ფსალმუნი 65-ე
ფსალმუნი წინასწარმეტყველურია, მასში არის წინასწარმეტყველება წარმართობის მოქცევაზე, მოციქულთა ღვაწლზე და მოციქულთა ცხოვრებაზე, უფლის ჯვარცმასა და აღდგომაზე.
1. "ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაი ქებულებასა მისსა" - ეს არის მოწოდება წინასწარმეტყველისა, - მთელი ქვეყანა ღაღადებდით ღვთის მიმართ, ყველა უგალობდით ღვთის სახელს, დიდება მიეცით, ქებით განადიდეთ უფალიო. ეს არის ადამიანის პირველი მოვალეობა. იმ უდიდესი სიყვარულისათვის, რაც უფალმა გამოიჩინა და იჩენს ადამიანებისადმი, ერთადერთი, რაც შეგვიძლია უფალს შევწიროთ, არის მარადიული ღაღადება, მარადიული ლოცვა, მარადიული განდიდება, არა იმიტომ, რომ ეს უფალს სჭირდება, არამედ კვალად და კვალად ისევ ჩვენ გვჭირდება.
2. "არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი. მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი ჩვენნი" - გაიგეთ, თქვით, რაოდენ საშინელ არს ღვთის საქმეები. აქ საშინელებაში იგულისხმება ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი სასწაულები, რაც უფალმა ქმნა ძველ აღთქმაში, თავად ის სასწაული, რაც უფალმა ქმნა, როდესაც ხორციელად მოვიდა, განკაცნა და ჯვარს ეცვა. ეს სასწაულები საშინელია არა იმის გამო, რომ ამით ადამიანებს რაიმე სასჯელი მოევლინათ, არამედ თავისი არსით არის საშინელი, ზეაღმატებულია ყოველივე ადამიანის გონებით წარმოდგენილზე. "მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი ჩვენნი" - აქ უკვე საუბარია იუდეველებზე, რომლებიც ეცრუვნენ უფალს. უკვე მტრებად არიან მოხსენიებული იმის გამო, რომ არა მარტო არ მიიღეს უფალი, არამედ ჯვარს აცვეს იგი.
3. "ყოველი ქუეყანაი თაყუანის-გცემდეს შენ და გიგალობდეს და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო" - ეს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ არა მარტო იუდეველები, ისრაელიანები, არამედ მთელი სამყარო და მთელი ქვეყანა განადიდებს უფალს. დავითი წინასწარმეტყველებს - ყველანი თაყვანისგცემდნენ, ყველანი გიგალობდნენ და შენს სახელს უგალობდნენ, უფალოო. აქ საუბარია ქრისტეს მოსვლის შემდეგ პერიოდზე, როდესაც უამრავი ერი ხდებოდა ღვთის მადიდებელი და განადიდებდა და უგალობდა უფლის სახელს.
4. "მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროის ძეთა კაცთასა" - მოვიდეთ და ვნახოთ ღვთის საქმეები - ის საქმეები, რომლებიც უფალმა ქმნა, როდესაც განკაცნა, მოვიდა, ჯვარს ეცვა, აღდგა, ამაღლდა და რა საშინელია მისი განზრახვა, ანუ ადამიანთა გონებაზე აღმატებული: უფალი ჯვარს ეცვა ადამიანთა გამოხსნისათვის. ადამიანთა გონებას აღემატება და შეუძლებელია, რომ თავად ანგელოზებიც კი სრულად ჩასწვდნენ იმ საიდუმლოებას, რაც უფალმა ჩვენი ხსნისათვის აღასრულა.
5. "რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ფრხივ; მუნ ვიხარებდით ჩუენ მისა მიმართ" - დავით წინასწარმეტყველი იხსენებს იმ სასწაულებს, რომლებიც ძველი აღთქმის დროს ქმნა უფალმა: "რომელმა ზღვა ხმელად გარდააქცია" - სასწაული, რომელიც უფალმა ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოყვანის დროს ქმნა, შუაზე გაყო წითელი ზღვა და ებრაელები მშრალად, ხმელეთით გაიყვანა მეორე ნაპირზე. "მდინარესა წიაღხდენ ფრხივ" - ისრაელიანთა აღთქმულ ქვეყანასთან მიახლოებისას იორდანე შუაზე გაიყო და მდინარეში ფეხით გაიარეს ისრაელიანებმა. "მუნ ვიხარებდით მისა მიმართ" - ჩვენ კი მუნ - იქ, სასუფეველში ვიხარებდეთ ღვთისა მიამართ, რამეთუ მივიღეთ ქრისტე და უფალმა ხსნა მოგვივილინა თავისი განკაცებით.
6. "რომელი იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თვისით" - რომელი იგი თავის ძალით უფლებს, ანუ უფალი თვითმფლობელია. არც ადამიანები და არც ანგელოზები თვითმფლობელნი არ არიან, ისინი ღვთის ძალით აღასრულებენ ყველაფერს. უფალი კი თვითმფლობელია, მისგან მოდის ყოველივე. სამყაროც, თავად დროც კი უფლის ხელმწიფებაში შედის. "თვალნი მისნი წარმართთა ხედვენ" - უფლის თვალი წარმართებს უყურებს. დავით წინასწარმეტყველის პირით უფალი წინასწარ აუწყებდა ადამიანებს, რომ წარმართები მოიქცეოდნენ, რომლებმაც თავიანთი უსჯულოებით "განამწარეს" უფალი. აქ იგულისხმება, რომ წარმართები თავიანთი ცხოვრებით განუდგნენ უფალს, მაგრამ შემდეგ მოექცნენ და ამაღლდნენ, თუმცა არა თავიანთი თავით, არამედ ღვთის განკაცებით. როდესაც უფლის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ მიიღეს უფალი და დაიწყეს ღვთის მცნებების აღსრულება.
7. "აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ყავთ ხმაი ქებისა მისისაი" - აქ საუბარია ქრისტეს სჯულზე, ქრისტიანობაზე მოქცეულ წარმართებზე, - მათი ხმა, უფლისადმი მიმართული ქების ხმა ყველასათვის სასწაული იქნება. მართლაც, ჩვენ ვიცით, რომ უმრავლესობა ღვთის მადიდებლებისა სწორედ წარმართების შთამომავლები ვართ და არა იუდეველებისა.
8. "რომელმან დადვა სული ჩემი ცხოვრებად და არა სცა ძრვაი ფერხთა ჩემთა" - თავად დადო უფალმა თავისი სული ჩვენთვის, ჩვენი ცხოვნებისთვის. უფალმა ჩემი სული ცხოვრებად, ცხოვრების გზაზე დააყენა და ჩემს ფეხებს ძვრის უფლება არ მისცა, ანუ მივიღე რა სარწმუნოება, მტკიცედ დამაყენა უფალმა სარწმუნოებაზე და ამით ჩემმა სულმა ცხონება მოიპოვაო. აქ დავითი წანასწარმეტყველებს უფლის ჯვარცმისა და ჯვარცმით ადამიანთა გამოხსნისა და ცხოვნების მინიჭებაზე.