რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
რა ფსიქოლოგიური ფენომენია "დროის მოკვლა" და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? ამ და სხვა კითხვებზე გევსაუბრება ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი სოფო ვერულაშვილი.
- დროის აღქმა, ისევე როგორც ნებისმიერი აღქმა, სუბიექტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს, თავისი ინტერესებისა და შეხედულებების მიხედვით, თავისი დამოკიდებულება აქვს დროსთან. ზოგადად, აღქმის, და, მათ შორის, დროის აღმის სუბიექტურობა დამოკიდებულია ბიო-ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე. ბიოლოგიური ფაქტორები გენეტიკურია. მაგალითად, ადამიანი შეიძლება თავისი წინაპრების მსგავსად აღიქვამდეს დროს. დროის აღქმა შეიძლება ეთნოფსიქოლოგიური ფაქტორებითაც (გეოგრაფიული გარემო და ა. შ.) იყოს განპირობებული (მაგალითად, რაჭველზე ამბობენ, ის უფრო ნელიაო). ფსიქოლოგიურ ფაქტორებს განეკუთვნება აღზრდის სტილი და თავისებურება, ანუ რამდენად შეასწავლა მშობელმა შვილს დროის სწორად გადანაწილება, რამდენად ყაირათიანად იხარჯებოდა დრო ოჯახში, როგორ გარემოში იზრდებოდა ბავშვი და აღზრდის საშუალებით როგორ ჩამოუყალიბდა მას დროსთან დამოკიდებულება. დროის აღქმას განსაზღვრავს, ასევე, ადამიანის სოციალური მდგომარეობა: როგორი სოციალური სტატუსის მატარებელია ადამიანი, ანუ რამდენად ბევრი თუ ცოტა აქვს დრო; მისი პროფესია, საქმე, რომლითაც არის დაკავებული, რამდენად მოითხოვს დროის რიტმში არსებობას თუ უფრო მოდუნების საშუალებას აძლევს მას; ანდა, საერთოდ, დასაქმებულია თუ არა; ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანი, რაც მეტი საქმე აქვს, რაც მეტად არის დაკავებული, მით უფრო კარგად ანაწილებს დროს, უფრო ადეკვატურად აღიქვამს მას, და, პირიქით, რაც ნაკლები აქვს საქმე ანდა დაუსაქმებელია, მით უფრო უჭირს დროის გადანაწილება, არაჯანსაღად აღიქვამს მას, მით უფრო მდორედ მიედინება მისთვის დრო.
- როდის გადის დრო სწრაფად და როდის - ნელა?
- ხშირად დრო სწრაფად გადის მაშინ, როდესაც ჩვენთვის სასიამოვნო და საინტერესო რამით ვართ დაკავებულნი. ამ შემთხვევაში დადებითი ემოციებით ვართ გაჯერებულნი, გვიყვარს და გვსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებთ და, ბუნებრივია, დროც სწრაფად გარბის. ხოლო დრო ნელა მიიზლაზნება მაშინ, როცა სტრესულ მდგომარეობაში ვიმყოფებით ან უსაქმოდ ვართ, ჩვენთვის უსიამოვნო რამეს ვაკეთებთ და ნეგატიური განცდებით ვართ დატვირთულნი. რეალურად და ობიექტურად დრო ერთი და იგივეა, საათში სამოცი წუთია, წუთში კი სამოცი წამი, მაგრამ დროის აღქმა სუბიექტურია.
- რას ნიშნავს, რა ფენომენია "დროის მოკვლა"?
- ზარმაცი დროს ვერ მოიხმარს თავის სასარგებლოდ, ის "დროს კლავს". ხომ გახსოვთ ბარათაშვილი: "არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს." უსაქმური ვერ იყენებს სიცოცხლეს, ამქვეყნიურ ცხოვრებას, იმ დროს, რომელიც ამქვეყნად მიეცა, რათა აღასრულოს კეთილის საქმეები, რითაც ის წარდგება იმქვეყნად, მარადისობაში, სადაც უკვე აღარ არსებობს დრო. უსაქმურმა არ იცის, სად წაიღოს დრო, მაშინ როცა არიან ადამიანები, რომელთაც არ ჰყოფნით ოცდაოთხი საათი, მუდმივად მოქმედებენ, სულ ჩქარობენ, ცდილობენ, თავიანთი გასაკეთებელი მოასწრონ ამქვეყნად, ზოგავენ დროს და ენანებათ მისი დახარჯვა თუნდაც ძილისთვის. ზარმაცმა კი არ იცის არც საკუთარი და არც სხვისი დროის ფასი.
რა თქმა უნდა, დიდ ცოდვას სჩადის ის, ვინც დროს კლავს. ამით ის, ფაქტობრივად, თავის სიცოცხლესაც კლავს და აუფასურებს, არ აღიქვამს მას. ადამიანი მოაზროვნე არსებაა. აზროვნების გარდა სხვა ცოცხალი არსებებისგან მას მორალურობა და შემოქმედებითობაც განასხვავებს. მოაზროვნე, მორალური და შემოქმედების უნარით დაჯილდოებული არსება კი არასდროს იტყვის, "დროს ვკლავო". დანარჩენი ცოცხალი არსებები ინსტინქტურად ცხოვრობენ, მათთვის დროის აღქმა ერთნაირია. მხოლოდ ადამიანებისათვის არის ნიშნეული დროის აღქმის თავისებურებები. რაც უფრო ადამიანურია, ანუ რაც უფრო მოაზროვნე, მორალური და შემოქმედებითია ადამიანი, მით უფრო ჯანსაღად ითვისებს დროს. სიჯანსაღე ის კი არ არის, გაუსწრო ან ჩამორჩე დროს, არამედ დროის შესაბამისად იარო ანუ იცხოვრო აწმყოში, რეალობაში, რადგან წარსული უკვე იყო, ჩაიარა, მომავალი ჯერ არ დამდგარა. ერთადერთი დრო, რომელშიც მე მოქმედება შემიძლია, არის მხოლოდ აწმყო.
როდესაც ადამიანი დროს მართებულად ვერ აღიქვამს და რეალობას მოწყვეტილია, მისი ჯანსაღი ფუნქციონირება ვერ ხერხდება და მას ექმნება პრობლემები თავის თავთან, გარემოსთან, საზოგადოებასთან, ხდება ნევროზული, უფრო და უფრო უმახინჯდება დროითი აღქმა. შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქოზურ მდგომარეობაში. საერთოდ, ფსიქიკური აშლილობისას მკვეთრად დარღვეულია აღქმის ფუნქციები და მათ შორის, დროის აღქმისა. თუკი არ არის ფსიქიკური აშლილობა და ეს მხოლოდ ნევროზული მდგომარეობაა, ამას მაინც სჭირდება მუშაობა, იმიტომ რომ, რელიგიური თვალსაზრისით, დროის არასწორად აღქმა და სიზარმაცე ცოდვაა, ხოლო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - სერიოზული პრობლემა, და ზოგ შემთხვევაში დაავადებაც, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
- კათოლიკოს-პატრიარქი ხშირად ამბობს: "ჩვენ ვცხოვრობთ მაღალი სიჩქარეების და დაბალი მორალის ეპოქაში." ყველა ამჩნევს, რომ დაჩქარდა დროის რიტმი, მოვლენები სულ უფრო სწრაფად ვითარდება. ადამიანებს თითქმის აღარ სცალიათ ნამდვილი ურთიერთობებისთვის, თუნდაც ფიქრისთვის. ეს კი იწვევს ფსიქიკურ დაძაბულობას, სტრესს...
- ეს ხელოვნურად დაჩქარებული დროის რიტმი მოიტანა "ცივილიზაციამ". პატრიარქი ხშირად აღნიშნავს ხოლმე თავის ქადაგებებში, რომ საჭიროა, თანამედროვე ადამიანი დაეუფლოს სწრაფი რეაგირების კულტურას. საჭირო დროს საჭირო სიტუაციაში ადეკვატურად თუ არ იმოქმედე, ასეთი სოციალური, თუნდაც პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისების ფონზე შესაძლოა შანსი დაკარგო. თუმცა ეს მაინც არ არის ახლოს ჩვენს ეთნოფსიქოლოგიასთან. სწორედ დროის ამ დაჩქარებულმა ტემპმა, პიროვნებათა შორის ურთიერთობებში გაჩენილმა ემოციურმა სიცივემ და სიცარიელემ, კომპიუტერიზაციამ და რობოტიზაციამ, სამწუხაროდ, მიგვიყვანა იქამდე, რომ გარკვეულწილად, შესუსტდა მორალი, აზროვნებისა და შემოქმედებითობის უნარი.
- მახსენდება საბავშვო მხატვრული ფილმი: "არდადეგები". ამ ფილმში მამა ხშირად შეაგონებს შვილებს: - დრო დიდი საგანძურია, მას გაფრთხილება უნდაო. ბავშვებს კი სურთ, თავიანთი ასაკის შესაფერისად გაერთონ და მთლიანად შეისრუტონ არდადეგებისთვის განკუთვნილი დაუვიწყარი დრო, რომელიც უკან აღარასოდეს დაბრუნდება. რამდენად მართებულია ბავშვის ასეთი გადატვირთვა? რა შედეგი მოაქვს ამას?
- საერთოდ, ბავშვი, თუკი ის ჯანმრთელ გარემოშია, უფრო სწორად აღიქვამს და სრულად იყენებს დროს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. მშობლებს ჰგონიათ, რომ გართობისთვის განკუთვნილი დრო ფუჭად დაკარგულია, მაგრამ ასე არ არის, რადგან იმ შთაბეჭდილებებით, ბუნებასთან კონტაქტით და აქტივობით ბავშვის გული ცოცხლობს, მდიდრდება, იძენს გამოცდილებას, გარკვეულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ზრდასრულობაში აუცილებლად გამოადგება. თავისი ასაკის შესაფერისი სილაღე თუკი ბავშვმა თავის დროზე არ მიიღო, მერე უკვე ვეღარ მიიღებს. არის ასეთი გამოთქმა: "ნუ წავართმევთ ბავშვს ბავშვობას!" ყველა ასაკს აქვს თავისი ნიშნები, მახასიათებლები და სწორედ ამ ასაკობრივი მახასიათებლების შესაბამისად უნდა მიეცეს ადამიანს თავისი ადამიანური რესურსების, უნარ-ჩვევების წარმოჩენის შესაძლებლობა. ბავშვს ბავშვობას მაშინ ვართმევთ, როდესაც თავისი ასაკისათვის შეუფერებელი მოთხოვნების შესრულებით ვტვირთავთ. ზოგს მიაჩნია, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს წერა-კითხვა. არ არის აუცილებელი, რომ პატარამ იცოდეს რაც შეიძლება მეტი ლექსი. რაოდენობაზე კი არ უნდა კეთდებოდეს აქცენტი, არამედ მშობელმა, უპირველესად, ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ასაკს და რამდენად ესმის ბავშვს ამა თუ იმ ლექსის, მოთხრობის ან ზღაპრის შინაარსი, ანუ, როგორც იტყვიან, მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. ნუ გადავტვირთავთ ბავშვს. ბევრ მშობელს შვილები დაჰყავს ინგლისურზეც, ფრანგულზეც, მუსიკაზეც, ცეკვაზეც... ამასობაში კი ბავშვობა იპარება.
- გადის დრო, ვბერდებით. დროისადმი ჯანსაღი მიდგომა და დამოკიდებულება რამდენად აისახება ადამიანის ფსიქოლოგიურ ასაკზე?
- სიბერე არის სულიერ და ფსიქოლოგიურ პროცესებზე დამოკიდებული ფენომენი. მინახავს სამოცდაათი წლის ახალგაზრდა და ოცდახუთი წლის მოხუცი. ჩვენი ფსიქოლოგიური ასაკი დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების სტილზე და იმაზეც, თუ როგორ ვიყენებთ დროს. მთავარია დროისადმი დამოკიდებულება იყოს ჯანსაღი. სწორედ ეს დამოკიდებულება და განწყობა უხანგრძლივებს ადამიანს სიცოცხლეს. მთავარია, სიცოცხლის ხარისხი. რაც უფრო სასიკეთო და ნაყოფიერი საქმეებით არის დაკავებული ადამიანი და სასარგებლოდ იყენებს დროს, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. თუ უმოქმედოდ ხარ, მაშინ დრო მოგიტანს მხოლოდ სიბერეს, ხოლო თუ მოქმედებ, მაშინ სიბრძნეს, გამოცდილებას, კდემამოსილებას, სიმშვიდეს, სინანულს...
- დრო სამყაროსთან ერთად შეიქმნა, ამიტომაც წარმავლობის განცდა ამ წუთისოფელში მუდამ თან გვდევს. გვენანება გაფრენილი ბავშვობისა და სიჭაბუკის წლები. ასაკის მატებასთან ერთად გაურკვეველი შიშის განცდა გვეუფლება. მაინც რა ფსიქოლოგიური ფენომენია დროის შიში, საიდან იღებს სათავეს?
- წარმავლობის განცდა, ეკლესიური კუთხით თუ შევხედავთ, ცუდი არ არის, პირიქით, ჩვენ ხომ უნდა გარდავიცვალოთ მარადისობაში, რისთვისაც ვართ მოვლენილნი ამქვეყნად. როგორც ვიცხოვრებთ, იმის მიხედვით მოგვეგება მარადიული სამყოფელი. რა თქმა უნდა, ამ წუთისოფელში მცხოვრებ ადამიანებს გვაქვს ადამიანური განცდები. ვის არ უნატრია, - ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზეო. თუმცაღა, ჭაბუკური სული შეიძლება სულ ჰქონდეს ადამიანს: "განახლდეს, ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი."
დროის შიში ეუფლება მას, ვინც წარსულში ვერ შეძლო დროის ჯეროვანი ათვისება და გამოყენება. ასეთი ადამიანი აწმყოშიც წარსულზეა ორიენტირებული, მომავალი კი მისთვის ბუნდოვანია. წარმავლობას არ უნდა შევუშინდეთ, პირიქით, უნდა ავითვისოთ "ოცდაოთხივე ფეხმარდი საათი", მოვასწროთ სიკეთის კეთება ამქვეყნად. "შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითაო"... სიკვდილი უნდა იყოს სტიმული იმისა, რომ სიცოცხლის ჟამი დავაფასოთ, მივაგნოთ სიცოცხლის არსს - სითბოსა და სიყვარულს. როდესაც პოზიტიურად ვუყურებთ ცხოვრებას, ვტკბებით თითოეული წამით, ამ შემთხვევაში დრო ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ყველა დროის შესაბამისი აქტივობით ვართ დაკავებული და ყველა დროის შესაბამის სიამოვნებას ვიღებთ, ჯერ ბავშვობით, მერე ახალგაზრდობით, სიყვარულით, ოჯახით, შვილებით, მერე მოხუცებულობით, შვილიშვილებით... ყველა დროს, ყველა ასაკს თავისი სიხარული მოაქვს. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... ცხოვრება ყოველთვის შეიძლება იყის მშვენიერი იმ ადამიანური საქმეებით, რომელთა კეთების უნარსაც აძლევს ადამიანს ღმერთი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი