული ტესტირების საფუძველზე ნავარაუდევია, ზოგიერთი მათგანი სასწავლო წლის ბოლოსათვის მიაღწევდა განსაკუთრებულ შედეგებს, გვარებიც იყო მითითებული. სინამდვილეში ეს იყო ყალბი ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ სასწავლო წლის ბოლოსათვის ამ მოსწავლეებმა ორჯერ მეტად გააუმჯობესეს ინტელექტის კოეფიციენტი, ვიდრე ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა. როგორც მკვლევრებმა დაასკვნეს, ამის მთავარი მიზეზი მასწავლებლების მოლოდინი იყო მოსწავლეთა მიმართ. შესაბამისად, ისინი მათ ექცეოდნენ უფრო თბილად და მეგობრულად, მათგან მეტს ითხოვდნენ, უფრო ხშირად აძლევდნენ თავის გამოჩენის, პასუხის საშუალებას.
ერთი ბრძენის ნათქვამია: "მოექეცი ადამიანს ისე, თითქოს უკვე გახდა ისეთი, როგორიც გსურდა რომ გამხდარიყო. მას არაფერი დარჩება იმის გარდა, რომ სწორედ ასეთი გახდეს". ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც საბოლოოდ არ დაუკარგავთ წამოდგომის იმედი და სურვილი. ეს იქნება დაცემულისათვის თქვენგან გაწვდილი ხელი და ის აუცილებლად დაგიფასებთ ამას.
ოპტიმიზმი და პესიმიზმი - სამყაროს ხედვის ეს ორი განსხვავებული გზა, გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, გუნება-განწყობილებაზე, ქცევაზე. ნუ მისცემთ უფლებას დროებით ჩავარდნებს, შეგირყიონ წამოდგომის მოტივაცია. საკუთარი ძალებისა და უფლის მოწყალების რწმენა განაპირობებს, გვექნება თუ არა წარმატების მიღწევის სურვილი. სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც ფსიქოლოგი ზიმბარდო აღნიშნავდა, მხოლოდ ერთეულები გადალახავენ ლა მანშის სრუტეს, სხვები კი ნაპირიდან სევდიანად დაუქნევენ მათ ხელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი