მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
ბოროტი ძალა მარად ფხიზლობს, უტევს ადამიანს და კაციც, რაც უფრო მეტად შედის ეკლესიური ცხოვრების სიღრმეში, მით მეტად გრძნობს, რაოდენ საჭიროა საკუთარი ქცევის, ფიქრების, გრძნობების მუდმივი კონტროლი. წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "ჩვენი ცხოვრება მწუხარებებით, უბედურებითა და განსაცდელებითაა აღვსილი. ჩვენ გვეწინააღმდეგება ჩვენი გონება: ეს გზისგამკვლევი ხშირად თვითონვე უხვევს გზიდან და ცდომილებაში გვითრევს. გვეურჩება გული, რომელიც თავისი შეგონებების გასაცხადებლად მიდრკება და ღვთის ნების აღსრულებას თავს არიდებს. გვეწინააღმდეგება ცოდვა: ის ცოდვაც, რომელიც ჩვენში დაცემითაა დანერგილი და ისიც, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმული საცდურებიდან მოქმედებს. გვეწინააღმდეგება წუთისოფელი, რომელიც ამაოებას, ხრწნილებას ემსახურება და ყველას, როგორც დაყვავებით, ისე დევნით, ამგვარ მსახურებაზე დათანხმებას აიძულებს. გვეწინააღმდეგებიან მტრები - უხილავი სულები და მათ მფლობელობაში მყოფი მათი მონა ადამიანები. ხშირად თვით მეგობრებიც კი უნებურად ჩვენს მოწინააღმდეგეებად იქცევიან. უფალმა სათნოებებში ვარჯიშით, ღვთის სიტყვით, ლოცვით, რწმენით, თავმდაბლობით, ცოდვისგან გამიჯვნით საკუთარი თავის მიმართ განუწყვეტლივ ფხიზლად ყოფნა გვამცნო".
ამქვეყნიური დაბრკოლებების გადალახვა და საფრთხეებზე სრული გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ფხიზლად მყოფთა და რჩეულთა ხვედრია: "მშვიდობა მრავალ არს მათთანა, რომელთა უყვარს სჯული შენი და არა არს მათ თანა საცდურ" (ფს. 17,165). ჩვენი ცხოვრება კი მრავალ საფრთხეს შორის მიედინება. ჩვენი სულიერი სიბეცის გამო ხშირად ვერ ვცნობთ მათ და მხოლოდ ურმის გადაბრუნების მერეღა ვხედავთ გზას. უმრავლესობა ხედავს შედეგს, მაგრამ მიზეზს - ვერა. საფრთხე იმდენად შენიღბულია, რომ მხოლოდ მწარე შედეგის შემდეგ ვლინდება მისი შემზარავი სახე. როგორ უნდა გამოვიცნოთ მტრის მზაკვრული ჩანაფიქრი, როგორ აღვუდგეთ დაბრკოლებებს და ვძლიოთ ის...
კითხვებზე გვიპასუხებს ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი.
- განსაცდელები ყველგან წინ ეღობება ადამიანს, მას ვერსად გაექცევი. იგი მრავალგვარი შეიძლება იყოს და ყველა ადამიანისთვის განსხვავებული. ის, რაც ერთისთვის იძულების საგანია, მეორისთვის სიამოვნების ძლიერი წყაროა, რომელზეც უარის თქმა არ ძალუძს; შრომაც კი, რომელიც ერთი შეხედვით საყოველთაოდ მიღებული ქცევაა, შესაძლებელია ერთი ადამიანისთვის თავზე ძალდატანების საშუალება იყოს, მეორისთვის - ჩვეული მდგომარეობა, მესამისთვის კი საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს.
ყოველდღიურად შევთხოვთ უფალს: "ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა..." განსაცდელში რატომღაც გარეგან მოვლენას მოვიაზრებთ, რომელიც ცოდვისკენ გვიბიძგებს. ხშირად დაბრკოლებას მივაწერთ ჩვენს უნებისყოფო საქციელს, მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნას და ამით ვაკნინებთ ჩვენს მონაწილეობას ამა თუ იმ ქცევაში.
იაპონელი მოძღვარი და განმანათლებელი, მამა ნიკოლოზი ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნავს, რომ ცდუნება ორი სახისაა: პირველი - გამოცდა, რომელიც ზემოდან გვეგზავნება და მეორე - მიწიერი საცდური. პირველი ადამიანს თავისი სათნოების ხარისხის განსაზღვრისთვის ეგზავნება, რათა სწორად შეაფასოს ის, შეინანოს სიცრუე და დაადგეს სიკეთის გზას. მიწიერი დაბრკოლებების მიზანი კი ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. სწორედ ამგვარ საფრთხეს უნდა ერიდოს ის. ყველაზე საშიშია თვითკმაყოფილება და სიამაყე. მათი შემჩნევა ადამიანებს ძალიან უჭირთ და თუ ვინმე მიუთითებს, ხშირად მას მრისხანებით პასუხობენ.
ადამიანმა განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს განმეორებადი დაბრკოლების მიმართ. ის ხომ მიდრეკილია ცოდვისკენ. დაბრკოლების, საფრთხის განმეორებადობა ცდუნებისა და ცოდვით დაცემის წინაპირობაა. განმეორებადი ცოდვა კი სულ უფრო ღრმად აღწევს ჩვენს არსებაში - სულში, სხეულსა და სამშვინველში, ძნელდება სინანული, აღსარება, ადამიანი ბრკოლდება და უკუმიემართება სულიერი განვითარების გზაზე.
- როგორ და რატომ ხდება ადამიანის დაბრკოლება და ცდუნება?
- დაბრკოლების ის მოდელი, რომელიც წმინდა წერილშია აღწერილი, უცვლელად მუშაობს თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებაში. წმინდა მამები განმარტავენ ევას ცდუნებისა და უდაბნოში მაცხოვრის გამოცდის ეპიზოდებს. პირველ შემთხვევაში ბოროტი აღწევს მიზანს, მეორეში კი მარცხდება.
დაბრკოლება და დაცემა თანდათან ხდება. მათ განაპირობებს ურწმუნოება, მცირედმორწმუნეობა, თავნებობა და სიფხიზლის უქონლობა. დაბრკოლებას და საცდურს დღესაც ხშირად წინ უძღვის ცნობისმოყვარეობა - რა დგას აკრძალვის უკან. ადამიანი თითქოს გამოცდის, რა მოჰყვება დაუმორჩილებლობას. ამასთან მას უჩნდება რწმენა, რომ შეუძლია მოიპოვოს სიამოვნება უფლისგან დამოუკიდებლად, ვერ გრძნობს, რომ ამით დამოუკიდებელი კი არა, ბოროტ ძალაზე დამოკიდებული ხდება.
- როგორ აღვუდგეთ წინ სულის მოდუნებულ მდგომარეობას, რომელიც საცდურს მოიზიდავს... როგორ ვძლიოთ მას?
- მაცხოვრის გამოცდის ეპიზოდი გავიხსენოთ: თავდაპირველად ის ქვების - უსულო საგნების პურებად - საკვებად გადაქცევაზე ამბობს უარს, ჩვენ კი ვიკვებებით თანამედროვე პროგრესის უსიცოცხლო მიღწევებით და მათგან თავი ვერაფრით დაგვიღწევია. არც ნამდვილი საკვებისგან ვიკავებთ თავს, ვაშენებთ გიგანტურ რესტორნებს, სუპერმარკეტებს და მაინც ვერაფრით დავკმაყოფილებულვართ, - ეს ნამდვილი დაბრკოლებაა.Aადამიანს აქვს უსაზღვრო თავისუფლების განცდის ძლიერი სურვილი. "არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მთ 4,7) - ეს არის მაცხოვრის პასუხი ამ სახის დამაბრკოლებელ ცდუნებაზე.
მესამე ცდუნებაც ცნობილია თანამედროვე ადამიანისთვის - მიწიერი წარმატებების მოპოვება ღვთის გარეშე და ბოროტის მსახურების ხარჯზე - "ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე" (მთ 4,9).
საცდურთა დაძლევის მაგალითი თავად მაცხოვარია: "უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა მსახურებდე", - ასეთი უნდა იყოს თითოეული ადამიანის სტრატეგიაც, ვისაც ამქვეყნიურ დაბრკოლებათა ძლევა გადაუწყვეტია.
- სიფხიზლის გამოსავლენად და დაბრკოლებათა გადასალახად რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნულ თვისებებს?
- მაცდური დაბრკოლებების გადალახვის გზით ადამიანი თვითონ მონაწილეობს თავისი ხასიათის გამოწრთობაში... ეს გამოიხატება ისეთ არასასურველ და მანკიერ სურვილებსა და აზრებთან გამკლავებაში, როგორიცაა გაღიზიანება, რისხვა, ეჭვიანობა, შური, შიში... ღმერთი ყოველთვის აძლევს ადამიანს საშუალებას და პირობებს საამისოდ, მაგრამ არასოდეს აიძულებს მას. ის, ვინც ყოყმანობს ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ვერ შეძლებს, თავი დააღწიოს ცდუნებებსა და ცოდვებს. აუცილებელია თვითგამორკვევა, სიფხიზლე და საკუთარი პრიორიტეტების გადახედვა, თუ რა ღირებულებებს ვანიჭებთ უპირატესობას:
ჩვენი სულიერი სიფხიზლე ნებისყოფის სიმტკიცეს გულისხმობს.
ნებისყოფის სიმტკიცეს ხშირად ხასიათის სიძლიერესაც უწოდებენ.
ძლიერ პიროვნებად, რასაკვირველია, უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ ის, ვინც ათანხმებს პირად ინტერესებს საზოგადოებრივთან და დაბრკოლებათა გადალახვით აღწევს მიზანს. რამდენადაც რთულია ეს დაბრკოლებები, მით ძლიერია ამ ადამიანის ნებისყოფა. მეორე მხრივ, ადამიანს შეუძლია თვითონვე გაამყაროს თავისი ნებისყოფა და ხასიათი სწორედ შინაგან და გარეგან დაბრკოლებათა გადალახვის გზით. შინაგანი დაბრკოლებები თვითონ ადამიანის მიერაა შექმნილი. ეს არის სიზარმაცე, სიჯიუტე, ყალბი თავმოყვარეობა, სიმორცხვე, პასიურობა, ეჭვი და შიში. გარეგანი დაბრკოლებები შეიძლება იყოს სხვა ადამიანების ზემოქმედება, დასახული ამოცანის სირთულე და სხვა ობიექტური პირობები.
- როდის არის განსაკუთრებით მიძინებული და დაუცველი ადამიანის ფსიქიკა, როდის იზიდავს საცდურს?
- არსებობს მდგომარეობა, როდესაც უჭირს ადამიანს საკუთარი თავის ფლობა. ეს შეიძლება იყოს სტრესი, ავადმყოფობა, დაღლილობა, დიდი სიხარული ან მწუხარება, მატერიალური სიდუხჭირე თუ სიმდიდრე. საფრთხე ამ დროს შეიძლება სუსტი და შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ მისი სიძლიერე გაცილებით აღემატებოდეს შეჭირვებულის სულიერ ძალას.
გასათვალისწინებელია ე.წ. კრიტიკული ასაკობრივი პერიოდები (მაგალითად, გარდამავალი ასაკი), მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახში დამკვიდრებულ აღზრდის სტილს. პათოლოგიურ აღზრდად ითვლება როგორც გადაჭარბებული სიმკაცრე, ასევე ხელმიშვებულობა. ბავშვი უნდა გრძნობდეს ზრუნვასაც, კონტროლსაც, მაგრამ რჩებოდეს სივრცე თავისუფალი ქმედებისთვის. უაღრესად საზიანოა მისი ზედმეტად განებივრება. ასეთი დამოკიდებულება ადამბლავებს ადამიანის ნებისყოფას. მას აღარ შეუძლია შეეწინააღმდეგოს თავის სურვილებს. ასეთი რამ ხშირად ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც მშობლებს თავიანთი პრობლემები აქვთ და შვილისადმი ყურადღების კომპენსაციას საჩუქრებითა და ფულით ცდილობენ.
- აქვს თუ არა მშობლების ზეწოლას ყოველთვის კარგი შედეგი?
- ოჯახის ინსტიტუტი გარკვეულ ასაკამდე იცავს ადამიანს ცდუნებათა აგრესიისგან, მაგრამ როცა მოზარდი იგრძნობს თავისუფლებას და აღმოაჩენს უამრავ ახალ შესაძლებლობას როგორც გარშემო, ასევე საკუთარ თავში, ის იჩენს გაძლიერებულ ინიციატივას და ცდილობს განიცადოს ახალი - მანამდე უცნობი შთაბეჭდილებები. ხშირად ალოგიკურად იქცევა, ერთდროულად ავლენს სრულიად ურთიერთგამომრიცხავ თვისებებს - ეგოიზმსა და თვითგანწირვას, თავაზიანობასა და უხეშობას. ამას საფუძვლად ერთადერთი მიზეზი უდევს - შეიმუშაოს ღირებულებათა საკუთარი სისტემა. თავისთავად ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს პოპულარული სარეკლამო სლოგანი: "ჯერ გასინჯე, შემდეგ განსაჯე". ამ გზაზეც ახალგაზრდას სჭირდება მიმართულების მიმცემი - ოჯახის, ახლობელი ადამიანების, ნათლიის, მასწავლებლის, მოძღვრის დახმარება.
ზეწოლით კი მხოლოდ გადავავადებთ და გავამწვავებთ მოზარდის ემანსიპაციის რეაქციას და შედეგად ის აღმოჩნდება მოუმზადებელი იმავე საცდურების მიმართ უფრო მოზრდილობაში. სჯობს, მშობელი, აღმზრდელი თვითონ იყოს აღსაზრდელისთვის ნებისყოფიანი ადამიანის მაგალითი.
- სულიერი სიფხიზლის მდგომარეობაში განსამტკიცებლად რა თვისებები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა და როგორ?
- მათ ვურჩევთ, იმუშაონ ხასიათის ისეთ შტრიხებზე, როგორიცაა:
პრინციპულობა - უნარი, კრიტიკულად გადახედოს სხვათა რჩევებსა და შემოთავაზებებს და საკუთარი ღირებულებების გათვალისწინებით მიიღოს ან უარყოს ისინი.
მიზანსწრაფულობა - ყოველი ქცევა დაუმორჩილოს მყარ ცხოვრებისეულ მიზანს ან მისაღებ კონკრეტულ ამოცანას.
გადაწყვეტილების დროულად მიღებისა და შესრულების უნარი.
გამძლეობა, საკუთარი თავის ფლობა, საკუთარი ქცევისა და ემოციების კონტროლი.
გამბედაობა, შიშის დაძლევა, გონივრულ რისკზე წასვლისთვის მზადყოფნა. მოჩვენებით უდარდელობას და დაუდევრობას ამ თვისებებთან საერთო არაფერი აქვს და არც შედეგი მოაქვს.
ყველა თვისება ცხოვრების განმავლობაში გამომუშავდება და განუწყვეტელ შრომას მოითხოვს.
გადაწყვეტილებები უნდა იყოს კონკრეტული და დროში განსაზღვრული. თუ აპირებთ უარი თქვათ მავნე ჩვევაზე, ჩვეულ ცდუნებებზე, განსაზღვრეთ, როდის შეუდგებით ამას - დღესვე, ხვალ თუ შემდეგი კვირიდან, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნათქვამის შესრულება ნებისყოფის კიდევ ერთი მაჩვენებელია. Aამიტომ არასდროს თქვათ უარი მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თუ ის სწორი და სასარგებლოა.
არ შეუშინდეთ წარუმატებლობას, არასდროს დაიძინოთ და დაეცეთ სულით, ნუ დაიზარებთ, სცადოთ კიდევ ერთხელ და წარმატება აუცილებლად მოვა.
P.S. დაბოლოს, ცხოვრებისეული განსაცდელი გამოსცდის და აწრთობს ადამიანს. ის რომ არ არსებობდეს, როგორ წარემატებოდა ადამიანი სულიერ ცხოვრებაში?! როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, ყველაფერი გვზრდის. თუ ადამიანს არა აქვს ცხოვრებისეულ დაბრკოლებებთან გამკლავების გამოცდილება, ვერაფერს ვიტყვით მისი პიროვნების სისუსტეზე და მით უფრო - მის ძლიერებაზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი