გადაბირების საცთური. ავადმყოფობის დროს ყავარჯნებით გაჭირვებით მივდიოდი ტაძრამდე, ამიტომ შინ ხშირად მსტუმრობდნენ მორწმუნეები.
"სუკმაც" დამიწყო თვალთვალი. ერთხელ მანქანით მოვიდნენ, გამჩხრიკეს და თან გამიყოლეს. განყოფილებაში საუბარი უცნაურად წარიმართა.
- ვალენტინ იაკობის ძევ, ეკლესიას რატომ დაუკავშირდით, ის რას გაძლევთ? ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იბრძოდით - თქვენმა მშობლებმა უამრავი მადლობის სიგელი მიიღეს! სამშობლოს დამცველი, დამსახურებული ადამიანი ხართ, ორდენოსანი! არაერთი საბრძოლო ჯილდო გაქვთ!
ხედავ, თურმე რა ხდება, რატომ წამომიყვანეს! უბრალოდ ვუთხარი:
- მე ღმერთს ვმადლობ.
- რისთვის?!
- იმისთვის, რომ ცოცხალი გადავრჩი.
- მარტო თქვენ ხომ არ გადარჩით. უამრავი გადარჩა, მაგრამ ყველა ტაძარში კი არ დადის.
- აბა, სად უნდა წავიდე? სწორედაც ეკლესიაში - ღმერთმა ფრონტზე გადამარჩინა.
- მაგრამ ხომ ბევრი გადარჩით! რამდენს ვებრძვით ჩამორჩენილებს, თქვენ კი, დამსახურებული ადამიანი, ისევ ეკლესიაში ხართ. არ გახსოვთ, რომ მამათქვენი ეკლესიის გამო გადაასახლეს?
- მერე რა, მეც გადამასახლეთ, - ვუთხარი.
ამით მორჩა საუბარი. დამშვიდობებისას ვუთხარი:
- როცა თქვენი სული ზეცაში წავა, ხოლო ხორცს დაფლავენ - მაშინ დაიჯერებთ ღმერთის არსებობას.
- ოჰო! ორი მეტრი მიწის ქვეშ ყველაფერი დამთავრდება, - იცინოდნენ გამომძიებლები.
- არა, ეს მხოლოდ დასაწყისია, - ვუპასუხე, - ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.
მათ იმ ფოტოსურათებით სცადეს ჩემი შეშინება, ტაძარში რომ გადაეღოთ. მაგრამ არ ავღელვებულვარ. რისი უნდა შემშინებოდა?!
ვიდრე "ორგანოებში" დამიბარებდნენ, მაშინ, 1946 წელს, მაკარეევკოს მაღაზიაში ვმუშაობდი. ეკლესიაში ჯერ არ დავდიოდი - არ იყო ჩემს სოფელში. ფრონტიდან ჩამოსულს დასვენების ნება არ მომცეს, მაშინვე შრომის ფრონტზე გამისტუმრეს. ერთი თვის მერე კომენდანტი მოვიდა ჩემთან - თქვენთან გასაუბრება მინდა, თანამშრომელი გვჭირდებაო.
- სხვა ვინმე მოძებნეთ.
- სწორედ თქვენ გვჭირდებით.
- მე უკვე ვმუშაობ.
- აქაც იმუშავებთ და ჩვენც დაგვეხმარებით...
- რაში გსურთ დახმარება?
- აქ სხვადასხვანაირი ადამიანი მოდის, - არიან ანტისაბჭოთა განწყობილების მქონენიც. უნდა შეიტყოთ მათი ვინაობა, რაზე საუბრობენ.
- ეს თქვენ თვითონაც ხომ იცით?
- ვიცით.
- მაშინ ჩემგან რაღად გინდათ დახმარება? მე საქონელს ვწონი, ვთვლი. აქეთ-იქით თუ ვიყურე, დანაკლისი მექნება და ვერ მიშველით!
ბევრს ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, ბევრს მემუქრებოდა, მეორე კაცს ჩაგისვამო (ეტყობა, სამეთვალყურეოდ). მაინც ვერ დამიყოლიეს. ოთხჯერ სულ უშედეგოდ მოვიდნენ. მეხუთედ პროვოკაცია მომიწყო. საღამოს მოვიდა, როცა მაღაზიაში არავინ იყო და მთხოვა.
- ამიწონე სამი კილო შაქარი, ძეხვი, კანფეტი და ნისიაში ჩაწერე.
- როგორ თუ ვალად?
- სკოლის დირექტორს ნისიად აძლევ, მასწავლებლები შენი მეგობრები არიან და იმათაც ნისიაში წერ. მეც ჩამწერე.
თვითონვე დაიხარა... დახლს ქვემოდან ნისიების რვეული გამოაძრო. ეტყობა, ვინმემ დამაბეზღა...
- კარგი, ჩაგწერ, - იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი - ჩავწერე: კუზმინს მართებს ამდენი.
- აბა, მაჩვენე - სწორად ჩაწერე?
აიღო რვეული და ჯიბეში ჩაიდო!
- რატომ აიღეთ?!
თითქოს არ გაუგონია. ბრძანების კილოთი მეუბნება:
- საღამოს მოხვალ ჩემთან, როცა დაბნელდება.
არ შემშინებია. ნისია ბევრი არ მეწერა. მაგრამ მივხვდი, რაც ჩაიფიქრა, - ცნობები უნდა რომ მოვუგროვო. საღამოს მივედი კომენდანტთან:
- ოქმი შევადგინე და სასამართლოს უნდა გადავცე, იმიტომ, რომ სახელმწიფო ქონებას ნისიად გასცემ.
თვალებში მივაჩერდი.
- მე ხომ თქვენ დაგიჯერეთ - თქვენ ასეთ რამეს გამიკეთებთ?
- სასამართლოს უნდა გადავცე, მოაწერე ხელი, რომ სახელმწიფო ქონებას ნისიად გასცემდი.
- არ მოვაწერ! - ვეუბნები.
- მაშინ ჩვენთან იმუშავე...
"ხედავ, საითკენ მიჰყავს საქმე", - გავიფიქრე.
- აბა, რა ვქნათ - სასამართლოს გადავცეთ?
- გადაეცით!.. შემიძლია წავიდე?
- წადი.
ერთი ნაბიჯი გადავდგი და მესმის...
- მოიცა! დაჯექი... რას იზამ, დაგვეხმარები?
- ფრონტზე დახმარებას არავის ვთხოვდი. მაგის დრო არ იყო. თქვენ კი აქ, ზურგში, რაღაც დახმარებას მთხოვთ... ესეც არ იყოს, იუდა არასოდეს გავხდები.
სახტად დარჩა. გაჩუმდა. მერე კი თავიდან დაიწყო: ხან გამიშვებს, ხან კვლავ "დაჯექის" მეუბნება და სასამართლოთი მემუქრება. ოცჯერ სცადა ჩემი სულის დაყოლიება. ეშმაკის განსაცდელი გახლდათ.
ძნელი იყო არ შერყეულიყავი? ამაზე არც ვფიქრობდი. მე რომ საკუთარი თავის იმედი მქონოდა, შეიძლება ვერ გამეძლო და დავმფრთხალიყავი. ახლა კი თითქოს საკუთარი ნება გამოვრიცხე და მხოლოდ ღმერთის იმედი მქონდა.
როცა კომენდანტმა უკანასკნელად მკითხა, რა ვქნა, საბუთები სასამართლოს გადავცე თუ თავს გადაირჩენო, მტკიცედ ვუპასუხე, გადაეცით-მეთქი. ოქმი ნაკუწებად აქცია და მაჩვენა:
- აი, შენი დოკუმენტები! მომეცი ხელი! მიყვარს ასეთი ადამიანები! - და ხელი ჩამომართვა. კინაღამ ვუთხარი, შე ნაძირალავ-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი. აი, თურმე მათ რას ასწავლიან.
შემდეგ მოვიდა ჩემთან მაღაზიაში და მითხრა: - რა სხვადასხვანაირი ადამიანები არსებობენო.
ამ კომენდანტს ოცი წლის მერე შევხვდი ბარნაულში. მე და კლავდია უსტიუჟინა ეკლესიაში მივდიოდით და პირისპირ შევეჩეხეთ. მიცნო, მიუხედავად იმისა, რომ წვერი მქონდა. კითხვები დამაყარა, როგორც ახლობელმა ადამიანმა. კლავდიასთან თავი დაიპატიჟა. როცა სახლში შემოვიდა და კუთხეში ხატები დაინახა, გაოცდა:
- შენ რა, მორწმუნე ხარ?
- დიახ, - ვუპასუხე.
- ხედავ, როგორი ყოფილხარ... ტყუილად კი არ ვგრძნობდი, რომ შენ სხვანაირი ადამიანი იყავი, სხვებს არ ჰგავდი. გახსოვს?
როგორ არ მახსოვდა. მხოლოდ რწმენა დამეხმარა დავსხლტომოდი იმ ხაფანგს, რომელსაც ასე ოსტატურად და ფსიქოლოგიურად ზუსტად მიგებდა ბოროტი სული ამ სუკის ოფიცრის ხელით.
პაპისგან გადმოცემული მემკვიდრეობა. პაპაჩემს რომან ვასილის ძეს ლოცვა უყვარდა - ბევრი ლოცვა იცოდა ზეპირად, ხშირად უკითხავდა ლოცვებს ეშმაკეულებს: 90-ე ფსალმუნს, "მეუფეო ზეცათაოს" და სხვას. სწამდა, რომ წმინდა ლოცვები ყველას, თუნდაც ყველაზე სნეულსაც კი დაეხმარებოდა. ალბათ მისი ბავშვური რწმენის გამო უფალმა მისცა ნიჭი - წინასწარ იცოდა, როცა მასთან ეშმაკეულები მოჰყავდათ. მოუყვანდნენ ქოხში ხელფეხშეკრულს, პაპა ლოცვებს წაუკითხავდა, ნაკურთხ წყალს ასხურებდა - და კაციც, რომელიც მანამდე ყვიროდა და იგრიხებოდა, მშვიდდებოდა, იქვე ორი საათი ეძინა.
ჯადოქრებს ეშინოდათ პაპაჩემის - პირდაპირ ამხელდა მათ. ჩვენს სიახლოვეს ცხოვრობდა ჯადოქარი გაბრიელი. ბევრი იტანჯებოდა მისგან და საშველად პაპასთან მოდიოდნენ. ერთხელ ვეღარ მოითმინა და ჯადოქარს ჯიქურ მიადგა.
- თუ ადამიანების დაზიანებას თავს არ დაანებებ, ახლავე წავიკითხავ ლოცვას, ყველა შენი ჯადო შენზე მოიწევა, შენს შვილებზე, შენს პირუტყვზე.
- მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ, - შეეშინდა ჯადოქარს.
- სიტყვას მაძლევ?
- დიახ, გპირდები.
ძნელია იმის თქმა, პაპაჩემმა თუ იცოდა რაიმე განსაკუთრებული ლოცვა ჯადოქრობის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ არა. ის ჩვეულებრივ, ყველასთვის ნაცნობ ლოცვებს წარმოთქვამდა, მაგრამ განსაკუთრებული მონდომებით და მხურვალე რწმენით. უწმინდურის მსახურნი ამას გრძნობდნენ და მადლის ეშინოდათ. ბოლოს კი ჯადოქრებს ყველანაირი უბედურება შეემთხვეოდათ, პირუტყვი ეხოცებოდათ. ასე რომ, თავიანთ საქმეთაებრ იღებდნენ. რასაც დათესავდნენ - იმას მოიმკიდნენ.
სწორედ პაპაჩემმა მასწავლა, თუ როგორ წამეკითხა 90-ე ფსალმუნი - "რომელი დამკვიდრებულ არს". ორმოცჯერ უნდა წაუკითხო ყოველდღიურად სნეულებს, განსაკურებით ეშმაკეულებს. ჯობია ზეპირად წარმოთქვა. ბევრჯერ დავრწმუნებულვარ ამ ლოცვის დიდ ძალაში, თუ იგი რწმენითა და გულის შემუსვრილებით წარმოითქმება.
ვინმეს უცდია სიცოცხლეში ერთხელ მთელი დავითნის ერთ დღეში წაკითხვა? ასე ვინ გაისარჯა? მთელი ოცი კანონი ერთ დღეში ვინ წაიკითხა. მე წამიკითხავს. მშვენიერია, სიმსუბუქის შეგრძნება გაქვს, თითქოს აბანოდან გამოხვედი - ასე კარგია. ღვთის კაცნო, სცადეთ, მონახეთ დრო და მოიკრიბეთ ყურადღება. წაკითხვით კი გაზეთივით კი არ უნდა წაიკითხო, არამედ თითოეულ სიტყვას უნდა ჩასწვდე, განიცადო, რომ სულში შევიდეს, განაბრწყინოს, განწმინდოს და ყველანაირი ეშმაკეული ძალა ჩვენგან გამოვარდება.
თუმცა სატანიზმის ქადაგება ახლა მთელი ძალით არის გაჩაღებული, განა უნდა გვეშინოდეს მისი? ხშირად ჩვენი ცოდვილი სული ჩვენვე გვაწამებს და ეშმაკს გზას უხსნის. ხშირად ჩვენივე წყევლის ქვეშ ვართ მოქცეულნი. მაგრამ ჯობია მოვშორდეთ ბოროტს და ვქნათ კეთილი, მაშინ ყველაფერი სწრაფად შეიცვლება. ეშმაკს ხომ მადლის დათმენა არ შეუძლია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი